შინაარსზე გადასვლა

მოქვის საეპისკოპოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოქვის საეპისკოპოსო — ეპარქია შუა საუკუნეების საქართველოში. დაარსდა X საუკუნის II ნახევარში.

„მატიანე ქართლისას“ ცნობით, „აფხაზთა“ მეფემ ლეონ III-მ (957-967 წ) „აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა“. შეიქმნა როგორც აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათალიკოსოს ერთ-ერთი ეპარქია. საქართველოს ერთიანობის ხანაში (XI-XV სს.) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებოდა, ხოლო XV საუკუნის მიწურულს ერთიანი სამეფოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსს. XVI საუკუნეში ოდიშის სამთავროს შექმნის შემდეგ მოქვის ეპისკოპოსს ოდიშის მთავარი ნიშნავდა და აფხაზეთის კათოლიკოსი ამტკიცებდა. მოქვის საეპისკოპოსო მოიცავდა მდ. მოქვსა და მდ. კოდორს შორის ტერიტორიას. მოქვის ეპარქიის მღვდელმთავარი ცნობილია მოქველის სახელით.

დღეისათვის ცნობილი პირველი მოქველი მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (XII ს.). იგი იხსენიება მის მიერ აგებული მოქვის სამრეკლოს ასომთავრულ წარწერაში, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით XII საუკუნით თარიღდება. შემდეგი ცნობილი მოქველი მღვდელმთავარია მთავარეპისკოპოსი დანიელი, მოქვის ოთხთავის (1300 წ.) მომგებელი. მოქვის კათედრაზე მისი მოღვაწეობის ხანა, პირობითად, XIII საუკუნის მიწურულითა და XIV საუკუნის დასაწყისით თარიღდება. მოქვის ოთხთავის (1300 წ.) მინაწერში, ხელნაწერის მომგებელისა და გადამწერის ანდერძის შემდეგ მოიხსენიება მოქველი მთავარეპისკოპოსი აბრაჰამი. მისი მოღვაწეობის ხანა მოქვის კათედრაზე XIV საუკუნის I ნახევრით განისაზღვრება. ოთხთავის კიდევ ერთ გვიანდელ მინაწერში იხსენიება მოქველი მთავარეპისკოპოსი ამბრია, თუმცა მისი მოღვაწეობის ხანის დაკონკრეტება ჭირს. 1360-იან წლებში მოქვის კათედრას მთავარეპისკოპოსი ლუკა ოძრხელი განაგებდა. 1363 წელს იგი მოსალოცად წმიდა მიწაზე იმყოფებოდა. იგი იხსენიება XII-XIII სს. რამდენიმე ხელნაწერის გვიანდელ მინაწერში და ვანის ქვაბების სავედრებელ წარწერებში. მოქვის ოთხთავის (1300 წ.) გვიანდელ მინაწერში, რომელიც XV საუკუნით თარიღდება, მოიხსენიება მთავარეპისკოპოსი ფილიპე ჩხეტიძე. მისი მოღვაწეობა მოქვის კათედრაზე XV ს. შუა ხანებით განისაზღვრება; XV ს. დასასრულის მოღვაწეა საბა მოქველი. იგი მოწმედ იხსენიება მაღნარაძეთა სასისხლო სიგელში, რომელიც XV ს. დასასრულით თარიღდება. შემდეგი მოქველი მღვდელმთავარია რომანოზი, რომელიც თოფურიძეთა სასისხლო სიგელში მოწმედ იხსენიება. ეს სიგელი დაახლ. 1484-1510 წწ. თარიღდება, ამ ხანის მოღვაწე ჩანს რომანოზ მოქველიც. შემდეგი მოქველი მღვდელმთავარია მთავარეპისკოპოსი ელია (XVI ს. I მესამედი). იგი იხსენიება მისი დაკვეთით შეკერილი მოქვის ომოფორის წარწერაში, საიდანაც ჩანს, რომ იგი ორ კათედრას - მოქვისას და დრანდისას განაგებდა.

XVI ს. შუა ხანებში, დაახლ. 1543-1549 წწ. შორის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565 წწ.) ინიციატივით მოიწვიეს დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება ზნეობის დაქვეითებისა და საეკლესიო წეს-ჩვეულებების დარღვევების გამო გარკვეული ზომების მისაღებად. საეკლესიო კრებას, რომელმაც საეკლესიო სამართლის ძეგლი „სამართალი კათალიკოსთა“ მიიღო, დასავლეთ საქართველოს მღვდელმთავრებთან ერთად მოქველიც ესწრებოდა. სამწუხაროდ, წყაროებს მისი სახელი არ შემოუნახავთ. შემდგომ პერიოდში მოქვის კათედრაზე მოღვაწეობდა მთავარეპისკოპოსი ეფთვიმე საყვარელიძე. იგი არის მეტაფრასის (1560-1578 წწ.) მომგებელი, მოხსენიებულია აგრეთვე ღვთისმშობლის ხატის წარწერაში, რომელიც მისი დაკვეთითაა მოჭედილი და მოქვის ტაძარშია დასვენებული. მისი მოღვაწეობა მოქვის კათედრაზე დაახლ. 1560-1578 წწ. თარიღდება. მოგვიანებით, 1578-1616 წწ. ეფთვიმე საყვარელიძე აფხაზეთის კათალიკოსია.

