ბორჯომის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბორჯომის რაიონი)
ადმინისტრაციული ერთეული
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ბორჯომი
კოორდინატები 41°50′00″ ჩ. გ. 43°23′00″ ა. გ. / 41.83333° ჩ. გ. 43.38333° ა. გ. / 41.83333; 43.38333
ფართობი 1189 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 25 214 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 21,21 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 87,21 %
სომხები 8,63 %
ოსები 1,34 %
ბერძნები 1,16 %
რუსები 1,10 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 94,25 %
გრიგორიანები 3,89 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://borjomi.gov.ge/
ბორჯომის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბორჯომი. მოიცავს საქართველოს ისტორიული მხარის — თორის — ტერიტორიას.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — გორის ოლქში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-1966 წლებში იყო ხაშურის რაიონის შემადგენლობაში. 1966 წლიდან გამოიყო ცალკე რაიონად ამჟამინდელი საზღვრებით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით – ასპინძისა და ახალქალაქის, აღმოსავლეთით წალკის, ჩრდილოეთით – ხარაგაულის, ხაშურის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტები.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია აგებულია უმთავრესად ეოცენის ვულკანოგენური წყებებით, ანდეზიტებით, ტუფ-ბრეჩქიებით, ტუფებითა და დანალექი ქანებით. გვხვდება მეოთხეული მდინარეული და ტბიური ნალექებიც. ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოიცავს მცირე კავკასიონის ნაწილს, თრიალეთის ქედის დასავლეთ და მესხეთის ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებებს. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია თრიალეთის ქედის განშტოებები გვირგვინას ქედი (ჩრდ.-დას.) და ციხისჯვარი (სამხ.-დას.), რომელთა მწვერვალები — თორტიზა, გვირგვინა, მურყნევი, ჯამჯამა, ქვაჯვარი, კოდიანი და სხვ. — ზღვის დონიდან 2000-2850 მ. სიმაღლეს აღწევს. თრიალეთის ამ შტოქედებს შორის მდებარეობს თორის ქვაბული. მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალების (ლომისმთა, დედაბერა და სხვ.) სიმაღლეა 2000-2200 მ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნწილი ბორჯომის ხეობას უჭირავს.

მუნიციპალიტეტში განვითარებულია საშუალომთიანი ეროზიული რელიეფი, რომელშიც კარგად არის გამოხატული ვულკანიზმის კვალი. აქ არის ბაკურიანის, გუჯარეთის და დაბაძველის ვულკანური ცენტრები. ბაკურიანის ვულკანური ცენტრიდან წამოსული ლავური ნაკადი ბორჯომამდე აღწევს, ხოლო გუჯარეთის ლავური ნაკადი წაღვერთან მთავრდება. დაბაძველის ვულკანურ ფენასთან დაკავშირებული ლავური განფენი, რომელიც წყალგამყოფ პლატოს ქმნის მდინარე მტკვრის ხეობასა და ბორჯომულას აუზს შორის. ქ. ბორჯომის სამხრეთით რელიეფის შედარებით მსხვილი ფორმებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ციხისჯვრის ლავური პლატო.

