შინაარსზე გადასვლა

ნობელის პრემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნობელის პრემია (შვედ. Nobelpriset [nʊˈbɛ̂lːˌpriːsɛt]; ნორვ. Nobelprisen) — ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები აჯილდოებენ ადამიანებს კაცობრიობის წინაშე მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში. 1895 წელს შვედი ქიმიკოსის, ინჟინრისა და ინდუსტრიალისტის, ალფრედ ნობელის ანდერძმა საფუძველი ჩაუყარა ნობელის პრემიის დაარსებას.

1901 წელს პრემია პირველად გაიცა: ქიმიის, ლიტერატურის, მშვიდობის, ფიზიკის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგებში, დღესდღეობით კი ნობელის პრემია ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა.[1]

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია ნობელის პრემიას გასცემს ქიმიისა და ფიზიკის დარგებში, შვედეთის ცენტრალური ბანკი, რიკსბანკი − ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში, კაროლინსკას ინსტიტუტი − ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, შვედეთის აკადემია − ლიტერატურის დარგში, ხოლო ნორვეგიის ნობელის კომიტეტი − მშვიდობის დარგში.

1901−2019 წლებში ნობელის პრემია გაიცა 597-ჯერ 950 პირსა და ორგანიზაციაზე.[2] თუმცა პრემიას რამდენჯერმე ერთი და იგივე გამარჯვებული ჰყავდა, რის გამოც დაჯილდოებულ პირთა რაოდენობაა 908, ხოლო ორგანიზაციათა რაოდენობა - 27. პრემიით დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია იმართება სტოკჰოლმში (შვედეთი), გარდა მშვიდობის დარგში პრემიით დაჯილდოების ცერემონიისა, რომელსაც ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მასპინძლობს.

თითოეული გამარჯვებული, რომელიც ლაურეატად იწოდება, ჯილდოვდება ოქროს მედლით, დიპლომითა და თანხით, რომლის ოდენობას ნობელის ფონდი განსაზღვრავს (2020 წლისთვის ეს თანხა შეადგენდა 9,000,000 შვედურ კრონს, რაც დაახლოებით არის 935,366 ამერიკული დოლარი და 848,678 ევრო).

ნობელის პრემია არ ითვალისწინებს გარდაცვლილი პირის დაჯილდოებას, თუმცა თუ პიროვნება ლაურეატად გამოცხადების შემდეგ, პრიზის მიღებამდე გარდაიცვლება, პრიზი კვლავ მის საკუთრებად მიიჩნევა. ნობელის პრემია არ შეიძლება გადაეცეს სამზე მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს ლაურეატად ორგანიზაციის დასახელებისას.[3]

ალფრედ ნობელი დაიბადა შვედეთში, სტოკჰოლმში, 1833 წლის 21 ოქტომბერს, ინჟინრის ოჯახში. ქიმიკოსმა, ინჟინერმა და გამომგონებელმა სახელი სხვადასხვა გამოგონებით გაითქვა და წარმატებაც სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა. მისი 355 გამოგონებიდან ყველაზე ცნობილია ბალისტიტი (უკვამლო დენთი) და დინამიტი.

1888 წელს ალფრედის ძმა, ლუდვიგი გარდაიცვალა. ფრანგულმა ჟურნალმა ეს ინფორმაცია არასწორად გამოაქვეყნა და სტატია სახელწოდებით „სიკვდილით მოვაჭრის გარდაცვალება“ თავად ალფრედ ნობელის გარდაცვალებას მიუძღვნა. საკუთარი ნეკროლოგის წაკითხვამ ალფრედ ნობელს დაანახა, როგორ შემორჩებოდა მისი სახელი კაცობრიობას − როგორც დენთისა და ბალისტიტის გამომგონებლისა, რამაც მას ანდერძის შეცვლა გადააწყვეტინა. 1896 წლის 10 დეკემბერს, 63 წლის ასაკში ალფრედ ნობელი იტალიაში, სან-რემოში, თავის ვილაში ცერებრალური ჰემორაგიით გარდაიცვალა.

სიცოცხლის განმავლობაში ნობელს რამდენიმე ანდერძი ჰქონდა დაწერილი, თუმცა საბოლოო გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1895 წლის 27 ნოემბერს პარიზში, შვედურ-ნორვეგიულ კლუბში შეადგინა. თავის უკანასკნელ ანდერძში ის, ყველასთვის გასაკვირად, ითხოვდა, შეექმნათ პრემია, რომლითაც დაჯილდოვდებოდნენ ადამიანები ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში მიღწეული წარმატებებისთვის, თუ მათ საქმიანობას „უდიდესი სიკეთე მოჰქონდა კაცობრიობისთვის“.[4] ამისათვის ნობელმა თავისი ქონების 94% გამოყო, რაც 31 მილიონი შვედური კრონი იყო. თუმცა თავდაპირველად ანდერძმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ის ნორვეგიის პარლამენტს 1897 წლის 26 აპრილამდე კანონიერად არ უცვნია. მიუხედავად ამისა, რაგნარ სოლმანმა და რუდოლფ ლილეჟისტმა ანდერძი მაინც აღასრულეს.

ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ყოველი წლის 10 დეკემბერს, ნობელის გარდაცვალების დღეს იმართება. ეს დღე ნობელის დღედ არის გამოცხადებული. იმავე დღეს იმართება ნობელის წვეულება, რომელიც დიდი ხანია გასცდა შვედეთსა და ნორვეგიას და ტელევიზიითა და რადიოთი მთელ მსოფლიოში გადაიცემა. ნობელმა გაითვალისწინა, რომ მიღწევების შეფასება რთული იყო. ამიტომ, ანდერძის შესაბამისად, ნობელის პრემიის მინიჭების უფლება აქვს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას სტოკჰოლმში (ფიზიკისა და ქიმიის დარგებში პრემიისა, აგრეთვე ეკონომიკის დარგში მემორიალური პრემიისა (გაიცემა 1969 წლიდან), კაროლინსკას ინსტიტუტს (სამეფო სამედიცინო ქირურგიის ინსტიტუტი) სტოკჰოლმში (ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში პრემიისა) და შვედეთის აკადემიას სტოკჰოლმში (ლიტერატურის დარგში პრემიისა). მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მშვიდობის განმტკიცებისთვის ანიჭებს ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი ნორვეგიაში, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება. კომიტეტს ნორვეგიის პარლამენტი ირჩევს. შვედეთის აკადემია ყოველწლიურად აქვეყნებს განცხადებას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატთა შერჩევის შესახებ. კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ თავად აკადემიის წევრებს, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოებების წევრებს, ენისა და ლიტერატურის პროფესორებს, ნობელის პრემიის ყოფილ ლაურეატებს, მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტებს. აღსანიშნავია, რომ საკუთარი თავის წარდგენა არ შეიძლება. წარდგენილ კანდიდატთა რაოდენობა 50-ს არ უნდა აჭარბებდეს. 1 თებერვალს კანდიდატთა სიების მიღება წყდება. კანდიდატთა რაოდენობა ნელ-ნელა იცვლება. აპრილისთვის მათი რაოდენობა 20-მდე მცირდება, ხოლო ზაფხულში ქვეყნდება 5 კანდიდატის სია. ოქტომბერში კანდიდატებს კენჭი ეყრებათ და ხმების უმრავლესობით ირჩევენ ლიტერატურის დარგში პრემიის ლაურეატს.

ნობელის ფონდის დაარსება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, რომელიც 1896 წელს გაიხსნა, ნობელის ფონდი ემსახურება იმ პიროვნებების დაჯილდოებას, რობლებსაც წვლილი შეაქვთ კაცობრიობის განვითარებაში. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ფონდის შექმნისთვის ნობელმა თავისი ქონების 94% გაიღო.

ნობელის ფონდი არის კერძო ორგანიზაცია, რომელიც 1900 წლის 29 ივნისს შეიქმნა. მისი მიზანი ნობელის პრემიის ფინანსური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფაა. ნობელის ფონდის დაარსებისთვის საკმარისი რესურსების შეგროვება მოხერხდა ლუდვიგ და რობერტ ნობელების ნავთობის ბიზნესიდან, რომლებიც საქმიანობას აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოშიახორციელებდნენ.

ნობელის ფონდი ნობელის ლაურეატების შერჩევის პროცესში არ მონაწილეობს. ფონდი, თავისი არსით, არის საინვესტიციო კომპანიის მსგავსი, რომელიც პრემიის გაცემისთვის სოლიდური ფონდის შექმნაზე ზრუნავსდა ადმინისტრირებას უწევს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ შვედეთში ნობელის ფონდი გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისგან.

ფონდის კაპიტალი და ხარჯები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნობელის ფონდი სხვადასხვა ინვესტიციას ახორციელებს. კერძოდ, ფონდის ქონების 50% დაბანდებულია, როგორც წილები, 20% − როგორც ობლიგაციები, 30% კი − სხვადასხვა სახით (უძრავი ქონება და სხვა).

2011 წლისთვის ფონდის ყოველწლიურმა ღირებულებამ 120 მილიონი შვედური კრონი შეადგინა. აქედან პრემიისთვის გამოყოფილი იყო 50 მილიონი კრონი, სხვადასხვა ინსტიტუტისა და დამხმარე პერსონალისთვის − 27.4 მილიონი კრონი. ნობელის კვირეულის დროს სტოკჰოლმსა და ოსლოში გამართული ყოველწლიური შეხვედრებისა და წვეულებების ღირებულება 20.2 მილიონი კრონია, ხოლო ადმინისტრირებისთვის, ნობელის სიმპოზიუმის გამართვისა და სხვა, მსგავსი ღონისძიებებისთვის 22.4 მილიონი კრონია გათვალისწინებული. ეკონომიკურ მეცნიერებებში გამარჯვებულთათვის 16.5 მილიონი კრონი რისკბანკის მიერ არის გამოყოფილი.[5]

მას შემდეგ, რაც ნობელის ფონდი და მისი სახელმძღვანელო მითითებები შესრულდა, ნობელის კომიტეტმა პრიზების ნომინაციების შეგროვება დაიწყო. ამის შემდეგ მან წინასწარი კანდიდატების სია გაგზავნა პრიზებით დაჯილდოების დაწესებულებაში.

