შინაარსზე გადასვლა

იერუსალიმის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იერუსალიმის სამეფო
ლათ. Regnum Hierosolimitanum
ძვ. ფრანგ. Roiaume de Jherusalem
იტალ. Regno di Gerusalemme
ძვ. ბერძნ. Βασίλειον τῶν Ἱεροσολύμων
ებრ. ממלכת ירושלים
არაბ. مملكة القدس

 

1099–1291
 

დროშა გერბი
იერუსალიმის სამეფო-ს მდებარეობა
იერუსალიმის სამეფო და სხვა ჯვაროსნული სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთში 1135 წლისათვის
დედაქალაქი იერუსალიმი (1099–1187)
ტვიროსი (1187–1191)
აკრა (1191–1229)
იერუსალიმი (1229–1244)
აკრა (1244–1291)
ენები ლათინური, ძველი ფრანგული, იტალიური (ასევე არაბული და ბერძნული)
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია (ოფიციალური)
ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, სირიული მართლმადიდებლური ეკლესია, ისლამი, იუდაიზმი
მთავრობა ფეოდალური მონარქია
მეფე
 -  1099–1100 გოდფრუა ბუიონელი (პირველი)
 -  1285–1291 ანრი II იერუსალიმელი (ბოლო)
ისტორიული ერა მაღალი შუა საუკუნეები
 -  იერუსალიმის ალყა 15 ივლისი 1099
 -  სალადინის მიერ იერუსალიმის დაპყრობა 20 სექტემბერი–2 ოქტომბერი, 1187
 -  მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა 1189–1192
 -  მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა 1228–1229
 -  ლომბარდების ომი 1228–1243
 -  აკრის ალყა 18 მაისი 1291
დღეს ამ ტერიტორიაზე ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ისრაელის დროშა ისრაელი
პალესტინის დროშა პალესტინა
იორდანიის დროშა იორდანია
ლიბანის დროშა ლიბანი

იერუსალიმის სამეფო — დასავლეთევროპული ყაიდის უმსხვილესი სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის დროს, ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ. იერუსალიმის სამეფოსთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო 3 ფეოდალური სამთავრო: ანტიოქიის სამთავრო, ედესისა და ტრიპოლის საგრაფოები. იერუსალიმის სამეფოს პირველი მეფე იყო გოდფრუა ბუიონელი.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა და სამეფოს ჩამოყალიბება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯვაროსნული ლაშქრობები გამოიწვია X–XI საუკუნის დასავლეთ ევროპაში შექმნილმა სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ; ქალაქების წარმოშობამ და სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ფეოდალთა მატერიალური მოთხოვნები და გააუარესა გლეხთა მასების მდგომარეობა. დასავლეთ ევროპის ფეოდალებს განსაკუთრებით იზიდავდა ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნები. ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყების საბაბი გახდა XI საუკუნის მეორე ნახევარში თურქ-სელჩუკების მიერ მცირე აზიაში ბიზანტიის სამფლობელოებისა და ქრისტიანების წმინდა ქალაქის იერუსალიმის დაპყრობა. ბიზანტიამ დახმარებისათვის დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რომის პაპს მიმართა. ჯვაროსნული ლაშქრობების იდეური სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი გახდა რომის პაპი. დაპყრობით ომებს კათოლიკურმა ეკლესიამ რელიგიური ხასიათი მისცა და „ქრისტეს საფლავის ურჯულოთაგან“ განთავისუფლების პროპაგანდა გააჩაღა. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის (1096–1099) მოწყობის შესახებ კლერმონის (დღ. საფრანგეთი) საეკლესიო კრებაზე (1095) ხალხს მოწოდებით მიმართა რომის პაპმა ურბან II-მ. 1096 წლის გაზაფხულზე აღმოსავლეთისაკენ პირველად ღარიბი გლეხობა გაემართა. სელჩუკებმა ადვილად დაამარცხეს ცუდად შეიარაღებული ჯვაროსნები. მათი დიდი ნაწილი გაჟლიტეს, ნაწილი კი მონებად გაყიდეს. იმედგაცრუებული გლეხობა შემდგომში თანდათან ჩამოსცილდა ჯვაროსნულ ლაშქრობებს.[1]

ამ დროს იმ აზიურ ტერიტორიებს, რომლებიც ჯვაროსნებს უნდა გაევლოთ, სუნიტები აკონტროლებდნენ. ამ ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფოები სელჩუკთა იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდნენ, მათი შთამომავლებით სათავეში.[2] ეგვიპტე და პალესტინის უდიდესი ნაწილი არაბ შიიტ ფატიმიანებს ეპყრათ, რომლებიც სირიასაც კი აკონტროლებდნენ სელჩუკთა მოსვლამდე. ფატიმიანებსა და სელჩუკებს შორის ბრძოლები მნიშვნელოვნად აზარალებდა ადგილობრივ ქრისტიანებს და დასავლეთ ევროპელ პილიგრიმებს. ფატიმიანებს, რომლებსაც ნომინალურად ხალიფა ალ-მუსტალი, ხოლო ფაქტობრივად ვეზირი ალ-აფდალ შაჰანშაჰი მართავდა, სელჩუკებმა 1073 წელს იერუსალიმი წაართვეს. 1098 წელს, ჯვაროსნების მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე უკან დაიბრუნეს ართუქიდებისაგან, რომლებიც ასოცირდებოდნენ სელჩუკებთან.[3]

იერუსალიმის ალყა

ჯვაროსნებმა იერუსალიმს 1099 წელს მიაღწიეს. მანამდე მათ დაიპყრეს ნიკეა (ბიზანტიამ დაისაკუთრა), დორილეა, ანტიოქია, მაარი და იერუსალიმს მიადგნენ. თავდაპირველად აიღეს მიმდებარე ქალაქები — რამლა, ლიდა, ბეთლემი და სხვ., ხოლო 1099 წლის 15 ივლისს იერუსალიმში შევიდნენ.[4] 22 ივლისს, წმინდა საფლავის ტაძარში შეიკრიბა საბჭო, რათა ახლად დაარსებული იერუსალიმის სამეფოს მეფე აერჩია. რაიმონ IV ტულუზელი და გოდფრუა ბუიონელი იყვნენ იერუსალიმის ალყისა და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ლიდერები. ამ ორიდან რაიმონი იყო უფრო მდიდარი, მაგრამ თავდაპირველად მან უარყო შემოთავაზება მეფედ კურთხევაზე, შესაძლოა იმიტომ, რომ საკუთარი ღვთისმოსაობა ეჩვენებინა ან ფიქრობდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სხვა დიდებულები მაინც მის კანდიდატურას მოითხოვდნენ.[5] მასზე მეტად პოპულარული გოდფრუა ბუიონელი არ მერყეობდა და დათანხმდა საერო ლიდერის თანამდებობას. ცნობილია, რომ მან მიიღო წმინდა საფლავის მცველის (Advocatus Sancti Sepulchri ) ტიტული, მაგრამ იგი მხოლოდ წერილებშია სხვათა მიერ გამოყენებული და არა — გოდფრუას. ვილჰელმ დე ტირის (XII საუკუნის ისტორიკოსი) მიხედვით, მან არ დაიდგა ოქროს გვირგვინი იმ ქალაქში, სადაც მაცხოვარს ეკლის გვირგვინი ედგა თავზე.[6] რობერტ რეიმსელი (რობერტ ბერი), რომელიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის თანამედროვე იყო, თავის ნაწარმოებში (Historia Hierosolymitana) იხსენიებს, რომ გოდფრუამ მეფის ტიტული მიიღო.[7][8] რაიმონი გაბრაზდა და არმიასთან ერთად ქალაქი დატოვა. იერუსალიმის სამეფოს უსაფრთხოება და გოდფრუას რეპუტაცია უზრუნველყოფილ იქნა ასკალონის ბრძოლაში ფატიმიანების დამარცხებით (ამავე წლის 12 აგვისტოს; მუსლიმებს მეთაურობდა ალ-აფდალ შაჰანშაჰი). მაგრამ გოდფრუასა და რაიმონს შორის დაპირისპირებამ ხელი შეუშალა ჯვაროსნებს ასკალონის აღებაში.[9]

ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო რა უნდა გაკეთებულიყო ახალ სამეფოსთან დაკავშირებით. პაპის ლეგატი დაიმბერტ პიზელი გოდფრუას არწმუნებდა, რომ მისთვის გადაეცა იერუსალიმი, იგი გახდებოდა ლათინი პატრიარქი და ეს ახალი თეოკრატიული სახელმწიფო რომის პაპს დაემორჩილებოდა. ვილჰელმ დე ტირის თანახმად, გოდფრუა შესაძლოა კიდეც დასთანხმებოდა ლეგატის შეთავაზებას, მიეცა მისთვის „ერთი ან ორი სხვა ქალაქი და ამ გზით გაეფართოებინა სამეფო“ თუ დაიმბერტი იერუსალიმის მართვის ნებას დართავდა.[10] გოდფრუას მართლაც შეძლო სამეფოს საზღვრების გაზრდა. მან დაიპყრო იაფა, ხაიფა, ტიბერია და სხვა ქალაქები, ზოგიერთი ვასლად აქცია. მან საფუძველი ჩაუყარა სამეფოში ვასალურ სისტემას, მის დროს დაარსდა იაფის საგრაფო და გალილეის სამთავრო. მისი მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა, იგი 1100 წელს ავადმყოფობით გარდაიცვალა. მისმა ძმამ, ბალდუინმა წარმატებით დაძლია დაიმბერტის წინააღმდეგობა და თავი „იერუსალიმის ლათინთა მეფედ გამოაცხადა“. იგი იერუსალიმის მაგივრად ბეთლემში ეკურთხა, მაგრამ პაპის ლეგატის ცდა, რომ თეოკრატია ჩამოეყალიბებინა, უშედეგოდ დამთავრდა.[11] სეკულარულ ჩარჩოებში კათოლიკური ეკლესიის იერარქია შეიქმნა, დაექვემდებარა ადგილობრივი აღმოსავლეთის და სირიული მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებმაც საკუთარი იერარქია შეინარჩუნეს. იერუსალიმის ლათინ პატრიარქს დაექვემდებარა ოთხი არქიეპარქია და რამდენიმე სხვა ეპარქია.[12]

ბალდუინ I-ის მეფობისას იერუსალიმის სამეფო კიდევ უფრო გაფართოვდა. გაიზარდა ლათინური მოსახლეობის რიცხვი, რაზეც გავლენა 1101 წლის ჯვაროსნულმა ლაშქრობამ იქონია, რამაც გააძლიერა სამეფო. ბალდუინმა იერუსალიმში ფრანგები და ადგილობრივი ქრისტიანები დაასახლა 1115 წლის იორდანეს მიღმა განხორციელებული ექსპედიციის შემდეგ.[13] იტალიური ქალაქ-სახელმწიფოებისა და თავგადასავლების მაძიებელთა, განსაკუთრებით სიგურდ I-ის (იხ. ნორვეგიული ჯვაროსნული ლაშქრობა) დახმარებით, ჯვაროსნებმა დაიპყრეს სანაპირო ქალაქები: აკრა (1104), ბეირუთი (1110) და სიდონი (1111). თავისი სუვერენიტეტი გაავრცელა ჩრდილოეთით მდებარე ჯვაროსნულ სახელმწიფოებზეედესა (რომელიც თავად დააარსა 1097 წელს, ჯვაროსნული ლაშქრობისას), ანტიოქია და ტრიპოლი (1109 წელს ქალაქის აღებაში ეხმარებოდა სხვა ჯვაროსნებს). წარმატებით იცავდა თავს მუსლიმთა შეტევებისგან, ფატიმიანებს შეებრძოლა 3-ჯერ რამლასთან და უზრულნელყო უსაფრთხოება სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ხოლო ალეპოსა და დამასკოდან მომავალი საფრთხე აიცილა 1113 წლის ალ-სანაბრის ბრძოლით, მართალია იგი დამარცხდა, მაგრამ სელჩუკებმა ვერ მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება.[14] თომას მედენის თქმით, ბალდუინი იყო „იერუსალიმის სამეფოს ნამდვილი დამაარსებელი“, რომელმაც „გარდაქმნა უმნიშვნელო წარმონაქმნი მსხვილ ფეოდალურ სახელმწიფოდ. ბრწყინვალებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მან ჩამოაყალიბა ძლიერი მონარქია, დაიპყრო პალესტინის სანაპირო, შეარიგა ჯვაროსანი ბარონები და განამტკიცა საზღვრები მუსლიმ მეზობლებთან“.[15]

ბალდუინ I-ის დაკრძალვა წიგნიდან Les Passages d'outremer faits par les Français contre les Turcs depuis Charlemagne jusqu'en 1462.

