დიოსკურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უძველესი დიოსკურიის ნანგრევები

დიოსკურია (ბერძ. Διοσκουριάς) — ანტიკური ქალაქი კოლხეთის სამეფოს შავი ზღვის სანაპიროზე (ახლანდელი ქ. სოხუმის ადგილზე). დააარსეს ბერძნებმა მოახალშენეებმა, მილეტელებმა, ძვ. წ. VI საუკუნეში.

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ახლანდელი სოხუმის ცენტრში, უმეტესწილად სოხუმის აკვატორიის ფსკერზე, მდინრეების აძაფშს და ბესლეთს შორის.

1953 წელს ერთ-ერთი სანატორიუმის ფიზკულტურის ხელმძღვანელმა იური მოვჩანმა ზღვის ფსკერზე ნაპირთან ახლოს ქვის ლოდი შეამჩნია, გაწმენდისა და ნაპირზე გამოტანის შემდეგ ნახეს რომ ქვა მარმარილოს ბარელიეფი იყო. ეს ძველი ქალაქის დიოსკურიის ნანგრევები აღმოჩნდა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი უწოდეს დიოსკურების ლედას ტყუპების, პოლიდევკესა და კასტორის პატივსაცემად, ისინი იაზონთან ერთად არგოთი კოლხეთშიც იყვნენ. ამ ვერსიას იზიარებს პომპონიუს მელა. ზოგი ავტორი (სტრაბონი, პლინიუს უფროსი) გადმოგვცემს, რომ იგი დაარსებულია კასტორისა და პოლუქსის მეეტლეების, ამფიტიუსისა და კერკიუსის (ამფისტრატოსი და რეკასი) მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2500 წლის წინ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბერძენმა ვაჭრებმა მილეტიდან დააარსეს კოლონია დიოსკურია. ერთი დამაარსებელი ამფიტიუსი ვაჭარი იყო, მეორე კერკიუსი კი მეომარი, ამიტომაც დიოსკურიის სიმბოლოდ მიიჩნეოდა მახვილი და ამფორა. დიოსკურია პიტიუსთან, გიენოსთან და ფაზისთან ერთად წარმოადგენდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთავარი სავაჭრო სისტემის ერთ-ერთ ცენტრს. აქ ჩამოდიოდა უამრავი ვაჭარი სხვადასხვა ქვეყნიდან. ქალაქი ასევე კარგად იყო დაცული, რასაც მოწმობს სოხუმის აკვატორიაში არსებული ძვ.წ. V-IV სს. მასიური ბერძნული სტილის სამხედრო თავდაცვითი ნაგებობები. დამაარსებლებიდან მოყოლებული ქალაქს მართავდა ოლიგარქია-სამხედროებისა და დიდვაჭრების საბჭო. ვარაუდობენ, რომ სახელი „დიოსკურია“ წარმოიქმნა ტყუპი ძმების, დიოსკურების, ანუ ზევსის ვაჟების - პოლიდევკესა და კასტორისგან. ისინი იყვნენ ტროელი ელენეს ძმები და იასონთან ერთად არგონავტების ლაშქრობაში მონაწილეობდნენ. დიოსკურების კულტი გავრცელებული იყო როგორც ძველ საბერძნეთში, ასევე რომში. დიოსკურებს განასახიერებს მარჩბივის, იმავე ტყუპების, ჰოროსკოპიც, რომლის სიმბოლოც ორი ადამიანია. დიოსკურების გამოსახულება გვხვდება ფულზეც. სიმონ ჯანაშიას მუზეუმში ინახება 12 მონეტა, რომელიც დიოსკურიაშია მოჭრილი და ასევე აწერია – ΔΙΟΣ/ΚΟΥΡΙΑ/ΔΟΣ. ვარაუდობენ, რომ ფული ძვ.წ. II-I საუკუნეებში მოიჭრა. პონტოს მეფემ მითრიდატე VI-მ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო თავის სამფლობელოს სწორედ ამ დროს მიუერთა. უკვე მითრიდატეს ქვეშევრდომი დიოსკურიელები მუნიციპალურ სტრუქტურებს ინარჩუნებდნენ და საკუთარ სპილენძის ფულსაც ჭრიდნენ. პონტოს კოლხეთის ადმინისტრაციის სამყოფელი სწორედ დიოსკურია იყო. დიოსკურიაში მითრიდატე VI-ის გარნიზონი იდგა და მონეტების მოჭრას სწორედ მის მიერ დანიშნული მოხელე აკონტროლებდა. ძვ.წ. 65-64 წწ.-ში რომაელებისაგან დევნილი მითრიდატე სწორედ დიოსკურიას შეეფარა. I საუკუნის გეოგრაფი სტრაბონი წერდა: „დიოსკურია წარმოადგენს კასპიისა და პონტოს ზღვებს შორის ყელის დასაწყისსა და ხალხთა საერთო სავაჭრო ცენტრს, რომლებიც მას ზევით და ახლოს ცხოვრობენ; აქ იკრიბებიან, 70 ეროვნების ადამიანი“. ახალი ერის დასაწყისში მოხდა რაღაც კატასტროფა, რამაც გამოიწვია ძველბერძნული დასახლების განადგურება ან დაკნინება. ამ პერიოდში შავიზღვისპირეთში შეინიშნება ძლიერი მიწისძვრები, რაც ბევრ ქალაქს ზიანს აყენებს. მათ შორის ოლვიას, პანტიკაპეიონსა და ტრაპეზუნდს.