მუნიციპალიტეტის ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური წყლები, მათ შორის ბორჯომის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სამკურნალო წყალი, აგრეთვე წაღვერის ნახშირმჟავა-რკინის, ციხისჯვრის გოგირდოვანი, ვაშლოვანის ბორჯომის ტიპის და სხვა მრავალი ძვირფასი მინერალური წყარო. მუნიციპალიტეტი მდიდარია სამშენებლო ქვებით — ანდეზიტი, ბაზალტი და პემზა.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ჰავა გარდამავალია კონტინენტურ სუბტროპიკულიდან ზღვის სუბტროპიკულზე ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა 8,3 °C-დან -0,1 °C-მდეა. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3-6 °C; აგვისტოსი 14-18 °C; მაქს. ტემპერატურა 30-36 °C-ს აღწევს; მინიმალური კი -20-26 °C. ნალექების რაოდენობაა 550-800 მმ წელიწადში. მაქსიმუმი (88-162 მმ) მოდის მაის-ივნისში, მინიმუმი (37-63 მმ) დეკემბერ-იანვარში. თოვლი მოდის ნოემბრიდან მარტამდე ქვედა ზონაში და ოქტომბრიდან მაისამდე ზედა ზონაში. მდგრადი თოვლის საბურველის ხანგრძლივობა ქვედა ზონაში წელიწადში 70-80 დღეა, ზედაში — 150-155 დღე. თოვლის საბურველის სიმაღლე საშუალოდ 20-40 სმ-ს აღწევს. პლატოზე ქრის დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარი, ხოლო ხეობებში გაბატონებულია მთა-ხეობათა ქარები. ქარის სიძლიერე პლატოზე მეტია, ვიდრე ხეობებში და მატულობს სიმაღლის ზრდასთან ერთად. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის საშუალო სიჩქარეა არაუმეტეს 8მ/წმ, დროდადრო აღწევს 20მ/წმ.-ს.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ კვეთს მდინარე მტკვარი. მარჯვნიდან მას ერთვის ბორჯომულა და გუჯარეთისწყალი. მდინარეები ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობენ. წყალდიდობა იცის აპრილ-მაისში, წყალმცირობა — ზამთარში. მდინარეებს იყენებენ როგორც ენერგეტიკული მიზნით, ასევე სარწყავად. მუნიციპალიტეტში ბევრი ტბაა: ტაბაწყური, კახისი, წეროს ტბა, მინდიაშვილის ტბა და სხვა. ტაბაწყურისა და კახისის ტბებში ბევრია კალმახი და სხვა ძვირფასი ჯიშის თევზები.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმთავრესად გავრცელებულია ტყის ყომრალი და გაეწერებული ყომრალი ნიდაგები (1100-1300 მ.-დან 1600-1700 მ.-მდე). ქვედა ზონაში ტყის ყავისფერი ნიადაგია. ტყის ზონის ზემოთ განვითარებულია მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგი.

ძირითადი ლანდშაფტებია:

  1. მთა-ხეობათა ლანდშაფტი რცხილნარ-მუხნარით, ჭალისა და ნაწილობრივ წიწვიანი ტყეებით, ალუვიური და ტყის ყომრალი ნიადაგებით
  2. საშუალო მთები, მოსწორებული ზედაპირების უბნებით, წიფლის ტყითა და ტყის ყომრალი ნიადაგებით
  3. საშუალო მთები წიწვიან-ფოთლოვანი (ფიჭვნარ-წიფლნარ-მუქწიწვიანი) ტყეებითა და გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგებით
  4. სუბალპური მდელოები მთა-მდელოს ნიადაგებით

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტი მდიდარია მცენარეულობით. აქ ცნობილია 1600-ზე მეტი სახეობა. რაიონის ტერიტორიის თითქმის 2/3 უჭირავს ტყესა და ბუჩქნარს, გაბატონებულია უმთავრესად ნაძვნარ-სოჭნარი და ნაძვნარ-წიფლნარი, არის ფიჭვნარიც. ტყეებში ზოგან გავრცელებულია მარადმწვანე ქვეტყე და კოლხური ლიანები. შერეულ ტყეებში წიწვიანების გვერდით გვხვდება წიფელი, ნეკერჩხალი, მუხა, არყი. 2100-2200 მ. სიმაღლეზე ტყეებს ცვლის სუბალპური მდელოები, რომლებიც სათიბ-საძოვრებადაა გამოყენებული. ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცხადებულია დაცულ ტერიტორიად.

მუნიციპალიტეტის ფაუნა ნაირფეროვანია. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება ირემი, შველი, ტყისა და თეთრყელა კვერნები, წავი, მაჩვი, მგელი, მელა, იშვიათად მურა დათვი და ფოცხვერი. მრავაგანაა კავკასიური და ტელეუტური ციყვი. ფრინველებიდან აქ ბინადრობს კავკასიური როჭო, არწივი, კოდალა და სხვ. ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია ცხვირრქოსანი გველგესლა, ანკარა, ბოხმეჭა და სხვ; ამფიბიებიდან — კავკასიური სალამანდრა, რამდენიმე სახეობის ტრიტონი, კავკასიური ჯვრიანა და სხვ; თევზებიდან აღსანიშნავია კალმახი, მურწა და სხვ. ბევრია კიბოსნაირები, ობობები, მწერები, მოლუსკები და სხვ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის შედეგად მოსახლეობის რიცხოვნობა — 25 214 კაცი[3]; სიმჭიდროვე — 21,21 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 37 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 4 დაბა და 32 სოფელი. მრავლადაა დაცარიელებული სოფლები. მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ, ცალკეულ დასახლებებში ცხოვრობენ ასევე ეთნიკური სომხები და ბერძნები.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 41 266
2002 33 074
2014 25 214
2021[4] 25 000

