ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი
Louise Élisabeth de France
Louise-Élisabeth de France, duchesse de Parme by an unknown artist after J.-M. Nattier.jpg
პარმის, გუასტალასა და პიაჩენცის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 18 ოქტომბერი, 1748
მმართ. დასასრული: 6 დეკემბერი, 1759
წინამორბედი: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
მემკვიდრე: მარია ამალია ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 აგვისტო, 1727
დაბ. ადგილი: ვერსალის სასახლე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 6 დეკემბერი, 1759, (32 წლის)
გარდ. ადგილი: ვერსალის სასახლე, საფრანგეთი
მეუღლე: ფილიპე I, პარმის ჰერცოგი
შვილები: იზაბელა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
ფერდინანდო I, პარმის ჰერცოგი
მარია ლუიზა, ესპანეთის დედოფალი
სრული სახელი: მარი ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი XV, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ლეშჩინსკა
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature of Louise Élisabeth de France, daughter of Louis XV, 1753.jpg

ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი (ფრანგ. Louise Élisabeth de France, ესპ. Luisa Isabel de Francia, იტალ. Luisa Elisabetta di Francia; დ. 14 აგვისტო, 1727, ვერსალის სასახლე, საფრანგეთი – გ. 6 დეკემბერი, 1759, ვერსალის სასახლე, საფრანგეთი) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი ცოლის, მარია ლეშჩინსკას პირველი შვილი. პრინცესა ანა ანრიეტა ფრანგის ტყუპისცალი. მიათხოვეს თავისსავე ბიძაშვილს, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის შუათანა ვაჟს, ინფანტ ფილიპეს, რომელიც 1748 წელს დედის მემკვიდრეობით პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი გახდა. მან და ლუიზ ელიზაბეტმა დააარსეს ბურბონ-პარმას დინასტია. აქედან მოყოლებული გარდაცვალებამდე, ლუიზ ელიზაბეტი პარმის, გუასტალასა და პიაჩენცის ჰერცოგინია იყო. მათ მრავალწლიან ქორწინებაში სულ სამი შვილი შეეძინათ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის მადამ როიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზ ელიზაბეტი და მისი ტყუპისცალი და ანა ანრიეტა ფრანგი 1737 წელს

ლუიზა ელიზაბეტი და მისი ტყუპისცალი და, პრინცესა ანა ანრიეტა ფრანგი დაიბადნენ 1727 წლის 14 აგვისტოს ვერსალის სასახლეში. ლუიზა ელიზაბეტი უფროსი იყო. ისინი იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა მისი ცოლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას პირველი შვილები. ტყუპი დები დაბადებიდან მალევე, 1727 წლის 27 აგვისტოს მონათლეს კათოლიკეებად. როგორც საფრანგეთის მეფის უფროსი ასული, ლუიზა ელიზაბეტი საფრანგეთის სამეფო კარზე ცნობილი იყო როგორც მადამ როიალი, მადამ პრემიერი, მადამ ელიზაბეტი და ასევე როგორც მადამ ბაბეტი.

მას ტალარდის ჰერცოგინია მარი იზაბელ დე როანი ზრდიდა. ლუიზა ელიზაბეტი ვერსალში იზრდებოდა თავის დებთან, ანა ანრიეტასთან, მარი ლუიზასთან და მარი ადელაიდასთან, აგრეთვე თავის ძმასთან, საფრანგეთის დოფინ ლუისთან ერთად. მისი ნაბოლარა დები, ვიქტორია, სოფი და ლუიზა მარი 1738 წლიდან ფონტენბლოში გააგზავნეს აღსაზრდელად, დანარჩენი და-ძმები კი კვლავ ვერსალში დატოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლუიზა ელიზაბეტი და ანა ანრიეტა ტყუპები იყვნენ, რადიკალურად განსხვავებული გარეგნობა ჰქონდათ და ხშირად უცხო ადამიანები ვერც კი ხვდებოდნენ, თუ ტყუპები იყვნენ. ლუიზა ელიზაბეტს ჰქონდა ძალიან მოკლე, აპრეხილი და განიერი ცხვირი, ოვალური სახე, მაღალი შუბლი და თითქმის მულატის მსგავსი კანი. როგორც ადამიანი, ხასიათით ძალიან უემოციო და უღიმღამო იყო, თუმცა დედამისს მოსწონდა ეს და მასზე ამობდა, რომ მან იცოდა მორჩილება და სწორი გზით სიარული. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში იგი აღიარებული იყო, როგორც მომხიბლავი, სასიამოვნო, პიკანტური და ინტელექტუალური ადამიანი.

