ელიზაბეთ ვუდვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეთ ვუდვილი
Elizabeth Woodville
ElizabethWoodville.JPG
ელიზაბეთ ვუდვილის პორტრეტი, შექმნილია 1472 წელს, ინახება კემბრიჯში
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 26 მაისი 1465
მმართ. დასაწყისი: 1 მაისი 1464
მმართ. დასასრული: 30 ოქტომბერი 1470
წინამორბედი: მარგარიტა ანჟუელი
მემკვიდრე: მარგარიტა ანჟუელი
ინგლისის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 11 აპრილი 1471
მმართ. დასასრული: 9 აპრილი 1483
წინამორბედი: მარგარიტა ანჟუელი
მემკვიდრე: ენ ნევილი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1437
გარდ. თარიღი: 8 ივნისი 1492 (55 წლის)
მეუღლე: სირ ჯონ გრეი
(ქ. 1452 - გარ. 1461)
ედუარდ IV
(ქ. 1464 - გარ. 1483)
შვილები: თომას გრეი
რიჩარდ გრეი
ელისაბედ იორკელი
მერი იორკელი
სესილი იორკელი
ედუარდ V იორკელი
მარგარეტ იორკელი
რიჩარდ იორკელი
ენ იორკელი
ჯორჯ იორკელი
ქეთრინ იორკელი
ბრიდგეთ იორკელი
მამა: რიჩარდი, რივერსის ერლი
დედა: ჟასკეტა ლუქსემბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ელიზაბეთ ვუდვილი (ინგლ. Elizabeth Woodville; დ. 1437 — გ. 8 ივნისი, 1492) — ორგზის ინგლისის დედოფალი 1464-1470 და 1471-1483 წლებში როგორც ედუარდ IV-ის მეუღლე.

მისი დაბადებისას მისი ოჯახი წარმოადგენდა ინგლისური არისტოკრატიის საშუალო შეძლების გვარს. ელიზაბეთი პირველად მიათხოვეს ლანკასტერების დინასტიის მცირე მხარდამჭერ სირ ჯონ გრეის, რომელიც 1461 წელს ალბანის ომში გარდაიცვალა და ელიზაბეთი თავის ორ ვაჟთან ერთად დაქვრივებული დატოვა.

მისი მეორე ქორწინება 1464 წელს შედგა ინგლისის მეფე ედუარდ IV-ზე რომელიც მისმა უბრალოებამ და საუცხოო სილამაზემ მოხიბლა. ედუარდი იყო იორკთა დინასტიის პირველი მეფე, რომელმაც ელიზაბეთზე ქორწინების გამო უამრავ ევროპელ პრინცესას უთხრა უარი. ელიზაბეთს მალე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, ვორვიკის ერლის სახით, რომელიც მას ჯადოქრად თვლიდა და ამის გამო 1470 წელს ედუარდი ტახტიდან ჩამოაგდო, თუმცა ერთ წელიწადში მან ტახტი დაიბრუნა და ვორვიკი მოკლა. მიუხედავად ამისა ვორვიკის ორივე ქალიშვილი დაქორწინებულნი იყვნენ ელიზაბეთის მაზლებზე, რომლებიც მისი მოსისხლე მტრებად იქცნენ.

1483 წელს ედუარდ IV გარდაიცვალა რითაც ელიზაბეთმა გავლენები დაკარგა. მალე ელიზაბეთის ვაჟი, ედუარდ V ბიძამისმა და ამავდროულად ვორვიკის სიძე რიჩარდ III-მ ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გამეფდა. ორ წელიწადში რიჩარდი დაიღუპა, რითაც იორკთა დინასტია ფაქტიურად შეწყდა. ტახტზე ავიდა ტიუდორების დინასტიის წარმომადგენელი ჰენრი VII რომელმაც ელიზაბეთის უფროსი ქალიშვილი, ელისაბედ იორკელი შეირთო ცოლად. სიცოცხლის ბოლომდე ელიზაბეთი ჰენრის მოკვლას და ტახტიდან ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. მან იწინასწარმეტყველა ტიუდორების ბედი, რაც ზედმიწევნით ახდა შემდეგი საუკუნეების მანძიზე.

