შინაარსზე გადასვლა

ჯორჯ ბესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ ბესტი
ბესტი 1976 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯორჯ ბესტი
დაბადების
თარიღი
22 მაისი, 1946
დაბადების
ადგილი
ბელფასტი,
ჩრდილოეთ ირლანდია
გარდაცვალების
თარიღი
25 ნოემბერი, 2005 (59 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1961–1963 მანჩესტერ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1963–1974 მანჩესტერ იუნაიტედი 361 (137)
1974 იევიშ გილდი 5 (1)
194 დაინსტეიბლ თაუნი 0 (0)
1975 სტოკპორტ ქაუნთი 3 (2)
1975–1976 კორკ სელტიკი 3 (0)
1976 ლოს ანჯელეს აცტეკსი 23 (15)
1976–1977 ფულჰემი 42 (8)
1977–1978 ლოს ანჯელეს აცტეკსი 32 (12)
1978–1979 სტრაიკერსი 28 (6)
1979–1980 ჰიბერნიანი 17 (3)
1980–1981 სან ხოსე ერტქუეიქსი 56 (21)
1982 სიი ბიი 2 (0)
1982 ჰონკონგ რეინჯერსი 1 (0)
1983 ბორნმუთი 5 (0)
1983 ბრისბეინ ლაიონსი 4 (0)
1983 ოსბორნ პარკ გალები 1 (1)
1983 ნანიტონ ბორო 0 (0)
1984 ტობერმორ იუნაიტედი 0 (0)
სულ 604 (239)
ეროვნული ნაკრები
1964–1977 ჩრდილოეთ ირლანდია 37 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჯორჯ ბესტი (ინგლ. George Best; დ. 22 მაისი, 1946, ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია — გ. 25 ნოემბერი, 2005, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელი, საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდეს ფეხბურთელად.[1] თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. 1968 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და როგორც წლის საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელად ასევე, საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციაციის მიერ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის შეფასებით იგი იყო „საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე ჩრდილოეთ ირლანდიის მწვანე მაისური მოურგია.“ 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 27-ე ადგილზე დასახელდა.[2]

დაიბადა და აღიზარდა ბელფასტში, საფეხბურთო კარიერა კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ინგლისში დაიწყო. როცა 15 წლის იყო, ბესტის ნიჭი საფეხბურთო სკაუტმა შეამჩნია და მეტ ბასბის შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „ვგონებ, გენიოსი გიპოვეთ“. ბესტმა „იუნაიტედთან“ ერთად წარმატებას მიაღწია, 179 გოლი გაიტანა 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებულ 470 მატჩში და კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო ლიგაში 5 წლის განმავლობაში.

ბესტი იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი, მისი სათამაშო სტილი მოიცავდა გამწვავების უნარს, ფინტებს, ბალანსს, ორივე ფეხით თამაშს, გოლის გატანის უნარს და მცველების დამარცხებას. ბესტი 1974 წელს 27 წლის ასაკში მოულოდენლად წავიდა „იუნაიტედიდან“, მაგრამ მსოფლიოს ირგვლივ რამდენიმე კლუბში თამაშის შემდეგ უკან დაბრუნდა და 37 წლამდე ითამაშა, სანამ 1983 წელს კარიერას დაასრულებდა. ნაკრებში მას ავტომატურად იძახებდნენ, როცა ჯანმრთელი იყო, 1964 წლიდან 1977 წლამდე ბესტმა 37 მატჩი ჩაატარა საერთაშორისო არენაზე და 9 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ნაკრების შესაძლებლობები მას საშუალებას არ აძლევდა, რომ საკუთარი ნიჭის დემონსტრირება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მოეხდინა.

ბესტის ნიჭი და ქარიზმა ისეთი იყო, რომ ის მაშინვე გახდა ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო ვარსკვლავი და მან ზედმეტსახელად მიიღო El Beatle (ელ ბიტლ), მაგრამ მისმა ცხოვრების სტილმა ჯორჯს არაერთი პრობლემა გაუჩინა, მათ შორის იყო ალკოჰოლიზმი, რითაც მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა. ამ პრობლემებმა თავი მოედანზე და მის ფარგლებს გარეთაც გამოიჩინა, თუმცა ბესტს ეს არასდროს ანაღვლებდა. მას არაერთხელ უთქვამს: „გართობაზე, სასმელსა და სწრაფ მანქანებზე ბევრი ფული დავხარჯე, დანარჩენი კი უბრალოდ გავფლანგე“. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ბესტი ცოტა ხნით ექსპერტად მუშაობდა, მაგრამ მისმა ფინანსურმა და ჯანმრთელობის პრობლემებმა მის დაღმასვლას შეუწყო ხელი. ბესტი გარდაიცვალა 2005 წელს, 59 წლის ასაკში. ჯორჯმა ორჯერ იქორწინა ყოფილ მოდელებზე. პირველი მათგანი იყო ენჯი ბესტი, ხოლო მეორე ალექს ბესტი. 1981 წელს კი პირველი ქორწინებიდან შეეძინა შვილი კალუმ ბესტი.

