მარიამისეული ქართლის ცხოვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარიამისეული ქართლის ცხოვრება
კალიგრაფია მარიამისეულ ქართლის ცხოვრებაში

მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“„ქართლის ცხოვრების“ ნუსხა, გადაწერილი 1633-1646 წლებში ქართლის მეფის როსტომის (1632-1658) მეუღლის მარიამ დადიანის ბრძანებით, რის გამოც მას მარიამისეული ეწოდა. შეიცავს ძეგლის უძველეს ტექსტს.

მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“ დღემდე მოღწეულ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი უძვირფასესია. შეიცავს 932 გვერდს, ფურცლის ზომებია 32,5X23 სანტიმეტრი. დაწერილია მოსქო თეთრ ქაღალდზე ლამაზი მხედრული ხელით, შავი მელნით; სათაურები შესრულებულია სინგურით. ფურცლებს აქვს ჭვირნიშნები სხვადასხვა გამოსახულებებით. ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის მაგარ ყდაში.

ხელნაწერი აღმოაჩინა დიმიტრი ბაქრაძემ 1884 წელს. მანვე დაიწყო მარიამისეული „ქართლის ცხოვრების“ მეცნიერული შესწავლა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომიც მიუძღვნა. შემდეგ ხელნაწერი შესწირა ახალდაარსებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

ამჟამად ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, S ფონდში (S-30). მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“ შეიცავს სუმბატ დავითის ძის ქრონიკას, რაც „ქართლის ცხოვრების“ არც ერთ მანამდე ცნობილ ნუსხაში არ მოიპოვებოდა და თამარ მეფის ისტორიას — „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“. მარიამისეულ „ქართლის ცხოვრებაში“ საქართველოს ისტორია გადმოცემულია XIV საუკუნემდე (გარდა ზემოთდასახელებულ ისტორიული ნაშრომებისა, მასში შედის ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებანი, „მატიანე ქართლისა“, დავით აღმაშენებლის ისტორია, ჟამთააღმწერლის თხზულება და სხვა). იკითხება ვახტანგ VI-ის მინაწერები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 114-115
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977;
  • მეტრეველი რ., ქსე, ტ. 6, გვ. 439, თბ., 1983