შინაარსზე გადასვლა

ულოფ პალმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულოფ პალმე
შვედ. Olof Palme
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1927(1927-01-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი Svea artillery regiment parish[14] [6] [14]
გარდაცვალების თარიღი 28 თებერვალი, 1986(1986-02-28)[1] [2] [3] [4] [5] [8] [9] [10] [12] [13] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი Sveavägen[15]
მოქალაქეობა  შვედეთი
განათლება სტოკჰოლმის უნივერსიტეტი[14] , კენიონის კოლეჯი[14] , Beskowska skolan[16] და Sigtunaskolan Humanistiska Läroverket[14]
მამა Gunnar Palme[14]
დედა Elisabeth Sophia von Knieriem[17] [14]
მეუღლე/ები Lisbet Palme[14] და Jelena Rennerová[14]
შვილ(ებ)ი Joakim Palme[14] , Mårten Palme[14] და Mattias Järvinen Palme[14]
ჯილდოები Jawaharlal Nehru Award for International Understanding[18] , თეთრი ლომის ორდენის ჯაჭვი[19] , Four Freedoms Award – Freedom from Fear, Order of the Companions of O. R. Tambo და Order of Eduardo Mondlane, 1st class[20] [21]
palmecenter.org

სვენ ულოფ იოაკიმ პალმე (შვედ. Sven Olof Joachim Palme, დ. 30 იანვარი, 1927, სტოკჰოლმი — გ. 28 თებერვალი, 1986, იქვე) — შვედი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. პრემიერ-მინისტრ თაგე ერლანდერის თანამებრძოლი, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი 1969-1986 წლებში და ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრი (1969 წლის 14 ოქტომბრიდან 1976 წლის ოქტომბრამდე და 1982 წლის 8 ოქტომბრიდან 1986 წლის 28 თებერვლამდე). მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1976 წლისა და 1979 წლის საარჩევნო მარცხი სოციალ-დემოკრატებისთვის, რამაც ამ პარტიის 40 წლიანი ჰეგემონია დაასრულა შვედეთში. ოპოზიციაში ყოფნისას პალმემ აქტიური როლი ითამაშა საერთაშორისო არენაზეც, ირან-ერაყის კონფლიქტისას იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მედიატორი გახდა, ხოლო 1979 წელს ჩრდილოეთის საბჭოს პრეზიდენტადაც აირჩიეს.

პალმეს მკვლელობა შვედეთის თანამედროვე ისტორიაში თავისი შინაარსით პირველია, რამაც სკანდინავიაში დიდი ზეგავლენა იქონია.

ულოფ პალმე XX საუკუნის ერთ-ერთი ცენტრალური პოლიტიკური ფიგურა იყო, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური ხედვების თვალსაზრისითაც. საერთაშორისო ტრიბუნიდან ის ხშირად აკრიტიკებდა მისი დროის სუპერსახელმწიფოებს და ღიად უჭერდა მხარს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში გამათავისუფლებელ მოძრაობებსა და დეკოლონიზაციის პროცესს. ის პირველი დასავლელი ლიდერი იყო, რომელიც კუბის რევოლუციის შემდეგ ქვეყანას ეწვია და მეამბოხეები ღიად შეაქო.

მისი კრიტიკის ძირითად სამიზნეებს XX საუკუნის იმპერიალისტური მისწრაფებებისა და ავტორიტარული რეჟიმების მქონე სახელწმიფოები წარმოადგენდნენ, როგორებიც გახლდნენ: ფრანცისკო ფრანკოს ესპანეთი, ლეონიდ ბრეჟნევის საბჭოთა კავშირი, ანტონიუ დი სალაზარის პორტუგალია და გუსტავ ჰუსაკის ჩეხოსლოვაკია. პალმემ საჯაროდ დაგმო 1972 წლის ჰანოის დაბომბვაც აშშ-ის მიერ, რამაც დროებითი ბზარი გააჩინა შვედეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში.

