პიერ II (ბურბონის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პიერ II დე ბურბონი
Pedro borbon praying.jpg
ბურბონის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 13 სექტემბერი, 1488
მმართ. დასასრული: 10 ოქტომბერი, 1503
წინამორბედი: შარლ II
მემკვიდრე: სიუზენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 დეკემბერი, 1438
დაბ. ადგილი: ალიე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 10 ოქტომბერი, 1503, (64 წლის)
გარდ. ადგილი: ალიე, საფრანგეთი
მეუღლე: ანა ვალუა
შვილები: შარლი, კლერმონის გრაფი
სიუზენი, ბურბონის ჰერცოგინია
დინასტია: ბურბონები
მამა: შარლ I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: აგნეს ბურგუნდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

პიერ II დე ბურბონი (ფრანგ. Pierre II de Bourbon; დ. 1 დეკემბერი, 1438 — გ. 10 ოქტომბერი, 1503) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და აგნეს ბურგუნდიელის უმცროსი ვაჟი. ბურბონის ჰერცოგი 1488-1503 წლებში და საფრანგეთის მეფე შარლ VIII რეგენტი თავის ცოლთან, ანა ვალუასთან ერთად. ბურბონთა ძირითადი შტოს უკანასკნელი მამაკაცი წარმომადგენელი.

ბავშვობა და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიერი დაიბადა 1438 წლის 1 დეკემბერს ალიეში. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და მისი მეუღლის, აგნეს ბურგუნდიელის უმცროსი ვაჟი. როგორც უმაღლესი არისტოკრატიული წრის წარმომადგენლები და სამეფო ოჯახის ახლო ნათესავები, პიერის ოჯახი სამეფო კარზე ცხოვრობდა. მან პატარაობიდანვე მოიგო მეფე ლუი XI-ის გული, თავისი "თვინიერებითა და თავმდაბლობით". თავდაპირველად იგი დანიშნული იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი II ვალუას დაზე, მარი ორლეანელზე. თუმცა ნიშნობა ჩაიშალა, რადგან ლუი XI-ს აშინებდა ორი ასეთი დიდი ფრანგული დინასტიის ალიანსი, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა მის წინააღმდეგ შეტრიალებულიყო.

მეფე ლუიმ გადაწყვიტა ბურბონიცა და ორლეანელიც თავის სიძეებად ექცია, რისთვისაც ორლეანის ჰერცოგ ლუი დე ვალუას თავისი შუათანა ქალიშვილი, პრინცესა ჟანა დე ვალუა შერთო ცოლად, პიერი კი თავის უფროს ქალიშვილზე, პრინცესა ანა დე ვალუაზე დააქორწინა. როგორც მეფის სიძეს, პიერმა მიიღო ბეჟოს ჰერცოგობა და ადგილი სამეფო საბჭოში. პიერისა და ანას ქორწინება შედგა 1473 წლის 3 ნოემბერს.

საფრანგეთის რეგენტი და ბურბონის ჰერცოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიერი 1489-99 წლებში

1483 წელს ლუი XI გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი მცირეწლოვანი ვაჟი, შარლ VIII ავიდა. შარლს ზრდასრულობამდე რეგენტი ესაჭიროებოდა, რომელიც წესით დედამისი, დედოფალი შარლოტა სავოიელი უნდა ყოფილიყო, თუმცა იგი იმ დღესვე დაიღუპა გულის შეტევით, როდესაც შეიტყო, რომ ლუი გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ, შარლს რეგენტად მისი უფროსი და — ანა ვალუა დაენიშნა, რომელმაც თავის თანამმართველად საყვარელი მეუღლე, პიერ დე ბურბონი გამოაცხადა. სამეფო ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პიერმა და ანამ გუნდურად დაიწყეს მართვა. მათ განამტკიცეს მეფის ძალაუფლება და გაანადგურეს ტახტზე პრეტენზიის მქონენი.

ანამ და პიერმა იცოდნენ, რომ ერთ დღესაც შარლი ზრდასრული გახდებოდა და ამ დროს ისინი ძალაუფლებას დაჰკარგავდნენ, სწორედ ამიტომ, მათ თავი გამოაცხადეს გიენის, კლერმონისა და ლა მარშის გრაფ-გრაფინიად. 1488 წელს აიშენეს საკუთარი, საოცრად პომპეზური ბურბონის სასახლეც. ასევე 1488 წელს გარდაიცვალა პიერის უფროსი ძმა, ბურბონის ჰერცოგი ჟან II, რომელსაც შვილები არ დარჩენია, ამიტომაც ტახტზე პიერის უფროსი ძმა, შარლ II ადის. ამავე წლის სექტემბერში შარლი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ბურბონისა და ოვერნის ჰერცოგი-ჰერცოგინია სწორედ პიერ II და ანა ვალუა ხდებიან. ანამ და პიერმა საკუთარ დომენს მალევე მიუმატეს მიურატი, კარლადი, არმანიაკი და ისლ-ან-ჟორდაინი. 1491 წლის 10 მაისს ანამ მათი უკანასკნელი შვილი გააჩინა, რომელიც გოგონა იყო და რომელსაც სიუზენი დაარქვეს. სწორედ იგი გახდა შემდგომში მთელი ამ საჰერცოგო-საგრაფოების მმართველი. მართალია 1488 წელს ანამ ვაჟი გააჩინა, რომელსაც კლერმონის გრაფობაც კი უბოძეს, თუმცა იგი სუსტი იყო და მალევე დაიღუპა.

