შინაარსზე გადასვლა

საქართველო XIII საუკუნეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო XIII საუკუნეში მოექცა მონღოლების ბატონობის ქვეშ, რამაც დაასრულა საქართველოს ოქროს ხანა. ამავე საუკუნეში გაჩნდა საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის პირველი ნიშნები ორმეფობის, დასავლეთ საქართველოს და სამცხე-საათაბაგოს ცალკე პოლიტიკურ ერთეულებად ჩამოყალიბების სახით.

ჯალალედინის ლაშქრობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხვარაზმელთა იმპერია 1220 წელს.
ევრაზიის ქვეყნები 1220 წელს.
მონღოლთა სახელმწიფო 1227 წელს.
მონღოლთა ლაშქრობები.
ცოტნე დადიანი (წმინდანი).

1223 წლის თებერვალში საქართველოს სამეფოს მეფედ ეკურთხა გარდაცვლილი გიორგი IV ლაშას და რუსუდანი. ეს იყო მეორე და უკანასკნელი შემთხვევა, როცა საქართველოს მეფე ქალი გახდა. 1225 წელს მას მოუწია ხვარაზმის სახელმწიფოსთან დაპირისპირება. ხვარაზმი 1220-იან წლებში მონღოლებმა დალაშქრეს. მონღოლთაგან დევნილი ხვარაზმის შაჰი ჯალალედინი 1225 წლის ზაფხულში საქართველოს შეესია. საქართველოში ელოდნენ ჯალალედინის შემოსევას. რუსუდანმა ქართველთა ლაშქრის სარდლად ივანე I მხარგრძელი დანიშნა.

ჯალალედინმა თავდაპირველად დვინის სანახები დალაშქრა, თუმცა ქალაქში არ შესულა. პირველი ბრძოლა მოხდა გარნისთან. ბრძოლაში ხვარაზმელებმა გაიმარჯვეს, ქართველებმა დაკარგეს 20 ათასი ადამიანი. ბრძოლის დროს კლიდადნ მოწყვეტილმა ლოდმა მოკლა ქართველთა ავანგარის სარდალი ივანე ახალციხელი, ხოლო მისი ძმა შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა და მალე ის სიკვდილით დასაჯეს. ქართველთა დამარცხების მიზეზები იყო ივანე მხარგრძელის გაუბედავი მოქმედებები, მისი ქიშპობა შალვა და ივანე ახალციხელებთან და ჯალალედინის სამხედრო-სტრატეგიული ნიჭი. გარნისის ბრძოლაში მოპოვებული წარმატების შემდეგ ჯალალედინა დვინი აიღო და თბილისზე ლაშქრობას აპირებდა, მაგრამ თავრიზში მოუწია დაბრუნება.

ჯალალედინი საქართველოში ხელახლა 1226 წლის ზამთარში შეიჭრა და ლორესა და გაგის ველების გავლით მიადგა თბილისს. რუსუდანმა დატოვა თბილისი და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. თბილისის დაცვა კი მემნა და ბოცო ჯაყელებს დაავალა. ჯალალედინმა თბილისზე შეტევა 8 მარტს დაიწყო. თბილისი ციხეებით კარგად დაცული ქალაქი იყო, მაგრამ ქალაქში მყოფმმა მუსლიმებმა 9 მარტს ხვარაზმელებს ქალაქის კარი გაუღეს, ხოლო მემნა ბოცოსძე ღალატით მოკლეს. ბოცო ჯაყელი ისნის ციხეში გამაგრდა და რუსუდანს დახმარებას სთხოვდა, მაგრამ რუსუდანის ბრძანებით ეს ციხეც მალევე დაცალეს და ქალაქი ჯალალედინს დაუთმეს. ხვარაზმელთა მხარეს გადავიდა და კვლავ ისლამი მიიღო რუსუდანის მეუღლემ ღიას ად-დინმა. ჯალალედინმა თბილისი ააოხრა და ქალაქის მოსახლეობას არნახული სისასტიკით გაუსწორდა. ის მოსახლეობას ისლამის მიღებას აიძულებდა, იძულებით წინადაცვეთას უტარებდა.

