ვალენსია (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვალენსია (მრავალმნიშვნელოვანი).
ვალენსია
Valencia CF.png
მეტსახელი ღამურები
დაარსდა 18 მარტი 1919; 98 წლის წინ (1919-03-18)
სტადიონი მესტალია
ვალენსია, ესპანეთი
(ტევადობა: 55,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი სინგაპურის დროშა ჩან ლეი ჰუნი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ვორო
კაპიტანი არგენტინის დროშა ენცო პერესი
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2016-17 მე-12 ადგილი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ (ესპ. Valencia Club de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1919 წელს, ვალენსიაში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.

კლუბს 6-ჯერ აქვს მოპოვებული ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 7-ჯერ ესპანეთის თასის, ერთხელ უეფა-ს თასის, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასის, თასების მფლობელთა თასის და საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის მფლობელის ტიტულები. „ვალენსიამ“ 2-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალშ გასვლა და ორივეჯერ დამარცხდა: პირველად თანამემამულე მადრიდის „რეალთან“ და მეორედ მიუნხენის „ბაიერნთან“. „ვალენსია“ ასევე შედის ევროპის 14 უძლიერეს კლუბს შორის.

1923 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ მესტალიაზე, რომელიც 55 000 მაყურებელს იტევს. კლუბის ტრადიციული მეტოქეები არიან თანაქალაქელი „ლევანტე“ და თანარეგიონელი „ვილიარეალი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის 18 მარტს ,ტურიის ცენტრში, ერთ-ერთ ბარში, ჩაისახა საფეხბურთო კლუბის შექმნის იდეა. კლუბის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი, იგი თავის თანამოაზრესთან, გონსალო მედინა პერნასთან ერთად შეუდგა საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ მშენებლობას. მელიგო და მედინა მხარდამხარ და მუხლჩაუხრელად შრომობდნენ პატარა დაწესებულებაში, რომელიც ბარსელონას ქუჩაზე მდებარეობდა და რომელიც კლუბის ოფისის პირველი ადგილსამყოფელი იყო. „ვალენსიის“ პირველი დირექტორთა საბჭოს წევრები მელიგოსა და მედინასთან ერთად იყვნენ პასკუალ ბროთერსი და ხულიო გასკო, ასევე ანდრეს ბონილია, ხოსე ლიორკა, ფერნანდო მარსალო და ადოლფო მოია. საფეხბურთო კლუბ „ვალენსიის“ დაფუძნებამდე ქალაქში უკვე „არსებობდა“ ფეხბურთი. ვალენსიაში ფეხბურთი ჩაიტანა იმ ხალხმა, ხშირად სტუმრობდა დიდ ბრიტანეთს და ეწეოდა ციტრუსის იმპორტ-ექსპორტს, როგორებიც იყვნენ ფრანცისკო სინისტერა და რაიმონ ლეონარტე. 1908 წლისთვის ქალაქ ვალენსიაში იყო რამდენიმე საფეხბურთო კლუბი, რომელთა შორისაც არიან „ლევანტე“, „ხიმნასტიკო“ და „ისპანია“.

როგორც კი კლუბი დაკომპლექტდა, „ვალენსიამ“ ჩაატარა პირველი მატჩი გასვლაზე. თამაში შედგა 1919 წლის 21 მაისს, კასტილიაში. „ვალენსიის“ მოწინააღმდეგე იყო თანაქალაქელი „ხიმნასტიკო“, რომელმაც მოიგო კიდეც თამაში ანგარიშით 1:0. „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირი იყო: მარკო, პერისი, ხულიო გასკო, მარსალი, ლიობეტი, ფერე, ფერნანდესი, უმბერტი, მარტინეს იბარა, ალიაგა და გომეს ხუანედა.

კლუბის პირველი სტადიონი იყო „ალგიროსი“, რომელიც გაიხსნა 1919 წლის 7 დეკემბერს. სტადიონის გახსნის მატჩზე მათი მოწინააღმდეგე იყო კასტილიის „კასტილია“, რომელშიც უგოლო ფრე დაფიქსირდა, განმეორებითი მატჩში „ვალენსიამ“ მოიგო 1:0.

ოციანი წლებიდან, ესპანეთში სოციალურ-პოლიტიკური ვითარება გამოსწორდა, ხალხმა სპორტისთვისაც მოიცალა და ნელნელა სტადიონზე სიარულიც დაიწყო. ამ დროისათვის იმართებოდა რეგიონალური ჩემპიონატები.1923 წელს „ვალენსია“ რეგიონის ჩემპიონი გახდა და პირველად მიეცა შანსი ებრძოლა ესპანეთის თასისთვის. მათმა გამარჯვებების სერიამ და იმ პროგრესმა, რომელსაც კლუბმა შექმნიდან სულ რაღაც სამ-ოთხ წელიწადში მიაღწია, კლუბი აქცია ლიდერ კლუბად ვალენსიის ავტონომიაში, შესაბამისად მათი გულშემატკივრების რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. „ვალენსიისადმი“ დიდ ინტერესს იწვევდა ასევე მისი ორი ფეხბურთელი, მონტესი და კუბელისი, ფანები გაყოფილნი იყვნენ მონტესისტებად და კუბელისტებად.

