ფრანჩესკო ტოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანჩესკო ტოტი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
27 სექტემბერი, 1976 (1976-09-27) (47 წლის)
დაბადების
ადგილი
რომი, იტალია
სიმაღლე 180 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1983–1984 ფორტიტუდო ლუტიდორი
1984–1986 სმიტ ტრასტევერე
1986–1989 ლოდიჯანი
1989–1992 რომა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992–2017 რომა 619 (250)
ეროვნული ნაკრები
1992 იტალია 15 წლ. 6 (3)
1991–1992 იტალია 16 წლ. 13 (2)
1993–1995 იტალია 18 წლ. 14 (7)
1995–1997 იტალია 21 წლ. 8 (4)
1997 იტალია 23 წლ. 4 (2)
1998–2006 იტალია 58 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფრანჩესკო ტოტი (იტალ. Francesco Totti; დ. 27 სექტემბერი, 1976, რომი) — იტალიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი, შემტევი ნახევარმცველი. იცავდა „რომას“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2000 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკო ტოტი იტალიის დედაქალაქ რომში დაიბადა. ბავშვობიდან რომას გულშემატკივარი იყო, მისი კერპი კი ამ კლუბის კაპიტანი ჯუზეპე ჯიანინი იყო. ადრეულ ასაკში ზრდის პრობლემა ჰქონდა, თანატოლები „გნომს“ ეძახდნენ, თუმცა შემდეგ პრობლემა მოგვარდა და განვითარება შეუფერხებლად განაგრძო.

ფეხბურთის თამაში სწორედ დედაქალაქურ კლუბში დაიწყო. 1989 წელს რომას ბავშვთა გუნდში ჩაირიცხა. 16 წლის ასაკში კი უკვე სერია A-ში ჰქონდა დებიუტი. 1993 წელს ბრეშას წინააღმდეგ ბოსკოვმა მოედანზე ახალგაზრდა ტოტი შეუშვა. ის თამაში რომაელებმა 2:0 მოიგეს. მომდევნო სეზონში ჩესკომ უფრო მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პირველი გოლი 1994 წელს ფოჯას გაუტანა. მალე გუნდის ძირითადი ფეხბურთელი გახდა. ტოტი ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდებოდა. ზემანის მწვრთნელობის პერიოდში 30 გოლი გაიტანა და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოძახებამაც არ დააყოვნა. იმ წელს სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

2000–2001 წელს რომას ფაბიო კაპელო წვრთნიდა, მან მთელი გუნდი სწორედ ტოტის გარშემო ააწყო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ ექსპერიმენტმა გაამართლა — რომა იტალიის ჩემპიონი გახდა. ტოტიმ სკუდეტოსთან ერთად წლის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელის ტიტული არავის დაუთმო.

მომდევნო წლებში ტოტი მეორე თავდამხმელის ფუნქციას ასრულებდა 3-5-2 ფორმატის რომაში. 2003–2004 სეზონში ჩესკომ თავის კარიერაში ყველაზე მეტი 20 გოლი გაიტანა, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მილანმა აჯობა, რომასაც მხოლოდ მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვედრა ერგო. ტოტი კი უკვე მეორედ წლის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი გახდა. 2004–2005 წლებში კაპელო იუვენტუსში გადავიდა და რომაულ კლუბშიც მწვრთნელების ცვლა დაიწყო. როტაცია კლუბის შედეგებზეც აისახა, რომამ ჩემპიონატის ცხრილის სათავეები დათმო და მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა. თავად ფრანჩესკომ კი 2004 წლის ოქტომბერში იტალიის სერია ა-ში მეასე გოლი გაიტანა. ორი თვის შემდეგ კი რომას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მას შემდეგ რაც პარმას კარში 107-ე გოლი გაიტანა.

2005–2006 წლების სეზონში რომას გაწვრთნა ლუჩიანო სპალეტიმ იკისრა და გუნდის სათამაშო ტაქტიკაც შეიცვალა. ტოტის მძიმე სამუშაო დაეკისრა, უწევდა შეტევაში ჩართვა, პასების განაწილება, დაცვის მიხმარება. ახალი პოზიციის გამო ტოტის სულ უფრო ნაკლები გოლი გაჰქონდა.

