დაგ ჰამარშელდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაგ ჰამარშელდი
შვედ. Dag Hammarskjöld
დაბადების თარიღი 29 ივლისი, 1905(1905-07-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი იენჩეპინგი[3] [4] [5] [6]
გარდაცვალების თარიღი 18 სექტემბერი, 1961(1961-09-18)[2] [3] [4] [8] [14] [9] [10] [11] [13] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნდოლა, ჩრდილოეთი როდეზია, Federation of Rhodesia and Nyasaland[3]
მოქალაქეობა  შვედეთი
განათლება უფსალის უნივერსიტეტი[3] , სტოკჰოლმის უნივერსიტეტი[3] და Q64438163?[15]
მამა Hjalmar Hammarskjöld[3] [16] [6]
დედა Agnes Maria Carolina Almquist[3] [16] [6]
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[3] [17] და დანებროგის ორდენი
daghammarskjold.se

დაგ იალმარ ჰამარშელდი (შვედ. Dag Hjalmar Agne Carl Hammarskjöld; დ. 29 ივნისი, 1905, იენჩეპინგი — გ. 18 სექტემბერი, 1961, ნდოლა, ჩრდილოეთ როდეზია) — შვედი სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, შვედეთის აკადემიის წევრი 1954 წლიდან. 1936-1945 წლებში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, 1941-1948 წლებში შვედეთის ეროვნული ბანკის გამგეობის თავმჯდომარე, 1949-1951 წლებში შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი. 1951-1953 წლებში უპორტფელო მინისტრი, 1948-1949 წლებში ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ვიცე-თავმჯდომარე. 1953 წლის აპრილიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. 1956 წელს ეგვიპტეში გაეროს პირველი სამშვიდობი მისიის ინიციატორი და ორგანიზატორი. დაიღუპა 1961 წელს 18 სექტემბერს (ONUC) ჩრდილოეთ როდეზიაში სამშვიდობო ოპერაციის ჩატარებისას საავიაციო კატასტროფაში, რომლის მიზეზები და გარემოებები დღემდე გაუკრვეველია.[18] 1961 წლის წელს, გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იენჩეპინგში, ესტრა სტურგატანის ქუჩა, 91. ამ სახლში 1905 წელს დაიბადა დაგ ჰამარშელდი.
2006 წლის ფოტო.
იალმარ ჰამარშელდი, დაგის მამა.
ფოტოსურათი გადაღებულია არაუგვიანეს 1936 წლისა.

ახალგაზრდული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაგ ჰამარშელდი დაიბადა ლილიეჰოლმენის რეგიონში, შვედეთის ცენტრალური ნაწილის სამხრეთით, ვეტერნის ტბის ნაპირზე, ქალაქ იენჩეპინგში, სტოკჰოლმისგან 280 კილომეტრში. მისი მშობლები იყვნენ გამოჩენილი შვედი სახელმწიფო მოღვაწე იალმარ ჰამარშელდი (1862 - 1953) და აგნეს ჰამარშელდი, დაბადებისას ალმკვისტი[19]. იალმარისა და აგნესოს 4 ვაჟს შორის დაგი ყველაზე უმცროსი იყო.

ჰამარშელდთა საგვარეულოს ფუძემდებლად ითვლება პედერ (პერ) მიქაელსონი (მიახ. 15601646), რომელიც შვედეთის მეფე, კარლ IX-ეს ჯარში მსახურობდა. 1610 წელს მიქაელსონმა მეფისგან თავადობა და ახალი გვარი - ჰამარშელდი (Hammarsköld) მიიღო; მოგვიაბებით იგი დანიშნეს კუნძულ ელანდის ჯარების მთავარსარდლად[20][21]. საგვარეულოს წარმომადგენელთა შორის ჭარბობდნენ სამხედროები, თუმცა გამონაკლისიც არსებობს - დაგის ბაბუის ძმა, ცნობილი შვედი მწერალი და ლიტერატურის ისტორიკოსი ლორენცო ჰამარშელდი ასევე ამ საგვარეულოს მიეკუთვნებოდა.

