სლავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სლავები არიან
  დასავლეთსლავები
  აღმოსავლეთსლავები
  სამხრეთსლავები

სლავები- არიან ევროპის ყველაზე დიდი ინდო-ევროპული ეთნო-ლინგვისტური დაჯგუფება. ისინი ცხოვრობენ სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ასევე ისინი გვხვდებიან დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში. სლავები საუბრობენ ინდო-ევროპულ სლავურ ენებზე და მათ აქვთ მრავალი საერთო,როგორც კულტურაში, ასევე ისტორიულ წარსულში. ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში,ისინი დასახლდნენ ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის უდიდეს ნაწილზე. დღესდღეობით,დაახლოებით ნახევარი ევროპა დასახლებულია სლავურ ენაზე მოლაპარაკე ერებით.

სლავები დაყოფილები არიან: დასავლეთ სლავები (პოლონელები, ჩეხები და სლოვაკები), აღმოსავლეთ სლავები (რუსები, ბელარუსები და უკრაინელები) და სამხრეთ სლავები (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მაკედონელები, სლოვენები, მონტენეგროელები და ბულგარელები). თანამედროვე სლავი ერი და ეთნიკური ჯგუფები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც გენეტიკურად, ასევე კულტურულად. ურთიერთობა მათ შორის განსხვავებულია, მიუხედავად საერთო წარმომავლობის და კულტურული მსგავსებისა, ზოგ შემთხვევებში მათ ორმხრივი მტრობის გრძნობა გააჩნიათ.[1]

სექციების სია

ეთნონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-6 საუკუნიდან მოყოლებული სლავები გვხვდებიან წერილობით წყაროებში, როგორც ბიზანტიელების მეზობლები და ხშირი მოწინააღმდეგეები. ბიზანტიურ ძეგლებში აღმოჩენილია სლავი ხალხის ბერძნული დასახელება (σκλαβηνός), რომელიც შემდგომ ათვისებული და სახეშეცვლილი იყო ევროპელების მიერ. პროტო-სლავური ეთნონიმის ფორმა შეცვლილია როგორც slověninъ. სლავურ წყაროებში კი გამოიყენება ტერმინი словѣне, რომელიც აღნიშნავს შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ყველა სლავ ხალხს.[2]

სლავების დასახელების წარმოშობა ლ. ნიდერლეს აზრით რჩება გაურკვეველი. არსებობს რამოდენიმე ვერსია ამ სიტყვის ეტიმოლოგიის შესახებ.

სლავების დასახელება ბერძნულ წყაროებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლავების პირველი დასახელება „ სკლავინების “ სახით , გვხვდება ნაწარმოებებში (ფსევდო-კესარია , პროკოპის-კესარიელი და იორდანისი), რომლებსაც მეცნიერები ათარიღებენ ქრისტეს შობიდან მე-6 საუკუნით. მთელმა რიგ მკვლევარებმა (ლომონოსოვი, შაფარიკი, ზაბელინი და სხვები) გამოთქვეს მოსაზრება, რომ პტოლემეის „ გეოგრაფიის გზამკვლევში ნახსენები „სტავანები“ უნდა იყვნენ სლავური ტომების წარმომადგენლები. ამ მოსაზრებას მივყავართ მე-2 საუკუნეში.[2]

სლავების დასახელება და "მონას" მნიშვნელობა ზოგიერთ ენებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ძველ ბერძნულ სლავების დასახელებას ქონდა მეორე მნიშვნელობა, კერძოდ კი იგი ნიშნავდა მონას. მართლაც, რომ სლავი ტყვეები ადრეულ შუასაუკუნეებში არც თუ ისე იშვიათად ხდებოდნენ ბიზანტიელების, გერმანელებისა და არაბების მონები და მონათვაჭრობის მსხვერპლნი. ეს უკანასკნელი იმითაც აიხსნება, რომ სლავები ევროპის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წარმოადგენდნენ.

სხვა ვერსიის თანახმად ბერძნული სიტყვა მონა მოდის ზმნიდან, რომელიც აღნიშნავდა : „ომში ნადავლის მოპოვებას“. ამ ვერსიის თანახმად სლავების დასახელება ბერძნულ სიტყვა „მონას“ უბრალოდ დაემთხვა.

ბერძნულიდან წარმოიშვა გვიანლათინური სიტყვა sclavus , რაც ნიშნავს მონას. შემდგომ პერიოდში კი გავრცელდა დანარჩენ ევროპაში: გერმანიაში (sklave), პორტუგალიაში (escravo), ფრანგულში (esclave), ინგლისში (slave) და სხვა.[3]

ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი სლავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზანტიური წყაროების მიხედვით , სლავები პირველად გამოჩნდნენ ანტებისა და სკლავენების სახელით მე-6 საუკუნის დასაწყისში. ისინი სლავურ ტომებს შორის, იმ დროისთვის, იყვნენ ყველაზე ცნობილები და ძლიერები. ბიზანტიელი ისტორიოგრაფები, მაგალითად: პროკოპიუსი, იორდანისი და სიმოკატა, იმპერატორი იუსტინიანე I-ს კარზე აღწერდნენ ამ დასახელების ტომებს, რომლებიც გამოჩნდნენ კარპატებიდან, დუნაი და შავი ზღვის ნაპირებიდან. ისინი აღმოსავლეთ იმპერიის დუნაის პროვინციებს არბევდნენ, ძარცვავდნენ.[4]

პროკოპი 545 წელს თავის ნაშრომში წერს, რომ : „ ანტებს და სკლავენებს სინამდვილეში ერთი სახელი ჰქონდათ და წარსულში მათ სპოროები ერქვათ “. ის აღწერდა მათ როგორც ბარბაროსებს, რომლებსაც ჰქონდათ დემოკრატია და თაყვანს სცემდნენ ერთ ღმერთს, „ელვის წარმომშობს“ სახელად პერუნს, რომელსაც მსხვერპლსაც კი წირავდნენ. ისინი არ ცხოვრობდნენ ერთ კონკრეტულ ადგილას და გამუდმებით იცვლიდნენ ადგილმდებარეობას. რაც შეეხება ომს, ძირითადად ჰყავდათ ფეხოსანი მეომრები პატარა ფარებით და შუბებით შეიარაღებულნი, მსუბუქად ჩაცმულნი, ზოგიერთი კი საერთოდ შიშველი იბრძოდა, არ უჩანდათ მხოლოდ გინეტალიები. მათ ენას ერქვა „ბარბაროსული“ და ამ ორ ტომს შორის არ იყო არანაირი გარეგნული სხვაობა, ისინი იყვნენ მაღლები და ძლიერები. იორდანისი აღწერდა მათ გარეგნობას და ამბობდა, რომ მათ არ ჰქონდათ არც ღია და არც მუქი ფერის კანი და თმა, ისინი უფრო იყვნენ წითურები. ასევე იორდანისი ამბობს, რომ ისინი ცხოვრობდნენ რთულ პირობებში და კომფორტის გარეშე. სკლავენები ქალაქებს ჭაობებსა და ტყეებში აწყობდნენ. სხვა მე-6 საუკუნის წყაროს მიხედვით ისინი ცხოვრობდნენ გაუვალ ტყეებთან, მდინარეებთან, ტბებთან და ჭაობებთან ახლოს.[5]