1999 წელს მსოფლიოს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში მე-16 ადგილზე გავიდა, ასევე ის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შედის. ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, რომელსაც მრავალი ადამიანი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს, ბესტის შესახებ ამბობდა: „ჯორჯ ბესტი მსოფლიოს უდიდესი მოთამაშე იყო“, მოგვიანებით კი დაამატა, რომ „ბესტი დაუჯერებელი ფეხბურთელი იყო“. ამას კი ბესტმა ასე უპასუხა: „პელემ მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი მიწოდა. ასე მივესალმები საბოლოოდ ჩემს ცხოვრებას“. მისი გარდაცვალების შემდეგ, როცა ბესტს 60 წელი უნდა შესრულებოდა, ბელფასტის საქალაქო აეროპორტს სახელი შეუცვალეს და „ჯორჯ ბესტის ბელფასტის საქალაქო აერეპორტი“ დაარქვეს. BBC-ს თანახმად, ბესტს სამშობლოში იცნობდნენ, როგორც „მშვენიერ ბიჭს მშვენიერი თამაშით“.

ადრეული წლები და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯ ბესტი დიკი ბესტისა (1919–2008) და ანე ბესტის (1922–1978) პირველი შვილი იყო. გაიზარდა კრეგაგში, დასავლეთ ბელფასტი. ბესტი იზრდებოდა თავისუფალი პრესბიტერიანული რწმენით. მამამისი ნარინჯისფერი ორდერის წევრი იყო და თავის ავტობიოგრაფიაში ბესტი აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ოჯახისთვის ორდერი. ბესტს ოთხი და და ერთი ძმა ჰყავდა — კეროლი, ბარბარა, ჯული, გრეისი და იანი (იან ბასბი ბესტი). ბესტის მამა 2008 წლის 16 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩრდილოეთ ირლანდიაში, დანდონალდის საავადმყოფოში. ბესტის დედა კი ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო გულ-სისხლძარღვთა დაავადებით 1978 წელს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1957 წელს, როცა ბესტი 11 წლის იყო, გროსვენორის უმაღლეს სკოლაში შევიდა, მაგრამ სკოლის უპირატესი სპორტის სახეობა რაგბი იყო, ამიტომ იქაურობა მალე დატოვა. ბესტი ამის შემდეგ ლისნაშარას საშუალო სკოლაში იწყებს სწავლას, სადაც ფეხბურთზე კონცენტრირების საშუალება ეძლევა. ჯორჯი პატარაობიდანვე „გლენტორანსა“ და „ვულვერჰემპტონ უონდერერსს“ ქომაგობდა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 წლის ასაკში ბესტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტმა ბობ ბიშოპმა ბელფასტში აღმოაჩინა და „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ტელეგრამა გაუგზავა: „ვგონებ, გენიოსი გიპოვეთ.“ ამ დროისთვის ბესტს ყურადღება ადგილობრივმა კლუბმა „გლენტორანმა“ მიაქცია, თუმცა კონტრაქტი არ შესთავაზებს, რადგან კლუბის წარმომადგენლებს ჯორჯის გამხდარი და დაბალი გარეგნობა არ მოეწონათ. ბესტი „იუნაიტედის“ მთავარმა სკაუტმა ჯო არმსტრონგმა სინჯებზე აიყვანა, რის შემდეგაც სრულფასოვანი კონტრაქტი შესთავაზა.

„ოლდ ტრაფორდზე“ მოხვედრის შემდეგ ბესტს მალე მოენატრა სახლი და თავის თანამემამულე სხვა ფეხბურთელთან, ერიკ მაკმორდისთან ერთად ბელფასტში დაბრუნდა. მანჩესტერს კი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დაუბრუნდა, როცა მეტ ბასბი დიკი ბესტს ტელეფონით ესაუბრა.

ჯორჯის დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 17 წლის ასაკში შედგა, როცა 1963 წლის 14 სექტემბერს მოედანზე „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ წინააღმდეგ გავიდა. მატჩის მიმდინარეობისას თავის უელსელ გამოცდილ მოწინააღმდეგეს, გრემ უილიამსს მოსვენებას არ აძლევდა. მატჩის დამთავრების შემდეგ, რომელიც „იუნაიტედმა“ 1-0 მოიგო, უილიამსმა ბესტს ხელი ჩამოართვა და მიმართა: „მოიცა, შვილო, სახეზე მაინც შეგხედო, თორემ მთელი დღეა მხოლოდ იმას ვხედავ, როგორ ქრება შენი ზურგი გვერდით ხაზთან.“

იუნაიტედის სამების ქანდაკება: ბესტი (მარცხნივ), ბობი ჩარლტონი (ცენტრში), დენის ლოუ (მარჯვნივ)

ბესტს ჯერ კიდევ ენატრებოდა ოჯახი და შობაზე სახლში დაბრუნდა, რათა ოჯახთან ერთად აღენიშნა. მისი არ ყოფნის დროს 26 დეკემბერს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბარნლის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში სამარცხვინო მარცხი განიცადა ანგარიშით 1:6. საპასუხო მატჩი 2 დღის შემდეგ, 28 დეკემბერს „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა. შეხვედრაში მონაწილეობა ბესტმაც მიიღო, თავისი პირველი გოლი გაიტანა „მანჩესტერ იუნაიტედში“ და თავის გუნდს მეტოქის 5:1 დამარცხებაში დაეხმარა. თუმცა ამ მატჩში მონაწილეობას ბესტი ერთადერთი პირობით დათანხმდა - მატჩის შემდეგ ის თვითმფრინავით ბელფასტში უნდა ჩაეყვანათ. აქ პირველად გამოვლინდა მისი ჯიუტი ხასიათი, რომელმაც შემდგომში არაერთ უსიამოვნებას შეახვედრა. 1963/64 წლების სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში ბესტმა 6 გოლი გაიტანა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი პირველ დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონობა „ლივერპულს“ დაუთმო.

