ნიდერლანდების ნაკრები თავის პირველ საერთაშორისო მატჩზე
ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა ბელგიის ქალაქ ანტვრეპენში,1905 წლის 30 აპრილს ადგილობრივ საფეხბურთო ნაკრებთან და გაიმარჯვა 4:1.
პირველი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატებზე შედგა 1934 წელს, რასაც მოჰყვა 1938 წელსსაფრანგეთში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობა. ამის შემდეგ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ჰოლანდია 1974 წლამდე აღარ მოხვედრილა.
1950-იან წლებში ეროვნულ ლიგაში დაწყებული ძვრებით და სრული პროფესიონალიზმის წყალობით ნიდერლანდური ფეხბურთი განვითარდა როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.? გუნდმა 1960-იან წლებშიც განაგრძო განვითარება.
1070-იან წლბში ნიდერლანდელები უდაბნოდან გამოვიდნენ ტოტალური ფეხბურთის გამოგონებით, რომლის განვითარებაშიც თავდაპირველი წვლილი შეიტანეს საფეხბურთო კლუბმა აიაქსმა, მისმა გამთამაშებელმა იოჰან კრუიფმა და ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რინუს მიხელსმა. ნიდერლანდელებმა დიდი ნაბიჯები გადადგეს: ათი წლის მანძილზე ორჯერ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
ნიდერლანდების ნაკრები გერმანიასთან 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაგებული მატჩის წინ
1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდებმა დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი და გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დაამარცხა ბრაზილიის (2-0) და არგენტინის ეროვნული ნაკრებები (4-0) და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მაგრამ აქ უკვე მასპინძელ დასავლეთ გერმანიასთან დამარცხდა, მიუხედავად იმისა რომ ნიდერლანდელმა იოჰან ნისკენსმა მატჩის დებიუტში, ისე რომ გერმანელებს ბურთისთვის ჯერ ფეხიც არ ჰქონდათ დაკარებული, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა. მაგრამ მაყურებელთა მხარდაჭერეთ ჯერ პენალტით პოლ ბრატნერმა, შემდეგ კი გერდ მიულერმა გერმანიას გამარჯვება მოუტანეს. დამარცხების მიუხედავად იოჰან კრუიფმა და კომპანიამ ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს.
აი ევრო 76 კი ნამდვილი იმედგაცრუება იყო. ნიდერლანდელები ნახევარფინალში ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდნენ. ამის მიზეზი კი იყო, რომ დამატებულ დროში მსაჯს, კლაივ თომასს გამოეპარა ანტონინ პანენკას მიერ თამაშის წესის დარღვევა კრუიფის წინააღმდეგ, რასაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრების გოლი მოჰყვა. ნიდერლანდელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, მაგრამ მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და გოლი ჩათვალა. ვილჰემ ვან ჰანეგემმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და წითელი ბარათი მიიღო. მოგვიანებით, 2008 წელს, კლაივ თომასმა აღიარა, რომ იმ თამაშში შეცდომა დაუშვა და გოლი არ უნდა ჩაეთვალა.
1978 წლის მუნდიალზე ნიდერლანდები ისევ გავიდა ფინალში და ამჯერადაც მასპინძელს, არგენტინის ნაკრებს შეხვდა. ნიდერლანდებს ჩემპიონატზე აკლდნენ იოჰან კრუიფი, ვილჰემ ვან ჰანეგემი და იან ვან ბევერენი, რომლებმაც უარი თქვეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ჯგუფური ეტაპი გუნდმა არცთუისე შთამბეჭდავად ჩაატარა, რადგანაც შოტლანდიასთან წაგების და პერუსთან ფრის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებმა ფრე დაამთავრა გერმანიასთან არი ჰაანის შორეული დარტყმის წყალობით, შემდეგ კი დაჯაბნა ავსტრია ანგარიშით 5-1, რობ რენსენბრინკის 1 გოლის და 3 საგოლე გადაცემის წყალობით. ხოლო იტალიასთან გადამწყვეტი გოლი ისევ არი ჰაანის შორეული დარტყმის შედეგად გავიდა. ფინალი ნიდერლანდებმა კარგად დაიწყო, მაგრამ პირველ ტაიმში არგენტინა დაწინაურდა მარიო კემპესის გოლით. დიკ ნანინგას გოლით ნიდერლანდებმა მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაათანაბრა და მატჩის მიწურულს მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ რობ რენსენბრინკის დარტყმა ძელს მოხვდა. დამატებით დროში კემპესისა და დანიელ ბერტონის გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა.