მისი ბრძანებით სიონის ტაძრის გუმბათი დაანგრიეს, მის ნაცვლად კი ტახტი დადგეს სადაც ჯალალედინი დაჯდა. გუმბათამდე დიდი კიბე აღმართეს, კიბის ძირში კი ხატები დაყარეს და ქრისტიანებს აიძულებდნენ ხატები ფეხით გაეთელათ. ვინც ამას არ შეასრულებდა, თავს კვეთდნენ. მემატიანის ცნობით ასი ათასი მოწამე დაიღუპა.

თბილისი გაიძარცვა, ხვარაზმ-შაჰმა უზარმაზარი სიმდიდრე იგდო ხელთ. ხვარაზმელებმა საქართველოს სხვა კუთხეებიც მოარბიეს. 1226 წლის ივნისში ჯალალედინმა საქართველო დატოვა და აქაური ჯარის სარდლობა შარაფ ალ-მულქის ჩააბარა. ქართველებმა პარტიზანული თავდასხმებით შარაფ ალ-მულქი ძლიერ შეავიწროვეს, ამიტომ იმავე წლის სექტემბერში ჯალალედინი კვლავ დაბრუნდა საქართველოში. ის შეეცადა ანისის, კარისა და ხლათის აღებას. ამ უკანასკნელზე ჯალალედინმა 1226 წლის ნოემბერ-დეკემბერში სამჯერ მიიტანა იერიში. ამ ქალაქების აღება ხვარაზმ-შამ ვერ შეძლო. 1226 ლის ბოლოს ქართველებმა თბილისზე გაილაშქრეს, ქალაქი აიღეს და იქიდან ხვარაზმელები განდევნეს, მაგრამ ქალაქის შენარჩუნების იმედი არ ჰქონდათ, ამიტომ გადაწვეს და უკან დაბრუნდნენ. 1228 წლის დასაწყისში გაიმართა ბოლნისის ბრძოლა, რომელშიც ქართველები ხვარაზმელებთან კვლავ დამარცხდნენ. ჯალალედინი 1231 წელს მოკლე ქურთისტანში.

1231 წელს საქართველოს სამხრეთ საზღვრებს მონღოლები მიადგნენ. საქართველოს სამეფო კარი შეეცადა კავშირის დამყარებას ეგვიპტის სასულთნოსთან, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ შეეცადა მონღოლთა ყურადღება რუმის სასულთნოზე გადაეტანა და ის დალაშქრა. საპასუხოდ, რუმის სასულთნომ დალაშქრა ტაო. 1233 წელს რუსუდანი იძულებული გახდა ზავი დაედო რუმის სასულთნოსთან და რუმის სულთანს ქეი-ხოსროვ II-ს 1237 წელს მიათხოვა ქალიშვილი თამარი. დქართველთა ცდა, შეეკრათ ანტიმონღოლური კოალიცია, წარუმატებლად დასრულდა. უშედეგო აღმოჩნდა დახმარების მიღების მიზნით რომის პაპთან ურთიერთობაც.

ირანის და კავკასიის დასაპყრობად მონღოლთა ყაენმა უგედეიმ გაგზავნა 40-ათასიანი ჯარი ჩორმაღან ნოინის მეთაურობით. მონღოლებმა მოკლე დროში დაიპყრეს ხვარაზმი, 1235 წელს აიღეს განჯა და მიაგდნენ შამქორს, რომელიც საქართველოს საზღვრებში შედიოდა და ვარამ გაგელის სამფლობელოს წარმოადგენდა. ვარამ გაგელი ბრძოლას მოერიდა და გაიხიზნა დასავლეთ საქართველოში სადა მეფე რუსუდანი იმყოფებოდა. შამქორი მონღოლებმა აიღეს. მონღოლებმა ასევე აიღეს, ლორე, დმანისი და დაცარიელებული თბილისი. მონღოლებს უბრძოლველად დანებდა ამირსპასალარი ავაგ მხარგრძელი. მას მიბაძეს სხვა ფეოდალებმაც. მონღოლებს წინააღმდეგობა გაუწია მხოლოდ მესხმა ფეოდალმა ივანე ჯაყელ-ციხისჯვარელმა, თუმცა ის დამარცხდა.

