საქართველო XVII საუკუნეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Sameba 16.jpg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო XVII საუკუნეში განიცდიდა აგრესიას ოსმალეთის იმპერიისა და სეფიანთა ირანის მხრიდან. აღმოსავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებულ დამანგრეველი იყო ირანის შაჰ აბას I-ის შემოსევები. მეფე თეიმურაზ I-სა და მოურავ გიორგი სააკაძის წინაღმდგებობის მიუხედავად, ირანმა შეძლო აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოების პრაქტიკული გაუქმება და ქართლსა და კახეთში ხანების დანიშვნა. ირანის წარმატებას ხელს უწყობდა ფეოდალური შინაომები და შუღლი საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით მშვიდობა დამყარდა ისლამმიღებული ბაგრატიონების როსტომ-ხანის და ვახტანგ V შაჰნავაზის მმართველობის დროს.

დასავლეთ საქართველო XVII საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ. იმერეთის სამეფო კიდევ უფრო დაასუსტდა, იმერეთის მეფის ტახტს პერიოდულად ეუფლებოდნენ დადიანები და გურიელები, ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო.

აღმოსავლეთ საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის მეფე გიორგი X
თეიმურაზ I
ქართლის დიდი მურავი გიორგი სააკაძე
თეიმურაზ I და მისი ცოლი ხორეშანი. ესკიზი ესპანელო მოგზაური დონ კრისტოფელო დე კასტელოს ჩანახატებიდან.
ქართლის მეფე ლუარსაბ II.

კახეთის მეფე ალექსანდრე II ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა. სამეფო ოჯახი აირია, ტახტისთვის ბრძოლა დაიწყეს მისმა შვილებმა დავითმა და გიორგიმ. ტახტი დაიკავა დავით I-მა. როდესაც ალექსანდრე გამოჯანმრთელდა დავითმა ტახტი არ დაუთმო მამას. ალექსანდრე II იძულებული გახდა ბერად აღკვეცილიყო. გიორგი ბატონიშვილმა მოაწყო შეთქმულება, მაგრამ დავითმა შეთქმულები დაიჭირა და დასაჯა. გიორგი მცხეთაში აფარებდა თავს კათოლიკოსთან, მაგრამ დავით I-მა ის მაინც შეიპყრო და პანკისის ციხეში დამწყვდია. 1602 წელს დავითმა მიიღო რუსეეთის მეფის ბორის გოდუნოვის ელჩები და მეფის ერთგულებაზე დაიფიცა. რუს ელჩებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ბერად აღკვეცილი ალექსანდრეც. 1602 წელს დავით I გარდაიცვალა და ტახტი ხელახლა დაიკავა ალექსანდრე II-მ. მან გიორგი ბატონიშვილიც გაათავისუფლა ციხიდან. 1603 წელს ალექსანდრემ მორიგი ელჩობა გაგზავნა რუსეთში და რუსეთს საშამხლოზე ლაშქრობას სთავაზობდა. როცა ალექსანდრე რუსეთთან დიპლომატიური მისიის გაცვლა-გამოცვლით იყო დაკავებული, ირანის შაჰმა აბას I-მა 1603 წელს დაიწყო ომი ოსმალეთის იმპერიასთან. აბას I-მა ერევნის ხანგრძლივი ალყა წამოიწყო და იხმო ქართველი ვასალი მეფები ალექსანდრე II და ქართლის მეფე გიორგი X. ორივე ქართველმა მეფემ აქტიური ომნაწილეობა მიიღო ერევნის ციხის აღებაში, რაც 1604 წლის ზაფხულში მოხდა. შაჰ-აბასმა გიორგი X-ს დაუნიშნა წლიური ჯამაგირი 300 თუმანი და ჩამოარვა ლორე და დებედას ხეობა, ხოლო ალექსანდრე II-ს დაუნიშნა წლიური ჯამაგირი 700 თუმანი და ჩამოართვა კაკი და იქ მუსლიმური სასულთნო შექმნა. აბას I-მა ალექანდრე II თან იახლა ყარსში, 1605 წლის თებერვალში კი კახეთში გაუშვა და შირვანზე ლაშქრობა დაავალა. 12 მარტს ალექსანდრეს შვილმა კონსტანტინემ მოულოდნელად მოკლა ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი. კონსტანტინემ მოკლული მამისა და ძმის თავები შაჰ-აბასს გაუგზავნა, თავი კი ალავერდში კახეთის მეფედ გამოაცხადა. 1605 წელს დაიწყო აჯანყება, რომელსაც სათავეში დავით I-ს ქვრივი ქეთევან დედოფალი ჩაუდგა. 1605 წლის 22 ოქტომბერს ბელაქნისწყალზე ბრძოლის დროს ქართლ-კახელთა გაერთიანებულმა ლაშქარმა დაამარცხა კონსტანტინეს ლაშქარი. თავად კონსტანტინე ბრძოლის დროს დაიღუპა.

1606 წელს კახეთისა და ქართლის სამეფოებს ახალი მეფეები ჩაუდგნენ სათავეში. კახეთში გამეფდა თეიმურაზ I, ხოლო ქართლში ლუარსაბ II. ორივე გამეფდა ირანის შაჰის, აბას I-ის თანხმობით. თეიმურაზ I-მა ცოლად შეირთო ანა გურიელი, რომელიც მალე გარდაიცვალა. ქართლის მეფე გახდა ლუარსაბ II გამეფების დროს 14 წლის იყო. მის კარზე დაწინაურდა გიორგი სააკაძე, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე. გიორგი სააკაძის გავლენა გაზარდა ტაშისკარის ბრძოლამ. 1609 წელს ლუარსაბ II დაეხმარა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულ სამცხის ათაბაგის ქვრივს, ელენეს, რომელიც ლუარსაბის და იყო. ქართლის სამეფოს ლაშქარმა აიღო ახალციხე. ოსმალებმა საპასუხო ლაშქრობით აიღეს ახალციხე და აპირებდნენ ცხირეთის ციხეში მცირე ამალის ამარა მყოფი ლუარსაბ II-ის შეპყრობას. სააკაძის სარდლობით 400-მდე მეომრის პარტიზანულმა დარტყებმა ოსმალებს მიმართულების შეცვლა აიძულა. 16 ივნისს ტაშისკართან ბრძოლაში კი მძიმედ დაამარცა ოსმალეთის ლაშქარი. 1611 წლის ნოემბერში ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და. 1612 წელს ქართლის თავადებმა შადიმან ბარათაშვილის მეთაურობით ლუარსაბ II-ს გიორგი სააკაძის დაპატიმრება მოსთხოვეს. სააკაძემ სიმამრთან, ნუგზარ არაგვის ერისთავთან ერთად გაქცევა მოასწრო, ცოლ-შვილი ყიზილბაშების კონტროლირებად გაგის ციხეში დატოვა, და ნუგზარ ერისთავთან ერთად ირანში ჩავიდა. ნუგზარ ერისთავი მალე დაბრუნდა საქართველოში, სააკაძე კი დიდხანს დარჩა. სააკაძის მამულები სხვა თავადებმა დაისაკუთრეს.