არტურო მონტესიონოსი, იგივე მონტესი, მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე (190 სმ) იყო უფრო ძალისმიერი,ხისტი და აგრესიული ფეხბურთელი, ვიდრე ედუარდო კუბელისი, რომლის უპირატესობას ტექნიკურობა წარმოადგენდა, ის იყო პირველი ნაყიდი ფეხბურთელი ვალენსიას ავტონომიაში და მეორე ესპანეთში, აუგუსტინ სანჩოს შემდეგ,რომელიც „ბარსელონაში“ თამაშობდა.

ესპანეთის თასის გათამაშებაში მოწინააღმდეგე იყო ხიხონის „სპორტინგი“. პირველი თამაში ჩატარდა ალგიროსზე, სადაც დაფიქსირდა რეკორდი მაყურებელთა დასწრების მხრივ. „ვალენსიამ“ 1:0 გაიმარჯვა, გოლი მონტესის ანგარიშზე იყო. განმეორებითი მატჩი ხიხონში „ვალენსიასთვის“ დიდი მარცხით დასრულდა (6:1), მაგრამ სეზონის ბოლოს საჭირო გახდა მესამე თამაშის ჩატარება ამ ორ გუნდს შორის. ამჯერად მატჩი შედგა ოვიედოში, „ვალენსიამ“ კვლავ დათმო თამაში, ანგარიშით 2:0.

მიუხედავად წაგებისა, კლუბი წინ მიიწევდა, გულშემატკივრების რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა და მათ ალგიროსი ვეღარ იტევდა, ამიტომ გადაწყდა რომ აეშენებინათ ახალი, უფრო დიდი სტადიონი. 1923 წლიდან „ვალენსია“ საშინაო მატჩებს მესტალიაზე ატარებს.

მესტალია, ვალენსიას ახალი ნავსაყუდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესტალიას მშენებლობა 1923 წლის იანვარში დაიწყეს. ამ დროს „ვალენსიის“ პრეზიდენტი რამონ ლეონარტე იყო. კლუბს სტადიონის მშენებლობა 316.439 პესეტა დაუჯდა, რაც იმ დროისათვის წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო. სტადიონის პროექტი ეკუთვნის არქიტექტორ ფრანსისკო ალმენარმს (რომელიც შემდგომში კლუბის პრეზიდენტი იყო) და მშენებელ რაიმონ ფერეს. თავდაპირველად მესტალია იტევდა 17 000 მაყურებელს.

სტადიონი გაიხსნა 1923 წლის 20 მაისს. გახსნისას „ვალენსიას“ მეტოქე „ლევანტე“ იყო, მატჩი ანგარიშით 1:0 დასრულდა, გამარჯვების გოლი მონტესმა გაიტანა. ამ თამაშიდან ერთ კვირაში „ვალენსიას“ შოტლანდიური კლუბი „დანდი იუნაიტედი“ ეწვია. „დანდი იუნაიტედმა“ 2 მატჩში იმარჯვა, 3:0 და 1:0.

1923-24 წლების სეზონისთვის „ვალენსიას“ სათავეში ჩაუდგა ჩეხი მწვრთნელი, ანტონ ფიბერი, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ბრძოლისუნარიანი კლუბის შექმნისათვის, მოიწვია ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები

ოციანი წლების დასასრულს, ვალენსიაში ჩავიდა ლუის კოლინა, რომელიც კლუბის ტექნიკური მენეჯერი იყო. მან შექმნა „ვალენსიის“ საფეხბურთო სკოლა. იგი ცნობილი იყო თავისი „კარგი თვალით“, ახალი, ნიჭიერი ფეხბურთელების შერჩევისას. ამ დროისათვის ესპანეთში ჩამოყალიბდა საფეხბურთო ლიგა, სადაც თავს იყრიდნენ ესპანეთის უძლიერესი კლუბები: მადრიდის „რეალი“, ბილბაოს „ატლეტიკი“, „ბარსელონა“, „რეალ სოსიედადი“, „რეალ უნიონი“ და „არენასი“, მათ რიცხვს მოგვიანებით შეუერთდნენ „ატლეტიკო მადრიდი“, „ესპანიოლი“ და „ევროპა“. საჭირო იყო მეათე კლუბი, რომ სრულად შექმნილიყო ლიგა, არჩევანი უნდა გაკეთებულიყო გადათამაშებაში, სადაც მონაწილეობდნენ „ვალენსია“, „ბეტისი“, „სევილია“ და სანტანდერის „რასინგი“. პირველ დივიზიონში თამაშის უფლება კანტაბრიულმა კლუბმა მოიპოვა.

„ვალენსია“ სეგუნდა დივიზიონში დარჩა, რომელიც შემდეგი გუნდებით იყო დაკომპლექტებული: „სევილია“, „იბერია სარაგოსა“, „დეპორტივო ლა-კორუნია“, ხიხონის „სპორტინგი“, „ვალენსია“, „რეალ ბეტისი“, „რეალ ოვიედო“, „დეპორტივო ალავესი“, ვიგოს „სელტა“ და მადრიდის „რასინგი“.

სეგუნდა დივიზიონში „ვალენსიას“ დებიუტი შედგა 1929 წლის 17 თებერვალს, მატჩი მესტალიაზე გაიმართა, სტუმარი „ოვიედო“ იყო, მატჩი 4:2 დასრულდა. „ვალენსიის“ შემადგენლობაში იყვნენ: პედრეტი, ტორეგარაი, მოლინე, სალვადორი, მოლინა, ამოროსი, პირესი, იმოსი, ნავარო, სილვინო და სანჩესი. იმოსმა და ნავარომ თითო გოლი გაიტანეს, დუბლი სილვინომ შეასრულა. დონით მეორე ჩემპიონატში გატარებულ ისამი სეზონის შემდეგ, 1930-31 წლების სეზონში „ვალენსია“ აღზევდა პრიმერა დივიზიონში.

ორმოციანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო ომის შემდეგ, ესპანეთი იძულებული იყო შეგუებოდა ახალ რეალობას. ქვეყანაში სამხედრო რეჟიმის დამყარების შედეგად სამხედროებმა ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტის გაკონტროლება დაიწყეს, გამონაკლისი არც ფეხბურთი ყოფილა. 1939 წლის ივნისშიმ კლუბის პრეზიდენტად მაიორი ალფრედო ხიმენეს ბუესა დაინიშნა. ომის დროს, საჰაერო შეტევებით მესტალია ძლიერ დაზიანდა. ომის დასრულების შემდეგ კი სტადიონი აღადგინეს და გააფართოვეს, უკვე 22 000 მაყურებელს შეეძლო კლუბის თამაშის ხილვა. მალევე, მაიორი ხიმენესი გადააყენეს და მის ადგილზე კლუბის ვიცეპრეზიდენტი, ლუის კაზანოვა დაინიშნა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩაატარა „ვალენსიამ“ თავისი საუკეთესო სეზონები, კლუბმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონის 3 ტიტული, ასევე 2-ჯერ გახდა ესპანეთის თასის (რომელსაც კოპა ხენერალიზმოს ანუ გენერლის თასს) მფლობელი. ეს წარმატება რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული, ერთი მხრივ ის, რომ ფეხბურთელები, რომლებმაც „ვალენსია ომის დროს დატოვეს, კლუბს დაუბრუნდნენ, კლუბს ჰყავდა შესანიშნავი ფორვარდები: ეპი, ამადეო, მუნდო, ასენესი და გოროსტიცა, მეორე მხრივ კლუბს ჰყავდა ფეხბურთელები, რომლებიც ნამდვილ სპექტაკლს დგამდნენ მესტალიაზე მოსული მაყურებლებისათვის: კუბელასი, მონჩო, ესინასი, პასარინი და ხასინტო კინკოსესი, მეკარე იგნასიო ეისაგუირე და მცველები - ალვარო და ხუან რამონები, რომლებიც საიმედოდ კეტავდნენ „ვალენსიას“ კარის მისადგომებს. ამ გუნდმა მოიპოვა „ვალენსიის“ ისტორიაში პირველი დიდი წარმატება, 1941 წელს მოიგო კოპა ხენერალისმოს თასი. ფინალში დაამარცხა „ესპანიოლი“ .

გულშემატკივართა ემოციებმა კულმინაციას 1941-42 წლების სეზონში მიაღწია, როდესაც „ვალენსიამ“ პრიმერა დივიზიონის ჩემპიონი გახდა. მესტალია ნამდვილ აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა, მხოლოდ „ატლეტიკო ავიასიონმა“ შეძლო ქულების წაღება. ცენტრ ფორვარდი ედმუნდო სუარესი (მუნდო) 27 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ფორვარდი გახდა.

ერთი წლის შემდეგ, 1943-44 წლების სეზონში „ვალენსია“ ზედიზედ მეორედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. იმ სეზონში „ბარსელონა“ იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც მესტალიაზე მოიგო (3-4), პიჩიჩი ისევ მუნდოს დარჩა, ისევ 27 გოლით. თუმცა კლუბს გარკვეული პრობლემებიც ჰქონდა, სამჯერ წააგო კოპა დელ რეის ფინალი. ორჯერ ბილბაოს „ატლეტიკთან“ და ერთხელ მადრიდის „რეალთან“.

1946-47 წლებში „ვალენსია“ მესამედ მოიგო პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობა. ბოლო ტურში ჩემპიონის ვინაობა ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული, ჩემპიონობის შანსებს ინარჩუნებდნენ „ატლეტიკო მადრიდი“ (1947 წლამდე „ატლეტიკო ავიასიონი“) და „ვალენსია“. ბოლო თამაში პასარინის გაწვრთნილმა გუნდმა „ხიხონს“ 6-0 მოუგო , „ბილბაომ“ „დეპორტივო ლა-კორუნიასთან“ 3-3 ითამაშა, ხოლო „ატლეტიკო მადრიდმა“ თანაქალაქელ „რეალთან“ წააგო 2-3. შედეგად ჩემპიონი „ვალენსია“ გახდა. ბილბაოს „ატლეტიკთან“ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის გამო (ორივე მატჩი, სან მამესზეც და მესტალიაზეც „ვალენსიის“ გამარჯვებით დასრულდა).

ორმოცდაათიანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

50-იან წლებში მესტალიას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, შეიცვალა ზომა და დიზაინი. უმთავრესი მიზანი იყო, რომ ხაზი გასმოდა კლუბის მნიშვნელობას და დატეულიყო ფანების დიდი რაოდენობა. მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, რეკონსტრუქცია მაინც დაასრულეს და სტადიონი ახლა უკვე 45 000 მაყურებელს იტევდა. მესტალია იყო საუკეთესო სტადიონი ესპანეთში.

„ვალენსიას“ საუკეთესო ფეხბურთელი 50-იან წლებში ანტონიო პუჩადესი იყო. კლუბის მაშინდელმა უკვე მწვრთნელმა, ხასინტო კინკოსესმა საგრძნობლად გააძლიერა შემადგენლობა,1950-51 წლების სეზონზე გუნდმა პრიმერა დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა. 1953-54 წლების სეზონში კი „ვალენსია“ კოპა ხენერალისმოს ფინალში „ბარსელონას“ დამარცხება შეძლო. კინკოსესმა შემდეგი შემადგენლობა გაიყვანა: კიკე, მონცო, პუჩადესი, ბადენესი, პასიეგუიტო, სეგუ, სოკრატესი, ხუან კარლოს კინკოსესი, მანიო,ფუერტესი და ბუკე. მატჩი 3:0 დასრულდა, ორი გოლი ფუერტესმა გაიტანა და ერთიც ბადენესმა.

ორმოცდაათიან წლებში „ვალენსიას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა ჰოლანდიელი ფეხბურთელი სერვას ვილკესი, რომელიც ბურთით ნამდვილ სასწაულებს ჩადიოდა ,მან კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ სამი სეზონი ჩაატარა. 1956 წელს „ვალენსიაში“ გადმოვიდა მანოლო მესტრე, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა კლუბის შემადგენლობაში (ოთხმოცდაათიან წლებში მისი რეკორდი რიკარდო არიასმა გააუმჯობესა.).

„არ თქვა კემპესი, თქვი გოლი“ - ლეგენდა ვალენსიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976-77 წლებში „ვალენსიას“ სათავეში ჩაუდგა პარაგვაელი მწვრთნელი, ერბერტო ერარა. სწორედ ამ წელს შეუერთდნენ კლუბს კასტელიანოსი, დიარტე, კარეტე, ბოტუბოტი, არიასი და გუნდის უმნიშვნელოვანესი შენაძენი, „ვალენსიის“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, არგენტინელი მარიო კემპესი. 1976-77 წლების სეზონში პრიმერა დივიზიონის ბომბარდირი გახდა 23 გოლით, ხოლო 1977-78 წლების სეზონში 28 გოლით. ასევე იყო 1978 წელს არგენტინაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გოლეადორი. არგენტინელმა ჟურნალისტებმა მას „მატადორი“ შეარქვეს. მესტალიაზე მისული მაყურებელი ამბობდა: „ნუღარ იტყვით გოლს, თქვით კემპესი.“ იმდროინდელ „ვალენსიაში“ კემპესთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა რიკარდო არიასი იყო, რომელსაც „ღამურების“ მაისურით ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ერბერტო ერარას ხელმძღვანელობით კლუბმა მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწია, ამიტომ იგი ესპანელ-ფრანგმა მარსელ დომინგომ ჩანაცვლა, რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ „ვალენსია“ ევროთასებზე გაეყვანა.

1978-79 წლების სეზონში, „ვალენსიამ“ ესპანეთის საფეხბურთო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე 2 მატჩის ჯამში დაამარცხა „ბარსელონა“. კამპ ნოუზე კატალონიელებმა 4:1 მოიგეს, განმეორებით მატჩში, „ვალენსიამ“ სასწაულის მოხდენა შეძლო და 4:0 გაიმარჯვა. შემდეგ ეტაპებზე მარტივად დაამარცხა „ალავესი და „ვალიადოლიდი. ფინალი გაიმართა ვისენტე კალდერონზე, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. მატჩი 2:0 დასრულდა, ორივე გოლი მარიო კემპესმა გაიტანა. მატჩზე დასასწრებად ჩასული 25 000 ვალენსიელი გულშემატკივარი მატჩის შემდეგ უკვე მადრიდის ქუჩებში აღნიშნავდნენ საყვარელი კლუბის წარმატებას, „ვალენსიის“ დროშების ფრიალით.

1979-80 წლები „ვალენსიისთვის“ წარმატებული გამოდგა, გუნდის მწვრთნელი კვლავ ალფრედო დი სტეფანო იყო, მათი ნადავლი კი თასების მფლობელთა თასი. ფინალისაკენ გზაზე მათ „კოპენჰაგენი“, გლაზგოს „რეინჯერსი“, „ბარსელონა“, ფრანგული „ნანტი“ და უკვე ფინალში, ლონდონის „არსენალი“ დაამარცხეს. 7000 ვალენსიელი ჩავიდა ბრიუსელში, თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ. ფინალში დი სტეფანომ შემდეგ შემადგენლობას მოუყარა თავი: პარეირა, კარეტე, არიასი, ტენდილიო, ოტუბოტი, სოლსონა, ბონჰოფი, სუბირატისი, საურა, კემპესი და პაბლო. დამატებით დროში სუბირატისი კასტელანოსმა შეცვალა. 120 წუთის შემდეგ ანგარიში კვლავ 0:0 იყო. პენალტების სერიაში კემპესმა თავისი დარტყმა ააცილა, მაგრამ დარტყმა იან ბრედმისაც გაუცუდდა, დანარჩენების დარტყმა კი კარში წავიდა, განმეორებითი პენალტების სერიის გმირად პარეირა იქცა. თასი „ვალენსიელებმა“ აღმართეს.