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გერბი

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წლისთვის ბორჯომის რაიონი იყოფოდა 12 ტერიტორიულ ერთეულად: 1 საქალაქო, 3 სადაბო და 8 სასოფლო საბჭოდ. 1990-იან წლებში გუჯარეთის ხეობის დაცლის გამო შეიცვალა ადმინისტრაციული მოწყობა, გაუქმდა გვერდისუბნისა და გუჯარეთის თემები და ხეობის სოფლები მიეკუთვნა ბაკურიანის თემს. შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული ბალანთა (სოფლები ბალანთა, ჭიხარულა).

ამჟამად ბორჯომის მუნიციპალიტეტი იყოფა 11 ადმინისტრაციულ ერთეულად:

საკრებულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია 2017[5] 2021[6] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 13 24                                                
  ნაციონალური მოძრაობა 2 7            
  პატრიოტთა ალიანსი 11 1  
  საქართველოსთვის 1  
  ევროპული საქართველო 1
  ლეიბორისტული პარტია 1
სულ 28 33  

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში განვითარებულია ტურიზმი, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ცნობილია სამთო-კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტებით. ბორჯომი, ბაკურიანი, წაღვერი, პატარა ცემი, ტბა, სადგერი, ლიბანი, ციხისჯვარი, ცემი, მზეთამზე.

მრეწველობის წამყვანი დარგია მინერალური წყლების ჩამოსხმა. აქ ისხმება მინერალური წყლები „ბორჯომი“, „ლიკანი“ და წყაროს წყალი „ბაკურიანი“. „ბორჯომი“ იყიდება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. არის ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა საწარმოები. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა აგურის ქარხანა, კერამიკული ჭურჭლის საამქრო, ხორცკომბინატი, ყველ-კარაქის ქარხანა, ავეჯის ფაბრიკა (ახალდაბა), ხე-ტყის სახერხი ქარხანა (წაღვერი), 21 ათას კვტ.-იანი ელექტროსადგური ჩითახევჰესი, მოიპოვებოდა ანდეზიტი (ბაკურიანის ანდეზიტი).

სოფლის მეურნეობაში მთავარი დარგი საბჭოთა პერიოდში იყო მეხილეობა და მეცხოველეობა. ქვედა ზონის (800-1000 მ.) სოფლებში წამყვანი იყო მებაღეობა-მებოსტნეობა, ხოლო ზედა ზონაში — მეცხოველეობა. ასევე მოქმედებდა მიტარბის სატყეო მეურნეობა და ბაკურიანის მენადირეობის მეურნეობა, სადაც აშენებდნენ ძვირფასბერწვიან მელიას. ნათესებიდან გავრცელებული იყო სიმინდი, ხორბალი, კარტოფილი და ბოსტნეული კულტურები.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში გადის ხაშური-ვალეს სარკინიგზო ხაზი. სადგური ბორჯომი ვიწროლიანდაგიანი ელექტროფიცირებული ხაზით დაკავშირებულია დაბა ბაკურიანთან. მუნიციპალიტეტს კვეთს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი ს8 და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 33 საჯარო სკოლაა, 3 პროფესიული სასწავლებელი, 35 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი (სახალხო თეატრი 1959 წლიდან) და 1 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიმოთესუბანის მონასტერი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლია, მათ შორის გამორჩეულია ნეძვის სამეკლესიანი ბაზილიკა (IX ს.), დაბის ეკლესია (1333 წ.), ქვაბისხევის ეკლესია (IX ს.), ტაბაწყურის წითელი ეკლესია; ტიმოთესუბნის (XII-XIII სს.), სადგერის წმიდა გიორგის მონასტერი, ლიკანის და მწვანე მონასტრები; შუა საუკუნეების ციხესიმაგრეთა სადგერის ციხე, პეტრეს ციხე, დვირის ციხე, დემოთის ციხე, ციხისჯვარი) ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]