აბას I-ის ლაშქრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1612 წელს შაჰ-აბასმა თეიმურაზს მეორე ცოლად ლუარსაბ II-ის და ხორეშანის შერთვა შესთავაზა, რომელიც თემურაზს გარებიძაშვილად ერგებოდა. 1613 წელს დასრულდა 1602 წელს დაწყებული ირან-ოსმალეთის ომი. აღდგა ამასიის ზავის პირობები. 1613 წელს მაზანდარანში მყოფმა შაჰ-აბასმა ქართლისა და კახეთის მეფეები მიიწვია, მაგრამ ისინი შაჰთან არ გამოცხადდნენ. იმავე წლის ოქტომბერში განჯაში მყოფმა შაჰ-აბასმა თეიმურაზ I-ს მძევლად შვილები მოსთხოვა. თეიმურაზმა შაჰთან გაგზავნა ქეთევან დედოფალი და და უმცროსი ძე ალექსანდრე. შაჰმა მძევლად უფროსი ვაჟი მოითხოვა. თეიმურაზმა გაგზავნა უფროსი ვაჟი ლევანი. ამის შემდეგ შაჰმა თეიმურაზის გამოცხადება მოითხოვა. მეფეები შაჰს არ ეახლნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ემოქმედათ მტრის წინააღმდეგ. შაჰმა მძევლები იარნში გაგზავნა, თვითონ კი 1614 წელს კახეთში შეიჭრა. ალყაში მოქცეულმა თეიმურაზმა ჟალეთთან ბრძოლით შეძლო მუხრანში გადასვლა და იქ ლუარსაბ II-ს შეუერთდა. მეფეებმა შაჰ-აბასთან ბრძოლა უპერსპექტივოდ მიიჩნიეს და იმერეთში გადავიდნენ. შაჰ-აბასმა მოარბია კახეთი, დაანგრია გრემი, თორღას ციხე. შაჰ-აბასმა გარნიზონი ჩააყენა ალავერდის გალავანში, დიდძალი ნადავლი წაიღო და ტყვეები წაასხა. კახეთის აოხრება 50 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. კახეთის მმართველად შაჰ აბასმა დასვა ისა-ხანი და დავით ჯანდიერი. შაჰ-აბასი გადავიდა ქართლში, გაამაგრა გორის და სურამის ციხეები და იმერეთის მეფე გიორგი III-ს მოსთხოვა თეიმურაზის და ლუარსაბის გადმოცემა. სანაცვლოდ მათ პატიებას პირდებოდა. გიორგი III-მ შაჰს უარი შეუთვალა. შაჰმა ლუარსაბთან გაგზავნა შადიმან ბარათაშვილი, რომელმაც დაარწმუნა ლუარსაბი, რომ შაჰს ხლებოდა. ლუარსაბ II ეახლა შაჰს, რომელმაც ლუარსაბს მოსთხოვა ისლამის მიღება, უარის მიღების შემდეგ შაჰმა ლუარსაბი ციხეში ჩააგდო, 1622 წელს კი მოაკვლევინა. ლუარსაბის ნაცვლად შაჰ-აბასმა ქართლში ბაგრატ-ხანი დაამტკიცა.

1615 წლის მაისში განახლდა ირან-ოსმალეთის ომი. ოსმალეთის მოქმედებამ შეაგულიანა კახელები და ათ დავით ანდიერის ხელმძღვანელობით აჯანყება დაიწყეს. 15 სექტემბერს, ალავერდობა დღეს ალავერდის ტაძარში თითქოსდა სალოცავად შესულმა ქართველებმა ამოხოცეს ყიზილბაშების გარნიზონი. თეიმურაზი კახეთში გადავიდა, არაგვთან მას დახვდა დავით ჯანდიერი. კახეთის აჯანყებას შეუერთდა შირვანის დელუ მელიქის ხელმძღვანელობით. აჯანყებაში არ მონაწილეობდა ქართლის სამეფო. აჯანყების ჩასახშობად შაჰ-აბასმა გაგზავნა 15 ათასიანი ჯარი ალიყული-ხანის მეთაურობით. წიწამურის ბრძოლაში თეიმურაზმა 6 ათასი მოლაშქრით დაამარცხა ყიზილბაშები. 1616 წლის გაზაფხულზე შაჰი თავად ჩაუდგა ჯარს სათავეში და საქართველოში ილაშქრა. მისი ჯარის ერთი ნაწილი შირვანის ბეგლარბეგ იუსუფ-ხანის მეთაურობით აღმოსავლეთიდან შევიდა კახეთში, თავად შაჰ-აბასი კი ძირითადი ნაწილით ქართლის მხრიდან გადავიდა კახეთის სამეფოში. თეიმურაზი კვლავ იმერეთში გაიქცა. კახელებმა ალაზანის მეორე მხარეს ააშენეს გამაგრებები „სიღნნაღები“ და გაანადგრეს ნავები და ბორნები. სპარსელებმა მაინც გადალახეს ალაზანი და ყოველ სიღნაღთან ხელჩართული ბრძოლა გამართეს. ამ შემოსევის შედეგად ყიზილბაშებმა ტყვედ წაიყვანეს 80 ათასი კახელი. შაჰ აბასის ლაშქრის წასვლისთანავე თეიმურაზი დაბრუნდა კახეთში. გახიზნულმა მოსახლეობამ დაიწყო დაბრუნება. კახეთი კვლავ აჯანყებისთვის ემზადებოდა. კახელებმა მიიმხრეს განჯის სახანოს მოსახლეობის ნაწილიც. შაჰ აბასმა კახეთის დასალაშქრად გაგზავნა მისი სიძე ისა-ხან ყორჩიბაში. ყორჩიბაშის ჯარმა 10 ათასამდე კახელი დაატყვევა და წაიყვანა. 1617 წლის გაზაფხულზე შაჰ-აბასი კვლავ შეიჭრა კახეთში. კახეთის სამეფომ დაკარგა მოსახლეობის ორი მესამედ. 200 ათასამდე ადამიანი ტყვედ წაიყვანეს. გადასახლებულთა შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ირანში, ფერეიდანში. შაჰ-აბასმა კახეთი ორად გაყო. დასავლეთი ჩააბარა ქართლის მეფე ბაგრატ VII-ს, ხოლო აღმოსავლეთი, ივრის გაღმა მხარე განჯის მმართველ ფეიქარ-ხანს. ბაგრატ-ხანი ადრე გარდაიცვალა და 1619 წელს აბას I-მა ქართლის ხანად დაამტკიცა მისი მცირეწლოვანი შვილი სიმონ II, რომელსაც მრჩევლად გიორგი სააკაძე დაუყენა. სააკაძე ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა.

1617 და 1618 წლებში გურიის სამთავროში მყოფმა თეიმურაზმა იღუმენი ხარიტონი გაგზავნა ოსმალეთის იმპერიაში ელჩად, მაგრამ ოსმალეთისგან დახმარება ვერ მიიღო. თეიმურაზი შეეცადა კავშირის განახლებას რუსეთის სამეფოსთანაც. იგივე იღუმენი ხარიტონი როგორც იმერეთ-გურია-სამეგრელოს და კახეთის ელჩი გაგზავნილ იქნა რუსეთის მეფესთან, მაგრამ ამ დიპლომატიური მისიითაც ვრეაფერს მიაღწია. ამასობაში შაჰ-აბასმა დაასაჭურისა თეიმურაზის მცირეწლოვანი შვილები, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი ჭკუიდან შეიშალა. 1622 წელს თეიმურაზ I პირადად ჩავიდა სტამბოლში, მაგრამ ამაოდ. შაჰ-აბასმა ქართული წარმომავლობის იმამყული-ხანს დაავალა ისლამზე მოექცია ქეთევან დედოფალი. 1624 წლის სექტემბერში ქეთევან დედოფალი სასტიკად აწამეს.

