კატერინა სფორცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კატარინა სფორცა
Caterina Sforza
Caterina Sforza.jpg
კატერინა სფორცას პორტრეტი, შესრულებულია 1481-83 წლებში ლორენცო დი კრედის მიერ
იმოლას ლედი
მმართ. დასაწყისი: 1473
მმართ. დასასრული: 1488
წინამორბედი: თადეო მანფრეტი
მემკვიდრე: ოტავიანო რიარიო
ფორლის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 1480
მმართ. დასასრული: 1488
წინამორბედი: სინიბალდო ორდელაფი
მემკვიდრე: ოტავიანო რიარიო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1463
დაბ. ადგილი: მილანი, მილანის საჰერცოგო, იტალია
გარდ. თარიღი: 28 მაისი, 1509 (46 წლის)
გარდ. ადგილი: ფლორენცია,ფლორენციის საჰერცოგო, იტალია
მეუღლე: ჯიროლამო რიარიო
ჯაკომო ფეო
ჯოვანი მედიჩი
შვილები: ბიანკა რიარიო
ოტავიანო რიარიო
ჩეზარე რიარიო
ჯოვანი ლივიო რიარიო
გალეაცო მარია რიარიო
ფრანჩესკო სფორცინო რიარიო
ბერნარდინო (შემდეგ კარლო) ფეო
ლუდოვიკო მედიჩი
დინასტია: სფორცა
მამა: გალეაცო მარია სფორცა
დედა: ლუკრეცია ლანდრიანი

კატერინა სფორცა (იტალ. Caterina Sforza; დ. 1463, მილანი — გ. 28 მაისი 1509, ფლორენცია) — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგის, გალეაცო მარია სფორცასა და მისი საყვარლის, გრაფინია ლუკრეცია ლანდრიანის უკანონო ქალიშვილი.[1] ფორლისა და იმოლას მმართველი. გათხოვილი იყო სამჯერ, პირველად ჯიროლამო რიარიოზე, მეორედ ჯაკომო ფეოზე, ხოლო მესამედ ჯოვანი მედიჩიზე. მას სამივე ქმრისგან შეეძინა შვილები.

კატერინა, XV საუკუნის ერთ-ერთ უძლიერეს და უმამაცეს ქალად ითვლება. ერთხელ მან განაცხადა: თუ მე უნდა დავმარცხდე იმის გამო, რომ ქალი ვარ, მინდა დავმარცხდე კაცივით". მას შემდეგ, რაც ვენეციელებისგან წარმატებით დაიცვა თავისი ტერიტორია, „ფორლელი ვეფხვის" მეტსახელი მიიღო.

იგი აქტიურად ერეოდა XV საუკუნის რომის კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკაში. ამ ყველაფრის აღსაკვეთად 1499 წელს პაპმა ალექსანდრე VI-მ თავისი ვაჟი ჩეზარე ბორჯია გაგზავნა მისი მიწების დასაპყრობად. კატერინა პირადად გაუძღვა ფორლის დაცვას, მაგრამ საბოლოოდ ტყვედ ჩავარდა და ის რომში წაიყვანეს. რომში გატარებული რამდენიმე წლიანი ტყვეობის შემდეგ განთავისუფლდა და ფლორენციაში გადასახლდა, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატერინა სფორცა დაიბადა 1463 წლის დასაწყისში, მილანის საჰერცოგოს დედაქალაქ მილანში.[2] იგი იყო მილანის მომავალი ჰერცოგის გალეაცო მარია სფორცასა და მისი საყვარლის, გრაფინია ლუკრეცია ლანდრიანის უკანონო შვილი. მან ცხოვრების პირველი წლები დედასთან და მის ნათესავებთან გაატარა. [3]ლუკრეცია კატერინას აღზრდას დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა და ქალიშვილთან დიდ დროს ატარებდა. სწორედ ამიტომ კატერინას ძალიან უყვარდა დედა.

კატერინას მამა, მილანის ჰერცოგი გალეაცო მარია სფორცა

1466 წელს გარდაიცვალა მილანის ჰერცოგი, კატერინას ბაბუა ფრანჩესკო I სფორცა, ხოლო ჰერცოგი კატერინას მამა, გალეაცო მარია გახდა. მალევე გალეაცო მარიამ ლუკრეცია ლანდრიანი და მასთან შეძენილი ოთხი შვილი, მათ შორის კატერინაც, მილანის სამეფო სასახლეში გადაიყვანა საცხოვრებლად.[4] ბავშვების აღზრდა კი დაევალა გალეაცოს დედას, ახლად დაქვრივებულ ბიანკა მარია ვისკონტის. 1466 წელს გალეაცო მარია სფორცა დაქორწინდა მანტუის ჰერცოგის ასულ, დოროთეა გონძაგაზე, რომელიც ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა.[5] 1468 წლის 9 მაისს კი გალეაცომ ცოლად შეირთო ბონა სავოიელი, სავოიის ჰერცოგის ქალიშვილი, რომელმაც გალეაცოს შვილები სიხარულით მიიღო და მათ აღზრდაშიც იღებდა მონაწილეობას.[6]

სფორცას სამეფო კარზე, კატერინასა და მის ძმებს, იტალიელი მწერლები და მხატვრები ჰუმანურ განათლებას აძლევდნენ. იმ პერიოდის იტალიურ დიდგვაროვანთა ოჯახებში ქალიშვილებიც ისეთივე განათლებას იღებდნენ როგორსაც მათი ძმები. თუმცა მისმა ბებიამ, ბიანკა მარია ვისკონტიმ კატერინას დამატებითი მასწავლებლები დაუქირავა, რომლებიც მას ასწავლიდნენ ფარიკაობას, ნადირობას, ჯირითსა და დიპლომატიის ხელოვნებას. ბიანკა მარიას სურდა, რომ კატერინა დამოუკიდებელი და ძლიერი გოგონა ყოფილიყო, სწორედ ისეთი როგორითაც მთელი საგვარეულო იამაყებდა. კატერინაზე დედასავით ზრუნავდა ბონა სავოიელიც, რომელსაც გალეაცოს შვილები ძალიან უყვარდა და ყველას მიმართ დიდ სითბოს და ყურადღებას იჩენდა. მას შემდეგ კი რაც კატერინამ მილანი დატოვა, ისინი ყოველთვის წერდნენ ერთმანეთს თბილ წერილებს.[3]

ჰერცოგის ოჯახი ძირითადად მილანში და პავიაში ცხოვობდა, თუმცა ასევე ხშირად რჩებოდნენ გალიეტაში ან კუსაგოში, სადაც გალეაცო სანადიროდ დადიოდა ხოლმე ოჯახთან ერთად.