1639-1640 წწ. ოდიშის სამთავროში იმყოფებოდნენ რუსეთის მეფის მიხეილ რომანოვის (1613-1645 წწ.) ელჩები დიაკი ფ. ელჩინი და მღვდელი პ. ზახარიევი. 1640 წ. 9 თებერვალს ისინი იყვნენ მოქვში, სადაც მაქსიმე მოქველს შეხვდნენ. მისი მოღვაწეობა მოქვის კათედრაზე XVII საუკუნის 30-40-იანი წლებით განისაზღვრება. მოქვის საკათედრო ტაძარი მდიდარი ყოფილა სიწმიდეებით. რუს ელჩებს აქ უნახავთ ლუკა მახარებლის, წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, წმ. ლაზარეს, წმ. სტეფანე მთავარდიაკვნის და სხვ. წმინდა ნაწილები, რომლებიც ჩასვენებული ყოფილა ხატებზე გაკეთებულ ბუდეებში, აგრეთვე ძელიცხოვლის ჯვარი და სხვ. სიწმიდეები.

1658 წ. ივლისში ოდიშის სამთავროში ჩამოვიდა იერუსალიმის პატრიარქი პაისიოსი. ოდიშის ნავსადგურ სკურჩაში ჩამოსულ პატრიარქს და მის თანმხლებ პირებს სხვებთან ერთად დახვდა მოქველი ეპისკოპოსი, რომელმაც ისინი საკათედრო ტაძარში ისტუმრა, ხოლო შემდეგ სამთავროს პოლიტიკურ ცენტრში, ზუგდიდში გააცილა. სამწუხაროდ, წყაროებში არ ჩანს ამ მოქველი მღვდელმთავრის სახელი. XVII ს. 60-იან წლების დასაწყისში მოქვის კათედრას ეპისკოპოსი ანდრია განაგებდა. მას იხსენიებს ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოსი, რომელიც 1664-1666 წწ. იმყოფებოდა ოდიშის სამთავროში. საფიქრებელია, რომ ეს ანდრია მოქველი არის ანდრია საყვარელიძე, რომელიც იხსენიება მისი დაკვეთით მოჭედილი მოქვის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში. მაკარი ანტიოქიელმა ტყვის სყიდვაში მონაწილეობის გამო ანდრია მოქველი ეკლესიიდან განკვეთა და სხვა აკურთხა ეპისკოპოსად, თუმცა მის სახელს არ იხსენიებს. როგორც ჩანს, ესაა იაკობ მოქველი, უკანასკნელი ეპისკოპოსი მოქვის კათედრაზე. XVII ს. 60-იანი წლებიდან მძიმე დრო დაუდგა მოქვის ეპარქიას. ამ დროიდან აფხაზთა შემოტევის ახალი ტალღა იწყება ოდიშზე. აფხაზები ძარცვავდნენ და აოხრებდნენ ეკლესიებსა და მონასტრებს. იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის ცნობით, მათ აუკლიათ მოქვის ეპარქიაც - საკათედრო ტაძარი, ქიაჩის ეკლესია და სხვ. ამ პერიოდში, ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ეკლესია-მონასტრებიდან უსაფრთხო ადგილას, სამთავროს შიდა რაიონებში გადაასვენეს მოქვის ეპარქიის სიწმიდეები, ხატები, ჯვრები, გადაიტანეს საეკლესიო წიგნები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. ასე აღმოჩნდა მოგვიანებით, მოქვის ორი ღვთისმშობლის ხატიდან ერთი — ზუგდიდის ეკლესიაში, ხოლო მეორე — ხობის მონასტერში; მოქვის ოთხთავი (1300 წ.) — მარტვილის ტაძარში გადაიტანეს, კიდევ ერთი ოთხთავი (XII-XIII სს.) შემდეგ ჯრუჭის მონასტერში აღმოჩნდა და ამჟამად ჯრუჭის II ოთხთავის სახელითაა ცნობილი. 1681 წელს აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდ. კელასურიდან მდ. ეგრისწყლამდე (ამჟ. ღალიძგა). ამ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება, რის შედეგადაც მოქვის ეპარქია გაუქმდა.

  • ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, - „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973;
  • მაკარი ანტიოქიელი, ცნობები საქართველოს შესახებ, არაბულიდან თარგმნა თ. მარგველაშვილმა, - კრ. „არმაღანი“, III, თბ., 1982;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. I, თბ., 1963.
  • Посольство дьяка Федота Ельчина и священника Павла Захарьева в Дадианскую землю (1639-1640 гг.), в кн. С. Белокуров, Материалы для русской истории, М., 1988;
  • Путешествие патриарха Досифея с религиозным и политическим состоянием Грузии ХVII века, в кн.: М. Селезнев, Руководство к познанию Кавказа, Кн. 1, СПб., 1847.
  • ლ. ახალაძე, აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, I (ლაპიდარული და ფრესკული წარწერები), თბ., 2005;
  • ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში, _ კრ. „ძველი საქართველო“, ტფ., 1913-1914;
  • ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, _ „საისტორიო მოამბე“, წ. II, ტფ., 1924;
  • გ. კალანდია, ოდიშის საეპისკოპოსოები (ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი), თბ., 2004;
  • ბ. ხორავა, მოქველ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი, _ „საისტორიო ძიებანი“, I, თბ., 1998;
  • ბ. ხორავა, მოქვის ომოფორის დათარიღებისათვის, _ „საისტორიო ძიებანი“, IV, თბ., 2001;
  • ბ. ხორავა, ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIIIსს., თბ., 1996;
  • თ. ჯოჯუა, მოქვის უცნობი ეპისკოპოსი ლუკა ოძრხელი (1360-იანი წწ.) და მისი ხუთი მინაწერი XII საუკუნის გარეჯული კრებულის (Vენ. 4-ის) აშიებიდან, კრ.: „ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები“, VI, თბ., 2003;
  • თ. ჯოჯუა, რამდენიმე ახალიცნობა მოქველი ეპისკოპოსის ლუკა ოძრხელის (1360-იანი წწ.) ბიოგრაფიისათვის, კრ.: ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია. II რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული, ქუთაისი, 2004.