მომდევნო სეზონში ჯორჯი რეგულარულად ხვდებოდა შემადგენლობაში. მან 10 გოლის გატანა მოახერხა ლიგაში, რაც 1957 წლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

ახალი ბასბის ჩვილი მალე ერთ-ერთ ლიდერად იქცა გუნდისა, რომელიც მიუნხენის კატასტროფის შემდეგ კვლავ რთულ ვითარებაში იმყოფებოდა. ბობი ჩარლტონსა და დენის ლოუსთან ერთად ბესტმა ძლიერი შემტევი ტრიო შექმნა, რომელსაც ბევრი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თავდასხმის ხაზად მიიჩნევს. 4 წლის განმავლობაში ბესტმა ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ხოლო ერთხელ - ევროპის ჩემპიონთა თასი.

ევროპულ არენაზე ბესტმა თავისი მაღალი კლასის დემონსტრირება პირველად 1965/66 წლების სეზონში შეძლო. 1965 წლის 6 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ „ჰელსინკის“ წინააღმდეგ გამართულ საშინაო მატჩში ბესტმა „იუნაიტედის“ 6 გოლიდან 2 გოლი გაიტანა. 1966 წლის 9 მარტს კი ბესტმა, რომელსაც ჯერ 20 წელიც კი არ შესრულებოდა, შესაძლოა, კარიერის საუკეთესო მატჩი ითამაშა. ამ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპის ჩემპიონთა თასის რანგში გასვლაზე „ბენფიკას“ წინააღმდეგ თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტ ბასბის დაცვითი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული, ბესტმა მე-12 წუთზე გახსნა ანგარიში თავური დარტყმით. ამას მალე მეორე გოლიც მოჰყვა, როცა ბესტმა სამი მეტოქე მოატყუა და პორტუგალიელთა კარის დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მატჩი „ბენფიკას“ დამარცხებით 5:1 დასრულდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელგრადის „პარტიზანთან“ დამარცხდა.

ბესტი პირველი კომერციულად წარმატებული ფეხბურთელი გახდა და გულშემატკივართაგან თითქმის ყოველ კვირაში იღებდა წერილებს. სარეკლამო კონტრაქტებსა და მოდურ ჟურნალებთან ინტერვიუებში ის იმაზე მეტ ფულს შოულობდა, ვიდრე ფეხბურთისგან. 1966 წელს, ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ პორტუგალიურმა პრესამ ჯორჯს ზედმეტსახელად მისცა O Quinto Beatle („მეხუთე ბიტლი“), რომელიც ისე აღწერდა მის გარეგნობასა (გრძელი თმა, ფოტოგენური სახე) და ცხოვრების სტილს, როგორც სხვა არც ერთი სიტყვა. თუმცა სუპერ-ვარსკვლავის სტატუსი ბესტის სამომავლო კარიერასა და ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახა.

1967 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სამ წელიწადში მეორედ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. ეს სეზონი კი ჯორჯ ბესტის ნამდვილი ტრიუმფის პერიოდი იყო. „იუნაიტედი“ ამ წელსაც წარმატებით ასპარეზობდა ევროპის ჩემპიონთა თასზე. 1968 წლის 24 აპრილს ბესტმა „ოლდ ტრაფორდზე“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა, ხოლო საპასუხო შეხვედრა 15 მაისს ფრედ 3:3 დასრულდა. ამ შედეგმა „იუნაიტედს“ საშუალება მისცა ისტორიაში პირველად გასულიყო ტურნირის ფინალში, სადაც „ბენფიკას“ უნდა შეხვედროდა. ფინალური მატჩი 1968 წლის 29 მაისს ლონდონში „უემბლიზე“ გაიმართა. შეხვედრის პირველი გოლი 53-ე წუთზე ბობი ჩარლტონმა გაიტანა, მაგრამ პორტუგალიელმა ჟაიმე გრასმა ანგარიში 75-ე წუთზე გაათანაბრა. 1:1 ანგარიში ძირითადი დროის ამოწურვამდე შენარჩუნდა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. ამის შემდეგ „იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა მატჩის ბედი 10 წუთში გადაწყვიტეს. ბესტმა 93-ე წუთზე გოლის გატანით თავისი გუნდი დააწინაურა, შემდეგ მეტოქის კარი ბრაიან კიდმა აიღო, 99-ე წუთზე კი კვლავ ჩარლტონმა გამოიჩინა თავი. პორტუგალიის ჩემპიონები 4:1 დამარცხდნენ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, ხოლო ჯორჯ ბესტმა ოქროს ბურთი და ინგლისის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოაციისგან წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო. ჯორჯმა ასევე დაამყარა ნახევარმცველებს შორის ერთი სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების რეკორდი - 32 გოლი (ეს შედეგი 40 წლის განმავლობაში არავის გაუმეორებია, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სხვა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა). ბევრის აზრით, 1968 წელი ბესტის კარიერის პიკის პერიოდად იქცა.