1792 წელს გუსტავ III-ზე თავდასხმის შემდეგ, ულოფ პალმეს მკვლელობა (1986 წლის 28 თებერვალი) პირველი შემთხვევა იყო შვედეთში ეროვნული ლიდერის ლიკვიდაციისა, მკვლელობაში დამნაშავედ თავდაპირველად კრისტერ პეტერსონი სცნეს, თუმცა საკმარისი სამხილების არარსებობის გამო მოგვიანებით გაამართლეს. მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია.

ულოფ პალმე სტოკჰოლმში საკმაოდ შეძლებულ, ლუთერანულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა, გუნარ პალმე წარმატებული ბიზნესმენი იყო, რომელიც დედის მხრიდან დანიისა და ნორვეგიის მეფის, ფრედერიკ I-ის შთამომავალი გახლდათ. ულოფის დედა, ელიზაბედ ფონ კნიერიმი ბალტიურ-გერმანული წარმოშობის იყო, რომელიც შვედეთში საცხოვრებლად 1915 წელს რუსეთიდან ჩავიდა.

პალმეს მამა ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის 7 წლის იყო. მიუხედავად მისი ქონებრივი მდგომარეობისა ულოფის პოლიტიკური ღირებულებები ნელ-ნელა სოციალ-დემოკრატიულ ხასიათს იძენდა, რაზეც დიდი გავლენა იქონია მისმა მოგზაურობამ მესამე სამყაროს ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამხრეთ ნახევარსფეროში მან საკუთარი თვალით იხილა ღრმა ეკონომიკური უთანასწორობა და რასობრივი სეგრეგაცია.

ბავშვობაში ხშირი ავადმყოფობის გამო განათლებას უმეტესწილად კერძო რეპეტიტორებისგან იღებდა, ამავე პერიოდში კარგად აითვისა ინგლისური და გერმანული ენები. 17 წლის ასაკში მაღალი ნიშნებით ჩააბარა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებიც. 1945 წლის იანვარში იგი გამოძახებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც საარტილერიო ქვედანაყოფში ორი წელი იმსახურა. აღსანიშნავია, რომ 1956 წელს პალმემ არტილერიის კაპიტნის წოდებაც მიიღო. 1947 წელს სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ იგი სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მიუხედავად ამისა, ამავე წელს მან დაფინანსება მიიღო ოჰაიოს, კენიონის კოლეჯიდან, სადაც სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორწლიანი სწავლება ბაკალავრის დიპლომით დაასრულა. აღნიშნულ პერიოდში პალმემ გამოაქვეყნა კრიტიკული ესე ფრიდრიხ ჰაიეკის ნაშრომის „გზა ბატონყმობისაკენ“ წინააღმდეგ. პალმეს მთავარი საკურსო თეზისი აშშ-ში სწავლისას ეხებოდა საავტომობილო ქარხნებში მშრომელთა კავშირებს, რომელთაც იმ პერიოდში მისთვის განსაკუთრებით პატივსაცემი პროფკავშირელი ლიდერი ვოლტერ რეუზერი ხელმძღვანელობდა. პალმე მოგვიანებით ხშირად იხსენებდა რეუზერთან ინტერვიუს დეტროიტში და აღნიშნავდა, რომ სწორედ ამერიკაში გატარებულმა დრომ ჩამოაყალიბა ის სოციალისტად, რაც ხშირად ფართო მასებში დაბნეულობასაც იწვევდა.

აშშ-ში სწავლის დასრულების შემდეგ ის შინ, შვედეთში დაბრუნდა, სადაც სტოკჰოლმის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ხოლო უკვე 1949 წელს იგი შვედეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. უნივერსიტეტის პერიოდში პალმე აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტური პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მუშაობდა შვედეთის სტუდენტთა ეროვნულ გაერთიანებაში, რომლის პრეზიდენტადაც ის 1952 წელს აირჩიეს . როგორც სტუდენტი პოლიტიკოსი, მისი ინტერესის ძირითად სფეროს საერთაშორისო ურთიერთობები წარმოადგენდა. პალმე მისი სოციალ-დემოკრატიული ხედვების ჩამოყალიბებას სამ ძირითად მოვლენას უკავშირებდა:

  1. 1947 წელს გამართულ დებატებს საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სოციალ-დემოკრატი ერნესტ ვიგფორსი, ლიბერალი ელონ ანდერსონი და კონსერვატორი იარლ ჰალმარსონი.
  2. 1940-იან წლებში ამერიკაში მოგზაურობამ პალმეზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა კლასობრივი დაყოფისა და რასიზმის მწვავე პრობლემების გამო.
  3. აზიაში მოგზაურობამ 1950-იანი წლების დასაწყისში, კონკრეტულად ინდოეთში, იაპონიაში, ტაილანდსა და ინდონეზიაში საბოლოოდ განუმტკიცა წინააღმდეგობისა და მიუღებლობის გრძნობა კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის მიმართ .

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალმეს რეალური პოლიტიკური კარიერა 1953 წელს იწყება, როდესაც სოციალ-დემოკრატმა პრემიერ-მინისტრმა, თაგე ერლანდერნმა ის საკუთარ სამდივნოში სამუშაოდ მიიწვია. 1955 წლიდან ის შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ლიგის საბჭოს წევრი ხდება და ლექციებს კითხულობს პარტიის მიერვე დაარსებულ ბომერშვიკის კოლეჯში . ამავე პერიოდში პალმე მშრომელთა საგანმანათლებლო ასოციაციაშიც წევრიანდება.

1957 წელს ის პარლამენტში, რიქსდაგში პირდაპირი საარჩევნო წესით აირჩიეს სამხრეთ შვედეთში მდებარე ქალაქ იონკოპინის წარმომადგენლად. 1960-იანი წლების დასაწყისში პალმე აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო დახმარების სააგენტოში, სადაც პირადად ის ხელმძღვანელობდა განვითარებადი ქვეყნებისათვის საგანმანათლებლო პროგრამებით დახმარებას. 1963 წელს იგი უპორტფელო მინისტრის თანამდებობას იკავებს და იმ დროინდელი პრემიერ-მინისტრის, თაგე ერლანდერის პოლიტიკური მრჩეველი ხდება. 1965 წელს პალმე ინიშნება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის პოსტზე. აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნისას მის მთავარ საზრუნავს წაემოადგენდა რადიოსა და ტელეკომუნიკაციების ხელმისაწვდომობის გაზრდა კომერციული ინტერესების გარეშე. 1967 წელს ის განათლების მინისტრი ხდება, რა დროსაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მემარცხენე სტუდენტების მიერ წამოწყებულ საპროტესტო ტალღის შეჩერებაში, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მთავრობის სამომავლო რეფორმებით საუნივერსიტეტო პოლიტიკისათან დაკავშირებით. აქციების კულმინაცია სტუდენტების მიერ სტოკჰოლმის სტუდენტური ერთიანობის ცენტრის დაკავება იყო, სადაც პალმემ აქტიური დიალოგი აწარმოა ახალგაზრდებთან და მოუწოდა დემოკრატიული მეთოდების გამოყენებისაკენ სასურველი შედეგის მისაღწევად. 1969 წელს თაგე ერლანდერმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, რის შემდეგაც პარტიულ კონგრესზე სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარედ ულოფ პალმე აირჩიეს და შესაბამისად მანვე დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტიც.

პალმესა და სოციალ-დემოკრატების წყალობით უკვე 1970-იანი წლების დასაწყისში შვედურმა კეთილდღეობის სისტემამ განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია. კეთილდღეობის სახელმწიფოს ახალი სისტემის აღსანიშნავად დამკვიდრდა ტერმინი „შვედური მოდელი“. მისთვის დემოკრატიის განმტკიცების უპირველესი საშუალება მშრომელთა ცხოვრებისა და პირობების გაუმჯობესება იყო, სწორედ ამიტომ პალმე უპირველესად უმუშევრობას ებრძოდა.