1624 წლის ბოლოს აბას I-მა ირანში გაიწვია ზურაბ არაგვის ერისთავი და გიორგი სააკაძე. 1625 წლის დასაყისში ირანის 60-ათასიანი ჯარი ყარჩიხა-ხანის სარდლობით ქართლისკენ დაიძრა. ყარჩიხა-ხანს დავალებული ჰქონდა კახელების მთლიანად გაწყვეტა და ქართლებების ირანში გადასახლება. ყარჩიხა-ხანი აღაიანის ველზე დაბანაკდა. ყარჩიხა-ხანს მრჩევლად ახლდა გიორგი სააკაძე. ყარჩიხა-ხანმა ვერ შეასრულა ჩანაფიქრი, რაც გულისხმობდა აღაიანის ველზე კახელთა ლაშქრის ამოხოცვას. მათი განზრახვა ვიღაცამ გასცა. ყარჩიხა-ხანმა ეჭვი გიორგი სააკაძეზე მიიტანა. შაჰისგან ყარჩიხა-ხანმა სააკაძის მოკვლის ნებართვა მიიღო. მაგრამ სააკაძემ დაასწრო ყარჩიხა-ხანს. 25 მარტს გამთენიას ის ქართლელებთან და არაგვის საერისთავოს ლაშქართან ერთად მოულოდნელად დაესხა თავს ირანელთა ბანაკს. მარტყოფის ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა, 30 ათასი სპარსი ბრძოლაში მოკვდა. მარტყოფის ბრძოლის შემდეგ სააკაძემ და ზურაბ ერისთავმა თბილისიდან გააქციეს სიმონ II, აიღეს ფეიქარ-ხანის რეზიდენცია ხორნაბუჯის ციხე. რამდენიმე დღეში მათ სრულად გაწმინდეს ქართლ-კახეთი ყიზილბაშებისგან. ამის შემდეგ სააკაძემ განჯისა და ყარაბაღის სახანოებზე გაილაშქრა. ყიზილბაშთა გარნიზონი რჩებოდა მხოლოდ თბილისში. ქართლისა და კახეთის მეფედ სააკაძემ რუსეთში წასასვლელად გამზადებული თეიმურაზ I მიიწვია. 1625 წელს ქართლში შევიდა ირანელთა ახალი ლაშქარი აბას I-ის სიძის ისა-ხანის სარდლობით. ირანელებს ახლდათ ქართლის მეფე დავით XI-ის შვილი ხოსრო მირზა. ქართველთა 20-ათასიანი ლაშქარი კოჯორ-ტახბახმელას ვიწროებში დაბანაკდა. თემურაზ მეფის ჯარში იყვნენ ქართველმა სარდლებს გიორგი სააკაძე, ზურაბ არაგვის ერისთავი, ბარათა ბარათაშვილი, ბაადურ ციციშვილი, ქსნის ერისთავი, თეიმურაზ I მუხრანბატონი, აღათანგ ხერხეულიძე, კახეთის ეპისკოპოსები ალავერდელი, რუსთველი და ხარჭაშნელი, მროველი ეპისკოპოსი, დავით ჯანდიერი, სამცხის ათაბაგი მანუჩარ III. ქართველთა სამხედრო თათბირზე არ იქნა გაზიარებული სააკაძის გეგმა, რომ ბრძოლა ვიწროებში გაემართათ. სააკაძე ბრძოლის ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს. ბრძოლა გაიმართა 1 ივლისს მარაბდის გაშლილ ველზე. ის თავდაპირველად ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ სპარსელთა გამარჯვებით დასრულდა. ორივე მხარემ დიდი ზარალი ნახა. ქართველებმა დაკარგეს 10 ათსი მოლაშქრე, ხოლო სპარსებმა 14 ათასი. მარაბდის ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად ქართველები აგრძელებდნენ პარტიზანულად ბრძოლას. ქსნის ხეობაში სააკაძემ თითქმის ბოლომდე ამოწყვიტა სპარსელების 12-ათასიანი ჯარი. მიუხედავად ამისა, ქართლის ციხეებში კვლავ სპარსელების გარნიზონები ჩადგა, ქართლის მმართველად დაბრუნდა სიმონ II. თეიმურაზ I კვლავ იმერეთში გაიქცა. გიორგი სააკაძემ სამცხეს მიაშურა.

ბაზალეთის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამცხის მთავარი ციხეების 1624 წლიდან ყიზილბაშებს ეკავათ. გიორგი სააკაძემ ადგილობრივი ფეოდალების, გოგორიშვილების, შალიკაშვილების, დიასამიძეების რაზმებით შეუტია ყიზილბაშთა გარნიზონებს და აიღო ხერთვისის ციხე, აწყურის ციხე და ფარავანი. ახალციხე ყიზილბაშებმა თავად მიატოვეს და ყარაბაღში მდგარ ისა-ხანთან მივიდნენ. ისა-ხანმა გაგზავნა ლაშქარი, რომელიც სააკაძემ ასპინძასთნა ბრძოლაში დაამარცხა. სააკაძემ ელჩები გაუგზავნა ოსმალეთის სულთანს მურად IV-ს და დახმარება სთხოვა. სამცხის ციხეები ოსმალებმა დაიკავეს. ამის შემდეგ სააკაძე გადავიდა დასავლეთ საქართველოში, სადაც შეეცადა ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები. იქ სააკაძე შეხვდა იმერეთის მეფე გიორგი III-ს, გურიის მთავარსა და აფხაზეთის კათოლიკოსს მალაქია II-ს და ოდიშის მთავარს ლევან II დადიანს. 1626 წლის ადრე გაზაფხულზე სააკაძე თეიმურაზ I-თან ერთად იბრძოდა ქართლ-კახეთის ციხეებიდან ყიზილბაშთა განდევნისთვის და პრაქტიკულად ყველა ციხე გაათავისუფლა, გარდა თბილისისა. სააკაძეს დაუპირისპირდნენ ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი და სიძე იესე ქსნის ერისთავი. სააკაძის და თეიმურაზის არყოფნის დროს მათ გააფათოვეს საკუთარი საერისთავოები. იესე ქსნის ერისთავმა საკუთარი ძმები ოჯახებიანად ამოწყვიტა და მათ მამულებს დაეპატრონა, ზურაბ არაგვის ერისთავმა კი დაიპყრო ერწო-თიანეთი და ააწიოკა ფშავ-ხევურეთი. სააკაძემ ორიენტაცია აიღო იმერეთის მეფეზე და გიორგი III-ს შესთავაზა მისი ძის, ალექსანდრეს გამეფება ქართლსა და კახეთში.

ბრძოლა გარდაუვალი გახდა. 1626 წლის შემოდგომაზე თეიმურაზ I დუშეთში გამაგრდა, მას მხარს უჭერდა ზურაბ არაგვის ერისავი და იოთამ ამილახვარი. გიორგი საკააძე მუხრანში დაბანაკდა. მის მხარეს იყვნენ იესე ქსნის ერისთავი და ქაიხოსრო მუხრანბატონი. ბრძოლა გაიმართა ნოემბერში. სააკაძის ნაცვლად მისი სამოსით იბრძოდა მესხი ფეოდალი დაუთბეგ გოგორიშვილი, რომელიც ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს. ხმა ბრძოლის ველზე ხმა დაირხა დიდი მოურავი მოკლესო და ამან გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. ბაზალეთში დამარცებული სააკაძე ოსმალეთში წავიდა. ის კონიის მმართველად დანიშნეს. 1627-1628 წლებში სააკაძე მონაწილეობდა შაჰ-აბასის მხარეს გადასული ერზურუმის ფაშას წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. 1629 წლის 3 ოქტომბერს სააკაძე იმპერიის დიდმა ვეზირმა ექრემ ჰუსრევ-ფაშამ შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.