1901 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ვილჰელმ რენტგენი, ქიმიის დარგში − იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში − ემილ ადოლფ ბერინგი, ლიტერატურის დარგში − სიული პრიუდომი, ხოლო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ანრი დიუნანი და ფრედერიკ პასი.


1938 და 1939 წლებში ადოლფ ჰიტლერმა გერმანიის სამ ლაურეატს (რიხარდ კუნი, ადოლფ ფრიდრიხ იოჰან ბუტენანდტი და გერჰარდ დომაგკი) პრიზების მიღება აუკრძალა. 1939 წელს მშვიდობის დარგში პრემია არავის მინიჭებია. გერმანიის მიერ ნორვეგიის ოკუპაციის გამო 1940 წლიდან 1942 წლამდე არცერთი კატეგორიის ჯილდო არ გაცემულა.

მედალზე არის ალფრედ ნობელის სურათი მარცხენა პროფილით. ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგებში პრემიის ლაურეატები იღებენ იდენტურ მედლებს, მშვიდობისა და ეკონომიკის დარგებში პრემიის ლაურეატები კი − ოდნავ განსხვავებული დიზაინის მედლებს.

ნობელის პრემიის ლაურეატებს დიპლომებს გადასცემს შვედეთის მეფე, მშვიდობის დარგში პრემიის შემთხვევაში − ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე. თითოეული დიპლომი უნიკალურია, რადგან ის შექმნილია იმ ლაურეატისთვის, რომელიც პრიზს იღებს.

საპრიზო ფონდის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანხა შეუძლია ნობელის ფონდს, ყოველწლიურად მიანიჭოს ლაურეატს. თანხა გაიზარდა 1980-იანი წლებიდან, როდესაც საპრიზო ფონდი თითო პრიზისთვის 880,000 შვედური კრონი (350,000 აშშ დოლარი) იყო. 2009 წელს ფულადი ჯილდო 10 მილიონი შვედური კრონი (1.4 მილიონი აშშ დოლარი) გახდა. 2012 წლის ივნისში იგი 8 მილიონ შვედურ კრონამდე შემცირდა. თუ ჯილდოს ერთ კატეგორიაში ორი ლაურეატი იზიარებს, გრანტი მიმღებებს შორის თანაბრად იყოფა.

უარი ნობელის პრემიის მიღებაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოს პრესტიჟულობის მიუხედავად, რამდენიმე შერჩეულმა კანდიდატმა მის მიღებაზე უარი განაცხადა: ჟან-პოლ სარტრმა, რომელიც ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა, უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ, მწერალმა არ უნდა მისცეს საკუთარ თავს ინსტიტუტად ქცევის უფლება, თუნდაც ამას, როგორც მოცემულ შემთხვევაში ხდება, ესოდენ საპატიო ფორმა ეძლეოდესო. ჯორჯ ბერნარდ შოუმ უარი განაცხადა იმ თანხის მიღებაზე, რომელიც 1925 წელს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის მოპოვებული ნობელის პრემიის გამო უნდა გადასცემოდა, თუმცა დათანხმდა, რომ აღნიშნული თანხა ანგლოშვედური ლიტერატურული ფონდის შესაქმნელად გამოყენებულიყო.

მესამე რაიხის დროს ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით რიხარდ კუნს, ადოლფ ბუტენანდტსა და გერჰარდ დომაგკის აეკრძალათ ჯილდოს მიღება, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ისინი მაინც დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით. 1958 წელს ბორის პასტერნაკმა პრემიის მიღებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ პრიზის მისაღებად მისი სტოკჰოლმში გამგზავრება საბჭოთა კავშირის მთავრობას განარისხებდა. შვედეთის აკადემიამ უარყო პასტერნაკის უარი და ის მაინც დააჯილდოვა ნობელის პრემიით, რომლის მიღებაც პასტერნაკის შვილმა მხოლოდ 1989 წელს შეძლო.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. nobel prize Nobel Foundation. Retrieved 13 May 2020.
  2. nobel prize facts
  3. Schmidhuber, Jürgen (2010). „Evolution of National Nobel Prize Shares in the 20th century“.
  4. Full text of Alfred Nobel’s will
  5. Sjöholm/Tt, Gustav (2 December 2012) abatter räddar Nobelfesten
  6. Finn, Peter (27 January 2007). The Plot Thickens. The Washington Post. Retrieved 21 January 2010.