გაბრიელ გარსია მარკესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი
Gabriel José García Márquez
დაბ. თარიღი 6 მარტი, 1927
დაბ. ადგილი არაკატაკა, კოლუმბია
გარდ. თარიღი 17 აპრილი, 2014
გარდ. ადგილი მეხიკო, მექსიკა
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი
ეროვნება კოლუმბიელი

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (ესპ. Gabriel José García Márquez; დ. 6 მარტი, 1927, არაკატაკა — გ. 17 აპრილი 2014, მეხიკო) — კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა მაგდალენას დეპარტამენტის ქალაქ არაკატაკაში, თუმცა, ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკასა და ევროპაში გაატარა. ბოლო წლების დიდი ნაწილი მეხიკოში გაატარა.

გარსია მარკესი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის, მაგიური რეალიზმი, წამყვანი ფიგურა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მწერლობა ამ სტილისთვის ემბლემურია, მისი კატეგორიზაცია მხოლოდ მასში შეუძლებელი იქნებოდა.

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება]

გაბრიელ გარსია მარკესი

გარსია მარკესი კარიერას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები „დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი“ იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით.

მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია. 1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ და „სიყვარული შავი ჭირის დროს“. ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა.

გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი „მარტოობის ასი წელიწადი“ გახდა (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). ეს რომანი მწერალმა 1967 წელს დაწერა და პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე, სოფლის დაარსებიდან უკანასკნელი ბუენდიას დაღუპვამდე. წიგნში ნაამბობია მარტოობის იმ ას წელიწადზე, რომელიც თან სდევდა ბუენდიების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებას თაობიდან თაობამდე. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა, მისი ნაყოფიერი და შემოქმედებითი ლიტერატურული კარიერისათვის.

1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს – ლიმფური სისხლძარღვების კიბო, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მთელს მსოფლიოს ელვასავით მოედი ახალი ამბავი, მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთში, „ლა რეპუბლიკა“–ში დაბეჭდილი არასწორი ინფორმაციის გამო.

2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანურ სიტყვა უძღოდა წინ: Vivir para contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი – ახალ ბესტსელერად იქცა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

რომანები[რედაქტირება]

მოთხრობები და ნოველები[რედაქტირება]

არამხატვრული[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]