ლუი I (ორლეანის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი I ორლეანელი
Louis Orleansky.jpg
ორლეანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 4 ივნისი, 1392
მმართ. დასასრული: 23 ნოემბერი, 1407
წინამორბედი: ფილიპი
მემკვიდრე: შარლ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 მარტი, 1372
გარდ. თარიღი: 23 ნოემბერი, 1407, (35 წლის)
მეუღლე: ვალენტინა ვისკონტი
შვილები: შარლ I, ორლეანის ჰერცოგი
ფილიპი, ვერტუს გრაფი
ჟანი, ანჟულემის ჰერცოგი
მარგარიტა, ეტამპის გრაფინია
დინასტია: ვალუები
მამა: შარლ V, საფრანგეთის მეფე
დედა: ჟანა დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუი I ორლეანელი (ფრანგ. Louis Ier d'Orléans; დ. 13 მარტი, 1372 — გ. 23 ნოემბერი, 1407) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ V-ისა და დედოფალ ჟანა დე ბურბონის ვაჟი. ორლეანის ჰერცოგი 1392-1407 წლებში. გარდა ამისა, იგი ასევე იყო ტურის, ვალუას, ბლუას, ანჟულემის, პერიგორდისა და სუასონის გრაფი.

უნგრეთის, პოლონეთისა და ნეაპოლის მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი დაიბადა 1372 წლის 13 მარტს. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ V-ისა და დედოფალ ჟანა დე ბურბონის მეორე ვაჟი. სწორედ ამიტომ, ვინაიდან იგი მეფე ვერ გახდებოდა, ორლეანის ჰერცოგობა უბოძეს.

დაბადებიდან მალევე, იგი დანიშნეს უნგრეთისა და პოლონეთის მეფე ლუი I-ისა და დედოფალ ელიზაბეტა ბოსნიელის უფროს ქალიშვილ კატალინაზე.

ვინაიდან მეფე ლუი I-ს ვაჟები არ ჰყავდა, სწორედ კატალინა და ლუი დე ვალუა მოიაზრებოდნენ უნგრეთისა და პოლონეთის ტახტის მემკვიდრეებად. გარდა ამისა, კატალინას მამას პრეტენზია ჰქონდა პროვანსსა და ნეაპოლზეც, რომელთა ტახტზეც მისი უნაყოფო ბიძაშვილი — ჯოვანა I იჯდა. თუმცა, 1378 წელს პატარა კატალინა გარდაიცვალა და აქ დასრულდა ლუის ოცნებაც მეფობაზე. 1384 წელს დედოფალმა ელიზაბეტა ბოსნიელმა, ქმრისგან დამოუკიდებლად დაიწყო მოლაპარაკებები თავის მეორე ქალიშვილს, პრინცესა მარიასა და ლუი ვალუას ქორწინებასთან დაკავშირებით. ამ საქმეს ის ართულებდა, რომ მეფე ლუი ავსტრიის ერცჰერცოგ სიგიზმუნდ I-ს უკვე დაპირებული იყო მარიას მითხოვებას. სწორედ ამიტომ, 1384 წელს ელიზაბეტა ბოსნიელმა რომის პაპი მოისყიდა და ჩააშლევინა მარიასა და სიგიზმუნდის ნიშნობა. 1385 წლის აპრილში, ასევე ელიზაბეტამ მოაწყო ლუისა და მარიას მარიონეტული ქორწინება. ამ ქორწინებით დიდად უკმაყოფილონი დარჩნენ თავად უნგრელი დიდგვაროვნები, რასაც ქორწილიდან ოთხ თვეში სიგიზმუნდის ჯარების უნგრეთში შეჭრა მოჰყვა. უნგრეთში შეჭრილმა სიგიზმუნდმა ცოლად შეირთო მარია და ლუის უნგრეთში გამეფების უკანასკნელი შანსი წაართვა.

ასწლიანი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთსა და ინგლისს შორის გაჩაღებული ასწლიანი ომის დროს, ლუის დიდი პოლიტიკური როლი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ძმა, მეფე შარლ VI გაგიჟდა, სწორედ ლუიმ აიღო თავის თავზე ქვეყნის რეგენტობა და შარლის შვილების მეურვეობა, რადგან შარლის ცოლი, დედოფალი იზაბელა ბავარიელი, მხოლოდ ინტრიგების ხლართვით იყო დაინტერესებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერში ლუის დაუპირისპირდა მისი ბიძაშვილი, ბურგუნდიის ჰერცოგი ჟან I. თავად ჟანი, შარლ VI-ის მძახალი იყო და დედოფლის დიდი სიმპათიითაც სარგებლობდა. თუმცა, საფრანგეთის დოფინი და ზოგადად, სამეფო ოჯახის ბავშვები ლუის მეურვეობის ქვეშ იყვნენ, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებდა.