1739 წელს, როდესაც იგი ჯერ კიდევ თორმეტი წლის იყო, დანიშნეს ლუი XV-ის ბიძის, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, ესპანეთის დედოფლის და ამავდროულად პარმის პრინცესა ელიზაბეტა ფარნეზეს შუათანა ვაჟზე, ინფანტ ფილიპეზე.

პრინცესა ლუიზა ელიზაბეტი, შესრულებულია ჟან მარკ ნატიერის მიერ 1750 წელს

ეს ნიშნობა გამოწვეული იყო ფრანკო-ესპანური ალიანსით, რომელსაც დასაბამი 1559 წელს ფილიპე II-ისა და ელიზაბეტ ვალუას ქორწინებით დაედო და რომელშიც იგულისხმებოდა, რომ ესპანელებს ფრანგი, ხოლო ფრანგებს ესპანელი დედოფალი უნდა ჰყოლოდათ, თუმცა ცხადია ეს პირობა ხანდახან მაინც ირღვეოდა. ვინაიდან ლუიზ ელიზაბეტის საქმრო, ინფანტი ფილიპე შუათანა ვაჟი იყო, მას რამდენიმე უფროსი ძმა ჰყავდა, ამის გამო იგი მეფე ვერასოდეს გახდებოდა და შესაბამისად არც ლუიზ ელიზაბეტს ეწერა ტახტზე ასვლა. ამის შესახებ ფრანგი მემატიანე წერდა: "ძალიან უცნაურად ჩანს, რომ საფრანგეთის მეფის უფროსი ქალიშვილი, მადამ როიალი ისეთ კაცს მიჰყვება ცოლად, რომელიც მას გვირგვინს ვერასოდეს აჩუქებს". როდესაც თავად მადამ როიალს აცნობეს იმის შესახებ, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ინფანტის წოდება ექნებოდა აიმრიზა და რამდენიმე დღე გაღიზიანებული იყო.

1739 წლის 26 აგვისტოს მადამ ელიზაბეტი ვერსალში მარიონეტული ქორწინებით დაქორწინდა. ამის შემდეგ ფრანგები მას უკვე მადამ როიალის ნაცვლად მადამ ინფანტს ეძახდნენ. ამავე წლის სექტემბერში მან დიდი ამალით დატოვა ვერსალი და ესპანეთისაკენ გაემგზავრა. მან საზღვარი მალევე გადალახა, სადაც 1739 წლის 25 ოქტომბერს ალკალა დე ენარესში ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი და ფილიპე ესპანელი დაქორწინდნენ.

ესპანეთის ინფანტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტმა ესპანეთში ჩასვლისთანავე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და მალევე "მადრიდის კერპი" გახდა. მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა თავის მამამთილზე, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ზე და აგრეთვე მალევე თავი ქმარსაც შეაყვარა. მიუხედავად ამისა, ელიზაბეტს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა დედოფალ ელიზაბეტა ფარნეზესთან, რომელსაც ყველა დანარჩენ რძალთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. იგი ელიზაბეტთან არასასურველ დამოკიდებულებას იმით ამართლებდა, რომ იგი ფრანგი იყო, ფრანგებმა კი ესპანელებს მხარი არ დაუჭირეს ბრიტანელებთან ომის დროს. უფრო მეტიც, ექვსი თვის შემდეგ ელიზაბეტამ განაცხადა, რომ მას არ სურდა მისი ვაჟი მეუღლის გავლენის ქვეშ ყოფილიყო, რის გამოც ყველაფერს იღონებდა ამის შესაჩერებლად. ელიზაბეტს სხვა გზა აღარ დარჩა და რიგ დათმობებზე წასვლა მოუწია, ვინაიდან უბრალო ინფანტა ვერაფერს გააწყობდა თვით ესპანეთის დედოფალთან. შედეგად ელიზაბეტი დიდ დროს ხარჯავდა დედოფლის გულის მოგებაზე და ამის პარალელურად საფრანგეთში მამამისს უკმაყოფილო წერილებს სწერდა.

