The Wall (ტურნე)
The Wall | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული პინკ ფლოიდის მიერ | ||||
ჩატარების ადგილები | აშშ, ევროპა | |||
დაკავშირებული ალბომი | The Wall | |||
დაწყების თარიღი | 7 თებერვალი 1980 | |||
დასრულების თარიღი | 17 ივნისი 1981 | |||
კონცერტების რაოდენობა | 31 | |||
პინკ ფლოიდის კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
The Wall — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1980-1981 წლების საკონცერტო ტურნე. ჩატარდა ამავე სახელწოდების ალბომის მხარდასაჭერად. გამართული კონცერტებისა და ქალაქების რაოდენობით იგი წინა ტურნეებთან შედარებით მცირე მასშტაბის იყო, სულ 31 კონცერტით. ტურნე აღსანიშნავი იყო თეატრალიზებული შოუს ელემენტებით, განსაკუთრებით გიგანტური კედლით, რომელიც სცენაზე შენდებოდა, რათა ალბომში მოთხრობილი გაუცხოების თემის ილუსტრირება მოეხდინა. ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი ტურნე, რომელიც შედგა ოთკაციანი შემადგენლობით (უოტერსი/გილმორი/რაიტი/მეისონი).
მომზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთი საწყისი წერტილი იყო ალბომზე The Wall ჯერალდ სკარფის მუშაობა. კონცერტებისთვის მას დაევალა ანიმაციური სეგმენტების შექმნა, რომლებიც პროექციის სახით სცენაზე გამოჩნდებოდა. სკარფი ჯგუფთან უკვე თანამშრომლობდა 1975 წელს, როდესაც მრგვალ ეკრანზე პროექციის სახით გამოჩნდა „Shine On You Crazy Diamond (Parts 1-5)“ და „Welcome To The Machine“. მხატვარი ხშირად იხსენებდა ბავშვობას და მეორე მსოფლიო ომით მოცულ ლონდონს, რომელსაც ახასიათებდა მოსახლეობაში მასობრივად დარიგებული აირწინაღები. შემდგომში ეს თემა გაცოცხლდა სიმღერის „Goodbye Blue Sky“ ანიმაციურ სეგმენტში.
კონცერტებისთვის მომზადებისას სკარფი იყენებდა ლონდონის ფულჰემ-როუდზე მდებარე სახელოსნოს. ანიმაციურ ეპიზოდებზე მუშაობდნენ მარკ სტიუარტი, ჯილ ბრუქსი და 40-მდე სხვა ანიმატორი. სკარფს ჰქონდა სახასიათო სტილი, რომელიც „Sunday Times“-ით გახდა ცნობილი, ამიტომ საჭირო გადახდა მისი ადაპტირება, რათა სხვებს მისი ასლის შექმნა შეეძლოთ.
ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ და კონცერტების დროს ეკრანზე წარმოდგენილი კადრების ოფიციალური აღწერა ასეთია: „კედლები კივიან, ყვავილები იქცევიან სისხლიან მავთულებად. მშვიდობის მტრედი ფეთქდება, მისი შიგნეულობიდან ჩნდება საზარელი არწივი. ეს განრისხებული არსება გიგანტური კლანჭებით მიწების გიგანტურ მასებს აბრუნებს და ანადგურებს მთელ ქალაქებს. იგი ეშვება მიწაზე და შობს ომის ღვთაებას - გარგანტუას მსგავს ფიგურას, რომელიც იქცევა რკინად და იღლიებიდან ბომბდამშენებს უშვებს, რომლებიც იქცევიან საფლავების ჯვრებად. ამ დროს შეშინებული ხალხი თავშესაფარში გარბის. სამხედროთა აჩრდილები ეცემა და დგება. გვამების ამ გროვაზე გაერთიანებული სამეფოს დროშა იქცევა სისხლიან ჯვრად. სხეულებიდან სისხლი მიედინება ჯვარზე და წყლის სადენებში უაზროდ მიემართება. ტაძრები ინგრევა და კაშკაშა ღვთაებათა სახით ბრუნდება, ხოლო გიგანტური ჩაქუჩები მწყობრებად მიემართებიან და გზად ყველაფერს ანგრევენ“.
