აღმოსავლეთი საქართველო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია საქართველოს რუკის ფონზე

აღმოსავლეთი საქართველო — საქართველოს ტერიტორიის მონაკვეთი, რომელიც ვრცელდება ლიხის ქედის აღმოსავლეთით. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს ვრცელი რეგიონები: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი. მის ტერიტორიაზეა აგრეთვე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები: ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, თუშეთი და ერწო-თიანეთი და სხვ.

აღმოსავლეთ საქართველო მდებარეობს ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში, ევრაზიის კონტინენტის სამხრეთ მთათა დიდ ზოლში, ზომიერ სარტყელში, ჩრდილო განედის 41° და 42° 46′ შორის და აღმოსავლეთ გრძედის 43° 29′ და 46° 44′ შორის. ასეთი მდებარეობა აპირობებს მისი ტერიტორიის რელიეფის მთიან ხასიათს, კლიმატურ თავისებურებებსა და ლანდშაფტის ნაირგვარობას. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორია ძირითადად გაშლილია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით, თუმცა მცირე ნაწილი მთავარი წყალგამყოფის ჩრდილოეთითაც გადადის. ეს არის საქართველოს ის ნაწილი, მთების ზილგახოხისა (დასავლეთით) და შავიკლდის (აღმოსავლეთით) შორის მონაკვეთზე წყალგამყოფის ჩრდილო ფერდობზეც რომ გადადის. ამ ნაწილს უჭირავს მდინარე ანდის ყოისუს ზემო აუზი — თუშეთი, აგრეთვე მდინარეების: თერგის, ასას და არღუნის ზემო დინებათა აუზები.

საზღვრები[რედაქტირება]

აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საზღვარი გადის პირიქითის ქედზე

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას უმეტეს ნაწილში კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვარი აქვს. ჩრდილოეთით საზღვარი კავკასიონის მწვერვალ ზეკარასთან (3828 მ) იწყება და გასდევს მთავარი ქედის წყალგამყოფ თხემს მთა ზილგახოხამდე (უფრო ზუსტად მწვერვალ ვაციკფარსამდე), აქედან იგი შორდება კავკასიონის მთავარ ქედს და მიჰყვება მდინარე თერგისა და ზაქას წყალგამყოფს, შემდეგ გადის ხოხის ქედის თხემზე მწვერვალ მყინვარწვერამდე. მწყინვარწვერიდან საზღვარი ჩრდილოეთით უხვევს მთა ჩაჩხოხამდე (4107 მ), შემდეგ გადაკვეთს მდინარე თერგის ხეობას ხდისწყლის შესართავის ახლოს (შესართავიდან ჩრდილოეთით 1 კილომეტრზე). აქედან საზღვრის ხაზი მდინარე თერგის მარჯვენა მხარეზე მდებარე შავანის ქედს ემთხვევა; შემდეგ გადევს კიდეგანის ქედს მთა ტერხ-კორტამდე. უკანასკნელის პარარელზე აღმოსავლეთ საქართველოს საზღვარი ხევსურეთის ქედზე მთა მახისმაღალს აღწევს; აქ კი მდინარე არღუნის ზემო წელს გადაკვეთს, მოიქცევს მას საქართველოს ფარგლებში და მერე მუცოს ქედის გაყოლებით აღმოსავლეთით ტებულოს მთამდე გრძელდება. ტებულოდან საზღვარი პირიქითა ქედის თხემია მთა დიკლომდე (4175 მ), ხოლო დიკლოდან იგი ტოვებს გვერდით ქედს, ეშვება დიკლოს მთიდან წაგრძელებული ბუცი-ბაცის ქედზე, გაივლის ვევოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობის ძირას და მწვერვალების სადუციწვერისა და ენჭოს ხაზზე კავკასიონის მთავარ ქედს უბრუნდება მთა შავკლდესთან, რომლის შემდეგ კავკასიონის თხემზე მიემართება მდინარე მაწიმის სათავეებამდე. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთი საზღვარი სწორედ აქედან იწყება. იგი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდინარე მაწიმის ხეობაზე ეშვება სოფელ მაწიმამდე, შემდეგ მოიხრება დასავლეთით — ალაზნის ვაკისაკენ, სტოვებს აზერბაიჯანის ფარგლებში მაწიმის შუა და ქვემო წელის აუზს და მდინარე დარინკობიმდე აღწევს. შემდეგ უკანასკნელისა და მდინარე ალაზნის გაყოლებით აღწევს თითქმის იმ ადგილამდე, სადაც ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავს უერთდება. ამ მხარეზე აღმოსავლეთ საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკა ესაზღვრება.

აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი საზღვარი მნიშვნელოვან მანძილზე მოქცეულია წვრილმთიან-ვაკე-დაბლობიან მხარეში, შედარებით მცირე ნაწილი კი მთიან ტერიტორიაზე. დაბალმთიან-ვაკე-დაბლობიან ტერიტორიაზე საზღვარი გადის ივრის ზეგანსა და ქვემო ქართლის (ქვემო ქართლის მხოლოდ ნაწილზე) ფარგლებში. აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ საზღვარი მდინარე ალაზნიდან იწყება, გადაკვეთს მდინარე შირინსუს უკიდურეს ქვემო წელს და ელდარის ვაკე-დაბლობზე გაივლის, ვიდრე ეილიაროუღის ქედის აღმოსავლეთ კიდემდე. ეილიაროუღის ქედის აღმოსავლეთ მონაკვეთს მთლიანად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სტოვებს, საზღვრის ხაზი აქ ქედის ჩრდილო ფერდობის ძირში გადის. მდინარე ივრის გაყოლებით შემდეგ გადაკვეთს ეილიაროუღის ქედს და დაბალ ანტიკლინურ მაღლობზე და ქედებზე — მთა ტახთაფას (788 მ), ჩობანდაღის ქედის (მთა ჩობანდაღი, 892 მ), მთა ალაჯიხის (696 მ), მთა გექტეპეს (831 მ), იაილაჯიხის ქედის, მთა უდაბნოს (871 მ) და მთა ყარათაფას (729 მ) გაყოლებით ჯანდარის ტბას აღწევს.

ლიხის ქედი, რომელიც საქართველოს ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს.

ჯანდარის ტბის დასავლეთი ნაპირიდან საზღვარი სწორ ხაზად გარდაბნის ვაკეზე გაივლის, სოფელ რუისბოლოსა (საქართველო) და სოფელ სადიხლის (აზერბაიჯანი) შორის. შემდეგ გადაკვეთს მდინარე მტკვარსა (ხრამის შესართავის ახლოს) და მდინარე ხრამის უკიდურეს ქვემო წელს და მდინარე დებედას მარჯვენა მხარეზე მდებარე ბაბაკარის ქედზე მთების — ბაბაკარის (700 მ), თარსისა (884 მ) და ტანადაღის (801 მ) გაყოლებით მიემართება. შემდეგ ეშვება დებედას ხეობაში სოფელ დამია-გიაურარხის პირდაპირ, საიდანაც საზღვარს მდინარე დებედა წარმოადგენს. აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი საზღვარი შემდეგ ლოქის ქედზე მდებარეობს, ჯერ მის ჩრდილო ფერდობზე დასახლებული პუნქტების — ბურდაძორი-გულბაღი-ჩანახჩი-ახქერფის გაყოლებით, შემდეგ კი ბოლნისისწყლის სათავეებიდან ლოქის ქედის თხემზე გადის. აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით საზღვრავს სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები.

აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთი საზღვრებიც მთიან მხარეში მდებარეობს. მიჯნა ჯერ აქ ჯავახეთის ზეგნის აღმოსავლეთი კიდეა. იმგვარად, რომ ზეგნის აღმოსავლეთი ფერდობი აღმოსავლეთ საქართველოში თავსდება შემდეგ საზღვრის ხაზი თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ბოლო განტოტებებს ჰკვეთს და მოიხრება რა დასავლეთისაკენ. თრიალეთის ქედის თხემს ემთხვევა ბორჯომის ხეობამდე. ლიხის ქედი აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივ დასავლეთ საზღვარს წარმოადგენს. იგი საქართველოს ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს.