ლუის ამ ძალაუფლების შენარჩუნება და ჟანის განადგურება სურდა. ორლეანის ჰერცოგი, თამამად აცხადებდა, რომ ინგლისელთა მიერ კალეს დაპყრობა, მხოლოდ ჟანის ბრალი იყო, რომელიც ფრანგებს ჯარით არ დაეხმარა. მსგავსი ბრალდების შემდეგ, მათი მტრობა უკვე ძალიან შორს წავიდა, თუმცა მათმა ბიძამ, ბერის ჰერცოგმა მოახერხა ლუისა და ჟანის შერიგება. ამრიგად, საფრანგეთმა სამოქალაქო ომი აიცილა თავიდან, რაც აუცილებლად მოხდებოდა ბერის ჰერცოგის ჩარევის გარეშე.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1407 წლის 20 ნოემბერს, კვირა დღეს, ბერის ჰერცოგმა ოფიციალურად დაადასტურა ორლეანელისა და ბურგუნდიელის შერიგების ამბავი. თუმცა, სამი დღის შემდეგ ლუი სასტიკად მოკლეს პარიზის ქუჩაში, ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ის ბრძანებით. ქუჩაში სეირნობისას, ლუის თავს თხუთმეტი შენიღბული და ნიჩბიანი მამაკაცი დაესხა. მათ იგი ცხენიდან გადმოაგდეს და უსასტიკესად მოკლეს. ის ფაქტი, რომ ეს ყოველივე ბურგუნდიელის დაკვეთილი იყო, იმით აიხსნება, რომ მას სწორედ მკვლელობის დროს აკლდა თავის ამალაში თხუთმეტი კაცი.

ლუი მალევე დაკრძალეს სენ დენის ბაზილიკაში, ორლეანის ჰერცოგი კი მისი ვაჟი შარლი გახდა. 1419 წელს შარლმა მოაკვლევინა ჰერცოგი ჟან I, რითაც მან შური იძია მამის მუხანათური მკვლელობისათვის.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1389 წელს ლუიმ ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი, მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტისა და იზაბელ დე ვალუას ასული ვალენტინა ვისკონტი, რომელთანაც ცხრა შვილი შეეძინა:

  1. ვაჟი (1390), დაიბადა მკვდარი;
  2. ლუი (1391-1395), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ჟანი (1393), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. შარლ I (1394-1465), ორლეანის ჰერცოგი, იქორწინა სამჯერ: I. იზაბელ დე ვალუაზე, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა და რომელიც მასზე მშობიარობას გადაჰყვა; II. ბონა არმანიაკი, რომელიც პირველის მსგავსად პირველივე მშობიარობას გადაჰყვა და გოგონა გააჩინა; III. მარია კლეველი, რომელთანაც შეეძინა ერთი საფრანგეთის მეფე ლუი XII და პუატიეს აბატი ანა ორლეანელი;
  5. ფილიპი (1396-1420), ვერტუს გრაფი, გარდაიცვალა უცოლ-შვილო;
  6. ჟანი (1399-1467), ანჟულემის გრაფი, ცოლად შეირთო მარგარიტა დე როანი, რომელთანაც ჰყავდა სამი ვაჟი. იგი იყო ბაბუა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და ნავარის დედოფალ მარგარიტა ანჟულიმელისა;
  7. მარი (1401), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;
  8. მარგარიტა (1406-1466), ცოლად გაჰყვა ეტამპის გრაფ რიჩარდ ბრეტონელს. მათი შვილიშვილი იყო საფრანგეთის ორგზის დედოფალი ანა ბრეტონელი;

ლუის ასევე ჰყავდა საყვარელი, მარიეტ დ'ანგიენის სახით, რომელთანაც ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Engel, Pal; Ayton, Andrew; Pálosfalvi, Tamás (1999). The realm of St. Stephen: a history of medieval Hungary, 895-1526 Volume 19 of International Library of Historical Studies. Penn State Press. p. 169. ISBN 0-271-01758-9.
  • Halecki, Oskar (1978). A history of Poland. Routledge. ISBN 0-7100-8647-4.
  • Retha M. Warnicke, The Marrying of Anne of Cleves: Royal Protocol in Early Modern England, (Cambridge University Press, 2000), 106.
  • Parsons, John Carmi (1997). Medieval Queenship. Palgrave Macmillan. ISBN 0-312-17298-2.
  • Richard II: The Art of Kingship. Oxford University Press. 2003. ISBN 0-19-926220-9.
  • Theis, Laurent. Histoire du Moyen Âge Français, Perrin 1992, p. 326-327
  • Popular history of France, to the death of Louis xiv .p.194
  • The History of France: From the Final Partition of the Empire of ..., Volume 1 .p.280