დაგის მამა იურისპრუდენციის პროფესორი იყო, შვილის დაბადებისთანავე, 1905 წელს ოჯახთან ერთად დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გადასახლდა, სადაც მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოსტი დაიკავა. იალმარ ჰამარშელდის სპეციალიზაცისა საერთაშორისო ურთიერთობები იყო, მან მონაწილეობა საერთაშირუსი სამართლის ჰააგის II კონფერენციაშიც მიიღო (1907 წელი). ყოველივე ამან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც იალმარზე, ასევე მის შვილიბზე, რომელთა შორის დაგ ჰამარშელდი გაეროს გენერალური მდივანი გახდა, მისმა უფროსმა ძმამ, ბუ ჰამარშელდმა, შვედეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავა, ხოლო ოკე ჰამარშელდმა სამსახურო გაეროს საერთაშორისო სასამართლოში გააგრძელა.

1907 წელს ჰამარშელდის მამამ უპსალას ლენის გუბერნატორის პოსტი დაიკავა და ოჯახთან ერთად უპსალაში გადასახალდა. პირველი მსოფლიო ომის დროს იალმარს ეკავა შვედეთის პრემიერ-მინისტრისა (1914-1917) და სამხედრო მინისტრის პოსტები. ოჯახი კი აგრძელებდა უპსალაში ცხოვრებას - სწორედ ეს ქალაქი გახდა დაგისთვის მშობლიური, უპსალაში იგი ჯერ სკოლაში, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტშიც სწავლობდა.

დაგის დედა, აგნესი, იყო გუსტავ ფრიდოლფ ალმკვისტის (18141886), შვედეთის სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური დირექტორის, ქალიშვილი. სწორედ აგნესთან, რომლის მამა შვედური ლიტერატურის კლასიკოსის, კარლ იუნას ჰამარშელდის ძმა იყო, დაკავშირებულია როგორც თვით დაგის ლიტერატურული მიდრეკილებები, ასევე მისი უფროსი ძმის, სტენ ჰამარშელდის მიდრეკილებები, რომელიც საბოლოოდ მწერალი გახდა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს, 18 წლის ასაკში, ჰამარშელდმა გიმნაზია დაასრულა და უპსალას უნივერსიტეტში შევიდა. პირველი წლების განმავლობაში სწავლობდა საფრანგეთის ისტორიასა და ფრანგულ ლიტერატურას, ასევე სოციალურ ფილოსოფიასა და ეკონომიკურ პოლიტიკას, რის შემდეგაც მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. შემდეგი სამი წელი გაატარა ეკონომიკის შესწავლაში, რის შემდეგაც მიიღო ეკონომოკის ფილოსოფიის ლიცენციატის ხარისხი. 1930 წელს, უპსალას უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლის შემდეგ მიიღო ასევე სამართლის ბაკალავრის ხარისხი[19].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930-1934 წლებში ჰამარშელდი ხელმძღვანელობდა უმუშევრობის დაძლევის სახელმწიფო კომიტეტს. აღნიშნულ პერიოდში დაგი სტოკჰოლმის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც ის აღნიშნულ უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ასისტენტ პროფესორად მუშაობდა, მაგრამ მისი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე ჰამარშელდი საკუთარ მომავალს საჯარო სამსახურში ხედავდა, რომელსაც მან საკუთარი კარიერა მიუძღვნა. 31 წლიანი კარიერის განმავლობაში ჰამარშელდი მსახურობდა შვედეთის ფინანსურ, საგარეო და საერთაშორისო უწყებებში. უმუშევრობის დაძლევის სახელმწიფო კომიტეტში წარმატებული მუშაობის შედეგად ჰამარშკოლდმა შვედეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების ყურადღება მიიპყრო, რომლის შედეგადაც 1935 წელს ის ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე დაინიშნა, რასაც მალევე მოჰყვა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, რომელზეც ის 1936-1945 წლებში მუშაობდა. დაგ ჰამარშელდი 1941-1948 წლებში მსახურობდა შვედეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარედ, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფინანსურ სტრუქტურად მიიჩნევა.

