უკრაინის კარპატები
| უკრაინის კარპატები | |
|---|---|
უკრაინის კარპატები, ჰოვერლა | |
| კოორდინატები: 48°30′00″ ჩ. გ. 24°00′00″ ა. გ. / 48.50000° ჩ. გ. 24.00000° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | ჰოვერლა |
| სიმაღლე | 2061 მ |
| სიგრძე | 280 კმ |
| სიგანე | 100 კმ |
უკრაინის კარპატები (უკრ. Українські Карпати) — ქედი უკრაინაში, აღმოსავლეთი კარპატების ჩრდილოეთი ნაწილი. გადაჭიმულია უმეტესწილად ლვივის, ივანო-ფრანკივსკის, იმიერკარპატებისა და ჩერნივცის ოლქების ტერიტორიებზე.[1]
სიგრძე დაახლოებით 280 კმ, სიგანე 100 კმ-ზე მეტი. ფართობი 24 ათ. კმ². სიმაღლე 2061 მ (მთა ჰოვერლა). გეოლოგიურ აღნაგობაში ჭარბობს ცარცულ-პალეოგენური ასაკის ფლიში; არის იურული კირქვებისა და პალეოზოური კრისტალური ფიქლების გამოსავლები. ნეოგენური ვულკანოგენური წარმონაქმნები წარმოდგენილია ანდეზიტებით, ბაზალტებითა და ტუფებით.[2]
ფერდობები დაფარულია შერეული და მუქწიწვოვანი ტყით, ქვედა სარტყელში გვხვდება წიფლის ტყეები. ზედა სარტყელში არსებული მდელოები ზაფხულის საძოვრებად გამოიყენება. მოიპოვება ნავთობის, აირის, მურა ნახშირის, გოგირდის, ოზოკერიტის, კალიუმის მარილის, ქვამარილის საბადოები და სხვა. უკრაინის კარპატების ფარგლებში განვითარებულია ტურიზმი.[3]