2006 წელს ემპოლის წინააღმდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო. მისი მოტეხილი ფეხის ფოტოებმა მსოფლიო მოიარა. ტოტის გამგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე ეჭქვეშ დადგა. თუმცა რეაბილიტაცია მალე მოახრხა და უკვე მაისში იტალიის თასის მორიგ მატჩში ინტერის წინააღმდეგ ითამაშა, მიუხედავად ამისა, ექიმებმა, როგორც ჩანს, ნაკრების ხელმძღვანელობის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დამდგარიყო და მუნდიალისთვის 100%-ით მომეზადებინათ.

2006–2007 წლების სეზონი პირადად ტოტისთვის წარმატებული გამოდგა. 26 გოლი გაიტანა და სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გატანილი გოლებით საუკეთესო აღმოჩნდა მთელ ევროპაში და ოქროს ბუციც დაიმსახურა.

რომას შემადგენლობაში მე-200 გოლი იტალიის თასზე ტორინოს წინააღმდეგ 2008 წელს გაიტანა. მალევე იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი უკვე მეხუთედ გახდა. სეზონის მიწურულს ლივორნოსთან დაშავდა და მომდევნო ოთხი თვე დასვენება მოუწია. იტალიის თასზე რომამ მის გარეშე ჩაარატა შეხვდრები და კოპა იტალია კიდევ ერთხელ მოიგო. თუმცა თასის აწევა მაინც ტოტის მიანდეს, ისიც ყველაზე წარმატებული კაპიტანი გახდა კლუბის ისტორიაში.

მოდევნო წელს ჩესკოს მწვრთნელის შეცვლა კიდევ ერთხელ მოუწია. რომას დამრიგებლად კალუდიო რანიერი დაინიშნა. 2008–2010 წლებში ტოტიმ რამდენიმე შეხვედრაში გაიბრწყინა. ჩემპიონთა ლიგის საკლვალიფიკაციო ეტაპზე გენტის წინააღმდეგ ჰეთთრიკი შეასრულა. იგივე გაიმეორა ფლეი ოფში, სამი გოლი გაიტანა სერია ა-ს მორიგ ტურში ბარის წინააღმდეგ. მაშინ ტრავმის გამო ერთვიანი შესვენების შემდეგ პირველად გამოჩნდა მოედანზე და ტრიბუნები აღაფრთოვანა.

2009 წლის ნოემბერში ფრანჩესკო ტოტიმ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა, როგორც თვითონ ამბობს, რომასთვის კიდევ ერთი სკუდეტოს მოგება უნდა. სავარაუდოდ კარიერას სწორედ იმ კლუბში დაასრულებს, სადაც დაიწყო. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ისევ რომაში აპირებს დარჩენას, თუმცა მოღვაწეობას უკვე მენეჯმენტში გააგრძელებს.

ფრანჩესკო ტოტი შეუერთდა 200-იანთა ლიგას, ანუ იმ 7 ფეხბურთელს, ვისაც სერია A-ში 200-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ის ახლა მე-7 ადგილზეა და 4 გოლი აშორებს ლეგებდარულ რობერტო ბაჯოს.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითად ნაკრებში მისვლამდე ტოტი ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და 1996 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა 21 წლამდე ახალგაზრდებს შორის. ეროვნული ნაკრების მაისური კი პირველად ევრო 2000-ის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე 1998 წელს შვეიცარიის წინააღმდეგ მოირგო.

ევროპის ჩემპიონატზე 2000 წელს სკუადრა ძურა ბელგია ჰოლანდიაში კარგად დაკომპლექტებული გაემგზავრა. გუნდთან ერთად წავიდა ფრანჩესკო ტოტიც, რომელიც საუკეთესო ფორმაში იყო. ჩესკომ ორი გოლი გაიტანა. პირველი ბელგიის წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე, მეორე კი ნახევარფინალში რუმინეთს გაუტანა. ფინლაში იტალია საფრანგეთს დაუპირისპირდა და ოქროს გოლის წყალობით წააგო. ფრანჩესკო ტოტი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც შევიდა.

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი წარუმატებელი გამოდგა იტალიისთვის და განსაკუთრებით ტოტისთვის. რომას ნახევარმცველი ჯოვანი ტრაპატონის ფორმაციის ნაკრებში საკვანძო ფიგურა იყო, გუნდის თამაში მასზე იყო აწყობილი. თუმცა სამხრეთ კორეასთან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ტოტიმ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, ტოტი ზედმეტად დატვირთეს.

უარესი შედეგით გამოირჩა ევრო 2004-ზე. იმ მუნდიალზე ჩესკო ერთადერთი მომენტით დაამახსოვრდა გულშემატკივარს - დანიასთან შეხვედრისას კრისტიან პოულსენს სახეში შეაფურთხა, ამისათვის დაისაჯა, დისკვალიფიკაცია მისცეს და ფულადი ჯარიმაც გადახდევინეს. ის შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ტოტიმ კი მოედანზე გასვლა ვეღარ მოახერხა. ვიდრე დისკვალიფიკაცია მოეხსნებოდა, იტალია ჩემპიონატს გამოეთიშა.

ტოტი ყოველთვის ექსცენტრიულობითა და ხისტი თამაშით გამოირჩეოდა, ამიტომ მის კარიერაში წითელი ბარათები და სხვადასხვა სანქციები უცხო არ ყოფილა. თუმცა, წლების მატებასთან ერთად თამაშის სტილიც შეიცვალა. უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გახდა, ახლა უკვე ნაკლებად ნახავთ მის გამოხდომებს, მსაჯთან კამათს, მოწინააღმდეგესთან წაკინკლავებას.

წინა მუნდიალებისგან განსხვავებით, ტიტისთვის ტრიუმფალური გამოდგა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი. ტრავმის გამო სამთვიანი შესვენების შემდეგ სკუადრა აძურას პირდაპირ გერმანიაში დაუბრუნდა. ლიპის ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ტოტი გამოკვეთილი ფირვარდის, ლუკა ტონის, უკან ირჯებოდა და პასებით ამარაგებდა. ავსტრალიასთან პენალტი გაიტანა. ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 61-ე წუთზე კი შეცვალეს. იტალიამ ფინალი თერთმეტმერიანების სერიაში მოიგო და მსოფლიო თასს დაეუფლა. მუნდიალის სიმბოლური ნაკრებში მოხვდა ფრანჩესკო ტოტიც.

ნაკრებიდან წასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ, ნაკრებიდან წავიდა ჩესკოც, არადა 2007–2008 წლების სეზონში რომაში შესანიშნავად თამაშობდა. რობერტო დონადონის არაერთი თხოვნის მიუხედავად ნაკრებში არ დაბრუნდა, უარი თქვა ევრო 2008-ზე წასვლაზეც. მაშინ მასთან ერთად ნაკრები დატოვა ალესანდრო ნესტამაც. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ორი ფეხბურთელი იტალიის მწვრთნელად დონადონის დანიშვნის წინააღმდეგი იყო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკო ტოტიმ ცოლად შეირთო ილარი ბლაზი, ცონობილი მოდელი და ტელეწამყვანი. მათი საქორწილო ცერემონიალი საკმაოდ გრანდიოზული იყო, სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი ადამიანი იყო და იმ თვის მოვლენადაც დასახელდა.

სწორედ ილარისთან ქორწინებას უკავშრირებენ ფეხბურთელის ასეთ გარდასახვას - ტოტი ნაკლებ სკანდალური გახდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა - კრისტიანი 2005 წელს დაიბადა, ხოლო შანელი 2007 წელს.

ტოტის ძმა მისი აგენტია და ყველა საქმეს ის უგვარებს. ფრანჩესკო ფლობს საფეხბურთო სკოლას „number 10“, მასვე ეკუთვნის მოტოციკლისტთა გუნდი „totti top sport“.