მენანდრე პროტიქტორი ახსენებს თავის ისტორიულ ნაშრომებში, რომ დაურენტიუსმა (577-579) მოკლა ავარების მეთაური, ხაგან ბაიან I. ავარებმა თხოვეს სლავებს, რომ მათ დაემტკიცებინათ ავარების სუვერენიტეტი, რაზეც სლავების მეთაურმა დაურენტიუსმა უარი განაცხადა და გადმოცემის თანახმად უპასუხა: „სხვები არ იპყრობენ ჩვენ მიწებს, ჩვენ ვიპყრობთ მათ - ამიტომ ისინი ყოველთვის ჩვენი იქნებიან.[6]

ანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტები- ადრესლავური ტომების დასახელებაა და იგი გვხვდება VI-VII საუკუნის ბიზანტიურ ხელწერილებში. ძველი სლავური ხალხისგან შემდგარი პოლიეთნოსი, სახელმწიფოს ჩანასახებით (ბელადი, დიდებულები და ჯარი). ძველი სლავების სპეციალისტი ირინა რუსანოვის აზრით ანტები არ იყვნენ სლავები. მას მოჰყავს არგუმენტი, რომ ანტების ნივთები და ძეგლები საერთოდ არ გავს ძველი სლავების ნამუშევრებს, ანუ ისინი კულტურულად განსხვავდებოდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ვერსია იყო განხილული არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ, რის შემდეგაც გაჩნდა ახალი ვერსია, რომ ანტები წამოვიდნენ აზიიდან და VI საუკუნეში მოხდა მათი ასიმილაცია სლავებთან, რის შემდეგაც მათ აითვისეს სლავური ენა და კულტურა.[5]

სკლავენები და ბიზანტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკლავენები ანტებისგან განსხვავებით მიიჩნევიან უძველესი სლავების შთამომავლებად. პირველი რეიდები ბიზანტიის იმპერიაზე სკლავენები ახორციელებდნენ ანტებთან ერთად იმპერატორ იუსტინიანე I მმართველობის დროს. 549 წელს სკლავენებმა განახორციელეს ლაშქრობა და შედეგად გაანადგურეს ილირია და თრაკია, ამ საშქრობისას მათ ასევე მიაღწიეს ეგეოსის ზღვის ნაპირებს. 1 წლის შემდეგ სკლავენების უზარმაზარი არმია შეიჭრა დალმაციაში, საბერძნეთის ტერიტორიაზე და იქ გაატარეს ზამთარი. 551 წლის გაზაფხულზე ბიზანტიის ჯარმა , რომელიც დასახმარებლად იყო წამოსული, განიცადა გამანადგურებელი მარცხი ადრიანაპოლისთან. 558 წელს სკლავენები და ანტები დიდი ძალებით შეიჭრნენ ბიზანტიაში და მიაღწიეს კონსტანტინეპოლს, ხოლო იქიდან გადავიდნენ საბეძნეთში. ამ ლაშქრობისას ბევრნი სკლავენების რიგებიდან დარჩნენ ბიზანტიაში იმპერიის მოკავშირეების სახით და გახდნენ იმპერატორის ჯარის წევრები. პროკოპიუს კესარიელი თავის ნაშრომში „ საიდუმლო ისტორია „ წერს : „ ... არც ერთი მთა, გამოქვაბული, ქალაქი, არც ერთი ადგილი არ დარჩა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ( ბიზანტიაში) რომ არ იყოს გაძარცვული, თანაც ბევრი ადგილი იქნა გაძარცვული არა ერთხელ. თუმცა იმის შესახებ თუ რაებს შვებოდნენ მიდიელები, სარკინოზები, სკლავენები, ანტები და სხვა ვარვარები აღწერილი მაქვს სხვა წიგნებში... “.[4]

მიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლურ მშობლიურ თეორიაზე დაფუძვნებით, მანამ სანამ გახდებოდნენ ცნობილი რომაული სამყაროსთვის, სლავურად მოლაპარაკე ტომები იყვნენ ევრაზიის მრავალი მულტი-ეთნიკური დაჯგუფების წევრები, როგორებიც იყვნენ სარმატები, ჰუნები და გოთები. საიდან მოდიან სლავები არავინ არ იცის. ისინი გაჩნდნენ უცაბედად მე-5 მე-6 საუკუნეში და დაიწყეს სლავების დიდი მიგრაცია. მათ დაიკავეს ის ტერიტორიები, რომლებიც დატოვეს გერმანელმა ტომებმა ჰუნების და მათი მოკავშირეების გამო. მაგრამ იყვნენ გამონაკლისებიც. ზოგიერთი სლავური ტომი დაიძრა იბერიისკენ და ჩრდილოეთ აფრიკისკენ.[7]

მე-6 საუკუნეში სლავები დიდი რაოდენობით მიადგნენ ბიზანტიის საზღვრებს. ბიზანტიელების ჩანაწერებში ნაპოვნია ხელწერილი, სადაც ეწერა, რომ იქ სადაც სლავები ფეხს დაადგამდნენ ბალახი არ ამოვიდოდა, იმდენად ბევრნი იყვნენ სლავები. სამხედრო მოძრაობის შემდეგ სლავებს პელოპონესსა და დღევანდელი თურქეთის ტერიოტორიებზეც კი ჰქონდათ დასახლებები. ეს სამხრეთისკენ მოძრაობა ისტორიაში შევიდა , როგორც ინვაზიური ექსპანსია , ანუ გაფართოება. მე-6 საუკუნის ბოლოს სლავები უკვე დასახლებულნი იყვნენ ალპების აღმოსავლეთ ნაწილში. პირველი დასახლებები ამ რეგიონში დათარიღებულია 550 წლით და დასახლდნენ დღევანდელი მორავიის (ჩეხეთი) ტერიტორიაზე. დასაწყისში მათ გაანადგურეს პატარა რომაული დასახლებები, ხოლო ხალხი დაიმონეს. ამაზე მიგვითითებს ძველი სლავური სიტყვა krščenik (ეძახდნენ მონებს), რაც მონათლულს ნიშნავს, სიტყვა სიტყვით კი- „მონათლული ქრისტიანი“, იმ დროს კი მხოლოდ რომაელები ქადაგებდნენ ქრისტიანობას. დროთა განმავლობაში თვით სლავებმაც, ისევე როგორც გერმანელებმა, მიიღეს ქრისტიანობა რომაელებისგან. რწმენის მიღებასთან ერთად კი აქტუალობა დაკარგა მონათმფლობელობამ.[8]

VII-IX საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლავები მე-6 საუკუნეში

მიგრაციული მოძრაობების დასრულების თანავე სლავებში ნელ-ნელა ჩნდება პირველი, ელემენტარული სახელმწიფო ორგანიზაციები. ყოველ მათგანს სათავეში ედგა პრინცი, რომელსაც ქონდა დიდი განძი და თავდაცვისთვის აუცილებელი სამხედრო ძალები. გამომდინარე იქიდან, რომ სლავებში ეს კლასობრივი დაყოფის პირველი პრეცედენტი იყო, არისტოკრატები თავის დაზღვევის მიზნით ერთგულების ფიცს უდებდნენ, ფრანკებს, რომაელებს ან ბიზანტიელებს.

მე-7 საუკუნეში ფრანკი კომერსანტი, სამო, დაეხმარა სლავებს მათი ძუნწი მმართველების წინააღმდეგ ბრძოლაში და ცენტრალურ ევროპაში პირველი სლავური სახელწმიფოს მმართველი  გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სახელმწიფომ შედარებით მცირე დრო იარსება ვიდრე ცხოვრობდა მისი დამფუძნებელი სამო. ამ შემთხვევამ საფუძველი ჩაუყარა სლავური სახელწმიფოების შემდგომ ომებს, რომელთა მთავარი მიზეზი დამოუკიდებლობა და ტერიტორიის გაფართოება იყო. 681 წელს პირველი სლავური იმპერია ჩამოყალიბდა, ბულგარეთის იმპერია, სადაც 864 წელს ძველი სლავური სახელმწიფო ენად გამოცხადდა. ბულგარეთი საყრდენ ბოძად იქცა სლავური კულტურის შემდგომ განვითარების პროცესში.