ჰამარშელდი მიიჩნევა პირველ ადამიანად, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „დაგეგმილი ეკონომიკა“. დაგმა მის ძმასთან ბოსთან ერთად, რომელიც სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე იყო მოამზადა კანონპროექტი, რომელმაც შვედეთის, როგორც „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ შექმნას ჩაუყარა საფუძველი. ჰამარშელდის, როგორც სახელმწიფო მოხელის წინსვლა აქტიურად გაგრძელდა, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე, სადაც ის შვედეთის მხრიდან მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოლაპარაკებებში იყო ჩართული. ჰამარშელდი ჩართული იყო ბრიტანეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლის მიხედვითაც ომის შემდგომი ევროპის რეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო, ასევე ჰამარშელდი ხელმძღვანელობდა შვედეთის მისიას პარიზში, სადაც მოლაპარაკებების შედეგად მარშალის გეგმის შემუშავება მოხდა. ჰამარშელდი ასევე აქტიურად იყო ჩართული აშშ- შვედეთის სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც არსებული შეთანხმების განახლება მოხდა. ჰამარშელდის ლიდერის თვისებები ყველაზე კარგად ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) გამოჩნდა, სადაც ის შვედეთს წარმოადგენდა.

ჰამარშელდის კარიერა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1946 წელს დაიწყო, როდესაც ის საგარეო უწყების ფინასური მრჩეველი გახდა. 1949 წელს კი ის უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვან პოზიციაზე დაინიშნა, 1951 წელს უფსალელი უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და შეთავსებით უპორტფელო მინისტრი გახდა. იმის მიუხედავად, რომ ჰამარშელდი უპორტფელო მინისტრი იყო, ის არასოდეს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი, მაშინაც კი როდესაც ხელისუფლების შტოების უმეტესობას სოციალ დემოკრატები აკონტროლებდნენ. ჰამარშკოლდმა როგორც უპორტფელო მინისტრმა შვედეთის დიდი ხნის საგარეო პოლიტიკა გააგრძელა, რაც გულისხმობდა საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის პოლიტიკის გაგრძელებას, ნატოში (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია) გაწევრიანებაზე უარის თქმის პოლიტიკის შენარჩუნებას, პოლიტიკურ დონეზე ევროპის საბჭოში ურთიერთობების გაძლიერებას და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში კოლაბორაციის წახალისებას.

1951 წელს პარიზში გამართულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჰამარშელდი შვედური დელეგაციის ვიცე თავმჯდომარე იყო. მოგვიანებით 1952 წელს კი უკვე ის შვედეთის დელეგაციის ხელმძღვანელი გახდა.

გაეროს გენერალური მდივნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარდგენა და არჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წლის 10 ნოემბერს გაეროს მოქმედმა გენერალურმა მდივანმა ტრიუგვე ლი-მ მისი გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. გენერალური მდივნის გადადგომის მომენტიდანვე მალევე დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი) შორის რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო, რომლის დასრულების შედეგადაც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 1953 წლის 13 და 19 მარტს უშიშროების საბჭომ (გაეროს უშიშროების საბჭო) კენჭი უყარა 4 კანდიდატს, რომლიდანაც საჭირო ხმების უმრავლესობა მხოლოდ კანადელმა ლესტერ პირსონმა მიიღო, მაგრამ მის კანდიდატურას საბჭოთა კავშირმა ვეტო დაადო. უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად საფრანგეთის ელჩმა ჰენრი ჰოპენოტმა 4 კანდიდატურა წამოაყენა, რომელთა შორისაც ჰამარშელდიც იყო.

ზესახელმწიფოები იმედოვნებდნენ, რომ გენერალური მდივანი აქტიურად არ იქნებოდა ჩართული პოლიტიკურ საკითხებში და ის ძირითადად ადმინისტრაციულ საკითხებზე ორიენტირებული იქნებოდა. ჰამარშელდის გენერალურ მდივნად არჩევას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო მისმა არსებულმა რეპუტაციამ, რომლის შედეგადაც საბჭოთა კავშირის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ვალერიან ზორინმა ჰამარშელდის კანდიდატურა უსაფრთხოდ მიიჩნია და მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას. ზორინის ნაბიჯი, რომ ჰამარშელდისთვის მხარი დაეჭირა ბევრი დასავლური ქვეყნისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ბრიტანეთისთვის და მისი წარმომადგენლისთვის ენტონი იდენისთვის, რომელიც ჰამარშელდის აქტიური მხარდამჭერი იყო. ჰამარშელდის ნომინირებამ აშშ (ამერიკის შეერთებული შტატები)-თვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, მის დაწინაურებას ამერიკელები არც განიხილავდნენ. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა სრულიად შეისწავლა ჰამარშელდის საქმიანობა, აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის მხარი დაეჭირა. გაეროში აშშ-ს ელჩმა ჰენრი კობოტ ლოჯმა სახელმწიფო დეპარტამენტს განუცხადა: „ის საუკეთესო არჩევანია ჩვენთვის“, აღნიშნული სიტყვების შემდეგ აშშ-მა გადაწყვიტა ჰამარშელდისთვის მხარი დაეჭირა.

1953 წლის 31 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ ხმების უმრავლესობით მხარი დაუჭირა ჰამარშელდის კანდიდატურას და ის გენერალურ ასამბლეას წარუდგინა. ჰამარშკოლდმა მისი როგორც გენერალურო მდივნის კანდიდატად წარდგენის მოულოდნელი ამბავი ჟურნალისტისგან გაიგო, რომელიც მას თავიდან 1 აპრილის ხუმრობა ეგონა, მაგრამ რამდენიმე ზარის შემდგომ ის დარწმუნდა, რომ ეს ხუმრობა არ იყო. საკუთარ მამასთან და შვედეთის მთავრობასთან კონსულტაციის შემდგომ ჰამარშელდი დათანხმდა გაეროს გენერალური მდივნობას.

1953 წლის 7 აპრილს გენერალურმა ასამბლეამ 57 ხმით მხარი დაუჭირა ჰამარშელდის კანდიდატურას, ხოლო 10 აპრილს ის როგორც გენერალური მდივნი შეუდგა მოვალეობის შესრულებას. 1957 წლის 26 სექტემბერს ჰამარშელდი ხმების უმრავლესობით მეორე ვადით იქნა არჩეული.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევიდან მალევე ჰამარშკოლდმა მიზნად დაისახა გაეროს ეფექტურობის ზრდა. ჰამარშკოლდმა გადაწყვიტა შეექმნა გენერალური მდივნის პირადი სამდივნო, რომელიც 4000 კაცისგან იქნებოდა შემდგარი, სამდივნოს წევრებს მათი მოვალეობები და მიმართულებები მკაცრად ექნებოდათ განსაზღვრული, აღნიშნული სამდივნო სახელმწიფოებრივი გავლენებისგან დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დაგი აქტიურად იყო ჩართული გაეროს სხვა მცირე პროექტებშიც, როგორიცაა „სამედიტაციო ოთახი“, რომელიც გაეროს სათავო ოფისში მდებარეობს და განკუთვნილია ყველასთვის ვისაც სიმშვიდეში სურს განმარტოება. აღნიშნული ფაქტი კარგად მეტყველებს იმაზე თუ რამხელა ყურადღებას აქცევა დაგი გაეროში კარგი სამუშაო გარემოს შექმნას, იმისთვის რო ის მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო.

მისი მმართველობის პერიოდში ჰამარშელდი აქტიურად ცდილობდა ისრაელისა და არაბული ქვეყნების ურთიერთობების დალაგებას. ასევე ის აქტიურად იყო ჩართული ამერიკელი სამხედროების განთავისუფლების პროცესში, რომლებიც კორეის ომში იბრძოდნენ და ჩინეთის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. 1956 წელს ჰამარშელდმა ასევე შექმნა გაეროს სწრაფი რეაგირების ძალები (UNEF), რომლებიც პირველად იქნა გამოყენებული სუეცის კრიზისის დროს სიტუაციის განსამუხტად. 1958 წელს იორდანიაში და ლიბანში შექმნილი კრიზისის შედეგად შექმნა გაეროს სადამკვირვებლო მისია, ხოლო 1959 წელს ტაილანდს და კამბოჯას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვის დროს მედიატორის როლს ასრულებდა. გაეროს სწრაფი რეაგირების ძალებისა და სადამკვირვებლო მისიის როლები, მათი გამოყენების პროცედურები სწორედ ჰამარშელდის მდივნობის პერიოდში ჩამოყალიბდა. ჰამარშელდის მიერ მოლაპარაკებების წარმატებით განხორციელებასა და ორი მნიშვნელოვანი სამსახურის შექმნას გაეროს გენერალური მდივნის როლის მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა.

