პანკისის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პანკისის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში. ვარაუდობენ, რომ პანკისის ციხის ნაშთია პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და მაღრაანის ხევების წყალგამყოფ მთაზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი) შემორჩენილი ნანგრევები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანკისის ერისთავი წყაროებში პირველად XI საუკუნის შუა წლებში მოიხსენიება, თუმცა თვით ციხესიმაგრე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. პანკისის ციხე განვითარებულ შუა საუკუნეებში, პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–1037 წწ.) დააარსა. XII-XIII საუკუნეებში — კახეთის საერისთავოს ცენტრია, ხოლო XVI საუკუნიდან კახეთის სამეფოს ერთ-ერთი სამოურავოს ცენტრია. გვიანდელი შუა საუკუნეებში პანკისის ციხეს მაღრანის ციხე ერქვა.

ციხე 1040 წელს ბაგრატ IV-მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო. პანკისის ციხე შემდგომშიც იყო ცენტრალურ ხელისუფლებასა და კახეთ-ჰერეთის მეფეებს შორის წარმოებული ომების ერთ-ერთი ცენტრი. აქედან ებრძოდა ბაგრატ IV კახეთ-ჰერეთის მეფე აღარსთან I-ს. XIII საუკუნის 40-იან წლებში პანკისის ციხეში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა პანკისის ერისთავმა თორღვა პანკელმა. მეფე დავით VII ულუს ურდოში ყოფნის დროს, თორღვამ თავი კახეთის სრულუფლებიან გამგებლად გამოაცხადა და პანკისის ციხეში გამაგრდა. იგი არც დავითის დაბრუნების შემდეგ ეახლა მეფეს და ციხე უფრო გაამაგრა. იგი ციხიდან გამოიტყუეს და მოკლეს. ამის გამო, გარკვეული დროის მანძილზე, პანკისის ციხეს თორღვას ციხესაც უწოდებდნენ.

XVI საუკუნიდან ციხე პანკისის საერისთავოს ნაცვლად შექმნილი სამოურავო ერთეულის ცენტრი იყო. 1520 წელს ქართლის მეფე დავითმა შემოარტყა ალყა, მაგრამ ქართლში შექმნილი პრობლემების გამო (ოსმალები შეესივნენ) ალყის მოხსნა მოუწია. 1574 წელს ციხესთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტებს, ქაიხოსრო ლევანის ძესა (კახეთის მეფე ლევანის შვილი შამხალ ყურმუსალის ასულისაგან) და ალექსანდრე ლევანის ძეს (ლევან II–ის შვილი გურიელის ქალისაგან) შორის, რომელიც ალექსანდრე ლევანის ძის (ალექსანდრე II) გამარჯვებით დასრულდა. 1601 წელს ალექსანდრე II-ის ავადმყოფობით ისარგებლა მისმა შვილმა დავითმა და ტახტი დაიკავა, მას შეთქმულება მოუწყო მისმა ძმამ გიორგიმ, რომელიც დავითმა შეიპყრო და პანკისის ციხეში გამოამწყვდია.

1605 წელს რუსი ელჩები პანკისის ციხეში ელოდნენ ალექსანდრე II-ის კარზე აუდიენციას.

XVI საუკუნიდან საიმედოდ დაცულ პანკისის ციხეში ინახებოდა კახეთის სამეფო განძის დიდი ნაწილი, რომელიც 1614 წელს უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად ყიზილბაშებმა იგდეს ხელთ აბას I–ის მეთაურობით. 1664 წელს ალყაშემორტყმულ პანკისის ციხეში 7 თვე იმყოფებოდა ერეკლე I.

XVIII საუკუნიდან პანკისის ციხის მნიშვნელელობა შესუსტდა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანკისის ციხე რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, გარს ევლება ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. ციხე შედგება სხვადასხვა დონეზე (დონეებს შორის სხვაობა 20 მეტრია) მდებარე 2 ნაწილისაგან, ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. შესასვლელი ქვედა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფილა.

