საქართველო XVIII საუკუნეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Sameba 16.jpg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო XVIII საუკუნეში შიდაფეოდალური აშლილობით და მეზობელი ქვყენების, სეფიანური ირანის და ოსმალეთის იმპერიის მიერ შევიწროებით. უკიდურესად იყო დასუსტებული. ქართლ-კახეთის სამეფოს ოსმალეთი ახალციხიდან ავიწროვებდა, ხოლო ლეკები კი დაღესტნიდან ძარცვავდნენ ქვეყანას. დასავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროები ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ოსმალეთის იმპერიასთან, აჭარა და სამცხე-საათაბაგო კი უშუალოდ ოსმალეთის მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული.

XVIII საუკუნის ბოლოს საქართველოს სამეფო-სამთავროების საერთო მოსახლეობა 300 000-ს არ აღემატებოდა. ქართლში 1682, ხოლო კახეთში 324 სოფელი იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობა დაახლოებით 160 000 კაცს ითვლიდა. მოსახლეობის მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. მოქმედებდა მრავალი ბეგარა-გადასახადი, რომელსაც იხდიდნენ გლეხები ბატონები სასარგებლოდ. სამართალი წარმოებდა ზეპირად, ძლიერის პოზიციის მხრიდან. ქვეყნის ეკონომიკას ჰქონდა ნატურალური მეურნეობის ხასიათი, იწარმოებოდა მხოლოდ ოჯახის შინამოხმარებისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტი. ქალაქები არ წარმოადგენდნენ ვაჭრობა-მრეწველობის ცენტრებს. თბილისის მოსახლეობა დაახლოებით 20 000 ადამიანს შეადგენდა, იდგა 3 ათასამდე სახლი. სუსტი იყო როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვაჭრობა.

ერეკლე მეფის დროს ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რაც დამტკიცდა გეორგიევსკის ტრაქტატით 1783 წელს. მიუხედავად ტრაქტატისა რუსეთის იმპერია არ ჩქარობდა გაეწია სამხედრო დახმარება საქართველოსთვის. 1795 წელს თბილისს აღა-მაჰმად ხანი შეესია და ააოხრა.

აღმოსავლეთ საქართველო XVIII საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ VI-ის ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო ფრანგი კარტოგრაფის - კლოდ ბუფიეს მიერ 1736 წელს გამოცემულ რუკაზე
ვახტანგ VI
ვახტანგ VI-ის დროშა
სეფიანელთა ირანი 1700 წელს.
რუსეთის იმპერატორი პეტრე I დიდი.

1703 წელს ირანის შაჰმა ჰუსეინმა ქართლის მეფედ დაამტკიცა გიორგი XI, კახეთის მეფედ კი ერეკლე I. მაგრამ შაჰმა ორივე მხოლოდ ნომინალურად დანიშნა მეფედ. გიორგი XI შაჰმა ამავდროულად დანიშნა ირანის ჯარების სპასალარად და ყანდაარის ბეგლარბეგად, ხოლო ერეკლე I ყულარაღასად ისპაჰანში და ორივე რეალურად ჩამოაცილა სამეფოებს. ქართლის სამეფოს ჯანიშინად დაინიშნა ლევან ბატონიშვილი, რომელიც სულ ორიოდე თვე განაგებდა ქართლს. იმავე წელს ჯანიშინად დაინიშნა ლევან ბატონიშვილის ვაჟი ვახტანგ VI.

28 წლის ვახტანგმა აქტიურად დაიწყო ქართლის მოღონიერება. მისი ჯანიშინობის დროს (1703-1714) ქართლში გაყვანილ იქნა გზები, სარწყავი არხები, ხიდები, თბილისსა და გორში აიგო ახალი სასახლეები, შეკეთდა თბილისის სიონი, სვეტიცხოველი და ურბნისის ტაძარი, დასახლდა უკაცრიელი ადგილები, აიკრძალა ტყვის სყიდვა. 1705 წელს მოწვეულ საეკლესიო კრებაზე კათალიკოსად აირჩიეს ვახტანგის ძმა დომენტი. 1709 წელს ავღანეთში ბრძოლისას დაიღუპა ქართლის მეფე გიორგი XI. შაჰმა ქართლის მეფედ გიორგის ძმა ქაიხოსრო დანიშნა და ისიც ავღანეთში საბრძოლველად დატოვა. ქართლის ჯანიშინად კვლავ ვახტანგი დარჩა.

ვახტანგის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საკანონმდებლო კრებულები დასტურლამალი მეფის ვახტანგისა და სამართლის წიგნთა კრებული. ამ კრებულის მე-7 ნაწილი სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა 1705-1708 წლებში უშუალოდ ვახტანგმა შექმნა. ვახტანგის სამართალი გავრცელდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებშიც და მისი სამოქალაქო სამართლის ნორმები მოქმედებდა XIX საუკუნის 60-იან წლებამდე. ვახტანგის მონაწილეობით ითარგმნა არაერთი ნაშრომი მათემატიკის, ასტრონომიის, ქიმიის, გეოგრაფიის დარგში. 1709 წელს ვახტანგმა თბილისში დააარსა პირველი ქართული სტამბა. პირველი წიგნი, რომელიც ამ სტამბაში დაიბეჭდა იყო სახარება. 1709-1712 წლებში ამ სტამბაში დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი. 1712 წელს ვახტანგის რედაქციით და კომენტარებით დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი. ვახტანგს სტამბის დაარსებაში დიდი დახმარება გაუწია ვლახეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის რუმინელმა ანთიზმოს ივერიელმა. ვახტანგის ინიციატივით შეიქმნა სწავლულ კაცთა კომისია. ეს იყო სამეცნიერო კომისია, რომელმაც გადაამუშავა ქართლის ცხოვრება და მის საფუძველზე შექმნა ახალი ქართლის ცხოვრება და აღწერა XIV-XVII საუკუნეების ისტორია ქართლის ცხოვრების გაგრძელების სახით.

1711 წელს ქართლის მეფე ქაიხოსრო ავღანეთში ბრძოლისას დაიღუპა. შაჰმა გადაწყვიტა მეფედ ვახტანგის დამტკიცება. ვახტანგი 300-კაციანი ამალით ჩავიდა ისპაჰანში. მანამდე ნათესაური კავშირები განამტკიცა კახეთსა და იმერეთში: უფროსი ასული თამარი მიათხოვა ერეკლე I-ის შვილს თეიმურაზს, ხოლო ანა იმერელ თავად ვახუშტი აბაშიძეს. ირანში ვახტანგს ისლამის მიღება მოსთხოვეს, რაზეც ვახტანგმა უარი თქვა. მაშინ ქართლის მეფედ იესე (ალიყული-ხანი) დანიშნეს, ვახტანგი კი გადაასახლეს ქერმანის პროვინციაში. იესე პროირანულ პოლიტიკას ატარებდა და ქართველი ფეოდალების უკმაყოფილებას იწვევდა. იესესთვის წინააღმდეგობის გაწევას ვახტანგის შვილი ბაქარი ცდილობდა. 1716 წელს იესე თელავში შეიპყრეს. დაპატიმრებულმა იესემ უარყო ისლამი და კვლავ ქრისტიანობა მიიღო. ირანში მყოფი ვახტანგი ცდილობდა საფრანგეთთან კავშირის გამბას. 1713 წელს მან საფრანგეთში დიპლომატიური მისიით გაგზავნა სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც შეხვდა რომის პაპს და საფრანგეთის მეფეს, მაგრამ იმედგაცრუელბული დაბრუნდა საქართველოში 1716 წელს. ამავე წელს ვახტანგი დათანხმდა ისლამის მიღებას. ის ქართლის ვალიდ დაინიშნა, თუმცა 1719 წლამდე შაჰმა მაინც ირანში დატოვა. 1717-1719 წლებში ქართლს რეალურად ბაქარი განაგებდა. 1719 წელს ქართლში დაბრუნებულმა ვახტანგმა ვერაარ მოახერხა იმ სამეურნეო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღდგენა, რომელიც ჯანიშინობის დროს ჰქონდა დაწყებული.

1720 წელს ვახტანგ VI-მ კავშირი დაამყარა რუსეთის იმპერატორ პეტრე I-თან. პეტრე I ხედავდა ირანის დასუსტების პროცესს და 1715 წლიდან ემზადებოდა ირანში ლაშქრობისთვის. მას სურდა კასპიისპირეთის დაკავება დერბენტიდან გილანამდე. პეტრე I-ის ელჩი იმყოფებოდა ირანში ირანის შიდა საქმეების უკეთ შესასწავლად, ასევე ვახტანგ VI-სთან პირადად დასაკავშირებლად. ვახტანგ VI მიესალმებოდა რუსეთის პოლიტიკის გააქტიურებას კავკასიაში და მას იმედი ჰქონდა რომ რუსეთის მეშვეობით ქართლს ირანისგან გაათავისუფლებდა. ვახტანგი და პეტრე I შეთანხმდნენ ირანში ერთობლივ ლაშქრობაზე. როგორც კი პეტრე I შევიდოდა აზერბაიჯანში, მას შეუერთდებოდა ვახტანგი ქართულ-სომხური ჯარით. 1722 წლის აგვისტოს დასაწყისში პეტრემ დაიწყო კასპიისპირეთში სამხედრო მოქმედება. ამავდროულად ვახტაგნმა მიიღო ირანისგან ბრძანება შირვანში ლეკების წინააღმდეგ გალაშქრების შესახებ. ეს ვახტანგს საქმეს უადვილებდა. ის გაერთიანებული ქრთულ-სომხური ლაშქრით განჯაში დაბანაკდა. ვახტანგ VI ორი თვე ელოდა პეტრე I-ის ჯარების გამოჩენას. ბოლოს მას აცნობეს, რომ პეტრემ ლაშქრობა მომავალი წლისთვის გადადო. პეტრე I მოერიდა ოსმალეთის იმპერიასთან ურთიერთობების გაფუჭებას.

პეტრე I-ის მიერ მოტყუებული ვახტანგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1723 წელს ირანის ახალმა შაჰმა ქართლის მეფობა ერეკლე I-ის შვილ კონსტანტინეს გადასცა. 1723 წლის მაისში კონსტანტინემ ლეკების დახმარებით ვახტანგი დაამარცხა და თბილისი აიღო. ვახტანგი ცხინვალში გადავიდა. ორი კვირის შემდეგ თბილისი ოსმალეთის იმპერიამ აიღო და დაიწყო 12-წლიანი ოსმალობა. იმავე წლის ივლისში რუსეთის იმპერიამ ცნო ოსმალეთის იმპერიის უფლებები საქართველოზე. 1724 წელს ვახტანგი 1200 კაცთან ერთად რუსეთში წავიდა.

ოსმალობა და ყიზილბაშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლში გაბატონებული ოსმალებს ვახტანგ VI-ის ძმა იესე ეახლა და მორჩილება აღუთქვა. ოსმალებმა იესე ქართლის მმართველად დანიშნეს. კახთა მეფემ კონსტანტინემ ოსმალებს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამარცხდა. 1732 წელს ოსმალებმა კახთა მეფე კონსტანტინე მოკლეს, კახეთში გამეფდა კონსტანტინეს ძმა თეიმურაზ II, რომელიც 1709-1715 წლებში კახეთის გამგებელი იყო.

ამასობაში ვითარება შეიცვალა ირანში. ირანელთ სარდალმა ნადირ-ხანმა დაიყო ბრძოლა ავღანელთა წინააღმდეგ. XVIII საუკუნის 30-იან წლებში ნადირმა ბრძოლა დაიწყო ოსმალთა წინააღმდეგ და ისინი აიძულა აღმოსავლეთი საქართველო დაეტოვებინა. ნადირ-ხანი რუსეთსაც დაუპირისპირდა და აიძულა კასპიის ზღვის ტერიტორიები დაეტოვებინა. ნადირმა თავისთან დაიბარა 1735 წლიდან ასტრახანში დამკვიდრებული ვახტანგმ VI და ქართლის ტახტს შეჰპირდა. ვახტანგი ნადირს არ ეახლა. ვახტანგ VI 1737 წელს გარდაიცვალა ასტრახანში.

1735 წელს ერევანში მყოფმა ნადირ-ხანმა თავისთან დაიაბარა ქართლ-კახეთის თავადები და მათ დიდი ხარკი, 3300 თუმანი, დააკისრა. ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა. თეიმურაზ II ფშავში გაიქცა. ნადირ-ხანმა კახეთის მმართველად დანიშნა ალექსანდრე ბატონიშვილი და მას სეფი-ხანის სარდლობით ირანის ჯარი გააყოლა. ქართლის ფეოდალები ხარკის გამო აჯანყდნენ. აჯანყდა თითქმის ყველა სათავადო: საამილახვრო, ქსნის საერისთავო, სააბაშიძეო, საფალავანდიშვილო. აჯანყებულებმა რამდენჯერმე დაამარცხეს ყიზილბაშები და სეფი-ხანი იძულებული გახდა თბილისში გამაგრებულიყო. სეფი-ხანმა აჯანყებულებს შერიგების პირობა მისცა, მაგრამ მოტყუებით შეიპყრო და ირანში გაგზავნა. ნადირ-ხანიმა, რომელიც შაჰი გახდა, დატყვევებული ქართველები თან იახლა ლაშქრობებში. 1737 წელს ნადირ-შაჰმა ბრძოლა დაიწყო ინდოეთის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში მას თან ახლდა თეიმურაზ II-ის ძე ერეკლეც.

ნადირ-შაჰმა 1741 წელს ქართლი აღწერა და მას დიდი გადასახადი დააკისრა. ქართლში აჯანყებები დაიწყო. განსაკუთრებით გაუჭირდა ნადირ-შაჰს ქსნის საერისთავოს აჯანყების ჩაქრობა. საბოლოოდ ირანმა ქსნის საერისთავო საამილახოროს დახმარებით დაამარცხა. მაგრამ მალე თავად თავად გივი ამილახვარმა დაიწყო ირანის საწინააღმდეგო აჯანყება. ქართლის აჯანყება 1742-1744 წლებში მიმდინარეობდა. ბრძოლის ბოლო ეტაპზე გივი ამილახვარმა დახმარება ოსმალეთსაც სთხოვა. თეიმურაზ II კარგ ურთიერთობებს ამყარებდა ნადირ-შაჰთან. ამიტომ ნადირ-შაჰმა გივი ამილახვართან ბრძოლა სწორედ თეიმურაზს დაავალა. იმავე წელს დამარცხებული და სურამის ციხეში ალყაშემოტყმული გივი თეიმურაზს დანებდა. 1744 წელს ნადირ-შაჰმა თეიმურაზი ქართლის ერეკლე კი კახეთის მეფეებად დაამტკიცა. 1745 წელს 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში თემურაზი და ერეკლე ქრისტიანული წესით აკურთხეს მეფედ. 1632 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე ავიდა.

ქრისტიანი მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანი 1736-1801 წლებში.
რუსეთი 1682-1762 წლებში.
ერეკლე II.
ნადირ-შაჰი
ტოტლებენი.
რუსეთ-თურქეთის ომი.
თეიმურაზ II.
ქართლ-კახეთის სამეფოს გერბი.

თეიმურაზ II-ის ქართლში და ერეკლე II-ის კახეთში გამეფებით ფაქტობრივად გაერთიანდა ეს ორი ქართული სამეფო, ვინაიდან მამა-შვილი თანხმობით მოქმედებდნენ. ქართლი და კახეთი კვლავ ირანის ვასალებას ითვლებოდნენ და ციხეებში ირანული გარნიზონები იდგა. მაგრამ თეიმურაზ II და ერეკლე II არ იყვნე ირანის ყურმოჭრილი ყმები და ინარჩუნებდნენ საშინაო დამოუკიდებლობას. ისინი ირანის გარნიზონებს იყენებდნენ ლეკების თარეშის აღსაკვეთად. თეიმურაზი იყენებდა ნადირ-შაჰის კეთილგანწყობას და ამიერკავკასიაში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. მისი მოთხოვნით ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთს გადასახადები შეუმცირა. ამის სანაცვლოდ ირანის შაჰმა თავისთან ერეკლე დაიბარა, ერეკლეს მაგივრად ირანში თეიმურაზი გაემგზავრა. თეიმურაზი ჯერ კიდევ გზაში იყო, რომ ირანში გადატრიალება მოხდა და 1747 წლის ივლისში ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს. ირანის შაჰი გახდა თეიმურაზის სიძე ადილ-შაჰი, მაგრამ მისი ხელისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა, რამდენიმე თვეში ისიც ჩამოაგდეს. ირანი გაუთავებელმა ანარქიამ მოიცვა. ირანის ამიერკავკასიის სამფლობელო წვრილ სახანოებად დაიშალა.

თეიმურაზის ირანში ყოფნის დროს ერეკლეს აუჯანყდა ვახტანგ VI-ის ძმისშვილი აბდულა-ბეგი. ის ქართლის ბაგტრატიონთა შთამომავალი იყო და ბაგრატიონთა კახეთის შტოს ქართლში გამეფებას ეწინააღმდეგებოდა. მეფე ერეკლემ თბილისის კართან სასტიკად დაამარცხა აბდულა-ბეგის ჯარი. შემდეგ ერეკლე შევიდა თბილისში და ქალაქიდან განდევნა ყიზილბაშები, ერეკლემ აიღო მეტეხის და თაბორის ციხეები, ამ ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩა გლეხი შავერდა მღებრიშვილი. გამარჯვებამ დიდი სახელი მოუპოვა ერეკლეს. მეზობელი სახალოების მმართველები ერეკლესთან დაახლოებას და მოკავშირეობას ცდილობდნენ. შაჰის კარი საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდა და მხოლოდ მცირე მოთხოვნილებით კმაყოფილდებოდა. 1748 წელს ერეკლემ ირანის შაჰს მხოლოდ რამდენიმე მხევალი და 100 მეომარი გაუგზავნა ყულის ჯარში სამსახურად. ეს იყო უკანასკნელი გადახდილი ხარკი. ამის შემდეგ ქართლ-კახეთს ირანისთვის ხარკი აღარ გადაუხდია. შაჰის თხოვნით ერეკლემ მცირე ხნით თბილისის ციხეებში ჩააყენა 300 ყიზილბაში მეომარი, მაგრამ 1749 წელს როდესაც თეიმურაზი დაბრუნდა ყიზილბაშებმა თბილისი დატოვეს. ქართლ-კახეთი გათავისუფლდა ირანის ბატონობისგან, თუმცა თეიმურაზ II მაინც ატარებდა გურჯისტანის ვალის ტიტულს.

გაძლიერებულმა ქართლ-კახეთმა მალე თავის გავლენის ქვეშ მოაქცია მეზობელი სახანოები. ირანის შაჰის სიგელით ქართლს ემორჩილებოდა ყაზახი და ბორჩალო. 1749 წელს ერევნის ხანმა ქართლ-კახეთის მეფეებს დახმარებისთვის მიმართა. ქართველებმა სომხებთან ერთად დაამარცხეს მომთაბარე თარაქამას ტომები, ამის შემდეგ ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე სა~ყარაბაღის სახანო ქართველოს მფარველობა ნახიჭევნის ხანმა, ხოლო 1750 წელს განჯის სახანომაც აღიარა. 1750 წელს თეიმურაზმა დაამარცხეს ყარაბაღის ხანი ფანა-ხანი.

იმ წარმატებების ფონზე, რასაც ქართლ-კახეთის სამეფო აღწევდა, მაინც გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ლეკიანობა. ლეკების შემოსევები არ წყდებოდა. მართალია ერეკლემ რამდენიმე ბრძოლაში ისინი დაამარცხა მაგრამ ლეკები მაინც განაგრძობდნენ კახეთის აოხრებას. ლეკების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა კახეთის აღმოსავლეთით მდებარე კაკის სასულთნო და ჭარ-ბელაქანი. ერეკლემ გადაწყვიტა ჭარ-ბელაქნის დამორჩილება. საინგილოში სალაშქროდ ქართველმა მეფეებმა დიდი რაზმი შეკრიბეს, ქართველების გარდა ამ ლაშქარში ყმადნაფიცი ხანების ჯარიც იყო. ერეკლე და თეიმურაზი მის მოკავშირედ მიაჩნდათ შაქ-შირვანის მმართველი აჯი-ჩალაბსაც, რომელიც მამა-შილთან მეგობრობდა კიდეც, მაგრამ მოხდა პირიქით. კაკ-ენისელის და ჭარ-ბელაქნის დამცველი სწორედ აჯი-ჩალაბი გახდა. მან საიდუმლო კავშირი გააბა ქართულ ჯარში მყოფ მაჰმადიან ხანებთან და თავის მხარეს გადაიყვანა. ქართველმა მეფეებმა აჯი-ჩალაბს გვიან გაუგეს მისი საქმიანობა და ალაზანთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ეს იყო თეიმურაზის და ერეკლეს პირველი სერიოზული მარცხი, აშკარა გახდა თუ რა ძნელი იქნებოდა ლეკიანობის დაძლევა.