ევრო 80 იყო ტოტალური ფეხბურთელებისთვის ბოლო ტურნირი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჯგუფიდან გასვლა, მიუხედავად იმისა რომ გათამაშების ფორმატი გაფართოებული იყო. ამ ტურნირის შემდეგ ნაკრებიდან წავიდნენ ვეტერანები რობ რენსენბრიკნი და კროლი და ნიდერლანდების ნაკრებმა გამოტოვა 1982 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატები და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი.
ევრო 88–ის წინ რინუს მიხელსი დაუბრუნდა გუნდს. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საბჭოთა კავშირი 2-0 დაამარცხეს. მეორე ტაიმში მარკო ვან ბასტენის მიერ გატანილი გოლი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ლამაზ გოლად ითვლება.[5] ნიდერლანდელებმა ვან ბასტენის ჰეთ–თრიკის წყალობით 3:1 დაამარცხეს ინგლისის ნაკრები, შემდეგ მოუგო ირლანდიას (1:0) და გავიდა ნახევარფინალში, სადაც ტურნირის მასპინძელ გერმანიას გადაეყარა. ეს მატჩი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ნიდერლანდელებს შანსი ჰქონდათ 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განმცდილი მარცხისთვის გერმანელებზე შური ეძიათ. გამარჯვების გოლი მარკო ვან ბასტენმა გაიტანა 89–ე წუთზე. მატჩის შემდგომ რონალდ კუმანმა გერმანელი ფანების თვალწინ გერმანელი ოლაფ ტონის მასური უკანალზე ისე ამოისვა, თითქოს ტუალეტის ქაღალდი ყოფილიყოს. მოგვიანებით კუმანმა თავისი საქციელი ინანა. ნიდერლანდელებმა საფინალო მატჩი საბჭოთა კავშირთან რუუდ გულიტის თავურით და მარკო ვან ბასტენის ჰაეროვანი გოლებით დამაჯერებლად მოიგეს. ეს იყო ნიდერლანდების მიერ მოგებული პირველი საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც თითქმის ათწლიანი უდაბნოში ყოფნის შემდეგ მათ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში მოუპოვა ადგილი და თითქმის სამი წლის მანძილზე დომინირებდა.
მიუხედავად დიდი მოლოდინისა, რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევდნენ, სრული კრახი განიცადეს. მარკო ვან ბასტენმა საერთოდ ვერ გაიტანა გოლი, რადგანაც მცველები ხელს უშლიდნენ მიზნის განხორციელებაში, ხოლო გულიტი კი ვერ იყო სასურველ ფორმაში, რადგანაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა. ნიდერლანდელებმა სამი ფრის შემდეგ წარმატებას მიაღწიეს და მე–16 ფინალში გავიდნენ, სადაც ძირძველ მეტოქეს, გერმანიას დაეჯახნენ. ეს მატჩი გამორჩეული იყო ფრანკ რაიკაარდსა და რუდი ფიოლერს შორის მომხდარი ინციდენტით. შეხვედრა ნარინჯისფერებმა 2:1 დათმეს.
ამის შემდეგ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები ევრო 92–ის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ დანიასთან დამარცხდა. ამ ჩემპიონატზე ნარინჯისფერთა რიგებში გამოჩნდა დენის ბერგკამპი. სკანდინავიელთა მეკარე პეტერ შმეიხელმა ვან ბასტენს პენალტი აუღო. ეს იყო ვან-ბასტენის ბოლო საერთაშორისო ტურნირი, რადგანაც ტრავმის შემდეგ მალევე წავიდა ნაკრებიდან.
