დრანდის საეპისკოპოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დრანდის საეპისკოპოსო — ეპარქია შუა საუკუნეების საქართველოში. დაარსდა X საუკუნის მეორე ნახევარში ცენტრით დრანდის ღვთისმშობლის ტაძარში (VI-VIII სს.). შეიქმნა როგორც აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათალიკოსოს ერთ-ერთი ეპარქია. საქართველოს ერთიანობის ხანაში (XI-XV სს.) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებოდა, ხოლო XV საუკუნის მიწურულს ერთიანი სამეფოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნეში ოდიშის სამთავროს შექმნის შემდეგ დრანდის ეპისკოპოსს ოდიშის მთავარი ნიშნავდა და აფხაზეთის კათოლიკოსი ამტკიცებდა. დრანდის საეპისკოპოსო მოიცავდა მდ. კოდორსა და ანაკოფიას (ახლანდ. ახალი ათონი) შორის ტერიტორიას. დრანდის ეპარქიის მღვდელმთავარი ცნობილია დრანდელის სახელით. დღეისათვის ცნობილი პირველი დრანდელია საბა (XI საუკუნის I მესამედი). იგი მოხსენიებულია მისი დაკვეთით დამზადებული იოანე მახარებლის ხატის წარწერაში. შემდეგი დრანდელია არსენი (XI საუკუნის შუა ხანები). მას მონაწილეობა მიუღია გიორგი მთაწმინდელის თუენის (XI-XII სს.) სექტემბრის მასალის შედგენაში; ზოგადად XI-XIII სს. თარიღდება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მომხატველის გრიგოლ დრანდელის მოღვაწეობა. იგი იხსენიება ჯვრის მონასტრის აღაპში და მონასტრის ფრესკაზეც არის გამოსახული. XIV საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეა სინის მთის სულთა მატიანეში მოხსენიებული ნიკოლოზ დრანდელი. XIV-XV სს. მიჯნის მოღვაწეა თევდორე დრანდელი, რომელიც თოფურიძეთა სასისხლო სიგელში (დაახლ. 1484-1510 წწ.) იხსენიება; XVI ს. პირველი მესამედის მოღვაწეა მთავარეპისკოპოსი ელია, რომელიც მოქვის კათედრასაც განაგებდა. იგი იხსენიება მისი დაკვეთით შეკერილი მოქვის ომოფორის წარწერაში. XVI ს. 40-იანი წლების მოღვაწეა მიტროპოლიტი ფილიპე დრანდელი. იგი მონაწილეობდა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565 წწ.) ინიციატივით, დაახლ. 1543-1549 წწ. მოწვეულ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებაში, რომელმაც საეკლესიო და ზნეობრივი ნორმების დასაცავად შეიმუშავა „სამართალი კათალიკოსთა“. XVI ს. მიწურულსა და XVII ს. დასაწყისში აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს მიწა-წყალი ანაკოფიიდან მდ. კელასურამდე. შესაბამისად, დრანდის საეპისკოპოსოს ტერიტორია შემცირდა. 1630 წ. ივნისში მდ. კოდორის შესართავთან, ოდიშის ნავსადგურ სკურჩაში ჩავიდა გემი, რომელზეც იტალიელი მისიონერი, დომინიკანელი ბერი ჯოვანი ჯულიანო და ლუკა იმყოფებოდა. მას მთავარეპისკოპოსი დრანდელი დახვდა და თავის ეპარქიაში მიიწვია. დომინიკანელმა ბერმა მოინახულა დრანდის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, წმ. ანდრიას ეკლესია. იგი სამთვენახევარი დარჩა ოდიშში და მთელი ამ ხნის მანძილზე დრანდელი მასპინძლობდა. შემდეგ, მანვე გააცილა იგი ქობულეთამდე. დრანდელს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია იტალიელ მისიონერზე, დიდებული პიროვნებააო მღვდელმსახურის სამოსელში, წერს იგი, მაგრამ, სამწუხაროდ, მის სახელს არ იხსენიებს. ეს უნდა იყოს დრანდელი მღვდელმთავარია ევდემონ ჯაიანი, შემდეგში წალენჯიხელი, რომელიც დრანდის კათედრაზე XVII ს. პირველ მესამედში მოღვაწეობდა. 