მას შემდეგ რაც ქართველები ლეკებთან დამარცხდნენ, მათ კიდევ უფრო გაახშირეს კახეთზე თავდასხმები. ამასობაში ქართლ-კახეთს შემოუტია აზატ-ხანმაც. აზატ-ხანი სამხრეთ ადარბადაგანის ტახტის მფლობელი იყო და ირანის ტახტზეც აპირებდა ასვლას. მან გადაწყვიტა ესარგებლა ერეკლე-თეიმურაზის მდგომარეობის გართულებით და მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასია დაეკავებინა. აზატ-ხანმა ამიერკავკასიის დამორჩილება ერევნის სახანოდან დაიწყო. მისი ჯარი მიადგა ერევნის ციხეს, ხოლო სახანოს მთელი ტერიტორია მოაოხრა. ერევნელებმა დახმარებისთვის ქართველებს მიმართეს. ერეკლე დაუყოვნებლივ წავიდა სომხეთში შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ. ომი ერევნის მახლობლად ყირღბულახთან მოხდა 1751 წლის 28 ივლისს. აზატ-ხანს ერეკლეზე გაცილებით მეტი ჯარი ჰყავდა და გამარჯვებაშიც დარწმუნებული იყო. ყიზილბაშებს ერეკლეს ცოცხლად ხელში ჩაგდება სურდათ. ამ ბრძოლაში ერეკლემ დიდი მამაცობა გამოავლინა. მეფე პირადად წარუძღავ ქართველთა მეწინავე ნაწილს და მალევა ყიზილბაშები დამარცხდნენ, მათ გაქცევა დაიწყეს. ქართველებმა დიდხანს სდიეს გაქცეულ მტერს, თვით აზატ-ხანმაც თავი გაქცევით გადაირჩინა. ეს იყო ქართველების უდიდესი გამარჯვება.

შაქ-შირვანის ხანი აჯი-ჩალაბი ქართლ-კახეთის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნას ცდილობდა. მან შეძლო თეიმურაზ-ერეკლისთვის მაჰმადიანი ხანების დაპირისპირება. 1752 წელს აჯი-ჩალაბის ჯარმა განჯასთან მეფე თეიმურაზის და ერეკლეს ჯარი დაამარცხა. ამ წარმატებამ ხანი ძალზე გაათამამა. აჯი-ჩალაბი და მისი მოკავშირეები ქართლის და კახეთის წინააღმდეგ ერთიანად დაიძრნენ. კახეთში შემოიჭრა ლეკთა ბრბოები. ერეკლემ და თეიმურაზმა ენერგიული ღონისძიებები გაატარეს. მოსახლეობა ციხეებში და მიუვალ ადგილებში გახიზნეს, ომში ქუდზე კაცი გაიწვიეს. ჯარის დასაქირავებლად სახსრები არ კმაროდა, მაგრამ მოიძებნა გამოსავალი. მათ სამეფო საგანძურიდან გამოიტანეს ოქროს და ვერცხლის ნივთები, ეს ნივთები გადასცეს ზარაფხანას, რომლისგანაც მოჭრეს ფული, ეს გამოყენებული იქნა ჩრდილო კავკასიელების დასაქირავებლად. ამ საქმის შესრულება ერეკლემ იკისრა, ის გაემგზავრა დარიალისკენ სადაც მოლაპარაკებები გამართა ჩერქეზებთან, მათგან ერეკლემ სერიოზული დახმარება მიიღო. ქართლიდან რუსეთში გაიგზავნა ელჩობა, ელჩებმა საიმპერატორო კარს ამცნობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა და დახმარება სთხოვეს. ამ ელჩობამ ვერც ამჯერად გამოიღო შედეგი. ქართველების ასეთმა ენერგიულმა მოქმედებებმა მტრები შეაშინა და საქართველოს დაპყრობაზე ხელი აიღეს. უკან გაბრუნებულ აჯი-ჩალაბის ჯარებს ერეკლე ყაზახ-შამშადილოს საზღვართან მიეწია და სასტიკად დაამარცხა, ეს მოხდა 1752 წლის 5 სექტემბერს. ამ გამარჯვებით ერეკლემ ქვეყანას ააცილა ის დიდი საფრთხე, რასაც აჯი-ჩალაბი უქადდა, ამ ბრძოლის შემდეგ დაიშალა მაჰმადიანთა კოალიცია, რომელიც ქართლ-კახეთის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ერევნის, განჯის და სხვა ქვეყნების ხანები კვლავ მორჩილების გზას დაადგნენ. სანამ ქართველები ამ ბრძოლას მოიგებდნენ, ქართველების წინააღმდეგ კვლავ დაიძრა აზატ-ხანი, მაგრამ მას შემდეგ რაც მან შეიტყო ქართველების გამარჯვება ქართლ-კახეთის მეფეებს ზავი შესთავაზა. ამ პერიოდში თეიმურაზისთვის და ერეკლესთვის ზავი მეტად მნიშვნელოვანი იყო. ხმა ერეკლეს სამხედრო ქველობის შესახებ საზღვარ გარეთაც გავრცელდა. ამ პერიოდში ევროპულ პრესაში იბეჭდებოდა ერეკლესა და თეიმურაზის შესახებ.

ლეკებისაგან თავის დასაცავად საჭირო იყო დაღესტნიდან მომავალი გზების და ბილიკების გამაგრება, აგრეთვე ქართული სანაპირო ციხეების ჯარის სისტემატიური დგომა და თავდასხმის შემთხვევაში მათი მოგერიება. ლეკებს ჰქონდათ სპეციალური ტაქტიკა შემუშავებული, ისინი დიდი ჯარით იშვიათად შემოდიოდნენ. ისინი მცირე ბრბოებით თავს ესხმოდნენ მშვიდობიან სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს, მათ გათავისუფლებისთვის კი დიდ გადასახადებს ითხოვდნენ. იმ შემთხვევაში თუ მოტაცებულებს ვერ გამოისყიდნენ, მაშინ ლეკები ქართველებს ოსმალეთის მონათა ბაზრობებზე ჰყიდნენ.

1754]-1755 წლებში დაღესტნელმა მომთაბარეებმა რამდენიმე მსხვილი ლაშქრობაც მოაწყვეს. ამ ლაშქრობის ორგანიზატორი ხუნძახის მფლობელი ნურსალ-ბეგი იყო. 1754 წელს ხანძახის ბატონი დიდი ჯარით შემოიჭრა კახეთში. ძარცვა-რბევით მან ახმეტა გაიარა და არაგვის ხეობაში გადავიდა. ააოხრა ერისთავის მამული და მჭადიჯვრის ციხეს მიადგა. ციხის აღება ნურსალ-ბეგს გაუჭირდა. ამასობაში ქართლ-კახეთის ჯარები მოვიდნენ ციხესთან, მეფეები დაქირავებულ რაზმსაც ელოდნენ იმიერკავკასიიდან, მაგრამ დრო არ ითმენდა გადაწყდა დაუყოვნებლივ შებმა მტერთან. ჯარს მეფე ერეკლე სარდლობდა, გაბედული მოქმედებების შემდეგ მტერი უკუიქცა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს არაერთმა თავადიშვილმა და გლეხმა. დამარცხებულმა მტერმა თავს გაქცევით უშველა. ამ გამარჯვების მიუხედავად ლეკების შემოსევები მაინც არ ცხრებოდა. მეფე ერეკლემ მიიღო გადაწყეტილება შეექმნა 1000 კაციანი მუდმივი ჯარი, რომელსაც ლეკების თარეში უნდა აღეკვეთა და თუ ლეკთა დიდი ძალა შემოიჭრებოდა ქვეყანაში, მაშინ ძირითად ძალას გამოიყენებდნენ.

დამარცხებულ ხუნძახის ბატონმა ახალი ბრძოლისთვის დაიწყო მზადება. მან ამჯერად ქართლ-კახეთზე სალაშქროდ მოუწოდა: დაღესტნელებს, კაკ-ენისელის ხანს, ჭარ-ბელაქანის ხანს და მაჰმადიანური სახელმწიფოების ხანებს. ბევრი გაჰყვა ხუნძახის ბატონს დიდი ნადავლის ხელში გდების იმედით. ნურსულ-ბეგს 20 000-ზე მეტი მეომარი შეუგროვდა. ამ ჯარით ისინი საინგილოს მხრიდან შემოვიდნენ და ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყეს. აქ თავშეფარებულები იყვნენ კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ერეკლემ მტრის დასამარცხებლად გონივრული გეგმა შეიმუშავა. ლეკებმა ყვარლის ციხის აღება ბრძოლით ვერ შესძლეს, ამიტომ მათ ძალიან მჭიდრო ალყა შემოარტყეს ციხეს. ციხეში მყოფებს სურსათი და ტყვია წამალი ელეოდათ, საჭირო იყო მათთვის სურსათის და მეშველი ჯარის დახმარება. ერეკლემ მოხალისეებს მოუწოდა და აღუთქვა თუ ციხეში შევიდოდნენ სათანადო წყალობას მიიღებდნენ. თავადებს და აზნაურებს შესაფერის თანამდებობებს და მამულებს, ხოლო გლეხებს ყმობისაგან გათავისუფლებას, ორ საკომლო მამულს და ფულად ჯილდოს მიიღებდა. მეფის მოწოდებაზე 200-ზე მეტი კაცი გამოვიდა. მათ შორის 9 თავადიშვილი, 2 აზნაური, ერთი ხუცესი, დანარჩენი კი ყველა გლეხი, ამათგან 103 ქიზიყელი. მეომრები ღამით ჩუმად მივიდნენ ციხესთან თავს დაესხნენ მოალყეებს და ხმლით გაიკაფეს გზა, ციხეში თოფის წამლის და სურსათის დიდი მარაგი შევიდა. ამ ამბის შემდეგ ნურსულ-ბეგის ჯარში მერყეობა დაიწყო ამასობაში ერეკლემ ქიზიყელთა ცხენოსანი ჯარი ჭარის დასარბევად გაგზავნა. ციხის ალყაში მდგომი ჭარელები შეშფოთდნენ და თავიანთი უპატრონოდ დარჩენილი სახლების დასაცავად წასვლა დააპირეს. ამ ნიადაგზე ჭარელებსა და ნურსულ-ბეგს შორის მტრობა ჩამოვარდა, ბოლოს კი ისინი ერთმანეთს შეებრძოლნენ. ჭარელებმა მიატოვეს ციხის ალყა და უკან გაბრუნდნენ, მათ მიჰყვა კაკ-ენისელის სულთანი, ასევე ნუხის ხანიც თავის ქვეყანაში დაბრუნდა. ასე თანდათან მოალყეთა რიგები მოიშალა. ნურსულ-ბეგი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. ლეკიანობა მაინც დიდ პრობლემად რჩებოდა. 1757 წელს ქართლი დაარბია ლეკთა 4-ათასიანმა ლაშქარმა, ხოლო 1759 წელს კოხტა ბელადმა 8 ათასი კაცით დაარბია ლიახვის ხეობ, თუმცა დამარცხდა და უკუიქცა.