1960 წლის მიწურულს ბესტმა მანჩესტერში ორი ღამის კლუბი გახსნა - Oscar’s და Slack Alice’s. „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელ მაიკ სამერბისთან ერთად რამდენიმე ბუტიკს ფლობდა. აღვირახსნილმა ცხოვრებამ ჯორჯს სხვა გასართობები მოუძებნა - აზარტული თამაშები, ქალები, მავნე ალკოჰოლი.

მეტ ბასბის წასვლის შემდეგ ბესტი უფრო მეტად კარგავდა საკუთარ თავზე კონტროლს. დისციპლინის მრავალჯერადმა დარღვევამ კლუბის ახალ მფლობელებთან კონფლიქტი გამოიწვია. გარდა ამისა, თამაშში სერიოზული ჩავარდნა შეიმჩნეოდა, ბესტი გაცილებით სუსტ მეტოქეებთან მარცხდებოდა, ამ მარცხზე კი სერიოზულად დარდობდა. შემდეგ გაცილებით იშვიათად ვარჯიშობდა და მატჩებშიც ვეღარ იღებდა მონაწილეობას. თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მაინც რჩებოდა, რისი დემონსტრირება 1970 წლის 7 თებერვალს მოახერხა, როცა ინგლისის თასის მატჩში „ნორტჰემპტონ თაუნის“ წინააღმდეგ ითამაშა. „იუნაიტედმა“ მეტოქე 8:2 დაამარცხა, ბესტმა კი 6 გლი გაიტანა, რითაც 50 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა, რომელიც ჰაროლდ ჰალსს ეკუთვნოდა.

1974 წელს, 27-წლის ბესტმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა. მისი ბოლო მატჩი 1 იანვარს „ლოფტუს როუდზე“ „კუინზ პარკ რეინჯერსის“ წინააღმდეგ შედგა, რომელიც „იუნაიტედმა“ 0:3 მოიგო.

1963 წლიდან 1974 წლამდე ბესტმა 470 ოფიციალურ შეხვედრაში 179 გოლი გაიტანა. კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ 5 სეზონის (1968 წლიდან 1972 წლამდე) განმავლობაში იყო, რა პერიოდშიც 262 მატჩში 124 გოლი გაიტანა. 1967/68 წლებში ბესტი პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა „საუთჰემპტონის“ ფეხბურთელ რონ დეივისთან ერთად.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში ბესტმა რამდენიმე გუნდი გამოიცვალა და ინგლისის, ირლანდიის, აშშ-ს, შოტლანდიისა და ავსტრალიის რამდენიმე კლუბში ითამაშა.

1976 წელს ჯორჯ ბესტი „ფულჰემში“ გადავიდა, სადაც თამაშის დროს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებას აგრძელებდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად დაკარგა სისწრაფე. „ფულჰემში“ თამაშის პერიოდში ბესტი ყველაზე მეტად ინგლისის თასის მატჩში მეორე დივიზიონის გუნდის, „ჰერეფორდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ თამაშის დროს იყო დასამახსოვრებელი, როცა ბურთის კონტროლის იდეალური უნარი გამოავლინა, ორჯერ მოატყუა თავისი თანაგუნდელი და ყოფილი თანამებოთლე როდნი მარში, რომელსაც ბურთთან შეხების საშუალებაც კი არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან ერთად ბესტს არაფერი მოუგია, მოგვიანებით აღიარა, რომ ლონდონში გატარებული პერიოდი მის ცხოვრებაში საუკეთესო იყო.

ბესტი 1976 წელს

ამერიკაში ბესტი სამი სხვადასხვა კლუბის რიგებში თამაშობდა: „ლოს-ანჯელეს აცტეკსი“, „ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსი“ და „სან-ხოსე ერტკვეიკსი“, ევროპული ტურნეს ფარგლებში კი „დეტროიტ ექსპრესის“ რიგებში ითამაშა ორი ამხანაგური მატჩი ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ. მოედანს მიღმა ბესტი კვლავ აგრძელებდა ჩვეულ ცხოვრებას (რასაც ხელს უწყობდა ხალხში მისი ნაკლებად ცნობადობა) და ხშირად სტუმრობდა ღამის ბარებს. თამაშის მხრივ ბესტი საკმაოდ წარმატებული იყო და ლოს-ანჯელესის გუნდში პირველ სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მომდევნო წელს კი სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. ჯორჯმა ღამის კლუბი გახსნა, რომელსაც Bestie’s Beach Club უწოდა და მას 1990 წლამდე მართავდა.

„ლოს-ანჯელეს აცტეკსში“ გატარებულ მესამე სეზონში ბესტმა მხოლოდ 12 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ამის შემდეგ კი კლუბი დატოვა. მისი თამაში შემდეგ კლუბებში - „ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსსა“ და „სან-ხოსე ერტქვეიკსში“ სრული წარუმატებლობა იყო. ასევე თავი იჩინა ალკოჰოლიზმთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და ასოციალურმა ქმედებებმა. თავისი ბოლო მატჩი „სან-ხოსე ერტქვეიკსში“ ბესტმა 1981 წლის 19 აგვისტოს გამართა, მისი გუნდი კი 1:3 დამარცხდა.