პირველი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1473 წელს კატერინა სფორცა დაინიშნა ჯიროლამო რიარიოზე, რომელიც იყო პაოლო რიარიოსა და ბიანკა დელა როვერეს ვაჟი, ხოლო ბიანკა დელა როვერე რომის პაპ სიქსტუს IV-ის და იყო. [7]კატერინამ შეცვალა თავისი ბიძაშვილი, 11 წლის კონსტანცა ფოგლიანი[8], რადგანაც კონსტანცას დედამ გაბრიელა გონძაგამ უარი თქვა შვილის ქორწინებაზე, ვინაიდან იმ დროისათვის ქორწინების დასაშვები ასაკი 14 წელი იყო, ის კი ამისთვის ჯერ პატარა იყო, ამიტომაც შესაბამისი ასაკის კატერინა აღმოჩნდა, რომელიც მალევე დანიშნეს ჯიროლამოზე.[9] კატერინა სფორცა და ჯიროლამო რიარიო 1473 წლის 17 იანვარს დაქროწინდნენ.

რომის პაპმა სიქსტუს IV-მ კატერინას მამასგან იყიდა ქალაქი იმოლა და ჯიროლამოსა და კატერინას უბოძათ სამართავად.[10] იმოლაში ტრიუმფალური მმართველობის შემდეგ 1477 წელს კატერინა და ჯიროლამო რომში წავიდნენ, სადაც მრავალი წელი ცხოვრობდნენ პაპ სიქსტუს IV-ის სამსახურში. მომდევნო წელს, 1478 წლის მარტში კატერინამ პირველი შვილი გააჩინა[11], გოგონა, რომელსაც ბიანკა დაარქვეს. ბიანკა იყო ჯიროლამოს დედის ბიანკა დელა როვერეს და ასევე კატერინას ბებიის, ბიანკა მარია ვისკონტის სახელი, ამით ორივე მათგანს ასიამოვნეს. კატერინამ მომდევნო ცხრა წლის მანძილზე კიდევ ხუთი შვილი გააჩინა.[12]

ვატიკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XV საუკუნის ბოლოს რომი უკვე აღარ იყო მსოფლიოს უძლიერესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი. თუმცა ის ჯერ კიდევ იყო მხატვრობისა და რენესანსის ცენტრი. 1477 წლის მაისში, ჩასვლისთანავე დაათვალიერა კატერინამ ძველი რომის ნანგრევები.

რომში ინტრიგებისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობდა. მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარე საშინელ ინტრიგებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.[13] კატერინას აკრძალული ჰქონდა ქმრის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე იგი ძალიან მალე გაერია რომაულ ელიტაში და ინტრიგების ხლართვა საფუძვლიანად შეისწავლა. [14]

რომში ჩასვლიდან მალევე კატერინამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, ვინაიდან რომაელ ქალებს შორის ყველაზე მომხიბვლელი, გონიერი და ცბიერი იყო. იგი დიდი პატივისცემიც სარგებლობდა არისტოკრატიაში, როდესაც კატერინა გამოჩნდებოდა ყველა მოწიწებით ესალმებოდა მას, მათ შორის რომის პაპიც. ის მალევე გახდა პოპულარული იტალიის სამეფო კარებზე, განსაკუთრებით კი რომში და მილანში.

ჯიროლამოს წამყვანი პოზიცია ეკავა სიქსტუს IV-ის კარზე, იგი დიდ როლს ასრულებდა პაპის ოლქის გაფართოვებისას. მას შემდეგ რაც ჯიროლამოს უმცროსი ძმა, პიეტრო რიარიო გარდაიცვალა[15], პაპის ყურადღების ცენტრში მთლიანად ჯიროლამო მოექცა. მისი ძალაუფლება დღითიდღე იზრდებოდა. 1480 წელს პაპმა ჯიროლამოს ფორლის საგრაფო უბოძა სამართავად, აქედან მოყოლებული კატერინა ფორლის გრაფინია გახდა. მალე პაპმა რომში დიდებული ნაგებობებისა და ტაძრების მშენებლობა წამოიწყო, ასევე შეამცირა გადასახადები, რითაც ხალხი ძალიან ბედნიერი იყო.

ჯიროლამოსა და კატერინას ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, მას შემდეგ რაც 1484 წლის 12 აგვისტოს რომის პაპი სიქსტუს IV გარდაიცვალა.

სანტ'ანჯელოს ციხესიმაგრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანტ'ანჯელოს ციხესიმაგრე

მას შემდეგ რაც პაპი სიქსტუსი გარდაიცვალა რომში სიტუაცია ძალიან აირია. ყოველთვის ასე ხდებოდა როცა პაპი იღუპებოდა და გრძელდებოდა მანამდე სანამ ახალ პაპს არ აირჩევდნენ. დაიწყო მასიური აჯანყებები და ქურდობები. გაქურდეს ჯიროლამოსა და კატერინას სასახლე, ასევე გაქურდეს კარდინალ ორსინის სასახლე, ხოლო რამდენიმე დიდგვაროვნის სახლი მთლიანად გაანადგურეს. არეულობისა და ანარქიის ამ დროს, კატერინა სფორცა ორსულობის მეშვიდე თვეში იყო. ცოლის უსაფრთხოებისთვის ჯიროლამომ ბარგი ჩაალაგა, კატერინასთან ერთად გადაკვეთა მდინარე ტიბრი და სანტ'ანჯელოს ციხესიმაგრე აიღო და შიგნით შეიკეტნენ. კატერინას და მის ქმარს ემორჩილებოდნენ რომაელი ჯარისკაცებიც. ამ პოზიციიდან გამომდინარე მათ თავისუფლად შეეძლოთ მთელი რომის კონტროლი. [16]

ამავდროულად ქალაქში არეულობა გაიზარდა. კარდინალები მხოლოდ მილიციასთან ერთად გადაადგილდებოდნენ. კარდინალებმა სიქსტუსის დაკრძალვაზე მისვლა არ ისურვეს, თუმცა კატერინამ ისინი თავისი არტილერიით დააშინათ, რის შემდეგაც დაკრძალვაზე მივიდნენ. თუმცა სიტუაცია უფროდაუფრო იძაბებოდა.[17] მარადიული ქალაქის მართვა მხოლოდ რომის პაპს შეეძლო. ჯიროლამოს მცდელობა, რომ რომაელები დაემორჩილებინა წარუმატებელი იყო. მას არც არმია და არც ციხესიმაგრე არ ეხმარებოდა ამაში. [18]

ჯიროლამოსა და მის ჯარს ქალაქში სტრატეგიულად კარგი პოზიცია ეკავათ, მაგრამ ეფექტური გამოსავალი ვერ მოძებნეს. სასულიერო კოლეგიამ ჯიროლამოსა და კატერინას რომის დატოვება სთხოვა, ამის სანაცვლოდ ისინი ჰპირდებოდნენ მათი მმართველობის შენარჩუნებას იმალაში და ფორლიში, ამასთან ზარალის 8 000 დუკატით ანაზღაურებას. ჯიროლამო დათანხმდა, თუმცა კატერინა კვლავ უარზე იყო. იგი კარდინალებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა და სანტ'ანჯელოს ციხესიმაგრესთან ახლოსაც არ უშვებდათ. კარდინალებმა კი კვლავ ჯიროლამოს მიმართეს, რომელმაც ცოლის დამშვიდება შეძლო.[19] საბოლოოდ 1485 წლის 25 ოქტომბერს კატერინამ და ჯიროლამომ რომი დატოვეს და სანტ'ანჯელო კარდინალებს ჩააბარეს. მხოლოდ ამის შემდგომ შეიკრიბა სასულიერო კოლეგია და ახალი პაპი აირჩიეს.

ფორლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატერინა სფორცა

მათი არყოფნისას ფორლის მართავდა კატერინას ბიძა ლუდოვიკო სფორცა. ის ფორლიში წესრიგსა და კანონიერებას ინარჩუნებდა. მათი ჩასვლიდან მალევე რომის პაპად აირჩიეს ჯოვანი ბატისტა სიობო, ანუ ინოკენტი VIII. ინოკენტიმ ჯიროლამო დააჯილდოვა და გენერალურ სარდლად დანიშნა, თუმცა მას არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა პაპის არმიაზე და როცა ჯიროლამომ პაპს სთხოვა ცოლთან ერთად კვლავ რომში გადასვლის ნება მიეცა, მან უარი უთხრა.

მალე ფორლის მოსახლეობამ გადასახადების გადახდა შეწყვიტა, რამაც ჯიროლამოსა და კატერინას ქონება თითქმის გაანადგურა.

ეს სიტუაცია 1485 წლის ბოლომდე გაგრძელდა, მანამ სანამ ქალაქის მთავრობამ ბიუჯეტი ბოლომდე არ ამოწურა.[20] ჯიროლამომ პრობლემა გადაჭრა, მან დაიქირავა ნიკოლო პანსეკო რომელიც ფორლის მოსახლეობას გადასახადებს ძალის გამოყენებით ახდევინებდათ. მოსახლეობის აზრით ეს გადასახადები ზედმეტი იყო, ამან კი ფორლის ყველა მოქალაქეში ჯიროლამოს მიმართ ზიზღის გრძნობა გააღვივა.

გადასახადების ზრდამ, ძირითადად, ხელოსნებისა და მიწის ნაკვეთების მფლობელები და მათი ოჯახები დააზარალა, რომლებსაც ჯიროლამოს ბრძანებით საშინლად ექცეოდნენ და დევნიდნენ, თუ ისინი გადასახადზე უარს იტყოდნენ. ამ ყველაფრის გამო, ხალხმა ჯიროლამოს წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დაიწყო, რომელსაც მეთაურობდა პაპის უკანონო ვაჟი, თუკი შეთქმულები გაიმარჯვებდნენ ის ფორლის გრაფი გახდებოდა და მოსახლეობას გადასახადების გაუქმებას ჰპირდებოდათ.

ჯიროლამოს მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1488 წლის 14 აპრილს აჯანყებულებმა შეიპყრეს და ხანჯლით მოკლეს. აჯანყებულები მალევე შეიჭრნენ სამეფო სასახლეში და კატერინა და მისი შვილები ტყვედ აიყვანეს. [21]კატერინა ბავშვებითურთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდგარ ციხეში გადაიყვანეს.[22] კატერინამ აჯანყებულთა მეთაურს, ტომასო ფეოს დამორჩილების სანაცვლოდ განთავისუფლება სთხოვა. ტომასოს სჯეროდა კატერინასი, ვინაიდან მან მძევლებად თავისი შვილები დაუტოვა. სწორედ ამ დროს კატერინამ გაქცევა სცადა, თუმცა იგი დაიჭირეს მის შვილებს კი მოკვლით დაემუქრნენ. მაშინ კატერინამ სასქესო ორგანოზე ხელი მიიდო და მას უთხრა: " გააკეთეთ, თუ გინდათ მოკალით ისინი ჩემს თვალწინ... აქ მე მაქვს ის რაც საჭიროა სხვა ბავშვების გასაჩენად". [23]როგორც აღმოჩნდა ამ დროს კატერინა ორსულად იყო. თუმცა ამის თქმის შემდეგ მისი შვილები გაანთავისუფლეს, მაგრამ ისინი კვლავ საფრთხეში იყვნენ ვინაიდან სწორედ ეს ბავშვები იყვნენ ჯიროლამოს კანონიერი მემკვიდრეები.[24]

კატერინას შოკისმომგვრელი პასუხის შემდეგ ტომასო ფეო მართლაც აღარ მიჰკარებია მის შვილებს. მთელი ეს ამბავი მალე გავრცელდა იტალიაში და კატერინას ბიძის, ლუდოვიკო სფორცას ყურამდეც მივიდა. მან სასწრაფოდ შეკრიბა ჯარები და ფორლისაკენ დაიძრდა. ლუდოვიკომ ფორლი მალევე აიღო, კატერინას მტრები სიკვდილით დასაჯა და მისი გავლენები კვლავ აღადგინა.

ფორლისა და იმოლას რეგენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1488 წლის 30 აპრილს კატერინა თავისი ვაჟის, ოტავიანო რიარიოს რეგენტად დაინიშნა. კატერინა რეგენტად ოფიციალურად აღიარა ფორლის ყველა წარჩინებულმა. აქედან მოყოლებული კატერინამ ფორლის მართვა თავად დაიწყო.

კატერინა სფორცას პირველი ქმედება, როგორც ფორლის რეგენტისა იყო რომ მან შური იძია ქმრის მკვლელობის გამო. მისი ბრძანებით შეთქმულებაში ჩართული ყველა ადამიანი, განურჩევლად წოდებისა უნდა დაპატიმრებულიყო, ხოლო ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა მოკვდებოდა. მან მთელს სამფლობელოებში მიავლინა ჯარები, ყველა შეთქმული იპოვნეს, ზოგი დააპატიმრეს, ზოგი კი მოკლეს. მათი ცოლები და ქალიშვილები კი გააუპატიურეს. ასევე კატერინას ბრძანებით მათ მთელი ქონება ჩამოართვეს და გლახაკებს დაურიგეს.

30 ივლისს რომის პაპმა ინოკენტი VIII-მ ოტავიანო რიარიოს მისი თანამდებობიდან გადაყენების საბუთი გაუგზავნა. თუმცა პაპმა მალევე აღუდგინა სტატუსი, რადგან ოტავიანოს ბიძას, რომელიც კარდინალი იყო, დიდი გავლენები ჰქონდა რომში. [25]

ახალგაზრდა გრაფინია, კატერინა სფორცა, პირადად განიხილავდა ყველა იმ სახელმწიფო საკითხს, რომელიც საჯარო თუ სასულიერო პირებს ეხებოდა. თავისი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, კატერინამ მეზობელ საჰერცოგოებში თავისი შვილებისთვის მეუღლეების ძიება დაიწყო. ასევე შეამცირა გადასახადები და თავის ხარჯებს მკაცრად აკონტროლებდა.[26] იგი პირადად აკონტროლებდა ჯარისკაცების გაწვრთნას, მათი იარაღის დამზადებას და ცხენების გახედვნის პროცესსაც კი.

