დიმიტრი ერმაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ერმაკოვი
Дмитрий Иванович Ермаков.jpg
დაბ. თარიღი 1846
ნახიჩევანი
გარდ. თარიღი 1916
თბილისი
მშობლები მამა: ლუდოვიკო კამბიაჯო
მამინაცვალი: ივანე ერმაკოვი

დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვი (დ. 1846, ნახიჩევანი — გ. 10 ნოემბერი/[ძვ. სტ. 28 ოქტომბერი], 1916, თბილისი) — იტალიელი წარმოშობის რუსი ფოტოგრაფი, ორიენტალისტი, ეთნოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ერმაკოვი დაიბადა 1846 წელს ნახიჩევანში[1]. მისი მამა იყო იმ დროისათვის კარგად ცნობილი იტალიელი არიტექტორი ლუდოვიკო კამბიაჯო, რომელიც მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის თანხლებით ჩამოვიდა ქალაქ ოდესიდან, ხოლო დედა კი მოლაკნელი გლეხის ქალი.

ახალგაზრდა ერმაკოვმა განათლება ანანურთან მდებარე სამხედრო ტოპოგრაფიულ აკადემიაში მიიღო, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით 102 კმ-ით იყო დაშორებული და საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობდა, გზა რომლის ფოტოგრაფირებაც მას ხშირად უწევდა. სწორედ ამ აკადემიაში ჩამოყალიბდა ერმაკოვი ფოტოგრაფად და რამდენიმე წელიწადში საზოგადოებას უკვე პროფესიონალ ფოტოგრაფად მოევლინა .

1860-იანი წლების ბოლოს ერმაკოვი ტოვებს აკადემიას და 1866 წელს ხსნის საკუთარ ფოტოატელიეს თბილისში. მისი ფოტოსტუდია მდებარეობდა იმ დროისათვის ძალზედ პოპულარულ ”დვორცოვაიას” ქუჩაზე, სადაც წლების მანძილზე მრავალი ფოტოგრაფი მოღვაწეობდა. პირველი ფოტოსახელოსნო აქ 1846 წელს ფოტოგრაფებმა ვ. ხლამოვმა და ა. როინაშვილმა გახსნეს და ფოტოსახელოსნოს ”რემბრანტი” დაარქვეს.

1870-იან წლებში სპარსეთში მოგზაურობის დროს გადაიღო ეთნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და მიიღო „მისი აღმატებულება სპარსეთის შაჰის ფოტოგრაფის“ ტიტული.

უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ერმაკოვმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში შეიძინა ნეგატივები სხვადასხვა ფოტოგრაფთაგან და საკუთარ ნეგატივებთან ერთად შექმნა კოლექცია, რომელსაც კომერციული თვალსაზრისით იყენებდა. ფოტოსტუდიის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში ერმაკოვი ხდება ”Société française de photographie” - (SFP) წევრი, ეს იყო ფოტოგრაფთა ყველაზე პრესტიჟული ასოციაცია ევროპაში. აღნიშნულ გამოფენაზე მას ორჯერ აქვს მედალი მოპოვებული, რომლებიც ამავე ასოციაციის 1874 წლის 5 ივნისსა და 3 ივლისის ბიულეტინებშია შეტანილი[2]. 1878 წელს მონაწილეობა მიღებული აქვს მოსკოვის ანთროპოლოგიურ გამოფენაზე.

1874 წელს დიმიტრი ერმაკოვმა მისი ტრაპიზონში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მოაწყო ფირზე აღბეჭდილი ფოოტოების გამოფენა. სავარაუდოა, რომ ერმაკოვს ტრაპიზონში ყოფნისას გაეხსნა მოერე ატელიეც, რადგან გადაღებული აქვს მთელი რეგიონი. სურათები რომლებიც მან პარიზში გამოაგზავნა სწორედ ამ რაიონიდან იყო. მოგვიანებით, 1878 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ანთროპოლოგიურ გამოფენაზე, სადაც მისმა ფოტოებმა ღირსეული ადგილი დაიკავა. ერმაკოვს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო თურქეთის, სპარსეთის და იტალიის გამოფენებზე. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს აყვანილ იქნა სამხედრო ფოტოგრაფად. ერმაკოვს თავისი პროფესიიდან გამომდინარე დიდი მანძილების გადალახვა უწევდა - მისი კოლექციის თვალის გადავლებით ნათელი ხდება, რომ იგი მოგზაურობდა რომიდან ვიდრე სამარყანდამდე და ჩრდილო კავკასიის ქალაქებიდან ვიდრე თეირანამდე.