რელიეფი[რედაქტირება]

სურათზეა კავკასიონის მთავარი ქედის სატელიტური გამოსახულება, რომლის აღმოსავლეთი მონაკვეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთავარი გეომორფოლოგიური ერთეულია.

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, მისი ჩრდილო ზოლი უკავია კავკასიონის მთიანეთს, სამხრეთ და ჩრდილო ფერდობებს; სამხრული ნაწილი უჭირავს სამხრეთ საქართველოს მთიანეთის განაპირა ქედების ფერდობებს, კერძოდ თრიალეთის ქედის აღმოსავლურ დაბოლოებას, რომელიც თბილისის ქვაბულისკენაა მოქცეული. როგორც აღმოსავლეთ, ასევე მთლიანად საქართველოს მთავარ ოროგრაფიულ ღერძად გვევლინება კავკასიონის მთავარი ქედი. როგორც ცნობილია კავკასიონს პირობითად 3 ნაწილად ყოფენ, საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ნაწილობრივ აღმოსავლეთი კავკასიონი შემოდის, რომელიც წარმოადგენს კავკასიონის მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილს, ვრცელდება იგი მყინვარწვერიდან ილხიდაღის მწვერვალამდე. აღმოსავლეთი კავკასიონის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს ტებულოს მთა (ზღვის დონიდან 4493 მ).

აღმოსავლეთ საქართველო, ისევე როგორც მთლიანად საქართველო, უმეტესად მთიანი მხარეა, ბუნებრივი კომპოლექსების ცვალებადობა მოკლე მანძილზე სწრაფი და ინტენსიურია, ვიდრე ვაკე ტერიტორიაზე, უფრო რთული და მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსებით ხასიათდება. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის 61% მთიანია, დანარჩენი 39% უკავია ბარს. საქართველოს ბარი მოქცეულია მტკვრის დეპრესიის ზომიერად ნოტიო და მშრალ სუბტროპიკულ ოლქში და მთათაშორის როფს წარმოადგენს. აღმოსავლეთ საქართველო მოიცავს არა მარტო ქედებსა და მთათა სისტემებს, არამედ ვაკე-დაბლობებსა და ზეგნებს, რომელთა ჰიფსომეტრიული დიაპაზონის მქონე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან მხარეს, უაღრესად რთული გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური აგებულება აქვს, გაბატონებულია მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები, რომელიც სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტებითაა დაგვირგვინებული.

კლიმატი[რედაქტირება]

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის შემდეგი ტიპები:

  1. ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით, ხანგრძლივი ზაფხულით;
  2. მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით;
  3. საკმაოდ ნოტიო ჰავა, ზომიერად თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით;
  4. ნოტიო ჰავა, ხანგრძლივი ზამთრით და გრილი ზაფხულით;
  5. მაღალმთის ნოტიო ჰავა, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით.

ჰავის პირველი ტიპი აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ფართობს მოიცავს და გამოხატულია ძირითადად შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში. მაგალითად, შიდა ქართლის ვაკეზე საშუალო წლიური ტემპერატურა 10-12°, იანვრისა -3°, ივლისისა - 20-22°. მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა ნიშანდობლივია შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის ვაკეებისათვის და აგრეთვე ივრის ზეგნისათვის. უკანასკნელისათვის იანვრის საშუალო ტემპერატურა იქნება 0-დან-2°C-მდე, ივლისში 23-24°C.

ალაზნის ვაკეზე განვითარებულია ნოტიო ჰავა, დამახასიათებელია ზომიერად თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ხშირია სეტყვა. აღმოსავლეთ საქართველოს მცირე ფართობზე, კერძოდ, მაღალმთიან ზონებში დამახასიათებელია მაღალმთის ნოტიო ჰავა, სადაც განვითარებულია მუდმივი თოვლი და მყინვარები.