ვალენსია სეგუნდა დივიზიონში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-81 „ვალენსიასთვის“ საჩემპიონო წლები იყო, თუმცა მომევნო წლებში კლუბს ჩავარდნა ჰქონდა, რაც უმთავრესად გამოწვეული იყო კლუბის ორი ლიდერის და ვარსკვლავის, მარიო კემპესისა და ფერნანდო მორენას წასვლით. ისინი თავიანთ ქვეყნებს დაუბრუნდნენ, კემპესი „რივერ პლეიტს“ შეუერთდა, ხოლო მორენა „პენიაროლს“. ამ პერიოდის „ვალენსიაში“ შესამჩნევი ფიგურა დანიელი ფრანკ არნესენი იყო, მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ქრონიკული ტრავმების გამო იძულებული გახდა ფეხბურთიდან წასულიყო. ამავე წლებში „ვალენსიის“ ვარსკვლავად რობერტო ფერნანდესი.

მომდევნო, 1982-83 წლების სეზონში „ვალენსია“ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ამ პერიოდში გუნდი მილან მილანიჩს ებარა. მოკლე პაუზის შემდეგ გუნდს კემპესი დაუბრუნდა, მაგრამ გუნდის საქმე მაინც სულ უფრო უკან მიდიოდა და კლუბის პოზიციაც არ იყო სახარბიელო ლა ლიგაში. კლაუდიო აგირემ მილან მილანიჩი ჩაანაცვლა, რომელიც კლუბიდან დაითხოვეს გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო. იმისათვის რომ კლუბს პრიმერაში ასპარეზობის უფლება არ დაეკარგა, ბოლო ტურის მატჩი უნდა მოეგო მადრიდის „რეალთან“, რომელიც ჩემპიონობისათვის იბრძოდა. ტენდილიოს გოლის წყალობით „ვალენსიამ“ „რეალს“ მოუგო და შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში.

კლუბის ვალები უკვე 2 000 მილიონ პესეტას აჭარბებდა. გუნდში გამოცდილ ფეხბურთელებს ახალგაზრდები ჩაენაცვლნენ. მათ შორის იყო ადამიანი, რომელიც „ვალენსიის“ ნამდვილ სიმბოლოდ იქცა, ფერნანდო გომეს კოლომერი (ჯამში კლუბში გაატარა 15 წელი). გუნდში სიტუაცია უმართვი გახდა, ფეხბურთელები კუთვნილ ხელფასებს ვერ იღებდნენ. 22-ე ტურში „ვალენსია“ 6:0 დამარცხდა „ატოჩასთან“ ,რასაც მწვრთნელის, ოსკარ რუბენ ვალდესის გადაყენება მოჰყვა. იგი კვლავ ალფრედო დი სტეფანომ ჩაანაცვლა, თუმცა „ვალენსია“ უკვე სეგუნდა დივიზიონში იყო დაქვეითებული.

დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986-87 წლების სეზონში, სეგუნდა დივიზიონში „ვალენსიამ“ დაიკავა პირველი ადგილი და 1 წლიანი დაქვეითების შემდეგ პრიმერა დივიზიონში დაბრუნდა. სეგუნდაში შეიქმნა გუნდის ძირითადი ბირთვი: ფერნანდო, კიკე, ხინერო, ვორო, რევერტი, არიო,ფენოლი, ბოსიო, სემპერე, არიასი და სუბირატსი. უმაღლეს დივიზიონში ახალგადმოსულმა „ვალენსიამ“ სეზონი მე-14 ადგილით დაასრულა. ეს იყო უკანასკნელი სეზონი, რომელიც ალფრედო დი სტეფანომ კლუბთან ერთად გაატარა, მისი პოსტი ურუგვაელმა ვიქტორ ესპერაგომ შეცვალა (ესპერაგო მანამდე „კადისის“ მწვრთნელი იყო). 1988-89 წლების სეზონი „ვალენსიამ“ მე-3 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. უეფა-ს თასზე რუმინული „ვიქტორია ბუქარესტის დამარცხების შემდეგ, „პორტუსთან“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ამ სეზონში, ესპერაგოს სურვილისამებრ „ვალენსიაში“ გადმოვიდა სოფიას „ცსკა“-ს თავდამსხმელი, ლუბოსლავ პენევი, რომელიც საყოველთაოდ იყო ცნობილი გოლის გატანის ალღოთი. ამავე წელს, გუნდში გატარებული 12 სეზონის შემდეგ, კლუბი დატოვა ხავიერ სუბირატსმა.

მომდევნო სეზონი „ვალენსიამ“ მე-7 ადგილზე დაასრულა. უეფა-ს თასის 1/4 ფინალში „რომასთან“ დამარცხდა. ასევე 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას ესპანეთის თასზე, სადაც „მალიორკასთან“ დამარცხდა.

1991-92 წლების სეზონში კლუბი დატოვა ვიქტორ ესპერაგომ, მისი ადგილი კი გუს ჰიდინკმა დაიკავა. ნიდერლანდელი „PSV ეინდჰოვენთან“ ერთად უეფა-ს თასის გამარჯვებული იყო, მან „ვალენსიაში“ მოიყვანა პანამელი თავდამსხმელი რომელ ფერნანდესი და ბაზილიელი მარცხენა მცველი ლეონარდო არაუხო. ჰიდინკის თავკაცობით გუნდმა პრიმერა დივიზიონში მე-4 ადგილი დაიკავა, თასის გათამაშებაში კი 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას, მადრიდის „რეალთან“ მარცხის შემდეგ. ამ სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულა რიკარდო არიასმა, რომელსაც დღემდე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული „ვალენსიის“ მაისურით.