გაეროს სამშვიდობო ძალების და სადამკვირვებლო მისიის როლის ზრდას ხელს უწყობდა ახალი სახელმწიფოების გაჩენა, რაც ხშირად კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი ხდებოდა. 1960 წლის ივლისში აღნიშნული სამსახურების აქტიური გამოყენება მოხდა კონგოს მიმართვის საფუძველზე. ახალგათავისუფლებული კონგოს შეიარაღებული ძალების ნაწილი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა, კანტაგანის რეგიონმა დაიწყო გამოყოფის პროცედურა ხოლო ბელგიის არმია კონგოში შეიჭრა. ჰამარშელდის გადაწყვეტილებით გაერომ კონგოში სამშვიდობო ძალები გააგზავნა, რომელსაც თავად დაგი ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰამარშელდი კონგოს კრიზისის გადაჭრაში აქტიურად იყო ჩართული, საბჭოთა კავშირი უკმაყოფილო იყო აფრიკის დეკოლონიზაციის პროცესით და იმით, რომ გაერომ მშვიდობის შესანარჩუნებლად მისი სამშვიდობო ძალები გაგზავნა. ჰამარშელდის მოქმედებებით გაღიზიანებულმა საბჭოთა კავშირმა, მისი გადადგომა და გაეროს მმართველობის სისტემის ცვლილება მოითხოვა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამარშელდის საბედისწერო ფრენა 1961 წლის 18 სექტემბერს განხორციელდა, ის კონგოში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიემართებოდა. დაგის მიზანი გაეროს სამშვიდობო ძალებს და კანტანგეზეს ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა იყო. სამწუხაროდ, ჰამარშელდის თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია და კატასტროფა ჩრდილოეთ როდეზიაში (დღეს ზამბია) განიცადა. ჰამარშელდთან ერთად თვითმფრინავის თექვსმეტივე მგზავრი ადგილზე დაღუპა, ერთ-ერთი მგზავრი კი მოგვიანებით მიღებული ტრავმებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჰამარშელდის ავიაკატასტროფაში დაღუპვამ გაერო მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე დააყენა, კერძოდ მსგავსი კრიზისის შემთხვევაში არ არსებობდა რაიმე პროცედურა, რომლის მიხედვითაც გენერალური მდივნის ჩანაცვლება მოხდებოდა, სწორედ ამიტომ გაერო იძულებული გახდა ახალი მდივანი აერჩია.

გარემოებები, რის გამოც ჰამარშელდის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დღემდე დაუდგენელია და ბურუსითაა მოცული. 1962 წელს როდეზიის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სავარაუდო მიზეზი რის გამოც თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა პილოტის შეცდომა იყო. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით გარკვეული მტკიცებულებები არსებობს, გაეროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ცალსახა მიზეზი ვერ დადგინდა, ხოლო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანგარიშის მიხედვით პასუხისმგებლობა რუსეთის KGB-ს ეკისრებოდა.

1998 წელს სამხრეთ აფრიკის უსაფრთხოების სამსახურმა საჯარო გახადა რამდენიმე დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სამხრეთ აფრიკული გასამხედროებული ორგანიზაციის მეშვეობით ჰამარშელდის ტრაგიკული დაღუპვის უკან აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახური (CIA), დიდი ბრიტანეთის დაზვერვა (MI6) და სავარაუდოდ ბელგიური წიაღისეულის კომპანია იდგნენ. აღნიშნული დოკუმენტი ასევე შეიცავდა სავარაუდო შეთქმულების ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც CIA-ის დირექტორს ალან დალესს ჰამარშელდის „მოცილება“ სურდა, ვინაიდან ის პრობლემებს უქმნიდა დალესის გეგმებს. ჰამარშელდის სურვილი, რომ კონგოში მინერალებით მდიდარი რეგიონის კანტანგის კონფლიქტი დაესრულებინა არ შედიოდა ზემოთ ნახსენები ორგანიზაციების ინტერესებში, მაგრამ მოპოვებული დოკუმენტები არ წარმოადგენდა ორიგინალ დოკუმენტებს, რის გამოც შესაბამისი ექპერტიზის ჩატარება და ავთენტურობის დადგენა ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ აღიშნულ საკითხზე მსჯელობა შეწყდა.