პოლიტიკური ხედვები და რეფორმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალმეს, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდა ლიდერს ხშირად ახასიათებდნენ „რევოლუციონერ რეფორმისტად“. პროფკავშირის უფლებების ზრდის გამო პალმე ბიზნეს-სექტორის კრიტიკის ხშირი სამიზნე ხდებოდა.

პალმეს მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვანი კონსტიტუციური რეფორმები გატარდა, მათ შორის გამორჩეული იყო ბიკამერალური (ორპალატიანი) პარლამეტიდან უნიკამერალურზე (ერთპალატიანი) გადასვლა 1971 წელს. ასევე, უმნიშვენლოვანესი კონსტიტუციური ცვლილება იქნა მიღებული 1975 წელს, როდესაც ოფიციალურად გაუქმდა „დე იურე ავტოკრატიული მონარქია“ და შვედეთი საპარლამენტო დემოკრატიულ სახელმწიფოდ იქცა. ამავე რეფორმის მიხედვით მონარქს ყველანაირი პოლიტიკური ძალაუფლება ჩამოერთვა.

1973 წლის რიქსდაგის არჩევნებში სოციალ დემოკრატებმა 350 ადგილიდან მხოლოდ 156-ის მოპოვება მოახერხეს და უმრავლესობისთვის აუცილებელი მანდატების დაგროვება ვერ შეძლეს, თუმცა, პალმეს მთავრობამ რიგი ოპოზიციური ჯგუფების ლოიალოის ხარჯზე მაინც განაგრძო საქმიანოა. ამავე პერიოდში გადასახადები საგრძნობლად გაიზარდა და დასავლეთში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია .

პალმეს პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ისეთ სოციალურ საკითხებს როგორებიცაა: ბავშვთა მოვლის ცენტრების განვითარება, სოციალური უსაფრთხოების ახალი ინსტიტუტების შექმნა, მოხუცების დაცვა, საბინაო საკითხების მოგვარება და ა.შ. მისი დამსახურებით შეიქმნა ეფექტიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა ჩვილების სიკვდილიანობის დონე. ასევე, გატარდა ძალზედ ამბიციური რედისტრიბუციული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, იმიგრანტების, დაბალანაზღაურებადი მუშახელისა და მარტოხელა მშობლების დახმარებას. უკვე 1969 წელს პენსია საშუალო ხელფასის 57% შეადგენდა, ხოლო 1974 წელს მიღებული რეფორმის შედეგად სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის პაკეტი ამ სფეროში არსებულ ყველანაირ სერვისს ფარავდა.

პალმეს კაბინეტი აქტიური იყო ხელმისაწვდომი განათლების სისტემის შექმნის კუთხითაც. 1970 წლის კანონის მიხედვით სტუდენტებს შეეძლოთ დაბალპროცენტიანი სესხებისა და სხვა შეღავათების მიღება. სახელმწიფოს ხარჯზე აშენდა მრავალი რეგიონული უნივერსიტეტი და შეიქმნა სკოლამდელი აღზრდის ცენტრებიც. 1975 წელს სოციალ-დემოკრატების ძალისხმევის შედეგად ძალაში შევიდა კანონი, რომელიც უნივერსიტეტებში უფასო სწავლებას ითვალისწინებდა.

მნიშვნელოვანი რეფორმა იყო მშრომელთა პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით „უსაფრთხოების ზედამხედველის“ ინსტიტუტის შემოღება სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამოწმებდა ახალი ტექნოლოგიების მავნე ზემოქმედებას დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე. 1974 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფოს წახალისებით სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქის ხელმეორედ დასაქმებას უწყობდა ხელს. 1976 წლის აქტის მიხედვით მშრომელთა გაერთიანებებს ეძლეოდათ უფლება კომპანიის მენეჯმენტთან ერთად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთობლივად მიეღოთ.