1242 წლისთვის მონღოლებმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაიკავეს. დასავლეთ საქართველოში ისინი არ გადასულან. 1243 წელს მონღოლებმა რუმის სასულთნო დაამარცხეს. ქუთაისში მყოფმა რუსუდანმა მონღოლებთან დაზავება გადაწყვიტა. ზავი დაიდო 1243 წელს. საქართველოს სამეფომ მონღოლთა საყაენოს ვასალობა და ხარკის გადახდა იკისრა. ქართველებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ მონღოლთა ლაშქრობებში. აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლთა ჯარი იდგებოდა. მონღოლები არ შეხებიან საქართველოს ეკლესიას და ყაენმა დიდი პატივით მიიღო კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ III, დაასაჩუქრა და წყალობის სიგელი უბოძა. რუსუდანმა მონღოლთა კარზე დასამტკიცებლად გაგზავნა მისი ძე დავითი, რომელიც 1230 წლიდან თანამოსაყდრედ ესვა.

1245 წელს რუსუდანი გარდაიცვალა. ქვეყანა უმეფოდ დარჩა, რადგან მეფობის დასადასტურებლად ყარაყორუმში წასული დავითი არ ჩანდა. საქართველოს სამეფო კარმა მეფობისთვის გამოძებნა გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი დავითი, რომელიც ათი წლის განმავლობაში რუმის სულთნის კარზე იმყოფებოდა, რამდენიმე წელი კი იქვე დილეგში ჰყავდათ რუსუდანისვე ბრძანებით. დავითიც მონღოლთა კარზე გაგზავნეს დასამტკიცებლად. ბიძაშვილ-მამიდაშვილები ერთმანეთს ყაენის კარზე შეხვდნენ. ყაენ გუიუქის გადაწყვეტილებით ტახტზე ორივე დაამტკიცეს. ასაკის მიხედვით მათ მონღოლურ ენაზე დავით უფროსი და დავით უმცროსი ეწოდათ.

მეფეთა დაბრუნებამდე მონღოლებმა საქართველო დაყვეს სამხედრო ერთეულებად დუმნებად. დუმნების სათავეში ქართველი ფეოდალები ჩააყენეს. სულ შეიქმნა ცხრა დუმანი და თითოეულს 10 ათასი მოლაშქრე უნდა გამოეყვანა და ხარკი გადაეხადა. ქართველებისთვის მონღოლა სამხედრო ბეგარა მძიმე მოსახდელი იყო. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ალამუთის ციხის ალყაში მონაწილეობა. ქართველები მონაწილეობდნენ ბაღდადის აღებაშიც. ქართველმა დიდებულებმა აჯანყება გადაწყვიტეს და ჯავახეთში კოხტასთავის ციხეში შეიკრიბნენ. კოხტასთავის შეთქმულება მონღოლთათვის ცნობილი გახდა და შეთქმულები შეიპყრეს. გადარჩა მხოლოდ ცოტნე დადიანი. დადიანმა შეიტყო, რომ დაპატიმრებულ დიდებულებს ანისის ახლოს აწამებდნენ. ის საკუთარი ნებით შეუერთდა თანამემამულეებს.მონღოლებმა დიდებულები გაათავისუფლეს.

  ოქროს ურდო
  ჩაგატაის ხანატი
  ილხანატი
  იუანის დინასტია
ილხანთა საყაენო
ჰულუგუ ყაენი
ოქროს ურდო

1247 წლის დასაწყისში საქართველოში დამტკიცებული მეფეები ჩავიდნენ. მათ დაიწყეს ქვეყნის მოწესრიგება, თუმცა მონღოლური მმართველობის პირობებში ეს სკამაოდ რთული იყო. მუნქე ყაენის მმართველობის დროს მონღოლებმა მთელ იმპერიაში საყოველთაო აღწერა ჩაატრეს. 1254 წელს მათ აღწერეს საქართველო. აღწერის შემდეგ საქართველოს ყოველწლიურად მონღოლთა სასარგებლოდ 90 000 მეომარი უნდა გამოეყვანა. აღწერის მონაცემების მიხედვით განხორციელდა დაბეგვრა. ერთ-ერთი მძიმე გადასახადი იყო სასოფლო სამეურნეო მალი, რომელიც მოსავლის 60 %-ს შეადგენდა. გლეხი იხდიდა პირუტყვის საბალახო გადასახადს ყაფჩერს. ხელოსნებისა და ვაჭრებისთვის დადგენილი იყო გადასახადი ტამღა. გარდა ამისა, გლეხებს ევალებოდათ მონღოლი მოხელეებისთვის აგებული სადგურების, იამების შენახვა-მომარაგება. არსებობდა კიდევ რამდნეიმე მუდმივი თუ არარეგულარული გადასახადი. გადასახადების სიმძიმემ გამოიწვია სოფლების და ქალაქების დაცარიელება, შიმშილი.