2013 წელს გამოქვეყნდა სვენ ჰამარბერგის რეპორტი, რომელიც ჰამარშელდის დაღუპვას შეეხებოდა. აღნიშნული რეპორტის თანახმად გამოიკვეთა ორი მთავარი მიზეზი რის გამოც თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა:

  • ჰამარშელდის თვითმფრინავის ფრენა 17 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, რომლის შედეგადაც პილოტები მნიშვნელოვნად იქნებოდნენ გადაღლილები, რაც კოორდინაციაზე და მართვაზე ცალსახად მოახდენდა გავლენას.
  • მთა, რომელსაც თვითმფრინავი შეასკდა რუკაზე აღწერილი არ იყო.

2014 წელს კიდევ ერთი ახალი დოკუმენტი გასაჯაროვდა, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა. არსებული დოკუმენტის თანახმად კონგოში აშშ-ს ელჩმა ვაშინგტონს აცნობა, რომ ჰამარშელდის თვითმფრინავი შესაძლოა დაქირავებული მებრძოლის მიერ ყოფილიყო ჩამოგდებული.

იმის გათვალისწინებით, რომ ჰამარშელდის დაღუპვასთან დაკავშირებით გახშირდა მანამდე შეუსწავლელი მასალების გამოჩენა, გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა 2015 წლის 16 მარტს შექმნა დამოუკიდებელი კომისია, რომელმაც ახალი მტკიცებულებები და გარემოებები შეისწავლა. აღნიშნული კომისიის რეპორტით დადგინდა, რომ ჰამარშელდის თვითმფრინავის ჩამოვარდნა გარე ჩარევის შედეგად მოხდა, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო მან ვერ დაადგინა თუ ვის შეიძლება აღნიშნული ფაქტი განეხორციელებინა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამარშელდი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, არ ჰყოლია შვილები.

