შინაარსზე გადასვლა

როსტომი (ქართლის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტომი
ხოსრო მირზა

კრისტოფორო დე კასტელის ნახატი.
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1633
მმართ. დასასრული: 1658
წინამორბედი: თეიმურაზ I
მემკვიდრე: ვახტანგ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1565
დაბ. ადგილი: თბილისი
გარდ. თარიღი: 1658
გარდ. ადგილი: თბილისი
მეუღლე: 1.ქეთევან აბაშიშვილი
2. მარიამ დადიანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით XI
ხელმოწერა:

როსტომი (ასევე როსტომ ხანი, ხოსრო მირზა, ქაიხოსრო ბატონიშვილი; დ. 1565 — გ. 1658 ან 17 ნოემბერი, 1659[1], თბილისი) — ქართლის მეფე 1633-1658, ქართლ-კახეთის მეფე 1648-1656. დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე, ქართლის ბაგრატიონების უკანასკნელი წარმომადგენელი.

აღიზარდა ირანში. აბას I-მა იგი თავისი გვარდიის სარდლად (ყულარაღასად) დანიშნა, შემდეგ კი ისპაანის მოურავიც გახდა. ქართველების თვალსაზრისით, როსტომი მეფე იყო, რომელიც თავს სეფიანთა იმპერიის ვასალად აღიარებდა, შაჰი კი ქართლს ირანის პროვინციად მიიჩნევდა და როსტომს თავის მოხელედ თვლიდა.

როსტომის გამეფებით ირანისა და ქართლის ურთიერთობაში ერთგვარი კომპრომისი დამყარდა. ირანი უცვლელად ტოვებდა ქართულ სოციალურ-ეკონომიურ წყობას, ტახტსაც ბაგრატიონთა დინასტია ფლობდა, თუმცა მაჰმადიანობის პირობითა და "ვალის" ტიტულით. "გურჯისტანის ვალის" ხარკი და საჩუქრები უნდა ეძლია ირანისათვის. როსტომმა ქართლში გამეფებისთანავე თბილისის, გორისა და სურამის ციხეში ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა, ირანიდან ჩამოყოლილ ქართველ თავად-აზნაურებს მამულები უბოძა, მოხელეებად თავისი მომხრეები დანიშნა. 1648 წელს შაჰის დავალებით კახეთში ილაშქრა, თეიმურაზ I განდევნა და კახეთი დაიკავა. ჩამოსვლისთანავე ცოლად შეირთო ლევან II დადიანის და მარიამი.

როსტომი ზრუნავდა ქალაქებისა და ვაჭრობის განვითარებაზე. 1639 წელს მისი ბრძანებით აღიკვეთა თბილისის მებაჟეთა თვითნებობა, ზოგიერთი ვაჭარი ბაჟისაგან გაათავისუფლა, ზოგიერთს ბაჟი შეუმსუბუქა, მდინარე ქციაზე, განჯის გზაზე, ხიდი და ქარვასლა ააგო, მდინარე თეძმის პირას ქალაქი ააშენა (ახლანდელი ახალქალაქი), თბილისში, მდინარე მტკვრის პირას — სამეფო სახლი. როსტომის მეფობის წლებში სამეფო კარზე და მაღალ ფეოდალურ არისტოკრატიაში მაჰმადიანობა და ყიზილბაშური წეს-ჩვეულებანი გავრცელდა. იგი არ ავიწროებდა ქრისტიანებს, ხელს უწყობდა მარიამ დედოფალს დანგრეული და დაზიანებული ეკლესიების აღდგენაში. როსტომმა ზოგიერთი ქართული სახელი ყიზილბაშურით შეცვალა, მაგრამ ქართული სამოხელეო წყობილება ძირითადად უცვლელი დარჩა. როსტომის რეფორმები ქართულ საზოგადოებრივ და სამეურნეო წყობას არ შეხებია.

უშვილო როსტომი 30-იან წლებში იმერთა მეფის გიორგის ვაჟის, მამუკას, მემკვიდრედ გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ ეს საქმე ჩაიშალა. 1642 წელს სიმონ II-ის შვილიშვილი ლუარსაბი იშვილა, მაგრამ იგი 1652 მოკლეს. 1653 წელს როსტომის მემკვიდრედ აირჩიეს ბაგრატიონების გვერდითი შტოს მუხრანბატონების წარმომადგენელი ვახტანგი (შემდეგ ვახტანგ V), რომელიც როსტომის ავადმყოფობის დროს ტახტს განაგებდა. გარდაიცვალა 1658 წელს, დაკრძალულია ირანში, ქ. ყუმში.

  1. Карбелов П. «Древний Анчисхатский собор в Тифлисе». Тифлис, 1899
წინამორბედი:
თეიმურაზ I
ქართლის მეფე
1633 - 1658
შემდეგი:
ვახტანგ V