ადრეული ცხოვრება და პირველი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ ვუდვილი დაიბადა 1437 წელს, სავარაუდოდ ოქტომბერში. მამამისი, რიჩარდ ვუდვილი შედარებით დაბალი არისტოკრატიული წრიდან იყო, ხოლო დედამისი, ჟასკეტა ლუქსემბურგელი თვით ლუქსემბურგის ჰერცოგის ასული იყო და ამგვარი სხვადასხვა წრიდან წამოსული ადამიანების ქორწინებას საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა. ვუდვილები ძველი, პატივმოყვარე და მდიდარი ინგლისური კეთილშობილური საგვარეულო იყო, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ ელჩები, შერიფები, დეპუტატები, კომისრები, მეორეს მხრივ კი ელიზაბეთის დედა თვის ინგლისის მეფე ჰენრი VI-ის ნათესავი იყო.

დაახლოებით 1452 წელს ელიზაბეთი ცოლად გაჰყვა სირ ჯონ გრეის. ელიზაბეთს და ჯონს ორი ვაჟი შეეძინათ თომასი და რიჩარდი. 1461 წელს ალბანის ბრძოლაში, ლანკასტერების მხარეს იბრძოდა ჯონიც, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრეს და გარდაიცვალა კიდეც. ბედის ირონიისთ, ელიზაბეთი ედუარდ IV-ს გაჰყვა ცოლად, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც დაეცა მისი ქმარი.

ელიზაბეთს ბრიტანეთის კუნძულებზე ყველაზე მშვენიერ ქალს უწოდებდნენ რომელსაც ჰქონდა მრავლისმეტყველი დრაკონის თვალები.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედუარდ IV-ისა და ელიზაბეთ ვუდვილის ქორწინება

ედუარდ IV-ს უამრავი საყვარელი ჰყავდა, რომელთაგან გამოსარჩევია ჯეინ შორი. მას საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. მიუხედავად ასეთი მექალთანეობისა, იგი ცოლის ერთგული აღმოჩნდა. 1464 წლის 1 მაისს ედუარდი დაქორწინდა ქვრივ ელიზაბეთ ვუდვილზე. ქორწინება საიდუმლო იყო და მხოლოდ ელიზაბეთის დედა და ორი ფრეილინა ესწრებოდა. ედუარდი ტახტზე ასვლიდან სამი წლის შემდეგ დაქორწინდა. იგი 1461 წელს ავიდა ტახტზე, მას შემდეგ რაც ჰენრი VI ჩამოაგდო და ტაუერში გამოკეტა. ელიზაბეთ ვუდვილი 1465 წლის 26 მაისს, აღდგომის შემდეგ, ამაღლების დღესასწაულზე ეკურთხა ინგლისის დედოფლად, უესტმინსტერის სააბატოში.

ელიზაბეთი და ედუარდი სამეფო ტახტზე

მეფობის ადრეული წლების განმავლობაში, ედუარდ IV-ის მმართველობა დამოკიდებული იყო ისეთ მოკავშირეებზე როგორიცაა რიჩარდ ნევილი, ვორვიკის ერლი. როდესაც ედუარდმა ელიზაბეთი მალულად შეირთო ცოლად, ამ დროს ვორვიკი საფრანგეთში საქორწინო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩამოგდებული მეფე ჰენრი VI-ის ცოლ მარგარეტ ანჟუელისა და ედუარდის ქორწინებასთან დაკავშირებით. გეგმა იყო, რომ ედუარდისა და მარგარიტას ქორწინებით უნდა შემდგარიყო ინგლისისა და საფრანგეთის მოკავშირეობა, რასაც ედუარდის ტახტი უნდა გაემყარებინა. ხოლო როცა ედუარდმა ინგლისელი, საშუალო წრის ქალი შეირთო ცოლად, თანაც ლანკასტერების მოკავშირე ოჯახიდან, ამან ვორვიკი განარისხა და შეურაცხჰყო. ამის შემდეგ ვორვიკი სიკვდილამდე გადაემტერა ედუარდს. გარდა ვორვიკისა, ამ ქორწინებით უკმაყოფილო იყო პარლამენტიც და უამრავი სხვა დიდგვაროვანიც.

ელიზაბეთის სამეფო კარზე უამრავი მწვავე რეაქცია მოჰყვა, განსაკუთრებით კი ნევილების მხრიდან. ელიზაბეთს უამრავი და ჰყავდა, რომლებიც სასწრაფოდ მიათხოვეს ინგლისელ დიდგვაროვნებს, რითაც იორკებმა ფეხი გაიმაგრეს. ელიზაბეთის ყველაზე პატარა და, ქეთრინიც კი გაათხოვეს ბუკინგემის ჰერცოგზე, რომლებიც სულ 11 წლისანი იყვნენ. ასევე დააქორწინეს ელიზაბეთის უფროსი ვაჟი თომასი და ელიზაბეთის 20 წლის ძმა.