1982 წელს ბესტმა სპეციალური მიწვევით ჰონკონგის პირველი დივიზიონის ორ კლუბში სამი მატჩი ჩაატარა.

კარიერის დასრულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წლის მიწურულს დინ მეგსონმა, „ბორნმუთის“ მთავარმა მწვრთნელმა 36-წლის ბესტს კონტრაქტი გაუფორმა. ჯორჯი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩა, თუმცა მხოლოდ 5 მატჩი ითამაშა. ასეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ყოფნა ავსტრალიის „ბრისბენ ლაიონსში“. თავისი კარიერის ბოლო ოფიციალური შეხვედრა ბესტმა 1984 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდის, „ტობერმორ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ითამაშა, როცა მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიის თასის გათამაშებაში „ბალიმინ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გავიდა. მატჩი ტობერმორის განადგურებით, ანგარიშით 0:7 დასრულდა.

1988 წლის 8 აგვისტოს „უინძორ პარკზე“ ბესტის გამოსამშვიდობებელი მატჩი შედგა. ტრიბუნაზე იმყოფებოდნენ სერ მეტ ბასბი და ბობ ბიშოპი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტი, რომელმაც ჯორჯის ნიჭი აღმოაჩინა. მატჩში მონაწილეობას იღებდნენ პატ ჯენინგსი, ოსი არდილესი და ლიამ ბრედი. ბესტმა ორჯერ მოახერხა გოლის გატანა: პირველად - საჯარიმოს გარედან დარტყმით, მეორედ - პენალტით.

ბესტის დებიუტი ჩრდილოეთ ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში 1963 წელს 16 წლის ასაკში შედგა. ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო. როცა ჩრდილოირლანდიელთა ნაკრების მწვრთნელმა, ნორმან კერიგანმა პირველად დაინახა ბესტი, ასეთი რამ თქვა: „ზუსტად იმას ჰგავს, რითაც ჩემს რუპორს ვწმენდ“.

1964 წლის 15 აპრილს ბესტმა ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარი ეროვნული ნაკრების რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა და ბრიტანეთის ჩემპიონატის რანგში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა. იმავე მატჩში შედგა მომავალში ცნობილი ჩრდ. ირლანდიელი მეკარის, პატ ჯენინგსის დებიუტი. მატჩი ბესტის გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა. მოგვიანებით პატ ჯენინგსი ბესტის შესახებ იხსენებდა: „საუკეთესო იყო მათ შორის, ვისთან ერთად ან წინააღმდეგ მითამაშია. მის შესახებ მოგონებებს ვუფრთხილდები, თუმცა ხანდახან მსოფლიოში ყველაზე სულელად გამოვყავდი“.

13 წლის განმავლობაში ბესტმა 37-ჯერ მოირგო ნაკრების მაისური და 9 გოლი გაიტანა. მათგან 4 გოლი კვიპროსის ნაკრებს გაუტანა, თითო გოლი კი - ალბანეთის, ინგლისის, შოტლანდიის, შვეიცარიისა და თურქეთის ნაკრებებს.

1967 წლის 21 ოქტომბერს ბესტმა თითქმის მარტომ დაამარცხა შოტლანდიის ნაკრები საშინაო სტადიონ „უინძორ პარკზე“. ჩრდილოირლანდიელებმა იმ შეხვედრაში 1:0 იმარჯვეს (გოლი დევიდ კლემეტსმა გაიტანა). სპორტულმა ჟურნალისტმა მალკოლმ ბროდიმ იმ შეხვედრის შესახებ დაწერა: „უინძორ პარკს“ ჯერ არასოდეს უნახავს ასეთი დიდებული თამაში ერთი ფეხბურთელისგან‘‘. ბევრი ამ მატჩს ნაკრების რიგებში ჩატარებულ საუკეთესო შეხვედრად მიიჩნევს.

1971 წლის 15 მაისს ბესტმა ბრიტანეთის ჩემპიონატის რანგში ინგლისის წინააღმდეგ საშინაო მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიტანა შესაძლოა, თავისი კარიერის ყველაზე ცნობილი გოლი. ინგლისელთა მეკარე გორდონ ბენკსმა ჰაერში ააგდო ბურთი და მისი მოგერიება მოისურვა, მაგრამ ბესტმა მეკარეს დაასწრო და ბურთს პირველმა დაარტყა. ბენკსის თავს მაღლა ბურთი ცარიელ კარში მიდიოდა. ორივე მოთამაშე დაედევნა ბურთს, მაგრამ ბესტი აქაც უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ბურთთან პირველი მივიდა და თავით ბადეში გადაგზავნა. ბესტისდა სამწუხაროდ, გოლი არ ჩაითვალა: მსაჯმა თავდამსხმელის მხრიდან ჯარიმა დააფიქსირა, თუმცა ამ ეპიზოდს ვერ ხედავდა, რადგან იმ მომენტში კარისკენ ზურგით იდგა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა წარმატებით გადალახა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და მთავარი მწვრთნელი ბილი ბინგჰემი განაცხადში ბესტის შეყვანას გარკვეული პერიოდის განმავლობაში განიხილავდა. მაგრამ ასაკი (იმ დროს ბესტი 36 წლის იყო) და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდა, რომელთა შედეგად ჯორჯი ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოირლანდიელებმა წარუმატებელი თამაში აჩვენეს, ბესტმა საერთოირლანდიური ეროვნული ნაკრების შექმნის იდეა წარმოშვა, რომელიც ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების გაერთიანებას გულისხმობდა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წელს ბესტმა დოკუმენტური ფილმი „სტრიკერი“ გაახმოვანა, რომელშიც ისეთი პიროვნებების შესახებ ისაუბრა, როგორებიც ერიკა როუ და შეილა ნიკოსლი არიან.

