თავადაზნაურობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუა საუკუნეების ევროპული ფეოდალები, ბერიის ჰერცოგის ბრწყინვალე საათები, 1410.
რუსეთის ცარი მიხეილ I და ბოარები
პოლონელი მაგნატები, 1576-1586 წლები
ინდოეთის მმართველი რაჯა

თავადაზნაურობაფეოდალურ საზოგადოებაში იურიდიულად გაფორმებული საერო მიწათმფლობელთა პრივილეგირებული (პრივილეგიები მემკვიდრეობით გადაეცემოდა) წოდება, რომელიც სასულიერო წოდებასთან ერთად ქმნიდა გაბატონებულ კლასს. თავადაზნაურობის ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერების უშუალო წყარო მიწაზე ფეოდალური საკუთრება იყო. თავადაზნაურობა უპირისპირდებოდა ძირითად ექსპლუატირებულ კლასს — გლეხობას, რომლის შრომის პროდუქტის დიდ ნაწილს იგი ითვისებდა ფეოდალური რენტის სახით. სხვა წოდებებისაგან თავადაზნაურობა გამოირჩეოდა თავისი მდგომარეობით, პრივილეგიებით, აღზრდით, ყოფა-ცხოვრებით, თავადაზნაურული საგანგებო მორალური კოდექსით, რომლის თანახმად თავადაზნაურობა აღიარებული იყო როგორც „დაბალი“ წოდებების ყველა წარმომადგენლის ბატონი და მბრძანებელი. თავადაზნაურობა ჩაცმითა და ვარცხნილობითაც კი განსხვავდებოდა.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავადაზნაურობა საქართველოში, ადრინდელ ფეოდალურ ზანაში ქართველ ფეოდალთა კლასი წარმოდგენილი იყო აზნაურობის სახით. ამავე ხანაში გაჩნდნენ დიდებული აზნაურები, რომლებიც დანარჩენ ჩვეულებრივ აზნაურებზე უფლებრივად და ეკონომიკურად მაღლა იდგნენ. დიდებულ აზნაურებს ვასალი აზნაურები ჰყავდათ. XV საუკუნეში დიდებული აზნაურები ცალკე ფენა თავადთა წოდების სახით ჩამოყალიბდა და შეიქმნა გაბატონებული კლასის ორი წოდებრივი კატეგორია: თავადთა და აზნაურთა წოდება. ნაწილი აზნაურებისა თავადთა დამოკიდებულებაში მოექცა. აზნაურები ჰყავდათ აგრეთვე მეფეს (სამეფო აზნაურები) და ეკლესიას (საეკლესიო აზნაურები).

XIX საუკუნის I ნახევარში (საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ) რუსეთის მთავრობამ რუსეთის ფეოდალურ-ბატონყმურ წყობილებასთან ქართული წყობილების სოციალური უნიფიკაციის მიზნით ჩაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელთა შედეგად შეიქმნა ერთიანი კონსოლიდარებული თავად-აზნაურთა წოდება; 1803 წელს მთავარმმართებელ პ. ციციანოვის თაოსნობით თბილისში დაარსადა ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია — თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო სათანადო დებულებით. დეპუტატთა საკრებულო ირჩევდა სამაზრო და საგუბერნიო თავად-აზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) თავად-აზნაურთა წინამძღოლებს (მარშლებს). იგი მოწოდებული იყო დაეცვა ქართველ თავად-აზნაურთა კლასობრივი ინტერესები. ქართველ ფეოდალთა ეს წოდებრივი ორგანიზაცია მოწყობილი იყო რუსეთის გუბერნიების თავად-აზნაურთა ორგანიზაციების მსგავსად. რუსეთის მთავრობის შემდეგი ღონისძიება იყო ვასალურ-სენიორული დამოკიდებულების მოსპობა საქართველოში და რუს თავადაზნაურობასთან ქართველი თავადაზნაურობის უფლებრივი გათანაბრება. 1811 წელს კანონით საეკლესიო აზნაურები ჩამოაცილეს ეკლესიას, 1827 წელს ქართველი თავადაზნაურობა უფლებრივად გაუთანაბრდა რუსეთის თავადაზნაურობას, ამასთან, ცარიზმმა ქართველ თავადაზნაურობას მემკვიდრეობითი ფეოდალური თანამდებობები და საგადასახადო იმუნიტეტი მოუსპო, 1833 წელს კანონით სათავადო აზნაურები გაათავისუფლეს თავადებისადმი ვასალური დამოკიდებულებისაგან (იმერეთ-გურიის მიმართ ასეთი კანონი 1848 წელს გამოიცა), რის შედეგად ხდებოდა მათი სამამულო (ქონებრივი) გამიჯვნაც. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე 1838 წლის კანონი, რომლითაც ქართლ-კახეთში სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოში არჩევნებისას და თანამდებობის დაკავებისას უფლებრივი განსხვავება თავადებსა და მათ ყოფილ სათავადო აზნაურებს შორის მოისპო, მოხდა მათი უფლებრივი ნიველირება.

ერთიანი უფლებების მქონე ქართველ თავად-აზნაურთა წოდებაში დამტკიცება ათეულ წლობით გაჭიანურდა. იგი დაიწყო 1809 წელს და დამთავრდა მხოლოდ 1850 წელს (ქართლ-კახეთსა და იმერეთ-გურიაში). 1851 წელს ქართველ თავად-აზნაურთა წოდებრივი ორგანიზაცია — სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულო - შეიქმნა დასავლეთ საქართველოშიც — ქუთაისში.

ქართველ თავად-აზნაურთა კლასი მრავალრიცხოვანი იყო. ქართველი თავადაზნაურობა იყო არა მარტო უფლებრივად (სოციალურად) გაბატონებული ფეოდალთა კლასი, რომელიც ექსპლუატაციას უწევდა მწარმოებელ კლასს — გლეხობას, არამედ იგი იყო აგრეთვე მიწის მონოპოლური მესაკუთრე. საქართველოში მიწა-წყლის მეტ ნაწილს თავადაზნაურობა და სამეფო ხაზინა (საქართველოს, შემდეგ რუსეთს) ფლობდა. ასე იყო არა მარტო ფეოდალიზმის პერიოდში, არამედ კაპიტალიზმის ხანაშიც. თავადაზნაურობა, როგორც კლასი, ლიკვიდირებულ იქნა მხოლოდ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკოფაშვილი გ., ცვლილებები აზნაურთა ფენის მდგომარეობაში XIX საუკუნის პირველი ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1960, ნაკვ. 33;
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველო XIX საუკუნის პირველ მეოთხედში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • გოგოლაძე დ., საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა). 1800-1864 წწ., თბ., 1971;
  • დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957;
  • კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია (XIX ს.), თბ., 1954;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ხანთაძე შ., სოციალური ბრძოლის ეპიზოდი გვიანფეოდალურ საქართველოში, „ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, 1959, ტ. 20 B;
  • Анчабадзе З. Е., Очерки экономической истории Грузии первой половины ХИХ века, Тб., 1966;
  • გოგოლაძე დ., ქსე, ტ. 4, გვ. 559-601, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: