ფრანსუა III (ბრეტანი)
ფრანსუა III დე ვალუა | |
---|---|
ბრეტანის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 20 ივლისი, 1524 |
მმართ. დასასრული: | 10 აგვისტო, 1536 |
წინამორბედი: | კლაუდია |
მემკვიდრე: | ანრი |
საფრანგეთის დოფინი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 თებერვალი, 1518 |
მმართ. დასასრული: | 10 აგვისტო, 1536 |
წინამორბედი: | ფრანსუა |
მემკვიდრე: | ანრი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 თებერვალი, 1518 |
დაბ. ადგილი: | ამბუაზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 10 აგვისტო, 1536, (18 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტურნონი, საფრანგეთი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ფრანსუა I, საფრანგეთის მეფე |
დედა: | კლაუდია დე ვალუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფრანსუა III დე ვალუა (ფრანგ. Francois III de Valois; დ. 28 თებერვალი, 1518 — გ. 10 აგვისტო, 1536) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას უფროსი ვაჟი. ბრეტანის ჰერცოგი 1524-36 და საფრანგეთის დოფინი 1518-1536 წლებში. გარდაიცვალა ახალგაზრდა და დაუოჯახებელი. ითვლება, რომ იგი მისმა რძალმა, ეკატერინე მედიჩიმ მოწამლა ტახტზე თავისი ქმრის დასასმელად.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსუა დაიბადა 1518 წლის 28 თებერვალს, ამბუაზის სასახლეში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და მისი პირველი მეუღლის, ბრეტანის ჰერცოგინია კლაუდია დე ვალუას უფროსი ვაჟიდა შესაბამისად დოფინი. მშობლებს ის განსაკუთრებულად უყვარდათ და სხვა შვილებთან შედარებით, მასზე უფრო მეტად ზრუნავდნენ. დოფინი 1519 წლის 25 აპრილს ამბუაზში მოინათლა. ცნობილია, რომ ფრანსუას ნათლობისათვის საჭირო დეკორაციები, მამამისმა თვით ლეონარდო და ვინჩის დაამზადებინა.
დოფინის ხანმოკლე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია მისი ესპანური ტყვეობა. 1525 წელს ესპანეთის მეფე კარლოს I-მა პავიის ბრძოლაში დაამარცხა მეფე ფრანსუა, ტყვედ ჩაიგდო იგი და დედაქალაქ მადრიდის ალკასარის ციხეში გამოკეტა. მეფის დედა, დედოფალი ლუიზა სავოიელი და მისი და, ნავარის დედოფალი მარგარიტა ანგულიმელი, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კარლოსთან, რაც საბოლოოდ 1526 წელს შეთანხმებით დაგვირგვინდა. თუმცა, ესპანეთის მეფე ფრანსუას სანაცვლოდ მის ორ უფროს ვაჟს — დოფინ ფრანსუასა და პრინც ანრის მოითხოვდა. ფრანსუა I დასთანხმდა, თავად განთავისუფლდა, მემკვიდრეები კი ესპანელებს გადასცა, რომლებიც სამი წლის მანძილზე საშინლად სცემდნენ და აშიმშილებდნენ მათ.
ცნობილია, რომ ესპანეთის ციხეში გატარებულმა სამმა ტანჯულმა წელიწადმა, წარუშლელი კვალი დატოვა ფრანსუასა და მის ძმაზე. უკვე განთავისუფლებული ფრანსუა სუფთა ესპანელივით საუბრობდა დაიქცეოდა, ანრის კი იმდენად შესძულდა ესპანელები, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლამდე მათ ებრძოდა.