თანამედროვე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლელი სლავების ცხოვრება, მხატვარი:სერგეი ივანოვი

1878 წლისთვის მსოფლიოში მხოლოდ სამი თავისუფალი სლავური სახელმწიფო არსებობდა: რუსეთის იმპერია, სერბეთი და მონტენეგრო. ზოგ წყაროში ასევე მოხსენებულია ბულგარეთიც, თუმცა 1908 წელს დამოუკიდებლობის ოფიციალურ გამოცხადებამდე ბულგარეთის ტერიტორია თურქების მიერ იყო ოკუპირებული. ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში კი ორმოცდაათი მილიონი ადამიანიდან ოცდასამი სლავური წარმოშობის იყო. სლავური წარმოშობის ხალხის უმეტესობას კი არ შეეძლო საკუთარი საქმის წამოწყება, ამიტომ სლავები ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში ითხოვდნენ თავიანთი უფლებების გაზრდას, და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. იმ მიწების რაოდენობისა და ნაირსახეობის გამო, რომელიც სლავებს ეკავათ არსებობდა სლავური გამაერთიანებელი ცენტრები. მეცხრამეტე საუკუნეში ინტელიგენტებს და პოეტებს შორის გამოჩნდნენ პან-სლავიზმის მომხრეები. მაგრამ მათ ქმედებებს მცირე გავლენა ჰქონდათ პოლიტიკაში, ასევე სლავური ქვეყნებიც არ უჭერდნენ მხარს. პან-სლავიზმი კომპრომიზირებული გახდა, როცა რუსეთის იმპერიამ დაიწყო მისი გამოყენება როგორც იდეოლოგიის, რათა გაემყარებინა მისი ტერიტორიები ცენტრალურ ევროპაში და დაემორჩილებინა სლავური ეთნიკური ჯგუფის სხვა წარმომადგენლები, როგორიც უკრაინა და პოლონეთი, მოგვიანებით პან-სლავიზმური იდეოლოგია რუსულ იმპერიალიზმს დაუკავშირეს.[9][10]

პირველი მსოფლიო ომის დროს ჩეხეთის, სლოვაკეთის, სერბეთის და ხორვატიის წარმომადგენლება სექმნეს ალიანსი, რათა დაემსახურებინათ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სიმპატია და მოეპოვებინათ აღიარება. 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სლავებმა ჩამოაყალიბეს ისეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები, როგორიცაა: ჩეხოსლოვაკია, მეორე პოლონეთის რესპუბლიკა და ხორვატიისა და სერბეთის სახელმწიფოები( რომლებიც მოგვიანებით გაერთიანდნენ, როგორც იუგოსლავია).

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა შემოიღეს კანონი სლავური წარმოშობის მოქალაქეების დახვრეთის ან გადასახლების შესახებ. ამით ისინი ცდილობდნენ უფრო მეტი საცხოვრებელი ადგილი შეექმნათ გერმანელი ხალხისთვის. ასევე გეგმავდნენ შიმშილით დაეხოცათ 80 მილიონი ადამიანი საბჭოთა კავშირში[11]. გერმანელების ამ გადაწყვეტილებებმა სიცოცხლეს გამოასალმა დაახლოებით 19 მილიონი ადამიანი[12], მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და მძევლები.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთი და საბჭოთა კავშირი ომებში იყო ჩაფლული, ომებთან ერთად აქტუალური იყო შიმშილობა და სხვა კატასტროფები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტივენ ლი წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, 1945 წელს რუსეთის იმპერიაში 90 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ეს რიცხვი ბერად მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო.

სიტყვა „სლავი“ ნაციის აღსანიშნავად პირველად გამოყენებული იქნა სლოვაკეთის რესპუბლიკაში 1939-1945 წლებში,  იუგისლავიაში(1943-1992) და იუგოსლავიის ფედერალურ რესპუბლიკაში(1992-2003) მოგვიანებით კი სერბეთსა და მონტენეგროში(2003-2006).

რა არის პან-სლავიზმი? პან-სლავიზმი ეს არის მოძრაობა რომელიც აქტუალური გახდა მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში. ამ მოძრაობას უნდა გაეერთიანებინა ყველა სლავური წარმოშობის სახელმწიფო. მთავარი მიზანი იყო ბალკანეთის ნახევარკუნძულები, სადაც სლავები საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიის, ავსტრიის და თურქეთის ოკუპაციაში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით რუსეთის იმპერიამ პან-სლავიზმი გამოიყენა, როგორც პოლიტიკური იარაღი, მსგავსად საბჭოთა კავშირისა, რომელმაც მოიპოვა პოლიტიკური და სამხედრო გავლენა უდიდეს სლავურ ქვეყნებზე 1945-1948 წლებში. 

ანტი-სლავიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტი-სლავიზმი ასევე ცნობილი როგორც სლავოფობია, რასიზმის ერთ-ერთი ფორმაა, რომელმაც თავის პიკს მეორე მსოფლიო ომის დროს მიაღწია. როცა გერმანიამ განაცხადა სლავებთან დაკავშირებით თავისი გეგმების შესახებ. ამ დროისთვის ნაცისტურ გერმანიაში გავრცელებული იყო ანტისემიტიზმი და რასობრივი დისკრიმინაცია, თუმცა ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ანტი-სლავიზმი. ჰაინრიხ ჰიმლერი (იმ დროის შინაგან საქმეთა მინისტრი) განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა სლავების მიმართ და ბევრ თავის გამოსვლაში ნეგატიურად იხსენიებდა არამხოლოდ რუსებს, არამედ ყველა სლავური წარმოშობის ნაციას და მათ „დაბალი განვითარების რასად“ თვლიდა. ერთ-ერთ მის გამოსვლაში გიმლერი ამბობს: „ეს არის იდეოლოგიებისა და რასების ომი. ერთ მხარეს დგას სოციალისტური იდეოლოგია რომელიც გერმანული სულისკვეთებითაა გაჯერებული, რათა შევქმნათ სამყარო ისეთი როგორსაც გვინდა ვხედავდეთ, დამყარებული წესრიგით, სამარტლიანი სოციალურ ურთიერთობებში, მსოფლიო, რომელსაც აქვს თავისი ნაკლები თუმცა მთლიანობაში მიახლოებულია იდეალურთან, სწორედ ასეთია გერმანია. მეორე მხარეს კი დგას 180 მილიონიანი ერი, შერეული რასითა და წარმომავლობით, რომელთა სახელების გამოთქმა შეუძლებელია და მათი ფიზიოლოგიის გათვალისწინებით ერთადერთი რისთვისაც გამოდგებიან მათი სამიზნედ გამოყენებაა, ყველანაირი მწუხარებისა და შეწყალების გარეშე. მეგობრებო, როცა თქვენ იბრძვით აღმოსავლეთით, აგრძელებთ იგივე ომს, იგივე არაადამიანების წინააღმდეგ, იგივე განუვითარებელი რასის წინააღმდეგ, რომლებიც ოდესღაც ცნობილები იყვნენ ჰუნების და თათრების სახელით, ისინი გამოჩნდენ ჩინგიზ ხანთან ერთად, დღეს კი მოგვევლინენ როგორც რუსები, ბოლშევისტური იდეებით გამსჭვალული ერი.“[13][14]