ინფანტა ლუიზა ელიზაბეტი სანადირო კაბაშინ

სულ მალე ელიზაბეტმა მოახერხა და ფილიპეზე გაბატონდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე შვიდი წლით უფროსი იყო მასზე, ფილიპე მამის მსგავსად მშვიდი, პასიური და მორჩილი ხასიათის კაცი იყო, რის გამოც ასევე მამის მსგავსად ცოლმა მასზე გაბატონება ადვილად მოახერხა. თავად ელიზაბეტი ღიად აცხადებდა, რომ ასეთ ქმარზე ოცნებობდა კიდეც, თუმცა ყველამ იცოდა, რომ რეალურად ელიზაბეტი ქმარზე ბატონობაზე ოცნებობდა.

ინფანტა ელიზაბეტი ესპანეთში აღწერილი იყო როგორც: "მომხიბლავია, ამბიციური და ინტერესიანი, ენერგიით სავსე და ასევე მზადაა შეცვალოს მთელი ევროპა თავისი დინასტიისთვის. საფრანგეთის სიყვარული ყველაფერს ჩრდილავს მის ცხოვრებაში და საფრანგეთის კეთილდღეობისათვის თავის შვილებსაც კი დაუფიქრებლად გასწირავს." ძალზედ ამბიციური ელიზაბეტი ესპანეთში უბრალო პრინცის ცოლობით ცხადია არ კმაყოფილდებოდა და თავად ესპანეთის დედოფლობაზე აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა ტახტისაკენ მიმავალ გზაზე მისი ორი მაზლი და მამამთილი იყო, რომელთა სიკვდილის შემთხვევაშიც მოხდებოდა მისი გადედოფლება. იგი ამ ყველაფერს ღიად ჰყვებოდა საფრანგეთში გაგზავნილ წერილებში, განსაკუთრებით კი თავის ტყუპისცალთან, რომელსაც ყველაფერს უყვებოდა. ამასთან წერილებში იგი აღწერდა ესპანეთის სამეფო კარზე ცხოვრებას. 1740 წელს მან ვერსალში თავისი კონტაქტების ქსელი შექმნა. მისი დიდი აქტიურობით კი 1745 წელს მისი მული, მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი ცოლად შერთეს ელიზაბეტის ძმას, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონს. იგი ამით კმაყოფილი იყო, რადგან ფრანკო-ესპანური ალიანსი კიდევ უფრო გამყარდა. გარდა ამისაა დედოფლის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაც კი სურდა, თუმცა მისმა დამ, ანა ანრიეტამ შეაჩერა, რომელიც უფრო ფრთხილი და საღი ბუნების იყო.

1741 წელს მისი უდიდესი ზეგავლენით მისივე მამამთილი, ესპანეთის მეფე ფილიპე V ჩაერთო ავსტრიის მემკვიდრეობის ომში, ცხადია საფრანგეთის მხარეს. ამან ცხადია დედოფალი ელიზაბეტა ფარნეზე გააღიზიანა, რადგან ელიზაბეტის გავლენა უკვე მხოლოდ მის ვაჟზე კი არა, არამედ მის ქმარზეც კი გავრცელდა. ამრიგად მან თავის ვაჟს წერილი მისწერა, სადაც სთხოვდა ცოლი დედაზე წინ არ დაეყენებინა. დედოფალი თავისებურად ცდილობდა ოჯახში ძველი რეჟიმი შეენარჩუნებინა, სადაც მამაკაცებს თავად მართავდა. მიუხედავად პირადი ანტიპათიისა, ლუიზა ელიზაბეტი და ელიზაბეტა ფარნეზე მაინც პატივს სცემდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დედოფალი და ელიზაბეტი ერთ ბანაკში გაერთიანდნენ და ინფანტი ფილიპესათვის ძალაუფლების ჩასაგდებად დაიწყეს ბრძოლა. ვინაიდან დედოფალი ელიზაბეტა ფარნეზე პარმის ჰერცოგ ოდოარდო ფარნეზეს ერთადერთი შვილი იყო, წესით ტახტი მას ან მის რომელიმე შვილს უნდა დარჩენოდა, რის გამოც ელიზაბეტა და ლუიზა ელიზაბეტი თავგამოდებით იბრძოდნენ. ისინი ცდილობდნენ ფილიპეს უფლებები დაეცვათ პარმის ტახტზე, რათა მასზე ვინმე სხვა არ ასულიყო. საბოლოოდ 1748 წელს მათი ბრძოლა წარმატებით დასრულდა და ოდოარდოს გარდაცვალების შემდეგ, ანუ 1748 წელს ფილიპე პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი გახდა.

პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარმის ჰერცოგინია ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი

1748 წელს დადებული აიქს-დე-შაპელის ხელშეკრულების მიხედვით, ავსტრიული მემკვიდრეობის ომში, საღვთო რომის იმპერატრიცა და ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია ტერეზია პარმას, პიაჩენცასა და გუასტალას საჰერცოგოებს ესპანეთის მეფე ფერდინანდ VI-ს (ფილიპე V 1746 წელს გარდაიცვალა) უბოძებდა. თუმცა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ინსპირირებით ზემოთ ხსენებული საჰერცოგოები ესპანეთის ინფანტ ფილიპეს გადაეცა, რითაც დაკმაყოფილდა ელიზაბეტა ფარნეზესა და ლუიზა ელიზაბეტის ამბიციები.

ელიზაბეტი გახარებული იყო თავისი ახალი პოზიციით. იგი ტოვებდა ესპანეთს, სადაც სრულიად უძალაუფლებო იყო და მიდიოდა პარმაში სადაც ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი იქნებოდა. თუმცა მან იგრძნო, რომ აუცილებელი იყო საკუთარი ხაზინის შექმნაც, რასაც მარტო ვერ შესძლებდა. ესპანეთის სამეფო კარი კი ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდა, თუ პარმა ესპანეთის ვასალი გახდებოდა, რაზეც ელიზაბეტმა მკაცრი უარი განაცხადა და დახმარება ფრანგებს სთხოვა. იგი მამის უსაყვარლესი ქალიშვილი იყო, რის გამოც ლუი XV მას ხაზინის შექმნაში დაეხმარა.

1748 წლის 11 დეკემბერს ლუიზა ელიზაბეტი ვერსალში ჩავიდა, სადაც იგი პირველ რიგში თავის ტყუპისცალ ანა ანრიეტასა და დოფინ ლუის შეხვდა. საფრანგეთის სამეფო კარმა მასში სიმამაცისა და ელეგანტურობის ნაზავი დაინახეს. ითქვა, რომ მას გაცილებით უფრო მეტი ნივთი ჰქონდა ვიდრე სჭირდებოდა. იგი აღწერილი იყო როგორც ჭკვიანი, სხარტი და პრაქტიკული გონების მქონე, რომელიც ეფექტურად ფოკუსრებდა სახელმწიფო საქმეებში. მან საფრანგეთში ყოფნისას ძალიან დიდი დრო დაჰყო თავის მამასთან, რომელთანაც ხშირად მთელი დღეც კი საუბრობდა. საბოლოოდ მან თავის მიზანს მიაღწია და საფრანგეთის სამეფო კარიდან ასი ათასი ლივრი მიიღო პარმის საჰერცოგოს ხაზინისთვის. მისი მტკიცე ნებისყოფისა და ლუი XV-ზე დიდი გავლენის გამო, ფრანგები მას ხშირად ადარებდნენ მადამ დე პომპადურს. 1749 წლის 18 ოქტომბერს მან ვერსალი დატოვა, საიდანაც მას უამრავი კაბები და სამკაულები გაატანეს, რომელთა საერთო ღირებულება თორმეტი ათას ლივრს აღემატებოდა.

ლუიზა ელიზაბეტი თავის უფროს ქალიშვილ იზაბელასთან ერთად ფონტენბლოს სასახლეში

1749 წლის დეკემბერში, როდესაც ელიზაბეტი პარმაში დაბრუნდა, მას ესპანელები, ფრანგები და სამეფო ოჯახის წევრები დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ. პარმაში ის და ფილიპე კოლორნოს სამეფო სასახლეში ცხოვრობდნენ. სანამ ფილიპეს უფროსი ძმა, კარლ III ნეაპოლის მეფე გახდებოდა, იგი პარმის ჰერცოგი იყო და ზემოთ ხსენებული სასახლეც მისი ცოლის, მარია ამალია საქსონიელის გემოვნებით იყო მოწყობილი. ლუიზა ელიზაბეტმა მთლიანი ფასადები, ავეჯი და ბაღი შეაცვლევინათ და თავის გემოვნებით მოაწყობინათ, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. ელიზაბეტი დიდ დროს, ფულსა და ენერგიას უთმობდა სამეფო სასახლის მოწყობას და ასევე ოფიციალური და საზეიმო ღონისძიებების მოწყობას. მას ტრადიციად ჰქონდა ყოველი კვირა დღის საღამოს ექვს საათში ოჯახთან ერთად ოპერაში სიარული, დანარჩენ დღეებში კი დიდ ბანკეტებსა და ბალ-მასკარადებს აწყობდა.

