კარლ II (ნავარა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლ II ნავარელი
Charles II of Navarre.png
ნავარის მეფე
კორონაცია: 27 ივნისი, 1350, პამპლონა
მმართ. დასაწყისი: 6 ოქტომბერი, 1349
მმართ. დასასრული: 1 იანვარი, 1387
წინამორბედი: ჟანა II და ფილიპ III
მემკვიდრე: კარლ III
რეგენტი: ფილიპ VI, საფრანგეთის მეფე
(1349-1350)
ჟან II, საფრანგეთის მეფე
(1350-1352)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ოქტომბერი, 1332
დაბ. ადგილი: ევრე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 1 იანვარი, 1387, (54 წლის)
გარდ. ადგილი: პამპლონა, ნავარა
დაკრძ. ადგილი: პამპლონას კათედრალი, ნავარა
მეუღლე: ჟანა დე ვალუა
(ქ. 1352 - გარდ. 1373)
შვილები: მარია, განდიის ჰერცოგინია
კარლ III, ნავარის მეფე
ბონა
პედრო, მორტენის გრაფი
ჟანა, ინგლისის დედოფალი
დინასტია: ევრეები
მამა: ფილიპ III, ნავარის მეფე
დედა: ჟანა II, ნავარის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

კარლ II ნავარელი (ბას. Karlos II.a Nafarroakoa, ფრანგ. Charles II de Navarre), მეტსახელად ცუდი (ფრანგ. le Mauvais; დ. 10 ოქტომბერი, 1332 — გ. 1 იანვარი, 1387) — ევრეს დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის მეფე ფილიპ III-ისა და მისი ცოლისა და თანამმართველის, დედოფალ ჟანა II-ის უფროსი ვაჟი. ნავარის მეფე 1349-87 წლებში. აგრეთვე იყო ევრეს გრაფი 1347-87 წლებში.

როგორც მეფე, აწარმოებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას. მამისაგან მემკვიდრეობით ვრცელი მიწები დარჩა ნორმანდიაში და ვინაიდან დედის ხაზით ლუი X-ის ერთადერთი შთამომავალი იყო, პრეტენზია გააჩნდა საფრანგეთის ტახტზე, რის გამოც აქტიურად მონაწილეობდა ასწლიან ომში ინგლისის მხარეს. აქტიურად იბრძოდა მეზობელი საფრანგეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ, ასევე გამოირჩეოდა საოცარი სისასტიკით, რის გამოც ხალხში არაპოპულარული იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ასწლიანი ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი იყო, რომელმაც განსაზღვრა მისი დასასრული. თავისი პრეტენზიების გამო დაკარგა ფრანგული მიწები და გარკვეული ტერიტორიები დაუთმო კასტილიასაც. მისი ტრაგიკულად, ცოცხლად დაწვის ამბავი ხალხმა ღვთიურ სამართლად შერაცხა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი დაიბადა 1332 წლის 10 ოქტომბერს საფრანგეთში. იგი იყო ევრეს გრაფ ფილიპ III-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის მეფე ლუი X-ის ერთადერთი შვილის, ნავარის დედოფალ ჟანა II-ის უფროსი ვაჟი. მისი ოჯახი, გარდა საკუთრივ ნავარისა და ევრესა, ფლობდნენ შამპანს, ნორმანდიასა და ბრიენს. 1317 წელს, ეს მიწები საფრანგეთის მეფემ მის მშობლებს ტახტზე პრეტენზიის უარყოფის კომპენსაციის სახით უბოძა. 1349 წლისთვის, კარლის ორივე მშობელი მკვდარი იყო, რის გამოც იგი მართალია ნავარის მეფე გახდა, თუმცა მომდენვო სამი წლის მანძილზე მისი რეგენტი საფრანგეთის მეფე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მშობლებმა უარი თქვეს ტახტზე, საფრანგეთის მეფე ჟან II-მ კარლთან შეთანხმება დადო და უარის თქმის სანაცვლოდ 1352 წელს თავისი უმცროსი ასული, პრინცესა ჟანა დე ვალუა მიათხოვა.