ბალდუინი დაქორწინდა სომეხი პოლიტიკური მოღვაწის და ედესის ყოფილ მთავარ თოროს ედესელის ქალიშვილ არდაზე. ქორწინება ედესის სომხური მოსახლეობის მხარდასაჭერად სჭირდებოდა, ხოლო მაშინ, როცა იერუსალიმში აღარ იყო საჭირო სომეხთა მხარდაჭერა, განქორწინდა. 1113 წელს იგი დაქორწინდა ადელაიდა დელ ვასტოზე, რომელიც სიცილიის მეფის — როჯერ II-ის დედა იყო. 1117 წელს მასთანაც განქორწინდა, რამაც როჯერის უკმაყოფილება გამოიწვია და ათწლეულების განმავლობაში სიცილიის ფლოტი არ უწევდა დახმარებას იერუსალიმს.[16]

1118 წელს ბალდუინ I, ეგვიპტეში მიმდინარე კამპანიის დროს მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა. მეფობა მის ძმას, ბულონის გრაფ ესტაშ III-ს შესთავაზეს, რომელიც თან ახლდა ბალდუინსა და გოდფრუას ჯვაროსნულ ლაშქრობაში. ესტაშმა ინტერესი არ გამოთქვა მეფობაზე, ამიტომ სამეფო ტახტი ბალდუინის, ესტაშისა და გოდფრუას შორეულ ნათესავს (შესაძლოა მამიდაშვილის შვილს) ბალდუინ II-ს გადასცეს, რომელიც ამ დროს ედესის გრაფი იყო. ისიც ასევე წარმატებით ებრძოდა სელჩუკებსა და ფატიმიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სარმადის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ანტიოქიის სამთავრო დასუსტდა და თავად ბალდუინიც 1122–1124 წლებში პატიმრობაშიც კი იყო ალეპოს ამირას მიერ, იგი წარმატებით გაუძღვა ჯვაროსნულ სახელმწიფოებს აზაზის ბრძოლაში 1125 წელს. ბალდუინ II-ის მეფობისას ჩამოყალიბდა პირველი სამხედრო ორდენები: ტამპლიერები და ჰოსპიტალიერები. 1120 წელს, ნაბლუსის საბჭოზე შეიქმნა სამეფოს უძველესი წერილობითი კანონები. 1124 წელს გაფორმდა პირველი კომერციული ხელშეკრულება (ე. წ. Pactum Warmundi) ვენეციის რესპუბლიკასთან. ვენეციის სამხედრო და საზღვაო დახმარების ზრდა გამოიხატა ამავე წელს ტვიროსის დაპყრობაში (იხ. ვენეციური ჯვაროსნული ლაშქრობა). იერუსალიმის გავლენა ედესასა და ანტიოქიაზე ძლიერი იყო, რადგან ბალდუინი მათი მმართველების ბრძოლებში დაღუპვის შემდეგ რეგენტი ორივეს გახდა, აგრეთვე ბალდუინის ტყვეობაში ყოფნისას იერუსალიმში მოქმედებდა რეგენტული ხელისუფლება.[17] ბალდუინ II-მ იქორწინა სომეხ წარჩინებულ მორფია მელიტენელზე და მისგან ოთხი ქალიშვილი ეყოლა: ჰოდერნა და ალისა დაქორწინდნენ ტრიპოლისა და ანტიოქიის მმართველებზე, ივეტი გახდა გავლენიანი იღუმენია, ხოლო უფროსი მელისენდა მისი მემკვიდრე გახდა (ბალდუინი 1131 წელს გარდაიცვალა) ქმართან, ფულკ V ანჟუელთან ერთად. მათი ვაჟი, ბალდუინ III პაპამ თანამემკვიდრედ გამოაცდახა.[18]

ფულკ V ანჟუელის მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფულკ V (იერუსალიმისათვის ფულკ I) გამოცდილი ჯვაროსანი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 1120 წელს სამხედრო დახმარება გაუწია იერუსალიმის სამეფოს პილიგრიმობის დროს. მან იერუსალიმი ანჟუს იმპერიის სფეროში მოაქცია, როგორც ჟოფრუა V ანჟუელის მამამ და მომავალი ინგლისის მეფის, ჰენრი II-ის პაპამ. ყველა არ შეეგუა უცხოელის მმართველობას. 1132 წელს, ედესამ, ტრიპოლმა და ანტიოქიამ მოისურვეს სრული დამოუკიდებლობა და შეთქმულება მოაწყვეს ფულკის წინააღმდეგ, რათა მისი სუვერენიტეტიდან გასულიყვდნენ. მან ტრიპოლი ბრძოლაში დაამარცხა, ხოლო ანტიოქიაში რეგენტი დასვა. გამართა ქორწილი გარდაცვლილი მთავრის ქალიშვილის (სამთავროს მმართველის), კონსტანსიასა და თავის ახლო ნათესავ რაიმონ დე პუატიეს შორის.[19] ამავდროულად, ადგილობრივი დიდგვაროვნები უკმაყოფილონი იყვნენ იმის გამო, რომ მეფე ანჟუელ ამალას ანიჭებდა უპირატესობას. 1134 წელს მის წინააღმდეგ აჯანყდა იაფის გრაფი ჰუგო II დე პიუიზე. მას ეხმარებოდა ასკალონის მუსლიმური გარნიზონიც, რის გამოც მოვალეობის ღალატში დასდეს ბრალი მოგვიანებით. ლათინი პატრიარქი ჩაერია საქმეში და მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰუგოს მკვლელობა სცადეს, ეს მოლაპარაკებები შეწყდა, რადგან ბრალი ფულკს დასდო. ამ არეულობამ დედოფალ მელისენდას და მის მომხრეებს საშუალება მისცა სახელმწიფოს მმართველობა ჩაეგდო ხელში, როგორც მამამისს ჰქონდა განზრახული.[20] „ფულკი ამის შემდეგ ცოლის ცოდნისა და დახმარების გარეშე არც ერთ გადაწყვეტილებას აღარ იღებდა.[21]

ფულკი აღმოჩნდა ახალი ძლიერი მტრის წინაშე; მოსულის ათაბაგმა იმად ალ-დინ ზანჯიმ ალეპოზე დაამყარა კონტროლი და მზერა დამასკოსკენ მიმართა. ცხადია ამ სამი ძლიერი სახელმწიფოს გაერთიანება იერუსალიმის მზარდი ძალისათვის დიდი დარტყმა აღმოჩნდებოდა. 1137–1138 წლებში, ბიზანტიის იმპერატორ იოანე II კომნენოსის ჩარევამ, რომელმაც იმპერიის სუვერენიტეტი გაავრცელა ყველა ჯვაროსნულ სახელმწიფოზე, ვერ შეძლო ზანჯისგან მომდინარე საფრთხის შეჩერება. 1139 წელს ხელშეკრულება გაფორმდა იერუსალიმსა და დამასკო შორის ზენგიდების წინააღმდეგ, რამაც შეაჩერა ზანჯის წინსვლა. ფულკმა ეს დრო რამდენიმე ციხესიმაგრის ასაგებად გამოიყენა, მათ შორის: იბელინი და კერაკი.[22] 1143 წელს, ორივე, ფულკიც და იოანე II-ც ნადირობის დროს დაიღუპნენ უბედური შემთხვევების შედეგად. მათი გარდაცვალების შემდეგ, ზანჯი შეიჭრა და დაიპყრო ედესა 1144 წელს. მელისენდამ, როგორც უფროსი ვაჟის, ახალი მეფის, ბალდუინ III-ის რეგენტმა, დანიშნა ახალი კონსტებლი მანასე დე იერჟი, რათა წინ გაძღომოდა არმიას, მაგრამ ჯვაროსნებმა ვერ შეძლეს ედესის დაბრუნება მას შემდეგაც კი, რაც ზანჯი მონამ მოკლა (1146).[23] ედესის დაცემამ შეაძრწუნა ევროპელი მონარქები და 1148 წელს წამოიწყეს მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა.

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დამასკოს ალყა, ევროპული მინიატურა

აკრაში შეხვედრის შემდეგ, ჯვაროსანი მეფეები კონრად III (გერმანია), ლუი VII (საფრანგეთი), დედოფალი მელისენდა, ბალდუინ III და სამეფოს მთავარი დიდებულები შეთანხმდნენ, რომ იერიში მიეტანათ დამასკოზე. ზანჯის სიკვდილის შემდეგ, მისი სახელმწიფო ვაჟებს შორის დანაწილდა. დამასკომ კავშირი შეკრა ზანჯის ერთ-ერთ შვილთან, ალეპოს ამირა იმად ალ-დინ ზანჯისთან. შესაძლოა დამასკო საუკეთესო ვარიანტი იყო ედესის დასაბრუნებლად, ვიდრე ალეპო თუ სხვა ქალაქები ჩრდილოეთით. ჯვაროსნები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ მის აღებას და მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში განხორციელებული ალყაც უშედეგო აღმოჩნდა. როდესაც ქალაქი თითქმის დაცემის პირას იყო, ჯარისკაცებმა კედლის სხვა მონაკვეთს შეუტიეს, მაგრამ ეს შეტევა მოგერიებულ იქნა. სამ დღეში ალყა მოხსნეს და უკან დაიხიეს. ადგილი ჰქონდა ღალატსა და მექრთამეობას, კონრადი კი არ ენდობოდა იერუსალიმის დიდგვაროვნებს. მარცხის შემდეგ ფრანგული და გერმანული არმიები ევროპაში დაბრუნდნენ, დამასკო კი რამდენიმე წლის შემდეგ ნურ ალ-დინის კონტროლ ქვეშ გადავიდა.[24]

მეორე ჯვარუსნული ლაშქრობის მარცხს სამეფოსათვის გრძელვადიანი შედეგები მოჰყვა. დასავლეთის ქვეყნებმა შემდგომი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეწყვიტეს ჯარის გაგზავნა წმინდა მიწაზე. მხოლოდ პატარა არმიები მიემართებოდნენ მცირე დიდებულებით სათავეში, რომლებსაც ქრისტიანობის წმინდა ადგილების მოლოცვა (პილიგრიმობა) სურდათ. სირიის სახელმწიფოები ნელ-ნელა ნურ ალ-დინ ზანჯის ხელში გაერთიანდნენ, რომელმაც 1149 წელს ინაბის ბრძოლაში დაამარცხა ჯვაროსნები. 1154 წელს კი დამასკოზე მოიპოვა კონტროლი. ზანჯი ღვთისმოსავი ადამიანი იყო, მისი მმართველობისას ჯიჰადის კონცეფცია განიხილებოდა, როგორც ანტი-ჯვაროსნული ომი იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც მუსლიმთა პოლიტიკური და რელიგიური ერთობის დამაბრკოლებელ პლატფორმას წარმოადგენდა.[25]

იერუსალიმში ჯვაროსნებს ყურადღება გადატანილი ჰქონდათ მელისენდასა და ბალდუინ III-ს შორის კონფლიქტზე. მელისენდა სამეფოს მართვას აგრძელებდა რეგენტის სახით მაშინაც კი, როდესაც ბალდუინმა სრულწლოვნების ასაკს მიაღწია. მას მხარს უჭერდა კონსტებლი მანასე დე იერჟი, ამალრიკი (ვაჟი, რომელსაც იაფის საგრაფო გადაეცა), ფილიპ დე მილი და იბელინთა ოჯახი. ბალდუინმა თავისი დამოუკიდებლობა დამტკიცა ანტიოქიასა და ტრიპოლს შორის კამათის მოგვარებაში და აგრეთვე მიიღო ძმები იბელინების მხარდაჭერამ, როდესაც ისინი მანასესის მზარდი ძალაუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ (მანასეს ძალაუფლების გაძლიერებას ხელი შეუწყო მისმა ქორწილმა ბარისან დე იბელინის ქვრივზე, ელვის რამლელზე. 1153 წელს ბალდუინი წავიდა კომპრომისზე და თავი ერთპიროვნულ მმართველად გამოაცხადა, სამეფო ორად გაიყო: აკრა, ტვიროსი და ჩრდილოეთი მხარე მას დაექვემდებარა, ხოლო იერუსალიმსა და სამხრეთის ქალაქებში მელისენდას ძალაუფლება დარჩა. მეფემ ისიც მოახერხა, რომ მანასე თავისი მხარდამჭერით, ონფრუა II ტორონელით ჩაანაცვლა.

დავითის კოშკი, იერუსალიმი

ბალდუინმა და მელისენდამ იცოდნენ, რომ ეს მდგომარეობა სამეფოსათვის დამანგრეველი იყო. ამიტომ, მალევე ბალდუინი შეიჭრა დედამისის ტერიტორიაზე, დაამარცხა მანასე. დედამისმა დავითის კოშკში შეაფარა თავი, მაგრამ საბოლოოდ დანებდა. იგი ნაბლუსში გადაიყვანეს, შეუნარჩუნდა რეგენტის თანამდებობა, აგრეთვე მთავარი მრჩეველიც გახდა, რამაც შეუნარჩუნა მას გავლენა, განსაკუთრებით საეკლესიო თანამდებობის პირების დანიშვნაში.[26] 1153 წელს, ბალდუინმა შეტევა დაიწყო ასკალონის მიმართულებით. ეს ციხესიმაგრე მყარ საყრდენს წარმოადგენდა ფატიმიდებისათვის, საიდანაც ისინი ყოველწლიურად აწყობდნენ მარბიელ ლაშქრობებს სამეფოს დაარსებიდან. დაპყრობის შემდეგ ასკალონი იაფის საგრაფოს შეუერთდა (ეწოდა იაფის და ასკალონის საგრაფო), რომელსაც ჯერ კიდევ მეფის ძმა, მომავალი მეფე ამალრიკი მართავდა.[27]

ალიანსი ბიზანტიასთან და ეგვიპტეში ლაშქრობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასკალონის დაპყრობის შემდეგ, იერუსალიმის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი უსაფრთხო გახდა. უწინ ძლევამოსილი ეგვიპტე, ახლა რამდენიმე არასრულწლოვანი ხალიფის მმართველობისას დასუსტდა და იერუსალიმის მოხარკე სახელმწიფოდ გადაიქცა. ნურ ალ-დინ ზანჯი ისევ რჩებოდა საფრთხედ აღმოსავლეთიდან. ახლა უკვე ბიზანტიასთანაც მეტოქეობის გაწევა იყო საჭირო, რადგან იმპერატორმა მანუელ I-მა 1137 წელს გაილაშქრა ანტიოქიაზე და იგი დროებით ბიზანტიის ვასალი გახდა.[28] მუსლიმთა მზარდი ძალების წინააღმდეგ თავდაცვისათვის ბალდუინ III-მ პირველი პირდაპირი სამხედრო ალიანსი დაამყარა ბიზანტიასთან: მან მანუელ I-ის ძმისშვილზე, თეოდორა კომნენეზე იქორწინა, ხოლო თავად მანუელმა ცოლად შეირთო მარია ანტიოქელი, ბალდუინის დეიდაშვილის შვილი.[29] ვილჰელმ ტვიროსელის თქმით იმედოვნებდნენ, რომ მანუელი „შეძლებდა თავისი სიმდიდრით შეემსუბუქებინა ის უბედურება, რომელსაც ეს მიწა უძლებდა და მათ სიღარიბეს შეცვლიდა ზესიუხვით.“[30]

ბალდუინ III-ის გარდაცვალება და ამალრიკის მეფედ კურთხევა, XIII საუკუნის მინიატიური

ბალდუინი 1162 ან 1163 წელს გარდაიცვალა, ცოტა ხნის შემდეგ რაც დედამისი მელისენდა. ახალი მეფე მისი ძმა, ამალრიკ I გახდა, რომელმაც ზემოთხსენებული ალიანსი განაახლა. 1163 წელს ეგვიპტეში ქაოსური სიტუაციის დროს, იერუსალიმს ხარკის მიცემა შეუწყვიტეს და დახმარებისათვის ნურ ალ-დინ ზანჯი მოიხმეს; საპასუხოდ ამალრიკი (ან ამორი) ეგვიპტეში შეიჭრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნილოსმა ბილბეისის მიმდებარე ტერიტორიები დატბორა, უკან დაბრუნება მოუწია. ეგვიპტის ვეზირმა შავარმა კვლავ მოუწოდა ნურ ალ-დინს დახმარებისკენ, რომელმაც თავისი ერთ-ერთი სარდალი, შირკუჰი ეგვიპტის მმართველად გამოაცხადა და გაგზავნა, მაგრამ შავარი მალევე შებრუნდა მის წინააღმდეგ და ამალრიკს მოუხმო დასახმარებლად. 1164 წელს ამალრიკმა და შავარმა ალყაში მოაქციეს შირკუჰი ბილბეისთან, მაგრამ ორივეს (ამალრიკსა და შირკუჰს) უკან მოუწიათ გაბრუნება, რადგან ზანჯიმ ამასობაში დაამარცხა ტრიპოლი და ანტიოქია ჰარიმის ბრძოლაში. ანტიოქიის დაცემა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ზანჯიმ უკან დაიხია, როდესაც იმპერატორმა მანუელმა საკმაოდ დიდი არმია გაგზავნა. 1166 წელს შირკუჰი ისევ შეიჭრა ეგვიპტეში, შავარმა ამჯერადაც ამალრიკს სთხოვა დახმარება. ალ-ბაბეინის ბრძოლაში ტაქტიკური ფრის (მაგრამ უფრო ჯვაროსანთა დამარცხების) შემდეგ, ორივე მხარემ დაიხია. შავარმა შეინარჩუნა ეგვიპტე. კაიროში ჯვაროსანთა გარნიზონი ჩადგა.[31][32] ბიზანტიასთან ალიანსი განამტკიცა მანუელის ძმის შვილიშვილზე, მარია კომნენეზე ქორწინებით 1167 წელს. ამავდროულად კონსტანტინოპოლში გაიგზავნა ელჩობა ვილჰელმ ტვიროსელის მეთაურობით. 1168 წელს ამალრიკი ეგვიპტეში შეიჭრა და გაძარცვა ბილბეისი ისე, რომ არ დაელოდა მანუელის შეპირებული ფლოტის დახმარებას. მან ვერაფერს მიაღწია, მაგრამ მისმა ქმედებებმა აიძულა შავარი, რომ მის წინააღმდეგ წასულიყო და დახმარება ისევ შირკუჰისთვის ეთხოვა. შავარი მალევე მოკლეს, შირკუჰი 1169 წელს გარდაიცვალა და იგი ჩაანაცვლა სალადინმა. იმავე წელს მანუელმა 300 გემისაგან შემდგარი ბიზანტიური ფლოტი გააგზავნა ამალრიკის დასახმარებლად. მათ დამიეტა მოაქციეს ალყაში. ეს ფლოტისამი თვის განმავლობაში მიცურავდა მხოლოდ სამი თვის საკმარი საკვებით. ამ დროისათვის ჯვაროსანთა მარაგებიც ამოიწურა და ფლოტიც უკან გაბრუნდა. თითოეულმა მხარემ გამოიწვია მეორის მარცხი. ისინი ხვდებიდნენ, რომ ეგვიპტეს ერთმანეთის დახმარების გარეშე ვერ დაიპყრობდნენ, ამიტომაც შენარჩუნდა ალიანსი და მომდევნო ლაშქრობებიც დაიგეგმა, რომლებიც საბოლოოდ არ განხორციელდა.[33]

საბოლოო ჯამში ნურ-ალ-დინ ზანჯი გამარჯვებული გამოვიდა ომიდან, ხოლო სალადინმა თავი ეგვიპტის სულთნად გამოაცხადა. ამ დროიდან მან დაიწყო მოქმედებები ზანჯისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ასეთი მომენტი აღმოჩნდა 1174 წელი, როდესაც ორივე, ამალრიკი და ზანჯი გარდაიცვალა. სალადინმა მიზნად დაისახა ზანჯის სირიულ ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვება.[34] პრო-დასავლურ იმპერატორ მანუელ I-ის სიკვდილის შემდეგ (1180), იერუსალიმის სამეფომ დაკარგა ყველაზე ძლიერი მოკავშირე.

სამეფოს შემდეგი მოვლენები უფრო ხშირად ცნობილია, როგორც ბრძოლა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. ესენი იყო: „სამეფო კარის პარტია“, რომელშიც შედიოდნენ ბალდუინის დედა, ამალრიკის პირველი ცოლი აგნეს დე კურტენე, მისი უშუალო ოჯახი და ევროპიდან ახალჩამოსული პირები, რომლებიც გამოუცდელნი იყვნენ იერუსალიმის სამეფოს საქმეებში და სალადინთან ომს ემხრობოდნენ და „კეთილშობილთა პარტია“, რომელსაც რაიმონ III ტრიპოლელი მეთაურობდა. ამ პარტიაში შედიოდნენ სამეფოს მცირე კეთილშობილები. ისინი მუსლიმებთან მშვიდობას და თანაარსებობას უჭერდნენ მხარს. ამგვარ ინტერპრეტაციას გვაწვდის ვილჰელმ ტვიროსელი, რომელიც მყარად იდგა კეთილშობილთა მხარეზე. მის ხედვას განიხილავდნენ და მხარს უჭერდნენ შემდეგი ისტორიკოსები: მარშალ უ. ბალდუინი,[35] სტივენ რანსიმენი[36] და ჰანს ელიზაბეთ მაიერი.[37] პიტერ უ. ედბარი ამბობს, რომ ვილჰელმ ტვიროსელისა და მეცამეტე საუკუნის იმ ავტორების ნაშრომები, რომლებმაც მისი ქრონიკა ფრანგულ ენაზე გააგრძელეს, არ შეიძლება ჩაითვალოს მიუკერძოვებლად, რადგან ისინი რაიმონ ტრიპოლელის მომხრეების მხარდამჭერები იყვნენ.[38] მიუხედავად იმისა, რომ ეს მოქმედებები ნათლად იყო დინასტიური ბრძოლა, „გაყოფა ორ ჯგუფად არ ყოფილა ადგილობრივ ბარონებსა და ახალჩამოსულებს შორის, არამედ მეფის დედისა და მამის საგვარეულოებს შორის“.[39]

ბალდუინ IV-ის მცირეწლოვანების დროს, სამეფოს ბეილიფი და რეგენტი მილ დე პლანსი იყო. 1174 წლის ოქტომბერში მილი მოკლეს. რაიმონ III, ამალრიკის ბებიის დისშვილი გახდა ახალი რეგენტი. ძლიერ სავარაუდოა, რომ მკვლელობა რაიმონისა და მისი მომხრეების დაკვეთით მოხდა.[40] ბალდუინმა სრულწლოვანებას 1176 წელს მიაღწია და მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, მას არ ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, რომ რეგენტი ჰყოლოდა. რაიმონი იყო ბალდუინის უახლოესი მამაკაცი ნათესავი მამის ხაზით და გააჩნდა უფლებები ტახტზე, ამიტომაც დიდი შეშფოთება არსებობდა მისი ამბიციების გამო, რადგან ბალდუინს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. ბალანსისათვის, მეფე დროდადრო ცვლიდა მას საკუთარი ბიძით, ჟოსლენ III-ით, რომელიც 1176 წელს სენეშალი გახდა; ჟოსლენი მეფის უფრო ახლო ნათესავი იყო, ვიდრე რაიმონი, მაგრამ მას ტახტზე უფლებები არ გააჩნდა.[41]

როგორც კეთროვანს, ბალდუინ IV-ს არ შეეძლო ჰყოლოდა შვილები და მისი ხანგრძლივი მეფობაც გამორიცხული იყო. ამიტომ მემკვიდრეობის ფოკუსი გაკეთდა მის და სიბილასა და უმცროს ნახევარდა იზაბელაზე. ბალდუინმა და მისმა მრჩევლებმა გადაწყვიტეს, რომ სიბილა აუცილებლად უნდა დაქორწინებულიყო დასავლეთევროპელ დიდებულზე, რათა სამხედრო კრიზისში დახმარება ჰქონოდათ. ჯერ კიდევ რაიმონ ტრიპოლის სიცოცხლეში, ქორწილი მოხდა სიბილასა და გულიელმო მონფერატელზე, რომელიც საფრანგეთის მეფე ლუი VII-ისა და საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას ნათესავი იყო. იმედოვნებდნენ, რომ იმპერატორი მათ დასახმარებლად წამოვიდოდა.[42] იერუსალიმი დახმარებას კვლავ ბიზანტიისაგან მოითხოვდა, იმპერატორი მანუელი კი გზას ეძებდა, რათა აღედგინა იმპერიის პრესტიჟი 1176 წელს მირიოკეფალონის ბრძოლაში დამარცხების გამო; ეს მისია წამოიწყო რენო დე შატიიონმა.[43] 1176 წელს გულიელმო წმინდა მიწაზეჩავიდა, მაგრამ ავად გახდა და 1177 წელს გარდაიცვალა ისე, რომ მისი ქვრივი სიბილა ორსულად იყო მომავალ ბალდუინ V-ზე. რენო რეგენტად დაინიშნა.[44]

მალევე, ფილიპ I ფლანდრიელი ჩავიდა იერუსალიმში მოსალოცად. იგი მეფის მამიდაშვილი იყო. მეფემ მას რეგენტობა და არმიის სარდლობა შესთავაზა, მაგრამ ფილიპმა უარი განაცხადა. თუმცა იგი რენოს რეგენტობის წინააღმდეგი იყო. მან სცადა სიბილას მეორე ქორწინების მოლაპარაკებებში ჩარევა და კანდიდატურად შესთავაზა ერთ-ერთი პირი თავისი ამალიდან, მაგრამ ადგილობრივმა ბარონებმა უარყვეს მისი შეთავაზება. გარდა ამისა, ფილიპი თითქოს ფიქრობდა ეგვიპტეში საკუთარი ტერიტორიების მოპოვებაზე, მაგრამ უარი განაცხადა ბიზანტია-იერუსალიმის ექვედიცის მოწყობის დაგეგმაში მონაწილეობაზე. ექსპედიცია გადაიდო და საბოლოოდ გაუქმდა. ფილიპმა თავისი ჯარი ჩრდილოეთით წაიყვანა.[45]

იერუსალიმის არმიის დიდი ნაწილი ფილიპთან, რაიმონ III-სთან და ბოემონდ III-სთან ერთად გაემართა ჩრილოეთით, რათა ჰამასათვის შეეტიათ. სალადინს სამეფოს დაპყრობის საშუალება მიეცა. ბალდუინმა დაამტკიცა, რომ შეეძლო ყოფილიყო ეფექტური და ენერგიული მეფე, ასევე კარგი სტრატეგი: 1177 წელს მონჟისარის ბრძოლაში დაამარცხა რიცხვობრივად დიდი მუსულმანთა არმია. მეფის ავადმყოფობის მიუხედავად, მისი მონაწილეობა ბრძოლაში შთამაგონებელი იყო არმიისათვის, პირდაპირი სამხედრო გადაწყვეტილებები რენომ მიიღო.[46]

ჰუგო III ბურგუნდიელი მოელოდა, რომ იერუსალიმში გაემგზავრებოდა და სიბილაზე დაქორწინება, მაგრამ მან ვერ შეძლო საფრანგეთის დატოვება პოლიტიკური არეულობის გამო 1179–1180 წლებში ლუი VII-ის გარდაცვალების შემდეგ. ამავდროულად, ბალდუინ IV-ისა და სიბილას დედინაცვალი, იზაბელას დედა — მარია კომნენე ბალიან დე იბელინზე დაქორწინდა. 1180 წლის აღდგომაზე, რაიმონმა და ბოემონდმა სცადეს სიბილას ქორწინება ბალიანის ძმაზე, ბალდუინ დე იბელინზე. რაიმონი და ბოემონდი მეფის უახლოესი ნათესავები იყვნენ მამის ხაზით და მათ ჰქონდათ შანსი ტახტის ხელში ჩაგდებისა, თუ მეფეს მემკვიდრე ან შესაფერისი ჩამნაცვლებელი არ ეყოლებოდა. სანამ ისინი ჩავიდოდნენ, აგნესმა და ბალდუინმა გადაწყვიტეს სიბილას დაქორწინება პუატუელ ახალჩამოსულ გი დე ლუზინიანზე, რომლის უფროსი ძმა, ამორი დე ლუზინიანი იკვე სამეფო კარზე იმყოფებოდა.[47] საერთოდ, ლუზინიანები ინგლისის მეფის, ბალდუინისა და სიბილას ბიძაშვილის (მამის ძმისშვილის), ჰენრი II-ის ვასალები იყვნენ. მეფე თავისი რვა წლის და, იზაბელა დანიშნა ონფრუა IV ტორონელზე, ძლევამოსილ რენო დე შატიიონის გერზე. ამით იზაბელა იბელინთა ოჯახისა და დედამისის გავლენიდან გამოვიდა.[48]

ორ ფრაქციას („პარტიას“) შორის დაპირისპირებამ გავლენა მოახდინა 1180 წელს ახალი პატრიარქის არჩევის პროცესზე. როდესაც 1180 წლის 6 ოქტომბერს პატრიარქი ამორი გარდაიცვალა, მის შემცვლელად ორი აშკარა პრეტენდენტი დასახელდა: ვილჰელმ ტვიროსელი და ჰერაკლე დე ოვერნი. ისინი მონაცემებითა და განათლებით ერთსა და იმავე მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ პოლიტიკურად სხვადასხვა მხარეზე აღმოჩნდნენ: ჰერაკლე აგნეს დე კურტენეს უჭერდა მხარს. წმინდა საფლავის წარმომადგენლებმა მეფეს კითხეს რჩევა. საბოლოოდ ჰერაკლე იქნა არჩეული პატრიარქად აგნესის გავლენით. არსებობდა ჭორები აგნესისა და ჰერაკლეს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ისინი ვილჰელმ ტვიროსელის ისტორიის გამგრძელებელთა მოგონილი იყო. ამის დამამტკიცებებლი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.[49][50]