90-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993-94 წლებში „ვალენსიაში“ გადმოვიდა იუგოსლავიელი ფეხბურთელი, პრედრაგ მიატოვიჩი, რომელიც კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა. კლუბი უეფა-ს თასზე გამოდიოდა, სადაც „ნანტის“ გაძევების შემდეგ, „ვალენსიამ“ გერმანულ „კარლსრუეს“ 3:1 შინ მოუგო და თითქოს გადაწყდა შემდეგ ტურში გამსვლელის ვინაობა, მაგრამ გერმანიაში ვალენსიელები 7:0 დამარცხდნენ. ამავდროულად პრიმერა დივიზიონში ხიხონის „სპორტინგთან“ მარცხის შემდეგ გუს ჰიდინკმა კლუბი დატოვა. მისი ადგილი „ვალენსიის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ურუგვაელმა ექტორ ნუნიესმა დაიკავა. კლუბის ვარსკვლავს, ლიუბოსლავ პენევს ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რამაც იგი აიძულა ცოტა ხნით ფეხბურთს ჩამოშორებოდა. ამ პერიოდში „კასტელიონიდან“ „ვალენსიამ“ გუნდის მომავალი ლიდერი, გაისკა მენდიეტა შეიძინა.

1994 წელს, პრეზიდენტის პოსტი არტურო ტუსონმა დატოვა, მისი ადგილი ფრანსისკო როიგმა დაიკავა, რომლის პირველივე გადაწყვეტილება მწვრთნელის გათავისუფლება იყო. ნუნიესის დროებით შემცვლელად გუუს ჰიდინკი მოიწვიეს. „ვალენსიის“ მწვრთნელი კარლოს ალბერტო პერეირა გახდა, რომელმაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია გააჩემპიონა. მისი ხელმძღვანელობით „ვალენსიას“ შეუერთდნენ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე ანდონი სუბისარეტა და რუსი ფორვარდი ოლეგ სალენკო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე კი გაიბრწყინა, მაგრამ ვალენსიელებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა.

1994-95 წლების სეზონში „ვალენსია“ კოპა დელ რეის ფინალში გავიდა, მაგრამ „ალბასეტესთან“ გამართული ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კარლოს ალბერტო პარეირა დაითხოვეს. დროებითი მწვრთნელი ესპამელი ხოსე მანუელ რიელო გახდა. 1995 წლის 24 ივნისს, სანტიაგო ბერნაბეუზე, „ვალენსიამ“ დათმო ფინალური მატჩი „დეპორტივო ლა-კორუნიასთან“.

1995-96 წლების სეზონი კლუბმა ახალ მწვრთნელთა, ლუის არაგონესთან ერთად დაიწყო. პრიმერა დივიზიონში დაიკავა მე-2 ადგილი. პედრაგ მიატოვიჩმა „ვალენსია“ სკანდალით დატოვა და მადრიდის „რეალში“ გადავიდა. ამავე წელს კლუბმა კიდევ ერთ სიმბოლო, კლაუდიო ლოპესი შეიძინა. ჩემპიონათში ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო არაგონესმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მისი ადგილი კი არგენტინელმა ხორხე ვალდანომ დაიკავა, 1996 წლის ნოემბერში. 1996-97 წლების სეზონი კლუბმა ტიტულების გარეშე დაამთავრა. იმავე წლის დეკემბერში „ვალენსიას“ არგენტინელი არიელ ორტეგა შეუერთდა.

1997-98 წლების სეზონი „ვალენსიამ“ ვალდანოსთან ერთად დაიწყო, მაგრამ მესამე ტურის მატჩის წაგების შემდეგ („მალიორკასთან“, „რასინგთან“ და „ბარსელონასთან“) იგი გადააყენეს. კლუბში მოვიდა იტალიელი კლაუდიო რანიერი. მან კლუბში რომარიო მოიწვია. „ვალენსიამ“ სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და ინტერტოტოს თასიდან უკვე უეფა-ს თასზე გავიდა, სადაც ტურნირს „ლივერპულთან“ წაგების შედეგად გამოეთიშა. შუა სეზონში „ვალენსიამ“ რუმინელი ადრიან ილიე იყიდა, რომელიც პირველივე თამაშებიდან შესანიშნავად შეეწყო კლუბს და თავი შეაყვარა გულშემატკივარს.

უეფა-ს თასზე წარუმატებლობის მიუხედავად, „ვალენსია“ კოპა დელ რეის ფინალში გავიდა, სადაც „ატლეტიკო მადრიდი“ დაამარცხა, ანგარიშით 3:0, გოლები მენდიეტამ და კლაუდიო ლოპესმა (დუბლი) გაიტანეს. თამაში შედგა სევილიაში, ვალენსიელთა შემადგენლობა შემდეგნაირი იყო: სანტიაგო კანისარესი, ჟოსლენ ანგლომა, მიროსლავ ჯუკიჩი, როშე, კრბონი, ლუის მილა, ფარინოსი, ვლაოვიჩი, ილიე და კლაუდიო ლოპესი. შეცვლაზე შემოვიდნენ ხუანფრანი, ანგულო და ბიორკლენდი. მიღწეული წარმატების მიუხედავად, კლაუდიო რანიერი გუნდში არ დარჩენილა. ვალენსიელთა გუნდს არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი ჩაუდგა სათავეში.ყველაზე ღირებული შენაძენი კი კილი გონსალესი იყო.

1999-2000 წლების სეზონში „ვალენსია“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, სადაც ყველასთვის მოულოდნელად, ფინალში გავიდა. ფინალი გაიმართა 2000 წლის 24 მაისს, პარიზში. მოწინააღმდეგე მადრიდის „რეალი“ იყო, „ვალენსია“ დამარცხდა, ანგარიშით 3:0.