დიმიტრი ერმაკოვს გადაღებული აქვს ქალაქების ხედები, სხვადასხვა ეთნიკური ტიპები, მის კოლექციაში ასევე შედის მრავალი ეკლესია- მონასტრისა და მათში დაცული საეკლესიო ინვენტარის ფოტომასალა.

1910 წელს დიმიტრი ერმაკოვმა თაყაიშვილთან ერტად იმოგზაურა სვანეთში საიდანაც მან 1500 ნეგატივი ჩამოიტანა. ტრაპიზონის გარდა ის ასევე მოღვაწეობდა თეირანში სპარსეთის შაჰის კარზე. ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოსურათები ინახება თეირანის უნივერსიტეტში. დიმიტრი ერმაკოვმა თავისი 45 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე დააგროვა უამრავი ფოტომასალა, რომელთა რაოდენობა 25000-მდე მერყეობს, რომელთა უმრავლესობის ნახვა დღეს შესაძლებელია სიმონ ჯანაშიას თბილისის სახელმწიფო მუზეუმში. 1897 წელს იგ აირჩიეს კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა ხელისშემწყობ საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად; 1907 წელს ხდება მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, 1912 წელს კი - თბილისის კაზმულ ხელოვნებათა საზოგადოების წევრ-დამფუძნებელი.

ნეკროლოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ერმაკოვი გარდაიცვალა 1916 წლის 10 ნოემბერს (ძვ. სტ. 28 ოქტომბერს), დასაფლავებულია კუკიის სასაფლაოზე. მიუხედავად დიდი დამსახურებებისა, მისი არც გარდაცვალება და არც დაკრძალვა არც ერთ იმდროინდელ პერიოდიკაში არ გამოქვეყნებულა ნეკროლოგის სახით, გარდა 1916 წლის 29 ოქტომბრის № 242 „Тифлиский листок“-ისა, სადაც წერია:

28-го октября, въ 6 час утра скончался
ДМИТРИЙ ИВАНОВИЧЪ
ЕРМАКОВЪ.

დიმიტრი ერმაკოვი — ფოტოგრაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეგატივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე დიდი კოლექცია ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა", ხელოვნების სახელწიფო მუზეუმი) და საქართველოს ეროვნულ არქივში (კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი). ერმაკოვის ფოტოკოლექცია შესაძლებალია ინახოს აგრეთვე თეირანის გოლესტანის მუზეუმში. ფოტოთა მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება სანქტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიის მუზეუმში. მცირე კოლექციების ნახვა შეიძლება ამსტერდამში, ნიდერლანდებსა და პარიზში.

ერმაკოვის ფოტოკოლექციამ დიდი გზა გაიარა ჩვენამდე რომ მოღწეულიყო. აი რას იწერება ექვთიმე თაყაიშვილი:

ვიკიციტატა
„ეს იყო მაშინ, როცა დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული პლასტინკების კოლლექციის სყიდვა განვიზრახე "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისათვის". კოლლექციის სყიდვას გრაფინია უვაროვისა აპირებდა. ტფილისიდან ამ კოლექციის წაღება ჩვენთვის დიდი ზარალი იქნებოდა. ამიტომ წინდაწინ მოურიგდი ერმაკოვის მემკვიდრე ქალს ფასში, – სულ ორმოცდაათი ათასი მანეთი უნდა მიმეცა. წერა-კითხვის საზოგადოებას ჰქონდა სხვადასხვა თანხები და ამ საზოგადოების გამგეობისაგან დასტური მივიღე თანხის სესხებისა, თუ მას გარანტია ექნებოდა დაბრუნებისა. ჩემი გეგმა იყო, თანხა გაენაღდებინათ ბაქოს ქართველთა მრეწველებს, რომელნიც ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებებს უხვად ეწეოდნენ ხოლმე. მე პირდაპირ იოსებთან მივედი, თუმცა მასთან არ დავბინავებულვარ. გავაცანი ჩემი გეგმა და კატეგორიულად განვუცხადე, როგორც არ იყოს და რა საშუალებითაც არ იყოს, ეს თანხა უნდა მოგვიხერხოთ-მეთქი. იოსებმა მითხრა, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე ფული ახლა ხელში არა მაქვს და როგორ მოვიქცეო. მე ასეთი წინადადება მივეცი: შენ მხოლოდ განაცხადე, რომ შენ ამ საქმისთვის სდებ ათიათას მანეთს, დანარჩენს იმედია, სხვები გაინაწილებენ, ფულს ან ბანკიდან ისესხებთ, ან წერა-კითხვის საზოგადოებისაგან, და ვალს მერე გადაიხდით-მეთქი. ეს აზრი მოეწონა, მოიწვია ბაქოს ქართული კალონიის კრება, თავმჯდომარე ის იყო. მე მოხსენება გავაკეთე, ავუხსენი დაწვრილებით მნიშვნელობა კოლექციის შეძენისა. ყურადღებით მომისმინეს. პრინციპულად ხელის გაწყობაზე უარი არავის არ უთქვამს, ხოლო ზოგიერთებს თანხა ცოტა არ იყოს ედიდა. ბოლოს ერთხმად მიიღეს აზრი, რომ წერა-კითხვის საზოგადოებისაგან აგვეღო თანხა მათის გარანტიით. აქვე დაასკვნეს და განაცხადეს, ვინ რა წილის შემოტანას კისრულობდა. მე, რასაკვირველია, დიდად კმაყოფილი დავბრუნდი უკან. მაგრამ ტფილისში ჩემს ჩასვლამდის მდგომარეობა შეცვლილიყო: ეს ამბავი შეეტყო კავკასიის მუზეუმის დირექტორს, რომელსაც ჩვენი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება თვალში ეჩხირებოდა, როგორც ენერგიული კონკურენტი; წასულიყო ნამესტნიკთან, გამოეთხოვა ნებართვა ერმაკოვის კოლლექციის შეძენისა, ხუთი ათასი მანეთი მოემატებინათ, შეეკრათ პირობა და მთელი კოლექცია დაებეჭდათ, რომ აღარავინ ახლოს ხელი, მანამ ფულს ჩააბარებენ და კოლლექციას გადაზიდავდნენ მუზეუმში. მე ეს ამბავი მაინცდამაინც დიდად არ მწყენია, ვინაიდან, თუ კოლექცია კავკასიის მუზეუმში დარჩებოდა, მოვლილი იქნებოდა, ფასით მაინც შეგვეძლო სარგებლობა საჭიროების დროს. ხოლო ჩვენი გეგმა ამით ჩაიშალა. წერა-კითხვის საზოგადოებას ახლა ვეღარ გამოვართვით თანხა, ბაქოელები თავისუფალი გახდნენ მოვალეობისაგან იურიდიულად, მაგრამ ზოგიერთებმა მაინც გაანაღდეს თავისი დანაპირები, ზოგმა მთლად, ზოგმა ნაწილობრივ. მათ შორის მთლად შემოიტანა თავისი ხვედრი სულ ცოტა ხანში აკაკი ხოშტარიამ; იოსებმა ჩემის წინადადებით გვიყიდა მისი ნათესავის პუპი აბაშიძისაგან ბიზანტიური მილანქრის ჯვარცმის ხატი ორმოცი ათას მანეთად და სხვაც ბევრი დახმარება გაგვიწია კავკასიის ბანკის საშუალებით ნივთების შესაძენად. ბოლოს, კავკასიის დირექტორის განზრახული საქმეც ჩაიშალა. ფინანსთა სამინისტრომ არ შეიწყნარა ნამესტნიკის წინადადება და უარი უთხრა კოლლექციისათვის ფულის გაღებაზე. ამ დროს რევოლუციამაც მოაწია, ფული დაეცა, ერმაკოვის კოლლექცია მაინც ჩვენ შევიძინეთ, ხოლო ახლა, რასაკვირველია, მეტი მივეცით, ოთხმოცდათხუთმეტი ათასი მანეთი. ეს ფული გავიღეთ დავით სარაჯიშვილის მეუღლის ანდერძის გამო შემოსული ფულიდან და შემდეგ სანახევროდ კოლლექცია ჩვენს ტფილისის ქართულ უნივერსიტეტს გავუზიარეთ.[3]

ფოტოალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერმაკოვის ფოტოატელიეს გამოშვებული აქვს მრავალი ალბომი, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს ითვლის. თითოეულ ალბომში შეიძლება სხვადასხვა რაოდენობისა და სხვადასხვა ზომის ფოტოს ნახვა.