1181 წლის ბოლოს, რენო დე შატიიონი შეიჭრა სამხრეთით, არაბეთში და მედინისაკენ გაემართა, მაგრამ შორს აღარ წავიდა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დროს შეუტია მან მუსლიმთა ქარავანს. იერუსალიმის სამეფოს სალადინთან ზავი ჰქონდა დადებული და რენოს ეს მოქმედება ძარცვის დამოუკიდებელ ფაქტად შეფასდა. შესაძლოა ეს მიზნად ისახავდა სალადინის ჩრდილოეთისაკენ სვლის შეჩერებას, რომელსაც ალოპეზე კონტროლის მოპოვება სურდა, რაც საბოლოოდ მის პოზიციებს გააძლიერებდა.[51] საპასუხოდ სალადინი 1182 წელს იერუსალიმს თავს დაესხა, მაგრამ ბელვუარის ციხესიმაგრესთან გამართულ ბრძოლაში დამარცხდა. ავადმყოფობის მიუხედავად მეფე ბალდუინმა მაინც შეძლო და არმიას პირადად გაუძღვა. სალადინმა სცადა ბეირუთის ალყაში მოქცევა ხმელეთიდან და ზღვიდან, ხოლო ბალდუინი თავს დაესხა დამასკოელთა ტერიტორიებს. ორივე მხარემ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი ერთმანეთ ვერ მიაყენეს. 1182 წლის დეკემბერში, რენომ წამოიწყო საზღვაო ექსპედიცია და უკიდურეს სამხრეთით მიაღწია რაბიღს. ექსპედიცია დამარცხდა, რენოს ორი ჯარისკაცი მექაში გადაიყვანეს სახალხოდ სიკვდილით დასასჯელად. ადრინდელი ექსპედიციების მსგავსად, ეს ექსპედიციაც პირადი გადაწყვეტილებით განხორციელდა, რაც საბოლოოდ იერუსალიმისათვის ფატალური აღმოჩნდა, თუმცა ბერნარდ ჰამილტონის აზრით ეს გამჭრიახი სტრატეგია მიზნად ისახავდა სალადინის პრესტიჟისა და რეპუტაციის შელახვას.[52]

1183 წელს საყოველთაო გადასახადი დაწესდა სამეფოს მთელ ტერიტორიაზე, რომელიც უპრეცედენტო იყო იერუსალიმში და თითქმის მთელ შუა საუკუნეების ევროპაში. გადასახადი საჭირო იყო უფრო დიდი არმიის შესანახად მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე. მეტი არმიის საჭიროება გამოიწვია სალადინის მიერ ალეპოზე კონტროლის მოპოვებამ და მის ჩრდილოეთ ტერიტორიებთან ზავის დადებამ, რამაც იერუსალიმზე ფოკუსირების საშუალება მისცა. მეფე ბალდუინი იმდენად უნარწართმეული იყო დაავადებით, რომ საჭირო გახდა რეგენტის დანიშვნა. ამ კანდიდატურაზე აირჩიეს მისი სამართლებრივი მემკვიდრე, გი დე ლუზინიანი. მეფის სიცოცხლე დიდხანს აღარ იყო მოსალოდნელი. გამოუცდელი გი მეთაურობდა ლაშქარს სამეფოში შეჭრილი სალადინი არმიის წინააღმდეგ, მაგრამ ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია წარმატებას. ლუზინიანი გაკრიტიკებული იქნა ოპონენტების მხრიდან იმიტომ, რომ არ დაარტყა მუსლიმთა ძალებს მაშინ, როცა ამის შანსი ჰქონდა.[53]

1183 წლის ოქტომბერში, კერაკის ციხესიმაგრეში იზაბელა იერუსალიმელი დაქორწინდა ონფრუა IV ტორონელზე მაშინ, როდესაც ციხეს ალყა ჰქონდა შემორტყმული სალადინის მიერ. სალადინი იმედოვნებდა, რომ ხელში ჩაიგდებდა ძვირფას ტყვეებს. მეფე ბალდუინმა, მიუხედავად სიბრმავისა და დასახიჩრებულობისა, იმდენად გამოჯანმრთელდა, რომ შეძლო მეფობის დამოუკიდებლად გაგრძელება და არმიის სარდლობა. ნოემბერში რეგენტობიდან გი დე ლუზინიანი გადააყენა და თანამეფედ გამოაცხადა დისშვილი, სეხნია ბალდუინი. არმიას პირადად მეფე გაუძღვა, იგი საკაცით მიჰყავდათ დედამისის თანდასწრებით. ბალდუინი შეურიგდა რაიმონ III-ს და იგი სამხედრო მეთაურად დანიშნა. დეკემბერში სალადინმა ალყა მოხსნა და დამასკოსაკენ დაიხია.[54] 1184 წელს ხელმეორედ შემოარტყა ალყა, მაგრამ ბალდუინმა ისევ შეძლო მოგერიება. სახლისაკენ მიმავალმა სალადინმა დაარბია ნაბლუსი და სხვა ქალაქები.[55]

1184 წლის ოქტომბერში, გი დე ლუზინიანი ასკალონიდან თავს დაესხა ბედუინ მომთაბარეებს. რენოს თავდასხმებისაგან განსხვავებით, რომლებიც სამხედრო მიზნით ხორციელდებოდა, გი თავს დაესხა იმ დაჯგუფებას, რომელიც იერუსალიმის ერთგული იყო და სალადინის გადაადგილების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას სამეფოს. ამავდროულად, ბალდუინი უკიდურესად ებრძოდა ავადმყოფობას. რაიმონი რეგენტად დაინიშნა. მეფის დისშვილი საჯაროდ ჩაატარეს და აკურთხეს მეფედ. ბალდუინ IV 1185 წლის მაისში დაიღუპა კეთრით.[56]

ბალდუინ V და მემკვიდროების კრიზისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამავდროულად, მემკვიდრეობის კრიზისი ევროპიდან დახმარების აუცილებლობას კარნახობდა სამეფოს წარმომადგენლებს. ამ მიზნით, 1184 წელს პატრიარქმა ჰერაკლემ იმოგზაურა სხვადასხვა სამეფო კარზე, მაგრამ მათგან დახმარებას ადგილი არ ჰქონია. მან საფრანგეთის მეფე ფილიპ II-სა და ინგლისის მეფე ჰენრი II-ს შესთავაზა „წმინდა საფლავის გასაღები დავითის კოშკისა და იერუსალიმის სამეფოს დროშისა“, მაგრამ არა სამეფო გვირგვინი. ჰენრი ფულკის შვილიშვილი და იურესალიმის სამეფო ოჯახის პირველი ბიძაშვილი იყო. იგი დაპირებული იყო თომას ბეკეტის მოკვლის შემდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე, მაგრამ ორივე მონარქმა არჩია სამშობლოში დარჩენა და საკუთარი ტერიტორიების დაცვა, ვიდრე იერუსალიმში მცირეწლოვანი მეფის რეგენტად ყოფნა. ევროპელი რაინდები ვეღარ ხედავდნენ ბრძოლის საშიშროებას მას შემდეგ, რაც სალადინთან ზავი ხელახლა გაფორმდა. გულიელმო V მონფერატელი (მეფის პაპა) იყო ერთ-ერთი იმ რამოდენიმეთაგან, რომლებიც იერუსალიმის დასახმარებლად წავიდნენ.[57]

ბალდუინ V-ის მმართველობა, რომლის რეგენტი რაიმონ III, ხოლო მეურვე ბებიის ძმა, ჟოსლენ III იყო, მოკლე აღმოჩნდა. იგი ავადმყოფი ბავშვი იყო და 1186 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. რაიმონი და მისი მომხრეები ნაბლუსისაკენ გაემართნენ, რათა სავარაუდოდ აეცილებინათ სიბილას ტახტზე ასვლა, მაგრამ იგი ჩავიდა იერუსალიმში, სადაც გადაწყდა, რომ სამეფო მის ხელში უნდა გადასულიყო იმ პირობით, თუ მას და გი დე ლუზინიანს შორის ქორწინება გაუქმდებოდა. სიბილა ამას დათანხმდა თუ მომავალ ქმარს თვითონ აირჩევდა და მას შემდეგ, რაც კორონაცია განხორციელდა, გის საკუთარი ხელებით დაადგა გვირგვინი. რაიმონმა ცერემონიის დასწრებაზე უარი განაცხადა და ნაბლუსში შესთავაზა ონფრუა IV-სა და იზაბელას, რომ ტახტზე ასულიყვნენ, მაგრამ მათ ეს წინადადება ურყვეს, რამეთუ იგი სამექალაქო ომის დაწყებას გამოიწვევდა. ონფრუამ და რაიმონის ბევრმა მომხრემ იერუსალიმში სიბილასა და გის ერთგულება შეჰფიცეს. რაიმონმა ამის გაკეთება უარყო და ტრიპოლში დაბრუნდა; ბალდუინ დე იბელინმა უარი თქვა თავის მამულებზე და ანტიოქიაში წავიდა.[58]

იერუსალიმის დაცემა და მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გი დე ლუზინიანი (მარჯვნივ) და სალადინი (მარცხნივ), XVII საუკუნის ნახატი

რაიმონ ტრიპოლელი მოელაპარაკა სალადინს და მის გარნიზონს უფლება მისცა დაეკავებინა ტიბერია. სავარაუდოდ იგი იმედოვნებდა, რომ სულთანი გი დე ლუზინიანის დამხობაში დაეხმარებოდა. ამავდროულად, სალადინმა მშვიდობა დაამყარა თავის მესოპოტამიურ ტერიტორიებზე და ახლა უკვე მზად იყო ჯვაროსანთა სამეფოზე შეტევისათვის; მას აღარ ჰქონდა განზრახული ზავის განახლება 1187 წელს, როდესაც ძველი ამოიწურა. ზავის ამოწურვამდე, რენო დე შატიიონი, ტრანსიორდანიის სენიორი და გის ერთ-ერთი მხარდამჭერი აცხადებდა, რომ სალადინი ჯარებს აგროვებდა შეტევისათვის და მუსლიმთა ქარავნებზე თავდასხმა ამას ხელს შეუშლიდა. გი დე ლუზინიანი რაიმონთან ომის ზღვარზე იყო, მაგრამ გააცნობიერა, რომ სალადინისაგან მომდინარე საფრთხის გასამკლავებლად ერთიანობა იყო საჭირო. ბალიან დე იბელინის შუამავლობით მათ შორის შერიგება 1187 წლის აღდგომას განხორციელდა. აპრილში მუსლიმები კერაკს დაესხნენ თავს. მაისში მუსლიმთა ლაშქარმა გაანადგურა რაიმონთან მოსალაპარაკებლად მიმავალი ელჩობა კრესონის ბრძოლაში, ნაზარეთის სიახლოვეს. რაიმონი და გი შეთანხმდნენ, რომ სალადინისათვის ტიბერიაში შეეტიათ, მაგრამ საბრძოლო გეგმაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა; რაიმონის აზრით ბრძოლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, გი კი იხსენებდა 1183 წელს აცილებული ბრძოლის კრიტიკას და ახლავე ითხოვდა შეტევაზე გადასვლას. 1187 წლის 4 ივლისს, იერუსალიმის სამეფოს არმია მთლიანად განადგურდა ჰატინის ბრძოლაში. რაიმონმა, ბალიანმა და რენო სიდონელმა გაქცევა შეძლეს. რენო დე შატიიონი სიკვდილით დასაჯა სალადინმა, ხოლო გი დე ლუზინიანი დამასკოს საპყრობილეში გადაიყვანა.[59]

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სალადინმა თითქმის მთლიანი სამეფო ადვილად დაიკავა. მხოლოდ პორტი ტვიროსი დარჩა ფრანგების ხელში, რომელსაც კონრად მონფერატელი იცავდა ალყის დროს. იგი შემთხვევით დაბრუნდა ამ დროს კონსტანტინოპოლიდან. იერუსალიმის დაცემამ არსებითად დაასრულა იერუსალიმის პირველი სამეფოს ისტორია. სალადინის მიერ მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობამ გამოიწვია მოსახლეობის ლტოლვილებად გადაქცევა. ისინი გარბოდნენ ტვიროსისკენ, ტრიპოლისკენ და ეგვიპტეში (საიდანაც ევროპაში დაბრუნდნენ); ვინც თავისუფლების სანაცვლოდ გადასახადი არ გადაიხადა, მონებად აქციეს, ხოლო ვინც გადაიხადა — უკან დაბრუნებისას ქრისტიანებმა და მუსლიმებმა გაძარცვეს. წმინდა ქალაქის დაპყრობამ გამოიწვია მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება. მას მეთაურობდნენ რიჩარდ I ლომგული, ფილიპ II ოგიუსტი და ფრიდრიხ I ბარბაროსა. ეს უკანასკნელი გზაში დაიხრჩო.[60]

ახლო აღმოსავლეთი 1190 წელს

1189 წელს, საპყრობილიდან გათავისუფლებულმა გი დე ლუზინიანმა აკრას შემოარტყა ალყა მას შემდეგ, რაც კონრადმა უარი უთხრა ტვიროსში შეშვებაზე. გრძელვადიანი ალყის დროს, რომელიც 1191 წლამდე გაგრძელდა, ავადმყოფობით გარდაიცვალა პატრიარქი ჰერაკლე, დედოფალი სიბილა და მისი ქალიშვილები და სხვ. სიბილას (1190) გარდაცვალების გამო გი დე ლუზინიანმა დაკარგა უფლებები ტახტზე და ისინი ამალრიკის კიდევ ერთ ქალიშვილს, იზაბელას გადაეცა. იზაბელას დედამ, მარიამ და იბელინებმა (რომლებიც ამ დროს კონრადთან დაახლოებული პირები იყვნენ) ეჭვქვეშ დააყენეს იზაბელას და ონფრუა IV-ის ქორწილის ჭეშმარიტება, რადგან ის ამ მომენტში არასრულწლოვანი იყო. ამავდროულად არსებობდა 1186 წელს ონფრუას ღალატის ფაქტი. ქორწინება გაუქმდა გარკვეული დაპირისპირების ფონზე. კონრადმა, რომელიც ბალდუინ V-ის უახლოესი ნათესავე იყო მამის ხაზით და რომელმაც დაიმკვიდრა ძლიერი სამხედრო მეთაურის სახელი, იქორწინა იზაბელაზე. გიმ უარი განაცხადა მისთვის გვირგვინის გადაცემაზე.[61]