პალმეს უკანასკნელი მთავრობა მაშინ აირჩიეს, როდესაც შვედეთში განსაკუთრებით მძიმე ეკონომიკური პერიოდი იდგა, შესაბამისად სოციალ-დემოკრატების ძირითად მიზანს 1980-იან წლებში ინვესტიციების, პროდუქტიულობისა და დასაქმების სტიმულირება წარმოადგენდა. საგარეო ვალმა და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდამ მთავრობა აიძულა განსხვავებული ეკონომიკური სტრატეგია აერჩია. პროგრესული საგადასახადო სისტემის გააქტიურებით, ქონებრივ და მემკვიდრეობით მიღებულ საკუთრებაზე გადასახადი გაიზარდა. 1982 წლიდან 1986 წლამდე პალმე ცდილობდა მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის შეცდომების გამოსწორებას. აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა უმუშევართა სრული სამედიცინო დაზღვევა და საკვებზე სუბსიდიების გაცემა დაბალანაზღაურებადი ოჯახებისათვის, ასევე აღდგენილ იქნა წინა მთავრობის მიერ გაუქმებული ბავშვთა მოვლის ცენტრებიც. აღსანიშნავი ნოვაცია იყო თანამშრომელთა საინვესტიციო ფონდების შექმნა, რომელიც მოგების თანაბრად გაზიარებას ისახავდა მიზნად.

პალმე გენდერული თანასწორობის აქტიური მომხრე იყო. 1970 წლის 8 ივნისს გამართულ ქალთა ეროვნულ-დემოკრატიული კლუბის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას პალმემ წაიკითხა მოხსენება, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ულოფ პალმე ღიად უჭერდა მხარს შვედეთში მწვანე პოლიტიკის გატარებასაც. მისი აზრით, ბირთვული ენერგიის სრული კონტროლი სახელმწიფოს ენერგოპოლიტიკის ძირითადი საზრუნავი უნდა ყოფილიყო. სწორედ მისი აქტიური მოწოდებების შედეგად 1980 წლის რეფერენდუმზე შვედეთის მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს ბირთვული ატომური ელექტროსადგურების სახელმწიფო საკუთრებაში დატოვებას.

ულოფ პალმეს მკლელობამდე ცოტა ხნით ადრე, იგი დაადანაშაულეს პროსაბჭოთა ტენდენციებში და შვედეთის ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფაში, რის შემდეგაც ის მოსკოვში გაემგზავრა, რათა ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საბჭოთა წყალქვეშა გემების გადაადგილება შვედეთის სახელმწიფო წყლებში აღკვეთილიყო.

ულოფ პალმე საერთაშორისო არენაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. აშშ-ის მიმართ მკაცრი კრიტიკა ვიეტნამის ომში ჩადენილი დანაშულებებისთვის.
  2. საბჭოთა კავშირის მიმართ კრიტიკა პრაღის გაზაფხულის მოვლენების შემდეგ.
  3. ევროპული კომუნისტური რეჟიმების დაგმობა, მათგან ყველაზე მწვავე კრიტიკა გუსტავ ჰუსაკის რეჟიმზე მოდიოდა.
  4. ულოფ პალმე აქტიურ კამპანიას აწარმოებდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისათვის.
  5. აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლა და სამხრეთ აფრიკისათვის სანქციების დაწესების მხარდაჭერა.
  6. 1975 წელს, პალმე ფიდელ კასტროს კუბაში ჩავიდა, დაგმო ფულხენსიო ბატისტას რეჟიმი და შეაქო რევოლუციონერები.
  7. ძლიერი კრიტიკა აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის მიმართ ჩილეში.
  8. მედიატორის როლი ირან-ერაყის ომის დარეგულირებაში.