1758 წელს ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ. ერეკლეს და თეიმურაზის თათბირზე გადაწყდა, რომ რუსეთში ელჩად თვით თეიმურზ II გაემგზავრებოდა. რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარს დახმარებას სთხოვდა და გაბედულ გეგმებსაც შესთავაზებდა. საქართველოს ჯარის რეორგანიზაციისთვის და ახალის დასაქირავებლად მას რუსეთისგან ფული უნდა მიეღო სესხად. ამ ფულით ლეკიანობას აღკვეთავდნენ, შექმნილი ჯარით კი ირანში შევიდოდნენ მოაწყობდნენ ყრილობას და რუსეთისთვის სასურველ პიროვნებას ირანის შაჰად აირჩევდნენ. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანა დაისვენებდა იმიერკავკასიელი მთიელების შემოსევებისაგან. 1760 წელს მეფე თეიმურაზ II მრავალრიცხოვანი ამალით რუსეთში გაემგზავრა, რუსეთის იმპერია ამ დროს ჩაბმული იყო პრუსიასთან ომში და საქართველოსთვის არ ეცალა. პეტერბურგში მყოფი თეიმურაზ II 1762 წლის 8 იანვარს გარადაიცვალა, ქართველებმა ის გადაასვენეს და დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში, მეფე ვახტანგ VI-ის საფლავის გვერდი.

პატარა კახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამასობაში ერეკლე II-მ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი უპირატესობა მეზობელ სახანოებზე. ერეკლემ ტყვედ იგდო მისი ძველი მეტოქე და ირანის შაჰობის პრეტენდენტი აზატ-ხანი. თეიმურაზის გარდაცვალებისთანავე ერეკლემ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. ირანის იმდროინდელ მბრძანებელს ქერიმ-ხანს მან თავის ძვირფასი ტყვე, ირანის ტახტზე ქერიმ-ხანის მეტოქე, აზატ-ხანი, მხრებშეკრული გაუგზავნა და ამით დიდი პოლიტიკური სარგებელი ნახა. მადლიერმა ხანმა სცნო ქართლ-კახეთის გაერთიანება. აღიარა ერეკლეს უფლება განჯა-ერევნის სახანოებზე და ამით დაადასტურა საქართველოს უფლება აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.

ქართლ-კახეთის გაერთიანება და ერეკლეს ხელისუფლების ასეთი გაძლიერება არ მოსწონდათ ქართლის რეაქციულ თავადებს. ისინი ხვდებოდნენ, რომ ერეკლეს ასეთი გაძლიერებით მათი რეაქციული პოლიტიკა სრულ აღკვეთას გამოიწვევდა. ერეკლეს მოქმედებებით აშკარა ხდებოდა, რომ ის ვერ მოითმენდა მის სამეფოში ნახევრად დამოუკიდებელ და მეფესთან დაპირისპირებულ თავადების არსებობას. რეაქციული თავადები იმედებს საგარეო მტრებზე ამყარებდნენ, მაგრამ ერეკლემ თავისი მოქმედებებით თავადებს ეს იმედებიც გადაუწურა. ამის შემდეგ მათ შეთქმულების მოწყობა განიზრახეს. მათ ტახტზე ვახტანგ VI-ის უკანონო შვილის პაატა ბატონიშვილის დასმა განიზრახეს. შეთქმულებაში თავადთა დიდი ნაწილი იღებდა მონაწილეობას შეთქმულები 1765 წლის დეკემბერში სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა გასცა. შეთქმულები მკაცრად დაისაჯნენ. თავადთა დიდი ნაწილი მათ შორის პაატა ბატონიშვილიც სიკვდილით დასაჯეს.

ერეკლე II შეეცადა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას. მისი ბრძანებით გაუქმდა ბორჩალოს და ბაიდარის სახანოები და არაგვის და ქსნის საერისთავოები. მათ ნაცვლად ერეკლემ დააწესა მოხელე-მოურავთა მმართველობა. სახელმწიფო მოხელეთა თანამდებობები მემკვიდრეობით აღარ გადაიოდა, არამედ ისინი ინიშნებოდნენ და ამაში გასამრჯელოს იღებდნენ. ერეკლემ დაამკვიდრა ევროპაში გავრცელებული სახელწოდებები თანამდებობის პირებისთვის: კანცლერი, სენატორი, ოფიცერი, მაიორი და სხვა. ერეკლე ცდილობდა განათლების და კულტურის განვითარებასაც. 1755 წელს გაიხსნა თბილისის სემინარია, 1782 წელს კი თელავის სემინარია. 1780-იან წლებში ერეკლემ აღადგინა სტამბა, შეიცვალა შრიფტი და ხელსაწყო-იარაღები. საუკუნის ბოლოს დაარსდა თეატრი.

1765 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოში რუსეთის ჯარი შევიდა. რუსეთი ამ დროს დაინტერესებული იყო კავკასიაში ოსმალეთის იმპერიის შევიწროებით და მათი ყურადღების ჩრდილო შავიზღვისპირეთში გადატანით. იმპერატორმა ეკატერინე II-მ კავკასიაში გამოგზავნილი ჯარის სარდლად გენერალი გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი დანიშნა. ტოტლებენს ერეკლე II სტეფანწმინდაში შეხვდა. ერეკლე რუსეთისგან ითხოვდა 5 ათას მეომარსა და არტილერიას, ასევე ახალციხის საფაშოზე გალაშქრებას და ახალციხის აღებას.

ერეკლე II-ს ჯარის ჯარისკაცების ფორმები

1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი. 1770 წლის ზაფხულში გენერალი ტოტლებენი 1200-კაციანი კორპუსით და მცირე არტილერიით, ერეკლე II – 7000 კაცითა და 3 ქვემეხით ბორჯომის ხეობიდან ახალციხისკენ გაემართა. გენერალი ტოტლებენი დარწმუნებული არ იყო ერეკლეს გაბედული გეგმის შესრულებაში. ამიტომ აწყურის იერეშის წარუმატებლობის შემდეგ, მან მოულოდნელად გადაწყვეტილება მიიღო და უკან გამობრუნდა. მან ერეკლე მარტო დატოვა ოსმალების პირისპირ. ამის მიუხედავად ერეკლემ წინსვლა გადაწყვიტა. ქართველთა ჯარს გზა გადაუღობეს ახალციხიდან და ხერთვისიდან წამოსულმა მეციხოვნეებმა, ერეკლემ ისინი დაამარცხა და ასპინძას მიადგა. აქ კი ოსმალთა და ლეკთა ძირითადი ძალები გადმოდიოდნენ მდინარე მტკვარზე, ერეკლემ უკან დაიხია და მტერს მდინარე მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა. ღამით მისი ბრძანებით მალულად აჰყარეს ხიდი მტკვარზე. ამით ოსმალები მოწყდნენ თავიანთ რეზერვებს და უკან დასახევი გზაც გადაეჭრათ.

20 აპრილს ქართველები ერეკლეს სარდლობით მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ. ბრძოლა ქართველთა იერიშით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა შეტევას და უკან დახევა დაიწყეს. ერეკლე გმირობის მაგალითს იძლეოდა, გადმოცემით ერეკლეს პირადად მოუკლავს ლეკთა ბელადი მალაჩალა. ბრძოლაში მოკლეს თურქ-ოსმალთა ყველა გენერალი და კორპუსის მთავარსარდალი. პანიკით მოცული თურქები მტკვრის ხიდისკენ დაიწყეს უკანდახევა, მაგრამ რადგანაც ხიდი აყრილი იყო ბევრი მათგანი ადიდებულ მტკვარში ჩაიხჩო. გაქცეულებიდან ახალციხეს მხოლოდ 13 კაცმა მიაღწია. ქართველებმა ტყვედ იგდეს რამდენიმე ათეული ტყვე, მრავალი დროშა, ცხენი და დიდძალი იარაღი.

ამ ბრწყინვალე გამარჯვებით ერეკლემ სათანადოდ ვერ ისარგებლა, რადგან ტოტლებენის მოქმედების გამო იძულებული შეიქმნა სასწრაფოდ თბილისში დაბრუნებულიყო. გენერალი ერეკლეს წინააღმდეგ ქართლის თავადებს ამხედრებდა. იგი ციხეების დაკავებას და ხალხის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცებას შეუდგა. ერეკლემ გენერალი აიძულა ამ განზრახვაზე ხელი აეღო და ქართლს გასცლოდა. ტოტლებენი იმერეთში გადავიდა.

რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არავითარი სარგებელი არ გამოიღო. 1771 წელს რუსეთმა უარი უთხრა ერეკლეს მფარველობაში მიღებაზე. 1772 წელს საქართველოდან გავიდა ტოტლებენის ჯარი. 1773 წელს ერეკლემ და იმერეთის მეფე სოლომონმა განახორციელეს ერთობლივი ლაშქრობა ახალციხის საფაშოში. ისინი 11-ათასიანი ლაშქრით გორიდან დაიძრნენ და ართვინამდე მივიდნენ. ლაშქრობა შეწყდა სოლომონის მოულოდნელი ავადმყოფობის გამო. ერეკლეს რეგულარი ჯარის შექმნის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ მან 1774 წელს დააწესა მორიგე ჯარი. ქართლ-კახეთის ყველა მამაკაცი არ ჰქონდა მნიშვნელობა ის იყო ბატონი, აზნაური თუ გლეხი, წელიწადში ერთხელ უნდა წასულიყო მორიგე ჯარში. ამ ღონისძიების შემდეგ ერეკლეს ყოველწლიურად დამატებით 5000 მეომარი გაუჩნდა. მორიგე ჯარმა განსაკუთრებით კარგი შედეგები დაღესტნელი მთიელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიღო. მორიგე ჯარის შემქმნელი ერეკლეს ვაჟი ლევანი იყო. ამიტომ ერეკლესთვის დიდი დარტყმა იყო ლევანის მოულოდნელი გარდაცვალება. ლევანის გარდაცვალების შემდეგ მორიგე ჯარი თანდათანობით დაიშალა.

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II.
რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II.
გარსევან ჭავჭავაძე
აღა-მაჰმად-ხანი
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII.