თანამედროვე სახელმწიფო ორგანიზაციებში მაინც შემორჩა სლავოფობური იდეოლოგიის მატარებელი კანონმდებლობები, თუმცა დღეს ისინი მიმართულია არა სრულიად სლავური წარმოშობის ერების მიმართ არამედ პოლონელებისა და ზოგჯერ ჩეხების წინააღმდეგ. ცნობილი როკ ჯგუფის „Landster” წევრები თავიანთი სიმღერებით აქტიურად გამოდიან პოლონელების წინააღმდეგ. ასევე ზოგიერთი ორგანიზაციები აცხადებენ რომ ინდუსტრიული სტანდარტის გეგმა (რომელიც ითვალისწინებდა აღმოსავლეთ ევროპაში მესამე რაიხის მმართველობის გაძლიერებას) მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუმცა 2009 წლის ნოემბერში ორიგინალი საბუთების გამოქვეყნების შემდეგ მსგავსი განცხდაებები თითქმის აღარ კეთდება.[15]

სლავური ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლავური ენები მიეკუთვნებინ ინდოევროპულ ენათა ოჯახს. თითოეული სლავური ენა წარმოიშვა ერთი საერთო ენისგან, რომელიც პროტო-სლავური ენის სახელითაა ცნობილი. ეს ფუძე ენა, ენათმეცნიერთა აზრით, მე-3 ათასწლეულში უნდა წარმოშობილიყო. პროტო - სლავური ენა გამოიყენებოდა აღმოსავლეთ ევროპაში ადრეულ შუა საუკუნეებამდე, ხოლო მე - 7 საუკუნიდან გაიყო რამდენიმე დიალექტად, ანუ  დღევანდელ სლავურ ენებად.  როგორც სლავური ცივილიზაციაა დაყოფილი დასავლეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის ეთნიკურ ჯგუფებად, ასევე სლავური ენაც იყოფა დასავლურ, აღმოსავლურ და სამხრეთის ენებად. სლავური ენის ეს სამი ჯგუფი ჯამში აერთიანებს ოც ენას. ოციდან ათ ენას აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი. აღმოსავლური სლავური ენების ჯგუფიდან სასაუბროდ ყველაზე გამოყენებადი ენებია: რუსული, უკრაინული და ბელარუსული. დასავლური ჯგუფიდან გამოსარჩევია: პოლონური, ჩეხური, სლოვაკური, ხოლო სამხრეთული სლავური ენის ჯგუფიდან - სლოვენიური, ხორვატიული, მაკედონიური და ბულგარული. სლავურ ენებზე მოსაუბრე ხალხის გეგრაფიული არეალი მოიცავს ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთ ნაწილს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, აღმოსავლეთ ევროპას და მთლიანად რუსეთს. სლავურ ენებზე მოსაუბრე ადამიანების რაოდენობ კი 315 მილიონ ადამიანს უტოლდება.[16]

სლავურ ენებში შემავალი ზოგიერთი ენა დღესდღეობით აღარ არსებობს და მხოლოდ ისტორიას შემორჩა. აღნიშნული ენებია: ძველი აღმოსავლური სლავური, ძველი ნოვგოროდული, რუტენიალური, ძველი პოლონური, ცენტრალური პოლონური, სლოვინკური, პოლაბური, კნაანური, და საეკლესიო სლოვენიური. ლინგვისტები მრავალი წელია იკვლევენ სლავური ენების ჯგუფებს და ამჩნევენ როგორც განსხვავებებს, ასევე მსგავსებებს ამ ენებს შორის. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებს შორის არის ორთოგრაფიული ხასიათის: დასავლური ენები იწერება ლათინური ანბანით და აქვს რომანული ენების გავლენა, მაშინ როცა აღმოსავლური ენები კირილიცური ანბანით იწერება და განიცდის ბერძნული ენის გავლენას.[16]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავლენა მეზობელ ენებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ენების უმრავლესობაზე დიდი გავლენა აქვს რუსულ ენას. მსგავსება განსაკუთრებით იგრძნობა ლექსიკაში. ასევე სლავური ენების გავლენას განიცდიან რუმინული, ალბანური და უნგრული ენები. აღნიშნულ ენებში სლავური ენებისგან ნასესხები სიტყვების წილი მთლიანი ლექსიკის 1/5 ნაწილს უტოლდება, რაც ძალიან მაღალ მაჩვენებლად ითვლება. თუმცა ზემოთ ხსენებულ სამ ენაში რუმინული შედარებით ნაკლებად არის სლავური ენების გავლენის ქვეშ მოქცეული, ვიდრე ალბანური და უნგრული. ეს ისტორიული ფაქტორიდან არის გამოწვეული: სლავური ტომების მიგრაციის დროს ყველაზე ნაკლებად დღევანდელი რუმინეთის ტერიტორია იყო ათვისებული.  სლავური ენების გავლენას განიცდიან მცირე მასშტაბით  გერმანული ენებიც, რადგან სლავური ტომები ყფრო მეტად მიგრირებდნენ ევროპის სამხრეთით, ვიდრე დასვლეთით. უფრო მეტიც, ზოგიერთი სლავური ენა აქეთ განიცდის გერმანული ენების ზეგავლენას. ამის კარგი მაგალითია პოლაბური ენა, რომელშიც იყო გერმანული ენების ელემენტების დომინირება იმაზე მეტად ვიდრე რომელიმე სხვა სლავურ ენაში. სლავური და გერმანული ენების სპეციალისტი, მაქს ვაზმერი აღნიშნავს, რომ პროტო-გერმანულ ენაში არ არსებობს არცერთი სიტყვა, რომელიც ნასესხებია სლავური ენებიდან. მისი თქმით, ერთადერთი გერმანული ენა, სადაც სლავურის გავლენა აღინიშნება, არის იდიშური. ასე, რომ ენათმეცნიერებს აქვთ განსხვავებული აზრები და შეხედულებები ენებს შორის კავშირებზე, რაც თითოეული ენის კომლექსურობით არის გამოწვეული.[16]

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლავები გეოგრაფიულად დაყოფილი არიან სამ მთავარ ჯგუფად: აღმოსავლეთის სლავებად, დასავლეთის სლავებად და სამხრეთის სლავებად. თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს აქვს განსხვავებული ისტორია, რელიგია და კულტურა. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს აქვს მჯიდრო კავშირი უძველეს ბრინჯაოს და რკინის ცივილიზაციებთან.

დასავლელი სლავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლელი სლავები 9-10 საუკუნეებში

