შინაარსზე გადასვლა

სინკლერ ლუისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინკლერ ლუისი
ინგლ. Sinclair Lewis
დაბადების თარიღი 7 თებერვალი, 1885(1885-02-07)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი სოკ-სენტერი
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 1951(1951-01-10)[5] [1] [6] [7] [8] [8] [9] [10] [11] [3] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი რომი[5]
დასაფლავებულია Greenwood Cemetery[4]
ფსევდონიმი Tom Graham
საქმიანობა რომანისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი და მწერალი[3]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი, ობერლინის კოლეჯი და Oberlin Academy
Magnum opus It Can't Happen Here და Babbitt
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[12] [13] და პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი
მეუღლე დოროთი ტომპსონი
ხელმოწერა

ჰარი სინკლერ ლუისი (ინგლ. Harry Sinclair Lewis; დ. 7 თებერვალი, 1885 — გ. 10 იანვარი, 1951) — ამერიკელი რომანისტი და დრამატურგი. 1930 წელს გახდა პირველი ამერიკელი ნობელიანტი ლიტერატურაში.[14] მისი შემოქმედება ამერიკული კაპიტალიზმისა და მატერიალიზმის კრიტიკითაა ცნობილი.[15] .

ბავშვობა და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახლი მინესოტაში, ქალაქ სოკ-ცენტში, რომელშიც სინკლერ ლუისი ბავშვობაში ცხოვრობდა. ამჟამად იქ მწერლის სახლ-მუზეუმია გახსნილი.

სინკლერ ლუისი 1885 წლის 7 თებერვალს მინესოტას შტატის ქალაქ სოკ-ცენტრში დაიბადა. მან წიგნებისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა. სინკლერს ორი უფროსი ძმა ჰყავდა. მისი მამა, ედვინ ლუისი ფიზიკოსი იყო და შვილების აღზრდისას სიმკაცრით გამოირჩეოდა. სინკლერის დედა, ემა ლუისი 1891 წელს გარდაიცვალა. მომდევნო წელს ედვინ ლუისმა ცოლად იზაბელ ვორნერი შეირთო, რომელთანაც მომავალ მწერალს კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ლუისი მარტოსული ბავშვი იყო და მეგობრების გაჩენა უჭირდა. 13 წლის ასაკში იგი სახლიდან გაიქცა, რათა ესპანეთ-ამერიკის ომში მედოლე გამხდარიყო, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.[16] 1902 წელს ლუისი ობერლინის აკადემიაში სწავლობდა. 1903 წელს მან იელის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც 1908 წელს ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. იგი მოგვიანებით ათეისტი გახდა.[17]

მოღვაწეობის ადრეული პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუისის ლიტერატურული მოღვაწეობა ჟურნალებში რომანტიკული ლექსებისა და მცირე ზომის ჩანახატების გამოქვეყნებით დაიწყო. სწავლის დასრულების შემდეგ იგი სხვადასხვა გაზეთებსა და საგამომცემლო სახლებში მუშაობდა. ლუისმა პირველი რომანი „ლაშქრობა და თვითმფრინავი“ 1912 წელს ტომ გრაჰამის ფსევდონიმით გამოაქვეყნა. მწერლისთვის პირველი სერიოზული ნაშრომი 1914 წელს გამოქვეყნებული რომანია „ჩვენი მისტერ რენი: ჯენტლმენის რომანტიკული თავგადასავალი“. ამას მოჰყვა „ჰოუკის ბილიკი: ცხოვრების სერიოზულობის კომედია“ 1914 წელს და „სამსახური“ 1917 წელს.

1916 წელს ლუისმა ჯეკ ლონდონი გაიცნო, რომელსაც იმ პერიოდში შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა. მან ლუისისგან სიუჟეტების შეძენა დაიწყო, მათ შორის რომანისთვის „მკვლელობების ბიურო“, რაც მწერლისთვის გარკვეულ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.[18]

სინკლერ ლუისი და დოროთი ტომპსონი 1935 წელს ვაჟთან, მაიკლ ლუისთან ერთად

1914 წელს ლუისმა ცოლად შეირთო გრეის ლივინგსტონ ჰეგერი, რომელიც ჟურნალ Vogue-ში რედაქტორად მუშაობდა. წყვილს 1917 წელს ვაჟი შეეძინა, რომელსაც სახელი ჰერბერტ უელსის პატივსაცემად დაარქვეს. იგი 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, სადაც არმიის ლეიტენანტად მსახურობდა.[19][20]

