ტერასები (გეოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფლუვიალური ტერასები

ტერასები (ფრანგ. terrasse, ლათ. terra – მიწა) — სხვადასხვა მიზეზით წარმოქმნილი ბუნებრივი საფეხურები მთის კალთებზე, ხეობის ფერდობებზე, ტბისა და ზღვის ნაპირებზე. განარჩევენ შემდეგი წარმოშობის ტერასებს: მდინარეულ, ტბიურ, ზღვიურს დაშერეულ ტერასებს.

ხშირად ტერასა იარუსებადაა განლაგებული, რაც მოწმობს მდინარის მოქმედებაში აკუმულაციური და ეროზიული ციკლების მონაცვლეობას. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოწვეული იყოს დედამიწის ქერქის არათანაბარი ტექტონიკური აზევებით, ჰავის ცვალებადობით, ზღვის დონის ევსტატიკური რღვევით.

ტერასების ასაკი მათი სიმაღლებრივი მდებარეობის შესაბამისად იზრდება; ყველაზე ახალგაზრდაა მდინარის (ტბის, ზღვის) ნაპირთან მდებარეწ ტერასა. მთის კალთებზე და ხეობებში გვხვდება აგრეთვე დენუდაციური პროცესების შედეგად წარმოქმნილი ტერასები. ესენია:

  • სტრუქტურული ტერასები, რომლებიც განპირობებულია კალთების ამგები მკვრივი და დამყოლი ქანების შრეების მორიგეობით;
  • მეწყრული ტერასები - დაცურებული ქანების საფეხურებრივი ზედაპირები;
  • სოლიფლუქციური ტერასები და სხვ.

ტერასებზე ხშირად გაშენებულია დასახლებული პუნქტები, სამრეწველო ობიექტები, გაყვანილია გზები, არის სახნავი სავარგულები.

ფლუვიალური ტერასების სქემა

მდინარე რიონის ტერასები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში აღსანიშნავია მდინარე რიონის შუა დინების ტერასები და მათი ასაკი. მდინარე რიონის ტერასების შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია მოპოვებული ალექსანდრე ჯანელიძის, ლევონ ვარდანიანცისა და ბორის მეფერტის ნაშრომებში.

დენუდაციაგანცდილი მაღალი ტერასების ფრაგმენტები შერჩენილია მდინარე რიონის ხეობაში სოფლებს ღვარდიასა და ხიდიკარს შორის. ხიდიკარის ვიწრობიდან (კლდეკარიდან) მდინარე რიონი მკვეთრად უხვევს დასავლეთით და გაედინება მესამეულის თიხების ქვიშაქვებისაგან შემდგარ სინკლინურ გამოქვაბულში.

დანაწევრების შედეგად დარღვეულია ძველი მდინარეული ტერასული საფეხურების მთლიანობა და შემორჩენილია მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. მდინარეული ტერასების შესწავლას ართულებს ის გარემოებაც, რომ რაჭის დეპრესიის ამ ნაწილშიც განსაკუთრებით ძლიერ განვითარებას პოულობს მეწყრული მოვლენები[1], რომლებიც ფართო ფრონტით ეშვებიან მდინარე რიონის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მხრიდან და თავის მხრივ წარმოქმნიან დატერასებულ საფეხურებს ერთი მხრივ, და ახდენენ ძველი, მაღალი მდინარეული ტერასების გადანაცვლების ჰიფსომეტრიულად უფრო დაბალ საფეხურებზე — მეორე მხრივ, მეწყრულ მოქმედებას გადარჩენილი ალუვიური ტერასების ფრაგმენტები შემორჩენილია სოფელ შრომის ტერიტორიაზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 695, თბ., 1985 წელი.
  • საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, ტ. V., თბ., 1959;
  • Щукин И. С., Общая геоморфология, т. 1, М., 1960;
  • Горшков Г. П., Якушева А. Ф., Общая геология, 3 изд., М., 1973.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ა. ჯანელიძე, გეოლოგიური და პალეონტოლოგიური ნარევი, ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, ტ. II, 1926