დასავლეთის სლავების წინაპრები არიან აღმოსავლეთის სლავები, რომლებმაც დაიწყეს დასახლება ევროპის კონტინენტის ცენტრალურ  ნაწილში მას შემდეგ, რაც გერმანულმა ტომებმა დატოვეს ეს ტერიტორია  ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში, რაც მე-5 - მე-7  საუკუნეებში ხორციელდებოდა. როგორც ცნობილია, დასავლეთის სლავების სისხლში არის გერმანული ტომების: გერმანიკების და ბალთების გენებიც. ამ ეთნიკურ ჯგუფში დღესდღეობით გაერთიანებული არიან სლოვაკები, სორბები, პოლონელები და ჩეხები. პირველი სლავების მიგრირება ევროპის მასშტაბით დაიწყო ახ.წ.-ით  მე -5 საუკუნეში, ხოლო პირველი დასავლური სლავური სახელმწიფოების გაჩენა მოხდა მე-7 საუკუნეში. სწორედ ამ პერიოდში მიაღწიას დასავლეთის სლავებმა თავიანთი ძლიერების ზენიტს. გაჩნდა ახალი სამეფოები: სამოს სამეფო 623 – 658 წლებში, ორი საუკუნის შემდეგ, კერძოდ კი 833 წელს გაჩნდნენ  მორავიას პრინციპატი ,ნიტრას პრინციპატი და დიდი მორავია. მე- 10  საუკუნეში პოლონურმა ტომმა, პოლანებმა ჩამოაყალიბეს პოლონეთის სამეფო, რომელიც თავისი ძლიერებით გამორჩეული იყო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და ამასთანავე კარგი ურთიერთობაც ჰქონდა დანარჩენ დასავლურ სლავურ ტომებთან. რაც შეეხება ჩეხურ ტომებს, ისინი ჯერ კიდევ მე-6 საუკუნიდან სახლობდნენ ბოჰემიის ტერიტორიაზე. მე-11 საუკუნიდან ისინი გახდნენ წმინდა რომის იმპერიის ვასალები და ჩამოაყალიბეს ბოჰემიის სამეფო. 1002- 1419 და 1526- 1918 წლებში ჩეხური ტომები საღვმთო რომიის იმპერიის შემადგენლობაში რჩებოდნენ და დამოუკიდებლები შედარებით ნეკლები პერიოდი იყვნენ დანარჩენ დასვლურ სლავურ ტომებთან შედარებით.  დასავლეთის ტომებს კარგად ჰქონდათ განვითარებული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. ჯერ კიდევ მე-7 საუკუნიდან ჰყავდათ ფეიქრები, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვირფასი ქსოვილები. დასავლეთის სლავებმა ამავე პერიოდში შექმნეს ვაჭრობის და ხელოსნობის ცენტრები: პრაღა, კრაკოვი, ვოლინი და სხვა. გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ აღმოსავლეთის სლავებთან და ბიზანტიის იმპერიასთან, ასევე ფრანკებთან და არაბებთან, რისი დამადასტურებელი საბუთიცაა ბალტიისპირეთში ნაპოვნი უძველესი მონეტები ამ ქვეყნებიდან.  შუა საუკუნეებში დასავლეთის სლავებმა გადაიტანეს საღვთო რომის იმპერიის შემოსევები, ხოლო მე -19 საუკუნეში გერმანელთა ანექსია. ყველაზე მეტად დაზარალდნენ სორბები - მხოლოდ 60 ათასი სორბი გადაურჩა ანექსიას, დღეს კი ისინი გერმანიის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბრანდენბურგის და საქსონიის რეგიონებში ცხოვრობენ.[17]

აღმოსავლელი სლავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლელი სლავები

აღმოსავლეთის სლავები არიან ფინო - უნგრელების და ბალთების შთამომავლები. მათ სისხლში იყო უძველესი  აღმოსვლური ტომების, ხაზარების , ასევე ვიკინგების და ირანელების გენები. პირველად აღმოსავლეთ სლავური ტომები ევროპის ტერიტორიაზე გამოჩნდენენ მე-7 საუკუნის დასაწისში. მათ თავიანთი ცხოვრების წესი მიწის დამუშავებით დაიწყეს. აღმოსავლეთის სლავები მიწის დასამუშავებლად იყენებდნენ ტყიან მიწებს: ტყეებს წვამდნენ ან ჩეხავდნენ და ასეთ ტერიტორიაზე იწყებდნენ მიწის კულტივიზაციას, რადგან ასეთი მიწები შედარებით მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. ევროპაში მიგრაცია აღმოსავლეთის  სლავებმა ორი მიმართულებით განახორციელეს: ჩრდილოეთით უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიაზე და ჩრდილო -აღმოსავლეთით - რუსეთის ტერიტორიაზე. ქალაქებს ძირითადად აარსებდნენ მდინარე დნიპროს ნაპირებთან. პირველი მნიშვნელოვანი ქალაქები იყო:  ნოვგოროდი , პოლოცკი, გნეზდოვო და კიევი. მე- 9 საუკუნეში შეიქმნა სლავური ტომების გაერთიანება კიევის რუსეთის სახით. მისი დედაქალაქი იყო კიევი. კიევის რუსეთის ტერიტორიული გაფართოება დაიწყო მე- 10 საუკუნის მეორე ნახევრიდან, სვიატოსლავ I -ის მმართველობის პერიოდში, რომელმაც შემოიერთა ხაზართა იმპერიის ტერიტორიები. ამ დროს კიევის რუსეთის ტერიტორიები ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე იყო გადაჭიმული. ვლადიმირ დიდმა 11-ე საუკუნის დასაწყისში კიევის რუსეთის რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა. მე 12 საუკუნემდე კიევის რუსეთში კარგად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა, უკვე არსებობდა ფეოდალური წყობილება, თუმცა მე- 11 საუკუნის ბოლოდან მე-12 საუკუნის ბოლომდე კიევის რუსეთის განვითარება შეფერხდა, რაც ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული, 1240-იან წლებში კი მონღოლთა ბატონობის ქვეშ მოექცნენ, რამაც დაშლამდე მიიყვანა ეს იმპერია.  დასავლეთის სლავების ეთნიკურ ჯგუფს დღეს მიეკუთვნებიან რუსები, უკრაინელები და ბელარუსები, ანუ ის სახელმწიფოები, რომლებადაც კიევის რუსეთი დაიყო.[18] 

სამხრეთელი სლავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთელი სლავები

სამხრეთის სლავებში, ხორვატებისა და სლოვენიელების გარდა, ყველა ტომს აქვს კავშირი უძველეს პროტო - ბალკანურ ტომებთან, რუმინელებთან და კელტებთანაც კი. მათ სისხლში არის ასევე აღმოსავლურ გერმანული და კავკასიური ტომების: გეპიდების, ჰუნების და ავარების გენები. მათი ისტორია იწყება მე- 5 საუკუნიდან, თუმცა ამ პერიოდის სამხრეთელი სლავების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. სამხრეთის სლავებმა დასახლებების დაარსება დაიწყეს მე- 5 საუკუნის პერიოდიდან და დაასრულეს მე- 7 საუკუნის ბოლომდე, როცა მთლიანად აითვისეს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ტერიტორია. სამხრეთის სლავები საუკუნეების მანძილზე განიცდიდნენ მართლმადიდებლური ბიზანტიის იმპერიისა და მუსლიმური ოსმალეთის იმპერიების გავლენას, როგორც კულტურული ასევე რელიგიური თვალსაზრისით.    ამ ეთნიკურ ჯგუფში დღეს  ერთიანდებიან ბოსნიელები, ბულგარელები, ხორვატები, მაკედონიელები, მონტენეგროელები, სერბები და სლოვენიელები. სამხრეთის სლავები ტერიტორიულად გამოყოფილი არიან დანარჩენი ეთნიკური ჯგუფებისგან  მე- 15 საუკუნიდან მოყოლებული  არასლავური სახელმწიფოებით: რუმინეთით, უნგრეთით და ავსტრიით.[19]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკურ ხანაში სლავები ინდო-ევროპული ოჯახების ხალხში დიდ მასას მოიცავდნენ.მათი რელიგიური რწმენების შესწავლა საკმაოდ რთული საქმეა,რადგან წყაროთა უმეტესობა შემონახულია უფრო მეტად ბოლო საუკუნის და ისინიც ქრისტიანული აღწერილობით ხასიათდება.