1354 წლის 8 იანვარს, კარლის ხელშეწყობით სადისტურად მოკლეს საფრანგეთის კონეტაბლი შარლ დე ლა სერდა, რომელიც ნავარაზე თავდასხმას აპირებდა. მას შემდეგ, რაც კარლის ფრანგებთან არსებული მტრული დამოკიდებულება აშკარა გახდა, იგი ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟს, უელსის პრინცს შეეკრა, რომელიც ევროპაში შავი პრინცის სახელით იყო ცნობილი. 1356 წელს კარლმა და შავმა პრინცმა ბრძოლაში დაამარცხეს ფრანგები და ტყვედ იგდეს მათი მეფე, ანუ კარლის სიმამრი ჟან II. ამ დროს საფრანგეთის ტახტზე ასვლა სრულიად შესაძლებელი გახდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ინგლისელებისა და ნავარელების ინტერესები გადაიკვეთა, რითაც ისარგებლა კარლის ცოლმა, დედოფალმა ჟანა დე ვალუამ და 1357 წელს იგი მამამისის განთავისუფლებაზე დაითანხმა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ განაგრძობდა ტახტისათვის ბრძოლას, რის გამოც 1358 წელს ფრანგი დიდგვაროვნებისა და მისი ცოლის ძმის, საფრანგეთის დოფინ შარლ დე ვალუას (მოგვიანებით შარლ V ბრძენი) მოაწყო დიდი აჯანყება, რაც ისტორიაში ჟაკერიის სახელითაა შესული. ამ დროს ჟან II კვლავ დააპატიმრეს და ინგლისელებს გადასცეს, სადაც იგი ტუსაღივით დილეგში ჰყავდათ გამოკეტილი.

1364 წელს ჟან II ტყვეობაში გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი შარლ V ავიდა. ამან კარლის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და საფრანგეთში შეიჭრა, თუმცა საფრანგეთის მეფეს მისი ბიძა, ბურგუნდიის ჰერცოგი დაეხმარა თავისი ვრცელი ჯარებით, რის გამოც კარლი დამარცხდა. ამის გამო, შარლმა მას მთელი ფრანგული სამფლობელოები ჩამოართვა, რადგან მან დაარღვია ტახტზე უფლებათა უარყოფის პირობა, რის გამოც მიიღო ეს მიწები. პარალელურად შარლ V-მ მამამისის დროს დაკარგული მიწების შემოერთება დაიწყო. გალიერებულ საფრანგეთთან ბრძოლის დაწყება კარლმა უაზრობად ჩათვალა, ამიტომაც არაფერი მოუმოქმედია მისი მოკავშირე ინგლისელების დასახმარებლად. მომდევნო წლებში, ისედაც პატარა ნავარის სამეფოს მიწები კარლმა მეზობელ კასტილიასთან გაცხარებულ ომში დაკარგა, რომელიც თავისი ვაჟის, პრინცი კარლისა და კასტილიის ინფანტა ელეანორას ქორწინებით შეაჩერა.

იგი გარდაიცვალა 1387 წლის 1 იანვარს, 54 წლის ასაკში. მისი დაღუპვის ამბავი მეტად საინტერესოა: ცივ ზამთარში მეფეს დაავადება შეეყარა და ექიმებმა მაშინდელი მედიცინის ხერხებით მკურნალობა დაიწყეს და მთლიანად ძმრიან საბანში გაახვიეს, რომელიც თავის გარდა ყოველი მხრიდან ამოკემსეს. იქვე მყოფმა მსახურმა შენიშნა, რომ საბანი უშნოდ იყო ამოკემსილი და გამოშვერილი ძაფის მოშორება გადაწყვიტა, თუმცა ხელით მოწყვეტას მოერიდა, რადგან შეეშინდა არ გაერღვია, ამიტომაც ძაფი სანთლით მოწვა, რა დროსაც ძმრით დასველებულ საბანს ალი მოედო. იგი ისე სწრაფად დაიწვა, რომ მსახურებმა ოთახში წყლის მიტანაც ვერ მოასწრეს. მისი სისასტიკით გადაღლილმა ნავარელმა ხალხმა, მისი ასეთი უცებადი და უცნაური გარდაცვალება ღვთიურ სამართალს მიაწერეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი დაქორწინებული იყო საფრანგეთის მეფე ჟან II-ის ასულ ჟანა დე ვალუაზე, რომელთანაც ჰყავდა შვიდი შვილი:

  • მარია (1360-1400), ცოლად გაჰყვა განდიის ჰერცოგ ალფონსო არაგონელს;
  • კარლ III (1361-1425), ნავარის მეფე, ცოლად შეირთო ელეანორა კასტილიელი;
  • ბონა (1364-1389), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  • პედრო (1366-1412), მორტენის გრაფი, ცოლად შეირთო კატრინ ალანსონელი;
  • ფილიპი (1368), გარდაიცვალა ჩვილი;
  • ჟანა (1370-1437), პირველად იქორწინა ბრეტანის ჰერცოგ ჟან IV-ზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი ცოლად ინგლისის მეფე ჰენრი IV-ს გაჰყვა;
  • ბლანკა (1372-1385), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bruno Ramirez de Palacios: Charles dit le Mauvais, roi de Navarre, comte d'Evreux, prétendant au trône de France, Paris, 2015, 530 ff., ISBN 978-2-9540585-3-5.
  • Béatrice Leroy: Karl II. In: Lexikon des Mittelalters (LexMA). Band 5, Artemis & Winkler, München/Zürich 1991, ISBN 3-7608-8905-0, Sp. 981.
  • Barbara Tuchman: Der ferne Spiegel. Das dramatische 14. Jahrhundert. Düsseldorf 1980 [11. Auflage 1992], S. 131 ff.