სხვადასხვა დროს იცავდა არგენტინის, ესპანეთის, ავსტრიის, ჩილესა და ინდონეზიის საფეხბურთო კლუბების ღირსებას, კარიერის დიდი ნაწილი კი ესპანურ ვალენსიაში გაატარა, სადაც 184 მატჩი ჩაატარა და 116 გოლი გაიტანა, პიჩიჩის ჯილდო კი ორჯერ მოიპოვა.
პირველი ოფიციალური მატჩში „ინსტიტუტოს“ რიგებში მარიო კემპესმა 1973 წლის 7 ოქტომბერს ჩაატარა. ეს იყო ნასიონალის ჩემპიონატის პირველი ტურის საშინაო შეხვედრა „ნიუელს ოლდ ბოისის“ წინააღმდეგ.[3] კემპესისთვის სადებიუტო შეხვედრა „ინსტიტუტომ“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ხორხე ომარ პერიოტი; ედუარდო მიგელ ანელი, არმანდო მიგელ ოლმედო, ხუან ხოსე მოიანო (მიგელ ოვიედო 75'),
მარიო რობერტო კარბალო; ოსვალდო არდილესი, ხუან დომინგო მონტოია, ალბერტო ბელტრანი; ალბერტო უილინგტონი, მარიო ალბერტო კემპესი, ხოსე ლუის სალდანიო (ხოსე ლუის სებალოსი 27').
1973–1982 წლებში იცავდა არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 20 ბურთი გაიტანა. ეროვნულ გუნდში, რუბენ გალვანის და რიკარდო ბოჩინის მსგავსად, 1973 წელს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელები — ომარ სივორი და მიგელ ინომირიელო იწვევენ. პირველად ნაკრების მაისურით 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, 1973 წლის 23 სექტემბერს, ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ლა-პასში, „ესტადიო ერნანდო სილესზე“, გაიმართა და მას 19 266 გულშემატკივარი დაესწრო. არგენტინელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: დანიელ კარნევალე, ანხელ უგო ბარგასი, რუბენ გლარია, რუბენ გალვანი, რობერტო ტელჩი (მარსელო ტრობიანი 76'), რუბენ აიალა, მარიო კემპესი (რიკარდო ბოჩინი 64'), ოსვალდო რობერტო კორტესი, ოსკარ რამონ ფორნარი, ალდო პედრო პოი, დანიელ ტალიანი. ოსკარ რამონ ფორნარის გოლით არგენტინელებმა 1–0 გაიმარჯვეს.
ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1982 წლის 2 ივლისს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბარსელონაში, „ესტადიო სარიაზე“ გაიმართა და ბრაზილიელთა გამარჯვებით 3–1 დასრულდა.