ამ სეზონის შემდეგ გუნდი დატოვეს კლაუდიო ლოპესმა, რომელიც იტალიურ „ლაციოში“ გადავიდა, ფარინოსმა, რომელიც „ინტერში“ გადაბარგდა, ხოლო ხერარდი „ბარსელონაში“ გადავიდა. კლუბში მოვიდნენ ურუგვაელი დიეგო ალონსო, ნორვეგიელი ჯონ ალეუ კარეუ, ექს ატლეტიკოელი რუბენ ბარახა, არგენტინელი რობერტო ფაბიან აიალა და ბრაზილიელი ფაბიო აურელიო.

2000-01 სეზონში „ვალენსია“ კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ამჯერადაც იწვნია მარცხი, გერმანული „ბაიერნთან“. ფინალს იტალიამ უმასპინძლა, შეხვედრა 2001 წლის 23 მაისს, სან სიროზე გაიმართა. თამაშის დებიუტში გაისკა მენდიეტამ პენალტი გამოიყენა და ანგარიში „ღამურებს“ მიჰყავდათ, მაგრამ მსაჯმა მეორე პენალტიც დანიშნა, ამჯერად კანისარესის კარში. შტეფან ეფენბერგმა არ ააცილა. თამაშის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები 1:1 დამთავრდა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც „ბაიერნმა“ 5:4 იმარჯვა.

ორი წარუმატებელი ფინალის შემდეგ კლუბი ექტორ რაულ კუპერმა დატოვა, წავიდა მენდიეტაც, იგი რომის „ლაციოში“ გადავიდა. კლუბი ასევე დატოვეს მილამ, დიდიე დეშამმა, ზლატკო ზახოვიჩმა და ხერარდომ.

2000-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001-02 წლების სეზონში „ვალენსიამ“ 31 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეძლო პრიმერა დივიზიონის მოგება. „ტენერიფედან“ მოწვეულმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა გუნდში ახალი ფეხბურთელები მოიყვანა: კარლოს მარჩენა, მისტა, კურო ტორესი, ფრანსისკო რუფეტე, გონსალო დე ლოს სანტოსი და სალვა ბალიესტა.

შესანიშნავად ჩატარებული პირველი წრის შემდეგ, მეორე წრეში, სანტიაგო ბერნაბეუზე განცდილი მარცხის შემდეგ გუნდი კრიზისში აღმოჩნდა, თუმცა „ლას-პალმასის“, „ატლეტიკ ბილბაოს“, „სარაგოსისა“ და „ბარსელონის“ დამარცხებამ ფეხბურთელებს საკუთარ თავის რწმენა დაუბრუნა. ლა ლიგის ცხრილში „ვალენსია“ და „რეალ მადრიდი“ გვერდიგვერდ მოდიოდნენ, სანამ „ვალენსიამ“ „ესპანიოლს“ არ მოუგო და „რეალმა“ „რეალ სოსიედადთან“ არ დათმო შეხვედრა ანოეტაზე, შედეგად სხვაობა 3 ქულა იყო. ჩემპიონის ბედის გადამწყვეტი მატჩი შედგა 2002 წლის 5 მაისს, ლა როსალედაზე, „მალაგას“ წინააღმდეგ. „ვალენსია“ ჩემპიონი გახდა, მალაგას ქუჩები სავსე იყო ვალენსიას ფანებით, ანდალუსია საყვირების ხმას მიჰქონდა. ღამის პირველი საათიდან მანისეს აეროპორტი ხალხით იყო სავსე, ისინი ელოდებოდნენ თვითმფრინავს, რომელსაც ჩემპიონები უნდა ჩამოეყვანა.

2003-04 წლების სეზონში „ვალენსია“ უეფა-ს თასის გათამაშებაში იღებდა მონაწილეობას. შვედური „აიკის“ დამარცხების შემდეგ, „ღამურების“ მეტოქე ისრაელის „მაკაბი“ იყო, მატჩი მესტალიაზე 0:0 დასრულდა. იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპასუხო შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე გამართულიყო. შეხვედრას როტერდამმა უმასპინძლა, მატჩი 0:4 დასრულდა. ფინალისკენ გზაზე „ვალენსიამ“ ორი თურქული კლუბი ჩამოიშორა. ჯერ „ბეშიქთაში“ გამოთიშა ასპარეზობას და უკვე 1/8 ფინალში „გენჩლერბირლიგი“. ამ უკანასკნელთან მატჩი მესტალიაზე უნდა გამართულიყო, მაგრამ 11 მარტს, მადრიდში მომხდარი ტერაქტის გამო გადაიდო. პირველი მატჩი ვალენსიამ 1:0 წააგო, განმეორებით მატჩი კი „ღამურებმა“ 2:0 გაიმარჯვეს, ბოლო გოლი დამატებით, მეხუთე წუთზე გავიდა და იყო პირველი ვერცხლის გოლი უეფას ისტორიაში, გოლის ავტორი ვისენტე იყო. შემდეგი მოწინააღმდეგე იყო „ბორდო“. მესტალიაზე მატჩი 2:1 დასრულდა, „ვალენსიამ“ გასვლაზეც გაიმარჯვა, ანგარიშით 4:2. გუნდს ნახევარფინალში უკვე თანამემემამულეები ელოდნენ. „ვალენსია“ -„ვილიარეალის“ მატჩი ჟურნალისტებმა „ევრო-დერბად “ მონათლეს. „ვილიარეალის“ სტადიონზე თამაში ფრედ 0:0 დასრულდა,მესტალიაზე კი „ვალენსიამ“ იმარჯვა მინიმალური ანგარიშით 1:0. ფინალი გეტებორგში, სტადიონ ულევიზე გაიმართა, მეტოქე მარსელის „ოლიმპიკი“ იყო, პარიზისა და მილანის მწარე გამოცდილების შემდეგ, ყველა ხვდებოდა, რომ ესპანური კლუბი ამ ფინალს აღარ წააგებდა. „მარსელიმა“ „ვალენსიას“ ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და უეფა-ს თასის მფლობელი „ვალენსია“ გახდა. გუნდს წარმატება ვისენტეს და მისტას გოლებმა მოუტანა. იმავე წელს პრიმერა დივიზიონის თასის მოგებით გუნდმა დობლეტე გაიფორმა, რისი გვირგვინიც უკვე მონაკოში გათამაშებული უეფა-ს სუპერთასი იყო, „ღამურებმა“ პორტუგალიური „პორტუ“ დაამარცხეს, ანგარიშით 1:2. იმ წელს „ვალენსია“ მსოფლიოს უძლიერეს კლუბად აღიარეს.