1191 წელს რიჩარდ ლომგული წმინდა მიწაზე ჩავიდა. გაჩნდა დაპირისპირება ტახტის მემკვიდრეობის შესახებ. რიჩარდი მეფედ გის მოიაზრებდა, რომელიც მისი ვასალი იყო პუატიედან, ხოლო ფილიპი — კონრადს, მამამისის ახლო ნათესავს. აკრის დაცემიდან მალევე ფილიპი ჯანმრთელობის პრობლემების გამო სახლში დაბრუნდა. რიჩარდმა სალადინი დაამარცხა ჯერ არსუფის (1191), ხოლო შემდეგ იაფის ბრძოლაში (1192). დაიბრუნა სანაპირო ქალაქები, მაგრამ იერუსალიმისა და შიდა ქალაქების აღება ვერ შეძლო. ეს შესაძლოა რიჩარდის სტრატეგიული გადაწყვეტილებად ჩაითვალოს, რადგან რიჩარდი აცნობიერებდა, რომ იერუსალიმი იყო სტრატეგიულად განსაკუთრებული მანამ, სანამ ჯვაროსნები დავალდებულებულები იყვნენ დაეცვათ იგი, მაგრამ ეს ტერიტორია იზოლირებული იყო იმ ზღვისპირა ქალაქებისაგან, სადაც ევროპელები შესაძლოა ჩასულიყვნენ. 1192 წლის აპრილში კონრადი ერთხმად აირჩიეს მეფედ, მაგრამ რამდენიმე დღეში ასასინებმა მოკლეს. რვა დღის შემდეგ, ორსული იზაბელა ცოლად გაჰყვა ანრი II შამპანელს, რომელიც რიჩარდის და ფილიპის ნათესავი იყო, მაგრამ პოლიტიკურად რიჩარდს უჭერდა მხარს. კომპენსაციის სახით, რიჩარდ ლომგულმა აკრის გზაზე დაპყრობილი კვიპროსი გი დე ლუზინიანს მიჰყიდა. გი 1194 წლამდე, თავის სიკვდილამდე ცდილობდა იერუსალიმის ტახტის ხელში ჩაგდებას.[62]

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა რამლის ზავით (1192), რომლის თანახმადაც პილიგრიმებს თავისუფალი მიმოსვლის უფლება მიეცათ, ხოლო ჯარისკაცებს — თავისი ფიცის შესრულების, რის შემდეგაც ინგლისში დაბრუნდნენ. ადგილობრივმა დიდებულებმა აკრასა და სხვა მიმდებარე სანაპირო ქალაქებში გადაინაცვლეს.

ახლო აღმოსავლეთი 1197 წელს.

მომავალი ასი წლის განმავლობაში იერუსალიმის სამეფომ არსებობა განაგრძო, როგორც მცირე ზომის სამეფომ სირიის სანაპიროს გასწვრივ. მისი დედაქალაქი აკრაში გადავიდა. მოიცავდა დღევანდელი ისრაელის თითქმის მთლიან და სამხრეთ და ცენტრალური ლიბანის სანაპირო ზოლს, მათ შორის ისეთ ქალაქებსა და ციხესიმაგრეებს, როგორიცაა იაფა, არსუფი, კესარია, ტვიროსი, სიდონი, ბეირუთი. საუკეთესო შემთხვევაში იგი მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქს (მაგ. ასკალონი) და შიდა ციხესემაგრეებს, აგრეთვე გავლენას ავრცელებდა ტრიპოლსა და ანტიოქიაზე. ახალი მეფე, ანრი შამპანელი 1197 წელს უბედური შემთხვევის შედეგად (სასახლის ფანჯრიდან გადავარდა) გარდაიცვალა. იზაბელამ იქორწინა ამორი დე ლუზინიანზე, გის ძმაზე. მას ამ დროს კვიპროსი მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული. მეფედ აკურთხა ფრიდრიხ ბარბაროსას ვაჟმა, ჰაინრიხ IV-მ. იგი ჯვაროსნულ ლაშქრობას ხელმძღვანელობდა, მაგრამ გზაში დაიღუპა. ამის მიუხედავად, მისმა ჯარისკაცებმა შეძლეს ბეირუთისა და სიდონის დაბრუნება მანამ, სანამ სახლში დაბრუნდებოდნენ 1198 წელს.[63][64] ამავე წელსვე სირიაში, აიუბიდებთან დაიდო ხუთწლიანი ზავი.[65]

სალადინის გარდაცვალების შემდეგ (1193), აიუბიდების იმპერია სამოქალაქო ომში გაეხვია: მისი ვაჟები ერთმანეთს ძალაუფლებისათვის ებრძოდნენ. აზ-ზაჰირმა ხელში ჩაიგდო ალეპო, ალ-აზიზ უსმანმაკაირო, ხოლო ალ-აფდალმადამასკო. სალადინის ძმა, ალ-ადილ I (ჯვაროსნებისთვის — საფადინი) დაეუფლა ჯეზირეს, მისი ვაჟი, ალ-მუ’აზამ ისა კი — კერაკს და ტრანსიორდანიას. 1196 წელს ალ-აფდალი უსანმა გააძევა დამასკოდან. მან უკან დაბრუნება მხოლოდ უსმანის გარდაცვალების შემდეგ შეძლო, მაგრამ დაპირისპირება მოუხდა ალ-ადილთან, რომელმაც დამასკოს ციტადელი დაიპყრო. ალ-ადილმა 1200 წელს კაირო დაიკავა და 1201 წელს ალ-აფდალი გააძევა დამასკოდან. ამის შემდეგ თავი ეგვიპტისა და სირიის სულთნად გამოაცხადა, დამასკო ალ-მუ’აზამს გადასცა, ჯეზირე კი — მეორე ვაჟ ალ-კამილს.[66]

ამავდროულად, მზადდებოდა იერუსალიმის დაბრუნების გეგმა ეგვიპტის მეშვეობით. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა მესამეში ნაწილობრივი მარცხის შემდეგ დაიგეგმა, მაგრამ მისი შედეგი გამოიხატა კონსტანტინოპოლის დაცემაში (1204). ლაშქრობაში მონაწილე ჯვაროსნების უმეტესობა იერუსალიმის სამეფოში არასდროს ჩასულა. ამორი, რომელმაც არ იცოდა ლაშქრობის კონსტანტინოპოლისაკენ შებრუნების შესახებ, შეიჭრა ეგვიპტეში მოსალოდნელი არმიის მოლოდინში.[67] 1205 წელს, ორივე, იზაბელა და ამორი გარდაიცვალნენ. ტახტზე იზაბელას და კონრადის არასრულწლოვანი ქალიშვილი, მარია ავიდა. იზაბელას ნახევარძმა, ბეირუთის სენიორი, ჟან დე იბელინი მართავდა ქვეყანას რეგენტის სახით 1210 წლამდე, სანამ დედოფალი ჟან დე ბრიენზე იქორწინებდა.[68] მარია 1212 წელს მშობიარობას გადაჰყვა, ჟანმა კი ახალდაბადებული ქალიშვილის, იზაბელას რეგენტად განაგრძო მმართველობა.[69]

მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა და ფრიდრიხ II შტაუფენი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფრიდრიხ II შტაუფენი (მარცხნივ) და ალ-კამილი (მარჯვნივ)

1215 წელს, ლატერანის მეოთხე საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა ახალი, კარგად ორგანიზებული ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა ეგვიპტის წინააღმდეგ. 1217 წლის ბოლოს, უნგრეთის მეფე ანდრაშ II და ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ VI ჩავიდნენ აკრაში და ჟან დე ბრიენთან ერთად შეიჭრნენ შორს, შიდა მიწებზე, როგორიცაა თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიები, მაგრამ რაიმე წარმატებას ვერ მიაღწიეს.[70] უნგრების წასვლის შემდეგ, დარჩენილმა ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს კესარიისა და ტამპლიერთა ციხესიმაგრის, შატო პელერენის რეფორტიფიკაცია 1217 წლის ზამთრის და 1218 წლის გაზაფხულის განმავლობაში.[71]

1218 წლის გაზაფზულზე, აკრაში გერმანელ ჯვაროსანთა ფლოტი ჩავიდა და ამით მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო. მეფე ჟანთან ერთად, ეს ფლოტი ეგვიპტისაკენ გაემართა და მაისში დამიეტას შემოარტყა ალყა, რომელიც ნილოსის შესართავთან მდებარეობდა. ალყა გაიწელა, აგვისტოში სულთანი ალ-ადილ I გარდაიცვალა, სავარაუდოდ შოკისგან, რომელიც მან ჯვაროსანთა მიერ ერთ-ერთი კოშკის დაპყრობის შემდეგ მიიღო. იგი ვაჟმა, ალ-კამილმა ჩაანაცვლა. შემოდგომაზე ევროპიდან დამხმარე ძალები ჩამოვიდნენ, მათ შორის პაპის ლეგატი პაიუ გალვანი. ზამთარში ჯვაროსნები დაზარალდნენ წყალდიდობებითა და დაავადებებით. ალყა 1219 წლამდე გაგრძელდა. ამ დროს ფრანცისკე ასიზელი ჩავიდა ეგვიპტეში და სცადა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება დროებითი ზავის დასადებად. არც ერთი მხარე არ დაეთანხმა ერთმანეთის პირობებს მიუხედავად იმისა, რომ აიუბიდებმა ოცდაათწლიანი ზავი, სამეფოს აღდგენა და ბევრი საყრდენი პუნქტის დაბრუნება შესთავაზეს. ჯვაროსნებმა საბოლოოდ შეძლეს შიმშილი გამოეწვიათ ქალაქში და ნოემბერში აიღეს იგი. ალ-კამილმა ახლომდებარე ციხესიმაგრისაკენ, ელ-მანსურისკენ დაიხია. ქრისტიანები დამიეტაში 1219–1220 წლების განმავლობაში დარჩნენ. ისინი საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II შტაუფენის ჩასვლას ელოდნენ. ამასობაში ჟანი აკრაში დაბრუნდა, რათა იგი ალ-მუ’აზამისაგან დაეცვა, რომელიც სამეფოს დამასკოდან დაესხა თავს ჟანის არყოფნისას. ჯერ კიდევ იმპერატორის მომლოდინე ჯვაროსნები, 1221 წლის ივლისში კაიროსკენ გაემართნენ, მაგრამ ადიდებულმა ნილოსმა ისინი შეაჩერა. მდინარის ადიდება ალ-კამილის ბრძანებით ჯებირების მოშლამ გამოიწვია. სულთანმა შეტყუებული ჯვაროსნები ადვილად დაამარცხა და დამიეტაც დაიბრუნა. იმპერატორ ფრიდრიხს, ამ დროს, ფაქტობრივად არ დაუტოვებია ევროპა.[72]

ჯვაროსნულ ლაშქრობაში მარცხის შემდეგ, ჟანმა ევროპაში იმოგზაურა დახმარების თხოვნით. დაპირება მხოლოდ ფრიდრიხ II-ისაგან მიიღო, რომელმაც 1225 წელს იქორწინა ჟანისა და მარიას ქალიშვილზე, მომავალ იზაბელა II-ზე. შეეძინათ ვაჟი. ფრიდრიხმა უარი განაცხადა მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში დანაპირები დახმარების განხორციელებაზე. ამავდროულად დაიწყო იერუსალიმის სამეფოს ხელში ჩაგდებისათვის მზადება თავისი ვაჟის (სამეფოს მემკვიდრის) მეშვეობით. აწყობდა გეგმებს, რათა ალ-კამილთან ერთად გაელაშქრა ალ-მუ’აზამის წინააღმდეგ. ეგვიპტის ელჩობა იტალიაშიც კი ჩავიდა. წმინდა მიწაზე გამგზავრების შენელების გამო (ამ დროს მის ფლოტში დაავადებაც გავრცელდა), პაპმა გრიგოლ IX-მ ფრიდრიხი ეკლესიიდან განკვეთა 1227 წელს. იმპერატორმა გადაწყვიტა წასულიყო ჯვაროსნულ ლაშქრობაში. 1227 წლის ბოლოს, არა მისი, არამედ რიკარდო ფილანჯერის, ჰაინრიხ IV, ლიმბურგის ჰერცოგის და ჰერმან ფონ ზალცას, ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრის ხელმძღვანელობით. მათ იმპერატორის მოლოდინში, მათ რეფორტიფიკაცია ჩაუტარეს სიდონს, სადაც ზღვისპირა ციხესიმაგრე აშენდა და მონფორს, რომელიც ტევტონთა მთავარი შტაბი გახდა. დამასკოს აიუბიდებმა ვერ გაბედეს შეტევა, ალბათ ალ-მუ’აზამის არც ისე დიდი ხნის წინ გარდაცვალების გამო. 1228 წლის სექტემბერში ფრიდრიხი ჩავიდა წმინდა მიწაზე და უკვე გარდაცვლილი მეუღლის შემდეგ ტახტზე ასული თოთო ვაჟის მაგივრად შეუდგა მმართველობას. დაიწყო მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა.[73]

ფრიდრიხი ადგილობრივ დიდებულებთან მაშინვე შევიდა კონფლიქტში. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ იმპერიული ძალაუფლების გავრცელებას კვიპროსსა და იერუსალიმზე. კვიპროსელ დიდებულებშიც ჰქონდა ადგილი დაპირისპირებას ახალგაზრდა ანრი I-ის რეგენტობისათვის. რეგენტად ჟან დე იბელინი აარჩიეს, მაგრამ მეფის დედას, ალისა შამპანელს ამ თანამდებობაზე საკუთარი მხარდამჭერის დანიშვნა სურდა. ის და მისი მომხრეები ფრიდრიხ II-ის მხარეზე გადავიდნენ (სწორედ ფრიდრიხის მამამ დაამტკიცა თავის დროზე მეფედ ამორი I 1197 წელს). ლიმასოლში მყოფი ფრიდრიხის ბრძანებით, ჟანს უნდა ჩამორთმეოდა არა მარტო რეგენტობა, არამედ ბეირუთის სენიორიაც, რაზეც მან უარი განაცხადა იმიტომ, რომ თვლიდა, რომ იმპერატორს ტიტულების ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა. მაშინ ფრიდრიხმა დაატყვევა ჟანის ვაჟები, რათა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მისგან დახმარების გარანტია ჰქონოდა.[74]