1776 და 1777 წლებში სტამბოლში ორჯერ ჩავიდა ერეკლე II-ის ელჩი. ამ ელჩობის კონკრეტულ შედეგს ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ ერეკლემ სცნო სულთნის უზენაესობა, გამოვიდა ირანის მფარველობიდან და სანაცვლოდ მიიღო დასავლეთ საქართველო. უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობა ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის. სოლომონთან შეაფარა თავი ერეკლეს მოწინააღმდეგე ალექსანდრე ბაქარის ძე. ქართლ-კახეთი სამეფოს და ოსმალეთის კავშირის საწინააღმდეგოდ 1778 წელს სოლომონ I-მა ირანთან კავშირის დამყარება სცადა და ირანში ელჩად გაგზავნა ბესიკი. 1781 წელს ერეკლე II-მ სცადა კავშირის დამყარება ევროპის სახელმწიფოებთან. მან კათოლიკე ბერ დომენიკეს წერილები გაატანა ავსტრიის ჰერცოგთან, საფრანგეთისა და სარდინიის მეფეებთან, ვენეციის სენატსა და რომის პაპთან. ერეკლე ევროპული სახელმწიფოებისგან ითხოვდა ორ პოლკს. ერეკლეს ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ეს იყო ქართველი მონარქების ბოლო ცდა ევროპასთან დაკავშირებისა. ერეკლემ ორიენტაცია აიღო ისევ რუსეთზე. მან 1782 წლის 21 დეკემბერს ოფიციალურად მიმართა ეკატერინე II-ს იმპერიის მფარველობაში ქართლ-კახეთის მიღების შესახებ. ეს ფაქტი რუსეთის მთავარსარდლისთვის ძალიან მნიშვნელოვან იყო. რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათჰ ალი ხაბმა მოშალა ლაშქრობა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ, ხოლო ერეკლეს მეტოქე ქართლის ტახტზე ალექსანდრე ბაქარის ძე დააპატიმრეს. ერეკლე II-მ იმპერატორს გაუგზავნა სპეციალური სათხოვარი პუნქტები, რომელშიც ჩამოთვლილი იყო პირობები, რომლის შემდეგ ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობაში შევიდოდა. რუსეთის მთავრობამ დაიწყო ხელშეკრულების ტექსტის მომზადება. იმპერატორ ეკატერინე II-ის მოთხოვნით, ქართლ-კახეთის ტრაქტატში გაფორმდა არა ქვეშევრდომის არამედ სრულიად რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესული ქვეყანა.

1783 წლის ბოლოს ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა დასრულდა და კავკასიის ხაზის სარდალს გენერალ-პორუჩიკ პავლე პოტიომკინს უფლებამოსილება მიეცა საქართველოს წარმომადგენელთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. ხელშეკრულების პროექტი ერეკლეს გაეგზავნა. სამეფო საბჭოზე მისი დეტალურად განხილვის შემდეგ გადაწყდა მისი მიღება. 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში ერეკლე II-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელებმა იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერეს რუსეთთან მეგობრობის პირობებს. რუსეთის მხრიდან ტრაქტატს ხელს აწერდა გენერალი პავლე პოტიომკინი. ტრაქტატით გათვალისწინებული რუსეთის ორი ბატალიონი უკვე 1783 წელს ნოემბეში შევიდა. 1784 წლის 24 იანვარს, მას შემდეგ რაც პეტერბურგიდან მიიღეს ეკატერინე II-ის სარატიფიკაციო სიგელი, ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ერეკლე II-მ. ტრაქტატი ძალაში შვიდა. ტრაქტატი შედგებოდა 13 მუხლისგან. ტრაქტატი ითვალისწინებდა ორმხრივ ვალდებულებებს.

ქართლ-კახეთი რუსეთზე დამოკიდებული ხდებოდა, მაგრამ ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობას. რუსეთის იღებდა ქართლ-კახეთს მფარველობის და საგარეო მტრისგან დაცვის ვალდებულებას. ქართლ-კახეთის მეფეებს დაამტკიცებდა რუსეთის იმპერატორი. ქართლ-კახეთის სამეფოს ეყოლებოდა საკუთარი მინისტრი რუსეთის იმპერატორის კარზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხდებოდა რუსეთის სინოდის წევრი. ქართლ-კახეთს არ უნდა დაემყარებინა კავშირი სხვა სახელმწიფოებთან რუსეთის თანხმობის გარეშე.

გეორგიევბკის ტრაქტატმა უკიდურესად გააღიზიანა ოსმალეთის იმპერია და მისი მომხრე კავკასიის მუსლიმური სახანოები. ახალციხის საფაშო იქცა ქართლ-კახეთზე ლაშქრობების პლაცდარმად. ქართლ-კახეთის წინააღმდეგ აღდგნენ ამიერკავკასიის ხანები და დაღესტნელი მთიელები. ერეკლეს განუდგნენ და ხარკი შეუწყვიტეს ერევნის და განჯის ხანებმა. ერეკლეს უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ყაზახ-შამშადილუს თათრები. ლეკებმა გაახშირეს თავდასხმები კახეთის სოფლებზე. რუსეთის ორი ბატალიონი და ერეკლე II-ის ძალები საკმარისი არ იყო მაჰმადიანთა მოსაგერიებლად. ერეკლე რუსეთისგან დამატებითი ჯარების გამოგზავნას ითხოვდა, რუსები ჯარის გამოგზავნაზე თავს იკავებდნენ. რუსეთს არ მიაჩნდა მიზანშეწონილად ქართლ-კახეთის გაძლიერება და მეზობლებზე გაბატონება. ამავე პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიამ რუსეთს საღვთო ომი გამოუცხადა. ამ ყველაფრის მეთაური იყო შეიხ მანსური. ამ მოძრაობამ მოიცვა ჩეჩნეთი და გავრცელდა ჩერქეზეთში და დაღესტანში. შეიხ მანსურთან ურთიერთობები დაამყარა ავარიის დაღესტნელმა ხანმა ომარმა, რომელმაც დიდი ჯარი გამოგზავნა ქართლ-კახეთში სალაშქროდ. 1785 წელს კახეთის საზღვრებს მოადგა ომარ-ხანის 20 000-იანი ლაშქარი. ერეკლემ ქართლიდან ჯარი ვერ გამოიყვანა, რადგან ახალციხის მხრიდან ოსმალთა შემოსევას ელოდა. მოსავლის აღების დრო იყო და კახეთიდანაც სათანადო ჯარი ვერ შეიკრიბა. კახეთის მცირერიცხოვანი ჯარით და რუსეთის ორი ბატალიონით მტრების შეჩერება შეუძლებელი იყო. ერეკლემ მოსახლეობა ციხეებში გახიზნა თვითონ კი ჯარით თელავში დადგა. ომარ-ხანმა ალაზანი გადმოლახა და ბორჩალოსკენ გაემართა. ერკლე ფეხდაფეხ დაედევნა მტერს, მაგრამ ცუდი გზების გამო არტილერიის სწრაფი გადაადგილება შეუძლებელი იყო. ომარ-ხანმა ახტალა გაძარცვა. აქედან 800-ზე მეტი ტყვე და დიდძალი ვერცხლის ფული წაიღო. ამის შემდეგ ახტალას მუშაობა ფაქტობრივად გაჩერდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზარალი მოუტანა. რუსებმა მხოლოდ ის მოახერხეს რომ 1000 ჩერვონეცი გაუგზავნეს ავარიელ ხანს და ქვეყნის აოხრებაზე ხელის აღება სთხოვეს. ერეკლე იძულებული გახდა მშვიდობა დიდ გამოსასყიდად მოეპოვებინა. მას საქართველოს დარბევის შესაწყვეტად 5000 მანეთის გადახდა მოუწია.

ერეკლე II მიხვდა რომ რუსეთის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა. ერეკლე შეეცადა რუსეთის გარდა სხვა მოკავშირეც მოეძებნა. ქართლ-კახეთის მეფემ ელჩი გაგზავნა ეგვიპტეში, სადაც ძალაუფლება იმ დროს ქართველი მამლუქი ბეგების ხელში იყო. მამლუქებმა სიხარულით მიიღეს ერეკლეს ელჩი, მაგრამ რეალური დახმარება ვერ გასწიეს. ამ დროს ერეკლემ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ახალციხის ფაშასთან. ქართლ-კახეთის მეფის წარმომადგენლები დიდი პატივით მიიღო ირანის შაჰობის კანდიდატმა აღა-მაჰმად-ხანმა, თუმცა რაც უფრო ძლიერდებოდა ის მით უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადადიოდა ქართლ-კახეთის მიმართ. 1786 წელს გაიმართა თათბირი, რომელზეც უნდა გადასინჯულიყო საგარეო კურსი, მაგრამ ეს არ მოხდა. პრორუსული ორიენტაციის შეცვლა მკვეთრად გაართულებდა ურთიერთობებს რუსეთთან. უკვე ერეკლეს არც ოსმალეთი და არც ირანი ენდობოდა.

1787 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. იმავე წელს რუსეთმა ჯარი გაიყვანა ქართლ-კახეთიდან. რუსეთმა ჯარის გაყვანა იმით ახსნა, რომ თითქოს ეს საშუალებას მისცემდა ქართლ-კახეთს მოეგვარებინა ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან.

1789 წელს დავით არჩილის ძესა და დავით გიორგის ძეს შორის მიმდინარე ბრძოლისაგან დაღლილი იმერელი თავდაზნაურობა ქართლ-კახეთში ჩავიდა და ერეკლეს იმერეთის შეერთება შესთავაზა. მეფემ დარბაზი მოიწვია ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების განსახილველად. დარბაზის უმრავლესობა იმერეთის შეერთების მომხრე იყო. მომხრეთა ბანაკში იყვნენ დავით ორბელიანი, კათოლიკოსი ანტონ II, ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი. მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყვნენ იოანე მუხრანბატონი და დარეჯან დედოფალი. ორდღიანი განხილვის შემდეგ ერეკლემ განაცხადა რომ, ის ვერ შემოიერთებდა იმერეთს. ამ დროს იმერეთი ოსმალეთის გავლენის სფერო იყო და მისი შეერთება ქართლ-კახეთთან გამოიწვევდა ომს ოსმალეთთან. 1789 წელს იმერეთში გამეფდა ერეკლეს შვილიშვილი დავითი, რომელმაც სოლომონ II ეწოდა. 1790 წელს ერეკლე II-ის მდივნის სოლომონ ლიონიძის ძალისხმევით დაიდო საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატი. ამ ხელშეკრულებით იმერეთის მეფე სოლომონ II, სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი, გურიის მთავარი სვიმონ გურიელი აღიარებდნენ ერეკლე II-ის უპირატესობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა არ უერთდებოდნენ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს.