2003 წელს ტოტი გახდა „იუნისეფის“ კეთილი ნების ელჩი, 2006 წელს კი ფიფას „სოს ბავშვთა სოფლის“ წევრი. ჩესკოს გონებრივ შესაძლებლობებზე ბევრს საუბრობენ. როგორც ცნობილია, ტოტი არც ისე განათლებული ადამიანია, თვითონაც აღიარა მხოლოდ ერთი წიგნი „პატარა უფლისწული“ მაქვს წაკითხულიო. მასზე ბევრ ანეგდოტსაც იგონებენ. ეს სასაცილო ამბები ტოტიმ ერთად შეკრიბა და წიგნად გამოსცა. მერე სკეtჩებად დადგა და ფილმად გადაიღო. სადაც მონაწილეობენ მისი მეგობრები - ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუიჯი ბუფონი, კრისტიან ვიერი, ანტონიო კასანო, ალესანდრო ნესტა, მარკო დელ ვეკიო და იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერია ა: 2001
  • იტალიის თასი: 2007, 2008
  • იტალიის სუპერთასი: 2001, 2007

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონი: 1996
  • მსოფლიო ჩემპიონი: 2006
  • ევროპის ჩემპიონატის მეორე ადგილი: 2000

პირადი ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერია ა-ს წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 1999
  • შედის ევრო 2000-ის სიმბოლურ ნაკრებში
  • სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთლი: 2000, 2003
  • იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2000, 2001, 2003, 2004, 2007
  • შედის ფიფას 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის
  • შედის მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში
  • სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი: 2007
  • ოქროს ბუცის მფლობელი: 2007
  • რომას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
  • რომას შემადგენოლბაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული

ტოტიზე ამბობენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯოვანი ტრაპატონი: ყველა დიდ ფეხბურთლში დევს გენიის რაღაც მარცვალი, თუმცა როგორც ვან გოგია ერთი, ისე ტოტია განუმეორებელი.
  • ჩეზარე პრანდელი: ფრანჩესკო უდავოდ ლიდერია, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ვარჯიშების დროს იგი ყველაზე კარგი მხრიდან მაჩვენებს თავს.
  • ფილიპო ინძაგი: რომას კაპიტანზე მართლაც არასდროს დამცდება აუგი. საკუთარ შემადგენლობაში ტოტის ყოლა ნებისმიერი გუნდისთვის განგების საჩუქარია. ნაკრებში პირველი გოლი სწორედ მისი პასით გავიტანე.
  • დანიელე დე როსი: ტოტი უდიდესი ფიგურაა იტალიურ ფეხბურთში და არავსთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი
  • კაკა: რომას კაპიტანი შესანიშნავი ადამიანია. თანამედროვე სამყაროში, სადაც ფაქტობრივად გაქრა ერთი კლუბის სიყვარული, იგი თავისი გუნდის ერთგული რჩება. მე მისით აღფრთოვანებული ვარ.
  • მარჩელო ლიპი: ასეთი თვისებების მქონე სხვა ფეხბურთელი არ მეგულება.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშებში გარტანილი გოლების რაოდენობა სეზონის მიხევით
ქვეყანა სეზონი კლუბი სერია თამაში გოლი
იტალიის დროშა იტალია 2011-2012 რომა A 27 8
იტალიის დროშა იტალია 2010-2011 რომა A 32 15
იტალიის დროშა იტალია 2009-2010 რომა A 23 14
იტალიის დროშა იტალია 2008-2009 რომა A 23 13
იტალიის დროშა იტალია 2007-2008 რომა A 25 14
იტალიის დროშა იტალია 2006-2007 რომა A 35 26
იტალიის დროშა იტალია 2005-2006 რომა A 24 15
იტალიის დროშა იტალია 2004-2005 რომა A 29 12
იტალიის დროშა იტალია 2003-2004 რომა A 31 20
იტალიის დროშა იტალია 2002-2003 რომა A 24 14
იტალიის დროშა იტალია 2001-2002 რომა A 24 8
იტალიის დროშა იტალია 2000-2001 რომა A 30 13
იტალიის დროშა იტალია 1999-2000 რომა A 27 7
იტალიის დროშა იტალია 1998-1999 რომა A 31 12
იტალიის დროშა იტალია 1997-1998 რომა A 30 13
იტალიის დროშა იტალია 1996-1997 რომა A 26 5
იტალიის დროშა იტალია 1995-1996 რომა A 28 2
იტალიის დროშა იტალია 1994-1995 რომა A 21 4
იტალიის დროშა იტალია 1993-1994 რომა A 8 0
იტალიის დროშა იტალია 1992-1993 რომა A 2 0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]