ჟანმა გადაწყვიტა მისი თანხლება კონტინენტზე ლაშქროაში, მაგრამ აქ მას ცუდად შეხვდნენ. ფრიდრიხის მცირეოდენ მხარდამჭერთა შორის იყო ბალიან დე გრენიე, სიდონის სენიორი. იგი კეთილგანწყობით შეხვდა ჯვაროსნებს და აიუბიდებთან მოლაპარაკებებში ელჩადაც დაინიშნა. ალ-მუ’აზამის სიკვდილმა დაშალა ალიანსი ალ-კამილთან, რომელმაც ძმასთან, ალ-აშრაფ მუსასთან ერთად დამასკოსა და იერუსალიმზე დაამყარა კონტროლი (ისინი ძმისშვილს, ან-ნასირ დაუდს წაართვა). ალ-კამილმა სავარაუდოდ არ იცოდა ფრიდრიხის არმიის სიმცირის და მისი განკვეთის გამომწვევი განხეთქილების შესახებ და არ ისურვა კიდევ ერთი ჯვაროსნული ლაშქრობისაგან დაეცვა საკუთარი მიწები. ფრიდრიხის იქ ყოფნა საკმარისი იყო იერუსალიმის, ბეთლემის, ნაზარეთისა და მიმდებარე ციხესიმაგრეების დაბრუსებისათვის ბრძოლის გარეშე. 1229 წლის თებერვალში დაიდო ათწლიანი ზავი, ეს მიწები იერუსალიმს დაუბრუნდა, ქალაქის მუსლიმ მოსახლეობას თავისუფალი ღვთისმსახურების უფლება მიეცა. ხელშეკრულების პირობები მიუღებელი აღმოჩნდა პატრიარქ ჟერალდ ლოზანელისათვის, რომელმაც ქალაქი აკრძალულად გამოაცხადა. მარტში ფრიდრიხი წმინდა საფლავის ეკლესიაში ეკურთხა, მაგრამ მისი განკვეთისა და ქალაქის აკრძალვის გამო იერუსალიმი სრულფასოვნად ვერ გაერთიანდა სამეფოში. მმართველობა ისევ აკრაში გაგრძელდა.[75]

ამავდროულად, პაპმა იმპერატორის განკვეთა საღვთო რომის იმპერიაში შესული იტალიური ტერიტორიების დაპყრობის საბაბად გამოიყენა. პაპის არმიას მეთაურობდა ჟან დე ბრიენი, ფრიდრიხის ყოფილი სიმამრი. იმპერატორს 1229 წელს უკან მოუხდა დაბრუნება. მან წმინდა მიწა დატოვა „არა ტრიუმფით, არამედ ლეშის სროლით“ აკრის მოსახლეობის მიერ.[76]

დინასტიური დაპირისპირებები იერუსალიმის გვირგვინისათვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ 1228 წელს, ფრიდრიხ II შტაუფენის მეუღლე, იერუსალიმის კანონიერი დედოფალი იზაბელა II ისე გარდაიცვალა, რომ გვარის გამგრძელებელი არ ჰყოლია. სამეფო გვირგვინი მის ახალშობილ ვაჟს, კონრად II-ს გადაეცა (რომელიც მოგვიანებით გერმანიის მეფეც იყო კონრად IV-ის სახელით). სამეფო ტახტზე პრეტენზიები წარადგინა დედოფალ იზაბელა I-ისა და მისი მესამე ქმარის, ანრი II-ის უფროსმა ქალიშვილმა — კვიპროსის ქვრივმა დედოფალმა ალისა შამპანელმა. 1230 წელს სამეფოს ბარონებმა დაამტკიცეს, რომ მხოლოდ კონრადს შეეძლო ყოფილიყო მეფე.[77] მცირეწლოვანი ვაჟის მაგივრად სამეფოს მართვას ფრიდრიხ II შეუდგა.[78]

1231 წელს ფრიდრიხ II-მ იმპერიული არმია გაგზავნა რიკარდო ფილანჯერის მეთაურობით. მან დაიკავა ბეირუთი და ტვიროსი, მაგრამ აკრის აღება ვერ შეძლო. 1232 წელს ჟან დე იბელინის მეთაურობით ჩამოყალიბდა აკრის კომუნა და მისი მერიც გახდა. გენუელი ვაჭრების დახმარებით კომუნამ შეძლო ბეირუთის დაბრუნება. ჟანმა ტვიროსსაც შეუტია, მაგრამ 1232 წლის მაისში კაზალ-ემბერთან გამართულ ბრძოლაში დამარცხდა რიკარდოს მიერ.[74]

1232 წელს, კვიპროსის მეფე ანრი I 15 წლის გახდა და ჟან დე იბელინის რეგენტობა აუცილებელი აღარ იყო. თავისი უფლებამოსილებების განსამტკიცებლად, ჟანი და რიკარდო კვიპროსზე გაემგზავრნენ, სადაც იმპერიულმა ჯარებმა (მეთაურებს შორის რიკარდოც იყო) 15 ივნისს არგიდის ბრძოლაში დაამარცხეს იბელინი. ანრი უკამათოდ გამოცხადდა მეფედ, მაგრამ მან გააგრძელა იბელინების მხარდაჭერა. კონტინენტზე ფილანჯერის დამხმარეები იყვნენ: ბოემონდ IV, ტევტონები, ჰოსპიტალიერები და პიზელი ვაჭრები. ჟან დე იბელინის მხარეს იბრძოდნენ ქალაქები: ბეირუთი, კესარია, არსუფი, აგრეთვე ტამპლიერები და გენუელები. ვერცერთმა მხარემ რაიმე წარმატებას ვერ მიაღწია. 1234 წელს ჟანი და მისი მომხრეები გრიგოლ IX-მ ეკლესიისგან განკვეთა. 1135 წელს ეს ნაწილობრივ გაუქმდა, მაგრამ მშვიდობა მაინც ვერ დამყარდა. 1236 წელს ჟანი გარდაიცვალა. ომს სათავეში მისი ვაჟი, ბალიანი და დისშვილი, ფილიპ დე მონფორი ჩაუდგნენ.[79]

1239 წელს ამოიწურა აიუბიდებთან დადებული ზავი. ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა ფრიდრიხით სათავეში არ განხორციელდა. ამიტომ გრიგოლ IX-მ ისევ განკვეთა იგი ეკლესიისაგან ამავე წელს. თუმცა, სხვა ევროპელმა ბარონებმა მოიწონეს ეს იდეა, მათ შორის იყვნენ ტიბო IV შამპანელი, პიერ I ბრეტანელი და ამორი VI დე მონფორი. ისინი 1239 წლის სექტემბერში ჩავიდნენ აკრაში. აქ გაიმართა საბჭო, რომელსაც ესწრებოდა სამეფოს მნიშვნელოვანი დიდებულები, როგორიცაა გოტიე IV დე ბრიენი, ჟან არსუფელი და ბალიან დე გრენიე. ჯვაროსნული ლაშქრობის მეთაურად ტიბო IV აირჩიეს. ჯვაროსანთა ჩამოსვლამ მცირე შესვენება გამოიწვია ლომბარდების ომში; ფილანჯერი ტვიროსში დარჩა და სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთო. საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაემაგრებინათ ასკალონი და შემდეგ დამასკოსათვის შეეტიათ.

შესაძლოა ჯვაროსნები გაცნობიერებულები იყვნენ აიუბიდების ახალ დანაწილებაში; 1238 წელს ალ-კამილმა დამასკო დაიპყრო, მაგრამ მალევე გარდაიცვალა და მისი ტერიტორიები ოჯახს შიგნით გადანაწილდა. მის ვაჟებს, ალ-ადილ აბუ ბაქრს და ას-სალიჰ აიუბს ეგვიპტე და დამასკო შეხვდათ. აიუბი კაიროსაკენ გაემართა, რათა დაემხო აბუ ბაქრი, მაგრამ მის არყოფნაში ას-სალიჰ ისმაილმა დამასკო აიღო, ხოლო თვითონ აიუბი ან-ნასირ დაუდმა ტყვედ ჩაიგდო. ამასობაში ჯვაროსნები ასკალონისკენ გაემართნენ. გზაზე ჯვაროსნებმა ხელში ჩაიგდეს ბევრი პირუტყვი საკვების მომარაგებისათვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ აიუბიდებმა შეიტყეს მათი განზრახვის შესახებ. 1239 წლის ნოემბერში, ღაზასთან გამართულ ბრძოლაში ეგვიპტის არმიამ დაამარცხა ჯვაროსნები. ანრი II, ბარის გრაფი შეტაკებისას დაიღუპა, ხოლო ამორი დე მონფორი დაატყვევეს. გადარჩენილები აკრაში დაბრუნდნენ. ეს გამარჯვება დაუდმა გამოიყენა და დეკემბერში იერუსალიმი დაიპყრო.

მიუხედავად იმისა, რომ დაუდს ას-სალიჰ აიუბი ტყვედ ჰყავდა, მაინც მოხერხდა მათ შორის შეთანხმების დადება და მათ ყურადღება ეგვიპტისაკენ მიმართეს, რომელსაც ალ-ადილ II მართავდა. 1240 წელს იგი შეიპყრეს. ას-სალიჰ ისმაილმა, რომელიც ამ დროს დამასკოს მართავდა, დიდი საფრთხე დაინახა თავისი პოზიციებისათვის ამ შეთანხმებაში და დასახმარებლად ჯვაროსნებს მიმართა. ტიბომ ხელშეკრულება გააფორმა ისმაილთან, რომელმაც იერუსალიმი ქრისტიანთა კონტროლს დაუქვემდებარა, ასევე დათმო ბევრი პუნქტი, რომლებიც ადრე შედიოდნენ იერუსალიმის სამეფოში. ამ ხელშეკრულებამ უფრო დიდი ტერიტორიული შენაძენი მოუტანა სამეფოს, ვიდრე ფრიდრიხ II-მ 1229 წელს. ლომბარდების ომით იმედგაცრუებული ტიბო 1240 წლის სექტემბერში ევროპაში დაბრუნდა. ამ ფაქტიდან მალევე წმინდა მიწაზე რიჩარდ კორნუოლელი ჩავიდა. მან დაასრულა ასკალონის აღდგენა და ეგვიპტის ფატიმიანებთან მშვიდობაც დაამყარა. ას-სალიჰ აიუბმა დაადასტურა ისმაილის დათმობები ქრისტიანებისადმი 1241 წელს და ღაზასთან ტყვეები გაცვალეს. რიჩარდი 1241 წელს დაბრუნდა სახლში.[80]

სამეფოს ძირითადად აღდგენის მიუხედავად, მაინც გაგრძელდა ლომბაარდების ომი, რაშიც ჩართული აღმოჩნდნენ დიდებულები. ტამპლიერები და ჰოსპიტალიერები სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და დაიწყეს ერთმანეთში ბრძოლა. 1241 წელს ნაბლუსზე შეტევით, ტამპლიერებმა აიუბიდებთან ზავი დაარღვიეს. 1242 წელს კონრადმა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო 15 წლისა, თავი სრულწლოვნად გამოაცხადა და მოითხოვა ფრიდრიხის რეგენტობისა და მის სასახლეში გერმანული დაცვის არააუცილებლობა. ფრიდრიხმა სცადა გერმანელი რეგენტის დანიშვნა, მაგრამ ანტი-იმპერიალისტურმა მოძრაობამ აკრაში გადაწყვიტა, რომ რეგენტს ადგილობრივები დანიშნავდნენ. ივნისში, სამეფო კარმა (Haute Cour) რეგენტად ალისა შამპანელი დანიშნა, რომელიც კონრადის ბებიის და, იზაბელა I-ის ქალიშვილი და სამეფოში მცხოვრები უახლოესი ნათესავი იყო. ალისამ უბრძანა ფილანჯერის დაპატიმრება, რის შემდეგაც იბელინებისა და ვენეციელების დახმარებით ალყა შემოარტყა ტვიროსს და 1243 წლის ივლისში დაიპყრო იგი. ლომბარდების ომი დასრულდა, მაგრამ მეფე კონრადი არ დასწრებია ამ მოვლენებს, საერთოდ იგი აღმოსავლეთში არც კი ყოფილა. თუმცა, ალისა აცილებული იქნა რაიმე ნამდვილი ძალაუფლების მოპოვებისაგან ფილიპ დე მონფორის (რომელმაც ტვიროსზე დაამყარა კონტროლი) და ბალიან დე იბელინის (იგი აკრას აკონტროლებდა) მიერ.[79]

ანტიიმპერიული შეთქმულება და არასტაბილურობა სამეფო ტახტზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც 1242 (ან 1243) წელს შეთქმულება მოეწყო იერუსალიმის სამეფოში იმპერატორის ხელისუფლების წინააღმდეგ, კონრადი, რომელიც 1243 წელს 15 წლისა გახდა, სრულწლოვნად გამოაცხადეს, მისი უფლებები რამდენიმე ბარონმა აღიარა და მოისურვეს სამეფო, მეფის სახელით მართულიყო. ამავდროულად, ალისა შამპანელმა ხელახლა წამოაყენა პრეტენზიები სამეფოზე და ამჯერად მას მხარი დაუჭირეს ძლიერი გიბელინების მოძრაობის წარმომადგენლებმა. შედეგად, ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მიღწეულ იქნა შემდეგი კომპრომისი: მეფედ კონრადი იქნა აღიარებული, თუმცა მეფის სახელით ალისა შამპანელი და მისი მესამე ქმარი — რაულ დე კევრი რეგენტების სახით მართავდნენ სამეფოს. ამიტომ ალისამ პირობა დადო, რომ კონრადს გადასცემდა სამეფოს მართვა-გამგეობას პირველი მოთხოვნისთანავე. ამავდროულად იერუსალიმის რამდენიმე მხარემ, როგორებიცაა ანტიოქია, ტრიპოლი და იაფა, ფრიდრიხ II-ის ძალაუფლება სცნეს. ალისა 1246 წელს გარდაიცვალა.[78]

