გერონტი გასვიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერონტი გასვიანი
დაბ. თარიღი 15 აგვისტო, 1929(1929-08-15)
დაბ. ადგილი ხალდე, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 31 ოქტომბერი, 2012(2012-10-31) (83 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი

გერონტი ალექსანდრეს ძე გასვიანი (დ. 15 აგვისტო, 1929, სოფელი ხალდე, მესტიის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 31 ოქტომბერი, 2012, თბილისი, საქართველო) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს დაამთავრა მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმი და იმავე წელს სწავლა განაგრძო სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1953 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მარქსიზმის საღამოს უნივერსიტეტში ჯერ სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელად, შემდეგ — დირექტორად. 1959 წელს იგი გადაიყვანეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ასპირანტურის განყოფილების გამგედ და პრეზიდიუმის სწავლულ მდივნად სამეცნიერო კადრების მომზადების დარგში. 1969 წელს გ. გასვიანი სამუშაოდ გადავიდა საქართველოს აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც დაინიშნა კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების გამგედ. ბოლო წლებში კი იყო კავკასიისა და ევროპის ხალხებთან ურთიერთობის სექტორის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში იგი აქტიურად ხელმძღვანელობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტს, სადაც კითხულობდა ლექციებს საქართველოსა და კავკასიის ისოტორიაზე. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 18 მონოგრაფია.

გ. გასვიანმა 1959 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1974 წელს სადოქტორო დისერტაცია („დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები XI-XIXსს“). 1989 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება.

გასვიანის კვლევების ძირითადი ობიექტი იყო შუასაუკუნეების დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის საკითხები, კერძოდ რაჭა-ლეჩხუმის ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილი პრობლემები. სვანური ენის ცოდნამ, მას საშუალება მისცა გასცნობოდა და შეესწავლა ახალი დოკუმენტური მასალები და გამოქვეყნებული სტატიებისა და მონოგრაფიების სახით მიეწოდებინდა სამეცნიერო წრეებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

გ. გასვიანმა თავისი მეცნიერული ნაშრომებით გადატრიალება მოახდინა სვანეთის ისტორიის გაგებასა და შეფასებაში. მეცნიერთა მიერ, მანამდე თუ სვანეთი განიხილებოდა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ჩამორჩენილი, პირველყოფილი გვაროვნული წყობილების კუთხე, ახლა ასეთი შეფასება უარყოფილია. გ. გასვიანმა მეცნიერულად დაასაბუთა, რომ შუასაუკუნეების სვანეთი ხასიათდებოდა საქართველოს ბარში არსებული ფეოდალური წყობილების ნიშნებით.

პროფესორ გ. გასვიანს დიდი მეცნიერული სამუშაო აქვს ჩატარებული აფხაზეთის ისტორიის შესწავლისა და მისი პოპულარიზაციის საკითხებზე. ამ სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისათვის იგი არჩეული იყო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

გეორნტი გასვიანის მეცნიერულ შემოქმედებაში საპატიო ადგილი უკავია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის შესწავლის საკითხებს. ამ თემაზე მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია — „ჩრდილო კავკასიის ხალხები უძველესი დროიდან XX საუკუნემდე“, რომელშიც თვალსაჩინო ადგილი უკავია ქართველთა, პირველ რიგში, სვანთა სამეურნეო, კულტურულ და ნათესაურ ურთიერთობებს.

1999 წელს პროფესორი გერონტი გასვიანი ნაყოფიერი მეცნიერული შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართულ ისტორიოგრაფიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.

გერონტი გასვიანი გარდაიცვალა თბილისში 2012 წლის 31 ოქტომბერს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონოგრაფიები
  • კომუნისტური პარტიის ეროვნული პოლიტიკა ოქრომბრის რევოლუციის გატარების პერიოდში (ავტორი). - თბ., 1957;
  • დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან (ავტორი). - თბ., 1973;
  • ჩრდილო კავკასიის ისტორიის ნარკვევები (თანაავტორი). - თბ., 1978;
  • დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები (ავტორი). - თბ., 1979;
  • Социально-экономическая структура Сванетии XI-XVIII вв (ავტორი). - Тб., 1980;
  • დასავლეთ საქართველოს სოციალურ - პოლიტიკური ვითარება და რუსეთთან შეერთება. (XVI - XIX საუკუნეები) (ავტორი). - თბ., 1988;
  • ნარკვევები შუა საუკუნეების სვანეთის ისტორიიდან (ავტორი). - თბ., 1991;
  • აფხაზეთი, ძველი და ახალი აფხაზები (ავტორი). - თბ., 1998;
  • Абхазия, Древные и новые Абхази (ავტორი). - Тб., 2000;
  • ქართველი მეცნიერები პ. ინგოროყვას შეხედულებებზე აფხაზეთის და აფხაზების შესახებ (ავტორი). - თბ., 2003;
  • აფხაზეთი XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნეში (ავტორი). - თბ., 2004;
  • აფხაზეთის ომი (ავტორი). - თბ., 2005;
  • აფხაზეთი საქართველოს ორგანული ნაწილია (ავტორი). - თბ., 2008;
  • აფხაზეთი ისტორიული საქართველოა (ავტორი). - თბ., 2011.
სტატიები
  • სვანეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, ჟურ. „მნათობი“, 1968, №7;
  • სვანეთის საეკლესიო კრებათა მეორე მატიანე, ჟურ. „მაცნე“, 1972, №2;
  • რუსეთთან შეერთება და სასოფლო მმართველობის შემოღება სვანეთში, ჟურ. „მაცნე“, 1975, №3;
  • სვენეთის სამიმავლო გზები შუა საუკუნეებში (კრებ. ფეოდალური საქართველოს მთის სოც-ეკონ. განვითარება ფეოდალურ ხანაში). - თბ., 1983;
  • საქართველოს მთიანეთის ისტორიის არქაიზმის ნიმუში, ჟურ. „ცისკარი“, 1984, №12;
  • სვანეთის ეკლესიის ისტორიიდან (ქორეპისკოპოსი, საყდრისშვილები), ჟურ. „მაცნე“, 1986, №2;
  • სვანთა განსახლება ჩრდილო კავკასიის მთიანეთში, ჟურნ. „მაცნე“, 1993, №3-4;
  • ძველი აფხაზები და თანამედროვე აფსუები, ჟურ. „ცისკარი“, 1997, №6;
  • აფხაზეთის მოსახელეობის ეთნიკური შემადგენლობა XIX საუკუნის პირველ ნახევარში (კრებ. აფხაზეთის სიტორიის პრობლემები), თბ., 1998;
  • ქართველი ხალხის დაქუცმაცების და გარუსების იმპერიული პოლიტიკა, ჟურ. „მნათობი“, 1999, №11-12;
  • „მშანისა“ და „შონის“ მნიშვნელობის გაგებისათვის, (ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო კრებული), თბ., 1999;
  • ვახუშტი ბაგრატიონი სვანეთის შესახებ, ანალები (ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი), თბ., 2003;
  • სვანეთის საღვთო ხელნაწერები (სახარებები, მატიანეები, სულთა მოსახსენებლები), კრებული ლოგოსი, II, 2004.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუჯეჯიანი რ., მას საქართველოსთვის უძგერდა გული. (პროფესორ გერონტი გასვიანის (1929-2012 წწ.) გახსენება), გაზ. „ლილე“, 2014 წლის მარტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]