1998 წლიდან 2004 წლამდე ჯორჯი ტელეარხ Sky Sports-ზე პროგრამა Soccer Saturday-ში ესპერტის რანგში მოღვაწეობდა.

2004 წლის ნოემბერში კი 58-წლის ბესტი „პორტსმუთის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, რაც დიდ ფეხბურთში დაბრუნების სურვილს გამოხატავდა.

ბესტი ორჯერ დაქორწინდა. მისი პირველი ცოლი იყო ენჯელა მაკდონალდ-ჯეიმზი (1978-1986). 1995 წლიდან 2004 წლამდე კი ბესტის ცოლი იყო ალექს პერსი, ყოფილი სტიუარდესა, რომელიც მოგვიანებით ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტომოდელი გახდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ოფიციალურად 2004 წელს გაშორდნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2003 წლის სექტემბერში შეწყდა, როცა პრესაში ბესტის მხრიდან ცოლის ღალატისა და ალკოჰოლის მიღების ფაქტები გავრცელდა. პირველი ქორწინებიდან ბესტს შვილი კალუმი (1981) დარჩა; მეორე ქორწინებიდან კი შვილი არ შეძენია. ჭორების თანახმად, ბესტს სხვა ქალებისგან ორი ქალიშვილი ჰყავდა.

1984 წელს ბესტს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარება და პოლიციელზე თავდასხმა წაუყენეს ბრალად, რის გამოც ლონდონის ციხეში - „პენტონვილი“ სამი თვე დაჰყო. 1984 წლის შობა გისოსებს მიღმა გაატარა. პატიმრობის ვადის მოხდის განმავლობაში ბესტმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა ციხის საფეხბურთო გუნდ „ფორდში“.

2004 წლის 2 თებერვალს ბესტს კვლავ დასდეს ბრალი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში ტარებაში, ჯარიმა დააკისრეს და 20 თვით მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

1990 წლის სექტემბერში ბესტი კიდევ ერთხელ გამოჩნდა სატელევიზიო გადაცემაში, ამჯერად BBC-ს რეიტინგულ თოქ-შოუში „უოგანი“. ძლიერი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გადაცემის დროს ერთ-ერთ სტუმარს მიმართა: „ტერი, ჟიმაობა მიყვარს“. მოგვიანებით ბესტმა ბოდიში მოიხადა თავისი ქმედების გამო და განაცხადა, რომ ეს თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ეპიზოდი იყო, რომელიც ალკოჰოლიზმს უკავშირდება.

ქრონიკულმა ალკოჰოლიზმმა ბესტი შინიგანი ორგანოების დაზიანებამდე მიიყვანა, განსაკუთრებით დაზიანდა კუჭი. 2002 წლის 30 ივლისს ლონდონის სამეფო ჰოსპიტალში ბესტმა კუჭის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა. თუმცა ოპერაციის შემდეგაც აგრძელებდა ალკოჰოლის მიღებას, რასაც ძლიერი საჯარო კრიტიკა მოჰყვა. 2004 წელს, მისმა ყოფილმა ცოლმა, ალექს ბესტმა ტელეგადაცემაში „მე ცნობილი ვარ... აქედან წამიყვანეთ!“ განცხადება გააკეთა, სადაც ჯორჯის მხრიდან მასზე ძალადობის შესახებ საუბრობდა.

ავადმყოფობა და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბელფასტ სიტი ჰოლის კარიბჭე, ბესტის გარდაცვალებიდან მალე
ასეთი სახის გრაფიტი ბესტის პატივსაცემად გარდაცვალების შემდეგ მთელს ბელფასტში შეიმჩნეოდა

2005 წლის 3 ოქტომბერს ბესტი კუჭის მწვავე ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს. 2005 წლის 27 ოქტომბერს გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბესტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მეგობრებსა და ნათესავებს ემშვიდობება. ამის შემდეგ, მისი მდგომარეობა სტაბილური გახდა, მაგრამ ნოემბერში ახალად დაიწყო გაუარესება. 20 ნოემბერს გამოვიდა ბრიტანულ ტაბლოიდ News of the World-ის მორიგი ნომერი, რომელშიც საავამდყოფოს საწოლზე მყოფი ბესტის ფოტო იყო ასახული და ჯორჯის უკანასკნელი სიტყვები ეწერა: „ჩემსავეთ არ მოკვდეთ“. ეს ფოტო თავად ბესტის თხოვნით გამოაქვეყნეს. ბესტის ბოლო სიტყვები გაფრთხილება იყო ყველასთვის, ვინც ალკოჰოლს უსაფრთხო გართობად მიიჩნევს.