1259 წელს დავით ნარინი აჯანყდა. აღმოსავლეთ საქართველო ამ დროს უკვე ახალი მონღოლური საყაენოს, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილი არღუნ ნოინი ქართველებმა დიდი მსხვერპლის ფასად დაამარცხეს. ჰულაგუ ყაენმა ახალი, უფრო დიდძალი ჯარი გაგზავნა საქართველოში. დავით ნარინმა ბრძოლას თავი აარიდა და დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა, სადაც ის იქაურმა დიდებულებმა იმერეთის მეფედ გამოაცხადეს. საქართველოს სამეფო ორად გაიყო. ეს დაყოფა დაახლოებით 80 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

დავით ულუ, რომელიც დავით ნარინის აჯანყებაში არ მონაწილეობდა, ერთი წლის შემდეგ თავად აჯანყდა. მან ჯავახეთში ყოფნისას უარი თქვა მონღოლთა სასმსახურზე და ევგიპტის ლაშქრობაში მონაწილეობაზე. მეფის ამ გადაწყვეტილებას ზოგი დიდებული არ დაეთანხმა, მეფეს განუდგა და მონღოლებს ეახლა. მათ შორის იყვნენ ივანე II მხარგრძელი, გრიგოლ სურამელი, კახა ახალქალაქის ერისთავი და სხვები. მეფის ერთგული დარჩა სარგის I. არღუნ ნოინმა დააპატიმრა ბიჯნისის ციხესიმაგრეში მყოფი დავით ულუს ოჯახი, თითონ კი ჯარით, რომლის შემადგენლობაში ქართველებიც იყვნენ, სამცხისკენ დაიძრა. გორთან გამართულ ბრძოლაში არღუნ ნოინის 20-ათასიანმა ჯარმა დაარმცხა დავით ულუს 8-ათასიანი ჯარი. დავით ულუ სამცხეში გაიხიზნა, არღუნი კი ურდოში დაბრუნდა. 1261 წელს ის ხელახლა დაბრუნდა დავით ულუს საბოლოოდ დასამარცხებლად. 20 დღის განმავლობაში არბევდნენ მონღოლები სამცხეს, აგრამ დავით ულუ მაინც ვერ შეიპყრეს. მონღოლებმა შურისძიების მიზნით მოკლეს დავითის მეუღლე გვანცა დედოფალი და სარგის ჯაყელის სიძე ზაქარია ამირსპასალარი. დავით ულუმ გადაწყვიტა დანებებოდა ყაენის კარზე წასულიყო პატიების თხოვნისთვის.

ჰულაგუ ყაენმა აპატია დავით ულუს აჯანყება, რადგან ამ დროს ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ჩრდილოეთიდან დაემუქრა ოქროს ურდო. ორ მონღოლურ საყაენოს შორის ომმა მნიშვნელოვნად დააზარალა კავკასია. ომი აზერბაიჯანის გამო მიმდინარეობდა. ოქროს ურდოს ყაენი ბერქა ორჯერ შეესია კავკასიას 1262-1263 და 1265 წლებში. ორივეჯერ ქართველები ჰულაგუინათა მხარეს იბრძოდნენ. ამ ომის დროს განადგურდა ქალაქები რუსთავი, ხორნაბუჯი და ხუნანი. ომი გაგრძელდა 1266-1268 წლებში, რა დროსაც განადგურდა სამხრეთ საქართველო და სომხითი. მონღოლთა ომების დროს საქართველოს ტერიტორიაზე დასახლება დაიწყეს ოქროს ურდოსგან დევნილმა ოსებმა. ოსები დავით ულუმ ჰულაგუ ყაენის ბრძანებით დაასახლა თბილისში, დმანისსა და ჟინვალში.