დიმიტრი ერმაკოვი — კოლექციონერი და კომერსანტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ერმაკოვის პირველი კატალოგის, 95 გვერდი (ნიმუში)

დიმიტრი ერმაკოვის ფოტოსახელოსნოს მიერ გამოშვებულ კატალოგებში ასახული 25 ათასამდე ფოტო არ წარმოადგენს თავად დიმიტრი ერმაკოვის ან მისი სახელოსნოს შემოქმედებას. აღნიშნული ფოტოკოლექციაში თავმოყრილია 1916 წლამდე არსებული ყველა ფოტოგრაფის შემოქმედება, რომელიც მოღვაწეობდა კავკასიაში, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ირგვლივ.

ფოტოების კოლექციონერობა ანუ სხვა ავტორთა საკუთარ კოლექციაში მოქცევა მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი იყო იმდროინდელი სხვა ფოტოგრაფების შემოქმედებაშიც. თუმცაღა დიმიტრი ერმაკოვი მაინც გამორჩეულად მისდევდა კოლექციონერობას, რომლითაც ავითარებდა კომერციულ საქმიანობას.

მიუხედავდა იმისა რომ თავისი და უფრო მეტად კი სხვისი ფოტოებით მისდევდა კომერციულ საქმიანობას, მის სახელოსნოში შეიქმნა მეტად მნიშვნელოვანი სია-კატალოგები სადაც მითითებული იყო რამდენიმე ნომერი: კატალოგის ნომერი (რუს. № по каталогу), ალბომის ნომერი (რუს. № по альбому) და ყუთის ნომერი (რუს. № ящиков). სწორედ აღნიშნული ნომრების საშუალებით არის შესაძლებელი იდენტიფიცირებული იქნას სხვა ფოტოგრაფთა შემოქმედება.

სხვა ავტორთა იდენტიფიცირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოზე ასახულია კატალოგის ერთი გვერდის ნიმუში. აღნიშნულ კატალოგში, როგორც უკვე ვთვით მოყვანილია სამი ნომერი (რუს. величина — სიდიდე აქ ნეგატივის ზომის და შესაბამისად ფოტოს ზომის სიდიდეა, „კონტაქური ბეჭდვის“ გამო). მიუხედავად იმისა რომ კატალოგში მოყვანილია სამი ნომერი, ფოტოზე ისახება, როგორც წესი ერთი, „კატალოგის ნომერი“ და არანაკლებ იშვიათად „ალბომის ნომერი“, ხოლო „ყუთის ნომრის“ შესაბამისი სიდიდის მოძიება შესაძლებელია მხოლოდ ერმაკოვის სახელოსნოს მიერ გამოშვებულ კატალოგებში.

სახელოსნოს მიერ გამოშვებულ კატალოგებში არის შემდეგი კანონზომიერება: ყოველ „ყუთის ნომერს“ გააჩნია თავისი დასაწყისი და დასასრული. მაგალითად კატალოგში „ყუთის ნომერ“ „იქს“ გააჩნია თავისი კუთვნილი „ალბომის ნომრები“ რომლებიც უწყვეტად იწყებიან და მთავრდებიან რაღაცა მნიშვნელობით. შესაბამისად ციფრის სიდიდე რომელზეც მთავრდება „იქს“ „ყუთის ნომერი“, კატალოგში მას აუცილებლად მოეძებნება „იგრეკ“ „ყუთის ნომერი“, რომელიც აგრძელებს ასევე უწყვეტად ნომრებით „იქსით“ დაწყებულ თანმიმდევრობას. შემდეგ „იგრეკ“ „ყუთის ნომერს“ მოყვება, „ზეტ“ ყუთის ნომერი თავისი „ალბომის ნომრის“ ნუმერაციების ჯაჭვით.

მაგალითად: ყუთის ნომერი 3 (იქსი), დავუშვათ მას გააჩნია „ალბომის ნომრები“ 1-დან 45-ის ჩათვლით, კატალოგში აუცილებლად იარსებებს ისეთი „ყუთის ნომერი“, დავუშვათ ყუთის ნომერი 16 (იგრეკი), რომელსაც ექნება „ალბომის ნომრის“ 46-დან 211-ის ჩათვლით ნომრები. ასევე შესაძლებელია, მაგრამ არა აუცილებელი რომ არსებობდეს ყუთის ნომერი 45 (ზეტი), რომელსაც ექნება „ალბომის ნომრის“ 212-დან 300-მდე ნუმერაცია.