ლუისი ცოლს 1925 წელს გაეყარა. 1928 წელს იგი დოროთი ტომპსონზე დაქორწინდა, რომელიც პოლიტიკურ გაზეთში მუშაობდა. იმავე წელს მათ ვერმონტში სახლი შეიძინეს.[21] მათი ვაჟი, მაიკლ ლუისი 1930 წელს დაიბადა. 1942 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.[22] მაიკლ ლუისი მსახიობი გახდა.[23] იგი ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა და 1975 წელს ხოჯკინის ლიმფომით გარდაიცვალა.

კომერციული წარმატება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სინკლერ ლუისის სახლი ვაშინგტონში

ლუისი ვაშინგტონში დასახლდა. მან 1916 წელს რეალისტურ რომანზე დაიწყო მუშაობა, რომელიც პატარა ქალაქის ცხოვრებაზე იქნებოდა. ლუისმა მუშაობა 1920 წელს დაასრულა და იმავე წლის ოქტომბერში რომანი „მთავარი ქუჩა“ გამოაქვეყნა,[24] რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მწერლის ბიოგრაფმა მარკ შროდერმა აღნიშნა, რომ „ეს იყო ყველაზე სენსაციური მოვლენა XX საუკუნის ამერიკის საგამომცემლო ისტორიაში.“[25] ლუისის აგენტი საუკეთესო შემთხვევაში 25 ათასი ეგზემპლარის გაყიდვას ელოდა, თუმცა მკითხველთა ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. მხოლოდ პირველ თვეში რომანის 180 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა,[26] რამდენიმე წელიწადში კი ამ რიცხვმა 2 მილიონს მიაღწია.[27] საბოლოო ჯამში, მწერალს რომანმა 4 მილიონი დოლარი მოუტანა.[28]

1922 წელს ლუისი აქვეყნებს სატირულ რომანს „ბაბიტი“, რომელიც ამერიკის კომერციულ კულტურას აკრიტიკებს. მას მოჰყვა „ეროუსმიტი“ 1925 წელს, რომელიც იდეალისტური დოქტრინის გამოწვევებზეა. ლუისს რომანისთვის პულიცერის პრემია მიენიჭა, რომელზეც მან უარი თქვა,[29] რადგან იგი თვლიდა რომ ამ პრიზს „მთავარი ქუჩა“ იმსახურებდა.[30] 1931 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ჯონ ფორდმა „ეროუსმიტის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც ოსკარის 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

ლუისის მომდევნო რომანი „ელმერ ჯენტრი“ 1927 წელს გამოქვეყნდა, რომელშიც მწერალმა თვალთმაქცი ევანგელისტი მღვდლის პორტრეტი შექმნა. რომანი არაერთმა რელიგიურმა ლიდერმა დაგმო. ასევე იგი აიკრძალა აშშ-ს ზოგიერთ ქალაქში. 1960 წელს რომანის მიხედვით რიჩარდ ბრუკსმა ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ბერტ ლანკასტერი ასრულებს. მსახიობი ელმერ ჯენტრის როლისთვის ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

1929 წელს გამოქვეყნდა რომანი „დოდსვორტი“, რომელიც ამერიკული საზოგადოების ყველაზე მდიდარ და წარმატებულ წევრებზეა, რომელთა უშინაარსო ცხოვრების მთავარ მიზნად მწერალი სიმდიდრესა და სოციალურ უპირატესობას გვიხატავს. 1936 წელს უილიამ უაილერმა რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო, რომელიც 2005 წელს ჟურნალმმა Time-მა გასული 80 წლის 100 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.[31]

