ცხირეთის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხირეთის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, თეძმის ხეობაში, ახლანდელი სოფელ ერთაწმინდის (კასპის მუნიციპალიტეტი) სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე. დგას ცხირეთის გორაზე.

ცხირეთის ციხეს მიიჩნევენ X საუკუნის ნაგებობად. წყაროებში პირველად იხსენიება 1170 წელს. ცხირეთის ციხე ცნობილი იყო როგორც ქართლის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. 1454 წელს ქართლის მეფე გიორგი VIII-მ ციხე ფეოდალ გამრეკელ ჯავახიშვილს გადასცა. 1609 წელს ოსმალებმა სცადეს ცხირეთის ციხესთან გასვლა და იქ მყოფი ქართლის მეფე ლუარსაბ II-ის ხელში ჩაგდება, მაგრამ თევდორე მღვდელმა მტერს კვალი აუბნია და ცხირეთის ციხე გადაურჩა ოსმალთა თავდასხმას. ამ პერიოდში ციხე გიორგი სააკაძეს უბოძეს. 1632 წელს აქ იდგა ქართლის მეფე როსტომი, რომელიც გავლენიან ფეოდალ ნოდარ ციციშვილის მეთაურობით თავადურ კოალიციას ებრძოდა. მანვე 1652 წელს ცხირეთის ციხე გიორგი სააკაძის შვილს იორამ სააკაძეს დაუბრუნა.

ცხირეთის ციხე მოღწეულია გვიანი გადაკეთებით. უჭირავს დიდი ფართობი, მაღალ კედლებში დატანებული აქვს სათოფურები. აღმოსავლეთ მხრიდან მიუდგომელია. გალავნის შიგნით საცხოვრებელი შენობების საძირკვლებია. ციხის მახლობლად ცხირეთის ნასოფლარია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]