შინაარსზე გადასვლა

მუხრანბატონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუხრანბატონის სასახლე

მუხრანბატონები — ფეოდალური საგვარეულო XVI-XIX საუკუნეებში საქართველოში, ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ერთი შტო. გვარის ფუძემდებელია ბაგრატ მუხრანბატონი, რომელსაც საუფლისწულოდ გადაეცა სამუხრანო ბაგრატი დაინიშნა შიდა ქართლის სადროშოს სარდლად. ამიერიდან სარდლობა, მუხრანბატონების სახლის სამემკვიდრეო თანამდებობად იქცა.

მუხრანბატონების სამფლობელო, სამუხრანბატონო ანუ სამუხრანო, ძირითადად მუხრანის ველს მოიცავდა. სამუხრანოში შედიოდა 60-მდე სოფელი, რომელშიც დაახლოებით 1500-მდე კომლი გლეხი ცხოვრობდა. მუხრანბატონებს ჰყავდათ 13 გვარის რამდენიმე ათეული ვასალი აზნაური. სამფლობელოს ცენტრი იყო მუხრანი, სადაც მუხრანბატონებს ჰქონდათ სასახლე, ციხე, კარის ეკლესია და სხვა. სათავადო სახლის უფროსს ეწოდებოდა მუხრანბატონები სახლისკაცებს კი — მუხრანბატონიშვილი. XVI—XVII საუკუნეებში მუხრანბატონები ქართლის 5 დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვადასხვა დროს ქართლის გამგებლები იყვნენ მუხრანბატონები ვახტანგ ბაგრატის ძე, ქაიხოსრო ვახტანგის ძე, ვახტანგ თეიმურაზის ძე; ქართლის მეფე გახდა ვახტანგ მუხრანბატონი (ვახტანგ V). 1724 წლამდე ქართლის ტახტს განაგებდა ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტო, რომელმაც მრავალი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი მოგვცა (გიორგი XI, ვახტანგ VI, ვახუშტი და სხვა). XVIII საუკუნის II ნახევარში მუხრანბატონები მხარში ედგნენ ერეკლე II-ს და ენერგიულად იბრძოდნენ ლეკიანობისა და სხვა გარეშე მტრების წინააღმდეგ.

  • ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 230.
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.