აღმოსავლეთი კავკასიონი ვრცელდება სუბტროპიკულ კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატზე გარდამავალ ოლქში. კარგად არის გამოხატული კლიმატური სიმაღლებრივი ზონალურობა. საშუალო წლიური ტემპერატურა ქვედა ნაწილში 8-10°C, 3500 მ სიმაღლეზე –6°C. ყველაზე ცივი თვეების (იანვარი, თებერვალი) ტემპერატურა –3°C, –15°C, აბსოლუტურ მინიმალური –26°C, –42°C; უთბილესი თვეების (ივლისი, აგვისტო) ტემპერატურა 2-18°C, მაქსიმალური 16-40°C.

ნალექიანობა აღმოსავლეთ საქართველოში არათანაბრადაა განაწილებული. აღმოსავლეთ კავკასიონზე ატმოსფერული ნალექები სიმაღლის შესაბამისად ყველგან მატულობს და ტერიტორიულად 800-1800 მმ შორის იცვლება. შიდა ქართლის ბარში წლიურად წელიწადში 500-800 მმ ნალექი მოდის, ქვემო ქართლის ბარში 400-600 მმ, ხოლო ივრის ზეგანზე 400-500 მმ. ატმოსფერული ნალექების მინიმალური რაოდენობა (375 მმ წელიწადში) მოდის აზერბაიჯანის საზღვარზე — წითელ ხიდთან და ელდარის დაბლობზე. სწორედ აქ მდებარეოს საქართველოს სიმშრალის პოლუსი.

ჰიდროგრაფია[რედაქტირება]

მტკვარი ქალაქ გორთან

აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მდინარე მიეკუთვნება კასპიის ზღვის აუზს. დამახასიათებელია შედარებით მცირე ჩამონადენი და თხელი ჰიდროგრაფიული ქსელი. აღმოსავლეთ საქართველოში სულ 8540 მდინარეა, რომელთა საერთო სიგრძეა 24730 კმ. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება კავკასიის უმნიშვნელოვანესი მდინარე მტკვარი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ეკუთვნის ხაშურის მუნიციპალიტეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტამდე (უფრო ზუსტად მარნეული-გარდაბნის მუნიციპალიტეტების საზღვრამდე). დირბისფრონის შესართავიდან სოფელ ძეგვამდე მტკვარი გაედინება თრიალეთის ქედის ძირსა და კვერნქებს შორის, საკმაოდ ფართო ალუვიური ხეობით. მტკვრის თანადროული კალაპოტის მდებარეობა ხეობის ალუვიური ფსკერისა და შემომფარგვლელი მაღლობების მიმართ რამდენიმეჯერ იცვლება, — მდინარე ზოგან მარცხნივაა მოხრილი, ზოგან მარჯვნივ. შესაბამისად ცვალებადობს ტერასული სერიების აღნაგობაც. ზოგადად ტერასები ხეობის მარჯვენა (თრიალეთურ) მხარეზე უკეთესად არის გამოსახული, ვიდრე მარცხენა (კვერნაქულ) მხარეზე.

მდინარე ქსნის ხეობა
ჯაბა ლაბაძის ფოტო

სოფელ ძეგვთან მტკვარი შედის ძეგვის კლდეკარში, რომელიც გაჭრილია კვერნაქის სერისა და საწკეპელას ქედის ურთიერთმიახლოების ადგილში. ქალაქ თბილისთან მტკვარი აჩენს საკმაოდ ფართო ქვაბულს, რომელსაც თბილისის ქვაბულს უწოდებენ. თბილისის სამხრეთით მტკვარი იშლება ქვემო ქართლის ვაკეზე, იტოტება. აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში მტკვრის მნიშვნელოვანი შენაკადებია: ძამა (სიგრძე 42 კმ), ტანა (სიგრძე 39 კმ), თეძამი (სიგრძე 51 კმ), ალგეთი (სიგრძე 108 კმ), ქცია-ხრამი (სიგრძე 201 კმ) (მარჯვ.); ლიახვი (სიგრძე 115 კმ), ქსანი (სიგრძე 84 კმ), არაგვი (სიგრძე 112 კმ), იორი (სიგრძე 320 კმ) და ალაზანი (სიგრძე 390 კმ) (მარცხ.).