1266 წელს აბაღა-ხანმა სამცხე უშუალო სამფლობელოდ, ხასინჯუდ გამოაცხადა. ასე გაჩნდა კიდევ ერთი ფეოდალური ერთეული სამცხე-საათაბაგო. 1270 წელს დავით ულუ გარდაიცვალა.

დემეტრე II თავდადებული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დემეტრე II თავდადებული
დემეტრე II ემშვიდობება ქართველებს.
მეტეხის ეკლესია აგებულია დემეტრე II-ის დროს.

დავით ულუს გარადცვალების შემდეგ მონღოლებმა მეფედ მისი 11 წლის ვაჟი დემეტრე II დაამტკიცეს. დეეტრეს სამეფოდ მიეცა მთელი საქართველო, გარდა სამცხე-საათაბაგოსი, რომელიც კვლავ ყაენის ხასინნჯუდ რჩებოდა. დემეტრეს ათაბაგად და ამირსპასალარად დაინიშნა ყაენის ნდობით აღჭურვილი პირი სადუნ მანკაბერდელი. წარმოშობით ქურთი სადუნ მანკაბერდელი იყო მედროვე, ამავდროულად გამჭრიახი და მოქნილი პოლიტიკოსი. ის იყო ქვეყნის რეალური მმართველი. სადუნ მანკაბერდელმა ქვეყნის შიდა მდგომარეობა გააუმჯობესა, ამავდროულად, მეფისგან მიიღო თელავი, ბელაქანი, დმანისი და სხვა მრავალი მხარე.

დემეტრე II-ს ერთროულად სამი ცოლი ჰაყვდა. ერთი იყო თეოდორა ტრაპიზონელი, კომნენოსების გვარისა. მეორე ცოლად ჰყავდა მონღოლი სოლღარი. მესამე ცოლად კი ბექა ჯაყელის ასული ნათელა. დემეტრემ სადუნ მანკაბერდელს მესამე ცოლად გააყოლა და თამარი. კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ III ამხელდა მეფესა და მის ათაბაგს, მაგრამ ამაოდ. 1281 წელს სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა. დემეტრემ ამირსპასალარობა უბოძა სადუნის შვილს ხუტლუბუღას, მაგრამ ათაბაგად დანიშნა მასთან დაპირისპირებული ტარსაიჭ ორბელი.

ჰულაგუიანთა ურდოში ყაენ აჰმედ თოგუდანს დაუპირისპირდა ძმისშვილი არღუნ-ხანი, რომელმაც თოგუდანი ტახტიდან ჩამოგადო. დემეტრემ არღუნს დაუჭირა მხარი და მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დემეტრეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა არღუნის პირველ ემირ ბუღასთანაც, რომელსაც დემეტრეს ქალიშვილი რუსუდანი ჰყავდა ცოლად. 1289 წლის დასაწყისში ბუღა შეთქმულების ბრალდებით შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. არღუნმა დაიბარა ბუღას ყველა ახლობელი და ნათესავი, მათ შორის დემეტრეც. დემეტრემ შეკრიბა ქვეყნის დიდებულები და მათ ამცნო გადაწყვეტილების შესახებ, რომ ყაენის კარზე წასულიყო. დიდებულებმა მას აფხაზეთში ან მთიულეთში გახიზვნა შესთავაზეს. დემეტრეს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამ I-მა.

ვიკიციტატა
„ მე დავდებ სულსა ჩემსა ერისთვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოსა წასვლას“
(დემეტრე თავდადებული)

.

დემეტრე ჩავიდა ყაენთან და შეეცადა დაერწმუნებინა ის მის უდანაშაულობაში. არღუნს არ ჰქონდა გადაწყვტილი დემეტრეს სიკვდილით დასჯა, რადგან არ იცოდა, ვინ დაესვა მეფედ მის ნაცვლად. გადამწყვეტი როლი შეასრულა დემეტრეზე განაწყენებულმა ხუტლუბუღამ, რომელმაც ყაენს მეფის ტახტზე დასასმელად დავით ნარინის ძე ვახტანგი შესთავაზა. 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მტკვრის პირას დემეტრეს თავი მოჰკვეთეს. მის ცხედარს მონღოლები იცავდნენ, რათა ქართველებს არ წაეღოთ. კათოლიკოს-პატრიარქმა მცველები მოისყიდა თბილისში მიავალ მეთევზეებს ცხედარი მცხეთამდე წააღებინა.