როდესაც ედუარდმა და ელიზაბეთმა დინასტიური ქორწინებებით თითქმის ყველა დიდებული მოკავშირედ გაიხადეს, ვორვიკმა თავისი უფროსი ქალიშვილი, ისაბელ ნევილი დააქორწინა ედუარდის მეამბოხე და პრეტენზიულ ძმა ჯორჯზე. მალე მათ ედუარდის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა დაიწყეს. ვორვიკისა და ჯორჯის შეთქმულება დამარცხდა, რის გამოც ისინი საფრანგეთში გაიქცნენ. იქ შეხვდნენ ჰენრი VI-ის ცოლს, ყოფილ დედოფალ მარგარიტა ანჟუელს. მარგარიტა მათ შეეკრა და ამის განსამტკიცებლად მან თავისი ვაჟი, უელსის პრინცი ედუარდ ლანკასტერი დააქორწინა ვორვიკის ქალიშვილ ენ ნევილზე. მათ დიდი შეთქმულება მოაწყვეს და 1470 წელს ფრანგული არმიით ინგლისში შეიჭრნენ. მათ გაიმარჯვეს და ედუარდი და ელიზაბეთი ტახტიდან ჩამოყარეს. თუმცა მომავალ წელს მათ ტახტი კვლავ დაიბრუნეს. ტახტის დაბრუნებისას ედუარდმა მოკლა ვორვიკი ხოლო ჯორჯს შეუნდო. მარგარიტა ანჟუელი, ენ ნევილი და ედუარდ ლანკასტერი საფრანგეთში გაიქცნენ. მალე ისინი უკან კვლავ არმიით დაბრუნდნენ. ედუარდმა დაამარცხა ისინი და მოკლა პრინცი ედუარდი, ენ ნევილი ტყვედ აიყვანა, მარგარიტა ანჟუელი კი სამუდამოდ გააძევა ინგლისიდან.

ტახტის დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში ელიზაბეთმა ტახტის მემკვიდრე გააჩინა, სახელად ედუარდი (შემდგომში ედუარდ V). ელიზაბეთსა და ედუარდს ქორწინებაში ათი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი ვაჟი იყო, ხოლო შვიდი ქალიშვილი. აქედან მხოლოდ ხუთმა ქალიშვილმა მიაღწია სრულწლოვანებამდე.

ელიზაბეთი შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მორწმუნე და ქმრის მორჩილი დედოფალი იყო. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან და ხელს უწყობდა მისიონერთა მოღვაწეობას ახლო აღმოსავლეთში.

ქვრივი დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ ვუდვილი ემშვიდობება თავის ვაჟს კოშკში წაყვანის წინ

1483 წლის აპრილში მოულოდნელად, პნევმონიისგან გარდაიცვალა ედუარდ IV, რამაც ელიზაბეთის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მისი პატარა ვაჟი ედუარდ V მეფე გახდა, ხოლო რეგენტად მისი ბიძა, ენ ნევილის ქმარი რიჩარდ იორკელი გახდა. ელიზაბეთის კონტროლისა და ძალაუფლების მოსასპობად რიჩარდმა ედუარდი ტაუერში გამოამწყვდია. ამას გარდა რიჩარდმა მოკლა ელიზაბეთის ძმა და შვილი პირველი ქორწინებიდან, ამასთან დააპატიმრა ელიზაბეთის და ედუარდ IV-ის კიდევ ერთი ვაჟი და ისიც ტაუერში გამოკეტა. ელიზაბეთი ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო რათა როგორმე კვლავ დაესვა თავისი ვაჟი ტახტზე. სულ მალე რიჩარდი მიხვდა, რომ სანამ ბიჭები ცოცხლები იყვნენ, მანამდე იყო მისი მმართველობა დიდი საფრთხის ქვეშ.

1483 წლის 25 ივნისს პარლამენტმა რიჩარდის ზეწოლით ელიზაბეთისა და ედუარდის ყველა შვილი უკანონოდ სცნეს. ამის საფუძვლად კი ის მიიჩნიეს რომ ისინი დაქორწინდნენ ჩუმად, ყოველგვარი წესისა და რომის პაპის ნებართვის გარეშე. პარლამეტი ასევე განიხილავდა ელიზაბეთს როგორც ჯადოქარს, თუმცა სამხილებისა და მტკიცებულებების არარსებობის გამო მას ეს ბრალდება ვერ დაუმტკიცეს. შედეგაც რიჩარდ III მეფე გახდა. ედუარდ V რომელიც უკვე მეფე აღარ იყო თავის ძმასთან ერთად კოშკში რჩებოდა. 1483 წლის ზაფხულში ისინი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, ივარაუდება, რომ ისინი რიჩარდმა დაახოცინა.

ცხოვრება რიჩარდ III-ის მეფობისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც ელიზაბეთმა ვაჟები დაკარგა, მარგარეტ ბეფორტის მოკავშირე გახდა და შეთანხმდა, რომ თავის უფროს ქალიშვილს ელისაბედ იორკელს მიათხოვებდა მარგარეტის ვაჟ ჰენრი ტიუდორს. ჰენრი ედუარდ III-ის შვილთაშვილი და ლანკასტერების ნათესავი იყო, ამიტომ რიჩარდის შემდეგ ტახტის მემკვიდრე სწორედ ის იყო. ამავდროულად ელისაბედიც თავისმხრივ ტახტის მემკვიდრე იყო, როგორც ედუარ IV-ის უფროსი ასული (ბრიტანეთში, საფრანგეთისგან განსხვავებით ქალსაც შეეძლო ტახტზე ასვლა). 1483 წლის დეკემბერში შედგა ჰენრისა და ელისაბედის ნიშნობა.

1484 წლის 1 მარტს ელიზაბეთმა და მისმა ქალიშვილებმა ფიცი დადეს რიჩარდის წინაშე, რომ არ გამოთქვამდნენ ტახტზე პრეტენზიას, ამის სანაცვლოდ კი რიჩარდმა მათ თავისუფლება უბოძათ. 1485 წლის 16 მარტს გარდაიცვალა რიჩარდის ცოლი, დედოფალი ენ ნევილი. მისი გარდაცვალების შემდეგ დადიოდა ჭორები, რომ რიჩარდსა და ელისაბედ იორკელს რომანი ჰქონდათ, რამაც საშინლად შეარყია ელისაბედის რეპუტაცია. ამის გამო კინაღამ ჩაიშალა ჰენრისა და ელისაბედის ნიშნობა.

ცხოვრება ჰენრი VII-ის მეფობისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1485 წელს ბოსვორტის ბრძოლაში ჰენრი ტიუდორმა დაამარცხა და ტახტიდან ჩამოაგდო რიჩარდ III. როგორც კი ჰენრი VII მეფე გახდა, მან ცოლად შეირთო ელისაბედ იორკელი, ხოლო ელიზაბეთ ვუდვილს ახალი დედოფლის მეთვალყურეობა დაევალა.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ სამეფო კარზე ინტრიგებით სავსე ცხოვრებამ ელიზაბეთი გადაღალა და სწორედ ამიტომ 1487 წლის 12 თებერვალს ის ბერმონდსეის სააბატოში გადასახლდა. თანამედროვე ბიოგრაფისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იგი ჰენრი VII-ის მოკვლას ცდილობდა, რის გამოც იგი კი არ გადასახლდა, არამედ გადაასახლეს. 1486 წლიდან იგი დაუბრუნდა რელიგიურ და მშვიდ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა 1487 წელს ელიზაბეთმა მოაწყო ლამბრეტ სიმნელის აჯანყება, რომელიც მიზნად ისახავდა ტიუდორების დამხობას და იორკების რესტავრაციას, თუმცა ჩაიშალა.

ბერმონდსენში ელიზაბეთს კონტაქტი საერთოდ აღარ ჰქონდა ელისაბედთან. მიუხედავად ამისა ჯაშუშების წყალობით მან ყველაფერი იცოდა სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. მისმა ქალიშვილმა 4 შვილი გააჩინა, ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი, ელიზაბეთს კი ისინი ნანახიც კი არ ჰყავდა. 1491 წელს ელისაბედი პირველად და უკანასკნელად ეწვია მას ბერმონდსენში, თუმცა მისი შუათანა ქალიშვილი, სესილი იორკელი მას ხშირად სტუმრობდა და სწერდა.

1488 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ III ჰენრი VII-თან ბრძოლაში დაიღუპა. ჰენრიმ შოტლანდიასთან მშვიდობა დაამყარა და თავისი ქალიშვილი მარგარეტი ახალ მეფეს ჯეიმზ IV-ს მიათხოვა.