სლავების მოსაზრებით,სამყარო შეიქმნა ერთხელ და ყველასთვის,სწორედ ამიტომ ფიქრობდნენ რომ არანაირ ახალ წესს შეეძლო მათი წინაპრების სიტყვისა და ადათის შეცვლა.მას შემდეგ,რაც სლავების სოციალური ჯგუფი ჰომოგენურიდან შეიცვალა,ყოველი უმაღლესი რანგის წარმომადგენლისგან მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებასთან შეთანხმებით ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო.ზოგადად,ანტიკური სლავური ცივილიზაცია  ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ საზოგადოებად ითვლება.[20]

სლავების ერთ-ერთი პრიმიტიული რწმენის თანახმად,ტყის სული,“ლეში“,მონადირეებს ხელს უშლიდა ნადირობაში.მისი საკვების-მომპოვებელი ფუნქცია მათთვის დაკავშირებული იყო არქაულ სიწმინდესთან.ადრეულ ხანაში ამ რწმენას მიიჩნევდნენ ველური ცხოველების მფარველად,ხოლო შემდეგ რემებისა და ჯოგების მცველად.მე-20 საუკუნეში,რუსეთში,თუ კი ცხვრების ფარა ან ძროხები სახლში არ დაბრუნდებოდნენ,ისინი ქატო-კვერცხს წირავდნენ და  ლეშის თხოვდნენ უკან მშვიდობით დაებრუნებინა ისინი.[20]

სლავებში გავრცელებული იყო ხის რწმენაც,ისინი მას სიმტკიცისა და წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.ჩვეულებრივ ხის სახლს როდესაც აშენებდნენ,მის მფარველ რწმენას  „დამავოის“ უწოდებდნენ,სათბურის ტიპის ხის სახლებისას კი „ოვინიკს“ და ა.შ. მსგავსი ტიპის რწმენები და სახლები კვლავ შემორჩენილია ბოსნიისა და სლოვენიის ისტორიულ რეგიონებში,ასევე პოლონეთის ერთ-ერთ მხარეში,პოზნანში.[20]

მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მითოლოგიურად,სლავებისთვის სამყარო შეიქმნა შემდეგნაირად:ღმერთმა სასწაულმოქმედი ქვიშა ზღვის ფსკერიდან მაღლა ამოიტანა და ის მიწად გადააქცია.მათთვის კი ეშმაკი იყო ის ვინც ამ მიწის განადგურებას შეეცდებოდა.

მე-12 საუკუნეში საქსონელმა მისიონერმა ჰელმოლდ ოფ ბოსაუ თავის წიგნში, „სლავების ქრონიკები“ , აღწერა თავისი გაოცება ბალტიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სლავების რწმენის მიმართ.მათი აზრით,ღმერთი მხოლოდ სამოთხეში იყო და ამქვეყნიურ საქმიანობაში არ ერეოდა,ადამიანს აძლევდა მაქსიმალურ თავისუფლებას.დეიზმის ეს ფილოსოფიურ-რელიგური მოძღვრება შემდეგ წლებში გავრცელებული აღმოჩნდა ფინეთში,უგრიელებსა და ურალიელებშიც.

“რუსეთის ძირითად ქრონიკებში“ სახელდება მე-12 საუკუნეში არსებული 7 რუსი წარმართი სიწმინდეები:პერუნი,ვოლოსი,ხოსი,დაჟბოგი,სტრიბოგი,სიმარგლი და მოკოში.ასევე მე-6 საუკუნის წყაროებშიც ნახსენებია სვაროგი.ამათგან მხოლოდ ორი,პერუნი და სვაროგი, მიიჩნევა სლავთათვის საერთო სიწმინდეებად.მსგავსი სახელწოდებით ლიტველები პერუნს უწოდებნენ პერკუნას.მას სინათლის ღვთაებად მიიჩნევდნენ,მგავსად როგორც ძველ ინდოეთში ცეცხლის ღმერთად აგნის თვლიდნენ.რუსეთში, სათბურებში კარგი მოსავლის მოყვანისთვის დახმარებას სვაროგს თხოვდნენ,ოღონდ მას ლიტიცის უწოდებდნენ,ხოლო განსხვავებით მათგან ჩერნიგოვის უკრაინელები,იგივე მიზნით მოუწოდებნენ არა სვაროგს,არამედ პერუნს.[20]

რწმენის ჰიპოთეზები სლავურ ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელარუსიულ სიმღერებში წმინდა ფიგურები აღებდნენ გლეხის კარს დოვლათის მოსატანად.ისინი ოთხი ფორმით გვევლინებიან,ესენია:bog(ღმერთი),sporysh(დოვლათის სიმბოლო),ray(სამოთხნე),dobro(სიკეთე).“ბოგ“ ინდო-ირანული წარმოშობის სიტყვაა და სიმდიდრეს,ბარაქას,კარგ იღბალს ნიშნავს.დოვლათის სიმბოლოც ანალოგიური შინაარსისაა,სამოთხე და სიკეთე კი სრულყოფილების,წარმატების აღმნიშვნელი იყო.ვიზუალურად აღმოსავლელი სლავებისთვის მთვარის გამოსახულებას უკავშირებდნენ მამაკაცს,როგორც ოჯახის უმთავრეს სიძლიერეს.ხოლო მზეს უკავშირებდნენ ქალს,რაც მტკიცდება იმით რომ,რუსულ სიმღერებში მზე შედარებულია პატარძალ ქალიშვილთან.[20]

სამლოცველო ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსხვავებით რუსული ქრონიკებისა,გერმანული წყაროები უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს,ოღონდ უშუალოდ გვესაუბრება ბალტიისპირეთის სლავებზე.იქ ნაჩვენებია,რომ არსებობდა სპეციალური ადგილები სადაც რელიგიური რიტუალები სრულდებოდა,იყო ხისგან აშენებული შენობები,იშვიათ შემთხვევებში ხის გარსი მეტალით იყო დაფარული.ადამიანების მსხვერპლშეწირვას,მათ გატყავებას,გამოშიგვნასა და გაკვეთას,სლავებისთვის პრიორიტეტული როლი ჰქონდა დოვლათისა და გამარჯვების დასაცავად.მათ მიერ შექმნილი ზღუდეს,გალავნის შიგნით შესაძლებელი იყო ოთხი ტაძრის არსებობა.ჩრდილოეთ პოლონეთის ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაში,მის ირგვლივ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს,წარმატების მოსაპოვებლად შესაწირად მიყავდა ცხვრები და ხარები.მოხარშული საქონლის ხორცი ურიგდებოდა ყველას,განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა.ცეკვა და სიმღერა,ხანდახან იუმორისტულიც,აცოცხლებდა მოწყობილ ზეიმებს.[20]

სლავური წარმართული რიტუალები და ტრადიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლავები არ აკეთებდნენ თავიანთ გენეალოგიურ აღწერებს,სწორედ ამიტომ ტომისა თუ ჯგუფის დამფუძნებელი ითვლებოდა ლეგენდარულ პიროვნებად.დროთა განმავლობაში,როდესაც უფროსი თაობის წარმომადგენელი თავის შთამომავალს უთხრობდა სვაროგსა და პერუნზე,ასევე დამფუძნებელ პიროვნებაზე,უმცროსი მათ იღებდა როგორც სრულყოფილების იდეალად.ამის შედეგად ისინი ქმნიდნენ მრავალ ფორმიან სათაყვანებელ ღვთაებებს.მაგალითად, რიაჟანში,რუსეთში აღმოაჩინეს ბადრისებრი ფორმის ბრინჯაოს კერპი.აღმოჩენილ ნივთს ჰქონდა ოთხი სახე,მეხუთე კი მკერდის ადგილას ჰქონდა მიმაგრებული.[20]