დარეჯან დედოფალს ძალიან აწუხებფდა ის ფაქტი რომ ტახტის მემკვიდრე იყო გიორგი, რომელიც ერეკლეს სხვა ცოლისგან ჰყავდა. დარეჯანი შიშობდა, რომ გიორგის გამეფების შემთხვევაში, მისი მრავალრიცხოვანი შვილები დაიჩაგრებოდნენ. 1791-1792 წლებში დარეჯანმა და მისმა შვილებმა ერეკლეს მიაღებინეს კანონი ტახტის მემკვიდრეების და საუფლისწულოების შესახებ. მემკვიდრეობის კანონის მიღების შემდეგ ტახტი უნდა გადასულიყო არა მამიდან შვილზე, არამედ გვარში უფროსზე. კანონი მალევე გაუქმდა, მაგრამ ამ წესის მცირე ხნითაც დაკანონებამ უარყოფითი შედეგები გამოიწვია. თითოეულ ბატონიშვილს მიეცა 1003 კომლი ყმა, ხოლო მემკვიდრე გიორგის 4000. ამის შემდეგ უფლისწულები დასხდნენ საკუთარ მამულებში და მეფე მამას საერთოდ აღარ ემორჩილებოდნენ. ბატონიშვილები, რეაქციულ თავადებზე უფრო რეაქციულად მოქმედებდნენ. [[File:Capture of Tiflis by Agha Muhammad Shah. A Qajar-era miniature. 01.png|thumb|კრწანისის ბრძოლა] ქართლ-კახეთს კი ახალი საფრთხე დაემუქრა 1794 წელს ირანში დაწინაურებული აღა-მაჰმად ხანის მხრიდან. აღა-მაჰმად ხანი ერეკლესგან რუსეთთან ურთიერთობის სრულ გაწყვეტას მოითხოვდა. ის რომ აღა-მაჰმად-ხანი ქართლის წინააღმდეგ გამოილაშქრებდა ცხადი იყო. ერეკლე დახმარებას რუსეთს სთხოვდა, თუმცა პასუხიც კი არ მიუღია. 1795 წლის დასაწყისში აღა-მაჰმად ხანი ოსმალეთის იმპერიას შეუთანხმდა ქართლ-კახეთში ლაშქრობის შესახებ. 1795 წლის მაისში აღა-მაჰმად-ხანი დაიძრა თეირანიდან. ის ჯერ არდებილში გაჩერდა, შემდეგ თვეზე მეტ ხანს გაჩერდა შუშის ციხესიმაგრესთან, ხოლო აგვისტოს ბოლო განჯას მიადგა. რამდენიმე დღეში აღა-მაჰმად ხანი დაიძრა თბილისისკენ. აღა-მაჰმად ხანს ჰყავდა 35 ათასი მოლაშქრე, ხოლო ერეკლე II-ს მხოლოდ 7 ათასამდე მეომარი. 10 სექტემბერს აღა-მაჰმად ხანი სოღანლუღთან ბრძოლაში დამარცხდა. 11 სექტემბერს გაიმართა კრწანისის ბრძოლა. ქართველები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ირანელებს და დიდ ზარალს აყენებდნენ მათ, მაგრამ აღა-მაჰმად ხანმა შემოვლითი მანევრებით დიდი რიცხობრივი უპირატესობით გაიმარჯვა. 12 სექტემბერს აღა-მაჰმად ხანმა საშინლად დაარბია თბილისი.

1796 წელს რუსებმა აღა-მაჰმად-ხანის დასასჯელად ირანში ლაშქრობა მოაწყვეს. ვ. ზუბოვის მეთაურობით რუსეთის ჯარმა აიღო დერბენტი, ყუბა, ბაქო, სალიანი და შამახია, მაგრამ ეკატერინე II-ის გარდაცვალების გამო ლაშქრობა შეწყდა და ჯარი უკან დაბრუნდა. ერეკლრ II-მ გაილაშქრა და ხელახლა დაიმორჩილა განჯისა და ერევნის სახანოები. 1797 წელს აღა-მაჰმად ხანი ხელახლა დაიძრა საქართველოსკენ, მაგრამ ლაშქრობის დასრულება ვერ მოასწრო. ის მოკლეს შუშაში 1797 წელს. კრწანისის ბრძოლაში განცდილმა მარცხმა მძიმე გავლენა მოახდინა ერეკლეზე. აღა-მაჰმად-ხანის წასვლის შემდგომ მეფე თბილისში აღარ დაბრუნებულა. იგი თელავში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1798 წლის 11 იანვარს. ერეკლე II სვეტიცხოველში დაკრძალეს.

რუსეთის იმპერიის ტერიტორიული გაფართოება 1762-1801 წლებში.

ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტის დაკავება დარეჯან დედოფლის დახმარებით სურდა ფარნაოზ ბატონიშვილს, მაგრამ ტახტის მემკვიდრე გიორგი XII-მ იმარჯვა და ბატონიშვილები და დიდებულები ერთგულებაზე დააფიცა. გიორგი გამეფებისას უკვე ავადმყოფი იყო. გიორგის მამის სიცოცხლეშივე რთული ურთიერთობები ჰქონდა მის ნახევარძმებთან. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ეს დამოკიდებულები კიდევ უფრო დაიძაბა. ბატონიშვილები საუფლისწულოებში ჩაიკეტნენ და მეფეს აღარ ემორჩილებოდნენ. გიორგი XII-მ სცადა მათი დამორჩილება მაგრამ ვერ მოახერხა. ქართველი თავადები და აზნაურები ორ ჯგუფად დაიყვნენ, ერთნი მხარს უჭერდნენ გიორგი XII-ს ვაჟს დავითს, ხოლო მეორენი ერეკლე II-ის ძეს იულონს.

1799 წელს ქართლ-კახეთში რუსეთის ერთი პოლკი შევიდა გენერალ ივანე ლაზარევის მეთაურობით. ამ ჯარს ჩამოჰყვა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გიორგი XII-ის კარზე კოვალენსკი. გიორგის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ტახტი გადასულიყო მის შთამომავლებზე და არა მის ნახევარძმებზე. რუსეთი ქართლ-კახეთში არსებულ ვითარებას კარგად იყენებდა. რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა დააკმაყოფილა გიორგი XII-ის თხოვნა და ტახტის მემკვიდრედ დავითი დაამტკიცა. ამ ამბავმა გიორგის ნახევარძმების აღშფოთება გამოიწვია. 1800 წლის ნოემბერში ქართულ-რუსულმა ჯარმა ერთობლივად მოიგერია ომარ-ხანის შემოსევა სოფელ კაკაბეთთან. გიორგი XII-მ 1800 წლის ნოემბერში რუსეტის იმპერატორის წარუდგინა „სათხოვარი პუნქტები“, რომლითაც ის სრუსეთის მფარველობაში ქართლ-კახეთის სამუდამოდ მიღებას და ქართლ-კახეთის ტახტზე მისი შთამომავლობის დამტკიცებას ითხოვდა. 1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I-მა მოაწერა ხელი მანიფესტს, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო უქმდებოდა და ის უშუალოდ რუსეთის შემადგენელი ნაწილი ხდებოდა. ათი დღის შემდეგ 1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს. კავკასიის სამხედრო ხაზის უფროსმა გენერალმა კნორინგმა ტახტზე ასვლის უფლება არავის მისცა.

დასავლეთ საქართველო XVIII საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლომონ I

1702 წელს იმერეთს თავადი გიორგი-მალაქია აბაშიძე დაეპატრონა. ის იმერეთის ფაქტობრივ გამგებლად რჩებოდა მომდევნო მეფის, გიორგი VI-ის მეფობის პირველ წლებშიც.

1703 მოეწყო ოსმალების ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში. ოსმალებმა დაიკავეს ქვემო გურია და შავიზღვისპირა ციხეები. მათ ფოთში დასვეს ფაშა, რომელსაც სანაპირო ზოლის გამგებლობა ჩააბარეს, დაანგრიეს ოდიშის სამტავროს მთავარი ციხე რუხის ციხე.

1720 წელს ბაღდათის ციხეში მყოფი გიორგი VI სიმონ აბაშიძემ მოაკვლევინა. იმერეთის ტახტზე ავიდა ალექსანდრე V. ალექსანდრე ქართლში ვახტანგ VI-ის კარზე იზრდებოდა. სწორედ ვახტანგ VI-ის და ახალციხის ფაშა ისაყ I-ის მხარდაჭერით გამეფდა ალექსანდრე. ალექსანდრეს გამეფებისთანავე ოსმალებმა დაიკავეს შავი ზღვის მთელი აღმოსავლეთი სანაპიროები. თურქთა გარიზონები იდგა: ბათუმში, ფოთში, სოხუმში და სხვა ქალაქებშიც. ამის შედეგად დასავლეთ საქართველოს მოესპო გასასვლელი შავ ზღვაზე. ქვეყნის შიდა რაიონებიც ოსმალებს ეკავათ. ოსმალთა ჯარი იდგა: ქუთაისის, ბაღდათის და შორაპნის ციხეებშიც. ალექსანდრე ვახტანგ VI-ის პოლიტიკის მხარდამჭერი იყო, მასთან ერთად მონაწილეობდა განჯაში ლაშქრობაში. 1722 წელს ალექსანდრემ ქართლთან ერთად დაამყარა კავშირი რუსეთის იმპერიასთან, მაგრამ დახმარებაზე უარი მიიღო. იმერეთში ძლიერი ხელისუფლება არ იყო ამიტომ მეფეს უკვე მთავრებიც აღარ ემორჩილებოდნენ. 1728 წელს ოსმალებმა დაიკავეს შორაპნის ციხე და ბაღდათის ციხე. ოსმალებს ეკავათ ქუთაისის ციხეც და მეფე ხან ჩხარში იდგა, ხან გეგუთში. მეფის კუთვნილი ციხეების და მიწების დიდი ნაწილი თავადების ხელში გადავიდა. ალექსანდრე V-ს რამდენჯერმე მოუწია ტახტის დათმობა. 1741 წელს რამდენიმე თვით ტახტზე ავიდა მეფის ნახევარძმა გიორგი VII. 1746-1749 წლებში გამეფდა მისი მეორე ძმა მამუკა. ორივეჯერ ალექსანდრე V-მ ახალციხის ფაშების დახმარებით მოახერხა ტახტის დაბრუნება. 1752 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა სოლომონ I-მა.

სოლომონ I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამეფებისთანავე სოლომონის წინააღმდეგ მოეწყო აჯანყება. სოლომონს აუჯანყდნენ თავადები, როსტომ რაჭის ერისთავი, მამია IV გურიელი, კათოლიკოს-პატრიარქი ბესარიონი და საკუთარი ოჯახის წევრები, დედა, ბიძები და ბაბუა ლევან აბაშიძე. სოლომონმა ახალციხის ფაშის დახმარებით დაიბრუნა ტახტი. ხელახლა გამეფებულმა სოლომონმა ბიძა მამუკა ბატონიშვილი იმერეთიდან გააგდო, გურიელობა ჩამოართვა მამია IV-ს და გიორგი V-ს მისცა, სამეგრელოში გააძევა დედა, ხოლო ლევან აბაშიძეს ჩამოართვა რეზიდენცია კაცხი და ის სახასო მამულად გამოაცხადა. სოლომონმა ხელთ იგდო აბაშიძეთა სათავადოს თითქმის ყველა ციხე. სოლომონმა აბაშიძეების ნაცვლად დააწინაურა ერთგული გვარები: წერეთლები, წულუკიძეები, აგიაშვილები, ჯაფარიძეები. სოლომონ I შეურგიდა მამია IV გურიელს და კვლავ მთავრად დასვა ის, ასევე დაუმოყვრდა ოდიშის მთავარ ოტია დადიანს. ერთგული პირებისგან სოლომონმა შექმნა ფიცის კაცების ინსტიტუტი.