როსტომ-ხანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტომ ხანი
დაუდ-ხანი უნდილაძე (კასტელის ჩანახატი)

ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ თეიმურაზ I დაუდ-ხანის შუამავლობით შეურიგდა შაჰ აბასს. შაჰი კომპრომისზე წავიდა და თეიმურაზი მეფედ სცნო, თუმცა ქართლის ხანობა შეუნარჩუნა სიმონ II-საც. ზურაბ არაგვის ერისთავმა მოკლა სიმონ II და მისი თავი მიართვა თეიმურაზს. თეიმურაზმა საპასუხოდ ზურაბ ერისთავი მოაკვლევინა და მისი თავი შაჰ-აბასს გაუგზავნა იმის ნიშნად, რომ სიმონ II-ის მკვლელობის გამო იძია შური. შაჰ-აბასმა თეიმურაზს ქართლიც და კახეთიც დაუმტკიცა. თეიმურაზმა ქართლ-კახეთის ჯარით დაამარცხა ლეკები, რომლებიც გამუდმებით თავს ესხმოდნენ კახეთს. 1626-1629 წლებში თეიმურაზის ელჩი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ესპანეთსა და რომში იმყოფებოდა და შეხვდა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-სა და რომის პაპ ურბან VIII-s. ევროპისგან რეალური დახმარება თეიმურაზმა ვერ მიიღო.

1632 წლის გაზაფხულზე თეიმურაზმა მხარი დაუჭირა ირანის შაჰ სეფი I-ის წინააღმდეგ აჯანყებულ დაუდ-ხანს. თეიმურამზმა და დაუდ-ხანმა ერთად დალაშქრეს ყარაბაღი, დიდძალი ქონება და ტყვეები წამოასხეს და გორში დადგნენ. შაჰ-სეფიმ დაუდ-ხანის ძმა იმამ ყული-ხანი მოაკვლევინა, დაუდ-ხანის შვილები დაასაჭურისა, თეიმურაზს კი დაუდ-ხანის გადაცემა მოსთხოვა. თეიმურაზმა დაუდ-ხანი შაჰს არ გადასცა. სეფი I-მა კახეთის მმართველად დანიშნა სელიმ-ხანი, ხოლო ქართლის გამგებლად როსტომი იგივე ხოსრო-მირზა. ორივე ხანი სეფი I-მა დიდი ლაშქრით გაგზავნა საქართველოში. ჯარს სარდლობდა როსტომ-ხან სააკაძე. თეიმურაზი ბრძოლას გაერიდა და იმერეთში გადავიდა.

ყიზილბაშთა სამხედრო ძალით მაფებულმა როსტომმა ქართლში 25 წლის განმავლობაში იმეფა და 92 წლის ასაკში ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. დაუდ ხანის უკანონო შვილი ხოსრო მირზა ირანში გიორგი სააკაძის დახმარებით დაწინაურდა და ქალაქ ისპაჰანი თავი და ყულარაღასი გახდა. ხოსრო მირზას დახმარებით დაიკავა შაჰის ტახტი სეფი I-მა. ხოსრო მირზა მონაწილეობდა მარაბდის ბრძოლაშიც, ირანელების მხარეს. ქართლში გამეფებისთანავე როსტომმა დაიწყო ციხეების გამაგრება. მან გაამაგრა თბილისისა და სურამის ციხეები და ხელახლა ააშენა გორის ციხე. გამეფებისას როსტომი 67 წლის იყო. 1634 წელს თეიმურაზმა ზაალ არაგვის ერისთავის დახმარებით სცადა როსტომის გაძევება ქართლიდან, მაგრამ ვერ მოახერხა. იმავე წელს თეიმურაზმა შეძლო სელიმ-ხანის დამარცხება და კახეთის დაკავება. როსტომი აპირებდა კახეთში გალაშქრებას, მაგრამ თეიმურაზმა მას მორიგება შესთავაზა და როსტომი და თეიმურაზი მორიგდნენ. ამ მორიგებით კმაყოფილი დარჩა შაჰიც. თეიმურაზმა ასული თინათინი როსტომის მეშვეობით შაჰს გაუგზავნა. 1635 წელს თეიმურაზმა რუსეთის სამეფოში ელჩობა გაგზავნა, 1639 წელს კი რუსეთის მეფის ერთგულების ფიცი დადო. 1638 წელს როსტომმა ცოლად შეირთო მარიამ დადიანი. მარიამ დედოფალი დაზიანებული ეკლესია-მონასტრების აღდგენით იყო დაკავებული. მისი მზრუნველობით აღდგა ბოლნისის სიონი და რუისის ღვთისმშობლის ტაძარი. მარიამმა გადააწერინა ძველი ქართული ხელნაწერები, მათ შორის მარიამისეული ქართლის ცხოვრება. როსტომმა მოხელეებად ირანელები დანიშნა. მათ მამულებიც დაურიგა და ბევრი ადგილობრივი თავადი შეავიწროვა. ჩამოყვანილი ხალხი დანიშნა. როსტომმა მოაკვლევინა დათუნა არაგვის ერისთავი და მოაოხრა არაგვის საერისთავო., დააწინაურა ირანის მომხრე თავადები , შეავიწროვა თეიმურაზის მომხარე თავადები. 1642 წელს თეიმურაზმა მხარი დაუჭირა როსტომის საწინააღმდეგო შეთქმულებას. შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I. შეთქმულება გასცა სომხითის მელიქმა ყორხმაზბეგმა და როსტომმა მოასწრო გორის ციხეში გამაგრება. ქართლში ლაშქრით გადასული თეიმურაზი უკანვე დაბრუნდა. როსტომმა ევედემოზ I სიკვდილით დასაჯა, სხვა შეთქმულებს კი თვალები დასთხარა. 1648 წელს როსტომი ჯარით კახეთს შეესია და თიანეთში გამაგრებული თეიმურაზი დაამარცხა. კახელთა ლაშქრის მეორე ნაწილი როსტომმა ქიზიყში დაამარცხა. ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი შვილი დათუნა ბატონიშვილი.

თეიმურაზი კვლავ იმერეთში გაიხიზნა და ისე რუსეთის სამეფოზე დაამყარა იმედები. 1653 წელს მან რუსეთში გაუშვა შვილიშვილი ერეკლე. როსტომის მმართველობის დროს ქართლში დამყარდა მშვიდობა, განვითარდა ვაჭრობა-ხელოსნობა, აღდგა გზები, აშენდა ახალი არხები, ქარვასლები და ხიდები. როსტომს შვილი არ ჰყავდა. 1653 წელს მან მემკვიდრედ ამოარჩია და იშვილა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი ვახტანგ V. 1656 წელს კახეთი როსტომის ნაცვლად კვლავ სელიმ-ხანს გადაეცა სამართავად. 1658 წელს გარდაიცვალა როსტომ-ხანი ის ირანის ქალაქ ყუმში დაკრძალეს.