ტექნიკური დეტალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სკარფმა პირველ რიგში უოტერსს ურჩია, ყურადღება გადაეტანა კონცერტების დადგმაზე, რათა მოგვიანებით ისინი გამოეყენებინა ფილმზე მუშაობისას. თავდაპირველი გეგმით ჯგუფს უნდა მოეწყო მასშტაბური ტურნე, რომელშიც საკუთარი სცენით იმოგზაურებდა. ეს იქნებოდა „ლოქორა“ - 107.89 მეტრის სიგრძის და 24.99 მეტრის სიმაღლის გიგანტური გასაბერი კარავი, რომელშიც 5000 ადამიანი დაეტეოდა. მენეჯერი სტივ ო'რურკი პრესასთან საუბრისას აღნიშნავდა: „ბრიტანეთის დარბაზები არ გვაძლევს საშუალებას, დავდგათ ჯგუფის 45 ტონიანი ტექნიკა და 45 კილოვატიანი გამაძლიერებლები. ვთქვათ, გლაზგოში კონცერტის მოსაწყობად ერთადერთი საშუალება საკუთარი საკონცერტო დარბაზია. ერთი დღე მიდის მის აწყობაზე, მაგრამ საბოლოო შედეგად ღირს“.
პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ თავად ტექნიკის განლაგება და აწყობა კარავის გაშლასთან შედარებით უფრო ხანგრძლივი პროცესი იყო. გარდა ამისა, სქემები რატომღაც დაავიწყდათ სტუდიაში Britannia Row. ჯგუფი იძულებული გახდა, საკონცერტო მოედნების შეზღუდული რაოდენობა გამოეყენებინა. ასეთები იყო - სპორტული არენა ლოს-ანჯელესში, Nassau Coliseum ნიუ-იორკში (ორივე - 1980 წლის თებერვალში), ლონდონის ერლს-კორტი (საგამოფენო დარბაზი, 1980 წლის აგვისტო და 1981 წლის ივნისი), Westfalenhallen (დორტმუნდი, დასავლეთი გერმანია, 1981 წლის თებერვალი). ოთხივე წარმოადგენდა საკმაოდ დახურულ საკონცერტო მოედანს და არა სტადიონს, როგორც 1977 წლის ტურნეს In the Flesh ფარგლებში ხდებოდა. როჯერ უოტერსის თქმით, ეს მნიშვნელოვანი განსხვავება იყო. „იმ ტექნოლოგიით, რომელსაც ამჟამად ვფლობთ, კარგი ფულის დახარჯვისა და საჭირო ხალხის შეკრებით შეიძლება 15.000 მსმენელის შეგროვება“. შედეგად ჯგუფმა 500 000 გირვანქა სტერლინგი მხოლოდ დეკორაციებსა და ტექნიკაზე დახარჯა.
სკარფის გარდა გუნდში შედიოდნენ მარკ ფიშერი და ჯონათან პარკი, რომლებმაც წინა ტურნეზე იმუშავეს. მათი ყველაზე დიდი ქმნილება იყო გიგანტური კედელი - სიგრძეში 48.76 მეტრის, ხოლო სიმაღლეში - 10.66 მეტრის სიგრძის. კონცერტის დროს ამ კედელს აგებდა ტექნიკური პერსონალის ერთი ნაწილი. სულ იყო 340 აგური, რომელიც სიმღერის „Goodbye Cruel World“ დასრულებისთვის ასრულებდა ნახსენებ კედელს. ამ ოპერაციისთვის, გარდა სცენაზე მომუშავე დამხმარე პერსონალისა, აუცილებელი იყო ჰიდრავლიკური ამწე. ფიშერი და პარკერი ასევე მუშაობდნენ კიდევ ერთ დილემაზე - კონცერტების ბოლოს მუყაოს აგურებისგან შემდგარი კედლის დანგრევისას მუსიკოსთა და მათ ინსტრუმენტთა დაცვაზე. ამისთვის სპეციალური ბადეები შეიმუშავეს.