1757 წელს სოლომონ I-მა ხრესილის ბრძოლაში დაამარცხა ოსმალეთის ჯარი. სოლომონის მხარეს იბრძოდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები. ოსმალეთის მხარეს იყვნენ ლევან აბაშიძე და რაჭის ერისთავი. იმერეთის სამეფოს ჯარმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. საპასუხოდ 1758 წელს ახალციხის ფაშამ ორჯერ ილაშქრა იმერეთში. პირველი ლაშქრობის დროს ოსმალებმა გაიმარჯვეს, ხოლო მეორე შემთხვევაში იმერლებმა. 1758 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ, კახეთის მეფემ ერეკლე II-მ და იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა ხელშეკრულება დადეს ურთიერთდახმარების შესახებ. 1760 წელს სოლომონი 15-ათასიანი ლაშქრით დაეხმარა ერეკლე II-ს განჯის აღებაში.

1759 წლის დეკემბერში სოლომონმა საგანგებო საეკლესიო კრება მოაწყო. კრება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. კრების გადაწყვეტილებით ტყვის სყიდვაში მონაწილე პირები სიკვდილით დაისჯებოდნენ. 1760 წელს ახალციხის ფაშამ მოსთხოვა იმერეთის მეფეს ტყვის სყიდვის აღდგენა. იმავე წელს იმერეთში ოსმალთა 20-ათასიანი ლაშქარი შევიდა, რომელიც სოლომონმა დაამარცხა. 1761 წელს სოლომონმა კიდევ ერთხელ მოიწვია საეკლესიო კრება. 1963 წელს სოლომონმა დაამარცხა ოსმალების 13-ათასიანი ლაშქარი. 1765 წელს ოსმალებმა დალაშქრეს გურიის და ოდიშის სამთავროები. გურიის მთავარად მამია IV-ის ნაცვლად კვლავ გიორგი V დასვეს. ოსმალეთის ლაშქარმა სამეგრელოში გამოიზამთრა. მათ თან ახლდათ იმერეთის ტახტის მაძიებელი თეიმურაზი. თეიმურაზი ოსმალეთს ჰპირდებოდა ტყვის სყიდვის აღდგენას. ოსმალებმა სოლომონი განდევნეს სვერის ციხიდან და აიღეს ქუთაისიც. იმერეთის მეფე გახდა თეიმურაზი. სოლომონი გამაგრდა მოდინახეს ციხეში.

სოლომონმა სცადა რუსეთისგან მხარდაჭერის მიღება, მაგრამ ვერ მიიღო. ამის შემდეგ სოლომონმა დაიწყო მოლაპარაკება ომოსმალეთთან და მათ ხარკი შესთავაზა ტახტის შენარჩუნების სანაცვლოდ. 1766 წელს სოლომონის ძმა, გელათის მიტროპოლიტი იოსები ჩავიდა სტამბოლში. 1767 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც ოსმალეთმა იმერეთი ცნო მფარველობაში მყოფ სახელმწიფოდ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა იმერეთის მიერ ყოველწლიურად ხარკის სახით 60 ქალის გადახდას, მაგრამ სოლომონს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია. 1768 წელს ჩხართან სოლომონ I-მა დაამარცხა თეიმურაზი და მუხურის ციხეში გამოკეტა. 1768 წლის ბოლოს და 1769 წლის დასაწყისში სოლომონმა ორჯერ ილაშქრა რაჭის საერისთავოში, მაგრამ რაჭის ერისთავის დაპატიმრება ვერ შეძლო, რადგან ის დადიანთან გაიქცა. 1769 წლის მაისში სოლომონმა გადააყენებინა კათოლიკოს-პატრიარქი ბესარიონი და მის ნაცვლად იოსები დანიშნა. ბესარიონი ოდიშის კათოლიკოს-პატრიარქი გახდა. კათოლიკოს იოსების დახმარებით სოლომონმა მოტყუებით მიიწვია როსტომი შესარიგებლად, შეიპრყო და თვალები დათხარა. სოლომონმა გააუქმა რაჭის საერისთავო, მისი ნაწილი წულუკიძეებს დაუბრუნა, ნაწილი კი წერეთლებს მისცა. როსტომის მოტყუებით შეპყრობის გამო სოლომონი დაწყევლა ძმამ, კათოლიკოსმა იოსებმა.

1768 წლის ივნისში სოლომონმა ქუთაისის ეპისკოპოსი მაქსიმე გააგზავნა რუსეთში. ამ დროს დაწყებული იყო რუსეთ-ოსმალეთის ომი. რუსეთი დათანხმდა იმერეთში სამხედრო ძალის გაგზავნას. 1769 წლის აგვისტოში იმერეთში შევიდა ტოტლებენის 480-კაციანი კორპუსი. 3 ოქტომბერს სოლომონმა და ტოტლებენმა ალყა შემოარტყეს შორაპნის ციხეს, რომელსაც 25 მეციხოვნე იცავდა. ამ დროს სოლომონს მოუვიდა ცნობა იმერეთში ოსმალთა და აფხაზთა 9-ათასიანი ლაშქრის შეჭრის შესახებ. სოლომონმა დაამარცხა შემოჭრილები, მაგრამ ამასობაში ტოტლებენმა შორაპნის ციხეს ალყა მოხსნა და ქართლში დაბრუნდა. 1770 წლის იანვარში სოლომონმა კვლავ დაამარცხა ოსმალების 4-ათასიანი ლაშქარი. 1770 წლის ივნისში ტოტლებენი იმერეთში დაბრუნდა. ამ დროს სოლომონს აღებული ჰქონდა ცუცხვათის ციხე, ალყაში ჰქონდა მოქცეული ქუთაისისა და შორაპნის ციხეები. ტოტლებენმა 2 ივლისს აიღო ბაღდათის ციხე. სოლომონმა ტოტლებენს ციხე დაანგრევინა, რათა ოსმალებს ის ხელახლა არ აეღოთ. 7 აგვისტოს აიღეს ქუთაისის ციხე, რომელიც სოლომონმა ასევე დაანგრევინა. მალე აღებულ იქნა შორაპნის ციხეც. 1772 წელს რუსეთის ჯარმა დატოვა იმერეთი და სრულიად საქართველო. 1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება. ზავის თანახმად რუსეთმა ცნო დასავლეთ საქართველოზე ოსმალეთის გავლენა, ხოლო ოსმალეთს აღარ უნდა მოეთხოვა ხარკი იმერეთისგან. 1774 წელს სოლომონმა გაგზავნა ელჩი დავით კვინიხიძე რუსეთში და ითხოვა რუსეთის მიერ მფრავლეობაში მიღება, მაგრამ ეკატერინე II-მ უარი განუცხადა, რადგან არ აპირებდა ოსმალეთთან ზავის პირობების დარღვევას.

სოლომონს დაუპირისპირდა ძმა არჩილი, რომელმაც მეფეს ციხეები და მამუკლები მოსთხოვა და უარი მიიღო. არჩილი დაუკავშირდა ახალციხის ფაშას და კაცია II დადიანს და სოლომონის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. სოლომონს ასევე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მეორე ძმა იოსებთან, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. სოლომონი ორივეს სასჯელებით დაემუქრა და ერთგულების ფიცი დაადებინა. 1775-1776 წლებში სოლომონმა დაიმორჩლა გურიის და ოდიშის მთავრები. 1781-1782 წლებში სოლომონმა გაააქტიურა რუსეთთან ურთიერთობა და 1783 წელს რუსეთი განიხილავდა გეორგიევსკის ტრაქტატით იმერეთის მფარველობაში მიღებასაც, მაგრამ საბოლოოდ თავი შეიკავა ყირიმის სახანოს ანექსიის გამო.

1784 წელს გურიის სამთავროში ილაშქრა აჭარის ბეგმა აბდულ ხიმშიაშვილმა. ამის საპასუხოდ სოლომონ I-მა გადაწყვიტა ბათუმზე გალაშქრება და მისი დაბრუნება. ლაშქრობა გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ფოთის ფაშამ დადიანისგან შეიტყო ამ ლაშქრობის შესახებ და სათანადოდ მოემზადა. სოლომონმა 6 ათასიანი ლაშქრით აიღო ქობულეთი, ჩაქვი, ბათუმი, მაგრამ უკან დაბრუნებული წააწყდა ოსმალების ჩასაფრებას და დამარცხდა ნაჭიშკრევის ბრძოლაში დამარცხდა. სოლომონმა ვერ შეძლო ქვემო გურიის ოსმალეთისგან გათავისუფლება. ის ბრძოლაში დამარცხებიდან მალევე, თვენახევარში გარდაიცვალა. სოლომონ I გელათში დაკრძალეს.

იმერეთის სამეფო XVIII საუკუნის ბოლოს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლომონის შემდეგ მეფე გახდა დავით II. მის დროს გამწვავდა შიდაფეოდალური დაპირისპირებები იმერეთის სამეფოში. დავით II-მ საჯავახო დაუბრუნა გურიის სამთავროს, საჭილაო-სამიქელაო ოდიშის სამთავროს, აღადგინა რაჭის საერისთავო. ამის გამო მეფეს წულუკიძეები და წერეთლები დაუპირისპირდნენ. 1784 წელს დვითმა კათოლიკოს მაქსიმეს მეთაურობით რუსეთში ელჩობა გაგზავნა. იმავე წელს ოსმალეთს იმპერიამ 12-ათასიანი ლაშქრით ქაიხოსრო აბაშიძე გაგზავნა იმერეთში. აბაშიძემ 6 ათასი ფოთში დააბანაკა, 6 ათასით კი გურია დალაშქრა, აიღო ოზურგეთი და გადაწვა 7 სოფელი. დავით II-მ ქაიხორსო აბაშიძის ლაშქარი 4 ათასი კაცით დაამარცხა.

1784-1785 წლებში დავით II-ის ელჩობა რუსეთში წარუმატებლად დასრულდა. დავით II-მ 1787 წელს მაინც გაგზავნა ელჩობა რუსეთში ბესიკის ხელმძღვანელობით. 1789 წელს დავით II დაამარცხა და ერეკლე II-ის დახმარებით იმერეთში გამეფდა ერეკლეს შვილიშვილი სოლომონ II.