კახეთის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1658 წელს თეიმურაზი მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ იმედგაცრუებული დაბრუნდა უკან. საქართველოში დაბრუნებულს ცოცხალი აღარ დახვდა შვილიშვილი ლუარსაბი და მეუღლე ხორეშანი. მის არყოფნაში კახეთში მოხდა აჯანყება. ირანის შაჰი აბას II მისი ბაბუის მსგავსად აპირებდა კახეთის სახანოდ გადაქცევას და 15 ათასი მომთაბარე ოჯახის დასახლებას. ირანელებმა გაამაგრეს ციხე-სიმაგრედ გადაკეთებული ალავერდი, ააგეს ყარაღაჯის და ბახტრიონის ციხეები. ამის შემდეგ კახეთი ორ ნაწილად გაყვეს, სამხრეთ აღმოსავლეთი დაექვემდებარა ყარაბაღის ბეგლარბეგ მურთუზა ყული-ხანს, ხოლო დანარჩენი ნახიჩევანის მმართველს ალი ყული-ხან ქენგერლუს. მათ დაევალათ კახეთში მომთაბარეთა დასახლება. ხანებმა 80 ათასი ადამიანის დასახლება მოასწრეს. ამასობაში მთის მოსახლეობამ დაიწყო ირანის საწინააღმდეგო აჯანყებისთვის მზადება. მეთაურები იყვნენ თუში ზეზვა გაფრინდაული, ხევსური ნადირა ხოშარაული და ფშაველი გოგოლაური. აჯანყების საერთო ხელმძღვანელი იყო ზაალ არაგვის ერისთავი. სამხედრო მოქმედებებს ხელმძღვანელობდნენ თავადი ბიძინა ჩოლოყაშვილი, ალავერდელი ეპისკოპოსი, ელიზბარ და [შალვა ქსნის ერისთავი|შალვა]] ქსნის ერისთავები. აჯანყებულებებს უპირველესად უნდა აეღოთ ბახტრიონის ციხე, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას დიგა და მთიდან ბარში ჩამავალ გზებს აკონტროლებდა. ბახტრიონის ციხეს მიადგა არაგვის და ქსნის საერისთავოების ჯარი თიანეთის მხრიდან, ასევე თუშ-ფშავ-ხევსურთა რაზმები. ამავდროულად ბიძინა ჩოლოყაშვილმა კახელთა რაზმით შეუტია ალავერდს. ქართველებმა ორივე გარნიზონი თითქმის მთლიანად ამოხოცეს, გარნიზონის გაქცეული წევრები კი ალვანის ველზე გაწყვიტეს. ამ ადგილას ახლაც გაწყვეტილას უწოდებენ. აჯანყებულები კახეთში დასახლებულ მომთაბარეებს დაერივნენ და ან ამოხოცეს, ან კახეთიდან გააქციეს. აჯანყებამ კახეთში სამეფო ხელისუფლება მაინც ვერ აღადგინა. მურთუზა ყული-ხანმა შეძლო აჯანყებულთა დაქსაქსვა და ზოგიერთი ფეოდალის გადაბირება. აჯანყების ორგანიზატორი ზაალ ერისთავი ვახტანგ V-ის ბრძანებით მოკლეს 1660 წელს. ვახტანგმა ზაალის შვილები შაჰს გაუგზავნა. შაჰთან თავად გამოცხადდნენ შალვა და ელიზბარ ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი. 1662 წელს ირანში სამივე სასტიკად აწამეს. შემდგომში ისინი სამშობლოში გადაოასვენეს და იკორთის მონასტერში დაკრძალეს. საქართველოს ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.

XVII საუკუნის II ნახევარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ V შაჰნავაზი იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისთვის. მან ცოლად შეირთო როსტომის ქვრივი მარიამ დადიანი. ვახტანგი ცდილობდა ქართლ-კახეთის ერთიანობის შენარჩუნებას და იმერეთში საკუთარი ძალაუფლეიბს გავრცელებას. 1660 წელს ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის სამეფოში არეულობა დაიწყო. იმერეთის ზოგმა თავადმა მიიწვია ვახტანგ V. 1661 წელს იმერეთში მყოფი თეიმურაზ I ბერად აღიკვეცა. ვახტანგ V-მ იმერეთის სამეფოში ილაშქრა და იმერეთი შემოიმტკიცა, ოდიშის მთავრად დასვა ლევან III დადიანი, ზუგდიდში მიიღო მორჩილების ფიცი აფხაზეთის მთავარ შერვაშიძისაგან, ხოლო ქუთაისში დემეტრე გურიელისაგან. 1661 წელს ვახტანგმა იმერეთის მეფედ დატოვა შვილი არჩილ II. იმერეთში ყოფნის დროს ვახტანგმა სკანდის ციხეში მყოფი თეიმურაზი დაატყვევა. ვახტანგ V-მ თეიმურაზი ირანის შაჰს აბას IIს მიჰგვარა. შაჰმა თეიმურაზს მოსთხოვა დაეყოლიებინა შვილიშვილი ერეკლე I შაჰის კარზე ჩასვლაში. ერეკლე ამ დროს თუშეთში ირანის წინააღმდეგ რაზმავდა ხალხს. ერეკლე შაჰთან არ გამოცხადდა. აბას II-მ თეიმურაზი ასტრაბადის ციხეში ჩასვა, სადაც თეიმურაზი 1663 წელს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნეშტი ალავერდში დაკრძალეს. თეიმურაზი პოეტი იყო. მან ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა ახალი ჟანრები გაბაასება, ანბანთქება, მაჯამა, „ქეთევანიანით“ ქართულ პოეზიაში შეიტანა ეროვნული თემატიკა.

ვახტანგმა პრაქტიკულად გააერთიანა ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები. ის ვერ აკონტროლებდა კახეთის მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც ბახტრიონის აჯანყების შემდეგ მურთუზა ყული-ხანის მიერ ჩაყენებული გარნიზონები იდგნენ. საქართველოს გაერთიანება მიუღებელი იყო როგორს ოსმალეთის, ასევე ირანისთვის, რადგან არღვევადა მათ შორის არსებულ საზავო პირობებს. ოსმალეთმა ირანისგან იმერეთზე უარის თქვა მოითხოვა. 1663 წელს ირანის შაჰის მოთხოვნით ვახტანგმა არჩილ II იმერეთიდან გაიწვია და შაჰთან გაგზავნა. ირანში არჩილმა ისლამი მიიღო და შაჰ ნაზარ-ხანი ეწოდა. ირანმა არჩილ II გამოიყენა [[ერეკლე I]-თან დასაპირისპირებლად. ერეკლე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი იყო, რომელიც თუშეთში რაზმებს აგროვებდა და კახეთში გამეფებას აპირებდა. რუსული ორიენტაციის ერეკლეს ნაცვლად ირანმა კახეთის მეფედ არჩილ II დაამტკიცა. 1664 წელს ვახტანგის დახმარებით არჩილ II-მ კახეთი დაიკავა. კახელი თავადები არჩილს უკანონო მეფედ მიიჩნევდნენ და მეფედ ერეკლე სურდათ. ვახტანგმა და არჩილმა ერეკლე ბრძოლაში დაამარცხეს. ერეკლე თორღას ციხეში გამაგრდა, სადაც 7 თვის განმავლობაში ალყაში იყო მოქცეული. ერეკლეს დედა, ელენე დიასამიძემ ვახტანგს შვილის გაპარება სთხოვა და ვახტანგმა საიდუმლოდ გააპარა დედა-შვილი. ვახტანგ V-მ კახელი თავადები არჩილის ერთგულებაზე დააფიცა და ქართლში დაბრუნდა.

მამა-შვილი შეთანხმებით მეფობდა. ეს დაეტყო ორივე სამეფოს, მოღონიერდა აოხრებული კახეთი ,განახლდა ეკლესია-მონასტრები, აიგო ახალი შენობები, მოწესრიგდა გზები, არჩილმა აღკვეთა ლეკების თავდასხმები, დალაშქრა და დახარკა ჭარ-ბელაქანი. არჩილმა კახეთის დედაქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა და იქ ააგებინა სამეფო სასახლე. ვახტანგის მეფობის დროს გაძლიერდა ქართლიც, ვითარდებოდა ვაჭრობა-ხელოსნობა. საშინაო პოლიტიკაში ვახტანგი უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე მისი წინამორბედები. ირანში არ მოსწონდათ ქართლ-კახეთის ერთიანობა და შაჰმა სულეიმან I-მა გადაწყვიტა გაეთიშა ეს ორი სამეფო. 1674 წელს მან ირანში მიიწვია ერეკლე ბატონიშვილი. ერეკლე რუსეთიდან ირანში კახეთის გავლით წავიდა. არჩილ II-მ დიდი პატივით მიიღო და გაისტუმრა ირანში მიმავალი ერეკლე. არჩილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ერეკლეს კახეთის ტახტს დაუმტკიცებდნენ, ამიტომ თავად გაეცალა კახეთს და სცადა ხელახლა გამეფებულიყო იმერეთში. არჩილა II შეცდა და ერეკლე ბატონიშვილს, რომელის ისლამის მიღებისგან თავს იკავებდა, ტახტი არ დაუმტკიცეს.

