ანა დე ფუა-კანდალი
ანა დე ფუა-კანდალი | |
---|---|
უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 29 სექტემბერი, 1502 |
მმართ. დასასრული: | 26 ივლისი, 1506 |
წინამორბედი: | ბეატრიჩე ნეაპოლელი |
მემკვიდრე: | მარია ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1484 |
გარდ. თარიღი: | 26 ივლისი, 1506, (22 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბუდა, უნგრეთი |
მეუღლე: | ვლადისლავ II, უნგრეთის მეფე |
შვილები: |
ანა, ავსტრიის ერცჰერცოგინია ლაიოშ II, უნგრეთის მეფე |
დინასტია: | ფუა-კანდალი |
მამა: | გასტონი, კანდალის გრაფი |
დედა: | კატალინა ნავარელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ანა დე ფუა-კანდალი (ფრანგ. Anne de Foix-Candale, უნგრ. Foix-Candale-i Anna, ჩეხ. Anna z Foix a Candale; დ. 1484 — გ. 26 ივლისი, 1506) — უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი 1502-1506 წლებში როგორც ვლადისლავ II-ის მესამე ცოლი. უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე ლაიოშ II-ისა და ავსტრიის ერცჰერცოგინია ანა იაგელონის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა დაიბადა 1484 წელს საფრანგეთში. იგი იყო კანდალის გრაფ გასტონ დე ფუასა და მისი ცოლის, ინფანტა კატალინა ნავარელის ქალიშვილი. დედამისი იყო ნავარის დედოფალ ელეანორა I-ისა და ფუას გრაფ გასტონ IV-ის ასული. როგორც უმაღლესი რანგის არისტოკრატი, ანა საფრანგეთის სამეფო კარზე იზრდებოდა ბლუაში. იგი ბრწყინვალე განათლებას იღებდა და გარდა სხვა დანარჩენისა, იგი სწავლობდა ლათინურს, ბერძნულს, ესპანურსა და გერმანულს, აგრეთვე კლასიკურ ლიტერატურას.
საფრანგეთის მეფის ძმის შვილი, ჰერცოგი დე ლუნევილი აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ძალიან უყვარდა იგი და დაუყოვნებლივ ანაზე ქორწინების ნებართვას მოითხოვდა, თუმცა ანას მშობლებმა ამაზე უარი განაცხადეს, რადგან მისი გათხოვება რომელიმე ევროპელ მონარქზე სურდათ, და არა ჩვეულებრივ ჰერცოგზე. საბოლოოდ მისმა მშობლებმა ანას საქმროდ უნგრეთის ასაკოვანი და ორჯერ განქორწინებული უშვილო მეფე, ვლადისლავ II შეურჩიეს. როგორც საფრანგეთის წარმომადგენლის, ანას გათხოვებით შეიქმნებოდა უნგრეთისა და საფრანგეთის ძლევამოსილი ალიანსი, ამასთან უნგრეთის მეფეს ახალგაზრდა, ჭკვიანი და ლამაზი დედოფალიც ეყოლებოდა, რომელიც მას მემკვიდრეებს გაუჩენდა. ამგვარად, 1500 წელს გაფორმდა საქორწინო კონტრაქტი, 1501 წელს ხელი მოეწერა, ხოლო 1502 წელს ბლუას სამეფო კარზე შედგა ანასა და ვლადისლავის მარიონეტული ქორწინება. ამის შემდეგ ანა უნგრეთისკენ დაიძრა, სადაც გზად ჩრდილო იტალია, კერძოდ კი ვენეცია გაიარა. ამის შემდეგ მისი მგზავრობის ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით უნგრეთისა და საფრანგეთის სამეფო კარებს შორის დავა წარმოიქმნა. 1502 წლის 29 სექტემბერს ქალაქ სეკეშფეჰერვარში ვლადისლავი და ანა დაქორწინდნენ, აქვე იგი ეკურთხა უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფლად.
მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ანასა და ვლადისლავს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. მათ თავიდანვე ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს. მალე ანა მეფის მეგობრად, თანაშემწედ და უახლოეს მრჩევლად გვევლინება. თუმცა, ის ვალები, რომელიც ანამ ვენეციაში ყოფნისას დაიდო კვლავ გადაუხდელი იყო და სადავოდ რჩებოდა. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1503 წლის 23 ივლისს დედოფალმა გოგონა გააჩინა, რომელმაც მეფემ მის პატივსაცემად ანა დაარქვა. მოგვიანებით იგი ავსტრიასთან ალიანსის გასამყარებლად გამოიყენეს და ავსტრიის ერცჰერცოგს მიათხოვეს. რამდენიმე წლის შემდეგ, 1506 წლის 1 ივლისს დედოფალმა დიდი ხნის ნანატრი ვაჟი გააჩინა, რომელსაც ლაიოში დაარქვეს. მემკვიდრის გაჩენამ დედოფალს საოცარი პოპულარობა მოუტანა ხალხში, თუმცა მეორე ორსულობამ ახალგაზრდა ანას ჯანმრთელობა გაანადგურა. მშობიარობიდან სამ კვირაში, 1506 წლის 26 ივლისს ანა დე ფუა-კენდელი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქალაქ ბუდას სასახლეში. ამის შემდეგ ვლადისლავი აღარ დაქორწინებულა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანა (1503-1547), ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგს, საღვთო რომის იმპერატორს, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე ფერდინანდ I-ს, რომელთანაც შეეძინა თხუთმეტი შვილი, გადაჰყვა მშობიარობას;
- ლაიოშ II (1506-1526), უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე. ცოლად შეირთო მარია ავსტრიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია. მოკლეს ოსმალებმა, მოჰაჩის ბრძოლაში;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Byrne, Francis John: Irish Kings and High-Kings. London: Batsford. 1973 ISBN 0-7134-5882-8
- Dobosy, Tibor: Pierre Choque, Anna magyar királyné francia kísérője (Pierre Choque, The French Attendant of Anne of Foix Queen of Hungary). Budapest. 1940
- Fógel, József: II. Ulászló udvartartása (The Court of Ladislaus II) (1490–1516). MTA (The Hungarian Academy of Science). Budapest. 166 pp. 1913
- Kšír, Josef: K původu české královny Anny (To the Origin of Anne of Foix Queen of Bohemia). Genealogické a heraldické listy (GaHL) (Genealogical and Heraldical Lists) 21. 40-47. Prague. 2001
- Macek, Josef: Tři ženy krále Vladislava (The Three Wives of King Ladislas). Prague. Mladá fronta. 1991
- Marczali, Henrik: Candalei Anna II. Ulászló neje, magyarországi útjának és a menyegzői ünnepélyek leírása (Közlemények a párisi Nemzeti könyvtárból 1448-1596, 83-122) (The Description of the Route to Hungary and the Wedding of Anne of Foix, the Wife of Ladislas II. Announcements from the National Library of Paris in French 1448-1596). Magyar Történelmi Tár (Hungarian Historical Journal) 23. 97-113. 1877
- Solymosi, László (ed.): Magyarország történeti kronológiája I. A kezdetektől 1526-ig (The Historical Chronology of Hungary. From the Beginnings to 1526). főszerk. (editor-in-chief): Kálmán Benda. Budapest. 1981