სოლომონ II დაუპირისპირდა ოდიშის მთავარ გრიგოლ დადიანს. მან დაიკავა საჭილაო და ჭყვიშის ციხე. გრიგოლ დადიანმა კოალიცია შეკრა დავით II-სთან და ქაიხოსრო აბაშიძესთან. ბრძოლა გაიმართა 1794 წლის დასაწყისში. სოლომონ II-ს მხარს უჭერდა ერეკლე II სამხედრო ძალით. სოლომონმა გაიმარჯვა. 1797 წელს გრიგოლ დადიანმა მხარი დაუჭირა II-ს ტახტისთვის მებრძოლ გიორგის, სოლომონ I-ის შვილიშვილს. გიორგის მხარს ასევე უწერდნენ გავლენიანი თავადები და ეფთვიმე გენათელი. სოლომონ II-მ ახალციხის საფაშოდან გრიგოლ დადიანის ჩასვლამდე დააპატიმრა გიორგი ბატონიშვილი და მუხურისის ციხეში ჩააგდო, ხოლო ეფთვიმე გენათელი გააძევა. გიგოლ დადიანმა ერეკლე II-ის შუამავლობით სცადა სოლომონთან შერიგება, მაგრამ სოლომონმა გრიგოლ დადიანი დააპატიმრა, ოდიშის მთავრად კი მანუჩარ II დადიანი დასვა. გრიგოლ დადიანი ციხიდან გააპარა ბიძამ, გიორგიმ და ლეჩხუმის პატრობნმა ქაიხოსრო გელოვანმა. სამივე ნოღას ციხეში გამაგრდნენ. სოლომონმა ციხის აღება ვერ შეძლო. გრიგოლ დადიანი აქედან ლეჩხუმში გადავიდა და იქ გამაგრდა. 1798 წელს სოლომონ II-მ ცნო გრიგოლ დადიანი ოდიშის მთავრად, ხოლო მანუჩარმა სალიპარტიანო მიიღო. ამის შემდეგ სოლომონმა ერთხელ კიდევ სცადა გრიგოლ დადიანის გაძევება, მან მანუჩართან და ლეკებთან ერთდ დალაშქრა სამეგრელო, მაგრამ გრიგოლის დაპატიმრება ვერ შეძლო. იმერეთის მეფის და ოდიშის მთავრის დაპირისპირებაიმით დასრულდა, რომ ოდიშის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობა ითხოვა და 1804 წელს მიიღო კიდეც.

სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასია 1799 წელს

XVIII საუკუნეში განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს გლეხობა. მას ავიწროებდა ერთი მხრივ ლეკების გამუდმებული შემოსევები, მეორეს მხრივ, ჩამორჩენილი ფეოდალური წესწყობილება. ლეკებისგან ქართლის გლეხები უფრო იჩაგრებოდნენ, ვიდრე ქიზიყისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი უშუალოდ ესაზღვრებოდა ჭარ-ბელაქანს. ქიზიყის გლეხობა შეჩვეული იყო ლეკებთან ბრძოლას და თავს იოლად არ აჩაგვრინებდნენ, ამასთან, ქიზიყში თავისუფალი გლეხები ცხვრობდნენ, ქართლისა და კახეთის სხვა გლეხები კი დაუძლურებულნი იყვნენ ბატონყმობისაგან. ბატონმყმობის გამო ხშირი იყო გლეხების მიგრაცია. ისინი გარბოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში და სახლდებოდნენ ყიზლარის, ან მოზდოკის მახლობლად, რუსეთის ჯარის მფარველობის ქვეშ, ან გადადიოდნენ ახალციხის საფაშოში, სადაც ოსმალეთის იმპერიის XVIII საუკუნის რეფორმების წყალობით ბეგობა უფრო ასატანი იყო, ვიდრე ქართლის, კახეთის ან იმერეთის თავადების ბატონობა. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების კიდევ ერთი შედეგი იყო ტავისუფალ გლეხთა დაყმევება სესხის გადაუხდელობისთვის. მრავალ შემთხვევაში გლეხებ ტყვედ ვარდებოდნენ ომიანობის დროს. ერეკლე II-მ 30 წლის განმავლობაში 400 000 მანეთზე მეტი დახარჯა ტყვეების დასახსნელად, მაგრამ ტყვეთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ სახელმწიფო ხაზინა საკმარისი არ იყო ყველას გასათავისუფლებლად. შესაბამისად, ლეკთა თარეშის და საერთო გაღარიბების გამო გლეხთა სოციალური კლასი იზრდებოდა. ხშირი იყო ყმათა ყიდვა-გაყიდვა ბატონების მიერ. ადამიანით ვაჭრობას განსაკუთრებით ფართო ხასიათი დასავლეთ საქართველოში ჰქონდა. ფეოდალები ცდილობდნენ დაპატრონებოდნენ საეკლესიო და სამონასტრო გლეხებს, რომლებიც უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე საბატონონი. საეკლესიო გლეხები იხდიდნენ საეკლსიო გადასახადს, მაშინ როცა საბატონო გლეხები ხიდიდნენ როგორც საეკლესიო, ასევე ნატურალურ გადასახადებს მოსავლის წილის სახით და ფიზიკურად შრომობდნენ ბატონებისთვის. ყველა სახის გლეხი იხდიდა ლაშქრობის ბეგარასა და ხარკის გამო დაწესებულ საურავს.

ერეკლე II ცდილობდა გელხებისთვის ბატონყმობის სიმძიმის შემსუბუქებას. 1748 წელს მან მოახდინა სასამართლოს რეფორმა და მდივანბეგად დანიშნა მზეჭაბუკ ორბელიანი. მის მიერ მოჭრილ მონეტაზე ერეკლემ გამოასახვინა სასწორი, როგორც სამართლის სიმბოლო. მან გლეხებს მისცა უფლება სასამართლოში, ან მეფის კარზე ეჩივლათ ბატონთა ძალმომრეობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს უფლება ხშირად ფიქტიური იყო, რადგან მდივანბეგთა სასამართლო თბილისში მდებარეობდა და ყველა ადგილობრივ დავას ვერ იხილავდა, ადგილებზე კი სამართალწარმოება კვლავ ბატონების ხელში რჩებოდა. თავადაზნაურთა ხელში იყო ასევე სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებაც. ქართლ-კახეთის გლეხები ხშირად იყენებდნენ ერეკლე მეფის მოგზაურობას მისთვის საჩივრის გადასაცემად.

ფეოდალურ წყობასა ასახავდა XVIII საუკუნის ქართული ჯარი. ის შედგებოდა ქვეითი გლეხებისგან და თავადაზნაურობისგან დაკომპლექტებული მხედრობისგან. ჯარი იკრიბებოდა საჭიროების მიხედვით და იშლებოდა საჭიროების ჩავლისთანავე. ყოველი მეომარი სალაშროდ საკუთარი იარაღით და ორი კვირის სანოვაგით უნდა გამოსულიყო. რაზმების უფროსები ფეოდალები იყვნენ. სამხედრო ოპერაციებში მათი წონა დამოკიდებული იყო არა სამხედრო ნიჭსა და დამსახურებაზე, არამედ გამოყვანილი მეომრების რაოდენობაზე. ჯარის რეფორმა სცადა თეიმურაზ II-მ სპარსეთისა და რუსეთის ნიმუშების მიხედვით. მან დააწესა მუდმივი ათასკაციანი ჯამაგირიანი ჯარი, მაგრამ ეს იმდენად დააწვა ხაზინას, რომ მეფე იძულებული გახდა, დაეშალა. ერეკლე II-მ შექმნა მორიგე ჯარი და ვაჭარ-ხელოსნები გაათავისუფლა სამხედრო ბეგარისგან.

განუვითარებელი იყო მრეწველობა და ვაჭრობა. ვაჭრობას ხელს უშლიდა ავაზაკთა თარეში და ბატონყმობა. კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ქარავანს ცხრა დღე სჭირდებოდა. ამ დროს ის შესაძლოა მრავალჯერ გაძარცვულიყო, ამასთან, ქრთამი და ბაჟი უნდა ეძლია მებატონეების მიწაზე გავლისთვის. ერეკლე ასევე ცდილობდა მრეწველობის განვითარებას და დააარსა მარილის გამწენდი და ლითონის სადნობი საამქროები, მაგრამ ისინი ტექნიკურად ჩამორჩენილები იყო და აკლდა დახელოვნებული მუშახელი. მანვე გუმუშჰანედან ბერძენი მადნის მუშები გადაასახლა კახეთში ახტალისა და ალავერდნის მადნების ასამუშავებლად და ორ წელიწადში ახტალის ვერცხლის მადანი სახელმწიფო ხაზინის მეათედის ტოლ შემოსავალს იძლეოდა.

დაცემული იყო საქალაქო ცხოვრება. ქართლ-კახეთის სამეფოში სამი ქალაქი იყო, თბილისი (დაახლოებით 20 000 ადამიანი, 1771), თელავი (3700 ადამიანი) და გორი (2500 ადამიანი). ანანური, სურამი და სხვა პუნქტები უფრო გამაგრებულ სოფლებს წარმოადგენდნენ. თბილისს გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდა არამხოლოდ მეზობელ ხალხებთან, არამედ რუსეთთან, სპარსეთთან და შორეულ ინდოეთთან. შემოდიოდა შალეულობა, ფარჩეულობა და ფაიფურის ჭურჭელი და გადიოდა სპილენძის ჭურჭელი, ცხენის აღკაზმულობა, იარაღი, ბამბისა და ტყავის ნაწარმი. თბილისში მოქმედებდა მრავალი სახელოსნო და მცირე მანუფაქტურა. თბილისის ვაჭრობა ძირითადად სომხების ხელში იყო, ქალაქის ქართველი მოსახლეობის ცხოვრება არ განსხვავდებოდა ქართლ-კახეთის სოფლის თავადაზნაურობის ცხოვრებისგან. მათ ქალაქგარეთ ჰქონდათ ყანები, ვენახები და ბაღჩები, რომლებიც მტკვრიდან გაყვანილი არხებით ირწყვებოდა. თბილისის ქუჩები და მოედნები იყო ჭუჭყიანი და უსუფთაო, რის გამოც სწრაფად ვრცელდებოდა გადამდები დაავადებები. ერეკლე II ცდილობდა ურბანიზაციის წახალისებას ქალაქში სოფლის მოსახლეობის მიზიდვას. მიუხედავად მცდელობებისა, ერეკლემ ვერ შეძლო ჩამოეყალიბებინა ბურჟუაზია და განევითარებინა ვაჭრობა-მრეწველობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]