აღმოსავლეთ საქართველოში მტკვარზე გაშენებულია 5 ქალაქი (ქარელი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი).

აღმოსავლეთ საქართველოში ბევრია ტბა. სიდიდით გამოირჩევა: ჯანდარის ტბა, კუმისის ტბა, ყელის ტბა, ბაზალეთის ტბა. წყალსაცავებიდან მნიშვნელოვანია: ნადარბაზევის ტბა, ჟინვალის წყალსაცავი, სიონის წყალსაცავი, თბილისის წყალსაცავი. აღმოსავლეთ საქართველოში წყალსაცავები ძირითადად საირიგაციო მიზნებისთვის გამოიყენება.

ნიადაგები[რედაქტირება]

ალაზნის მთათაშორისი ვაკე, რომლის მარცხენა მხარე წარმოდგენილია ძირითადად ტყის ალუვიური უკარბონატო ნიადაგებით, რომელთაც მნიშვნელოვანი ხირხატიანობა ახასიათებთ. ვაკის მარჯვენა მხარეში გამოხატულია ალუვიური კარბონატული ნაიდაგები.

ბუნებრივი პირობების გამო საქართველოში გამოიყოფა 3 ნიადაგური ოლქი; ერთ-ერთი მაგთანია აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგების ოლქი, რომელიც ვრცელდება ლიხის ქედის აღმოსავლეთით და მოიცავს ვაკეების, მთისწინეთისა და მთების მხარეებს. წაბლა და შავმიწა ნიადაგები გავრცელებულია ველების ზონებში. მურა ნიადაგები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში — ელდარის დაბლობზე და ზოგან ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში. მათთვის დამახასიათებელია სუსტად განვითარებული პროფილი, მსუბუქი მექანიკური შედგენილობა, ხირხატიანობა, ზედაპირიდანვე დიდი რაოდენობით ნახშირმჟავა კირი, უფრო ღრმად თაბაშირი და ხშირად ადვილად ხსნადი მარილები. წაბლა (რუხ-ყავისფერი) ნიადაგები გავრცელებულია გარდაბნის, მარნეულის, სამგორის ვაკეებზე და ივრის ზეგანში შემავალი ტარიბანისა და ნატბეურის ველებზე.

შავმიწა ნიადაგები ვრცელდება ივრიზ ზეგნის შედარებით შემაღლებულ ნაწილებში, კერძოდ, სამგორის, გარეჯის, აზამბურის და განსაკუთრებით შირაქის ველზე. შავმიწებისათვის დამახასიათებელია სქელი ჰუმუსიანი ფენა, ჰუმუსის დიდი შემცვლელობა. ნეშომპალა-სულფატური (ე.ი. გაჯიანი) ნიადაგებს დიდი ფართობი უკავია აღმოსავლეთ საქართველოს ველიან ზონაში, შავმიწა და წაბლა ნიადაგებს შორის. დამლაშებული ნიადაგები გვხვდება მარნეულის, გარდაბნისა და ალაზნის ვაკეებზე, ელდარის დაბლობზე და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს ამაღლებული ადგილებისათვის ნიშანდობლივია მთა-მდელოს კორდიანი, კორდიან-ტორფიანი და პრიმიტიული ნიადაგები. უკანასკნელის სამხრეთით (ზოგან აღმოსავლეთით) არის ყომრალი ნიადაგები. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიის საკმაო ფართობზე ვრცელდება ტყის ყომრალი ნიადაგები.