არჩილ II-ს იმერეთში მეტოქედ დახვდა მისივე უმცროსი ძმა ლუარსაბი, რომელიც რაჭის ერისთავების სიძე იყო და ახალციხის ფაშას დახმარებით ცდილობდა იმერეთში გამეფებას. არჩილიც ახალციხის ფაშასთან მივიდა. ოსმალეთის იმპერიის მოხელესთან ორი შვილის ყოფნა ირანის შაჰმა არ აპატია ვახტანგს და თავისთან დაიბარა. ირანში მიმავალი ვახტანგი გზაზე გარდაიცვალა. ის უკან აღარ დაუბრუნებიათ და ქალაქ ყუმში დაკრძალეს. ქართლის მეფედ დაინიშნა ვახტანგის ძე გიორგი XI. გიორგი XI კიდევ უფრო დამოუკიდებელი აღმოჩნდა, ვიდრე მისი მამა, ის ებრძოდა ირანის მომხრე თავადებს, ურთიერთობები დაამყარა ოსმალეთის იმპერიასთან, სცადა კახეთის დაკავება და იქედან ყიზილბაშების გაძევება, უარი უთხრა შაჰს არჩილ II-ის გაცემაზე და პირიქით დაეხმარა მას იმერეთის მეფის ტახტის დაკავებაში. არჩილ II-მ იმერეთის მეფობას 1678-1698 წლებში ოთხჯერ მიაღწია, მაგრამ თითო წლით. 1699 წელს არჩილ II რუსეთში წავიდა და მოსკოვის მახლობლად სოფელ ვსესვიატსკოეში დასახლდა. აქ მან დააარსა ქართული სტამბა და 1705 წელს დაბეჭდა დავითნი და პირველმა დაიწყო მზადება ქართულად ბიბლიის დასაბეჭდად, მაგრამ ვერ მოასწრო. არჩილმა საფუძველი დაუდო ქართულ ისტორიულ პოემას. გარდაიცვალა 1713 წელს, დაკრძალეს დონის მონასტერში, შვილების გვერდით.

არჩილ II
გიორგი XI (უცნობი მხატვარი).
ერეკლე I.

1688 წელს ირანის შაჰმა გიორგი XI გადააყენა და მის ნაცვლად ქართლის მეფედ დანიშნა ერეკლე I, რომელმაც საბოლოოდ მიიღო ისლამი და ეწოდა ნაზარალი-ხანი. ერეკლეს, გარდა ქართლისა, მისცეს თუშეთი და ქიზიყი. გიორგი XI იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო. ხანმოკლე დროით ქართლში გამეფდა კახეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. ქართლის თავადებმა კახელი მეფე არ მიიღეს. მათ შორის იყო კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ IX. ერეკლე I-მა ნიკოლოზი და რამდენიმე მღვდელმთავარი, მათ შორის ტფილელი და მანგლელი ეპისკოპოსები გადააყენა. ერეკლეთი უკმაყოფილო თავადებმა იმერეთიდან გიორგი XI მოიწვიეს, გიორგი 1691 წელს დაბრუნდა ქართლში და ქართლი რამდენიმეწლიანმა ბრძოლებმა მოიცვა. 1703 წელს შაჰმა ჰუსეინმა ერეკლე I კახეთის, გიორგი XI კი ქართლის მეფედ დაამტკიცა და დავა ასე გადაჭრა. მაგრამ შაჰმა ორივე მხოლოდ ნომინალურად დანიშნა მეფედ, გიორგი XI შაჰმა ამავდროულად დანიშნა ირანის ჯარების სპასალარად და ყანდაარის ბეგლარბეგად, ხოლო ერეკლე I ყულარაღასად ისპაჰანში და ორივე რეალურად ჩამოაცილა სამეფოებს.

დასავლეთ საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან დადიანი.
ალექსანდრე III
სამეგრელოს (ოდიშის) თავადები
სამეგრელოს აზნაური სრულ ფორმაში

ლევან II დადიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის დასწყისში დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებში ხელისუფლებაში ახალი პირები მოვიდნენ. იმერეთში 1604 წელს გამეფდა გიორგი III, გურიის მთავარი 1600 წელს გახდა მამია II გურიელი, ოდიშის სამთავროს კი ლევან II დადიანის მცირეწლოვნობის გამო განაგებდა მისი ბიძა გიორგი I ლიპარტიანი. თავდაპირველად მეფე-მთავართა შორის მშვიდობიანობა იყო. გიორგი ლიპარტიანს კარგი ურრთიერთობა ჰქონდა იმერეთის მეფესთან და გურიის მთავართან. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ იმრეთის მეფეს და გურიის მთავარს ერთმანეთშიც. იმერეთის მეფის ვაჟმა ალექსანდრემ ცოლად მოიყვანა გურიის მთავრის ასული. მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელდა. ალექსანდრემ თამარ გურიელს ღალატი დასწამა, რაც ეწყინა მამია გურიელს და მან მტრობა დაუწყო იმერეთის მეფეს. ოდიშის სამთავროში უკვე გაზრდილმა ლევან II დადიანმა ნათესაური კავშირები დაამყარა აფხაზეთის მთავარ შევრაშიძესთან და მამია გურიელთან, რომლის ვაჟს, სიმონს მიათხოვა და მარიამი. მთავართა გაერთიანება არ გამოეპარა იმერეთის მეფეს, რომელმაც დაიწყო მზადება ურჩ მთავართა დამორჩილებისთვის. 1623 წელს გოჭოურის ბრძოლაში ლევან II დადიანმა ოდიშელების, ჯიქების და აფხაზების გაერთიანებული ლაშქრით დაამარცხა მეფე. ბრძოლაში ტყვედ აყვანილი იმერლები ლევან დადიანმა მხოლოდ გამოსასყიდის გადახდის ემდეგ გაუშვა. ეს საქართველოს შინაომებში ტყვის გამოსყიდვის პირველი შემთხვევა იყო.

ლევან II დადიანი ეტრფოდა თავის ბიცოლას, დარეჯან ჭილაძეს. თავად დადიანის ცოლ თამუნიას კი რომანი ჰქონდა დადიანის ვეზირ წულუკიძესთან. ლევან დადიანმა თამუნიას ცხვირი მოაჭრა და მის მამას, აფხაზეთის მთავარ შერვაშიძეს მიყვანა, თან აფხაზეთიც მოარბია, ხოლო წულუკიძე გურიელს გამოაკეტინა ციხეში. თამუნიასგან შეძენილი შვილები ლევან დადიანმა მოაკვლევინა. ოჯახური ტრაგედია დატრიალდა გურიის სამთავროშიც, სადაც სიმონ II გურიელმა მოკლა მამა, მამია II გურიელი. მამიას მკვლელობით გაბრაზებულმა ლევან დადიანმა გაილაშქრა სიმონის წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა ლანჩხუთთან, სადაც დადიანმა სიმონი დაატყვევა. ლევან დადიანმა სიმონ გურიელს წაართვა ცოლი და თვალები დათხარა, ხოლო გურიელის ტახტზე დასვა მალაქია II. სიმონისთვის წართმეული მარიამ დადიანი მალე ლევან დადიანმა ქართლის მეფე როსტომს მიათხოვა. ლევან II დადიანი ყოველწლიურად თავს ესხმოდა იმერეთის სამეფოს და ისედაც სუსტი იმერეთი გაჩანაგებამდე მიიყვანა. 1634 წელს კაკას ხიდთან ბრძოლაში დადიანმა ტყვედ ჩაიგდო გიორგი III. დადიანმა მეფე მხოლოდ საფასურის გადახდის და საჭილაოსა და სამიქაოს დასაკუთრების შემდწეგ გაათავისუფლა. გარდა ამისა, დადიანმა ჩხარიდან და ჩიხორიდან იქ მცხოვრები ებრაელი ვაჭრები რუხში გადაასახლა. იმერეთის მეფის და ლევან დადიანის შერიგება ვერც დასავლეთში მყოფმა თეიმურაზ I-მა მოახერხა.