1247 წელს რომის პაპმა ინოკენტი IV-მ გამოაცხადა ფრიდრიხ II-ისადმი იერუსალიმის სამეფოს ჩამორთმევის შესახებ. 17 აპრილს მან რეგენტად ალისა შამპანელის ვაჟი (პირველი ქორწინებიდან), კვიპროსის მეფეანრი I სცნო და დააკანონა 1243 წლის გადატრიალება.[81] რეგენტები ატარებდნენ „კვიპროსის მემკვიდრის და იერუსალიმის სამეფოს ბალის“ ტიტულს. იმის გამო, რომ ყველა რეგენტი იმავდროულად კვიპროსის მეფეც იყო, მათ მოვალეობას იერუსალიმში ასრულებდნენ იბელინების საგვარეულოს წარმომადგენლები. ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების არარსებობის გამო, სამეფოში ხშირი იყო შიდა არეულობები.[82]

ანრიმ ბალის ტიტული ჟან იაფელს მიანიჭა აკრაში. მან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა დამასკოსთან და ასკალონის დაბრუნება სცადა. მოგვიანებით, 1256 წელს მამლუქებმა ალყა შემოარტყეს იაფას, მაგრამ ჟანმა ისინი დაამარცხა და შემდეგ თავისი თანამდებობა ჟან არსუფელს გადასცა.[83]

იმპერატორი ფრიდრიხ II გარდაიცვალა 1250 წელს, ხოლო მისი ვაჟი კონრად II — 1254 წელს. ამის შემდეგ 1254 წლის სექტემბერში, პაპმა კონრადის მემკვიდრედ, მისი მცირეწლოვანი ვაჟი — კონრადინი გამოაცხადა (კონრად III-ის სახელით).[84] მაგრამ, ფაქტობრივი ძალაუფლება კვიპროსის მეფეებს გააჩნდათ. ანრი I-ის გარდაცვალების შემდეგ (1253), რეგენტად აღიარეს მისი მცირეწლოვანი ვაჟი ჰუგო II (გ. 1267), რომლის სახელით სამეფოს დედამისი — პლაზენცია ანტიოქელი განაგებდა (თავიდან მეორე ქმართან, ბალიან დე იბელინთან ერთად, ხოლო მასთან განქორწინების შემდეგ (1258), ძმასთან, ანტიოქიის მთავარ ბოემონდ VI-სთან ერთად). პლაზენცია 1261 წელს გარდაიცვალა და ახალი რეგენტი ანრი I-ის და — იზაბელა დე ლუზინიანი გახდა. იგი ქმართან — ანრი ანტიოქელთან ერთად მართავდა ქვეყანას.[82]

1263 წელს იზაბელა საკუთარმა ვაჟმა, ჰუგომ ჩაანაცვლა, რომელიც ჰუგო II-ის გარდაცვალების შემდეგ (მას არ დაუტოვებია შთამომავლობა) კვიპროსის მეფე გახდა ჰუგო III-ის სახელით.[85]

მას შემდეგ, რაც კონრადინმა საკუთარი უფლებები წარადგინა სიცილიის სამეფოზე, პაპმა კლემენტ VI-მ 1268 წლის 5 აპრილს გამოაცხადა იერუსალიმის გვირგვინის ჩამორთმევის შესახებ.[86] 1268 წლის 29 ოქტომბერს კონრადინი ნეაპოლში სიკვდილით დასაჯეს. ამ მოვლენიდან 25 წლის მანძილზე ფორმალურად აღიარებდნენ სუვერენს, მაგრამ პრაქტიკულად ჩამორთმეული იყო მეფის ძალაუფლება.[82]

იერუსალიმის სამეფო ტახტზე ახლა უკვე კვიპროსის მეფე — ჰუგო III ავიდა (ჰუგო I-ის სახელით), მაგრამ მას მეტოქე გამოუჩნდა. გვირგვინზე პრეტენზიები მარია ანტიოქელმა წარადგინა, რომელიც ჰუგოს მამიდა იყო. იგი თავის კანონიერებას იმით ხსნიდა, რომ იყო მელისენდა დე ლუზინიანის ქალიშვილი, რომელიც თავის მხრივ იზაბელა I-ისა და მისი მეოთხე ქმრის, ამორი II იერუსალიმელის შვილი იყო.[87]

კონრად II-ისა და კონრად III-ის (კონრადინის) უფლებები ტახტზე, ეფუძვნებოდა იმ ფაქტს, რომ კონრად II-ის დედა, იზაბელა II მარია იერუსალიმელის ქალიშვილი იყო, რომელიც თავის მხრივ — იზაბელა I-ის და მისი მეორე ქმრის კონრად I-ის შვილი. კონრადინის გარდაცვალების შემდეგ ეს მემკვიდრეობის ხაზი შეწყდა. ჰუგო III-ის ტახტზე ასვლა განაპირობა მისმა ნათესაობამ ალისა შამპანელთან (დედის ხაზით ბებია იყო), რომელიც იზაბელა I-ის და მისი მესამე ქმრის ანრი II შამპანელი-ის ქალიშვილი გახლდათ. მაგრამ ჰოენშტაუფენებისა და ჰუგო III-ის დინასტიური უფლებები არ იყო უდავო. იზაბელა I-მა თავისი მეორე (1192) და მესამე (1193) ქორწინებებე მაშინ გამართა, როდესაც პირველი ქმარი — ონფრუა IV ტორონელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. განქორწინების ფორმალურ მიზეზად გამოცხადდა მეუღლეთა ახალგაზრდობა დაქორწინების მომენტში და აღიარეს, რომ ქორწინება არ იყო შეგნებული და ნებაყოფლობითი. მაგრამ რეალური მიზეზი გახდა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისა და ადგილობრივი ფეოდალების გადაწყვეტილება, მათთვის იზაბელა სასურველი საცოლე იყო.[88] მარია ანტიოქელის დედის, მელისენდას დაბადების მომენტში, იზაბელას I ქმარი უკვე გარდაცვლილი იყო და ამდენად, იგი კანონიერ ქალიშვილად გამოცხადდა. ამრიგად, 70 წლის წინანდელმა განქორწინებამ გამოიწვია ჰუგო III-ის უფლებების ეჭვქვეშ დაყენება.[87]

1269 წელს, იერუსალიმის სამეფოს მაღალმა კურიამ უარი განაცხადა მარია ანტიოქელის მოთხოვნაზე. იმავე წლის 24 სექტემბერს, ქალაქ ტვიროსში გაიმართა ჰუგო I-ის (კვიპროსში ჰუგო III) კორონაცია. იგი იერუსალიმის მეფედ აკურთხეს. კორონაციის დროს, პროტესტის ნიშნად, მარიამ ატეხა ყვირილი, რის გამოც შემდეგში გაქცევა მოუწია. მიუხედავად ამისა, კონონით მან მაინც შეინარჩუნა უფლებები ტახტზე.[87]

ძლიერი სამეფო ხელისუფლების აღდგენის დროს, ჰუგოს კონფლიქტები მოუვიდა არამორჩილ ფეოდალებთან, ტამპლიერთა ორდენთან და ადგილობრივ ქალაქის კომუნებთან. შედეგად, 1276 წელს, ჰუგომ არეულობის გამო დატოვა წმინდა მიწა და კვიპროსში გაემგზავრა.[89]

ლუი IX-ის ჯვაროსნული ლაშქრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიუბიდები ჯერ კიდევ დაშლილები იყვნენ. ისმა'ილმა (დამასკოს მმართველი), დაუდმა (კერაკის მმართველი) და ალ-მანსურ იბრაჰიმმა (ჰომსის მმართველი) კავშირი შექმნეს ას-სალიჰ აიუბის (ეგვიპტის მმართველი) წინააღმდეგ, ხოლო აიუბმა ხვარაზმელები დაიქირავა მათთან საბრძოლველად. ხვარაზმელები მომთაბარე ტომები იყვნენ ცენტრალური აზიიდან. ისინი მონღოლთა შემოსევების გამო დასავლეთით. გადასახლდნენ და მესოპოტამიაში დამკვიდრდნენ. ზემოთხსენებული ანტიიმპერიული შეთქმულებიდან მალევე, 1244 წლის 15 ივლისს აიუბის დახმარებით მათ იერუსალიმი აიღეს და დაანგრიეს. ქალაქი ორივე მხარისთვის, ქრისტიანებისთვისაც და მუსლიმებისთვისაც გამოუსადეგარი გახდა. ოქტომბერში, ხვარაზმელები ეგვიპტელებთან ერთად ბეიბერს I-ის მეთაურობით ბრძოლის ველზე შეხვდნენ ფრანგო-სირიულ კოალიციას. მეორე მხარეს მეთაურობდა ფილიპ დე მონფორი, აგრეთვე გოტიე IV დე ბრიენი, ტამპლიერთა, ჰოსპიტალიერთა და ტევტონთა დიდი მაგისტრები, ისევე როგორც ალ-მანსური და დაუდი. 17 ოქტომბერს ბრძოლაში ფრანგები დამარცხდნენ. გოტიე დე ბრიენი დაატყვევეს და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს. 1247 წელს აიუბმა დიდი ტერიტორიები მოიპოვა და დამასკოზეც კი დაამყარა კონტროლი.[90]

ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა განიხილეს ლიონის კრებაზე, 1245 წელს, ინოკენტი IV-ის თაოსნობით. კრებამ გადააყენა ფრიდრიხ II, რადგან იმპერიისგან არანაირნი დახმარების იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ საფრანგეთის მეფემ, ლუი IX-მ დაიფიცა, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობაში წავიდოდა. 1248 წელს ლუი კვიპროსში ჩავიდა. აქ შეიკრიბა ლუის პირადი არმია, რომელთა შორის იყო რობერ არტუელი, შარლ ანჟუელი და ალფონს პუატიელი, და იერუსალიმისა და კვიპროსის არმიები იბელინთა საგვარეულოს მეთაურობით: ჟან I დ’იბელინი, გი დ’იბელინი და ბალიან დ’იბელინი. ამჯერად ლაშქრობის სამიზნე კიდევ ერთხელ ეგვიპტე გახდა. 1249 წლის ივნისში ჯვაროსნები ეგვიპტეში ჩავიდნენ გემებით და დამიეტა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაიპყრეს. ისინი აქ ნოემბრამდე შეჩერდნენ. ამ დროს სულთანი აიუბი გარდაიცვალა და ახალი სულთანი მისი ვაჟი, თურანშაჰი. თებერვალში ჯვაროსნები ელ-მანსურის ბრძოლაში დამარცხდნენ. რობერ I ბრძოლის დროს დაიღუპა. ჯვაროსნებმა ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა. საკვების ნაკლებობისა და დაავადებების გამო, აპრილში დამიეტისაკენ დაიხიეს. გზაში ისინი ფარისკურის ბრძოლაში დამარცხდნენ, რომლის დროსაც ლუი IX ტყვედ ჩავარდა. ტყვეობის დროს მამლუქებმა აიბექის მეთაურობით დაამხეს თურანშაჰის მმართველობა. მათ ლუი გაათავისუფლეს დამიეტის და დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ. შემდეგი ოთხი წელი მან აკრაში გაატარა, რათა გაემაგრებინა ის და სხვა ქალაქები, როგორიცაა კესარია, იაფა და სიდონი. აგრეთვე გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება სირიის აიუბიდებთან და ელჩობა გაგზავნა მონღოლებთან მოსალაპარაკებლად, რომლებიც ამ დროს მუსლიმურ სამყაროს ემუქრებოდნენ. მანამდე, 1254 წელს სახლში დაბრუნდა. აკრაში დატოვა დიდი გარნიზონი ჟოფრუა დე სერჟინის მეთაურობით.[91]

1256 წელს, კომერციული დაპირისპირება ვენეციელ და გენუელ ვაჭართა კოლონიებს შორის, საბოლოოდ ღია სახის სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ დაპირისპირების მიზეზი გახდა საბაწმიდის ლავრა, რომელზეც ორივე მხარე აცხადებდა პრეტენზიას. გენუელები, რომელთაც დახმარებას პიზელი ვაჭრებიც უწევდნენ, შეიჭრნენ ვენეციურ კვარტალში და მათი გემები დაწვეს, მაგრამ საბოლოოდ ვენეციელებმა ისინი გამოდევნეს აქედან. მაშინ, გენუელების მოკავშირე ფილიპ დე მონფორმა ტვიროსიდან გაყარა ვენეციელები. ამ უკანასკნელთ მხარი დაუჭირა ჟან იაფელმა, ჟან არსუფელმა და ჟან II ბეირუთელმა, აგრეთვე ტამპლიერთა და ტევტონთა ორდენებმა და გადაბირებულმა პიზელებმა. ჰოსპიტალიერები გენუელებს მიემხრნენ. 1257 წელს ვენეციელებმა დაიკავეს საბაწმიდის ლავრა და მისი საფორტიფიკაციო ნაგებობები გაანადგურეს, მაგრამ გენუელთა მთლიანად განდევნა ვერ შეძლეს. გენუის კვარტალი ბლოკადაში მოაქციეს, თუმცა ჰოსპიტალიერთა კომლექსი ახლოს იყო და დახმარებას ისინი უწევდნენ, ხოლო ფილიპ დე მონფორმა ტვიროსიდან გააგზავნა საკვები გემებით. 1257 წლის აგვისტოში ჟან არსუფელმა გენუის მოკავშირე ანკონასთვის აკრაში კომერციული უფლებების მინიჭებით სცადა ომის დამთავრება (ანუ გენუელებს მიემხრო), მაგრამ სხვა დიდებულები ისევ ვენეციის მხარეზე დარჩნენ. 1258 წლის ივნისში ფილიპი და ჰოსპიტალიერები აკრისკენ დაიძრნენ, გენუელები კი ფლოტით დაესხნენ თავს ქალაქს. საზღვაო ბრძოლაში ვენეციელებმა გაიმარჯვეს და აიძულეს გენუელებს, რომ დაეცალათ თავისი კვარტალი და ფილიპთან ერთად ტვიროსში გაქცეულიყვნენ. ომი მიმდინარეობდა ტრიპოლსა და ანტიოქიაშიც. ემბრიაკოს საგვარეულო, რომელიც გენუელი ჯვაროსნებისაგან წარმოიშვა, ებრძოდა ვენეციელთა მოკავშირე მთავარს, ბოემონდ VI-ს. 1261 წელს პატრიარქმა ჟაკ პანტელეონმა მოიწვია კრება, რათა სამეფოში წესრიგი აღედგინა, თუმცა გენუელები აკრაში აღარ დაბრუნებულან.[92]