შენიშვნა: ალბომის ყუთი იქსი, იგრეკი, ზეტი... არაა აუცილებელი რომ იყოს თანმიმდევრობითი, მთავარია რომ იქსის ალბომის ნომრებს აგრძელებდეს იგრეკი, შემდეგ ზეტი...

როგორც ცნობილია, ერმაკოვის კატალოგი მოიცავს მრავალ ფოტოგრაფთა შემოქმედებას. მათი მარტივი იდენტიფიცირება შესაძლებელია მაშინ როდესაც ფოტოზე არაა რეტუშირებული წინა ფოტოგრაფის გვარი. მაგალითად ერმაკოვის კატალოგში შევხვდებით ბარკანოვის ხელრთვას, ასევე აბდულაჰ ფრერესის, ალექსანდრე ენგელის და სხვების გვარებს. ზოგიერთი არაა რეტუშირებული ზოგიც კი წაშლილია, რომელთა დაკვირვება ფოტოს საკმაო ზომით გადიდების შემდგეაა შესაძლებელი.

თითოეული კატალოგი შეიქმნა სხვა ფოტოგრაფების ალბომებისა და ალბომგარეშე არსებული ცალკეული ფოტოების ბაზაზე, რა თქმა უნდა მასში ასევე შედიოდა თავად დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებიც. თითოეულ იდენტიფიცირებული ავტორის ფოტოალბომს მიენიჭა თავისი უნიკალური ნომერი — „ყუთის ნომერი“. დავუშვათ თუ დიმიტრი ერმაკოვს ჰქონდა ვ. ბარკანოვის სამი ალბომი და ის მასთან სხვადასხვა დროს მოხვდა მაშინ მათ შესაბამისად მიეწერბა ის ნომერი რომელიც თითოეულს მოუწია მანამდე სხვა ავტორთა ალბომებზე ნომრის მითითების შემდეგ. დავუშვათ, რომ როდესაც ერმაკოვის სახელოსნოში იყო სხვადასხვა ფოტოგრაფთა ათეულობით ალბომი და მოხდა მათთვის ნომრების მინიჭება (ყუთის ნომერი) დავუშვათ ბარკანოვის სამ ალბომს შეხვდათ ნომრები 3, 16 და 45. შესაბამისად სახელოსნოს კატალოგისტი ბარკანოვის თითოეულ ალბომს გადანომრავდა 1-დან ბოლომდე ჩვენი მაგალითის შემთხვევაში 300-მდე. ასე მოიქცეოდა კატალოგისტი სხვა ავტორების შემთხვევაშიც, იდენტიფიცირებულ ალბომებს ანიჭებდნენ ნომრებს და შემდეგ შიგნით უკვე ფოტოებს აძლევდნენ თავის რიგითობით ნომრებს — ალბომის ნომრებს.

შენიშვნა: ალბომის ნომერი მიუხედავად იმისა რომ იყო იდენტიფიცირებული ავტორის ალბომის რიგითი ნომერი, ის არც იყო და ვერც იქნებოდა რაიმე კავშირში თავად ფოტოს ავტორის მიერ მანამდე დასმულ ნომერთან, რომლებიც განირჩევა ფოტოებზე.

შეკითხვა: თუ ალბომები და შესაბამისად ფოტოები იყო ასე თანმიმდევრულად გაწყობილი როგორც არის ეს ზემოტ ახსნილი მაშინ რატომაა ასე არეულად და ქაოტურად კატალოგი აკინძული?

პასუხი: თითოეული კატალოგი წარმოადგენს ფოტოს „სათაურის“ (რუს. наименование) ალფავიტის მიხედვით დასორტირებულ სიას. მაგალითად ასო „ა“-ს გააჩნია „ხედების“ და „ტიპების“ ცალკე განყოფილება, რომელსაც მოსდევს ასო „ბ“ ასევე თავისი ხედების და ტიპების განყოფილებებით.

ასე შედგა და გაიწყო დიმიტრი ერმაკოვის დასორტირებული კატალოგი.