ჯგუფისთვის დამახასიათებელ სასცენო მოძრავ ელემენტებს (თვითმფრინავი, ღორი) დაემატა სკარფის მიერ ალბომის The Wall პერსონაჟების მიხედვით აგებული აგებული გიგანტური მარიონეტები - მასწავლებლის, დედისა და პინკის ცოლის სახით. მრგვალი ეკრანი, რომელიც ცნობილი იყო წინა ტურნეებიდან, გამოიყენებოდა პროექციისთვის, ხოლო კონცერტის მეორე ნახევარში თითქმის არ ჩანდა და სკარფის ანიმაცია პროეცირებით გადაიცემოდა კედელზე.
ყველა ამ შემადგენელი ნაწილით, სხვადასხვა წყაროს თანახმად ჯგუფმა შოუს რეპეტიცია ათჯერ გამართა - ქალაქ კალვერ-სიტის (კალიფორნია) გადასაღებ პავილიონში. რამდენიმე კვირა დასჭირდა სცენის ლოს ანჯელესის სპორტულ არენაზე დადგმას. როჯერი: „პრემიერის წინ ყველა მძიმედ შრომობდა. პირველად კედელი დაასრულეს პირველ შოუმდე ოთხი დღით ადრე. მასზე ხდებოდა პროექციების დემონსტრირება. მე კედლის ზედა ნაწილში ვიდექი, დავხედე მას უკანასკნელი რიგიდანაც და გული ამიჩქარა, თრთოლვა დამეწყო. ვიფიქრე, რა ფანტასტიური იყო, რომ ხალხს ამის მოსმენა და ხილვა ნებისმიერი ადგილიდან შეეძლო“.
პრემიერა დაგეგმილი იყო 7 თებერვალს. განათება ჯერ კიდევ არ იყო წესრიგში და ჯგუფი იძულებული გახდა, მიეწვია დამატებითი ტექნიკოსი. ეს იყო მარკ ბრიკმანი, რომელიც შემდგომში მათთან კვლავ მუშაობდა, მაგრამ ასევე ეხმარებოდა როჯერ უოტერსსა და დევიდ გილმორს (მათ სოლო კონცერტებზე). „შოუმდე 24 საათით ადრე გამომიძახეს. რაც იქ ვიხილე, ნამდვილ თეატრალიზებულ შოუს წარმოადგენდა, ყველაზე დიდს, რაც კი მინახავს. მათ მითხრეს - 'ხვალინდელ საღამომდე ეს ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. ცეცხლით წამებაა!“.
კონცერტის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრემიერა ლოს-ანჯელესში გაიმართა. დაწყება წარუმატებელი აღმოჩნდა - „In the Flesh?“-ის შესრულებისას პიროტექნიკით სცენა აალდა. მაყურებელმა ეს შოუს ნაწილად ჩათვალა. უოტერსმა დაუფიქრებლად სახანძრო ბრიგადა გამოიძახა.
ყოველი შოუს დასაწყისში ჟღერდა ვერა ლინის „We'll Meet Again“. შემდეგ სცენაზე გამოდიოდა კონფერანსიე, რომელიც მაყურებელს აფრთხილებდა დარბაზში ფოტო და ვიდეო კამერების გამოყენების აკრძალვის შესახებ. ძირითადი შოუ იწყებოდა „სუროგატული ჯგუფის“ (რომელიც ნახსენებია „In the Flesh?“-ში) გამოსვლით - დამხმარე ბენდით, რომელსაც პინკ ფლოიდის მუსიკოსთა ნიღბები ეკეთა.
უოტერსი: „იგულისხმებოდა, რომ ისინი აღნიშნავდნენ იმას, თუ რა ვიყავით ჩვენ. ანუ პირველ ეტაპზე ეს არის პინკი. მთელი ჯგუფი იქცა ნაცისტის ამ სახედ. თეატრალურ გარემოში ეს ხერხი გამოიყენება, რათა მაყურებელი გაოცდეს. ვინაიდან ხალხი იფიქრებს, რომ ეს ჩვენ ვართ და მოულოდნელად სულ სხვა რამ აღმოჩნდება“. ენდი ბაუნის დახმარებით უოტერსი ვოკალურ ნაწილს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა. ცნობილია ისიც, რომ უილსონის დახმარებით მეისონმა შეძლო სწორი ტემპის შენარჩუნება.
