როსტომ-ხან სააკაძე
როსტომ-ხან სააკაძე (დ. 1588 ― გ. 1642/1643, მეშჰედი) — სპარსეთის სამეფო კარზე მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი. 1599 წელს შევიდა შაჰ-აბას I-ის სამსახურში. იყო შაჰის პირადი მსახური, შემდეგ სოჰბათიასაული, 1626-1627 წლებში – მდივანი, 1632-1633 წლებში — სარდალი, დივანბეგი და თოფანგჩიაღასი, 1634-1635 წლებში — ირანის სპასალარი და აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. მისი მეთაურობით ყიზილბაშებმა გაილაშქრეს ვანის ციხეზე და დაამარცხეს ქურთები, თურქებს წაართვეს ბაღდადი, იომეს ოსმალთა სარდალ ექრემ ჰუსრევ-ფაშასთან, დაიპყრეს ჰელეს ციხე. სააკაძე თან ახლდა როსტომს საქართველოში შემოსვლის დროს. 1634-1635 წლებში თურქებს წაართვა ერევანი. მან შეიმუშავა ომის ახალი ტაქტიკა — წინა ხაზზე გამოიყვანა მეთოფენი და მსუბუქი არტილერია. ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატში, რის გამოც, შაჰ-აბას II-მ სიკვდილით დასაჯა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფუთურიძე ვ., ირანის სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;
- კაციტაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 536.