რომაელი მეცნიერი პლინიუსი, დაღუპული 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის დროს, წერდა დიოსკურიაზე: „ახლა ეს ქალაქი მიტოვებულია, მაგრამ ის ისე მეტად ცნობილი იყო, რომ თიმოსფენის თქმით, იქ იკრიბებოდა 300 ეროვნების სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი. და ამის შემდეგ ჩვენი რომაელები თავის საქმეებს აწარმოებდნენ 130 თარჯიმნის დახმარებით“. პლევიუსი წერს რომ ამ ადგილზე არსებობდა რომაული ქალაქი სებასტოპოლისი. მაგრამ რომაულ ქალაქს როგორც ბერძნულს რაღაც სტიქიური უბედურება დაატყდა თავს.

სებასტოპოლისის არსებობის პერიოდში აქ იდგა რომაული კოჰორტა. რომაული ადმინისტრაციის ცენტრი დიოსკურიადან პიტიუსში გადავიდა, თუმცა იგი დაკნინებული არ ჩანს. ქალაქს ხის მასიური გალავანი ერტყა. გოთების შემოსევისას 134-136 წწ ში ქალაქი გადაწვეს ხოლო რომაული კოჰორტა გაანადგურეს.ამის შემდეგ სებასტოპოლისი ისტორიული წყაროებიდან ქრება.

მხოლოდ VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ახსენებს პატარა ციხე-სიმაგრეს, მდგარს ლაზიკიდან აზოვის ზღვისაკენ მიმავალ გზაზე. იმ წლებში იმპერატორი იუსტინიანე აწარმოებდა ომს სპარსელებთან. რადგანაც ფიქრობდა რომ ვერ შეინარჩუნებდა სებასტოპოლისსა და პიტიუნტს (ბიჭვინთა) მან 550 წელს ისინი დაანგრია იქიდან გარნიზონი წაიყვანა. მაგრამ მალე ბიზანტიელებმა აღადგინეს ქალაქი სებასტოპოლისი. ხოლო შემდეგ მისი კვალი ქრება.

ქალაქმა არსებობა განაგრძო „ცხუმის“ სახელწოდებით. იგი იყო სანაოსნო პორტი და სავაჭრო მნიშვნელობის პატარა ქალაქი აბაზგთა სამთავროში. კელასურის კედლის ერთ ერთი დანიშნულება მისი აღმოსავლეთიდან დაცვა იყო. ცხუმი 737 წელს გადაწვეს არაბებმა. მას შემდეგ რაც მარვან ყრუმ მოახერხა კლისურის კედლის გადალახვა და აფხაზეთში შეჭრა. ამის შემდეგ იწყება უშუალოდ სოხუმის ისტორია, რომელიც უკვე შუა საუკუნეების ფეოდალურ დასახლეას წარმოადგენდა. 1120 წელს იხსენიებენ აქ ჩამოსული ჯვაროსნები. სადაც ჩავიდნენ გემით და უკან იმავე გზით დაბრუნდნენ.

დღევანდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის სანაპიროზე ბევრი სიანტერესო არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა. ამფორები, მონეტები, საფლავის ქვები, ფორტიფიკაციის სისტემების ნაშთები, საბრძოლო იარაღი. მათი უმრავლესობა დღემდე სოხუმის ისტორიულ მუზეუმში ინახება. თუმცა ქალაქი თითქმის შეუსწავლელია რადგან აქ აღმოჩენები მხოლოდ 80-იან წლებში დაიწყო. აფხაზეთის ომმა კი საბოლოოდ ჩაშალა ყველა ისტორიული ექსპედიციის სურვილი, ძირეულად ეწარმოებინათ არქეოლოგიური სამუშაოები ქალაქის ტერიტორიაზე. ზამთვრის პერიოდში როდესაც ზღვა მთლიანად იწმინდება, დღემდე ჩანს პორტის ფსკერზე აზიდული თოთხმეტი ბერძნული კოლონა, რომელიც ქალაქის ისტორიის დიდ საიდუმლოს ინახავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძველი კოლხეთი და გარე სამყარო, თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თემურ თოდუა, 2008 წელი.
  • ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები, გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი. 2009 წელი მერი ინაძე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]