კატერინა სფორცას გამოსახულებიანი მონეტა, ნაპოვნია ქალაქ იმოლაში

ფორლი და იმოლა სხვა იტალიურ სახელმწიფოებთან შედარებით უფრო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საჰერცოგოები იყო. თუმცა გეოგრაფიულად ისინი ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული იყო, ამიტომაც ორივეს განსხვავებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 1492 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა ფლორენციის ჰერცოგი ლორენცო დე მედიჩი, მეტსახელად დიდი, რომელიც საოცარი მმართველი იყო და მეზობლების ხარჯზე აფართოვებდა სამფლობელოებს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი იტალიელმა ფეოდალებმა ამოისუნთქეს. ამავე წლის 25 ივლისს კი გარდაიცვალა რომის პაპი ინოკენტი VIII. რომის პაპად არჩეულ იქნა კარდინალი როდრიგო ბორჯია, ანუ რომის პაპი ალექსანდრე VI. ამით კატერინას პოზიცია გაძლიერდა. როცა ის და ჯიროლამო რომში ცხოვრობდნენ, კარდინალი როდრიგო ბორჯია (ახლა უკვე ალექსანდრე VI) ხშირად სტუმრობდა მათ და კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ, ასევე სწორედ ის იყო მათი ვაჟის, ოტავიანოს ნათლია.

ამ მოვლენებმა დიდი ხნით გაანადგურა იტალიაში მშვიდობა და სტაბილურობა. ლორენცო მედიჩის გარდაცვალების შემდეგ 1494 წელს მილანი და ფლორენცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხოლო ალექსანდრე VI-ის მტრებმა კი საფრანგეთის მეფე შარლ VIII ვალუას ნეაპოლის სამეფოზე გაუღვიძეს პრეტენზიები.[27] 1494 წელს შარლი ფრანგული ჯარებით იტალიაში შეიჭრა, გაიარა მილანი, ფლორენცია, გადაწვა ლუკა, გვერდი აუარა რომს და ნეაპოლი დაიპყრო. ამით დაიწყო იტალიური ომები, რომელიც 1559 წლამდე გაგრძელდა. თავიდან რომის პაპიც კი შარლს უჭერდა მხარს, ცხადია იმის გამო, რომ არ სურდა ფრანგულ არმიას რომიც გადაეწვა.

ნეაპოლს, საფრანგეთს, ფლორენციასა და მილანს შორის ატეხილი ომის დროს კატერინამ იცოდა, რომ მისი სამფლობელო ყველა მათგანს გზად უნდა გაევლო, ამიტომაც ნეიტრალური პოზიცია აირჩია და ამით გადაირჩინა თავი. მან კარგად იცოდა ისიც, რომ ფორლის დაპყრობა რომსაც სურდა მისი მდებარეობის გამო. ერთ მხარეს იყო ბიძამისი, ანუ მილანის ჰერცოგი ლუდოვიკო სფორცა რომელიც მხარს საფრანგეთის მეფეს უჭერდა, ხოლო მეორე მხარეს მისი მაზლი და რომის პაპი, რომლებმაც ახალი მოკავშირე იპოვნეს, კასტილიისა და არაგონის მეფე ფერდინანდ II. კატერინას ან ერთი უნდა აერჩია, ან მეორე, ვინაიდან მისი სამფლობელო გზად ორივე მხარეს სჭირდებოდა, მასზე კი მხოლოდ ერთი მათგანის გატარება შეეძლო. კატერინამ საბოლოოდ რომის პაპისა და ფერდინანდ II-ის მხარე აირჩია[28], ეს კი ნიშნავდა, რომ მისი მტერი თვით საფრანგეთი და მილანი გახდა. პაპმა ჯარები გაუგზავნა თავდაცვისთვის, კატერინამაც ფრანგების წინააღმდეგ მზადება დაიწყო.

როდესაც პირველი თავდასხმა მოხდა მოკავშირეებმა კატერინა მიატოვეს. ამის გამო მან მხარე შეიცვალა და მეფე შარლ VIII-ის მოკავშირე გახდა. კატერინამ ფრანგული ჯარები მშვიდობიანად გაუშვა სამხრეთში, ნეაპოლისა და რომისაკენ. ფრანგებმა რომს გვერდი აუარეს და მთელი ნეაპოლის სამეფო სულ რაღაც 13 დღეში დაიპყრეს. ამით შეშინებულმა იტალიურმა ქალაქ-სახელმწიფოემბა ვენეციის ლიგა ჩამოაყალიბეს შარლ VIII-ის წინააღმდეგ. ლიგამ დაამარცხა საფრანგეთის მეფე ფორნოვოში რის შემდეგაც შარლი იძულებული გახდა საფრანგეთში დაბრუნებულიყო.

ამჯერად კატერინა ნეიტრალური დარჩა. ფრანგების გაძევებაში მონაწილეობა არ მიუღია, ასევე იგი მხარს უჭერდა ბიძამისს, მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცას და რომის პაპ ალექსანდრეს.[29]

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიროლამო რიარიოს გარდაცვალებიდან ორ თვეში გავრცელდა ხმები, რომ კატერინას რომანი ჰქონდა ანტონიო მარია ორდელაფთან და სწორედ ამიტომ დადიოდა ის ასე ხშირად სასახლეში. ასევე დადიოდა ჭორები, რომ ისინი დაქორწინდნენ კიდეც თუმცა ანტონიოს ოჯახის პრეტენზიების გამო ქალაქ ფორლზე, ისინი განქორწინდნენ. თუმცა მალე კატერინამ ანტონიოც და მისი ოჯახიც დააპატიმრა ყალბი ამბების გავრცელების გამო.[30]

სინამდვილეში, კატერინას უყვარდა ჯაკომო ფეო, შეთქმული ტომასო ფეოს ძმა.[31] თუმცა კატერინას ის შეთქმულების შემდეგაც უყვარდა და ამიტომაც აარიდა მას სასჯელი. [32]1488 წელს კატერინა და ჯაკომო ფარულად დაქორწინდნენ,[33] რათა კატერინას შვილებისთვის სახელი არ შეელახათ და ასევე კატერინასთვის რეგენტობა არ შეეჩერებინათ.[34]

კატერინამ ჯაკომოს მისი ძმის თანამდებობა უბოძა. 1489 წლის აპრილში კატერინამ მათი პირველი ვაჟი, ბერნარდინო ფეო გააჩინა.[35] ამავე პერიოდში, ჯაკომოს ძმა, თომასო ფეო ქორწინდება ბიანკა ლანდრიანზე, კატერინას ნახევარ-დაზე.

თანდათანობით ჯაკომოს ძალაუფლება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ამასთან ერთად იზრდებოდა მისი სისასტიკე და სითავხედეც. ასეთი ქცევების გამო, თავი ყველას შეაძულა, განსაკუთრებით კატერინას შვილებს. ერთ მშვენიერ დღესაც საზოგადოების წინაშე ჯაკომომ ოტავიანოს დაარტყა, მაგრამ გამბედაობა არავის ეყო, რომ ბიჭი დაეცვა. ამ ინცინდენტის შემდეგ ხალხმა გადაწყვიტა გაენთავისუფლებინათ ფორლი ჯაკომო ფეოსგან.