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვან ბასტენისა და გაფიცული რუდ გულიტის არყოფნისას ნაკრების ლიდერად იქცა დენის ბერგკამპი, რომელმაც ტურნირზე სამი გოლი გაიტანა, ნიდერლანდები კი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან დამარცხდა 3-2.
1996 წლის ევროპის ჩემპიონატში ნიდერლანდელები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც დაამარცხეს შვეიცარია, ფრე ითამაშეს შოტლანდიასთან და გადამწყვეტ მატჩში მასპინძელ ინგლისს შეხვდნენ. ნიდერლანდელები 4:0 აგებდნენ, მაშინ როცა პარალელურად მიმდინარე მატჩში შოტლანდია შვეიცარიას ამარცხებდა და დიდი საფრთხე იყო იმისა, რომ ბურთების შეფარდებით სკოტები გასულიყვნენ მეორე ადგილზე, ნარინჯისფერები კი სახლში გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ 78-ე წუთზე პატრიკ კლუვერტმადენის ბერგკამპის დახმარებით გოლი გაიტანა და ჰოლანდიის ნაკრები ფლეი-ოფში გავიდა, სადაც ფრანგებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.
ნიდერლანდები2000 წლის ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელი იყო ბელგიასთან ერთად და ტურნირის ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მათ ჯგუფურ ეტაპზე ყველა მეტოქეს მოუგეს, მათ შორის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს, მეოთხედფინალში იუგოსლავიას გადაეყარნენ და 6:1 დაამარცხეს. პატრიკ კლუვერტმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ნახევარფინალში იტალიასთან პენალტების სერიით დამარცხდა გუნდი - 3:1. მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი ბევრი გააკრიტიკეს და თანამდებობიდა გაათავისუფლეს, მისი ადგილი ლუი ვან გალმა დაიკავა. ნაკრებიდან გაუშვეს ასევე დენის ბერგკამპი, რომელმაც ჩემპიონატზე საერთოდ ვერ გაიტანა გოლი.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები 2006 წელს გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა C ჯგუფში. აქ მისი მეტოქეები იყვნენ არგენტინის (0-0), სერბია–ჩერნოგორიის (1-0) და კოტ დ'ივუარის ნაკრებები (2-1). ნარინჯისფერებმა არგენტინასთან ქულები გაიყვეს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილზე „ალბისელესტე“ გავიდა. ნახევარფინალში ნიდერლანდელები პორტუგალიელებს შეხვდნენ და 0:1 დათმეს. ეს მატჩი გამორჩეული იყო მსოლფიო ჩემპიონატების ისტორიაში იმით, რომ 16 ყვითელი ბარათი იქნა ნაჩვენები, აქედან 4 წითელი. პრესამ ამ მატჩს „ნიურნბერგის ბრძოლა“ უწოდა. მიუხედავად საკადრო პოლიტიკისა და შემტევ ფეხბურთელთა ნაკლებობის გამო მის გარშემო ატეხილი კრიტიკის ქარცეცხლისა, მარკო ვან ბასტენს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, რაზედაც მარკომ თანხმობა განაცხადა.
ევრო 2008-ზე ნიდერლანდელთა გუნდი სიკვდილის ჯგუფში გამოდიოდა, სადაც ასევე იყვნენ იტალია, საფრანგეთი და რუმინეთი. მათ ჩემპიონატი დაიწყეს 2008 წლის 9 ივნისსბერნში მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ნაკრების 3:0 განადგურებით. ეს იყო ნიდერლანდების იტალიაზე პირველი გამარჯვება 1978 წლის შემდეგ. ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ნიდერლანდელებმა საფრანგეთი დამაჯერებლად 4:1 დაამარცხეს 2008 წლის 13 ივნისს. ნიდერლანდელებმა შთამბეჭდავი ჯგუფური ეტაპი რუმინეთზე 2:0 გამარჯვებით დაასრულეს. მაგრამ მეოთხედფინალში გუნდი ყოფილი მწვრთნელი გუუს ჰიდინკის რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა 3:1, მიუხედავად იმისა რომ რუუდ ვან ნისტელროიმ 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, რუსებმა დამატებით დროში 2 გოლი გაიტანეს.
ნიდერლანდელები ტოვებენ მოედანს არგენტინასთან ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ
მას შემდეგ, რაც ბერტ ვან მარვიკის გუნდი ჩავარდა ევრო 2012-ზე, ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ლუი ვან გალი. ის გაუძღვა გუნდს 2014 წლის მუნდიალზე. ჩემპიონატის დაწყებამდე კი ცნობილი გახდა, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ ვან გალი ნებისმიერ შემთხვავაში ნაკრებს დატოვებდა და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგებოდა სათავეში. ჩემპიონატის პირველსავე მატჩში ნიდერლანდები შეხვდა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს და რევანში აიღო წინა მსოფლიო ჩმეპიონატზე ფინალში განცდილი მარცხისთვის. ნიდერლანდებმა ესპანეთი 5-1 გაანადგურა. ნიდერლანდები თავიდან აგებდა, თუმცა ანგარიში გაათანაბრა ვან პერსიმ, რომელმაც ნახტომში შორეული თავური დარტყმით გაიტანა გოლი. საბოლოოდ რობენმა და ვან პერსიმ დუბლი გაიფორმეს.[8] მეორე წრეში, ავსტრალიის წინააღმდეგ მძიმე მატჩი ნიდერლანდებმა ანგარიშით 3-2 მოიგო. გამარჯვების გოლი ახალგაზრდა მემფის დეპაიმ გაიტანა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელი, რომელსაც გოლი აქვს გატანილი მსოფლიო ჩემპიონატებზე.[9] ნიდერლანდებმა ნაადრევად გაინაღდა პლეი-ოფში მონაწილეობა. მესამე მატჩში ჩილეს დამარცხებით (2-0) კი ნიდერლანდებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში, ნიდერლანდები მექსიკას დაუპირისპირდა. ევროპელებმა მატჩის ბოლოს გატანილი 2 გოლის წყალობით მოიგეს. თავიდან მექსიკელები იგებდნენ, მაგრამ შეცვლაზე ვან პერსის ნაცვლად შესულმა კლას-იან ჰუნტელარმა ჯერ სნეიდერს გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი რობენის წაქცევისათვის დანიშნულ თერთმეტმეტრიანით. კოსტა-რიკასთან მეოთხედფინალური შეხვედრა 0-0 დასრულდა. დამატებითი დროის მიწურულს ვან გალმა მეკარე შეცვალა და მოედანზე სათადარიგო მეკარე, ტიმ კრული შეიყვანა, რომელმაც პენალტების სერიაში მოიგერია ორი დარტყმა და გუნდი ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ნიდერლანდები არგენტინას დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებით დრო ანგარიშით 0-0 დამთავრდა, ხოლო პენალტები არგენტინელებმა უკეთესად შეასრულეს (2-4) და ფინალშიც სამხრეთ ამერიკელები გავიდნენ. ნიდერლანდების მხრიდან მხოლოდ რობენმა და კეიტიმ გაიტანეს პენალტენი. ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მესამე ადგილისთვის მატჩი ნიდერლანდების გამარჯვებით დასრულდა. ევროპელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და ვან პერსისა და ბლინდის გოლების შემდეგ, ვეინალდუმმა ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 3-0.
მუნდიალის შემდეგ ნაკრებმა დაღმასვლა დაიწყო. ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამუშაოდ წავიდა, ნაკრების მწვრთნელად კი გუს ჰიდინკი დაინიშნა. ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცუდი შედეგების გამო ჰიდინკი მოხსნეს და მის ნაცვლად დენი ბლინდი დანიშნეს, მაგრამ ნიდერლანდებმა მაინც ვერ მოახერხა ჯგუფში პირველ სამეულში გასულიყო და 1984 წლის შემდეგ პირველად დარჩა ევროპის ჩემპიონატის მიღმა.