რაც შეეხება პირველ — კატალოგის ნომერს, რომელიც ფოტოზე ასაული მტავრი ნომერია ის სავარაუდოდ მიენიჭა თითოეულ ფოტოს ინდივიდუალურად. დავუშვათ რომ არ ყოფილიყო მნახველისათვის თვალში საცემი განსხვავება ფოტოთა ხელწერებს შორის მოხდა მათი არევა და მათზე მიეთითა უკვე ახალი ნომერი. აღნიშნული ნომერი არანაირ კავშირში არაა არც ანაბანურ თანმიმდევრობასთან, არც ყუთების ნომრის თანმიმდევრობასთან და არც ალბომის ნომრის თანმიმდევრობასთან.

კატალოგის ნომერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატალოგის ნომერი წარმოადგენს უშუალოდ ფოტოს უნიკალურ ნომერს რომელიც მართალია არ უნდა მეორდებოდეს მაგრამ თითოოროლა შეცდომების გამო (მონაცემები შეიქმნა ხელით და დასორტირებაც ანბანის მიხედვით მოხდა ასევე ხელით) არის შემთხვევები როდესაც არსებობს ორი სხვადასხვა შინაარსის მაგრამ ერთი ნომრის ფოტოები.

ყურადღების ღირსია ის რომ დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების ერთ ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო, ფოტოს რომელიმე მხარეს მოყავისფრო ლენტის არსებობა რომელზედაც დატანილი იყო კატალოგის ნომერი, სახელწოდება და ალბომის ნომერი. ასევე ნიშანდობლივია ისიც რომ აღნიშნული კატალოგის ნომერს კატალოგისტი ხელით აწერდა უშუალოდ ფოტოს, მარჯვანა ან მარცხენა ქვედა მხარეს. კატალოგის ნომრებში 1-დან 1000-მდე ხელით მიწერილი ნომრებს კატალოგისტი უსვამდა წერტილს რაც შემდგომ ნომრებში აღარ შეიმჩნევა. ასევე დიმიტრი ერმაკოვის მესამე გამოუქვეყნებელი კატალოგის ფოტოებზე, ნომრები 11300-დან ზევით არაა ხელით დატანილი ამ ნუმერაციის კატალოგის ნომრები.

იმ შემთხვევაში თუ ხელთ გვაქვს დიმიტრი ერმაკოვის ფოტო მაგრამ მოყავისფრო ლენტის გარეშე, აღნიშნული ხელით მინაწერი ნომრები კარგი საშუალებაა დადგინდეს დიმიტრი ერმაკოვის მიერ ფოტოსათვის მინიჭებული სახელი.

კატალოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერმაკოვის ფოტოსახელოსნოს შედგენილი აქვს სამი კატალოგი, აქედან პირველი ორი გამოშვებულია სტამბური მეთოდით (ტირაჟით). პირველში(1896წ.) შესულია ფოტოთა 1-8743, პლუს სტერეოსკოპთა 1-1391 ნუმერაცია, მეორეში(1901წ.) 8744-11308, პლუს სტერეოსკოპთა 1392-1925 ნუმერაცია, ხოლო მესამე, რომელიც მარტო დედანის სახით არსებობს, ინახება თბილისის ეროვნულ მუზეუმში და მისი ნუმერაცია მერყეობს 11309-19055 ფარგლებში.

1896 წლის კატალოგი [4][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1896 წლის კატალოგის გარეყდა და პირველი გვერდი

ამ წელში გამოშვებული კატალოგი ორი ნაწილისაგან შედგება (289 გვერდზე განთავსებულია ხედები და ტიპები, ხოლო შემდეგ 44 გვერდზე სტერეოსკოპები) და მოიცავს სურათებს შემდეგ ხედებზე:

1901 წლის კატალოგი [5][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1901 წლის კატალოგის გარეყდა და პირველი გვერდი

ამ წელში გამოშვებული კატალოგი ორი ნაწილისაგან შედგება (95 გვერდზე განთავსებულია ხედები და ტიპები, ხოლო შემდეგ 42 გვერდზე სტერეოფოტოები) და მოიცავს სურათებს შემდეგ ხედებზე:

გამოუცემელი კატალოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე, ბოლო კატალოგში ძირითადად გაერთიანებულია 1901 წლის შემდეგ გადაღებული ხედები და ტიპები, ასევე სტერეოფოტოები. მასში მოქცეული ფოტოები გადაღებულია შემდეგ ადგილებში:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дмитрий Иванович Ермаков
  2. http://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k108262t.image
  3. "ემიგრანტული ნაშრომები" გ. შარაძის რედაქტირებით 1991წ.
  4. 1896 წლის კატალოგი
  5. 1901 წლის კატალოგი