1491 წელს შარლ VIII სრულწლოვანი გახდა, რითაც ანასა და პიერის გავლენები საგრძნობლად დაეცა. ახალგაზრდა შარლი ძალიან მეამბოხე სულის აღმოჩნდა და ყველაფერი ის თავდაყირა დააყენა, რასაც მისი და და სიძე წლების მანძილზე ალაგებდნენ. მან ჩაშალა თავისი ნიშნობა საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ასულ მარგარეტ ავსტრიელთან და ამავე წელს ცოლად შეირთო ისევ მაქსიმილიანის მეორე მეუღლე ანა ბრეტონელი. ეს განზრახული იყო ბრეტანის შემოერთებისათვის, რადგან ანა ბრეტანის ერთპიროვნული მმართველი იყო, თუმცა ცოლის წართმევამ და ქალიშვილის უკან დაბრუნებამ მაქსიმილიანი შეურაცხჰყო, რის გამოც მან საფრანგეთის წინააღმდეგ კოალიცია ჩამოაყალიბა, რომელშიც გერმანიისა და ავსტრიის გარდა, გაერთიანდნენ ინგლისი, ირლანდია, არაგონი და კასტილია. მალევე ანამ და პიერმა საფრანგეთისათვის გამანადგურებელი ომის წამოწყების თავიდან ასაცილებლად დიდი მოლაპარაკებები გამართეს. მათ ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VII დიდძალი ოქროს ფასად მოისყიდეს, კასტილიის დედოფალი ისაბელ I და არაგონის მეფე ფერდინანდ II რუსილონის დათმობით გათიშეს ომიდან, მაქსიმილიანი კი ფრანშ-კომტესა და არტუას მიცემით დააშოშმინეს. ამრიგად, მართალია დიდი მსხვერპლის ფასად, თუმცა საფრანგეთი იმ ომს ასცდა, რომელიც მას აუცილებლად გაანადგურებდა, რაც ანასა და პიერის დამსახურებაა. თუმცა, შარლმა მსგავსი ქმედებები განაგრძო და 1494 წელს იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლის სამეფოში შეიჭრა, ჩამოაგდო მისი მეფე და ტახტზე თავად დაჯდა, რითაც დაიწყო ნახევარსაუკუნოვანი იტალიური ომები, რომელიც 1559 წელს ისევ საფრანგეთის მარცხით დაგვირგვინდა.

1498 წელს შარლ VIII უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, ისე, რომ შვილები არ დარჩენია. ამის შემდეგ საფრანგეთის მეფე ხდება წარსულში ორლეანის ჰერცოგი და შარლ VIII-ის სიძე ლუი XII ორლეანელი, რომელსაც ცოლად ანას და, ჟანა დე ვალუა ჰყავდა, თუმცა იგი მალევე გასცილდა ჟანას ცოლად შარლის ქვრივი, ანა ბრეტონელი შეირთო. ყოველივე ამის შემდეგ, პიერმა და ანამ სამუდამოდ დატოვეს სამეფო კარი და თავიანთ ქალაქგარე სასახლეში გადასახლდნენ პატარა სიუზენთან ერთად.

ბურბონის საჰერცოგოს მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ შემთხვევაში, თუ პიერს ვაჟი არ გაუჩნდებოდა, ბურბონის საჰერცოგოს მომავალი მმართველი სიუზენი იყო. ვინაიდან საფრანგეთში სალიკური კანონი მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც ქალს ტახტზე ასვლა არ შეეძლო, პიერმა და ანამ თავიანთი სიცოცხლის უკანასკნელი წლები, სწორედ იმაზე ბრძოლას შეალიეს, რომ ბურბონის საჰერცოგო და სხვა მრავალი პატარ-პატარა საგრაფო სიუზენს დარჩენოდა. საბოლოოდ ისინი მიხვდნენ, რომ სიუზენს ისეთი ქმარი სჭირდებოდა, რომელიც მის უფლებებს დაიცავდა, ამიტომაც მათ მისი დაქორწინება განიზრახეს. ლუი XII-ის რჩევითა და გავლენით, მათ არჩევანი პიერის გარე ბიძაშვილ შარლ დე ბურბონ-მონტესპიერზე შეაჩერეს, რომელიც ასევე ბურბონი იყო და უფრო მეტად შესძლებდა სიუზენისთვის ტახტის შენარჩუნებას.

მალევე, სიუზენისა და შარლის ნიშნობა ჩაიშალა, რის შემდგომაც იგი დანიშნეს ალანსონის ჰერცოგ შარლ IV-ზე. 1501 წლის 21 მარტს სიუზენი და შარლ ალანსონელი დაინიშნნენ, თუმცა 1503 წელს პიერი დაიღუპა, ისე, რომ მათ ქორწინებას ვერ მოესწრო. ბურბონის ახალი ჰერცოგინია სიუზენი გახდა, თუმცა მას შარლზე არ უქორწინია. შარლ ალანსონელმა მალევე ცოლად შეირთო მარგარიტა ანჟულიმელი, სიუზენი კი შარლ დე ბურბონ-მონტესპიერზე დაქორწინდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pierre Pradel, Anne de France (1461-1522), Paris, rééd., 1986.
  • André Recoules, Le duc Pierre II de Bourbon, 1438-1503 : le duc méconnu, Moulins, 2008.