2005 წლის 25 ნოემბერს ინტენსიური თერაპია შეწყდა. 13 საათსა და 6 წუთზე ჯორჯ ბესტი 59 წლის ასაკში ინფექციისა და შინაგან ორგანოთა მრავალჯერადი უარყოფის შედეგად გარდაიცვალა.

პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობამ მომდევნო ტურის ყოველი მატჩის წინ წუთიერი დუმილი გამოაცხადა. მრავალ სტადიონზე ეს განცხადება იგნორირებული იქნა და წუთიერი დუმილის ნაცვლად, ბესტის პატივსაცემად წუთიერი აპლოდისმენტები გაისმა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბესტის გარდაცვალების შემდეგ პირველი თამაში ინგლისის თასის რანგში „ოლდ ტრაფორდზე“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ წინააღმდეგ გამართა - კლუბის, რომლის წინააღმდეგ შედგა ბესტის დებიუტი „იუნაიტედში“ 1963 წელს. მატჩის წინ ბესტს პატივი მიაგეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა „იუნაიტედში“, 1963 წლის „ვესტ ბრომვიჩის“ შემადგენლობიდან ცოცხალმა ფეხბურთელებმა და ბესტის ვაჟმა, კალუმმა. სერ ბობი ჩარლტონი მოკლე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც წუთიერი დუმილი მოჰყვა, რომლის დროსაც გულშემატკივარმა მთელი სტადიონის ტერიტორიაზე ბესტის ათი ათასობით ფოტო აღმართა.

2005 წლის 3 დეკემბერს დილის 10 საათზე ბესტის საოჯახო სახლიდან, რომელიც კრეგაგ-როუდის ქუჩაზე, ჩრდილოეთ ბელფასტში მდებარეობს, კატაფალკა დაიძრა, რომელშიც ჯორჯის ცხედარი ესვენა. კორტეჟი ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტის შენობამდე მივიდა. მიუხედავად წვიმისა, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გამოვიდა, რათა ბესტი უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ. დილის 11 საათზე პარლამენტის მთავარ დარბაზში მიმდინარე ცერემონიას 25 ათასი იქ მყოფი და მილიონობით ტელემაყურებელი აკვირდებოდა - პროცესს ტელეარხები BBC One, UTV, RTÉ, ITV News, BBC News 24, Sky News, Sky Sports News, Euronews და MUTV პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. ცერემონიის დასრულების შემდეგ ბესტი დედის, ენი უიზერსის გვერდით, როუზლონის სასაფლაოს მთის წვერზე დაკრძალეს, საიდანაც ჩრდილოეთ ბელფასტს „გადმოჰყურებს“.

ბესტის გარდაცვალების შემდეგ ბელფასტს სიტის აეროპორტს ჯორჯის სახელი უწოდეს

ბელფასტ სიტის აეროპორტს სახელი შეუცვალეს და ჯორჯ ბესტის ბელფასტ სიტის აეროპორტი დაარქვეს, რათა მისი ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ. ახალი სახელისა და ლოგოტიპის მინიჭების ოფიციალური ცერემონია 2006 წლის 22 მაისს (როცა ბესტი 60-წლის უნდა გამხდარიყო) ბესტის ოჯახისა და მეგობრების თანდასწრებით ჩატარდა.

საზოგადოების აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით ორად გაიყო: გამოკითხულთა 52% თანახმა იყო, 48% კი წინააღმდეგი. „დემოკრატიული ახალგაზრდა პარტიის“ ლიდერი და ჩრდილოეთ ბელფასტის პარლამენტის წევრი პიტერ რობინსონი გამოტყდა, რომ მისთვის უმჯობესი იყო, ბესტის პატივსაცემად სახელი სტადიონისთვის დაერქმიათ.

2006 წლის მარტში ავიაკომპანია Flybe-მ თავის ერთ-ერთ თვითმფრინავს The George Best უწოდა. მოგვიანებით, ეს თვითმფრინავი ბესტის ოჯახის წევრების მანჩესტერში გადაყვანისთვის გამოიყენებოდა, რათა მემორიალურ სამუშაოში მიეღოთ მონაწილეობა.

2006 წლის ივნისში სარა ფაბერჟემ, რუსეთის იმპერიის იუველირის, კარლა ფაბერჟეს შვილთაშვილმა საიუველირო კვერცხის შეკვეთა მიიღო, რომელიც ჯორჯ ბესტის სახელზე უნდა დაემზადებინათ. გამოშვებულ იქნა შეზღუდული პარტია 68 კვერცხის სახით, მათში აღებული თანხა კი მთლიანად ჯორჯ ბესტის სახელობის ფონდს მოხმარდა. პარტიის პირველი ეგზემპლიარი ჯორჯ ბესტის სახელობის აეროპორტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას მდებარეობს.

ბესტის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ოლსტერის ბანკმა 5 ფუნტის ღირებულების მქონე ჯორჯ ბესტის გამოსახულებიანი მილიონი ცალი ბანკნოტი გამოუშვა. ბანკნოტთა ტირაჟი 5 დღეში სრულად გაიყიდა. EBay-ს ონლაინ აუქციონზე ერთ კუპიურაში 30 ფუნტს იხდიდნენ.

