საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში მთლიანად არაბთა სახალიფოს გავლენის ქვეშ მოექცა. არაბთა გარნიზონები იდგა თბილისსა და ციხე გოჯში. VIII სუაკუნის დასაწყისში შეიქმნა არმინია, საამირო, რომელშიც შედიოდა ალბანეთი ქართლი და სომხეთი და რომლის ცენტრი იყო დვინი. 704-705 წლებში არაბებმა თბილისში გახსნენ ზარაფხანა, სადაც ჭრიდნენ ვერცხლის ფულს. ბიზანტიის იმპერია ცდილობდა გავლენა აღედგინა დასავლეთ საქართველოში და ჯარიც კი გამოგზავნა. ალყა შემოარტყეს ციხე-გოჯს, არაბებმა შესძლეს ბიზანტიელების მოგერიება. მალე არაბებმა დამატებითი ჯარი გაგზავნეს დასავლეთ საქართველოში. ბიზანტიელებმა თავი აარიდეს მათთან შეტაკებას და უკან გაბრუნდნენ. ბიზანტიამ მაინც შესძლო თავისი პოზიციების ნაწილის აღდგენა, მან დაიქვემდებარა საქართვეელოს უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები აბაზგია და აფშილეთი. ბიზანტიას კავშირი ჰქონდა შეკრული ხაზარებთან და მათი დახმარებით ცდილობდა არაბების წინააღმდეგ ბრძოლას. 711 წელს მათ გაინაწილეს კავკასია, რომლის აღმოსავლეთ ნაწილი ხაზარებს ერგო, ხოლო დასავლეთი ბიზანტიას.
ხაზარების ლაშქრობების აღსაკვეთად 729 წელს ქართლში მოვიდა არაბი სარდალი ჯარაჰი. მისი მთავარი მიზანი ხაზარების დამარცხება იყო. ჯაჰარმა განაახლა დაცვის სიგელი და გაზარდა ჯიზია და დააწსა ახალი გადასახადი ხარაჯა. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჯარაჰმა დალაშქრა ქართლი. მან შეძლო ჩრდილო კავკასიაში გადასვლა და ხაზარების დამარცხება. ხაზარებმა საპასუხო ლაშქრობაში გაანადგურეს არაბების ჯარი და მოკლეს ჯარაჰი. ხაზარებს და არაბებს შორის ომმა საშინლად ააოხრა ქართლი. არაბთა ახალი გადასახადების გადახდა საშინელ მდგომარეობაში აგდებდა მოსახლეობას. მოსახლეობამ რამდენიმეჯერ სცადა აჯანყება.
კავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად და ხაზარების დასამარცხებლად ხალიფამ 120 000-იანი არმია გამოგზავნა თავისი ბიძაშვილის მარვან II იბნ მუჰამადის სარდლობით. ქართულ წყაროებში ის მურვან ყრუს სახელითაა ცნობილი. მურვან ყრუ ქართლს პირველად 735 წელს შეესია. ქართლის აოხრების შემდეგ ის დასავლეთ საქართველოში გადავიდა. არგვეთში მას ადგილობრივი მთავრები ძმები დავითი და კონსტანტინე მხეიძეები შეებნენ. ისინი მურვან ყრუმ შეიპყრო და აწამა. საქართველოს ეკლესიამ ძმები წმინდანებად შერაცხა. მურვან ყრუმ აიღო ციხეგოჯი და ცხუმი და ანაკოფიას მიადგა. ციხე დაიცვეს ქართლის ერისმთავარმა მირმა, მისიმ ძმამ არჩილმა და მათ ეხმარებოდა აფხაზთა ერისთავმა ლეონ I-მა. მურვან ყრუ უკან გაბრუნდა. მისი სამწლიანი ლაშქრობის შემდეგ არაბებმა საქართველოში მტკიცედ მიკიდეს ფეხი. მათ თბილისში თავიანთი მოხელე ამირა დანიშნეს. ამირას დაექვემდებარა ქართლის ერისმთავარიც. უმნიშვნელოვანეს ციხეებში არაბტა გარნიზონები ჩადგა. ერისმთავრებს მხოლოდ ხარკის აკრეფა და ქართული ჯარის სარდლობა ევალებოდათ. საქართველოს შემდეგ მურვან ყრუმ ხაზარებიც დაამარცხა და მალე ხალიფა გახდა.
764 წელს ქართლი დალაშქრეს ხაზარებმა. ხაზართა ხანაკს სურდა ქართლის ერისმთავრ ჯუანშერის და შუშანის ცოლად შერთვა. ხაზარებმა ბლუჩანის სარდლობით კახეთი დალაშქრეს, ჯუანშერი და შუშანი დაატყვევეს. შუშანმა თავი მოიკლა, ხოლო ჯუანშერი ხაზარებმა გაათავისუფლეს.
VIII საუკუნის მეორე ნახევარში არაბების წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩადგა ერისმთავარი ნერსე II. 772-773 წლებში ხალიფამ ის თავისთან სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადში დაიბარა და სამი წლით დააპატიმრა. იქ ნერსე ტყვეობაში იყო. ქართლში დაბრუნებულ ნერსეს თან გაჰყვა არაბი აბო თბილელი, რომელიც ხაზარეთში გაქრისტიანდა. ნერსე ცდილობდა ხაზარებისგან სამხედრო დახმარების მიღებას, ხოლო ოჯახი აფხაზეთში გახიზნა. ნერსემ ხაზარებისგან რეალური დახმარება ვერ მიიღო. ამასობაში კი თბილისის ამირას ბრძანებით აბო შეიპყრეს, აწამეს და 786 წელს სიკვდილით დასაჯეს. აბოს წამება აღწერა იოანე საბანისძემ. VIII საუკუნის ბოლოს არაბთა ბატონობა შეირყა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 99-102, ISBN 978-9941-0-5498-3.