სინკლერ ლუისი კითხულობს ლუის ბრაუნის რომანს

1930 წელს ლუისს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში[32] და პირველი ამერიკელი მწერალი გახდა, რომელმაც ეს საპატიო ჯილდო დაიმსახურა. დაჯილდოების ცერემონიაზე შვედეთის აკადემიის წარსადგენ სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მწერლის რომანს „ბაბიტი“. სამადლობელ სიტყვაში ლუისმა მისი თანამედროვე მწერლები, თეოდორ დრაიზერი, უილა ქეთერი და ერნესტ ჰემინგუეი შეაქო. მწერალმა სინანულით აღნიშნა, რომ „ამერიკაში არა მარტო მკითხველები, არამედ მწერლებიც ერიდებიან ისეთ ლიტერატურას, რომელიც ამერიკის განდიდებას არ ემსახურება, განდიდებას, რომელიც ჩვენს ბრალეულობას ჩვენს ღირსებად წარმოაჩენს“ და თქვა, რომ „ამერიკა ყველაზე წინააღმდეგობრივი, დეპრესიული და მღელვარებით აღსავსე ადგილია დღევანდელ მსოფლიოში.“ ასევე ლუისმა ამერიკის ლიტერატურულ საზოგადოებას საფუძვლიანი კრიტიკისკენ მოუწოდა.[33]

ნობელის პრემიის მიღების შემდეგ ლუისმა თერთმეტი რომანი დაწერა, რომელთაგან ათი მის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია 1935 წელს გამოქვეყნებული რომანი „ეს აქ არ მოხდება“, რომელშიც ამერიკელი ხალხი არჩევნების საშუალებით ფაშისტ პრეზიდენტს ირჩევს.

65 წლის მწერალი რომში 1951 წლის 10 იანვარს ალკოჰოლიზმით გამოწვეული გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.[34]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. nobelprize.orgNobel Foundation.
  3. 3.0 3.1 3.2 The Fine Art Archive — 2003.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Льюис Синклер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. Encyclopædia Britannica
  7. SNAC — 2010.
  8. 8.0 8.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  9. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  10. Discogs — 2000.
  11. filmportal.de — 2005.
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1930/
  13. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  14. nobel prize in literature 1930.
  15. Sinclair Lewis. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 4, 2013. ციტირების თარიღი: October 13, 2017.
  16. Schorer, 3–22.
  17. Kauffman, Bill. America First!: Its History, Culture, and Politics. Amherst, NY: Prometheus, 1995. Print. "Sinclair Lewis was...town atheist..." Pg. 118
  18. https://www.jstor.org/stable/3816467
  19. Steidl, Franz (2008) Lost Battalions: Going for Broke in the Vosges, Autumn 1944. New York: Random House. p. 87. ISBN 0307537900
  20. Scharnhorst, Gary and Hofer, Matthew eds. (2012) Sinclair Lewis Remembered. Tuscaloosa: University of Alabama Press. p. 278. ISBN 978-0-8173-8627-6
  21. Lewis, Sinclair (September 23, 1929), "Thoughts on Vermont", Vermont Weathervane; talk given to the Rutland, Vt. Rotary.
  22. Nancy, Cott. A Good Journalist Understands That Fascism Can Happen Anywhere, Anytime: On the 1930s Antifascist Writing of Dorothy Thompson. Literary Hub (30 April 2020). ციტირების თარიღი: 2 May 2020.
  23. "Michael Lewis, the actor, Sinclair's son, dies at 44", New York Times, March 7, 1975. Retrieved April 29, 2018.
  24. „The Romance of Sinclair Lewis“. The New York Review of Books. ციტირების თარიღი: June 17, 2008.
  25. Schorer, 268
  26. Pastore, 91
  27. Schorer, 235, 263–69
  28. Lingeman, 156.
  29. The Sinclair Lewis Society, FAQ დაარქივებული 2021-04-10 საიტზე Wayback Machine. Accessed September 15, 2013.
  30. McDowell, Edwin (May 11, 1984). „Publishing: Pulitzer Controversies“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 15, 2018.
  31. "Dodsworth (1936)" დაარქივებული 2011-09-02 საიტზე Wayback Machine. , Time, February 12, 2005. Retrieved June 30, 2010.
  32. Nomination Database. ციტირების თარიღი: October 13, 2017.
  33. Lewis, Sinclair. (December 12, 1930) Nobel Lecture: The American Fear of Literature. ციტირების თარიღი: March 21, 2018
  34. William L. Shirer, 20th Century Journey: A Memoir of a Life and the Times vol. 1: The Start: 1904–1930 (NY: Bantam Books, 1980) 458-9