კონცერტის პირველი განყოფილების კულმინაცია იყო „Goodbye Cruel World“ - უოტერსი უკანასკნელ აგურს კედელში თავად ამატებდა. ანტრაქტი ჯერ არ იყო დასრულებული, როდესაც დარბაზში ჟღერდა „Hey You“. „Nobody Home“-ის დროს კედელში ჩნდებოდა სასტუმროს ნომერი, რომელშიც როჯერი იჯდა და სხვადასხვა ტელეარხს თვალს ადევნებდა. „Comfortably Numb“-ში როჯერი ჩნდებოდა ექიმის ხალათით და კედელს ესაუბრებოდა, ხოლო კედლის თავზე ჩნდებოდა დევიდ გილმორი, რომელიც თანმხლებ სოლოს ასრულებდა.
„Run Like Hell“ ყველა კონცერტზე განსხვავდებოდა - იმის გამო, რომ როჯერი შესავალში იგონებდა სხვადასხვა რეპლიკას გაბერილი ღორის თაობაზე და მიმართავდა „დარბაზში მყოფ პარანოიკებს“. „In the Flesh“-ის შესრულების წინ კვლავ ჩნდებოდა კონფერანსიე.
კონცერტის ბოლოს, „The Trial“-ის შესრულების შემდეგ (რომელსაც ახლდა სკარფის მიერ მომზადებული ანიმაციური მონაკვეთი) კედელი ნანგრევებად იშლებოდა და ჯგუფის ოთხივე წევრი, სხვა მუსიკოსებთან ერთად, სცენაზე „Outside The Wall“-ს ასრულებდა (საგულისხმოა, რომ ზოგიერთ მათგანს ეკავა ინსტრუმენტი, რომელის მისთვის ნაკლებად დამახასიათებელი იყო).
გადაღება და აუდიოჩანაწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1981 წლის ხუთი კონცერტი ალან პარკერის მიერ გადაღებული იქნა კინოფირზე - რეჟისორი მათ გამოყენებას ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ (1982) აპირებდა. 1980 წლის 27 თებერვლის და 9 აგვისტოს კონცერტები გადაიღეს ვიდეოფირზე. ერთ-ერთ ინტერვიუში დევიდ გილმორი აცხადებდა, რომ გადაიღეს მხოლოდ 20 წუთი.
2009 წელს, ჟურნალთან „Mojo“ საუბრისას როჯერმა განაცხადა, რომ ჰქონდა მთელი შოუს ჩანაწერი და აპირებდა მის გამოცემას, თუმცა დაკავებული იყო მონტაჟით. 2010 წელს დაწყებულ ტურნეს The Wall Live ფარგლებში სიმღერის „Mother“ შესრულებისას როჯერი იყენებდა კადრებს ამ შოუდან და „Mother“-ს „საკუთარ თავთან ერთად“ ასრულებდა. ამჟამად ამ კონცერტების რომელიმე სრული ჩანაწერის გამოცემის შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა. ალბომის The Wall „Immersion“ გამოცემაში (2012) დამატებით DVD დისკზე წარმოდგენილია სიმღერის „The Happiest Days of Our Lives“ შესრულება (ერლს კორტი, 1981 წლის 13 ივნისი). ვარაუდობენ, რომ ეს ჩანაწერი არის საერთო არქივიდან და არა იმ მასალიდან, რომელიც როჯერის კუთვნილებაშია.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიდეო დღემდე არ გამოცემულა, არსებობს ერთადერთი ოფიციალური ცოცხალი ალბომი Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 (2000). მასში შეტანილია სხვადასხვა კონცერტიდან შეკრებილი ჩანაწერები.
