რენე კასინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენე კასინი
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1887
ბაიონა, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 20 თებერვალი, 1976(1976-02-20)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა იურისტი, სამართლის პროფესორი და მოსამართლე
ცნობილი ნაშრომები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

რენე სემუელ კასინი (დ. 5 ოქტომბერი, 188720 თებერვალი, 1976) — ფრანგი იურისტი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანაავტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ ბაიონაში, საფრანგეთის ბასკურ ნაწილში, ფრანგი ებრაელი ვაჭრის ოჯახში. დაამთავრა ნიცის ლიცეუმი, რის შემდეგაც ექს-ან-პროვანსის უნივერსიტეტში სამართლისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც 1914 წელს იურიდიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი გახდა.[2]

კასინი პირველ მსოფლიო ომში ფრანგულ არმიაში მსახურობდა. [3] ომის შემდეგ მან დააარსა ფრანგული ფედერაცია ინვალიდი ომის ვეტერანებისთვის, რომელსაც 1940 წლამდე ხელმძღვანელობდა.[4]

1924-1938 წლებში კასინი ერთა ლიგაში საფრანგეთის დელეგატი იყო. 1932-1934 წლებში იგი მონაწილეობდა განიარაღების საყოველთაო კონფერენციაზე ჟენევაში. მან ხელი შეუწყო იმ ინსტიტუციების განვითარებას, რომლებიც საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობენ.[4]

კასინი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ლონდონში შარლ დე გოლს შეუერთდა. იგი ემიგრირებული საფრანგეთის მთავრობის მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნეოდა.[3] 1940-1941 წლებში კასინი უშიშროების საბჭოს მდივანი, 1941-1943 წლებში თავდაცვის ეროვნული კომისარი, ხოლო 1943-1945 წლებში დროებითი მთავრობის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტი იყო.[2]

ომის შემდეგ კასინი საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს და უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს პრეზიდენტი გახდა.[3]

კასინი დაუღალავად იღწვოდა ადმიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის განვითარებისთვის, იგი ითხოვდა საერთაშორისო სასამართლოს შექმნას, რომელიც პასუხს აგებინებდა ქვეყნებს ომის დანაშაულებანზე. 1943-1945 წლებში კასინი გაეროს კომისიის წევრი იყო, რომელიც სწორედ ომის დანაშაულებებს იძიებდა.[4]

კასინი 1945-1952 წლებში საფრანგეთის დელეგატი იყო იუნესკოში, რომლის დაარსებაში თავადაც გარკვეული წვლილი მიუძღვის.[3]

1946 წელს კასინი გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას ხელმძღვანელობდა. იგი პასუხისმგებელი იყო საყოველთაო დეკლარაციის პირველი სრული ესკიზის შექმნაზე. გაწეული ღვაწლისთვის 1968 წელს მაას ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.[3]ამავე წელს გაეროს გენერალური ანსამბლეისგან გადაეცა პრემია ადამიანის უფლებათა განმტკიცებისთვის.

1950-1960 წლებში კასინი ჰააგის საარბიტაჟო სასამართლოს პრეზიდენტი იყო.[4]

რენე კასინის მემორიალი საფრანგეთის ქალაქ ფორბაკში

1959-1965 წლებში კასინი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წევრი, ხოლო 1965-1968 წლებში პრეზიდენტი იყო.[3] ამჟამად სასამართლოს შენობა სტრასბურგში, მისივე სახელობის ქუჩაზე მდებარეობს.

კასინი 1976 წლის 20 თებერვალს პარიზში გარდაიცვალა. იგი მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1987 წელს მისი ნეშტი პარიზის პანთეონში გადაასვენეს.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს დარსდა რენე კასინის სახელობის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ებრაელთა პერსპექტივიდან ხელს უწყობს ადამიანის საყოველთაო უფლებათა დაცვას. ორგანიზაციის სახელით რენე კასინის სახელობის მედალი გადაეცემათ მათ, ვინც გამორჩეული გლობალური წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებათა დაცვაში.

2003 წელს, ბასკეთის ხელისუფლებამ რენე კასინის სახელობის ჯილდო დააწესა, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს გაიცემა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Nobel Peace Prize 1968. ციტირების თარიღი: 2020-06-13
  2. 2.0 2.1 René Cassin Biographical. ციტირების თარიღი: 2020-06-13
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Biography of René Cassin on Britannica. ციტირების თარიღი: 2020-06-13
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Who was René Cassin?. ციტირების თარიღი: 2020-06-13