1968 წლის 21 თებერვალს ჯერ კიდევ განათლების მინისტრის პოსტზე ყოფნისას პალმემ მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, რომელიც აშშ-ის სამხედრო ქმედებებს ეწინააღმდეგებოდა ვიეტნამში. მასთან ერთად საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობას იღებდა ჩრდილოეთ ვიეტნამის ელჩი საბჭოთა კავშირში, ნგუენ ტო ჩანი. აღნიშული მოვლენა უყურადღებოდ არ დარჩენილა აშშ-ის მთავრობის მიერ, რის შემდეგაც ამერიკელებმა შვედეთიდან ელჩი გაიწვიეს, რასაც ბუნებრივად მოჰყვა პალმეს კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან. უკვე 1972 წლის 23 დეკემბერს პალმემ ჰანოის დაბომბვები საჯაროდ გააკრიტიკა რადიოს საშუალებით და ქმედება ისეთივე ბოროტებად მონათლა, როგორც ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელთა მიზანმიმართული ხოცვა ან თუნდაც გერნიკას დაბომბვა. ვაშინგტონის საპასუხო ქმედება, შვედეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დროებით შეჩერება აღმოჩნდა, რამაც ერთ წელზე მეტხანს გასტანა . მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, შვედეთის მთავრობა ნატო-ს ეგიდით აქტიურად თანამშრომლობდა ვაშინგტონთან სამხედრო სფეროში.

1986 წლის 28 თებერვალს სტოკჰოლმში, ულოფ პალმე საკუთარ მეუღლე, ლიზბეტთან ერთად კინოთეატრიდან გამოდიოდა, როდესაც დაცვა დაითხოვა და ქალაქის მთავარ ქუჩაზე გასეირნება გადაწყვიტა. შვედი ეთნოლოგის იონას ენგმანის განცხადებით, პალმე მაქსიმალურად ცდილობდა, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს ისე ეცხოვრა, ამიტომაც ხშირადაც ათავისუფლებდა დაცვის წევრებს სამუშო პერიოდში. 11 საათსა და 21 წუთზე შავ ქურთუკიანმა მამაკაცმა პალმეს ზურგში ცეცხლსასროლი იარაღით, „მაგნუმ 357“-ით ესროლა, ხოლო მისი მეუღლე მეორე გასროლით უმნიშვნელოდ გაკაწრა. გასროლის შემდეგ დამნაშვე უმალვე მიიმალა სტოკჰოლმის ხალხმრავალ ქუჩებში, პალმე კი შემთხვევიდან 6 წუთში უახლოეს საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულს ოცამდე თვითმხილველი ჰყავს, მკვლელი ვერ დააკავეს. 2010 წელს შვედეთის მთავრობამ ხანდაზმულობის ვადა აღნიშნულ საქმეზე გააუქმა, რათა გამოძიებას იქამდე გაეგრძელებინა კვლევა ვიდრე დამნაშავეს არ მიაგნებდნენ. 1986 წლიდან 2019 წლამდე საქმესთან დაკავშირებით 10 000-მდე ადანიანი დაიკითხა, თუმცა უშედეგოდ. პალმეს მკვლელობა შვედეთისთვის ეროვნულ ტრამვად იქცა, აღნიშნულ პერიოდში 130-მდე ადამიანმა ცრუ ჩვენებით თავი დამნაშავედ სცნო ყოფილი პრემიერის მკვლელობაში. ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა შტეფან ლიოვენმა გასული წლის მაისში პალმეს საქმეს შვედეთის საზოგადოების ღია ჭრილობა უწოდა.

პალმეს ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალმემ საერთაშორისო სოციალისტურ მოძრაობაში პოპულარობა სატელევიზიო დებატებში თავისი გამოსვლის დროს საბოლოოდ გაიმყარა. 1982 წელს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთა დისკუსიის მიმდინარეობისას მან მოკლედ და ლაკონიურად ახსნა, თუ რატომ მიიჩნევს თავს დემოკრატ სოციალისტად:

ვიკიციტატა
„მე დემოკრატი სოციალისტი ვარ, რასაც სიამაყითა და სიხარულით ვაცხადებ. ასეთი მაშინ გავხდი, როდესაც ინდოეთში ვიმოგზაურე და გადავაწყდი საშინელ სიღარიბეს, რომელიც მოქალაქეთა უმცირესი ნაწილის განსაკუთრებული სიმდიდრის მიუხედავად მაინც შესამჩნევი გახლდათ. დემოკრატი სოციალისტი მაშინ გავხდი, როდესაც მოგზაურობისას აღმოვაჩინე თავისებური, განსაკუთრებით დამამცირებელი სიღარიბე ამერიკის შეერთებულ შტატებში. დემოკრატი სოციალისტი მაშინ გავხდი, როდესაც საკუთარი თვალით ვნახე ტირანია, ჩაგვრა და დევნა, რომლითაც კომუნისტური სახელმწიფოები საკუთარ ხალხს უსწორდებოდნენ. ასეთი მაშინ გავხდი, როდესაც მივედი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში და დახოციალ სოციალ-დემოკრატთა და პროფკავშირელთა სიებს გავეცანი.