2006 წლის დეკემბერში ჯორჯ ბესტის მემორიალურმა ფონდმა 200 ათასი ფუნტი სტერლინგის შესაგროვებლად კამპანია დაიწყო, რათა ნატურალური სიდიდის ბესტის ბრინჯაოს ქანდაკება დაედგათ. 2008 წლის დასაწყისში რესურსი კვლავ მოუპოვებელი იყო, მაგრამ 29 იანვარს ადგილობრივმა მოქანდაკე დუგ ელიოტმა განაცხადა, რომ საჭირო ფულს თვითონ დაამატებდა და ქანდაკების აღმართვასაც საკუთარ თავზე იღებდა.

2008 წლის 29 მაისს, ევროპის ჩემპიონთა თასზე გამარჯვებიდან 40 წლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდის“ ჩრდილოეთ ტრიბუნის პირდაპირ „დიდებული სამების“ ძეგლი აღმართა - ჯორჯ ბესტი, დენის ლოუ და ბობი ჩარლტონი. ქანდაკება ვერცხლისგან შექმნა ცნობილმა სკულპტორმა ფილიპ ჯექსონმა. გახსნის ცერემონიაზე შეკრებილი 3 ათასი ადამიანის წინაშე, რომელთა რიგებში 1968 წლის ფინალის „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობის რვა წარმომადგენელი იმყოფებოდა, სიტყვით გამოვიდნენ ბობი ჩარლტონი, დენის ლოუ, სერ ალექს ფერგიუსონი, დევიდ ალან გილი, უილფ მაკჰინესი და ფილიპ ჯექსონი. ჩარლტონმა განაცხადა, რომ ისეთი დიდებული ფეხბურთელების კომპანიაში ყოფნა, როგორიც ლოუ და ბესტი არიან, მისთვის უდიდესი კომპლიმენტია, ხოლო ლოუმ შენიშნა: „ერთადერთი ტრაგედია ის არის, რომ ახლა ჩვენთან ერთად არ იმყოფება ჯორჯი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლა ზევიდან გვიყურებს და ამ ქანდაკების შემხედვარე სიამაყეს განიცდის“.

ბესტი პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბესტის ავტობიოგრაფიული წიგნები:

  • Bestie (ჯორ ლავჯოემთან თანაავტორობით)
  • The Good, The Bad and The Bubbly (როს ბენსომთან თანაავტორობით)
  • Blessed: The Autobiography (როი კოლინზთან თანაავტორობით)
  • Scoring at Half Time (მარტინ ნაიტთან თანაავტორობით)
  • Hard Tackles and Dirty Baths

2000 წელს გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით Best, რომელშიც ჯორჯის პირადი ცხოვრების პერიპეტიები იყო აღწერილი. ჯორჯ ბესტის როლი ფილმი ჯონ ლინჩმა ითამაშა. ბესტის სახელი მრავალჯერ იქნა ნახსენები მუსიკალურ ნაწარმოებებში, სატელევიზიო პროგრამებში, ინტერნეტ-ფორუმებში. 1984 წელს ბესტმა მერი სტეივინთან ერთად ჩაწერა ფიტნეს-ვიდეო, სახელწოდებით Shape Up And Dance.

2005 წელს ჯგუფ Men At Work-ის ყოფილმა ლიდერმა, კოლინ ჰეიმ ჰიზერ მილსთან ერთად ხელახლა გამოსცა სინგლი My Brillian Feet, რათა ბესტისთვის პატივი მიეგო. გაყიდვებიდან შემოსული მთელი თანხა საქველმოქმედო საჭიროებას მოხმარდა. ბესტი ტექსტში შემდეგი სახით არის ნახსენები: „Are You Lookin' At Me?»: «I love the Lone Ranger, and I love that Dennis Small. Him and George Best could show you how to kick a ball“.

ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Was Georgie the Best? // BBC News
  2. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  3. The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი, 2020.
  4. BBC Sport (4 მარტი, 2004). Pele's list of the greatest. These are the 125 players selected by Brazilian legend Pele to mark Fifa's 100th anniversary. Northern Ireland: George Best. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი, 2020.
  5. Marcelo Leme de Arruda (6 მარტი, 2004). Pelé's Choice of 125 Living Players. As part of its Centennial commemorations (1904–2004), FIFA asked Pelé to list the 100 best players (still alive) of all-time, comprised of 50 players still in activity and 50 players from the past. Understandably (given that misproportion), Pelé decided to add more players from the past and came up with 125 players in the end, 50 active and 75 retired (but alive) ones. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი, 2020.
  6. BBC Sport (4 მარტი, 2004). Fifa names greatest list. Pele has revealed his list of the 125 greatest living players at Fifa's centenary gala in London on Thursday. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი, 2020.
  7. Best Football Players Ever (4 მარტი, 2004). FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary. The FIFA 100 is a list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary. Pele had been asked to select 50 retired players and 50 active players to get a list of 100 players, which would refer to the FIFA´s 100th anniversary. However Pelé found it too difficult to select just 50 former footballers so the list would eventually get to 125 players from which 75 former players. bestfootballplayersever.com დაარქივებული 2018-08-06 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი, 2020.