საქართველო XIII საუკუნის ბოლო წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯაყელების ფრესკა საფარის მონასტერში (სარგის I, ბექა I, სარგის II).
არღუნ ყაენი.
მონღოლი მეომრები (ჩინური მინიატურა).
საფარის მონასტერი.

საქართველოში გამეფდა ვახტანგ II. მა ყაენმა ცოლად თავისი და ოლჯათი შერთო. ხუტლუბუღამ ვახტანგის გამეფებით მისთვის სასურველი ათაბაგობაც მიიღო. მალე ხუტლუბუღამ აღარ მოისურვა ვახტანგის მეფობა და დემეტრე II-ის ძის დავითის გამეფება მოინდომა. ხუტლუბუღამ ეს ვერ მოახერხა, რაგან ვახტანგი მტკიცედ მეფობდა, მაგრამ ვახტანგ II მალე გარდაიცვალა 1292 წელს. ქეღათუ-ყაენმა მეფედ დაამტკიცა დავით VIII, რომელსაც ცოლად შერთო ვახტანგის ქვრივი ოლჯათი. დავითს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქეთაღუსთან და მის მომდევნო ყაენთან ბაიდუსთან. 1295 წელს ბაიდუს ტახტი წაართვა ყაზან-ყაენმა. დავითმა უარი განაცხადა ახალ ყაენთან წასვლაზე. მას ეშინოდა, რომ მამის, დემეტრეს მსგავსად სიკვდილით დასჯიდნენ. ამის გამო მონღოლები პერიოდულად აოხრებდნენ ქვეყანას, დავითი კი მთიულეთში იმალებოდა. დავითი შეეცადა დაკავშირებოდა ოქროს ურდოს და გამოეყენებინა ისინი, რამაც ყაზან-ყაენი კიდევ უფრო განარისხა და დიდი ჯარი შეუსია საქართველოს. მონღოლების მხარე ეჭირა ზოგიერთ დიდებულს და გორის მახლობლად დასახლებულ ოსებს.

მონღოლებს დავითის შეპყრობისიმედი გადაეწურათ, ამიტომ საქართველოს სამეფოს ტახტზე 1298 წელს დაამტკიცეს მისი უმცროსი ძმა ვახტანგ III, ხოლო 1299 წელს „თბილისის მეფედ“ დანიშნეს გიორგი V, დემეტრე თავდადებულის უმცროსი ძე.

დასავლეთ საქართველო XIII საუკუნეში.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ საქართველოში მეფობას განაგრძობდა დავით ნარინი. მან 1259-1292 წლებში იმეფა დასავლეთში. ის ცდილობდა მონღოლების საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკის გატარებას. 1264 წელს შეეცადა კავშირის დამყარებას მამლუქების სასულთნოსთან. მოგვიანებით თავშესაფარი მისცა აბაღა ყაენის წინააღმდეგ მებრძოლ თაგუდარს და ღალღურს. ღალღური მალე შეეკრა რაჭის ერისთავს კახაბერ კახაბერისძეს და მასთან ერთად აბაღა ყაენს ჰპირდებოდა დავით ნარინის შეპყრობას. აბაღა ყაენის ჯარი ორჯერ მიადგა ქუთაისს. დავით ნარინი ცდილობდა ტრაპიზონის იმპერიაში ქართული გავლენის შენარჩუნებას და 1282 წელს შეიჭრა კიდეც ტრაპიზონში. მან ქალაქებიდან გააძევა ბიზანტიელთა გარნიზონები და ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. ქართველებმა ტრაპიზონიც აიღეს და ტახტზე ქართველ დიდებულთან დამოყვრებული დედოფალი თეოდორა დასვეს, მაგრამ დავით ნარინის სიკვდილისთანავე, 1292 წელს, ქართველებმა ისევ დაკარგეს პოზიციები ტრაპიზონის იმპერიაში.