2010-იანები - ვალები და სტაბილურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასკი უნაი ემერი წვრთნიდა „ვალენსიას“ 2009-2012 წლებში

კლუბს დაუგროვდა დიდი რაოდენობით ვალი, რისი აღმოფხვრაც მხოლოდ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების ტრანსფერებით შეიძლებოდა, როგორებიც იყვნენ დავიდ ვილია, ხუან მატა და დავიდ სილვა.

2009-10 წლების სეზონში, პრიმერა დივიზიონში მე-3 ადგილის დაკავების შედეგად, „ვალენსია“ დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლოს ამ ჩემპიონატზე კლუბი 2007-08 წლების სეზონში გამოდიოდა. თუმცა 2010 წლის ზაფხულში, ვალების შემცირების მიზნით გამო კლუბი დატოვეს დავიდ ვილიამ (გადავიდა [[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|„ბარსელონაში) და დავიდ სილვამ (გადავიდა „მანჩესტერ სიტიში“. მიუხედავად კლუბის 2 საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვისა, 2010-11 წლების სეზონში „ვალენსიამ“ ისევ მე-3 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში. ამავე სეზონში 1/16 ფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე, „ღამურები“ „შალკე 04“-თან დამარცხდნენ.

2011 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც კაპიტანმა ხუან მატამ კლუბი დატოვა და „ჩელსიში“ გადავიდა, კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბის ვალები შემცირდა და სტადიონი 2012 წელსვე განახლდებოდა. 2012-13 წლების სეზონში „ვალენსიის“ მწვრთნელად დაინიშნა ერნესტო ვალვერდე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო მისი ადგილი სერბმა მიროსლავ ჯუკიჩა დაიკავა. 2013 წლის 5 ივლისს, კლუბის პრეზიდენტი გახდა ამადეო სალვო. თითქმის ერთი თვის შემდეგ. 2013 წლის 1 აგვისტოს „ვალენსიამ“ ფორვარდი რობერტო სოლდადო ლონდონურ „ტოტენჰემში“ გაყიდა, სატრანსფერო თანხა €30 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

2014 წლის მაისში, სინგაპურელმა ბიზნესმენმა, პიტერ ლიმ შეიძინა „ვალენსიის“ 70,4 პროცენტი.[1][2] შეთანხმების მიღწევა ახალ მფლობელსა და კლუბის კრედიტორს შორის მოხდა 2014 წლის აგვისტოში.[3]

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 ბრაზილიის დროშა მეკარე დიეგო ალვეში
2 პორტუგალიის დროშა მცველი ჟუან კანსელუ
4 ბრაზილიის დროშა მცველი ადერლან სანტოსი
5 საფრანგეთის დროშა მცველი ელიაკიმ მანგალა
6 ბრაზილიის დროშა მცველი გილერმე სიკეირა
7 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი მარიო სუარესი
8 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ენცო პერესი (კაპიტანი)
9 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი მუნირი
10 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი დანიელ პარეხო
11 ბელგიის დროშა ნახევარმცველი ზაკარია ბაკალი
12 იტალიის დროშა თავდამსხმელი სიმონე ძაძა
13 ესპანეთის დროშა მეკარე ხაუმე დომენეკი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
14 ესპანეთის დროშა მცველი ხოსე ლუის გაია
15 ჩილეს დროშა ნახევარმცველი ფაბიალ ორელიანა
17 პორტუგალიის დროშა ნახევარმცველი ნანი
18 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი კარლოს სოლერი
19 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი როდრიგო
20 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ალვარო მედრანი
21 ესპანეთის დროშა მცველი მარტინ მონტოია
22 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი სანტი მინა
23 ტუნისის დროშა მცველი აიმენ აბდენური
24 არგენტინის დროშა მცველი ესეკიელ გარაი
26 ესპანეთის დროშა მცველი ტონი ლატო

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Goal.com. “Peter Lim new owner of Valencia“, 17 მაისი, 2014. 
  2. Singapore businessman Peter Lim buys Valencia“, 17 მაისი,2014. 
  3. Lim a signature away from Valencia takeover. Marca.