ელიზაბეთ ვუდვილი 1492 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა ბერმონდსენში. იგი დაკრძალეს უინძორის სასახლეში. მის დაკრძალვას ყველა მისი ქალიშვილი დაესწრო, გარდა ელისაბედისა, რომელიც უკვე ტიუდორების მხარეს იყო გადასული.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ გრეისთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თომას გრეი (დ. 1455 - გ. 20 სექტემბერი 1501), ჰანტინგტონის ერლი, დორზეტის მარკიზი და ფერერისა და გრობის ლორდი, პირველად იქორწინა ენ ჰოლანდზე რომელიც ახალგაზრდა და უშვილო გარდაიცვალა, მეორეც იქორწინა სესილი ბონვილზე რომელთანაც თოთხმეტი შვილი შეეძინა. თომასი არის დედოფალ ჯეინ გრეის ბაბუა;
  • რიჩარდ გრეი (დ. 1457 - გ. 25 ივნისი 1483), ცოლი არ შეურთავს, რიჩარდ III-ის ბრძანებით პონტეფრექტის ციხესიმაგრეში თავი მოჰკვეთეს;

ედუარდ IV-თან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელისაბედ იორკელი (დ. 11 თებერვალი 1466 - გ. 11 თებერვალი 1503), ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე ჰენრი VII ტიუდორს, რომელთანაც შეეძინა ინგლისის მეფე ჰენრი VIII, საფრანგეთის დედოფალი მერი ტიუდორი და შოტლანდიის დედოფალი მარგარეტ ტიუდორი;
  • მერი იორკელი (დ. 11 აგვისტო 1467 - გ. 23 მაისი 1482), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, დაკრძალულია წმინდა გიორგის სამლოცველოში, უინძორის სასახლეში;
  • სესილი იორკელი (დ. 20 მარტი 1469 - გ. 24 აგვისტო 1507), იქორწინა უელსის ვიკონტ ჯონ უელსელზე;
  • ედუარდ V იორკელი (დ. 2 ნოემბერი 1470 - გ. 1483), ინგლისის მეფე, ბიძამისმა რიჩარდ III-მ ტაუერში გამოკეტა ძმასთან ერთად, რის შემდეგაც ისინი გაუჩინარდნენ, თუმცა ითვლება, რომ ისინი რიჩარდმა დახოცა;
  • მარგარეტ იორკელი (დ. 10 აპრილი 1472 - გ. 11 დეკემბერი 1472), გარდაიცვალა ჩვილობაში, დაკრძალულია უესტმინსტერის სააბატოში;
  • რიჩარდ იორკელი (დ. 17 აგვისტო 1473 - გ. 1483), იორკის ჰერცოგი, ერთ-ერთია იმ პრინცებიდან რომლებიც რიჩარდ III-მ ტაუერში დახოცა;
  • ენ იორკელი (დ. 2 ნოემბერი 1475 - გ. 23 ნოემბერი 1511), ცოლად გაჰყვა ნორფოლკის ჰერცოგ თომას ჰოვარდს, იგი არის დედოფალ ქეთრინ ჰოვარდის ბებია;
  • ჯორჯ იორკელი (დ. მარტი 1477 - გ. მარტი 1479), ბედფორდის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, დაკრძალულია წმინდა გიორგის სამლოცველოში, უინძორის სასახლეში;
  • ქეთრინ იორკელი (დ. 14 აგვისტო 1479 - გ. 15 ნოემბერი 1527), ცოლად გაჰყვა დევონის ერლ უილიამ კორტნის;
  • ბრიდგეთ იორკელი (დ. 10 ნოემბერი 1480 - გ. 1517), განისვენებს კენტში.

ჰერალდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ ვუდვილის გერბი
Arms of Elizabeth Woodville.svg ცნობები

ელიზაბეთ ვუდვილის გერბი შეადგინეს მისი ტახტზე ასვლისთანავე და ის მას ატარებდა სიცოცხლის ბოლომდე, მას შემდეგაც კი რაც დაქვრივდა. გერბი მას დაუმზადეს მისი ქმრის, მეფე ედუარდ IV-ის საგანგებო დაკვეთით.