ასეთი მაშინ გავხდი, როდესაც გავაცნობიერე, რომ შვედეთის დემოკრატიას საფუძველი სოციალისტებმა ჩაუყარეს; როდესაც გავიაზრე, რომ 1930-იან წლებში სწორედ სოციალ-დემოკრატიამ გადაარჩინა ქვეყანა სიღარიბისა და უმუშევრობისაგან თავისი ანტიკრიზისული პოლიტიკის წყალობით. ასეთი მაშინ გავხდი, როდესაც თავად ვიღებდი მონაწილეობას საპენსიო სისტემის მუშაობაში. იმ დროს პრივილეგირებული ფენებისთვის „სოციალიზმის კამპანიები“ ეწყობოდა, რიგით დასაქმებულებს კი მხოლოდ ის სურდათ, რომ სიბერეში უსაფრთხოდ ეცხოვრათ, დაცულად ეგრძნოთ თავი…

მე დემოკრატ სოციალისტად ტაგე ერლანდერთან (შვედეთის ლეგენდარული პრემიერი და სოციალ-დემოკრატთა ლიდერი თითქმის 25 წლის განმავლობაში) თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოვყალიბდი, როდესაც გავაცნობიერე თუ რა არის დემოკრატიისა და ჰუმანიზმის ნამდვილი არსი. ჩემზე გავლენა მოახდინეს ახლო მეგობრებმა – ვილი ბრანდტმა, ბრუნო კრაისკიმ, ტიგვე ბრატელიმ (გერმანიის, ავსტრიისა და ნორვეგის ლიდერები), რომელთაც საკუთარი სიცოცხლე გარისკეს ადამიანთა ღირსებისთვის ბრძოლაში.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩემი რწმენა ძლიერდება, როდესაც თანამედროვე მსოფლიოს ვაკვირდები; როდესაც ვხედავ ომებს, შეჯიბრებას შეიარაღებაში, მასობრივ უმუშევრობასა და ადამიანებს შორის არსებულ უზარმაზარ უთანასწორობას. მე მიმყარდება რწმენა, როდესაც ჩვენსავე ქვეყანაში ვამჩნევ, თუ როგორ იზრდება უსამართლობა, როგორ იმატებს უმუშევრობის დონე, როგორ იპყრობს ჩვენ ირგვლივ ყველაფერს სპეკულაცია და კორუფცია; როდესაც ვუყურებ, თუ როგორ განაპირობებს სხვადასხვა ქვეყნებში მემარჯვენე პოლიტიკა ხალხის უმუშევრობას. ისინი ანადგურებენ ადამიანის უსაფრთხოებას და თან ვერ ახერხებენ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.

მე მიმყარდება დემოკრატიული სოციალიზმისადმი რწმენა, როდესაც მომავლისკენ ვიხედები. როგორც სჩანს, მემარჯვენები მომავლისთვის მხოლოდ მშრომელთა კიდევ უფრო მეტად გაღარიბებასა და მდიდრების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას გვპირდებიან. მემარჯვენეები გვპირდებიან მომავალს, სადაც სოციალური დაცვის ხარჯები შემცირდება და ერთეულთა ფეშენებელური იახტების რაოდენობა მოიმატებს; სადაც სოლიდარობა დასუსტდება და ეგოიზმი გაძლიერდება; სადაც ძლიერნი ყველაფერს მოიპოვებენ, რასაც კი მოისურვებენ, სუსტნი კი იძულებულნი გახდებიან დამორჩილდნენ ჩაგვრას, შევიწროვებასა და დამცირებას.

