ალ-იდრისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იდრისის მიერ შექმნილი რუკა

ალ-იდრისი (არაბ. أبو عبد الله محمد بن محمد بن عبد الله بن إدريس الإدريسي‎; სრული სახელი და გვარი: აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად ალ-იდრისი; დ. 1100, სეუტა, მაროკო — გ. 1165, იქვე) — არაბი გეოგრაფი და მოგზაური. სწავლობდა კორდობაში.

დაახლოებით 1138 წელს დასახლდა პალერმოში, სადაც ცხოვრობდა სიცილიის მეფე როჟერ II-ის (მეფობდა 1130-1154) კარზე. მისი დავალებით შექმნა მსოფლიოს იმ დროისათვის ცნობილი ნაწილის რუკა (ქაღალდზე და ვერცხლის ბრტყელ მრგვალ ფირფიტაზე) და შრომა „გასართობი სხვადასხვა მხარეში მოგზაურობას დანატრებულისათვის“ (ზოგჯერ როჟერის წიგნსაც უწოდებენ).

იდრისი დედამიწას ყოფს 7 კლიმატად (ყოველ კლიმატში 10 ნაწილია) და იძლევა მათ აღწერასა და რუკას. წიგნი შეიცავს საინტერესო მასალებს ევროპისა და აფრიკის, აღმოსავლეთ სლავების, თურქმენებისა და ასევე ამიერკავკასიისა და კერძოდ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის შესახებ. იდრისის ცნობით, მთელ წინა აზიაში იყო განთქმული თბილისური ენდრო, „ბაბ ალ-აბვაბიდან თბილისამდე ხარობდა მთელ დედამიწაზე საუკეთესო ენდრო, რომელსაც აგროვებდნენ და აქედან გაჰქონდათ გურგანში, საიდანაც მას ინდოეთშიც მიეზიდებოდნენ“ (ენდროს იყენებდნენ ქსოვილების შესაღებად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]