დაგ ჰამარშელდი ქართულ ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000-იანი წლების დასაწყისში ცნობილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, ნაირა გელაშვილმა გამოაქვეყნა თავისი ახალი საბავშვო წიგნი „დიდი დაგის ორდენი“. ზღაპრის მთავარი გმირი გაეროს გენერალური მდივნის პროტოტიპია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდ შემრიგებლად არის მოხსენიებული. ნაწარმოებში დაგისა და მისი მიმდევრების ამოცანა გაუცხოვებულ და გადაგვარებულ ტომთან კავშირის დამყარება და მათი სიკეთის გზაზე დაყენებაა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვალენსტენი პეტერ., დაგ ჰამარშელდი = Peter Wallensteen. Dag Hammarskjöld / Ривелис, Стокгольм, 2005. — გვ. 49 (Знаменитые шведы), ISBN 91-520-0799-5.
  • Хаммаршельд, Даг. Нобелевская премия мира 1961 г. // Лауреаты Нобелевской премии. Энциклопедия, მოსკოვი, 1992.
  • Лесиовский В. М., Тайна гибели Хаммаршельда, მოსკოვი, 1985. — გვ. 351.
  • Annan, Kofi, Dag Hammarskjöld and the 21st Century / The Fourth Dag Hammarskjöld Lecture given at Uppsala University 6 september 2001, Sweden, 2001. — 39 p.
  • Aulén, Gustaf, Dag Hammarskjöld’s White Book: an Analysis of Markings, Philadelphia, 1969. — 154 p.
  • Beskow, Bo, Dag Hammarskjöld, Strictly Personal: a Portrait, New York, 1969. — 191 p.
  • Dag Hammarskjöld Revisited: the UN Secretary-General as a Force in World Politics / Ed. by Robert S. Jordan. Durham, N.C., 1983. — 197 p.
  • Dayal, Rajeshwar, Mission for Hammarskjold: the Congo Crisis, London, 1976. — 335 p.
  • Gavshon, Arthur L., The Mysterious Death of Dag Hammarskjold, New York, 1962. — 243 p.
  • Gillett, Nicholas, Dag Hammarskjöld, London, 1970. — 302 p.
  • Hammarskjöld: the Political Man / Ed. by E. Kelen, New York, 1968. — 236 p.
  • Henderson, James L., Hammarskjöld: Servant of a World Unborn, London, 1969. — 150 p.
  • Kelen, Emery, Hammarskjöld, New York, 1966. — 316 p.
  • Lash, Joseph P., Dag Hammarskjold: Custodian of the Brushfire Peace, New York, 1961. — 304 p. (повторное გამოცემა — Westport, Conn., 1974)
  • Levine, I.E., Dag Hammarskjold: Champion of World Peace, New York, London, 1964. — 190 p.
  • Miller, Richard I., Dag Hammarskjold and Crisis Diplomacy, 1961. — 344 p.
  • Public Papers of the Secretaries-General of the United Nations. Esp. Vol. 5, Dag Hammarskjöld. 1960—1961 / Ed. Andrew W. Cordier and Wilder Foote, New York, 1975.
  • Rovine, Arthur W., The First Fifty Years: the Secretary-General in World Politics 1920—1970, Leyden, 1970. — 498 p.
  • Servant of Peace: A Selection of the Speeches and Statements of Dag Hammarskjöld / Ed. by Wilder Foote, New York, 1963. — 388 p.
  • Sheldon, Richard N., Dag Hammarskjöld, New York, 1987. — 112 p.
  • Simon, Charlie May, Dag Hammarskjöld, New York, 1967. — 192 p.
  • Söderberg, Sten, Hammarskjöld: A Pictorial Biography, New York, London, 1962. — 144 p.
  • Stolpe, Sven, Dag Hammarskjöld: A Spiritual Portrait, New York, 1966. — 127 p.
  • Thorpe, Deryck, Hammarskjold: Man of Peace, Ilfracombe, 1969. — 200 p.
  • Urquhart, Brian, Hammarskjold, New York, 1972. — 655 p. (другое გამოცემა — New York, London, 1994)
  • Van Dusen, Henry P., Dag Hammarskjöld: the Statesman and His Faith, New York, 1967. — 240 p.
  • Wallensteen, Peter, Understanding Conflict Resolution. War, Peace and the Global System, London, 2002. — 320 p.
  • Zacher, Mark W., Dag Hammarskjold’s United Nations, New York, London, 1970. — 295 p.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118545388 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Petrén S. Dag H A C Hammarskjöld — გვ. 193.
  4. 4.0 4.1 4.2 Sveriges dödbok
  5. 5.0 5.1 Jönköpings Kristina kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/VALA/00170/C/14 (1901-1909), bildid: A0006807_00144
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Jönköpings Kristina kyrkoarkiv, Församlingsböcker. Bunden serie, SE/VALA/00170/A II a/5 (1898-1911), bildid: A0008523_00130 — გვ. 1466.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 GeneaStar
  10. 10.0 10.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  15. https://kulturpersoner.uppsalakyrkogardar.se/hildur-akselsson/
  16. 16.0 16.1 Jönköpings Kristina kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/VALA/00170/C/14 (1901-1909), bildid: A0006807_00144
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  18. ვალენსტენ 2005, «Шведский чиновник», с. 4—8.
  19. 19.0 19.1 დაგ ჰამარშელდი. ბიოგრაფიული ჩანაწერი გაეროს ოფიციალურ საიტზე.
  20. Hammarskjöld, Per Mikaelsson // Svenskt biografiskt handlexikon, I:455 (1906)
  21. Peder Hammarskjöld (Mikaelsson): მოკლე ბიოგრაფია და ინფორმაცია ნათესაური კავშირების შესახებ დაარქივებული 2012-04-18 საიტზე Wayback Machine. . // საიტი –Historiska personer i Sverige och Norden