რაჭის საერისთავო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაჭის საერისთავო
საერისთავო
XI სს.–1789
რაჭის საერისთავო XVI-XVIII საუკუნეებში
დედაქალაქი მინდაციხე
ენები ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
მთავრობა მონარქია
საკანონმდებლო ხელისუფლება აფხაზეთის სამეფო (989–1008) საქართველოს სამეფო (1008–1463) იმერეთის სამეფო (1463–1789)
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  შეიქმნა XI სს.
 -  გაუქმდა 1789
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველო

რაჭის საერისთავო — ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში. ჩამოყალიბდა X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ერთიანი ქართული მონარქიის შექმნის შემდეგ. XV საუკუნიდან საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ შედიოდა იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წერილობითი წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღვაშთა საგვარეულოდან. რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რომელსაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდა რაჭის საერისთაოს განმგებელ ბაღვაშთა შტო. რაჭის საერისთავო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. X–XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოს ჩრდილოეთით სვანეთის საერისთავო ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო ლეჩხუმის ქედი. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდინარე ჭანჭახის სათავეებამდე აღწევდა. სამხრეთით რაჭის ქედი ესაზღვრებოდა, დასავლეთით თაკვერიდან მას გამოყოფდა გუელისთავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდინარე რიონის ხეობაში — ის ვიწროები, რომლებიც სოფელ ალპანის სამხრეთით იქყება. მდინარე ჯეჯორის აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდარო იყო.

X–XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ, მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია მინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.

X–XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავო დაყოფილი იყო ცალკეულ ხევებად, რომლებიც ერთ ან რამდენიმე სოფელს აერთიანებდნენ. ხევში გლეხებთან ერთად ხევის აზნაურებიც შედიოდნენ. თითოეულ ხევს ჰქონდა თავისი სამლოცველო, რომლის მთავარ დღეობაზე მთელი ხევის მოსახლეობა იყრიდა თავს. X–XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლი ააგეს (პატარა ონის, მთის წმ. გიორგის, კრიხის საყდრები, ნიკორწმინდის ტაძარი და სხვა).

XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერისთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა.

XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგი V ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა არადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთავთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488 წლიდან — ჩხეტიძეები. XV საუკუნის II ნახევარში, საქართველო სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, რაჭის საერისთავო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. დაახლოებით ამ პერიოდში რაჭის საერისთავოს შემადგენლობაში შევიდა ძველი სვანეთის საერისთავოს ერთი ნაწილი — „მთიულეთი“ (მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის სათავეებში). გვიანდელი შუა საუკუნეებში რაჭის საერისთავო ჩრდილო-აღმოსავლეთით უშუალოდ კავკასიონის მთავარ ქედს ებჯინებოდა. სვანეთიდან მას ლეჩხუმის ქედი მიჯნავდა, ლეჩხუმიდან — მდინარე ასკისწყალი, ხოლო მდინარე რიონის სამხრეთით — რაჭის ქედი, რომელიც რაჭის საერისთავოს იმერეთისგან გამოყოფდა. გვიანდელი შუა საუკუნეებში მდინარე ჯეჯორის ხეობაში საკუთრივ რაჭის საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ მდინარის ზემოთში მდებარე კუდარო ემორჩილებოდა. თავდაპირველად კუდარო ქართველებით იყო დასახლებული. XV–XVII საუკუნეებში მათი ადგილი დვალეთიდან გადმოსულმა ოსებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოებიდან მესამის, რაჭის სადროშოს, სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰქონდათ, რომელიც თავდაპირველად მდინარე ლუხუნის ხეობას, სოფელ წესსა და მდინარე რიონის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფელ წესში. იქვე იდგა ერისთავთა საგვარეულო ეკლესია — ბარაკონი. XV საუკუნეში რაჭის საერისთავოს აზნაურები იყვნენ ჭარელიძეები, ბაქრაძეები, კოტრიძეები, ჯაფარიძეები, ლაშხიშვილები და გარაყანიძეები. მომდევნო ხანაში ჭარელიძეები, კოტრიძეები გადაშენდნენ. გარაყინიძეებმა და ლაშხიშვილებმა რაჭა დატოვეს. ჯაფარიძეებმა თავიანთი სათავადო ჩამოაყალიბეს. XVI–XVII საუკუნეებში შეიქმნა წულუკიძეების, იაშვილებისა და ყიფიანების სათავადოები.

XV–XVII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა-მამულს, მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფელი ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფელი შაორი, სოფელი ამბროლაური. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავეები შინაომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ, სურდათ გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ. თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა II-მ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფეს ბაგრატ IV-ს დაუჭირა მხარი. 1678 შოშიტა დაეხმარა არჩილ II-ს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში. ბაგრატ IV-ს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადააყენეს. 1679 თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს. რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა III-მ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-თან. თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა უპირველეს ყოვლისა რაჭის საერისთავოში მეფის კუთვნილი ყმა-მამული მიითვისეს: იაშვილებმა — კვარის ციხე, წულუკიძეებმა — ხოტევისა. სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. მათვე დაიმორჩილეს რაჭის აზნაურთა დიდი ნაწილი, ზოგიც საერისთავოს ტერიტორიიდან გააძევეს. როსტომ რაჭის ერისთავის დროს რაჭის საერისთავო ფაქტობრივად დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენდა, მაგრამ იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1769 წლის II ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთავობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა. 1785 იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 იანვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფ. სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის ძე დასვა. 1789 იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გააუქმა რაჭის საერისთავო.

რაჭის ერისთავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაჭის ერისთავები
სახელი წლები საგვარეულო შენიშვნა
რატი I ბაღვაში 989–1021 კახაბერიძე
კახაბერ I 1021–1031
რატი II 1031–1088
ნიანია 1088–1100
რატი III 1100–1120
კახაბერ II 1120–?
კვირიკე ?–1150
კახაბერ III 1150–1175
კახაბერ IV 1175–1210
კახაბერ V 1210–1245
კახაბერ VI 1245–1278
აღბუღა 14??––14?? ჭარელიძე
გიორგი I 14??–14??
ცაცი 14??–14??
ქველი 14??–14??
გიორგი II 14??–14??
იონა 1465–1485 ჩხეტიძე
კახაბერ IV 1485–1510
ბედიანი 1510–1534
შოშიტა I 1534–1565
პაპუნა II 1684–1696
შოშიტა III 1696–1731
გრიგოლი 1731–1741
ვახტანგ 1741–1749
როსტომ 1749–1769
ანტონ 1784 პირველი მთავრობა
გიორგი III 1784–1787
ანტონ 1787–1789 მეორე მთავრობა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერაძე თ., რაჭა ფეოდალურ ხანაში, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, ტ. 5;
  • მისივე, რაჭა, თბ., 1983;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1, თბ., 1973;
  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 8, გვ. 313–314, თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]