ციტადელს, რომლის ფართი დაახლოებით 400 კვ. მეტრია, ციხის ყველაზე მაღალი ნაწილი უკავია. გეგმით იგი თითქმის წრიულია. შესასვლელი ზღუდის სამხრეთ ნაწილშია გაჭრილი, რომელიც ციტადელს ქვედა ციხესთან აკავშირებს. ქვედა ციხე მთის სამხრეთ ციცაბო ფერდობზე მდებარეობს და ფართობით ციტადელს დაახლოებით 4–ჯერ აღემატება. მისი გეგმა სამხრეთიდან ჩრდილოეთით წაგრძელებული მრავალგვერდაა. ქვედა ციხის დასავლეთ კუთხეში და სამხრეთ კედელში თითო სწორკუთხა კოშკი ყოფილა ჩართული.

ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავნის სისქე ქვედა ნაწილში 2,5 მეტრია, ზოგან 3,6 მეტრსაც აღწევს. ციტადელის აღმოსავლეთ ნაწილში დგას პატარა დარბაზული ეკლესია. კვადრატული დარბაზის ფართი 9,3 კვ.მ-ია.

ციხის დასავლეთ კუთხეში მდგომი კოშკი გეგმით კვადრატულია (7,5X7,5 მ). შემორჩენილია მხოლოდ I სართული. ამ სართულზე ერთი მოზრდილი, გარეთ შვერილი თაღოვანი ბუხარია. სამხრეთ კედელში ჩაშენებული კოშკი, რომლის მხოლოდ კედლის ფრაგმენტია შემორჩენილი, შიგნიდან ღიაა და თავისი მოცულობით გალავნის ფარგლებს გარეთ ყოფილა გასული.

ქვედა ციხის სამხრეთ-დასავლეთით 60 მ-ში დგას ზემოთ ოდნავ შევიწროვებული ცილინდრული კოშკი (დიამეტრი ფუძესთან 8 მ, კედლის სისქე 1,2 მ). შემორჩენილია სართულნახევარი (4–5,5 მ). I სართულის ჩრდილოეთ ნაწილში ნატეხი ქვის კამარით გადახურული წყლის მოზრდილი რეზერვუარია, რომლიდანაც წყლის ამოღება მეორე სართულის იატაკში მოწყობილი ხვრელიდან (დიამეტრი 0,6 მ) ხდებოდა. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია ძელების ბუდეები).

ცილინდრული კოშკის სამხრეთით დაახლოებით 60 მ–ში დგას კიდევ ერთი კოშკი, რომელიც ციხისკენ მიმავალ გზას კეტავს. კოშკი სამსართულიანი ყოფილა და ციხის მხარეს სამივე სართულის სიმაღლეზეა გახსნილი. ჩამონგრეულია III სართულის კედლების ზედა ნაწილი. I სართულის სამხრეთ–დასავლეთ კედელში ფართო შესასვლელია, რომელსაც ხის კარი ჰქონია. II სართულზე ბუხარი და III სართულზე ასასვლელი ხვრელია, შემორჩენილია სართულშუა გაადხურვის ძელების ბუდეები.

შემორჩენილია რამდენიმე შენობის ნანგრევი, ერთი მათგანი ეკლესიიდან 3 მ–ში დგას, რომელიც სავარაუდოდ სასახლე იყო (10X8 მ). ციტადელში კიდევ რამდენიმე შენობის ნანგრევია, რომლებიც გალავანზე (თითქმის მთელ პერიმეტრზე) ყოფილან მიშენებული. ქვედა ციხის სამხრეთ ნაწილში, სწორ ადგილზე, სწორკუთხა (9X5 მ) ნაგებობა, სავარაუდოდ საცხოვრებელი მდგარა. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1–1,3 მ-ს არ აღემატება. ქვედა ციხეში კიდევ რამდენიმე ნაგებობის მიწით დაფარული ნანგრევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мусхелишвили Д. Л., Вопросы исторической географии ущелья Панкиси, Труды Кахетинской археологической экспедиции, т. 1, Тб., 1969;
  • მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 663, თბ., 1984 წელი.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ. 2004 წ.