ფლორა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საქართველოს ფლორა.
ვაშლოვანის არიდული ტყე

აღმოსავლეთ საქართველოში ფლორა მდიდარი და მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია ფიზიკურ გეოგრაფიული, მათ შორის კლიმატური პირობების მრავალგვარობით და საქართველოს სხვადასხვა გენეზისის ფიტოლანდშაფტების შესაყარზე მდებარეობით. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლიმატის არსებითმა განსხვავებამ განაპირობა მათი მცენარეული საფრის სხვადასხვაგვარობა, რაც ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურაშიც ვლინდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა რთულია. დაბლობებსა და მთისწინეთში ტყეები განვითარებულია მხოლოდ მტკვრის, ივრის, ალაზნის, ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათში ჭარბობს მუხა, ტირიფის სახეობები, ზოგან თუთა, თელა, ქაცვი და სხვ. ალაზნის ვაკის ტყეებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე ლაფანი. ეს ტყეები მდიდარია ლიანებით. განათებულ ადგილებში უხვად იზრდება მაყვალი. ელდარის დაბლობზე ჩამოყალიბებულია ნამდვილი ნახევრად უდაბნოები, რომლებშიც ალაგ-ალაგ ჩართულია ბიცობიანი უდაბნოს ფრაგმენტები.

აღმოსავლეთ საქართველოში ტყეები მრავალნაირია. ისინი იცვლებიან ვერტიკალური პროფილის, რელიეფის პირობებისა და ეკოტოპის ტენიანობის შესაბამისად. ტყის სარტყლის ქვედა ნაწილში ჭარბობს მუხნარი, რომლის მეორე იარუსში იზრდება ჯაგრცხილა, ზოგან აგრეთვე ზღმარტლი, კუნელი, ტყემალი, თამელი, ასკილი, გრაკლა, თრიმლი, კურდღლისცოცხა და სხვ. ალაზნის მარცხენანაპირეთში გავრცელებულია წაბლი, რცხილა, ბოყვი, ურთხელი და სხვ. ხეობებში ქვეტყეში იზრდება ჯონჯოლი, უცვეთელა, თხილი და სხვ.; ხეებზე შემოხვეულია ჩვეულებრივი და პასტუხოვის სურო. ზემოთ ეს ტყეები იცვლება მუხნარ-რცხილნარით, რცხილნარით, რცხილნარ-წაბლნარით.

აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, წიფლნართან ერთად, ტყის შუა და ზედა ნაწილებში ფართოდაა გავრცელებული ნაძვნარი, რომელსაც ზოგან ენაცვლება ფიჭვნარი. ტყის სარტყლის ბუნებრივი მცენარეულობა ძალიან დაზარალდა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ზეგავლენით. განსაკუთრებით ძლიერი ანთროპოგენური გავლენა განიცადა ტყის სარტყლის ქვედა საფეხურების მცენარეულობამ; ამჟამად თითქმის მთელი ტერიტორია უჭირავს ბაღ-ვენახებს, სახნავ-სათესებს, და სათიბ-საძოვრებს. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში, წყალსატევების დაჭაობებულ ნაპირებზე გავრცელებულია ლერწმისა და ლაქაშის რაყები. ნახევრად უდაბნოების ზონაში ტენიან ადგილებში იზრდება მარილის ამტანი მცენარეები.

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია არაერთი სახელმწიფო ნაკრძალი, დაცული ტერიტორია და აღკვეთილი, რომლებშიც მიმდინარეობს რელიქტური და გადაშენების პირას მისული მცენარეების შემონახვა და გავრცელება. ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანებულია ბაწარის ნაკრძალი, ბაბანეურის ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი.

ფაუნა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საქართველოს ფაუნა.
ნიამორი, რომელიც ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე, ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. იგი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, საქართველოში იგი გვხვდება მხოლოდ თუშეთსა და ხევსურეთში.

მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. კავკასიონის ქედზე აღსანიშნავია დაღესტნური და კავკასიური ჯიხვები, რომლებიც ბინადრობენ კავკასიონის მთა-მაღალზე და კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ. პირიქით ხევსურეთსა და ალაგ-ალაგ თუშეთში გვხვდება ნიამორი, რომელიც გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა და შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. აღსანიშნავია აგრეთვე არჩვი, ფოცხვერი, მურა დათვი, შველი, კვერნა, წავი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და ა.შ. ხევსურეთში გვხვდება დაღესტნური ომანა. ალპურ ზონაში ბევრია ფრინველი, მათ შორისაა: ორბი, არწივი, შაშვი, როჭო, შევარდენი, მთის არწივი და სხვ. ვაკისა და ბარის ზონაშია ნაირგვარი ცხოველები. აღსანიშნავია გარეული ღორი, შველი, ირემი, ფართოდ არის გავრცელებული ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა, კავკასიური ბიგა, გრძელკუდა და მცირე კბილთეთრები. თბილისის მიდამოებში ბინადრობს ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი ფუღუ, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი.