აღმოსავლელი ფინელებიც და უგრიელებიც მსგავსი გზით ცემდნენ პატივს გარდაცვლილ გაკერპებულ იდეალებს,მათაც რამოდენიმე თავით გამოხატავდნენ,ასევე მართავდნენ საზოგადოებრივ წვეულებას პატივის მისაგებად.XX საუკუნეში უგრიელი ტომების ძველი ადგილმსაყოფლის ადგილას აღმოაჩინეს ხის შენობები,სადაც ბალტიელი სლავები იკრიბებოდნენ წვეულებების გასამართად,საბჭოდ ან საჭმლის მოსამზადებლად.ასევე მე-19 საუკუნეში მსგავსი შენობები ფიქსირიდება რუსეთში,უკრაინასა და სამხრეთელი სლავების საცხოვრებელ ტერიტორიებზეც.[20]

ბალტიელი სლავების კერპებისადმი ტაყვანისცემა და პატივის მიგება საკმაოდ უცნაური პროცესი იყო.გასაკვირი მართლაც არ არის ,რომ ამ რეგიონში XIX საუკუნემდე ძველ ხალხთა საფლავი უნაკლოდ შემორჩა.მათ ჰქონდათ შემდეგი ტრადიცია:მიცვალებულის დასაფლავებიდან სამ,ოთხ,ხუთ ან შვიდ წელიწადში მიწას თხრიდნენ,იღემბდნენ გვამის ძვლებს,ბანდნენ,წმენდნენ,ახალ ტილოში ახვევდნენ და უკან აბრუნებდნენ.აღმოსავლელ და დასავლელ სლავებში მსგავსი პროცედურების აღწერა სიმღერებშიც არის მოხსენიებული.სლავების ეს ტრადიცია შემდეგში დავიწყებას მიეცა,რადგან მათ დაკარგეს მიზანი,რის გამოც საფლავს ხელმეორედ თხრიდნენ.მაგალითად ისინი ცეცხლს აღარ ანთებდნენ საფლავის ქვებზე,აღარ რწყავდნენ საფლავებს,რაც შემდგომში ამოთხრაში ხელს შეუწყობდა.[20]

სლავების წარმოდგენებით,ადამიანი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ საფლავში არ გაიხრწნებოდა,ხდებოდა ვაპირი.მათი აზრით,თუ კი სურდათ თავი დაეცვათ ვამპირისგან,მის საფლავზე უნდა დაესოთ ბოძი,რომელიც მას გულს გაუკვეთდა და შინაგანად დაწვავდა.[20]

სლავების დღევანდელი რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმართი სლავი პოპულაციები გაქრისტიანდნენ VII-XII საუკუნეებში.დღესდღეობით სლავური წარმოშობის საზოგადოებების უმეტესი ნაწილი კათოლიკე ქრისტიანები არიანს,ასევე გვხვდება პროტესტანტები,ხოლო მცირე ჯგუფს მიეკუთვნება მუსლიმი სლავები.სლავებში ასევე გვხვდებიან ათეისტებიც და აგნოსტიკების.ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 20% ათეისტია.[20]

ურთიერთობები არა-სლავ ხალხთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი თავიანთი ისტორიის განმავლობაში,სლავები ურთიერთობაში მუდამ შედიოდნენ არა-სლავურ ჯგუფებთან.დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მაშინ მცხოვრებ სლავებს კავშირი ჰქონდათ ირანელ სარმატებთან და გერმანელ გოთებთან.მათი შემოდგომი გავრცელებისას, არა-სლავურ ხალხთა ჯგუფებს შეერივნენ.მაგალითად,ბალკანეთში ცხოვრობდნენ პალეო-ბალკანური ტომები,ისინი იყვნენ რომანიზირებული და ჰელენიზირებული ილირიელები,თრაკიელები და დაკიელები,ასევე ბერძნები და კელტი სკორდისკები.დროთა განმავლობაში,მკვიდრ ბალკანელთა შთამომავლები სლავებს შეერივნენ.ამ პერიოდში ილირიელთა უმეტესი რაოდენობა და თრაკიელები სრულად გადაშენდნენ,თუმცა თანამედროვე ალბანელები ილირიელთა შთამომავლებს წარმომადგენენ.გამონაკლისები არიან ბერძნები,რომელთა ტერიტორიაზეც სლავები ვერ ჭარბობდნენ,მათზე სლავური კულტურა ვერ გავრცელდა,ხოლო რომის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხში,იგულისხმება დღევანდელი ბერძნების წინაპრები,მაკედონიელები,ბულგარელები და აღმოსავლეთ თრაკიის ტომის წევრები,სლავები საგრძნობლად დიდი რაოდენობით ასიმილირდნენ მათთან.მართალია ბულგარელები შეერივნენ სლავებს,თუმცა მათი ადათ-წესები და კულტურა სრულყოფილად გადაეცემოდა ახალი გენერაციის თითოეულ წარმომადგენელს.დაახლოებით შუა საუკუნეებამდე დალმაციელი ხალხიც რომაულად საუბრობდა,თუმცა სხეულის ფორმითა და გარეგნობით სლავებს ძალიან გავდნენ.[21]

დასავლეთ ბალკანეთში,სამხრეთელი სლავები და გერმანელი გეპიდები დაქორწინდნენ ევრაზიელი უცნობი წარმოშობის მქონე ავარებთან,ამის შედეგად კი ჩამოყალიბდა ახალი სლავური პოპულაცია.უშუალოდ ცენტრალურ ევროპაში სლავები გერმანულ და კელტურ ტომებში გავრცელდნენ,ხოლო აღმოსავლელი სლავები სკანდინავიურ და ურალელ ხალხთან დაოჯახდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ვარიაგებსა და ფინელებზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა კიევის რუსეთის კულტურას,დაახლოებით ერთი საუკუნის  შემდეგ ისინი სრულად „გასლავიციზირდნენ“.იმდროინდელი უნგრელების(მაგიარების) მიგრაციის დროს,დღევანდელი უნგრეთის ტერიტორია დასახლებული იყო დაახლოებით 200 000 სლავითა და რომაელი დაციანებით.მე-11 და მე-12 საუკუნეში  თურქული მომთაბარე ტომების,ყივჩაღებისა და პაჭანიკების, განუწყვეტელმა შემოსევებმა აღმოსავლელი სლავების მასიური მიგრაცია გამოიწვია ჩრდილო-ევროპულ ქვეყნებში,სადაც მეტწილად ტყით მოცული რეგიონები ჭარბობდა.შუასაუკუნეებში საქსონელი ტომები დასახლდნენ იმდროინდელ ბოსნიის,სერბეთისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე,რის შედეგადაც შეერივნენ სლავურ ჯგუფებს.[21]

პოლაბიელი სლავები დასახლდნენ ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილში იქ მცხოვრებ დანიურ ტომებთან ერთად.ასევე ცნობილია,რომ პოლაბიელ-პომერალიელი სლავები ძველ-სკანდინავიურ ისლანდიაში გავრცელდნენ და იქ დაიმკვიდრეს თავი.საქალიბას უწოდებდნენ სლავ დაქირევებულ ჯარისკაცებს და მონებს,რომლებიც გავრცელებულები იყვნენ შუასაუკუნეების არაბულ სამყაროში,ჩრდილოეთ აფრიკაში,სიცილიასა და ალ-ანდალუსიაში.საქალიბები ირიცხებოდნენ ხალიფების პირად რაზმებშიც.მე-12 საუკუნეში სლავ მეკობრეთა რაოდენობა ბალტიის ზღვის აუზში საკმაოდ გაიზარდა.დასავლელმა ჯვაროსნებმა 1147 წელს ომი დაიწყეს პოლიბიელ სლავებთან,როგორც ჩრდილოელ ჯვაროსნებთან.დასავლელი სლავების მმართველმა,ნიკლოტმა,დიდი წინააღმდეგობა გაუწია საღვთო რომის იმპერატორს ლოთარ III_ს,როდესაც ის სლავურ ტერიტორიებს იპყრობდა,თუმცა ნიკლოტი შემდგომში მოკლეს,რის შედეგადაც მოხდა მთელი რეგიონის გერმანული კოლონიზაცია.პოლებიელ სლავთა ენა მე-19 საუკუნემდე შემორჩა დღევანდელი გერმანიის ერთ-ერთი მხარის,ქვემო საქსონიის მიმდებარე ტერიტორიაზე.დღესდღეობით აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებ გერმანელთა შორის დაახლოებით 20% სლავური წარმოშობისაა,ხოლო ზოგადად მთელი გერმანიაში უცხოურ გვართა 20%_ს სლავური ფესვები აქვს.[22]