შეიქმნა

1464 წელს

სიმბოლიკა

გერბის მარცხენა ნახევარი იყოფა ოთხად. ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა კუთხეებში წარმოდგენილია საფრანგეთის გერბი, რითაც ელიზაბეთი პრეტენზიას აცხადებს მის დედოფლობაზე, ხოლო ზედა მარჯვენა და ქვედა მარცხენა კუთხეებში წარმოდგენილია ინგლისის გერბი რითაც ნათელია, რომ იგი ინგლისის დედოფალია. ვინაიდან ეს ყოველივე გერბის მარცხენა მხარესაა წარმოდგენილი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მან ეს ტიტულები ქორწინებით მიიღო და არა მემკვიდრეობით.

გერბის მარჯვენა ნახევარი იყოფა ექვს ნაწილად. ზედა მარცხენა კუთხეში წარმოდგენილია წითელი ლომი ლურჯ და თეთრ ზოლებზე, რაც ლუქსემბურგის გერბი იყო და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მას სისხლში დედის ხაზით ლუქსემბურგთან აქვს კავშირი. აგრეთვე ამას მიუთითებს ზემოთ მდებარე ორი სხვა გერბიც, რაც ასევე ლუქსემბურგების დინასტიის სიმბოლოა და მიუთითებს, რომ ელიზაბეთის ძარღვებში ლუქსემბურგების სისხლი ჩქეფდა. რაც შეეხება ქვედა ნაწილს, ისიც ასევე იყოფა სამ ნაწილად. ქვედა მარცხენა ნაწილში წარმოდგენილია წითელი ვარდი თეთრ ფონზე, რაც მიანიშნებს, რომ იგი ლანკასტერების ნათესავი და იორკების მხარდამჭერია. შუაში მდებარე სიმბოლოები არის ვუდვილთა დინასტიის სიმბოლო, ხოლო წითელი ხაზი თეთრ ფონზე მიანიშნებს მათ არისტოკრატიულ წარმომავლობაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • David Baldwin, Elizabeth Woodville (Stroud, 2002)
  • Christine Carpenter, The Wars of the Roses (Cambridge, 1997)
  • Philippa Gregory, David Baldwin, Michael Jones, The Women of the Cousins' War (Simon & Schuster, 2011)
  • Michael Hicks, Edward V (Stroud, 2003)
  • Rosemary Horrox, Richard III: A Study of Service (Cambridge, 1989)
  • Anne Sutton and Livia Visser-Fuchs, "'A Most Benevolent Queen': Queen Elizabeth Woodville's Reputation, Her Piety, and Her Books", The Ricardian, X:129, June 1995. PP. 214–245.
  • George Smith, The Coronation of Elizabeth Wydeville (Gloucester: Gloucester Reprints, 1975; originally published 1935)
  • Arlene Okerlund, Elizabeth Wydeville: The Slandered Queen (Stroud, 2005); Elizabeth: England's Slandered Queen (paper, Stroud, 2006)
  • Karen Lindsey, Divorced, Beheaded, Survived, xviii, Perseus Books, 1995
  • A Complete History of England with the Lives of all the Kings and Queens thereof; London, 1706. p486
  • Baldwin, David, Elizabeth Woodville: Mother of the Princes in the Tower
  • Jane Bingham, The Cotswolds: A Cultural History, (Oxford University Press, 2009), 66
  • Robert Fabian, The New Chronicles of England and France, ed. Henry Ellis (London: Rivington, 1811), 654; "Hearne’s Fragment of an Old Chronicle, from 1460–1470," The Chronicles of the White Rose of York. (London: James Bohn, 1845), 15–16.
  • Boutell, Charles (1863). "A Manual of Heraldry, Historical and Popular". London: Winsor & Newton: 277
  • Blazon of Woodville quoted from: "Archived copy". Archived from the original on 4 March 2016. Retrieved 7 October 2016., The House of York
  • Calendar of Patent Rolls, 1467–77, pg. 190.
  • Sutton and Visser-Fuchs, "A 'Most Benevolent Queen;'"Laynesmith, pp. 111, 118–19.
  • C. T. Wood, "Richard III, William, Lord Hastings and Friday the Thirteenth", in R. A. Griffiths and J. Sherborne (eds.), Kings and Nobles in the Later Middle Ages, New York, 1986, 156–61.
  • Charles Ross, Richard III, University of California Press, 1981 p81.
წინამორბედი:
მარგარიტა ანჟუელი
ინგლისის დედოფალი
1464 - 1470
შემდეგი:
მარგარიტა ანჟუელი
წინამორბედი:
მარგარიტა ანჟუელი
ინგლისის დედოფალი
1471 - 1483
შემდეგი:
ენ ნევილი