შინაარსზე გადასვლა

ჩანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩანგიქართული ხალხური სიმებიან-ჩამოსაკრავი საკრავი.

ჩანგი არფის მსგავსი ერთ-ერთი უძველესი საკრავია. არსებობს 6, 7, 9 (ან უფრო მეტი) სიმიანი ჩანგი. ჩანგის სიმები მზადდება ძუისგან და ისინი სხვადასხვა სიგრძისაა. ჩანგი ამჟამად შემორჩენილია საქართველოს მხოლოდ ერთ კუთხეში, სვანეთში. ჩანგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: კორპუსისა და დამხმარე ნაწილებისაგან, რომელთაც შეადგენენ ღილაკები და მოქლონები. საყურადღებოა ის პროპორციები, რასაც იცავენ ჩანგის მკეთებელი ოსტატები საკრავის დამზადების დროს. კორპუსი შედგება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნაწილებისაგან. ჰორიზონტალური ნაწილი, რეზონატორი, გრძელი ამოღრუებული ხისგან კეთდება და ნახევარცილინდრის ფორმა აქვს. მასზე დაკრულია დაახლოებით 4მმ სისქის თავფიცარი, რომელიც შუა ადგილას ოდნავ ამობურცულია და აქვს 6 ნახვრეტი ღილაკებისათვის, რომლებზეც სიმების ერთი ბოლოა მიმაგრებული. ისინი რეზონატორის კიდეებისგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. ვერტიკალური ნაწილი სწორი და ბრტყელია. მასზე გაკეთებულია ნახვრეტები მოქლონებისათვის. ვერტიკალური ნაწილის ბოლო ჩასმულია ჰორიზონტალურში. მათი შეერთეებით იქმნება მართი კუთხე. ორივე ნაწილზე სიმების პარალელურად მიმაგრებულია ხის პატარა ჯოხი. სიმების რაოდენობა ექვსი ან შვიდია.

ჩანგი სვანეთში მეტად პოპულარული საკრავია. ჩანგს „მწუხარების“ საკრავად თვლიან. ერთ-ერთი მთხრობელის სიტყვით, ჩანგზე უკრავდნენ მწუხარების შესამსუბუქებლად. ჩანგის მწუხარების საკრავად აღიარებასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თქმულება ჩანგის შესახებ. ეს გადმოცემა ჩანგის გამოგონებას მიაწერს ვინმე მოხუცს, რომელსაც შვილი დაეღუპა. ჩანგის ტანი ახალგაზრდის მკლავია, სიმები - მისი თმები, ხოლო ჩანგის ნაღვლიანი ხმა - მწუხარე მამის ცრემლები. სვანურად ჩანგს „შიმეკვშე“-საც ეძახიან, რაც ნიშნავს „მოტეხილ ხელს“. ეს სახელწოდება აღნიშნულ გადმოცემას უნდა უკავშირდებოდეს. სვანური ჩანგი უძველესი სიმებიანი საკრავია, რომლის არსებობაც დასტურდება ძვ. წ. IV ათასწლეულიდან.

განსაკუთრებით საინტერესოა ქართველთა წინაპრების მონათესავე წინა აზიის ხალხების - შუმერების (და მათი მემკვიდრეების) ანალოგიური საკრავები. ამ ხალხების ნათესაობის დამადასტურებელ სხვა მონაცემებთან ერთად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სვანური ჩანგი არა მარტო ანალოგიას პოულობს შუმერულ არფასთან, არამედ ემთხვევა მას. არფის წარმოშობის შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი მშვილდისაგან არის წარმოშობილი. მშვილდი ერთი რომელიმე ხალხის საკუთრება არ ყოფილა, ამდენად არფა მისგან წარმოიშვა სხვადასხვა ხალხებში დამოუკიდებლად. არფის ტიპის საკრავები გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში: ეგვიპტეში, შუმერში, ბაბილონში, ირანში, ჩინეთსა და საბერძნეთში.

ძირითადად, ჩანგს ამზადებენ წიწვიანი ხის ჯიშებისაგან. უფრო ხშირად გამოიყენება ნაძვი, აგრეთვე ფიჭვი, იშვიათად სოჭი. ჩანგზე უმეტესად ქალები უკრავენ. ჩანგი, უპირველეს ყოვლისა, სააკომპანემენტო საკრავია. ჩანგის თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები. სოლო ჰანგები ჩანგზე წარმოადგენენ სვანურ ხალხურ საფერხულო სიმღერების ტრანსკრიფციას და არა წმინდა ინსტრუმენტულ მელოდიებს. როგორც აკომპანირებისას, ისევე სოლო ჰანგების შესრულებისას გამოიყენება მხოლოდ ერთი ჩანგი, ორი ან მეტი ჩანგის გაერთიანება ანსამბლად სვანეთის სინამდვილეში არ დასტურდება. მაგრამ ჩანგისა და ჭუნირის ანსამბლად გაერთიანება ხშირია. სხვაგვარ ანსამბლში ჩანგი არ გვხვდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]