საქორწინო მოლაპარაკებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც საფრანგეთის მეფის უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვდრე, ფრანსუა აუცილებლად უნდა დაქორწინებულიყო, რათა დინასტია გაეგრძელებინა, მაგრამ მისთვის საცოლის შერჩევა მეტად რთული საქმე იყო. მისგან განსხვავებით, მისი უფროსი ძმა, პრინცი ანრი 1533 წელს დააქორწინეს ურბინოსა და ფლორენციის ჰერცოგ ლორენცო II-ის ასულ ეკატერინე მედიჩიზე, რომელიც შედარებით უფროს დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო. მსგავსი გამონაკლისები, ფრანსუას შემთხვევაში არ დაიშვებოდა, ვინაიდან მისი მეუღლე აუცილებლად რომელიმე სამეფო ოჯახის წევრი უნდა ყოფილიყო. 1532 წლიდან მოყოლებული, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ფრანსუასა და ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VIII-ისა და დედოფალ კატალინა არაგონელის ასულის, პრინცესა მერი ტიუდორის ქორწინებასთან დაკავშირებით.
ბრეტანის ჰერცოგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1524 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ, ფრანსუას მემკვიდრეობით ერგო ბრეტანის ჰერცოგობა. იგი ჰერცოგი ფრანსუა III გახდა, თუმცა, რეალურად ბრეტანს მამამისი და მისი მრჩევლები მართავდნენ. ფრანსუას ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, საჰერცოგო მემკვიდრეობით მის ძმას, ანრის ერგო, ხოლო 1547 წელს ანრიმ ბრეტანი საბოლოოდ მიუერთა საფრანგეთს.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსუა 1536 წლის 10 აგვისტოს გარდაიცვალა, 18 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების გარემოება ძალიან საეჭვო იყო და დღემდე სადავოდ რჩება ნამდვილი მიზეზი. როგორც წყაროები გვამცნობენ, ჩოგბურთის თამაშის შემდეგ, ფრანსუამ ჭიქა წყალი დალია, რის შემდეგაც სულ რამდენიმე წუთში მოწყვეტით დაეცა და გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზებიდან, ყველაზე გავრცელებული და ლოგიკურია, რომ იგი მისმა რძალმა ეკატერინემ მოწამლა. ის გრაფი, რომელმაც ფრანსუას ავბედითი ჭიქა მიაწოდა, იტალიელი იყო და ეკატერინეს დიდი ქომაგიც გახლდათ, ფრანსუას სიკვდილით კი ყველაზე მეტად სწორედ ეკატერინე იხეირებდა, რადგან მისი ქმარი მემკვიდრე გახდებოდა. გრაფი მონტეკუკოლი, ვინც ფრანსუას წყალი მიართვა, აწამეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს. თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ფრანსუას ჯანმრთელობა ესპანეთის ნესტიან ციხეში შეერყა და ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება. ფრანსუას გვამი გაკვეთეს კიდეც, თუმცა შხამი ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ეკატერინეს არ ამართლებს, რადგან როგორც ცნობილია, იგი საწამლავების დამზადების ექსპერტი იყო და ისეთ შხამებს ამზადებდა, რომელიც არანაირ კვალს არ ტოვებდა. მან ანალოგიურად მოწამლა თავისი მძახალი ჟანა დ'ალბრეც, ამიტომაც მიიჩნევა იგი ფრანსუას მკვლელად, მაგრამ დაზუსტებით მაინც შეუძლებელია ამის თქმა. ასე იყო, თუ ისე, მისი გარდაცვალებიდან ხუთასი წლის შემდეგაც ვერ გაუგიათ მეცნიერებს, ზუსტად რამ გამოიწვია მისი ნაადრევი გარდაცვალება.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Knecht, R.J. (1984). Francis I. Cambridge University Press. pp. 1–2.
- Anselme de Sainte-Marie, Père (1726). Histoire généalogique et chronologique de la maison royale de France [Genealogical and chronological history of the royal house of France] (in French). 1 (3rd ed.). Paris: La compagnie des libraires. pp. 134–136.
- Adams, Tracy (2010). The Life and Afterlife of Isabeau of Bavaria. Johns Hopkins University Press. p. 255.
- Gicquel, Yvonig (1986). Alain IX de Rohan, 1382-1462: un grand seigneur de l'âge d'or de la Bretagne (in French). Éditions Jean Picollec. p. 480. ISBN 9782864770718. Retrieved 28 June 2018.
- Jackson-Laufer, Guida Myrl (1999). Women Rulers Throughout the Ages: An Illustrated Guide. ABC-CLIO. p. 231.