1634 წელს იმერეთის მეფე გახდა ალექსანდრე III. მასაც მწვავე ურთიერთობა ჰქონდა ლევან დადიანთან. დადიანი განაგრძობდა თავდასხმებს იმერეთის სამეფოზე. 1645 წელს ლევან დადიანმა ქუთაისის აღება გადაწყვიტა. მან ლაშქართან ერთად 30 ზარბაზანი გაგზავნა ქუთაისის ასაღებად. ციხის აღება დადიანმა ვერ შეძლო, მაგრამ დაანგრია მეფის სასახლე აჯამეთში, გაავერანა ქუთაისის მიმდებარე სოფლები და დიდძალი ნადავლი იშოვა. 1646 წელს დადიანმა კვლავ დიდი ლაშქრობა მოაწყო იმერეთზე. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს დადიანმა ზარბაზნები გელათს დაუშინა. დადიანის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე III-ის ძმა მამუკა ბატონიშვილი. ის პარტიზანულად ესხმოდა თავს დადიანის რაზმებს და დიდ ზიანს აყენებდა. 1647 წელს მამუკა ბატონიშვილი ტყვედ ჩაუვარდა ლევან დადიანს. ალექსანდრე III-მ ძმის გამოხსნა ვერ მოახერხა. 1648 წელს თეიმურაზ I ეწვია ლევან დადიანს და სცადა მამუკა ბატონიშვილის გათავისუფლება, მაგრამ ვერ მიაღწია ამას. 1649 წელს ალექსანდრე III-მ რუსეთის სამეფოს მიმართა დასახმარებლად და კაზაკების რაზმები სთხოვა. ამან ლევან დადიანი კიდევ უფრო გააღიზიანა და ოდიშელ მონაპირე თავადებს იმერეთის მუდმივი აწიოკება დაავალა. მამუკა ბატონიშვილი კი ლევან დადიანმა ჯერ დააბრმავა, 1653 წელს კი წამებით მოკლა.

ლევან II დადიანის დროს ოდიშის სამთავრო გაძლიერდა, მარბიელი ლაშქრობებით და ტყვეებით ვაჭრობით ნაშოვნი ფულით დადიანი დასავლეთ საქართველოში ყველაზე ძლიერი და მდიდარი ფეოდალი გახდა. დადიანი ზრუნავდა საკუთარ სამთავროში ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარებაზე, აშენებდა ახალ სასახლეებს, ეკლესია-მონასტრებს, არემონტებდა ძველს, დიდძალ მამულებს და ძვირფასეულობას სწირავდა ეკლესიას.

არეულობა იმერეთის სამეფოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე III მემკვიდრედ არ ცნობდა მრუშობაში დადანაშაულებული მეუღლისგან შეძენილ შვილს ბაგრატს და ტახტის მემკვიდრედ მეორე ცოლის ძმისშვილი ლუარსაბი გამოაცხადა. ლუარსაბი მალე გარდაიცვალა და ალექსანდრე III-მ რუსეთში ელჩობა გაგზავნა, რათა იმერეთში რუსეთში მყოფი ერეკლე ბატონიშვილი გაეგზავნათ. ერეკლე იმერეთში ვერ ჩავიდა და ალექსანდრე იძულებული გახდა, ისევ საკუთარი შვილი მიეღო მემკვიდრედ. ბაგრატ IV ტახტიდან ჩამოაგდო დედინაცვალმა დარეჯანმა. მან ბაგრატს თვალები დასთხარა, ხოლო ტახტი შესთავაზა სკანდეს ციხეში მყოფ თეიმურაზ I-ს, რომელმაც იმერეთის მეფობაზე უარი თქვა. დარეჯანი გათხოვდა ვახტანგ ჭუჭუნიაშვილზე და ის გაამეფა. უსინათლო ბაგრატმა მიიმხრო ახალციხის ფაშა, დადიანი, გურიელი და ჩამოაგდო ვახტანგ ჭუჭუნაიშვილი, დააბრმავა და ახალციხის საფაშოში გააგდო. იმერეთის მეფე გახდა ვამეყ III დადიანი. იმერეთში არსებული არეულობით ისარგებლა ქართლის მეფე ვახტანგ V-მ და იმერეთი დაიკავა. ოდიშის მთავრად მან დასვა ლევან III დადიანი, ხოლო იმერეთის მეფედ შვილი არჩილ II. ბრმა ბაგრატ IV კი ქართლში წაიყვანა. არჩილმა იმერეთში სულ ორი წელი იმეფა. ოსმალეთის იმპერიის მოთხონვნით ვახტაგნ V-მ ის უკან გაიწვია. იმერეთში დროებით გამეფდა დემეტრე გურიელი, რომელმაც ლევან III დადიანი ოდიშის მთავრის ტახტიდან გადააყენა და დადიანობაც შეითავსა. გურიელის მეფობა და დადიანობა მოკლევადიანი იყო. იმერელმა თავადებმა ის გააძევეს და ვახტანგ V-მ მათი თხოვნით იმერეთში ბაგრატ IV დააბრუნა. იმერეთში არეულობა კიდევ დიდხანს გაგრძელდა. 1668 წელს ბრმა ბაგრატ IV ტახტიდან ჩამოაგდეს. ამის შემდეგ მან კიდევ ორჯერ მოახერხა გამეფება 1669 და 1679 წლებში. შუალედებში ტახტს იკავებდა არჩილ II 1678-1679, 1690-1691, 1695-1696 და 1698 წლებში. 1683 წელს იმერეთში გამეფდა ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი ალექსანდრე IV, მის შემდეგ კი მისი ასევე უკანონო შვილი სიმონი.