მე ნამდვილად დემოკრატი სოციალისტი ვარ! ვამაყობ, რადგან ვიცი რას მიაღწია დემოკრატიულმა სოციალიზმმა ჩვენს ქვეყანაში. მიხარია, რადგან ვიცი, თუ რამხელა მნიშვნელობის ამოცანები გვაქვს ჩვენ წინ გადასაწყვეტი მემარჯვენეთა უთავბოლო მმართველობის შემდეგ. მაქვს ჩემი იდეების გამარჯვების მტკიცე რწმენა, რადგან ახლა ხალხმა უკვე იცის, თუ რა ბედი ელით სამუშაო ადგილებს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როდესაც მემარჯვენეები იღებენ საკუთარ თავზე სახელისუფლებო პასუხისმგებლობას და მე ვარ დემოკრატი სოციალისტი, თან მხიარულად მეღიმება, რადგან ვიცი, რომ შვედეთის თანამედროვე ისტორია სავსეა რეფორმებით, რომელიც თქვენ საშინელ სოციალიზმად გამოაცხადეთ. შემდეგ კი, როდესაც ხალხმა ეს რეფორმები გამოსცადა და შეიცნო მისი რეალური არსი, ცდილობდით შედეგები საკუთარ მიღწევად გაგესაღებინათ.

ნამდვილად, ფელდინ, მე დემოკრატი სოციალისტი ვარ! მსგავსად ბრანტინგისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო საარჩევნო სისტემა დაამკვიდრა. მსგავსად პერ-ალბინისა, რომელიც 1930-იან წლებში უმუშევრობას ებრძოდა და „სახალხო სახლის“ (კეთილდღეობის სახელმწიფოს) იდეით გამოდიოდა. მსგავსად ერლანდრისა, რომელმაც გააფართოვა სოციალური დაცვისა და საპენსიო სისტემები, რადგან ეს ყველაფერი სოლიდარობასა და ადამიანების ერთმანეთზე ზრუნვას უკავშირდება.“

პალმეს გამოსვლას დღემდე აქტიურად ციტირებენ დემოკრატ სოციალისტთა მრავალრიცხვოვან შეკრებებზე.

  • Hendrik Hertzberg, “Death of a Patriot,” Politics. Obsercations and Arguments, 1966-2004 (New York: The Penguin Press, 2004)
  • B.Vivekanandan “Global Visions of Olof Palme, Bruno Kreisky and Willy Brandt,” 2016 (Jawaharlar Nehru University, New Delhi, India).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 S Olof J Palme — 1917.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Sveriges dödbok
  6. 6.0 6.1 Svea artilleriregementes församlings kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/SSA/0005J/C/8 (1895-1927), bildid: 00025513_00072 — გვ. 68.
  7. Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. 14.00 14.01 14.02 14.03 14.04 14.05 14.06 14.07 14.08 14.09 14.10 14.11 14.12 Two-Chamber Parliament 1867–1970. — 1985. — ტ. 1. — გვ. 158.
  15. https://www.svt.se/nyheter/inrikes/nar-mordades-olof-palme
  16. https://books.google.se/books?id=kzcyEAAAQBAJ&pg=PT8&lpg=PT8&dq=%22olof+palme%22+%22Beskowska+skolan%22&source=bl&ots=Z1CCA_gUlk&sig=ACfU3U0z6EFX626TdgFEr72q5Sce4nv-JQ&hl=sv&sa=X&ved=2ahUKEwi0mpuL0Pf3AhXuSvEDHUvuA0sQ6AF6BAgUEAM#v=onepage&q=%22olof%20palme%22%20%22Beskowska%20skolan%22&f=false
  17. Pas L. v. Genealogics — 2003.
  18. https://web.archive.org/web/20190402094610/http://iccr.gov.in/content/nehru-award-recipients
  19. https://www.hrad.cz/en/czech-republic/state-decorations/order-of-the-white-lion/list
  20. Boletim da RepúblicaMaputo: Imprensa Nacional de Moçambique.
  21. https://gazettes.africa/akn/mz/officialGazette/government-gazette-series-i-supplement/1988-02-27/8/por@1988-02-27