კატერინას შვილებმა მამინაცვლის წინააღმდეგ შეთქმულების შექმნა დაიწყეს. 1495 წლის 27 აგვისტოს კატერინა სფორცა, ჯაკომო ფეო და მათი გარემოცვა ნადირობიდან დაბრუნდა. კატერინას და ჯაკომოს შეეგებნენ ბიანკა რიარიო თავისი ფრეილინებით, ოტავიანო, მისი ძმა ჩეზარე და რამდენიმე ჯარისკაცი. სასახლისკენ მიმავლებს შეთქმული აგენტები ჯაკომოს თავს დაესხნენ და იქვე მოკლეს.კატერინამ არ იცოდა, რომ ამ საქმეში მისი შვილების ხელი ერია. როცა მისი პირველი ქმარი მოკლეს, მხოლოდ გამოიგლოვა[36] და ამაზე მწვავე რეაქცია არ ჰქონია, თუმცა ახლა უკვე საშინლად განრისხდა და უმძიმესი შურისძიება დაიწყო. ჯაკომოს მკვლელები დაიჭირეს, თუმცა კატერინას მხოლოდ მათი მოკვლა არ კმაროდა, სურდა მათი ტანჯვაც ეხილა[37]. კატერინამ საშინელი წამებით ამოხადა სული მკვლელებს, თუმცა ეს არ იკმარა. მალე მკვლელების ცოლები და შვილებიც სასტიკი წამებით დახოცა.

კატერინას ამგვარმა ქმედებამ, ცუდად იმოქმედა მის პოლიტიკაზე. ფორლელ ხალხ უყვარდა ოტავიანო რიარიო და სურდათ დაეცვათ ის და მთელი რიარიოს გვარი. კატერინა და აწ გარდაცვლილი ჯაკომო კი მათ თვალში უბრალოდ ჩამოსული მმართველები იყვნენ. ხოლო მკვლელებისა და მათი ოჯახების ამოხოცვამ ფორლელებში სამუდამოდ დააკარგვინა კატერინას სიყვარული და პატივისცემა.

მესამე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატერინას მესამე ქმარი ჯოვანი მედიჩი

1496 წელს ფლორენციის რესპუბლიკის ელჩი ჯოვანი დე მედიჩი ეწვია კატერინას. იგი იყო მედიჩების ძლევამოსილი საგვარეულოს წარმომადგენელი და ამასთან პიერფრანჩესკო მედიჩის მეორე ვაჟი. 1494 წელს, როცა ფრანგული ჯარები ფლორენციასაც მიადგა, ჯაკომოს მამა იძულებული გახდა ხელი შეთანხმებისთვის მოეწერა და ფრანგები ნეაპოლისკენ თავისუფლად გაეტარებინა. ამის შემდეგ ფლორენციელი ხალხი აჯანყდა, პიერფრანჩესკო ტახტიდან ჩამოაგდეს და ფლორენცია რესპუბლიკად გამოცხადდა. ამის შემდეგ ჯოვანი და მისი ძმა გაიქცნენ და თავის გადასარჩენად დროებით უარი თქვეს მედიჩის გვარზე და პოპოლანოები გახდნენ. ამის შემდეგ ფლორენციის მთავრობამ ჯოვანი ფლორენციის ელჩად დანიშნა.

ფორლში ჩამოსვლის შემდეგ, ჯოვანი და კატერინა მალევე დაახლოვდნენ.[38] მალევე ჭორებიც გავრცელდა, რომ კატერინა და ჯოვანი დაქორწინებას აპირებდნენ, რაც არ მოეწონა კატერინას ვაჟ ოტავიანო რიარიოს. მალე ვენეციელებმა ამ ქორწინების ჩაშლაზე მუშაობა დაიწყეს, რადგან თუ ფორლი ფლორენციის მოკავშირე გახდებოდა, ეს ზიანს მიაყენებდა ვენეციასაც, მილანსაც და ლიგასაც. [39]

კატერინა ვერ მალავდა გრძნობებს ჯაკომოს მიმართ და მათი ქორწინების ამბავი საიდუმლოდ გაანდო თავის ბიძას ლუდოვიკო სფორცას. სიმპათიურმა და ინტელექტუალმა ჯოვანიმ მართლაც მალე შეაყვარა თავი კატერინას.[40] წინა ქორწინებისაგან განსხვავებით, კატერინამ ქორწინებაზე თანხმობა მიიღო როგორც ბიძისგან, ასევე შვილებისგან. 1497 წლის სექტემბერში ჯოვანი მედიჩი და კატერინა სფორცა დაქორწინდნენ.

1498 წლის აპრილში კატერინამ ჯოვანის ვაჟი გაუჩინა. ბავშვი კატერინას ბიძის პატივსაცემად მონათლეს როგორც ლუდოვიკო მედიჩი. იმავდროულად ფლორენციასა და ვენეციას შორის ურთიერთობები საშინლად დაიძაბა, კატერინა კი როგორც მათ შორის მდებარე ქალაქის მმართველი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯოვანი და მისი გერი, ოტავიანო ბრძოლისათვის ემზადებოდნენ, ამავდროულად ფლორენციიდან დამხმარე ჯარიც მოვიდა.

ამ დროისათვის ჯოვანი სერიოზულად დაავადდა და ბრძოლა აღარ შეეძლო. მიუხედავად მკურნალობისა მისი მდგომარეობა უარესდებოდა. 1498 წლის 14 სექტემბერს ჯოვანი მედიჩი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ კატერინა მარტო დარჩა ბორჯიებისა და ვენეციელების წინაშე.

ვენეციელებთან ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორლიში დაბრუნების შემდეგ კატერინამ თავდაცვის მიზნით დაიწყო ბრძოლისთვის მზადება. ჯარის წვრთნას პირადად ადევნებდა თვალყურს. კატერინამ დახმარებისთვის მიმართა თავის მოკავშირეებს, მილანს, ფლორენციასა და მანტუას. მათ მცირეოდენი ჯარი და ასევე მცირეოდენი ფულადი დახმარება გაუგზავნეს კატერინას.

ვენეციელების პირველი თავდასხმისას ფორლელები დამარცხდნენ. თუმცა მალე კატერინამ აბჯარი აისხა და თავად გაუძღვა ფორლის არმიას, რომელმაც კატასტროფულად გაანადგურა ვენეციური არმია. მოგვიანებით ომი გრძელდებოდა უმნიშვნელო შეტაკებებით. საბოლოოდ კატერინამ გაიმარჯვა და დამარცხებული ვენეციელები თავისი სამფლობელოებიდან გააძევა.

ამგვარი სახელოვანი გამარჯვების შემდეგ კატერინამ "ფორლელი ვეფხვის'' მეტსახელი მიიღო.