აფხაზეთის სამთავრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის საერისთავო შედიოდა ოდიშის სამთავროში. XVII საუკუნის დასაწყისში ერისთავმა შარვაშიძეებმა მიაღწიეს დამოუკიდებლობას ოდიშისგან და ჩამოაყალიბეს აფხაზეთის სამთავრო. სამთავროს ცენტრი გახდა ლიხნი. ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა აფხაზეთის სამთავროს თავდასხმებისგან თავის დასაცავად სამთავროთა საზღვარზე ააგო სიმაგრეთა სისტემა კელასურის კედელი. სამთავროს მუდმივად უწევდა ჩრდილო-კავკასიელ მთიელთა აგრესიის მოგერიება, რასაც მოგვიანებით დაემატა ოსმალეთის იმპერიის ექსპანსია. 1670-იან წლებში ოსმალებმა აიღეს სოხუმი. ოსმალეთის აგრესიას თან სდევდა მოსახლეობის ისლამიზაცია, შეუძლებელი გახდა მართლმადიდებლური ეკლესიის ფუნქციონირება. 1681 წელს გაუქმდა მოქვისა და დრანდის საეპისკოპოსოები. 1680-იან წლებში აფხაზეთის სამთავრომ მიიტაცა ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი კელასურის კედლიდან მდინარე ღალიძგამდე, მოგვიანებით კი მდინარე ენგურამდე. აფხაზეთის სამთავრო იყოფოდა მცირე ფეოდალურ სამფლობელოებად. საძენი მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს მზიმთასა და ბზიფს შორის, ბზიფი მოიცავდა ტერიტორიას მდინარე ბზიფსა და გუმისთას შორის, გუმა — ტერიტორიას გუმისთასა და კოდორს შორის, აბჟუა კოდორსა და ღალიძგას შორის. XVII საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მთავრის, ზეგნაყ შარვაშიძის სამმა შვილმა სამად გაინაწილა სამთავროს ტერიტორია. როსტომ შარვაშიძემ მიიღო მთავრის ტიტული და ტერიტორია მდინარეებს ბზიფსა და კოდორს შორის, ჯიქეშია შარვაშიძემ მიიღო აბჟუა, ხოლო უმცროსმა ყვაპუ შარვაშიძემ მიიღო ტერიტორია ღალიძგასა და ენგურს. შორის. ამ უკანასკნელს ყვაპუს ვაჟის მურზაყან შარვაშიძის გამო სამურზაყანო დაერქვა. აფხაზეთის სამთავროს გაბატონებული კლასი იყო თავადაზნაურობა. გლეხობა იყოფოდა სამ ჯგუფად: ანხაიუ, ახოიუ და ახაშალა.

სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აწყურის ციხე
ხერთვისის ციხე

სამცხე სათაბაგოს დიდი ნაწილი, ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მიუხედავად ამის სამცხის მთავრები ყველა გზას ხმარობდნენ რათ ოსმალეთის ფარგლებიდან გამოსულიყვნენ. სამცხის ათაბაგი მანუჩარ II. ცდილობდა ირანის დახმარებით ოსმალეთა განდევნას. ამ მიზნით 1605 წელს მანუჩარი ირანში იმყოფებოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა შაჰ აბას I-თან. შაჰი ხვდებოდა თუ რა დიდ უპირატესობებს მოიპოვებდა ის თუ მანუჩარს მის მხარეს გადაიყვანდა. ამ მიზნით შაჰი მანუჩარს სრულ დახმარებებს ჰპირდებოდა, სინამდვილეში კი სამცხის სრული დაპყრობა სურდა. მანუჩარის გარდაცვალების შემდეგ სამცხეში ოსმალეთა წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა, მისი მეუღლე, სიმონ I-ის ასული ელენე. ელენემ დახმარებისთვის ირანს მიმართა. ირან-ოსმალეთის ომში, ელენემ ქართლის ჯარის დახმარებით შესძლო ახალციხის აღება, ამ ბრძოლაში ყიზილბაშბიც მონაწილეობდნენ. ახალციხის დაკავების შემდეგ აბას I-მა ათაბაგად მანუჩარის შვილი მანუჩარ III ცნო. ბრძოლის ამ ეტაპზე შაჰი მანუჩარის ვასალობას კმაყოფილდებოდა და მის ნამდვილ ზრახვებს არ ამჟღავნებდა. შაჰისთვის მთავარი იყო სამცხის მოსახლებისთვის ეჩვენებინა რომ ირანი სამცხეში ლმობიერ პოლიტიკას ატარებდა ვიდრე ოსმალეთი. ქართველებმა ქალაქი დიდხანს ვერ შეინარჩუნეს, ოსმალებმა დიდი ჯარი გამოგზავნეს და ქალაქი აიღეს. ქართლი და კახეთი ამ პერიოდში ყიზილბაშებთან სასტიკ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი და სამცხის დახმარებას ვერ ახერხებდნენ.

ქართლის პოლიტიკოსები მათ შორის თეიმურაზ I ირანის წინააღმდეგ ოსმალეთის გამოყენებას აპირებდა, ამიტომ მათ სამცხის დახმარება ნაკლებად შეეძლოთ. მაგრამ ირანი არ აპირებდა სამცხის ასე მარტივად დათმობას. XVII საუკუნის 20-იან წლებში ირანელებმა ახალციხე კვლავ დაიკავეს. ამჯერეად შაჰმა საჭიროდ არ ჩათვალა სამცხის მანუჩარისთვის დატოვება, სამცხე ყიზილბაშეებს ჩააბარა რომლებიც მოსახლეობის გაყიზილობაშებას შეუდგნენ. ცხადი გახდა რომ ირანის და ოსმალეთის ზრახვები სამცხესთან მიმართებაში არაფრით არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ოსმალები ძირითადად მესხეთის და სამცხის ნაწილის დაკავებისთვის იბრძოდა, რადგან სამცხის დიდი ნაწილი: ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი უკვე დიდი ხანია დაპყრობილი ჰქონდა ოსმალეთს. ამან განაპირობა ის რომ 1625 წელს ბასიანის ბრძოლაში ყიზილბაშების მოწინააღმდეგე უკვე მანუჩარ III იყო. მარაბდის ბრძოლისას ქსნის ხეობაში ყიზილბაშთა განადგურების შემდეგ გიორგი სააკაძე სამცხეში გადავიდა. 1625 წელს ასპინძასთან ბრძოლაში, მან ყიზილბაშები სასტიკად დაამარცხა აიღო აწყურის და ხერთვისის ციხეები. ამის შემდეგ ახალციხე ყიზილბაშებმა თავისით დატოვეს. გიორგი სააკაძემ დახმარება სულთანს სთხოვა, სულთანი დახმარების გაწევას დაჰპირდა სინამდვილეში კი არაფერი გააკეთა. ოსმალეთს ხელს აძლევდა რომ ირანს საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გამოეგზავნა, ამით საქართველოს ჯარის რაოდენობა შემცირდებოდა და ეს ოსმალებს შემდგომში საქართველოსთან ბრძოლისას გამოადგებოდა. ამიტომ იყო რომ სულთანი გიორგი სააკაძეს ბრძოლის გაგრძელებას ურჩევდა. გიორგიმ სამცხე მალე დატოვა და ქართლში დაბრუნდა.

მანუჩარ III იძულებული გახდა სულთანს ხლებოდა და მორჩილება გამოეცხადებინა. ირან-ოსმალეთის ბრძოლაში ოსმალეთისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თუ ვის მხარეს დაიჭერდა სამცხე. ამიტომ სულთანი ამჯერად დათმობაზე წავიდა და მანუჩარს ქრისტიანობის უარყოფა არ მოსთხოვა. ისე დაამტკიცა ათაბაგად. უკან დაბრუნებული მანუჩარი გზაში მისმა ბიძამ მოაწამვლინა.

1639 წელს ირანსა და ოსამალეთს შორის ზავი დაიდო. ზავის თანახმად მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს დარჩა. საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი დაიკარგა. სამცხე-საათაბაგოში მცხოვრებ ქართველებს მხოლოდ თავიანთი თავის იმედირა უნდა ჰქონოდათ. ისინი მარტოდმარტო აღმოჩნდნენ ოსმალეთის პირისპირ. ბრძოლა უთანასწორო იყო. მოსახლეობის ნაწილი ტოვებდა სამცხეს , ნაწილი მაჰმადიანდებოდა ნაწილი კი ინარჩუნებდა მართლმადიდებლობას. ამ დროიდან იწყება კათოლიკობის გავრცელება სამცხე-საათაბაგოში. ოსმალები კათოლიკეებს უფრო ნაკლებად ავიწროებდნენ ვიდრე მართლმადიდებლებს. ამიტომ ქართველობის ნაწილმა მაჰმადიანობის მიღებას კათოლიკობა არჩია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]