შინაარსზე გადასვლა

თავისუფალი სვანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავისუფალი სვანეთის რუკა (1855 წ.)

თავისუფალი სვანეთი (რუს. Вольная Сванетия) — პირობითი სახელწოდება, რომლითაც რუსეთის იმპერიაში აღინიშნებოდა ზემო სვანეთის უბატონო თემები. ტერმინი გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1853 წელს სვანეთის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა.

თავისუფალი სვანეთი მდებარეობდა მდინარე ენგურის ხეობის ზემო ნაწილში ბალის ქედიდან უშგულის თემის ჩათვლით. ის ორად იყო გაყოფილი უღვირის ხეობით. წარმოადგენდა სვანეთის საბოქაულოს აღმოსავლეთ ნაწილს. აღმოსავლეთიდან თავისუფალ სვანეთს საზღვრავდა ყორულდაშის მთა, ჩრდილოეთ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, დასავლეთით ბალის ქედი, ხოლო სამხრეთით სვანეთის ქედი.

XX საუკუნის დასაწყისში თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა იყო 800-მდე ადამიანი, აქედან 70-მდე იყო აზნაური და სასულიერო პირი. თავადები თავისუფალ სვანეთში არ ცხოვრობდნენ. თავისუფალ სვანეთში სამი ტერიტორიული გაერთიანება იყო: სოფელი, თემი და ხევი. ყველაზე მსხვილი ერთეული იყო ხევი, ხოლო ყველაზე წვრილი ― სოფელი. სამივე დონის ტერიტორიული ერთეულის უმაღლესი ორგანო იყო ყრილობა. ის განკარგავდა საერთო საკუთრებას და აღასრულებდა სამართალს. თემების რაოდენობა იყო 7: ლატალის, ლენჯერის, მულახის, მესტიის, იფარის, კალისა და უშგულის. ცენტრი — სოფ. ლალხორი. მოსახლეობით ყველაზე დიდი იყო მულახის, შემდეგ კი იფარისა და ლატალის თემები.

სვანეთის ამ ნაწილში ცხოვრობდნენ შემდეგი გვარები ჩარკვიანები, ყიფიანები, იესელიანები, ჯაფარიძეები, ქურდიანები, შარვაშიძეები, დევდარიანები, რატიანები, კორძაიები, ნიჟარაძეები და სხვები.

  • გასვიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 567.
  • დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1979;
  • ჩარკვიანი ა., საბჭოთა სვანეთი, თბ., 1974;
  • გასვიანი გ., დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1973;
  • ჩარკვიანი ა., სვანეთი, თბ., 1967
  • სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნაკვ. 2, თბ., 1941 (პ. ინგოროყვას გამოც.);
  • გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, თბ., 1925;
  • ჩიმაკაძე ნ., თავისუფალი სვანეთი // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 1-36.