სლავური ენით მოსაუბრე და მართმადიდებლური რწმენით ცნობილი კაზაკები მრავალი ეთნიკური ჯგუფებისგან შედგებიან,როგორებიცაა მაგალითა თათრები და თურქები.ასევე უპირველეს კაზაკებად ოსებს თვლიან.

სლავურ ენაზე მოსაუბრე პოლონელი და ჩრდილო სლოვაკელი გურალები რომაულად მოსაუბრე ერთ-ერთი ტომის შთამომავლები იყვნენ,რომლებიც XIV-XVII საუკუნეებში აღმოსავლეთ რეგიონში გავრცელდნენ და იქ მცხოვრებ ხალხს შეერივნენ.

სლავები დიდი რაოდენობით გავრცელდნენ მთელი ევროპის მასშტაბით,განსაკუთრებით კი სკანდინავიურ ქვეყნებსა და რომანულ საზოგადოებებში.რუმინეთში,დღესდღეობით,უამრავ მდინარესა და ღირსეშანიშნავ ადგილს სლავური სახელწოდება აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. ჟუჟუნაშვილი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია, XX საუკუნე. გიორგი ჟუჟუნაშვილი, გურამ კუტალაძე, ზაირა გერგედავა-ჭელიძე, რამაზ ვაჟბედაშვილი ; [რედ.: მერაბ ვაჩნაძე] ; თსუ - თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : [ლექციების კურსი] - თბილისი; ნაწილი 1: პოლონეთი XIX საუკუნის I ნახევარში : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1979.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : ჩეხეთი და სლოვაკეთი XVIII-XX საუკუნეებში. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1982.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : ბულგარეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე ოქტომბერი. თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : სერბეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985.
  • Dvornik, Francis (1962). The Slavs in European History and Civilization. Rutgers University Press. ISBN 978-0-8135-0799-6.
  • Curta, Florin (2001). The Making of the Slavs: History and Archaeology of the Lower Danube Region, c.500–700. Cambridge University Press. ISBN 978-1-139-42888-0.
  • Barford, Paul M. (2001). The Early Slavs: Culture and Society in Early Medieval Eastern Europe. Cornell University Press. ISBN 978-0-8014-3977-3.
  • Vlasto, A. P. (1970). The Entry of the Slavs Into Christendom: An Introduction to the Medieval History of the Slavs. CUP Archive. ISBN 978-0-521-07459-9.
  • Curta Florin, http://www.academia.edu/229543/The_early_Slavs_in_Bohemia_and_Moravia_a_response_to_my_critics
  • Fine, John Van Antwerp, Jr. (1991). The Early Medieval Balkans: A Critical Survey from the Sixth to the Late Twelfth Century. Michigan: The University of Michigan Press. ISBN 0-472-08149-7.
  • Lacey, Robert. 2003. Great Tales from English History. Little, Brown and Company. New York. 2004. ISBN 0-316-10910-X.
  • Lewis, Bernard. Race and Slavery in the Middle East. Oxford Univ. Press.
  • Nystazopoulou-Pelekidou, Maria. 1992. The "Macedonian Question": A Historical Review. © Association Internationale d'Etudes du Sud-Est Europeen (AIESEE, International Association of Southeast European Studies), Comité Grec. Corfu: Ionian University. (English translation of a 1988 work written in Greek.)
  • Medieval Sourcebook:Procopius of Caesarea: The Secret History.FORDHAM UNIVERSITY. http://legacy.fordham.edu/halsall/basis/procop-anec.asp
  • Donald MacGillivray Nicol: https://www.britannica.com/place/Byzantine-Empire/From-867-to-the-Ottoman-conquest#ref313293.
  • Evel gasparini: https://www.britannica.com/topic/Slavic-religion
  1. Encyclopædia Britannica (18 September 2006).https://www.britannica.com/topic/Slav
  2. 2.0 2.1 Jordanes, The Origin and Deeds of the Goths, V.33
  3. Procopius, History of the Wars,
  4. 4.0 4.1 http://www.ancient.eu/Slavs/
  5. 5.0 5.1 http://legacy.fordham.edu/halsall/basis/procop-anec.asp
  6. Curta, Florin (2001). The Making of the Slavs: History and Archaeology of the Lower Danube Region, c.500–700. Cambridge University Press. ISBN 978-1-139-42888-0.
  7. Mallory & Adams "Encyclopedia of Indo-European Culture
  8. Tachiaos, Anthony-Emil N. 2001. Cyril and Methodius of Thessalonica: The Acculturation of the Slavs. Crestwood, NY: St. Vladimir's Seminary Press.
  9. https://wayback.archive.org/web/20090820145503/http://encarta.msn.com/encyclopedia_761579967/Austria-Hungary.html
  10. Snyder, Timothy (2010). Bloodlands: Europe between Hitler and Stalin. New York: Basic Books. p. 416. ISBN 978-0-465-00239-9.
  11. Dorland, Michael (2009). Cadaverland: Inventing a Pathology of Catastrophe for Holocaust Survival: The Limits of Medical Knowledge and Memory in France. Tauber Institute for the Study of European Jewry series. Waltham, Mass: University Press of New England. p. 6. ISBN 1-58465-784-7.
  12. Rummel, Rudolph (1994). Death by Government. New Brunswick, NJ: Transaction. p. 112. ISBN 978-1-56000-145-4.
  13. Hitler, Adolf; Gerhard, Weinberg (2007). Hitler's table talk, 1941-1944: his private conversations, p. 356. Enigma Books. Quoting Hitler: "For example to label the Bulgarians as Slavs is pure nonsense; originally they were Turkomans."
  14.  В.Н.Шайдуров. История стран Центральной и Восточной Европы с древнейших времен до конца ХХ в. Учебное пособие. — СПб., Осипов, 2008.
  15. Rich, Norman (1974). Hitler's War Aims: the Establishment of the New Order, p. 276-7. W. W. Norton & Company Inc., New York.
  16. 16.0 16.1 16.2 https://www.britannica.com/topic/Slavic-languages
  17. https://www.britannica.com/topic/West-Slav
  18. https://www.britannica.com/topic/East-Slav
  19. https://www.britannica.com/topic/South-Slav
  20. 20.00 20.01 20.02 20.03 20.04 20.05 20.06 20.07 20.08 20.09 20.10 https://www.britannica.com/topic/Slavic-religion
  21. 21.0 21.1 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3598329/
  22. https://books.google.ge/books?id=u-SsbHs5zTAC&pg=PA514&lpg=PA514&dq=polabian+tribes&source=bl&ots=KGygpmoYEi&sig=uGxd1DGpqlGCvWklseFO5o4tvU4&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwiQlP-Dvd_NAhUC7BQKHbB0Cd04ChDoAQgvMAU#v=onepage&q=polabian%20tribes&f=false