როგორც პარმის ჰერცოგინია, ელიზაბეტი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო საქმიანობებშიც. ფილიპე არასდროს არ იწყებდა მოლაპარაკებებს საყვარელი მეუღლის გარეშე და ასევე საფრანგეთის ელჩის შეხედულებებსაც ხშირად ითვალისწინებდა. ლუიზა ელიზაბეტს უდიდესი გავლენა ჰქონდა სრულიად პარმასა და თავის მეუღლეზე. ფილიპეს ყველა მრჩეველი ფრანგი იყო, სამეფო საბჭოსა და პარლამენტშიც მხოლოდ ფრანგები იყვნენ და ძალიან ხშირად ფილიპე ფრანგულად ლაპარაკობდა. შეიძლება ითქვას, რომ ელიზაბეტმა თავისი პატარა საფრანგეთი მოიწყო იტალიაში პარმის სახით. თუმცაღა, მას შემდეგ რაც ელიზაბეტის ფრეილინამ, მადამ დე ლეიდკმა, 1750 წელს განაცხადა, რომ ფრანგი მინისტრი პარმელებმა მოწამლეს, საფრანგეთმა მათ დაფინანსება შეუწყვიტათ, რამაც ისინი რთულ მდგომარეობაში ჩაყარა.

ელიზაბეტის უსაყვარლესი ტყუპისცალი და, პრინცესა ანა ანრიეტა 1752 წელს გარდაიცვალა. ამან მას დიდი დარტყმა მიაყენა და დის გამოსაგლოვად ამავე წლის სექტემბერში ელიზაბეტი საფრანგეთში ჩავიდა და ვერსალში ერთი წლის მანძილზე დარჩა. ელიზაბეტმა გლოვის დასრულების შემდეგ კვლავ პარმის ხაზინის მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა დაიწყო. ელიზაბეტი და მისი მინისტრი ლუი XV-ს ესაუბრებოდნენ თუ რა სავალალო მდგომარეობა იყო პარმაში ეკონომიკის მხრივ და საბოლოოდ ისიც კი დაუმტკიცეს, რომ მინისტრი შემთხვევით მოწამლა საჭმელმა. საბოლოოდ ლუიმ მადრიდის სამეფო კარზე თავისი ელჩი გაგზავნა და დააბარა, რომ პარმის საჰერცოგოს რჩენას მარტო აღარ აპირებდა. 1753 წელს ფრანგებსა და ესპანელებს შორის მოლაპარაკებები გაჩაღდა. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად ფრანგებიცა და ესპანელებიც პარმის ხაზინაში 25-25 000 ლივრს შეიტანდნენ, თუმცა იმ პირობით, რომ პარმა ორივე მხარისადმი ნეიტრალური იქნებოდა და ძველებურად ფრანგების გავლენის ქვეშ აღარ მოექცეოდა. ელიზაბეტს მოეწონა ეს წინადადება და საფრანგეთის ელჩი, რომელმაც ესპანელებთან მოლაპარაკებები აწარმოა სახალხოდაც კი შეაქო.

ლუიზა ელიზაბეტი და ფილიპე თავიანთ შვილებთან ერთად, შესრულებულია ჯუზეპე ბალდრიჯის მიერ 1757 წელს

ელიზაბეტი მშობლიურ საფრანგეთს სულ ოთხ წელიწადში, 1757 წელს კვლავ დაუბრუნდა. იგი იქ იმიტომ ჩავიდა, რომ საფრანგეთსა და ავსტრიას შორის გაჩაღებულ მოლაპარაკებებს დასწრებოდა და სადავო სამხრეთ ნიდერლანდების ტახტზე თავისი ქმრის კანდიდატურა წამოეყენებინა. იგი სრულიად თამამად და ღიად აცხადებდა ავსტრიულ ნიდერლანდებზე პრეტენზიას, თუმცა მისი ძალისხმევა სულ ამაო აღმოჩნდა. 1748 წელს დადებული ხელშეკრულებით ავსტრიელები ფილიპეს პარმას, პიაჩენცასა და გუასტალას, ხოლო მის ძმას კარლ III-ს ნეაპოლსა და სიცილიას უთმობდნენ და მათთან კიდევ რამის დათმობას აღარ აპირებდნენ. ვერსალში ყოფნისას ელიზაბეტი ფილიპეს გამუდმებით სწერდა წერილებს, საიდანაც აცნობებდა თავის მოქმედებებს, მოლაპარაკებების მიმდინარეობას, ფრანგებისა და ავსტრიელების პოზიციებს, თავის იმედებსა და წარმატებებს. ამ პერიოდში ელიზაბეტმა ფილოსოფოსი კონდილაკი თავისი ვაჟის პირად მასწავლებლად დანიშნა და დაიწყო მოლაპარაკებები თავისი უფროსი ქალიშვილის, პრინცესა იზაბელასა და ავსტრიის ერცჰერცოგ იოზეფ II-ის ქორწინებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც იმედოვნებდა, რომ ავსტრიელები დათმობაზე წავიდოდნენ. ქორწინება 1760 წელს შედგა, მაგრამ თავად ელიზაბეტი ამას ვერ მოესწრო.

