მისიმიელები — ერთ-ერთი ძველი ქართული (სვანური) ტომი. სახელწოდება „მისიმიელები“ სვანთა ადგილობრივი სახელის „მუშვჳნის“ ბერძნული სახეცვლილი ფორმა უნდა იყოს. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც მისიმიელები ერთ-ერთი აფხაზური ტომია. იხსენიებენ ბიზანტიელი ავტორები. მისიმიელები ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათი ადგილსამყოფელი აფსილების მიწაწყალს თანამედროვე წებელდასთან ესაზღვრებოდა. აგათია სქოლასტიკოსის (VI საუკუნე) ცნობით, მისიმიელები, ისევე როგორც აფსილები, კოლხეთის სამეფოს (ე. ი. ლაზთა) მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, მაგრამ ტომთაგან განსხვავებით სხვა ენა და ზნე-ჩვეულებები ჰქონდათ. მისიმიელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტია-ირანის ომში, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.