1637 წ. მაისში დრანდა და მისი შემოგარენი ოსმალთა საზღვაო დესანტმა ააოხრა. ამის შემდეგ სულ მალე, 1639 წ. ოდიშის სამთავროში რუსეთის მეფის მიხეილ რომანოვის (1613-1645 წწ.) ელჩები დიაკი ფ. ელჩინი და მღვდელი პ. ზახარიევი ჩამოვიდნენ. 1640 წ. თებერვალში ისინი იყვნენ დრანდაში და შეხვდნენ დრანდელ მღვდელმთავარს, მაგრამ მის სახელს არ იხსენიებენ. რუსი ელჩების ცნობით, დრანდის საკათედრო ტაძარში მათ უნახავთ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის და სხვა ხატები, ლუსკუმაში ჩადებული ჯვარი, რომელშიც ჩატანებული ყოფილა წმ. ბარბარეს წმიდა ნაწილები; მეორე ჯვარი, რომელშიც ასევე ჩატანებული ყოფილა წმიდა ნაწილები. ელჩების კითხვაზე, თუ როდის, ვის მიერ და საიდან იქნა ჩამოსვენებული ეს წმიდა ნაწილები, მღვდელმსახურებმა უპასუხეს, რომ მატიანე თურქების მიერ ტაძრის აოხრებისას დაიწვა, ზეპირად კი არ ახსოვდათ. XVII ს. 60-იან წლებში ოდიშის სამთავროზე აფხაზთა შემოტევის ახალი ტალღა დაიწყო. ამ დროს ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ეკლესია-მონასტრებიდან, მათ შორის, დრანდის ეპარქიიდან, უსაფრთხო ადგილას, ქვეყნის შიდა რაიონებში გადააქვთ საეკლესიო წიგნები, ხატები, ჯვრები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. ასე აღმოჩნდა მოგვიანებით იოანე მახარებლის ხატი (XI ს.) დრანდიდან სვანეთში; საკათედრო ტაძრისა და ეპარქიის მრავალი ხატი, ჯვარი, საეკლესიო წიგნი და ინვენტარი დაიფანტა. XVII ს. 60-იან წლებში დრანდაში მღვდელმთავარი არ ჩანს. ანტიოქიის პატრიარქის მაკარიოსის ცნობით, რომელიც 1664-1666 წწ. იმყოფებოდა ოდიშში, მან აფხაზების მონათვლა და დამოძღვრა მოქვის ეპისკოპოსს დაავალა, თუმცა დრანდის კათედრა ჯერ კიდევ არსებობს. 1681 წ. აფხაზების მიერ ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის, მდ. კელასურიდან მდ. ეგრისწყლამდე (ახლანდ. ღალიძგა) დაპყრობის შემდეგ, დრანდის საეპისკოპოსო გაუქმდა, რადგან აფხაზთა მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, - „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973;
  • დომინიკანელი მისიონერი ჯოვანი ჯულიანო და ლუკას ცნობები აფხაზეთსა და სამეგრელოზე, წგნ.: ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, თბ., 1987;
  • მაკარი ანტიოქიელი, ცნობები საქართველოს შესახებ, არაბულიდან თარგმნა თ. მარგველაშვილმა, კრ. „არმაღანი“, III, თბ., 1982;
  • Посольство дьяка Федота Ельчина и священника Павла Захарьева в Дадианскую землю (1639-1640 гг.), в кн. С. Белокуров, Материалы для русской истории, М., 1988;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს. კრ. „დაბრუნება“. ქართული ემიგრანტული ლიტერატურა, ტ. II, თბ., 1983;
  • ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, „საისტორიო მოამბე“, წ. II, ტფ., 1924;
  • ბ. კუდავა, დასავლეთ საქართველოს ეკლესია (IX-XIსს.), ნაშრომი ისტ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2002;
  • ე. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVIIსს.), თბ., 1962;
  • ბ. ხორავა, დრანდის საეპისკოპოსო, კრ. მართლმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები, თბ., 2005;
  • ბ. ხორავა, დრანდის საეპისკოპოსო, ენციკლოპედია საქართველო, ტ. 2, თბ., 2012, გვ. 493;