შარლ ანჟუელის მეფობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1272 წელს, მარია ანტიოელმა საკუთარი საქმე რომის პაპის კურიაში წარადგინა, ჰუგოს ფაქტობრივმა ტახტიდან გადადგომამ ხელი შეუწყო მის პრეტენზიებს. პაპის კურიაში პროცესი გადაიდო, მარიამ კი მხარი შარლ I ანჟუელს დაუჭირა. 1277 წლის 15 იანვარს, კარდინალების თანდასწრებით, მარია ანტიოქელმა საკუთარი უფლებები იერუსალიმის სამეფოზე შარლ ანჟუელს გადასცა, სიცოცხლის ბოლომდე რენტის სანაცვლოდ. იმავე წლის გაზაფხულზე შარლის ნაცვალი, როჟე დე სან სევერინო ჩავიდა დედაქალაქ აკრაში, სადაც მხარი დაუჭირეს ტამპლიერებმა. ჰუგო I-ის (კვიპროსზე ჰუგო III) მიერ აკრაში დანიშნული ნაცვალი იძულებული გახდა გაქცეულიყო, ხოლო სამეფოს ვასლებმა განდევნის შიშით მორჩილება აღუთქვეს შარლს და ომაჟი ჩაატარეს.[93]

შარლისა და მისი ნაცვალის ხელისუფლებას წინააღმდეგობა არ შეხვედრია, მაგრამ მიღებული იქნა ენთუზიაზმის გარეშე. ტამპლიერებმა მხარი დაუჭირეს, სხვა ორდენებმა უბრალოდ აღიარეს, იტალიური კომუნები, რომლებიც თითქმის თავისუფალი მმართველობით სარგებლობდნენ, კეთილგანწყობით შეხვდნენ ახალ რეჟიმს. ჰუგო III-ის 1278–1279 წლების ცდა, დაებრუნებინა ძალაუფლება, უშედეგო აღმოჩნდა. ტვიროსში ჩასულ კვიპროსის მეფეს არავინ დაუჭირა მხარი, ხოლო მისმა საკუთარმა არმიამ უარი განაცხადა ებრძოლათ კვიპროსის გარეთ.[93]

სიცილიის მწუხრის გამო შარლი ვერ ახერხებდა სამეფოს ეფექტურ მართვას. სიცილიის სამეფოს შენარჩუნებისთვის ბრძოლების გადატანა დასჭირდა და ამიტომ აკრიდან გამოიხმა თავისი ნაცვალი, როჟე დე სან სევერინო. ახალი ნაცვალი, ედ დე პუალეშენი (მარტინ IV-ის დისშვილი/ძმისშვილი) იძულებული გახდა ებრძოლა თავისი მეფის უფლებებისათვის ყოველგვარი დახმარების გარეშე. 1283 წლის 1 აგვისტოს ჰუგო ბეირუთში ჩავიდა, ხოლო იქიდან 7 აგვისტოსტვიროსში. შემდგომ წინსვლას ხელი შეუშალეს ტამპლიერებმა, რომლებიც ჯერ კიდევ შარლს უჭერდნენ მხარს. 1284 წლის 29 მარტს ჰუგო III გარდაიცვალა, 1285 წლის 20 მაისს კი — მისი ახალგაზრდა ვაჟი ჟან I, რამაც შარლის ნაცვალს შესაძლებლობა მისცა შეენარჩუნებინა აკრაზე კონტროლი მომდევნო ორი წლის განმავლობაში.[94]

შარლის მეფობასთან ერთად, ანჟუს დინასტიის იერუსალიმის შტოს მმართველობაც შეწყდა. კვიპროსის ახალი მეფე გახდა ანრი II, ჰუგო III-ის ვაჟი. მან მოახერხა ტამპლიერებთან მოლაპარაკება, რითაც ნაცვალ ედ დე პუალეშენს მოკავშირეები აღარ დარჩა. 1286 წლის 24 ივნისს ანრი II-ის ფლოტი აკრაში შევიდა. თავიდან ედ დე პუალეშენმა თავის ფრანგო-სიცილიურ რაზმთან ერთად თავი ქალაქის ციტადელს შეაფარა, მაგრამ საკვების ამოწურვის შემდეგ ანრის დანებდა (1286 წლის 29 ივნისი).[94]

  • ჟორდანია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 87.
  • რიშარი, ჟან (2002). ლათინო-იერუსალიმის სამეფო. სანქტ-პეტერბურგი: ევრაზიის გამომცემელთა ჯგუფი. ISBN 5-8071-0057-3. ციტირების თარიღი: 2018-05-28.  დაარქივებული 2013-05-25 საიტზე Wayback Machine.
  • ჰოლტი, პიტერ მალკოლმ (1989). ჯვაროსნული ლაშქრობები: ახლო აღმოსავლეთი მეთერთმეტე საუკუნიდან 1517 წლამდე. Longman. 
  • ტიერმანი, ქრისტოფერ (2006). ღმერთის ომი: ჯვაროსნული ლაშქრობების ახალი ისტორია. Penguin/Allen Lane and Harvard University Press. 
  • ასბრიჯი, თომას (2004). პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა: ახალი ისტორია. ოქსფორდი. 
  • რაილი-სმიტი, ჯონათან (1991). პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა და ჯვაროსნობის იდეა. პენსილვანია. 
  • რანსიმენი, სტივენ (1950). ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორია. კემბრიჯი. 
  • რანსიმენი, სტივენ (1952). ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორია. კემბრიჯი: Cambridge University Press. 
  • ტირი, ვილჰელმ დე (1943). ზღვის მიღმა ჩადენილი საქმეების ისტორია. Columbia University Press. 
  • მედენი, თომას (2005). ჯვაროსნული ლაშქრობების ახალი კონტექსტის ისტორია. Rowman and Littlefield. 
  • მაიერი, ჰანს ელიზაბეთ (1988). ჯვაროსნული ლაშქრობები, II გამოცემა, ოქსფორდი: Oxford University Press. 
  • ედბარი, პიტერ უ. (1993). ჯვაროსნები და მუსლიმები მეცამეტე საუკუნის სირიაში, პროპაგანდა და განხეთქილება იერუსალიმის სამეფოში: ჰატინის წინაპირობები. ლეიდენი: Brill. 
  • ჰამილტონი, ბერნარდ (2000). კეთროვანი მეფე და მისი მემკვიდრეები. კემბრიჯი. 
  • ედბარი, პიტერ უ. (1991). კვიპროსის სამეფო და ჯვაროსნული ლაშქრობები, 1191–1374. კემბრიჯი: Cambridge University Press. 
  • რაილი-სმიტი, ჯონათან (2005). ჯვაროსნული ლაშქრობები: ისტორია, მეორე გამოცემა, Yale University Press. 
  • პოუელი, ჯეიმზ მ. (1986). ჯვაროსნული ლაშქრობის ანატომია: 1213–1221. University of Pennsylvania Press. 
  • რანსიმენი, სტივენ (1952). ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორია. კემბრიჯი: Cambridge University Press. 
  1. ლილუაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 560.
  2. ჰოლტი 1989, გვ. 11, 14–15.
  3. ჰოლტი 1989, გვ. 11–14.
  4. Thomas Asbridge, The First Crusade: A New History (Oxford: 2004); Christopher Tyerman, God's War: A New History of the Crusades (Penguin: 2006); Jonathan Riley-Smith, The First Crusade and the Idea of Crusading (Pennsylvania: 1991); and the lively but outdated Steven Runciman, A History of the Crusades: Volume 1, The First Crusade and the Foundation of the Kingdom of Jerusalem (Cambridge: 1953).
  5. ტიერმანი 2006, გვ. 159–160
  6. ვილჰელმ დე ტირი.
  7. რაილი-სმიტი, ჯონათან (1979). „გოდფრუა ბუიონელის ტიტული“. Bulletin of the Institute of Historical Research. 52: 83–86. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  8. მურეი, ალან (1990). „გოდფრუა ბუიონელის, როგორც იერუსალიმის მეფის ტიტული“. Collegium Medievale. 3: 163–178. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  9. ასბრიჯი 2004, გვ. 326
  10. ვილჰელმ დე ტირი, გვ. 404.
  11. ტიერმანი 2006, გვ. 201–202
  12. მაიერი 1988, გვ. 171–176
  13. ვილჰელმ დე ტირი, გვ. 507–508.
  14. მედენი 2005, გვ. 40–43
  15. მედენი 2005, გვ. 43
  16. მაიერი 1988, გვ. 71–73
  17. მაიერი 1988, გვ. 72–77
  18. ტიერმანი 2006, გვ. 207–208
  19. მაიერი 1988, გვ. 83–85
  20. მაიერი 1988, გვ. 83–84
  21. ვილჰელმ დე ტირი, გვ. 76
  22. მაიერი 1988, გვ. 86–88
  23. მაიერი 1988, გვ. 92
  24. ფილიპსი, ჯონათან (2007). მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა: ქრისტიანობის საზღვრების გაგრძელება. ნიუ-ჰეივენი: Yale University Press, გვ. 216–227. 
  25. ტიერმანი 2006, გვ. 344–345
  26. მაიერი 1988, გვ. 108–111
  27. მაიერი 1988, გვ. 112
  28. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 491.
  29. მედენი 2005, გვ. 64–65
  30. ვილჰელმ დე ტირი, გვ. 265
  31. ტიერმანი 2006, გვ. 347–348
  32. მაიერი 1988, გვ. 118–119
  33. მაიერი 1988, გვ. 119–120
  34. ტიერმანი 2006, გვ. 350
  35. ბალდუინი, მარშალ უ. (1969). ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორია, იერუსალიმის დაკნინება და დაცემა, 1174–1189. University of Wisconsin Press, გვ. 592. 
  36. რანსიმენი 1952, გვ. 404
  37. მაიერი 1988, გვ. 127–128
  38. ედბარი 1993, გვ. 174
  39. ჰამილტონი 2000, გვ. 158
  40. ჰამილტონი 2000, გვ. 93
  41. ჰამილტონი 2000, გვ. 105–106
  42. ჰამილტონი 2000, გვ. 101
  43. ჰამილტონი 2000, გვ. 115
  44. ჰამილტონი 2000, გვ. 118
  45. ჰამილტონი 2000, გვ. 122–130
  46. ჰამილტონი 2000, გვ. 132–136
  47. ჰამილტონი 2000, გვ. 150–158
  48. ჰამილტონი 2000, გვ. 161
  49. ჰამილტონი 2000, გვ. 162–163
  50. ედბარი და როუი [1978] (1999). ჯვაროსანთა სახელმწიფოები: იერუსალიმიდან კვიპროსამდე, ვილჰელმ ტვიროსელი და 1180 წლის პატრიარქის არჩევნები. ოლდერშოტი: Ashgate, გვ. 23–25. 
  51. ჰამილტონი 2000, გვ. 170–171
  52. ჰამილტონი 2000, გვ. 174–183
  53. ჰამილტონი 2000, გვ. 186–192
  54. ჰამილტონი 2000, გვ. 192–196
  55. ჰამილტონი 2000, გვ. 202–203
  56. ჰამილტონი 2000, გვ. 204–210
  57. ჰამილტონი 2000, გვ. 212–216
  58. ჰამილტონი 2000, გვ. 216–223
  59. ჰამილტონი 2000, გვ. 223–231
  60. ედბარი 1991, გვ. 4–5
  61. ედბარი 1991, გვ. 25–26
  62. ედბარი 1991, გვ. 26–29
  63. ედბარი 1991, გვ. 31–33
  64. რაილი-სმიტი 2005, გვ. 146–147
  65. რაილი-სმიტი 2005, გვ. 150
  66. რიშარი, ჟან (1999). ჯვაროსნული ლაშქრობები, დაახლ. 1071–დაახლ. 1291. Cambridge University Press, გვ. 240–241. 
  67. რაილი-სმიტი 2005, გვ. 153–160
  68. ედბარი 1991, გვ. 40–41
  69. ედბარი 1991, გვ. 48
  70. პოუელი 1986, გვ. 128–135
  71. კლივი, თომას კერტის ვან (1969). ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორია, "მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა", University of Wisconsin Press, გვ. 394–395. 
  72. პოუელი 1986, გვ. 137–195
  73. ედბარი 1991, გვ. 55–56
  74. 74.0 74.1 ედბარი 1991, გვ. 57–64
  75. რაილი-სმიტი 2005, გვ. 180–182
  76. რაილი-სმიტი 2005, გვ. 182
  77. რიშარი, ჟან 2002, გვ. 284
  78. 78.0 78.1 რიშარი, ჟან 2002, გვ. 298–301
  79. 79.0 79.1 ტიერმანი 2006, გვ. 725–726
  80. ლოუერი, მაიკლ (2005). ბარონების ჯვაროსნული ლაშქრობა: სალაშქროდ მოწოდება და მისი შედეგები. University of Pennsylvania Press, გვ. 159–177. 
  81. რიშარი, ჟან 2002, გვ. 305
  82. 82.0 82.1 82.2 რიშარი, ჟან 2002, გვ. 366
  83. ედბარი 1993, გვ. 81–85
  84. რიშარი, ჟან 2002, გვ. 315
  85. რიშარი, ჟან 2002, გვ. 369–370
  86. რიშარი, ჟან 2002, გვ. 327
  87. 87.0 87.1 87.2 რიშარი, ჟან 2002, გვ. 371–372
  88. რიშარი, ჟან 2002, გვ. 185–186
  89. რიშარი, ჟან 2002, გვ. 377
  90. ტიერმანი 2006, გვ. 770–771
  91. ტიერმანი 2006, გვ. 784–803
  92. რანსიმენი 1952, გვ. 568–570
  93. 93.0 93.1 რიშარი, ჟან 2002, გვ. 378–380
  94. 94.0 94.1 რიშარი, ჟან 2002, გვ. 381–383