ბაგრატ IV (იმერეთის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატ IV.
ბაგრატ IV
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1660
მმართ. დასასრული: 1681
წინამორბედი: ალექსანდრე III
მემკვიდრე: ვამეყ III დადიანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1565
გარდ. თარიღი: 1681
მეუღლე: ქეთევანი, თეიმურაზ I-ის ძის, დავითის ასული
თამარი
შვილები: ალექსანდრე IV
გიორგი
დარეჯანი
თინათინი
მარიამი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე III
დედა: თამარ გურიელი


ბაგრატ IV (გ. 1681) — იმერეთის მეფე (1660-1661, 1663-1668, 1669-1678, 1679-1681), ალექსანდრე III-ის ძე.

ალექსანდრე III-ის გადაცვალების შემდეგ (1660, 4 მარტი), ბაგრატის დედინაცვალმა დარეჯანმა, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი იყო, ბაგრატს ცოლად შერთო თავისი ძმის, თეიმურაზ I–ს ვაჟის, დავითის ასული ქეთევანი. მაგრამ, სულ რამდენიმე თვეში, მისივე ბრძანებით, ბაგრატი დააბრმავეს და ტახტიდან გადააყენეს, თვითონ დარეჯანი კი ვახტანგ ბაგრატიონს, ზედწოდებით ჭუჭუნიაშვილს მისთხოვდა. ვახტანგი მეფედ გამოაცხადეს.

დარეჯანის საქციელით უკმაყოფილო თავადთა ერთმა ნაწილმა (ქვემო იმერეთიდან) ვამეყ დადიანი, მეორე ნაწილმა კი (ზემო იმერეთიდან) ვახტანგ V შაჰნავაზი მიიწვია იმერეთში. ვამეყმა შეიპყრო დარეჯანი და ვახტანგი (ამ უკანასკნელს თვალები დასთხარა) და თავი მეფედ გამოაცხადა. ამასობაში ვახტანგმა ზემო იმერეთი დაიკავა. დადიანი და ვახტანგი შეთანხმდნენ და იმერეთი შუაზე გაიყვეს, საზღვრად მდ. ბუჯისწყალი დადვეს (1660). ცოტა ხანში მათ შორის ურთიერთობა აირია და ვახტანგმა მის წინააღმდეგ გაილაშქრა. ჯერ იმერეთში აიღო სვერის, კაცხის და სკანდის ციხეები, შემდეგ კი ოდიშზე გაილაშქრა. ვამეყ დადიანი ცოლ-შვილით სვანეთში გაიქცა და ჭაქვინჯის ციხეს შეაფარა თავი. ქუთაისში ვახტანგმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავისი ძე — არჩილი (1661 წელი), შემდეგ ქართლში დაბრუნდა და თან წამოიყვანა უსინათლო ბაგრატ IV. მოგვიანებით ვახტანგმა ირანის მოთხოვნით არჩილი უკან გაიწვია და იმერეთში კვლავ გამეფდა ბაგრატი. ვახტანგმა ბაგრატს გაატანა იორამ სააკაძე, იორამმა იგი ქუთაისში მიიყვანა და ტახტზე დასვა.

ბაგრატ IV-ის მერყევმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფეოდალური შინაომების გაღრმავებას, გაძლიერდა იმერელ ფეოდალთა და გურია-სამეგრელოს მთავართა თვითნებობა, გახშირდა „ტყვის სყიდვა“. ბაგრატ IV-ს სამჯერ ჩამოართვეს მეფობა. მეფობის პერიოდშიც მას, ფაქტობრივად, მხოლოდ სამეფო დომენი ემორჩილებოდა. სახლთუხუცესმა სეხნია ჩხეიძემ ქუთაისის ციხე ორჯერ (1666, 1668) გადასცა ოსმალებს. ბაგრატ IV-მ შეძლო მისი დაბრუნება, მაგრამ 1674 წელს იძულებული გახდა თვითონ გადაეცა ის ოსმალებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ალექსანდრე III
იმერეთის მეფე
1660 - 1681
შემდეგი:
ვამეყ III დადიანი