ჩეზარე ბორჯიას მიერ კატერინას დატყვევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეზარე ბორჯია

1498 წელს საფრანგეთის მეფე ხდება ლუი XII ვალუა. ლუი ამტკიცებდა, რომ მას მილანის საჰერცოგოს ტახტი ეკუთვნოდა, ვინაიდან ბებიამისი, ვალენტინა ვისკონტი, იყო მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის ქალიშვილი. გარდა მილანისა, ლუი პრეტენზიას აცხადებდა ნეაპოლის სამეფოზე და ასევე თავს ანჟუს დინასტიის მემკვიდრედ თვლიდა. იტალიაში ომის დაწყებამდე, ლუიმ ალიანსი შეკრა სავოიის საჰერცოგოსთან, რომის პაპ ალექსანდრე VI ბორჯიასთან და ვენეციის რესპუბლიკასთან. 1499 წელს იტალიაში საფრანგეთის ჯარები შეიჭრნენ და ერთი ბრძოლის გარეშე დაიპყრეს პიემონტი, გენუა და კრემონა. 6 ოქტომბერს ლუიმ მილანი აიღო, ჰერცოგი ლუდოვიკო სფორცა კი ტიროლიაში გაიქცა სადაც თავშესაფარი იმპერატორ მაქსიმილიან I-ს სთხოვა. [41]

რომის პაპ ალექსანდრე VI ბორჯიასა და საფრანგეთის მეფე ლუი XII ვალუას შეთანხმების თანახმად, პაპის მხარდაჭერის სანაცვლოდ, მეფეს პაპის ვაჟი, ვალენტინოს ჰერცოგი ჩეზარე ბორჯია, უნდა გამოეცხადებინა რომანიის მმართველად.[42] 1499 წლის 9 მარტს პაპმა ბულა გამოუშვა, რომლის მიხედვითაც რომანიაში მდებარე ყველა საჰერცოგო და საგრაფო ჩეზარეს კუთვნილებად ცხადდებოდა, ხოლო მათ მმართველებს ტიტული უუქმდებოდათ. ასეთ მმართველებს შორის აღმოჩნდა კატერინა სფორცაც, რადგან ფორლი და იმოლა რომანიის რეგიონში მდებარეობდა.

საფრანგეთის ჯარებმა, მილანის შემდეგ რომანიის დაპყრობა დაიწყეს. წორედ ამ დროს ტიოლიიდან ავსტრიული ჯარებით მილანში დაბრუნდა ლუდოვიკო სფორცა.

საფრანგეთის ჯარის მოახლოებასთან ერთად, კატერინა ფლორენციელებმა მიატოვეს. კატერინამ დაუყოვნებლივ დაიწყო ჯარების შეგროვება, იარაღების დამზადება და საკვები პროდუქტების მომარაგება მოსალოდნელი ალყისთვის. ქალაქი კარგად გაამაგრა, ხოლო თავისი ყველა შვილი ფლორენციაში გაგზავნა, რათა ფრანგებს არ დაეხოცათ.

24 ნოემბერს ჩეზარე ბორჯია ქალაქ იმოლაში ჩავიდა, ქალაქის მოსახლეობა მიხვდა, რომ ჩეზარესთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც ქალაქის კარიბჭე გახსნეს და ჩეზარე თავისუფლად შეუშვეს. ცხადია იმ დროიდან იმოლა კატერინას აღარ ეკუთვნოდა. ჩეზარე ბორჯია და კარდინალი რიარიო კატერინას მშვიდობიანად ჩაბარებას სთხოვდნენ, თუმცა კატერინამ ყველა შემოთავაზებაზე უარი თქვა. ჩეზარემ ამის საპასუხოდ 10 000 დუკატი დააწესა მისთვის ვინც კატერინას მიუყვანდა, ცოცხალს ან მკვდარს. კატერინა ცდილობდა ინტრიგების საშუალებით ჩეზარეს მოკვლას, მაგრამ არ გამოუვიდა. [43]

მალე ბორჯიას არმიას ფრანგებიც შეუერთდნენ და ფორლის აღება დაიწყეს. ორი დღის განმავლობაში ქალაქის გალავანს ზარბაზნებით ბომბავდნენ. მიუხედავად ამისა ქალაქის გალავნიდან კატერინა და მისი მეომრები ისრებსა და სხვადასხვა იარაღებს ესროდნენ, რამაც ძლიერ დააზარალა ფრანგული არმია. ამის მიუხედავად ფრანგებმა მოახერხეს და მთავარი კოშკი ჩამოანგრიეს, რასაც ფორლის გალავნის ნგრევა მოჰყვა. ამის შემდეგ ფრანგები და ბორჯიას არმია შეიჭრა ფორლიში, გადაწვეს ქალაქი და ამოხოცეს მოსახლეობა. ერთი დღე-ღამის მანძილზე ისინი ქალაქს მხოლოდ არბევდნენ.

იმ ფაქტმა, რომ კატერინა მარტო უწევდათ წინააღმდეგობას, მთელი იტალია აღაფრთოვანა. [44]

ქალაქის აღების შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე კატერინა თავის სასახლეში მაგრად იყო გამაგრებული. 6 დღის მანძილზე ჩეზარე ზარბაზნებით ბომბავდა მის სასახლეს, რის შემდეგაც სასახლის კედლები მთლიანად ჩამოინგრა.[45] 1500 წლის 12 იანვარს ჩეზარეს მეომრები სასახლეში შეიჭრნენ. სასახლეში სისხლის მღვრელი ბრძოლა გაიმართა კატერინასა და ჩეზარეს შორის. კატერინას ხალხმა უღალატა და ჩეზარეს მხარეს გადავიდა.[46] კატერინა იარაღით ხელში გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.[47]

რომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის პაპი ალექსანდრე VI

ტყვედ ჩავარდნილ კატერინას ჩეზარე და საფრანგეთის გენერალი კარგად ექცეოდნენ. ჩეზარემ ბრძოლის დროს დაშავებულ კატერინას უმკურნალა. ისინი მას ექცეოდნენ არა როგორც პატიმარს, არამედ როგორც სტუმარს. გზად ჩეზარემ ქალაქი პესაროც დაიპყრო. მალე ამბავი მოვიდა, რომ კატერინას ბიძა მილანში დიდი არმიით დაბრუნებულა, ამიტომაც ფრანგები უკან, მილანისკენ გაბრუნდნენ.[48]

ჩეზარე ბორჯია რომში მხოლოდ პაპის არმიით შევიდა, სადაც კატერინაც ჩაიყვანეს. კატერინა რომში ბელვერდეს სასახლეში დააბინავეს, თუმცა მარტში მან გაქცევა სცადა, რის გამოც სანტ'ანჯელოს ციხესიმაგრეში გადაიყვანეს.

პატიმრობა სანტ'ანჯელოს ციხესიმაგრეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატერინამ პატიმრობისას პაპის მოკვლა განიზრახა. ნოემბერში პაპ ალექსანდრე VI-ს კატერინამ მოწამლული წერილები გაუგზავნა, თუმცა პაპი სასწაულებრივად გადაარჩინეს. საპასუხოდ კატერინას პირობები გაუმკაცრეს. [49]

დღესაც კი არაა ცნობილი თუ როგორ მოახერხა მან პაპის მოწამვლა. მაკიაველი თვლის, რომ ეს ნამდვილად კატერინამ ჩაიდინა, ხოლო სხვა ისტორიკოსები ამბობენ, რომ მას ეს ბრალდება შეუთითხნეს. 1501 წლის 30 ივნისამდე კატერინა პატიმრობაში იყო. იგი მაშინ განთავისუფლდა, როცა საფრანგეთის მეფე ლუი XII ვალუამ ნეაპოლის დაპყრობისთვის მიმავალ გზაზე რომი აიღო და კატერინა გაანთავისუფლა. მისი პატიმრობის დროს პაპმა ალექსანდრე VI-მ მოასწრო და ყველა ის საბუთები შეადგინა რომელთა მიხედვითაც რომანიის რეგიონში მდებარე ყველა საჰერცოგოს და საგრაფოს მმართველად მისი ვაჟი, ჩეზარე ბორჯია ცხადდებოდა. აქედან გამომდინარე კატერინას ფორლისა და იმოლას მართვა აღარ შეეძლო.

ცოტა ხნით კარდინალ რიარიოს (მისი მაზლი) რეზიდენციაში ცხოვრების შემდეგ, იგი ფლორენციაში გადასახლდა, სადაც მისი ვაჟი ლუდოვიკო მედიჩი ელოდა.[50]

ფლორენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატერინას ვაჟი ლუდოვიკო მედიჩი

ფლორენციაში კატერინა ცხოვრობდა მედიჩის ვილაში, რომელიც მისი გარდაცვლილი მესამე ქმრის მემკვიდრეობა იყო. ყველაზე ხშირად ის რჩებოდა დი კასტელოს ვილაში. მალე კატერინამ თავის ვაჟს შესჩივლა, რომ მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

მრავალი წლის მანძილზე კატერინა ებრძოდა თავის მაზლს, ლორენცო დე მედიჩის, რომელსაც ჯოვანის მემკვიდრეობა სურდა და ლუდოვიკო ტყვედ ჰყავდა. 1504 წელს მისი ვაჟი საბოლოოდ განთავისუფლდა და მიიღო მამის მემკვიდრეობა.

1503 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა რომის პაპი ალექსანდრე VI, რის შემდგომაც ჩეზარე ბორჯიამ თავისი ძალა დაკარგა. ამის შემდეგ ყველა იმ დიდგვაროვანმა რომელსაც ჩეზარემ სამფლობელო ჩამოართვა, მის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. კატერინამ მოახერხა კვლავ ფორლისა და იმოლას დაბრუნება, რის შემდეგაც იქ მმართველად თავისი ვაჟი ოტავიანო რიარიო დასვა. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ორივე ქალაქის მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა კატერინას და მისი ოჯახის კვლავ აღზევებას. ამიტომაც მართალია გრაფი ოტავიანო გახდა, თუმცა მისი რეგენტი კატერინას ნაცვლად ანტონიო მარია ორდელაფი გახდა.

თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები კატერინა სფორცამ თავის შვილებს მიუძღვნა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ნაბოლარა ვაჟს ლუდოვიკოს. ამ პერიოდში კატერინა დაინტერესდა ალქიმიით და ხშირად ატარებდა ცდებს. ასევე ჰქონდა ხშირი მიმოწერები თავის მეგობრებსა და ნათესავებთან მილანსა და რომანიაში.

გარდაცვალება და დაკრძალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1509 წლის აპრილში კატერინა პნევმონიით მძიმედ დაავადდა. 1509 წლის 28 მაისს "ფორლელი ვეფხვი" კატერინა სფორცა გარდაიცვალა. კატერინა დაკრძალეს ერთ-ერთ მონასტერში. 1845 წელს ეს მონასტერი დაარბიეს და ციხესიმაგრედ გადააკეთეს, სწორედ ამ დროს კატერინას ცხედარი დაიკარგა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატერინას ჯიროლამო რიარიოსთან შეეძინა ექვსი შვილი:

  1. ბიანკა რიარიო (მარტი 1478 - 1522), პირველად დაქორწინდა 1494 წელს ფაენცას ლორდ ასტორე III მანფრედიზე (გ. 1502), მეორედ დაქორწინდა 1503 წელს სან სეკონდოს მარკიზ ტროილო როსზე. მეორე ქორწინებიდან 9 შვილი შეეძინა;
  2. ოტავიანო რიარიო (31 აგვისტო 1479 - 6 ოქტომბერი 1523), იმოლას ლორდი და ფორლის გრაფი, შემდეგ ვოლტერასა და ვიტერბოს არქიეპისკოპოსი;
  3. ჩეზარე რიარიო (24 აგვისტო 1480 - 18 დეკემბერი 1540), პიზას არქიეპისკოპოსი და ალესანდრიის პატრიარქი;
  4. ჯოვანი ლივიო რიარიო (30 ოქტომბერი 1484 - 1496);
  5. გალეაცო მარია რიარიო (4 დეკემბერი 1485 - 1557), დაქორწინდა ურბინოს ჰერცოგ ფრანჩესკო მარია I დელა როვერეს ასულ მარია ჯოვანა დელა როვერეზე, რომელთანაც შეეძინა მემკვიდრე;
  6. ფრანჩესკო სფორცინო რიარიო (17 აგვისტო 1487 - 1509), ლუკას ეპისკოპოსი;

კატერინას ჯაკომო ფეოსთან შეეძინა ერთი ვაჟი:

  1. ბერნარდინო (შემდეგ კარლო) ფეო (აპრილი 1489 - 1509);

კატერინას ჯოვანი მედიჩისთან შეეძინა ერთი ვაჟი:

  1. ლუდოვიკო მედიჩი (6 აპრილი 1498 - 30 ნოემბერი 1526), დაქორწინდა მარია სალვატიზე, მათი ვაჟი კოზიმო I მედიჩი, ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brogi, Cecilia (1996). Caterina Sforza (in Italian). Arezzo: Alberti & C. Editori.
  • Machiavelli: The Discourses, English translation by Fr Leslie J. Walker, S.J. (1929). The countess is featured in Bk III, Ch 6 in relating examples of dangers that can arise subsequent to a successful conspiracy.
  • Elizabeth Lev: The Tigress of Forli: Renaissance Italy's Most Courageous And Notorious Countess, Caterina Riario Sforza De' Medici. Boston: Houghton Mifflin Harcourt, 2011.
  • Antonio Perria: I terribili Sforza. Trionfo e fine di una grande dinastia, Milano, Sugar Co Edizioni Srl, 1981.
  • Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Cles, Arnoldo Mondadori Editore, 2001.
  • Cinzia Demi: Caterina Sforza, Fara, 2010.
  • Frédérique Verrier: Caterina Sforza et Machiavel ou l'origine du monde, Vecchiarelli, 2010.
  • Cesare Marchi: Giovanni dalla Bande Nere, Milano, 1981.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pennington, Reina (2003). Amazons to Fighter Pilots - A Biographical Dictionary of Military Women (Volume Two). Westport, Connecticut: Greenwood Press. p. 393.
  2. No documents were found about her birth and the first three years of her life. Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 10.
  3. 3.0 3.1 Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 10
  4. Brogi 1996, p. 24, The society of that time considered the fact of having many children as a valuable, even if they were natural and not legitimate: often, as in the case of Caterina and his brothers, were legitimized.
  5. Brogi 1996, p. 18, This marriage, arranged between Bianca Maria Visconti and Duke Louis of Savoy (Bona's father), ended the hostilities between the two families. The House of Savoy in fact had claims over Milan since the death of Filippo Maria Visconti, who had married Maria of Savoy.
  6. Brogi 1996, p. 21, This marriage, arranged between Bianca Maria Visconti and Duke Louis of Savoy (Bona's father), ended the hostilities between the two families. The House of Savoy in fact had claims over Milan since the death of Filippo Maria Visconti, who had married Maria of Savoy.
  7. Persistent rumours, however, portrayed Girolamo as a natural son of the Pope.
  8. Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 21.
  9. Brogi 1996, p. 31.
  10. Brogi 1996, p. 35, Imola had been taken by the Sforza from Taddeo Manfredi, a papal vassal, and was now being returned to Sixtus IV with the condition that could be assigned to Caterina's husband and his heirs. In fact, the city was part of Caterina's dowry.
  11. https://books.google.com.pe/books?id=qnYJAwAAQBAJ&pg=PA415&lpg=PA415&dq=bernardino+feo+1489&source=bl&ots=FGbwRdyYEy&sig=cj5tFpMAw2BO02CiEMdgSa43wG4&hl=es&sa=X&ei=_vuRVN2_DsWYgwTuxIOoAw&redir_esc=y#v=onepage&q=bernardino%20feo%201489&f=false
  12. http://www.kleio.org/en/history/famtree/sforza/073.html - Maike's History of Women and the History of Everyday Life - kleio.org
  13. Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 38.
  14. After the assassination of Galeazzo Maria Sforza in 1476, his brother Ludovico Maria Sforza (nicknamed il Moro) plotted to obtain the regency of the Duchy of Milan against Bona of Savoy, mother of the new Duke Gian Galeazzo Sforza, then seven years old. The Duchy was at that time in the hands of Cicco Simonetta, a trusted advisor of Bona. Ludovico and his brother Sforza Maria tried to conquer it by force of arms, but Sforza Maria died (probably poisoned) in Varese Ligure on 29 July 1479, and Ludovico was forced into exile. The following year (1480), however, was reconciled with Bona and managed to condemn Simonetta to death. Shortly after Ludovico finally forced Bona to leave Milan for the castle of Abbiate (today Abbiategrasso) and assumed the regency in the name of his nephew.
  15. Brogi 1996, p. 33.
  16. Fraser, Antonia (1988). The Warrior Queens. New York: Vintage Books. p. 198.
  17. Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 71.
  18. Queralt, Maria (June 2016). "Caterina Sforza Indomitable Duchess". National Geographic History. National Geographic.
  19. Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 72.
  20. Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 72.
  21. The Orsis were a noble family of Forlì supporter and financier of the Ordelaffi family. However, despite the new rule of the Riarios they managed to had cordial relationship with them, evidenced with the fact that, thanks to the efforts of Girolamo, one of the Orsi family, Ludovico, was chosen in 1482 senator of Rome. Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 95.
  22. Brogi 1996, p. 101, Without his possession anyone could have power over the city.
  23. Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 108.
  24. Hairston, Julia L. (Autumn 2000). "Skirting the Issue: Machiavelli's Caterina Sforza". Renaissance Quarterly. 53: 687–712.
  25. Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 129.
  26. Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 133.
  27. Ludovico il Moro felt threatened by King Ferdinand I of Naples (whose father had been appointed the successor of the Duchy of Milan by the last Visconti ruler, Filippo Maria), and his granddaughter, Isabella, wife of Gian Galeazzo Sforza, the official Duke of Milan, but who was virtually replaced in government by his uncle Ludovico. Isabella didn't accept her husband's condition, who was under the tutelage of his uncle. This family situation had political importance and the King of Naples was determined to defend the prestige of his granddaughter and publicly declared that he would cast out the usurper Ludovico from the Ducal throne.
  28. King Ferdinand I of Naples had died in January 1494 and was succeeded by his son Alfonso II, who abdicated almost immediately in favor of his son Ferdinand II.
  29. During these events had died Gian Galeazzo Sforza, Caterina's brother. His uncle Ludovico eliminated from the succession the son of Gian Galeazzo, the rightful heir, and proclaimed himself Duke of Milan by the citizens, who didn't oppose him.
  30. Brogi 1996, p. 130, Among the imprisoned was Leone Cobelli, chronicler of Forlì, who was released from prison by Caterina only after the constant insistence of Tommasso Feo. Cobelli, who had been an admirer of the Countess, after this episode wrote against her. He wanted even destroy his previous chronicles where he showed his admiration for Caterina, but at the end he didn't.
  31. Brogi 1996, p. 132.
  32. Some sources said that Caterina only recognized her marriage with Giacomo Feo on her deathbed (Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 143)
  33. Brogi 1996, p. 18, while others reported that shortly after Giacomo's funeral, Caterina publicily revealed that Feo was her legitimate husband.
  34. Brogi 1996, p. 133.
  35. Brogi 1996, p. 137.
  36. Brogi 1996, p. 157, According to the customs of that time, revenge was a legitimate duty.
  37. Brogi 1996, p. 158.
  38. Fortress where Caterina had made her official residence immediately after the death of Girolamo Riario.
  39. The Republic of Florence was preparing to defend itself from the Republic of Venice, which aimed to control the city of Pisa, made independent from Florence by Charles VIII, and to restore the rule of the Medici.
  40. http://www.womenwholead.org/caterina_sforza.htm https://web.archive.org/web/20080724181716/http://www.womenwholead.org/caterina_sforza.htm 2008-07-24 at the Wayback Machine. Biography in Womenwholead.org
  41. Maximilian I had married in 1494 to Bianca Maria Sforza, daughter of Galeazzo Maria Sforza and Bona of Savoy, thus she was the niece of Ludovico il Moro.
  42. Faenza, Imola, Forlì, Pesaro, Urbino and Camerino.
  43. The city surrendered to Casare Borgia hoping to avoid the usual looting. But, despite the surrender had been countersigned by the Duke of Valentinois with the promise that the soldiers would not have plundered Forlì, they "using extremely cruelty and express tyranny, looted the city completely and there was no house that wasn't stripped, sacked or ashamed". Natale Graziani, Gabriella Venturelli: Caterina Sforza, Milano, Arnoldo Mondadori Editore, 2001, p. 259.
  44. Brogi 1996, p. 200.
  45. Contrary to the customs of war.
  46. Brogi 1996, p. 222.
  47. https://ebooks.adelaide.edu.au/m/machiavelli/niccolo/m149a/chapter7.html Retrieved 18 May 2016.
  48. On 10 April Ludovico il Moro, betrayed by his mercenary troops, was captured and then imprisoned in the Château de Loches, France, where he died in 1508.
  49. Brogi 1996, p. 243.
  50. Caterina had received Florentine citizenship by the Republic of Florence at the time when Giovanni il Popolano was ambassador to Forlì.