წლების განმავლობაში აგრეთვე ვრცელდებოდა არაერთი აუდიო თუ ვიდეო ბუტლეგი. აუდიო ბუტლეგების სახით არსებობს პრაქტიკულად ყველა კონცერტის ჩანაწერი, ხოლო ვიდეოზე ვრცელდება ერლს კორტის და Nassau Coliseum-ის ჩანაწერები - დაბალი ხარისხით.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პინკ ფლოიდი
- დევიდ გილმორი – ელექტრონული და აკუსტიკური გიტარები, ვოკალები, მანდოლინა („Outside The Wall“), მუსიკალური ხელმძღვანელი
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, აკუსტიკური გიტარა („Outside The Wall“)
- როჯერ უოტერსი – ბას-გიტარა, ვოკალები, აკუსტიკური გიტარა („Mother“), კლარნეტი („Outside The Wall“)
- ძირითადი მუსიკოსები
- რიჩარდ რაიტი – ფორტეპიანო, ორგანი, სინთეზატორი, აკორდეონი („Outside The Wall“)
- ენდი ბაუნი – ბას-გიტარა
- სნოუი უაიტი – გიტარა, 1980 წლის შოუები
- ენდი რობერტსი – გიტარა, 1981 წლის შოუები
- უილი უილსონი – დასარტყმელი საკრავები
- პიტერ ვუდი – აკუსტიკური გიტარა, კლავიშებიანი საკრავები
- ვოკალისტები
- ჯო ჩიმეი – დამატებითი ვოკალი
- სტენ ფარბერი – დამატებითი ვოკალი
- ჯიმ ჰაასი – დამატებითი ვოკალი
- ჯონ ჯოისი – დამატებითი ვოკალი
- საღამოს კონფერანსიეები
- გერი იუდმენი (ნიუ-იორკი, ლონდონი)
- სინთია ფოქსი (ლოს-ანჯელესი)
- ჯიმ ლედი (ლოს-ანჯელესი)
- ეის იანგი (ლოს-ანჯელესი)
- ვილი თომჩიკი (დორტმუნდი)
სეტლისტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980/1981 წლების ტურნეზე სრულდებოდა მხოლოდ ალბომი The Wall, ასევე ორი სიმღერა, რომელიც არ მოხვდა მასში - What Shall We Do Now? და იმ დროისათვის უსათაურო The Last Few Bricks.
განყოფილება 1
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- In the Flesh?
- The Thin Ice
- Another Brick in the Wall (Part I)
- The Happiest Days of Our Lives
- Another Brick in the Wall (Part II)
- Mother
- Goodbye Blue Sky
- Empty Spaces
- What Shall We Do Now?
- Young Lust
- One of My Turns
- Don't Leave Me Now
- Another Brick in the Wall (Part III)
- The Last Few Bricks
- Goodbye Cruel World
განყოფილება 2
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hey You
- Is There Anybody Out There?
- Nobody Home
- Vera
- Bring the Boys Back Home
- Comfortably Numb
- The Show Must Go On
- In the Flesh
- Run Like Hell
- Waiting for the Worms
- Stop
- The Trial
- Outside the Wall
ტურნეს თარიღები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თარიღი | ქალაქი | ქვეყანა | ადგილი |
---|---|---|---|
ჩრდილოეთი ამერიკა | |||
7 თებერვალი 1980 | ლოს-ანჯელესი | აშშ | Los Angeles Memorial Sports Arena |
8 თებერვალი 1980 | |||
9 თებერვალი 1980 | |||
10 თებერვალი 1980 | |||
11 თებერვალი 1980 | |||
12 თებერვალი 1980 | |||
13 თებერვალი 1980 | |||
24 თებერვალი 1980 | იუნიონდეილი, ნიუ-იორკი | კოლიზეუმი Nassau | |
25 თებერვალი 1980 | |||
26 თებერვალი 1980 | |||
27 თებერვალი 1980 | |||
28 თებერვალი 1980 | |||
ევროპა | |||
4 აგვისტო 1980 | ლონდონი | ინგლისი | ერლს კორტი |
5 აგვისტო 1980 | |||
6 აგვისტო 1980 | |||
7 აგვისტო 1980 | |||
8 აგვისტო 1980 | |||
9 აგვისტო 1980 | |||
13 თებერვალი 1981 | დორტმუნდი | დასავლეთი გერმანია | Westfalenhallen |
14 თებერვალი 1981 | |||
15 თებერვალი 1981 | |||
16 თებერვალი 1981 | |||
17 თებერვალი 1981 | |||
18 თებერვალი 1981 | |||
19 თებერვალი 1981 | |||
20 თებერვალი 1981 | |||
13 ივნისი 1981 | ლონდონი | ინგლისი | ერლს კორტი |
14 ივნისი 1981 | |||
15 ივნისი 1981 | |||
16 ივნისი 1981 | |||
17 ივნისი 1981 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pinkfloydz.com დაარქივებული 2012-07-09 საიტზე Wayback Machine.
|