ლუიზა ელიზაბეტი 1759 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა ვერსალის სასახლეში, პნევმონიით, 32 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს 1760 წლის 27 მარტს სენ დენის სამეფო ბაზილიკაში, თავისი ტყუპისცალის, ანა ანრიეტას გვერდით. 1793 წელს მათი საფლავები საფრანგეთის რევოლუციის დროს გახსნეს, თუმცა შემდეგ კვლავ იქ დაკრძალეს კათოლიკური წესის მიხედვით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
Jean-Marc Nattier 005.jpg იზაბელა 31 დეკემბერი, 1741,

მადრიდი, ესპანეთი

27 ნოემბერი, 1763,

ვენა, ავსტრია,

(21 წლის)

ცოლად შერთეს ავსტრიის ერცჰეროგ იოზეფ II ჰაბსბურგს, რომელთანაც მხოლოდ ორი

გოგონა შეეძინა, მეორე მშობიარობას კი თავადაც გადაჰყვა და ბავშვიც დაიღუპა

Ferrari - Ferdinand I of Parma.jpg ფერდინანდო I 20 იანვარი, 1751,

პარმა, იტალია

9 ოქტომბერი, 1802,

ფონტევივო,

იტალია,

(51 წლის)

პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარია ამალია

ავსტრიელი, რომელთანაც ორი გოგონა და ერთი ვაჟი შეეძინა

Mengs - Maria Luisa of Parma, Prado.jpg მარია ლუიზა 9 დეკემბერი, 1751,

პარმა, იტალია

2 იანვარი, 1819,

რომი, იტალია,

(67 წლის)

ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე კარლ IV ბურბონს, რომელთანაც თხუთმეტი შვილი

შეეძინა, თუმცა ნაპოლეონმა ისინი ტახტიდან ჩამოაგდოთ, რის გამოც იგი ოჯათან

ერთად იტალიაში დაბრუნდა

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Achaintre, Nicolas Louis, Histoire généalogique et chronologique de la maison royale de Bourbon, Vol. 2, (Publisher Mansut Fils, 4 Rue de l'École de Médecine, Paris, 1825), p. 154.
  • American Historical Association, The American historical review, Volume 10, The Macmillan Company, 1905, 707.
  • Pajol, Charles Pierre Victor, Les guerres sous Louis XV, Vol. 2, (Imprimeurs de L'Institut, Rue Jacob, Paris, 1883), 7: .. à Louise-Elisabeth de France, fille de Louis XV, née le 14 aout 1727, morte le 6 décembre 1759...
  • Campbell Orr, C. (ed.) Queenship in Europe 1660–1815: the role of the consort. Cambridge: Cambridge University Press, 2004, pp. 166, 171.
  • Hyde, M. and Milam, J. (eds.) Women, art and the politics of identity in eighteenth-century Europe. Aldershot: Ashgate, 2003, pp. 130, 132, 306.
  • Latour, Louis Therese, Princesses Ladies And Salonnieres of The Reign of Louis XV, 1927
  • Lévêque, Jean-Jacques, Versailles: The Palace of the Monarchy, The Museum of the Nation, translated by Kirk McElhearn and Ellen Krabbe, ACR PocheCouler, Paris, 2000, p. 113.
  • "WALL LIGHTS, LOUIS XV, CIRCA 1752–1753 FROM THE DUCHESSE DE PARME AT COLORNO". Sothebys.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 12.
  • Żychliński, Teodor (1882). Złota księga szlachty polskiéj: Rocznik IVty (in Polish). Jarosław Leitgeber. p. 1. Retrieved 1 August 2018.
  • Sanger, Ernest, Isabelle de Bourbon-Parme: la Princesse et la Mort, Racine, Brussels, 2002.
  • Zieliński, Ryszard, Polka na francuskim tronie Czytelnik, 1978.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]