მრავლად არიან ცხვირნალები, მღამიობები, მეღამურები, ღამურები, რომლებიც ტყის ზონაშიც არიან ფართოდ გავრცელებული. აღსანიშნავია მეჰელის ცხვირნალა. მრავალგან გვხვდება კურდღელი, ჩვეულებრივი და საზოგადოებრივი მემინდვრიები, ველის თაგვი, რუხი ზაზუნა და სხვ. ელდარისა და სამგორის ველებზეა კავკასიური წითელკუდა მექვიშია; ფართოდაა გავრცელებული წყლის მემინდვრია, ამიერკავკასიური მაჩვი, წავი, დედოფალა; მცირე რაოდენობითაა ჭრელტყავა, რომელიც გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა, ამიტომ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. მეცხოველეობის რაიონებში ყველგანაა მგელი. ფართოდ არის გავრცელებული ტურა, ამიერკავასიური ველის მელა. იშვიათად გვხვდება ზოლებიანი აფთარი და ამიერკავკასიური ჯიხვი.

ორნითოფაუნას ქმნიან მწყერი, კაკაბი, გნოლი, დურაჯი, ხოხობი, გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი. წყალსატევების მიდამოებში ბინადრობს ხონთქრის ქათამი (სწწ), მელოტა, ქათამურა და სხვ. ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია კავკასიური ჯოჯო, თითტიტველა გეკონი, სპარსული მრგვალთავა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკი. აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებზე იშვიათად გვხვდება გიურზა. მრავალფეროვანია იქთიოფაუნა.

ლანდშაფტები[რედაქტირება]

საქართველოში გავრცელებულია ლანდშაფტების მრავალი ტიპი - დაწყებული ნახევარუდაბნოს ვაკე-დაბლობების ლანდშაფტებიდან (აღმოსავლეთ საქართველო), დამთავრებული მაღალმთის მარადთოვლიანი გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტებით (კავკასიონის თხემი).

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიზე გამოიყოფა ლანდშაფტების შემდეგი ტიპები:

  1. ზომიერად მშრალი სუბტროპიკული ვაკეების ჯაგ-ეკლიანი სტეპის ლანდშაფტები
  2. მშრალი სუბტროპიკული ვაკე-სტეპური ლანდშაფტები
  3. მშრალი სუბტროპიკული ვაკე-წვრილმთიანეთის სტეპური და არიდული ტყე-ბუჩქნარების ლანდშაფტები
  4. ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულ ვაკეთა ლანდშაფტები
  5. ნახევარუდაბნოს ვაკე-დაბლობების ლანდშაფტები
  6. ზომიერად ნოტიო აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ტიპის მთა-ტყის ლანდშაფტები
  7. მაღალმთის მთა-მდელოს ლანდშაფტები
  8. მაღალმთის გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები

ისტორია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

მოსახლეობა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, წგნ 1, თბ., 1968;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგაფიული რაიონები, წგნ. 2 თბ., 1974;
  • კორძახია მ., საქართველოს ჰავა, თბ., 1961;
  • საბაშვილი მ., ნიადაგთმცოდნეობა, თბ., 1970;
  • კეცხოველი ნ., საქართველოს მცენარეული საფარი, თბ., 1960;
  • საქართველოს ცხოველთა სამყარო, თბ., ტ. 1-2, თბ., 1964-1965;
  • სტატიები: ჰავა, ნიადაგები, მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყარო, ლანდშაფტები., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, საქართველოს სსრ, 1981 წელი.