ნადინ გორდიმერი
ნადინ გორდიმერი (ინგლ. Nadine Gordimer; დ. 20 ნოემბერი, 1923, სპრინგსი, სამხრეთ აფრიკის კავშირი, – გ. 13 ივლისი, 2014, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთაფრიკელი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1991). მისი თხზულებების ძირითადი თემა იყო აპართეიდის პერიოდის მორალური და რასობრივი პრობლემები, გაუცხოება და სამშობლოსგან განშორება.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორდიმერი დაიბადა სამხრეთ აფრიკაში პრივილეგირებულ თეთრკანიან, საშუალო ფენის წარმომადგენელ ოჯახში. მამა იყო მესაათე, ებრაელი ემიგრანტი ჟაგარედან (მაშინდელი რუსეთის იმპერია, ახალნდელი ლიეტუვა), დედა — ასიმილირებული ებრაელი ლონდონიდან. გაიზარდა სეკულარულ გარემოში. კითხვა და წერა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. 15 წლის ასაკში პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა ადგილობრივ ჟურნალში. ფართო ერუდიციამ აშკარად დაანახა აპართეიდის, სამხრეთ აფრიკის რასობრივი სეგრეგაციის ოფიციალური პოლიტიკის, ბნელი მხარეები. გორდიმერი თანდათან აპართეიდის გამოხატულ პოლიტიკურ ოპონენტად ჩამოყალიბდა. მისი ფორმალური უმაღლესი განათლება შემოიფარგლებოდა უითუოთერსრანდის უნივერსიტეტში ერთწლიანი სწავლით. შემდგომში, 1960-იან და 70-იან წლებში, სამწერლობო მოღვაწეობასთან ერთად ლექციებს კითხულობდა და ასწავლიდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. აპართეიდის პირობებში მისი ბევრი ნაწარმოები აკრძალული იყო. სამხრეთ აფრიკაში რასისტული რეჟიმის დასრულების შემდეგ გორდიმერი აქტიურად იყო ჩაბმული აივ/შიდსის წინააღმდეგ კამპანიაში. გარდაიცვალა 2014 წელს, 90 წლის ასაკში.[8][9]
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორდიმერის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „პირისპირ“ (Face to Face) 1949 წელს გამოქვეყნდა, პირველი რომანი „ცრუ დღეები“ (The Lying Days) კი — 1953 წელს. ამ დროიდან გამოიკვეთა მწერლისთვის დამახასიათებელი ნათელი, მოზომილი და არასენტიმენტური სტილი. მისი მოთხრობები ეხება აპართეიდის გამანადგურებელ ზეგავლენას სამხრეთაფრიკელების ცხოვრებაზე, შეუთავსებლობას პიროვნულ განკერძოებასა და საზოგადოებრივ სამართალს შორის, აპართეიდთან ბრძოლით და არსებული რეჟიმის შეცვლის სიძნელეებით გამოწვეულ ემოციურ ტრავმას, დაძაბულობას და სამშობლოდან გადახვეწის მიუღებლობას. 1974 წელს გორდიმერის რომანმა „კონსერვაციონისტი“ (The Conservationist) ბუქერის პრემია მიიღო. შემდგომდროინდელი რომანებია: „ბიურგერის ქალიშვილი“ (Burger's Daughter, 1979), „ივლისის ხალხი“ (July’s People, 1981), „ბუნების თამაშობა“ (A Sport of Nature, 1987), „ჩემი ვაჟიშვილის ამბავი“ (My Son’s Story, 1990), „საშინაო თოფი“ (The House Gun, 1998), „შემთხვევითი ნაცნობობა“ (The Pickup, 2001). გორდიმერი გარემოს დაცვის თემას შეეხო რომანში „მიიღე სიცოცხლე“ (Get a Life, 2005). ესაა ისტორია სამხრეთაფრიკელი ეკოლოგისა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის რადიოაქტიური მკურნალობის გამო სხვებისთვის სახიფათოდ მიიჩნეოდა. მისი უკანასკნელი რომანი „აწმყო საუკეთესო დროა“ (No Time like the Present, 2012) ასახავს აპართეიდთან ბრძოლის ვეტერანების ცხოვრებას თანამედროვე სამხრეთ აფრიკის რეალობაში.[8]
გორდიმერი ასევე არის მოთხრობების არაერთი კრებულის ავტორი, როგორიცაა „ჯარისკაცის ხვევნა“ (A Soldier’s Embrace, 1980), „სინდისის დანაშაულები“ (Crimes of Conscience, 1991), „ნადავლი და სხვა მოთხრობები“ (Loot, and Other Stories, 2003). გარდა ამისა, მას ეკუთვნის ესეების და პუბლიცისტური კრებული „ცხოვრება იმედსა და ისტორიაში: ჩანაწერები ჩვენი საუკუნიდან“ (Living in Hope and History: Notes from Our Century, 1999). ნობელის პრემიის გარდა მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული და საზოგადოებრივი ჯილდო, მათ შორის, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი (2007).[8] გორდინერის თხზულებები ნათარგმნია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად.[10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 440.
- ↑ https://www.britannica.com/biography/Nadine-Gordimer
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1991/gordimer-facts.html
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://thebookerprizes.com/fiction/backlist/1974
- ↑ https://books.google.es/books?hl=ca&id=xHh5IHbBiZUC&q=oriane#v=snippet&q=oriane&f=false
- ↑ 8.0 8.1 8.2 Nadine Gordimer, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 13 თებერვალი, 2020.
- ↑ Nadine Gordimer, Nobel Media AB. ნანახია 13 თებერვალი, 2020.
- ↑ ხარბედია, მალხაზ (22 აპრილი, 2012), ორი ნობელიანტი, რადიო თავისუფლება, RFE/RL. ნანახია 14 თებერვალი, 2020
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბეთჰოვენს ერთი მეთექვსმეტედი ზანგის სისხლი ჰქონდა : მოთხრობები / ნადინ გორდიმერი ; ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ ; [საგამომცემლო ჯგ.: ნინო გურასპაული, ეთერ კვანჭიანი, თამთა ჯანაშია]. თბილისი : ინტელექტი, 2011. ISBN 9789941439063.
- Pages with image sizes containing extra px
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
- საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერები
- ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალრები
- ბუკერის პრემიის ლაურეატები
- ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრები
- დაბადებული 20 ნოემბერი
- გარდაცვლილი 2014
- გარდაცვლილი 13 ივლისი
- სამხრეთაფრიკელი მწერლები
- სამხრეთაფრიკელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ნობელის პრემიის ქალი ლაურეატები
- ებრაელი აქტივისტები
- ებრაელი ათეისტები
- ებრაელი ქალი მწერლები
- სამხრეთაფრიკელი ათეისტები
- სამხრეთაფრიკელი დრამატურგები
- სამხრეთაფრიკელი ებრაელები
- სამხრეთაფრიკელი ქალი რომანისტები
- XX საუკუნის სამხრეთაფრიკელი რომანისტები
- XX საუკუნის სამხრეთაფრიკელი ქალი მწერლები
- XXI საუკუნის სამხრეთაფრიკელი რომანისტები
- XXI საუკუნის სამხრეთაფრიკელი ქალი მწერლები
- ქალი დრამატურგები
- XX საუკუნის დრამატურგები
- ნადინ გორდიმერი
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით