ფიგუმ საფეხბურთო კარიერა ლისაბონის სპორტინგში დაიწყო, სადაც 1995 წელს ამავე კლუბის ახალგაზრდული აკადემიიდან მოხვდა. სპორტინგიდან ფიგუ კატალონიურ გრანდ ბარსელონაში გადავიდა, სადაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და კარგი თამაშით იმ პერიოდის გამორჩეულ ფეხბურთელთა რიგებში დაიმკვიდრა ადგილი. 2000 წელს, ეგრეთ წოდებული გალაქტიკოსის პროექტის ფარგლებში, ფიგუ მეორე ესპანურმა გრანდმა, რეალ მადრიდმა შეიძინა 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ. აღნიშნული კლუბების ისტორიული დაპირისპირების და მტრული დამოკიდებულების გამო, ბარსელონელმა გულშემატკივარმა ფიგუს რეალში გადასვლა ღალატად მიიჩნია, რის გამოც რეალ მადრიდის რიგებში ბარსელონას წინააღმდეგ მატჩების ჩატარება ფეხბურთელს ნამდვილ ჯოჯოხეთში უწევდა. მადრიდში გატარებული ხუთი წლისა და ძალიან ბევრი მოგებული ტიტულის შემდეგ ფიგუ იტალიურ ინტერში გადაბარგდა, სადაც კარიერის ბოლომდე დაჰყო და თანამემამულე ჟოზე მოურინიუს თავკაცობით უამრავი ტიტულიც მოიგო.